2.09.2026. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

2.09.2026. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

     …ღმერთმა გამოარჩია… უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი (1 კორ. 1: 27).

     …მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი (2 კორ. 10: 19).

     …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა 

2.09.2026. ოთხშაბათი. მარხვა. 

მიძინების შემდგომი დღესასწაული. 

წინასწარმეტყველისა სამუელისა (1144 წ. ქრ. შ-მდე); მოწამეთა სევირესი, მემნონისა და მათ თანა 37-თა მოწამეთა (304).

დიდმოწამისა ქეთევან დედოფლის წმიდათა ნაწილთა გადმოსვენება სპარსეთიდან.

დიდგორობა (სოფ. დიღმის ზემოთ, დიდგორის მთაზე). 

დღის ლოცვები 
წინაწარმეტყველი სამოელის კონდაკი:

ვითარცა მრავალ პატიოსანი ძღუენი, პირველ მუცლადღებისა მიეცი შენ ღმერთსა და სიყრმითგან, ვითარცა ანგელოზმან, მსახურე, ყოვლადსანატრელო, და ღირს იქმენ უფროს ყოფადისა მოთხრობად; ამისთვის გიგალობთ შენ: გიხაროდენ, წინაისწარმეტყველო ღმრთისაო სამოელ, დიდო მღვდელმთავარო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა

აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

დღის საკითხავები 

 

2 კორ. 13: 3-13 (დას. 197). მკ. 4: 35-41 (დას. 18).

2 კორ. 13: 3-13 

3. რაკიღა იმის დასტურს ეძებთ, მეტყველებს თუ არა ჩემში იესო ქრისტე, რომელიც უძლური როდია თქვენს მიმართ, არამედ ძლიერი – თქვენს შორის. 4. რადგანაც თუ უძლურებით ეცვა ჯვარს, ცოცხალია ღვთის ძალით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძალით მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის. 5. მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ. 6. მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი. 7. ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ. 8. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ; თუ რამ შეგვიძლია, ჭეშმარიტებისათვის შეგვიძლია მხოლოდ. 9. რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი – ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ. 10. შორიდანაც მიტომ გწერთ ამას, რომ მანდ მოსვლისას მთელი სიმკაცრით არ მოვიქცე, თანახმად იმ ხელმწიფებისა, რომელიც დასაქცევად კი არა, ასაშენებლად მომცა უფალმა. 11. სხვა მხრივ კი, გიხაროდეთ, ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშისცემა და ერთსულოვნება ნუ მოგეშალოთ, მშვიდობა გქონდეთ და თქვენთან იქნება სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი. 12. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ყველა წმიდა. 13. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ.

მკ. 4: 35-41 

35. იმ დღეს, მწუხრის ჟამს, უთხრა მათ: გაღმა გავიდეთო. 36. გაისტუმრეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. და სხვა ნავებიც მისდევდნენ მას. 37. ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს, ისე რომ, ლამის წყლით აივსო იგი. 38. ხოლო ის კიჩოზე იწვა და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით? 39. მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. 40. და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე მოშიშარნი? რატომ არა გაქვთ რწმენა? 41. ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ? 

დიდგორობა
დიდგორობა – დიდი სახალხო დღესასწაული

დიდგორის ბრძოლა, რომელიც 904 წლის წინ გაიმართა, ისეთი დიდი მნიშვნელობის იყო, რომ ამდენი საუკუნის შემდეგაც ვიხსენებთ და სანამ საქართველო იარსებებს, მას ქართველი მუდამ გაიხსენებს.  ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს, თბილისის მისადგომებთან (მანგლისთან ახლოს) დიდგორის ველზე გაიმართა თურქ-სელჩუკთა კოალიციური არმიის წინააღმდეგ და მას ქართველთა უდიდესი მეფე დავით აღმაშენებელი უძღვებოდა.
საქართველოს ისტორიაში დიდგორის ბრძოლა უდიდეს გამარჯვებათა რიცხვს მიეკუთვნება. ეს იყო „ძლევაი საკვირველი“. არაბული წყაროების ცნობითაც კი თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი ბევრად აღემატებოდა ქართულს. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს მტრის ლაშქარი „ქვიშა ზღვისას“ შეუდარებია.
მოწინააღმდეგის ლაშქრის განადგურების შემდეგ, დავით აღმაშენებელს თბილისისკენ გზა გაეხსნა. უკვე ერთი წლის შემდეგ მან ჯერ თბილისი, ხოლო 1123 წელს დმანისიც  აიღო.
დიდგორის ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ გამარჯვებით შესაძლებელი გახდა ქვეყნის მტრისგან საბოლოო გათავისუფლება. სწორედ აქედან მიეცა დასაბამი „ოქროს ხანას“ საქართველოს ისტორიაში და რაც მთავარია, ჩვენმა ქვეყანამ რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი საბოლოოდ დაიმკვიდრა.
დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, ყოველწლიურად სახალხო დღესასწაული იმართება. 
                                                                                                                მანანა ძიძიშვილი

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14) 

 

წინასწარმეტყველი სამოელი (XI ს. ქრისტეს შობამდე)
წინასწარმეტყველი სამოელი – ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული – ქრისტეს შობამდე ათასასორმოცდაექვს წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა – ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა ძე, რომელსაც სამოელი – „გამოთხოვილი“ დაარქვეს. როცა ყმაწვილს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა იგი სელომში წაიყვანეს და მღვდელმთავარ ელის მიაბარეს, რომელიც, იმავდროულად, ისრაელთა მსაჯულიც იყო. „და ყრმაჲ იგი სამოელ იყო მსახურ წინაშე უფლისა ელი მღდელისა თანა“ (I მეფ. 2.11). თორმეტი წლის ასაკში მას ზეგარდამო ეუწყა, რომ ღმერთი მღვდელმთავრის მთელი სახლეულობის დასჯას აპირებდა „სიცრუვისათჳს ძეთა მისთაჲსა, რამეთუ ძჳრსა იტყოდეს ღმრთისათჳს, და არა ასწავლიდა მათ“ (I მეფ. 3.13).
წინასწარმეტყველება ახდა, როცა რჩეული ერის სამკვიდრებელს შემოსეულმა ფილისტიმელებმა ოცდაათი ათასი ისრაელი, მათ შორის ელის ძეები – ოფნე და ფინეზი ერთ დღეს ამოხოცეს და ტაძრის კიდობანიც გაიტაცეს. ეს რომ შეიტყო, თავზარდაცემული ელი წაიქცა, ხერხემალი გადაიმტვრია და მოკვდა. ისრაელის დაცემით შეძრწუნებულ ფინეზის ცოლსაც მშობიარობისას აღმოხდა სული.
ელის შემდეგ ისრაელის მსაჯული სამოელი გახდა. ორმოცი წელი მკაცრად და პირუთვნელად სჯიდა და წინამძღვრობდა იგი ისრაელებს, შემდეგ კი, მხცოვანებაში შესულმა, თავისი ძეები – იოველი და აბია დაადგინა მსაჯულებად. ვერ აღმოჩნდნენ შვილები მამის ღირსეული მემკვიდრეები. ანგარებას დამონებულები, ხშირად შემცოდეთა სასარგებლოდ წყვეტდნენ საქმეებს. ამის გამო ისრაელის უხუცესებმა სამოელს მოსთხოვეს, სხვა ხალხის მსგავსად მათთვისაც მეფე დაედგინა. ამაში წინასწარმეტყველმა განჭვრიტა საშინელი დაცემა ერისა, რომელსაც მანამდე თავად უფალი წინამძღვრობდა თავის რჩეულთა მეშვეობით. პირველი მეფე, რომელიც აკურთხა წინასწარმეტყველმა, იყო საული. ღვთის ურჩობაში მისი მხილების შემდეგ კი დავითს სცხო მირონი. საულისგან დევნილი დავითი ხშირად სწორედ სამოელთან პოულობდა ხოლმე თავშესაფარს. წმიდა წინასწარმეტყველი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მისი ცხოვრება ბიბლიაშია აღწერილი (1 მეფ; ზირ. 46.16-23). 406 წელს უფლის სათნომყოფლის უხრწნელი ნაწილები იუდეიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. 
წმიდა მოწამენი: სევეროსი, მემნონი და მათ თანა 37 მოწამე (+304)
წმიდა მოწამენი სევეროსი, მემნონი და მათთან ოცდაჩვიდმეტი მოწამე თრაკიის ფილიპოპოლში აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ქრისტეს სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის წმიდა სევეროსი საშინლად აწამეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. როცა მმართველმა შეიტყო, რომ წმიდა სევეროსმა ასისთავი მემნონი ქრისტიანობაზე მოაქცია, ისიც სატანჯველად გადასცა. მასთან ერთად ეწამა კიდევ ოცდაჩვიდმეტი ქრისტიანი. ყველა მათგანს ხელ-ფეხი მოაჭრეს და გახურებულ ღუმელში შეყარეს (+304). 
წმიდა მოწამე ლუკიუსი (+310)
წმიდა მოწამე ლუკიუსი (+310)წმიდა მოწამე ლუკიუსი, სენატორი, ქრისტეს აღსარებისთვის მახვილით აჩეხეს კუნძულ კრეტაზე 310 წელს. 
წმიდა მოწამენი ილიოდორე და დოსე (+380)
წმიდა მოწამენი ილიოდორე და დოსე (ანუ დოსა) ქრისტესთვის ეწამნენ სპარსეთში მეფე საპორ II-ის ზეობისას, 380 წელს.
ქეთევან დედოფალი (1570 – 1624)

ქეთევანი, აშოთან მუხრანბატონის ასული, დაიბადა 1570 წლის ახლო ხანებში. ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს, მეფე ალექსანდრეს ერთ–ერთი შვილი, კონსტანტინე, შაჰ–აბასის კარზე იზრდებოდა და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.
ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტი ქეთევანის მეუღლემ დავითმა დაიკავა, მაგრამ ოთხიოდე თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მეფე მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ–ვაჟი – თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო, ქეთევანმა, თეიმურაზი სპარსეთში, შაჰ–აბასთან გაგზავნა.
შაჰ–აბასმა, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე–მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, მოეკლა ღვიძლი ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო კახეთის სამეფო ტახტზე.
გამაჰმადიანებულ კონსტანტინე–მირზამ მოაკვლევინა საკუთარი მამა, კახეთის მეფე ალექსანდრე, ძმა გიორგი და მათთან მყოფი რუსთველი ეპისკოპოსი, შემდეგ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები შაჰ–აბასს მიართვა ერთგულების ნიშნად, თავმოკვეთილი სხეულები კი აქლემს აჰკიდა და ქეთევანს გაუგზავნა.
კონსტანტინემ უსირცხვილოდ შეუთვალა ქეთევანს: „შეგირთავ ცოლად და შენც მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადისა“. კონსტანტინე კარგად ხედავდა დედოფლის ავტორიტეტს მთელს სამეფოში და მამისა და ძმის სისხლის საფასურად მითვისებული სამეფო ტახტის შენარჩუნება უფრო უნდოდა ვიდრე ქეთევანის მეუღლეობა.
ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო და სარწმუნოების სიწმინდისა და ქვეყნის ერთიანობის დასაცავად მოუწოდა. დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს, შეიკრიბნენ, მიუვარდნენ კონსტანტინე მირზას და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი ბაგრატიონთა გვარისათვის შესაფერისი პატივით დაკრძალა, შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, კახეთის მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი, დროებით, თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა.
შაჰ–აბასი შეშინდა, კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო, ამიტომაც სასწრაფოდ დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში უფლისწული თეიმურაზი.
გაიხარა ქეთევან დედოფალმა შვილის ხილვით, გაიხარა მთელმა სამეფომ ქრისტიანი უფლისწულის დაბრუნებით. თეიმურაზი ქრისტიანული წესით აკურთხეს მეფედ და ქვეყანაში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა. ახალგაზრდა მეფემ გურიელის ასული ანა შეირთო. მეფე–დედოფალს სამი შვილი – ლევანი, ალექსანდრე და თინათინი შეეძინათ. მალე ანა დედოფალი გარდაიცვალა. შაჰის იძულებით, თეიმურაზ მეფემ, ქართლის მეფის – ლუარსაბის და, ხორეშანი შეირთო, თვითონ კი ხორეშანის და – ელენე წაიყვანა ცოლად. ასე ცბიერებით „დაუმოყვრდა“ შაჰ–აბასი ქართლ–კახეთის სამეფოს, ნამდვილად დამოყვრებულ ქართლსა და კახეთს შორის კი მუდმივად თესავდა განხეთქილებას.
შაჰ–აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავა სპარსეთში, თან ქეთევანიც გააყოლა: „ჰგნებდა პატივისცემასა დედისასა შაჰ–აბასისგან“. შაჰმა უფროსი შვილი, ლევანიც მოსთხოვა და როცა ისიც თავისთან დაიგულა, კვლავ შეუთვალა თეიმურაზს: „რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარ, შენც მოდი და მნახეო“. შაჰს სურდა კახეთის სამეფო კარისთვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად ამოეწყვიტა. დრო აღარ ითმენდა. თეიმურაზმა და ლუარსაბმა გაერთიანებული ძალებით სძლეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს.
დაიწყო ქართლის ცხოვრების უსაშინლესი პერიოდი. კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ–აბასმა ქეთევანი და მისი შვილიშვილები შირას გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შემოესია, ააოხრა ქვეყანა და ეკლესია–მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. სამასათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლა, გაუდაბურებულ ქვეყანაში კი ულუსები ჩამოასახლეს. დამარცხებული თეიმურაზი და ლუარსაბი იმერეთის მეფემ, გიორგიმ, შეიფარა.
შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ ქეთევანი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მართველის, გათათრებული ქართველის, იმამ–ყული–ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ნაქართველარი თათარი დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს და ამბობდა, დიდად საპატიო სტუმარი არის ჩვენიო, ის კი არ არის ტყვე, ჩვენ თვითონ ვართო მისი ტყვეები. მისი ბრძანებით წმინდა ქეთევანს არ უმხელდნენ თუ რა საშინელი ბედი ეწიათ ბატონიშვილებს – ლევანსა და ალექსანდრეს.
ათი წელი იტანჯებოდა ქეთევანი „საპატიო“ ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს. ქეთევან დედოფლის მსახურთა შორის იყო მღვდელი ვასილი და მღვდელი მოსე, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად აღასრულებდნენ წირვებს, ამზადებდნენ დედოფალს მოწამეობისათვის და თვითონაც ყოველდღიურად ელოდნენ ქრისტესთვის სიკვდილს.
ხედავდა შაჰი, რომ „უდრეკ იყო დედოფალი“ და ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას. შაჰმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდე მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა ქეთევანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო.
შაჰმა იმამ–ყული–ხანს შეუთვალა “ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოჰკალიო“. შეძრწუნდა უნდილაძე, „ბერი დედაკაცი არის და ახლა ეს არ გათათრდება, რას აქნევ ამის გათათრებას, თქვენთვის სირცხვილი არისო მისი სიკვდილი“. შაჰ–აბასმა ბრძანების სასწრაფოდ აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს. უნდილაძე შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე ალაჰი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. ქეთევანმა მტკიცედ უარყო უნდილაძის ნათქვამი და წამებისთვის განემზადა. „მეუფეო ქრისტე, სიტყვაო ღმრთისაო, არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაი შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა“, შეევედრა მაცხოვარს, მიიღო წმინდა ზიარება და უშიშრად დადგა ჯალათების წინაშე.
ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს დედოფალი, ჯალათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, ჩააწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმინდა ქეთევანმა: „დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცმყოფთო სიშიშვლით“.
უსჯულოებმა ენით აღუწერელი სისასტიკით აწამეს დედოფალი. გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს თავზე, მარწუხებით დაუწყლულეს მკერდი, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს „და შეირაცხა წმინდა ქალწულთა მოწამეთა კრებულთა თანა და მოვიდა სამხილებლად ყოველთა და დაადგა ნათელი. ხოლო მუნ დაესწრნენ ფრანგნი და აღიღეს წმინდანი ნაწილნი წმინდისა ქეთევანისანი ფრანგთა და წარიღეს თვისთა თანა ნაწილად, ხოლო ხელი და მკლავი ბატონს თეიმურაზს გამოუგზავნეს“. თეიმურაზ მეფემ „კეთილმსახურებისაებრ, ვითარცა მოწამესა დღესასწაულითა დიდითა პატივ–სცა… და ყოვლითურთ სამღვდელოით კრებულით… ვითა შუენოდა დედასა, დედოფალსა და მეფესა და დააბრძანა წმინდანი იგი ნაწილნი ეკლესიას – მთავარმოწამისა გიორგისსა ალავერდს, იტყვიან ქვეშე საღმრთოისა ტრაპეზისა“.
დედოფალ ქეთევათან ერთად მოწამეობრივად აღესრულნენ ქეთევანის თანმხლები მღვდლები: ვასილი, რომელიც „ღირს იქმნა მოწამისა ღვაწლთასა, რამეთუ მანცა ქრისტესთვის მიიღო აღსასრული ცეცხლისა მიერ“ და მოსე, რომელიც ქვაბისა და დაშნების ცემით განგმირული ნაკუწ–ნაკუწებად აჩეხეს.

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ 13 სექტემბერი (ახალი სტილით 26 სექტემბერი) დადგინდა.
მასალა აღებულია წიგნიდან – „ქართველ წმინდათა ცხოვრება“, თბილისი, 2007წ;მასალა ადაპტირებულია მარიტა გოგიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;