2.10.2025. მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

2.10.2025. მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

     19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება (გალ. 5: 19-23).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

„სადაც ჯვარია, იქ ეშმაკი უძლურია“ ღირსი დოროთე მეუდაბნოე.

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

2.10.2025. ხსნილი

ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული

მოწამეთა: ტროფიმესი, საბატისა და დორიმენდონისა (276); მოწამისა ზოსიმე მეუდაბნოისა (IV).

დღის ლოცვები

მოწამეთა: ტროფიმესი, საბატიოსისა და დორიმედონტის (276)

ტროპარი: სამებით და ერთ-ღმრთაებით დიდებული ღმერთი სამებისა რიცხვთა მოწამეთა ადიდეს ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი, რამეთუ მისა მიმართ რწმენაი და მტერი დაამხვეს; მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.

კონდაკი: ვითარცა მოწამეთა სიქადულსა და ღმრთისმსახურებისა სიმტკიცესა, ეკლესია პატივს გცემს და ადიდებს შენსა ნათლით-შემოსილსა ხსენებასა, ყოვლადქებულო ნეტარო მოწამეო, დიდებულო და მხნეო ბრძენო ტროფიმე, თანა მოღუაწით შენითურთ ლხინებაი ითხოვე მგალობელთა შენთათვის, ვითარცა უძლეველმან.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ეფ. 4: 14-19 (დას. 225). ლკ. 4: 16-22 (დას. 13).

ეფ. 4: 14-19

14. რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით, 15. არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმხრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი – ქრისტე, 16. ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში. 17. ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი. 18. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, 19. გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით. 

ლკ. 4: 16-22

16. მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა. 17. მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა: 18. სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად, 19. ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად. 20. დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას. 21. და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ. 22. ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა მოწამენი ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი რომის იმპერატორის, პრობუსის (276-282) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. ერთხელ ანტიოქიაში წარმართულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ყველგან თავაშვებული ღრეობა იყო გამართული. ქალაქში ჩასული ქრისტიანები ტროფიმე და საბატი მწუხარებით შესცქეროდნენ ამ ხმაურიან, უსჯულო ზეიმს და უფალს ევედრებოდნენ, ცხონების გზაზე დაეყენებინა გონდაბინდულები. ქრისტეს ქადაგებისთვის უღმრთოებმა წმიდანები შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს. წარმართებმა აღმსარებლების ცემა და წამება დაიწყეს, რათა ძალით გადაედრიკათ კერპთმსახურებისაკენ. საბატი წამების დროს გარდაიცვალა, ტროფიმე კი სისასტიკითა და დაუნდობლობით ცნობილ ფრიგიის მმართველ დიონისესთან გაგზავნეს. უღმრთო დიონისემ ვერანაირი ძალისხმევით ვერ შეძლო ახოვანი ქრისტიანის მოდრეკა – წმიდანი ფსალმუნის ამ სიტყვებს იმეორებდა მხოლოდ: „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან“ (ფს. 33,19). ბოლოს იგი საპყრობილეში ჩააგდეს. აქ ნეტარს ქრისტეს ფარული მიმდევარი – სენატორი დორიმედონტი აკითხავდა. როცა ამის შესახებ მტარვალებმა შეიტყვეს, ისიც დაატუსაღეს და მაცხოვრის სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს. მარტვილმა უარი განაცხადა, რისთვისაც იგი ტროფიმესთან ერთად მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. ნადირებმა უფლის რჩეულებს პირი არ დააკარეს. მაშინ მათ თავები მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე IV საუკუნეში ცხოვრობდა. ერთხელ, ნადირობის დროს, კილიკიის მმართველი დომენტიანე გადააწყდა ბერს, რომელიც მშვიდად და ალერსიანად საუბრობდა გარსშემორტყმულ მხეცებთან. მონადირეთა დანახვაზე მხეცები დაფრთხნენ და დაიფანტნენ. ბერს ჰკითხეს, ვინ იყო და ამ უდაბნოში რატომ ცხოვრობდა, მან კი მიუგო, ზოსიმე მქვია, ქრისტიანი ვარ და ქალაქში იესო ქრისტეს მტრების გვერდით ყოფნას ნადირებთან ცხოვრება მირჩევნიაო. დომენტიანე დაემუქრა: „თუ ნაზარეველს ეთაყვანები, ნაზარეთში სახალხოდ სასტიკად გაწამებ და ქრისტეს უარყოფასაც გაიძულებო“, შემდეგ კი წმიდანს ჰკითხა, რა ძალით ათვინიერებდა ველურ ცხოველებს. მოხუცმა მიუგო: „მე – ქრისტიანი ვარ და ყოველი სული ქრისტეს ემორჩილება“. უღმრთოებმა შეიპყრეს მაცხოვრის მსასოებელი მამა, ნაზარეთში წაიყვანეს და სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდანი თავდაღმა დაკიდეს, კისერზე დიდი ლოდი გამოაბეს და რკინის ჩანგლებით სხეულის ჯიჯგნა დაუწყეს. ჯალათები მარტვილს ეუბნებოდნენ: „თუ მხეცებიც გემორჩილებიან, რომელიმე მათგანს უბრძანე, აქ გამოცხადდეს, მაშინ ჩვენც ვირწმუნებთ შენს ღმერთს“. ზოსიმე ლოცვით შეევედრა უფალს და უეცრად წამების ადგილას უზარმაზარმა ლომმა მოირბინა. ყველანი შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, ლომი კი წმიდანს მიუახლოვდა და მის კისერზე გამობმული ლოდი აღუმსუბუქა. მმართველმა ზოსიმეს სთხოვა, ნადირი დაეოკებინა, ჯალათებს კი წმიდანის ჩამოხსნა უბრძანა, რომ იგი იმპერატორთან წაეყვანა, მაგრამ ზოსიმემ წმიდა სული იქვე შეჰვედრა უფალს (წმ. ზოსიმეს ხსენება 4 იანვარსაც აღესრულება). 
წმიდა კეთილმსახური მთავრის, თეოდორე სმოლენსკელისა და ძეთა მისთა, დავითისა და კონსტანტინეს შესახებ იხილეთ 5 მარტის – წმ. მთავრების ნაწილთა აღმოყვანების დღის – საკითხავში. 19 სექტემბერს ეკლესია მათ მიცვალებას აღნიშნავს (XIII-XIV).