…იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები (ინ. 21: 15-17).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

23-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
2.11.2026. ორშაბათი. ხსნილი.
ღირსისა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელისა (ურგებაძე, 1995); დიდისა მოწამისა არტემიოსისა (362).
დღის ლოცვები
ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებელი-სალოსის
ტროპარი: ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაი ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაი მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაი შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მიუწვდომელ არს მოწყალებაი მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაი განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაი განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაი თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
1 თეს. 1: 1-5 (დას. 262). ლკ. 9: 18-22 (დას. 43).
1 თეს. 1: 1-5
1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე – თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. 2. მარადის ვმადლობთ ღმერთს ყოველი თქვენგანისათვის და ჩვენს ლოცვებში გიხსენებთ. 3. გამუდმებით ვიგონებთ თქვენი რწმენის საქმეს, სიყვარულის ღვაწლს და მოთმინებას სასოებისას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ, ღვთისა და მამის წინაშე. 4. რადგანაც ვიცით თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელო ძმანო. 5. ვინაიდან ჩვენი სახარება მარტოოდენ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სული წმიდითა და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის,
ლკ. 9: 18-22
18. მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ: 19. რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივართ მე? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს – ელია, ზოგი კი ამბობს, ერთი ძველი წინასწარმეტყველი აღდგაო. 20. და უთხრა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? მიუგთ პეტრემ და უთხრა: ქრისტე ღმრთისა. 21. მაგრამ მან მკაცრად უბრძანა: არავისთან გამთქვათო. 22. და უთხრა მათ, რომ ძეს კაცისას ელოდა ბევრი ჭირისა და შეურაცხყოფის დათმენა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმინდა დიდმოწამე არტემი (+362)
ერთხელ მეფემ გაიგო, რომ აქიის პროვინციაში დაკრძალული იყვნენ წმინდა ანდრია და ლუკა მოციქულები. კონსტანციმ მათი კონსტანტინოპოლში გადმოსვენება არტემს დაავალა. ამ დავალების შესრულების შემდეგ მეფემ არტემს ეგვიპტის დუქსობა (მხედართმთავრობა) უბოძა. ისიც მონდომებით შეუდგა ამ საქმეს. კონსტანცის გარდაცვალების შემდეგ რომის იმპერიაში იულიანე განდგომილი გამეფდა, რომელიც მანამდე დასავლეთ პროვინციებს მართავდა. ტახტზე ასვლის შემდეგ მან უარყო ქრისტე და ღვთის მორწმუნეთა დევნა დაიწყო. აღადგინა წარმართული ტაძრები და აავსო “ღმერთების” კერპებით. ქრისტიანობის დამცირების მიზნით წმინდა ელისესა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილები (წმინდა იოანეს პატიოსანი თავისა და მარჯვენის გარდა) პირუტყვთა ძვლებში არია, დაწვა და ფერფლი მიმოფანტა. დაწვას გადარჩენილი ნაწილები ქრისტიანებმა გადამალეს. შემდეგ შეიტყო, რომ პალესტინის ჩრდილოეთით, ქალაქ პანეადაში, აღმართული იყო ქრისტეს ქანდაკება, რომელიც იმ სისხლმდინარე დედაკაცს აეგო სამადლობლად, ქრისტეს სამოსის შეხებით რომ განიკურნა. ქანდაკება იულიანეს ბრძანებით დაამსხვრიეს (თავი ვინმე ქრისტიანმა გადამალა), მის ადგილას კი თავისი ქანდაკება დაადგმევინა. მერე მას მეხი დაეცა და დაიმსხვრა.
იულიანემ გადაწყვიტა სპარსეთისათვის შეეტია, ლაშქრობის დროს ანტიოქიაში ყოფნისას მრავალი ქრისტიანი აწამა. ერთხელ მას ორი ანტიოქიელი ხუცესი მიუყვანეს. ევგენი და მაკარი დიდხანს ეკამათნენ. უმტკიცა იულიანემ მათ თავისი ღმერთების ძალმოსილება, მაგრამ ღირსი მამების არგუმენტებმა დაადუმეს ურჯულო. მან ხუცესების ამოხოცვა გადაწყვიტა. ამ დროს ანტიოქიაში წმინდა არტემიც გამოცხადდა ეგვიპტის ლაშქრით. იმპერატორს სამეფო პატივი მიაგო და იქ დადგა, სადაც იულიანეს ბრძანებით დეკანოზებს ევგენის და მაკარის აწამებდნენ. წმინდა არტემმა ვეღარ მოითმინა იულიანესგან ქრისტე მაცხოვრის ძაგება და თამამად ამხილა მეფის უსჯულოება. ბოლოს მოუწოდა: მეფევ, ნუ დაუჯერებ დემონებს, ნუ აწამებ ღვთივდაცულ ქრისტიანებს. იცოდე, ძალი და სიმტკიცე ქრისტესი შეურყვნელიაო.
– ვინ არის ეს უბედური, ამგვარად რომ კადნიერდება და ბედავს ჩემს ლანძღვასო, – იკითხა იულიანემ.
– ალექსანდრიის დუქსიაო, – მიუგეს.
– ეს არის საზიზღარი არტემი, ჩემი ძმის მკვლელობაში რომ ერია ხელი? – წამოიძახა იულიანემ და მადლობა შესწირა ღმერთებს, განსაკუთრებით კი აპოლონს და დაიქადნა, შურს ვიძიებო. მეფის ბრძანებით, არტემი გააშიშვლეს. ხელ-ფეხით ოთხივე მხარეს გაჭიმეს და ცემა დაუწყეს ხარის ძარღვებით. ოთხი ჯალათი მოიღალა მის ცემაში, წმინდანი კი არაადამიანური მოთმინებით იტანდა ტკივილს. დედამიწა მისი სისხლით მოირწყო.
მისმა მოთმინებამ განაცვიფრა იულიანე. ცემის შეწყვეტა უბრძანა და არტემი წმინდა მოწამეებთან – ევგენისთან და მაკართან ერთად დილეგში ჩააგდო. ციხეში მოწამეებმა ფსალმუნთა გალობა დაიწყეს. გალობის შემდეგ წმინდანმა თავისთვის თქვა: “არტემ, აი, ქრისტეს წყლულები შენი სხეულით იტვირთე, დაგრჩა მხოლოდ, სული თვისი დასდო უფლისათვის. მაგრამ განა მე უღირსი მეტად ვეწამე, ვიდრე უფალი?.. ჰოი, რამდენად დიდია უფლის ვნებანი და მოთმინება. არც შეედრება მას ჩემი – საცოდავი ადამიანის მოთმინება და ძვირუხსენებლობა. გმადლობ შენ, უფალო, რომ ღირს მყავ შენთვის მოწამეობის და ღირს მყავ, ბოლომდე დავითმინო ყოველივე”.
გათენებისთანავე იულიანემ მოწამეები სამსჯავროში მიაყვანინა. ყოველგვარი დაკითხვის გარეშე ევგენისა და მაკარის არაბეთის ოასიმში (ერთ-ერთი ოაზისია) დახრჩობა ბრძანა, არტემი კი დაიტოვა. თავიდან იულიანემ ცხვრის ქურქი გადაიცვა და წმინდანის ცდუნება გადაწყვიტა: ტყუილად განმარისხე, არტემ. არც შენი სიბერე დაინდე და არც ჯანმრთელობა. თუ დამიჯერებ და ღმერთებს მსხვერპლს შესწირავ, უმაღლეს ქურუმად გაქცევ, მამას დაგიძახებ და მეორე კაცი იქნები სამეფოში. კარგად იცი, რომ ტახტზე უფლება ჩვენს გვარს უფრო ჰქონდა, ვიდრე კონსტანტინესას, რადგან მამაჩემის დედა მაქსიმიანეს (იმპერატორი დასავლეთ იმპერიისა) ქალიშვილი იყო, კონსტანტინეს დედა ელენე კი უბრალო წარმოშობისა. კონსტანტინემ მიიტაცა სამეფო ტახტი, მისმა ძემ, კონსტანცმა მომიკლა მამა და ბიძები, ბოლოს კი ჩემი ძმა მოაკვლევინა. ჩემი სიკვდილიც სურდა, მაგრამ ღმერთებმა დამიხსნეს. ამიტომაც უარვყავ ქრისტე. ღმერთებმა მოსპეს კონსტანტინეს შთამომავლობა, მე კი დამარჩინეს. შენ ბრძენი კაცი ხარ, არტემ, აღიარე, რომ მართალს ვამბობ და გვერდში ამომიდექი.
წმინდანმა უთხრა: – პირველ რიგში შენს ძმაზე ვიტყვი. მის სიკვდილში დანაშაული მე არ მიმიძღვის, რადგან ამ დროს ეგვიპტეში ვიყავი. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ შენი ძმა ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, ღვთისმოსავი და მორჩილი ქრისტეს სჯულისა. იცოდე, შენს ღმერთებს მე არ ვმსახურებ და არც შენს სასურველ აპოლონის კერპს არა ვცემ თაყვანს. შენ დააკნინე კონსტანტინეს მოდგმა და “ღმერთების მოღალატე” უწოდე, მაგრამ კონსტანტინე სწორედ მათი თაყვანისმცემელი იყო, როცა მოუწოდა ქრისტემ. სისხლისმსმელ მაქსენციას წინააღმდეგ სალაშქროდ მივდიოდით, ცაზე მზეზე უბრწყინვალესი ჯვარი რომ გამოჩნდა ვარსკვლავებით გამოსახული ლათინური წარწერით – “ამით სძლევ”. ყველა ვხედავდით ამ ჯვარს და ალბათ შემორჩენილნი იქნებიან ამის მომსწრენი. ეს ხომ შენც კარგად იცი. ქრისტეს მოსვლამდე გვაუწყეს ეს წინასწარმეტყველებმა. თვით შენი ღმერთების მსახურნიც ამას ამბობდნენ. გავიხსენოთ სიბილას წიგნები თუ ვირგილიუსი.
წმინდანი ამ სიტყვების საპასუხოდ აწამეს და ისევ დილეგში ჩააგდეს.
თვითონ იულიანე კი დაფნაში წავიდა აპოლონის კერპის თაყვანისსაცემად. იქ დიდხანს დარჩა. ყოველდღიურად უამრავ პირუტყვს შესწირავდა და აპოლონს სპარსეთზე ლაშქრობის მოსალოდნელ შედეგს ეკითხებოდა. მაგრამ აქამდე “მოლაპარაკე” აპოლონი დაედუმებინა მცირე ხნის წინ მახლობლად დასვენებულ წმინდა მღვდელმოწამე ბაბილას ნაწილებს. ეს რომ იულიანემ შეიტყო, ბრძანა, წმინდანის ნაწილები აქედან მოაშორეთო. რაწამს თავისი ადგილი დაატოვებინეს სიწმინდეს, მაშინვე ცეცხლი ჩამოვარდა ციდან და აპოლონის ტაძარი გადაბუგა.
წმინდა არტემს კი თვით იესო ქრისტე გამოეცხადა, გაამხნევა, “შენთვის ზეცაში გვირგვინი იწვნება, რადგან შენ მაღიარე კაცთა წინაშე, მეც გაღიარებ ჩემი ზეციური მამის წინაშეო”. გახარებულმა წმინდანმა გალობა დაიწყო, სული საღმრთო ნუგეშით აევსო და ამის შემდეგ ვიდრე სიკვდილამდე საჭმელი არ მოჰგონებია.
სირცხვილეული დაბრუნდა აპოლონის ტაძრიდან იულიანე. იხტიბარს მაინც არ იტეხდა და ქრისტიანებს აბრალებდა ხანძრის გაჩენას. იხმო არტემი და “შესჩივლა” – ალბათ შეიტყვე, ქრისტიანებმა მშვენიერი ტაძარი დაწვეს, მაგრამ მე მათ, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, 77-ჯერ გადავუხდი სამაგიეროსო. წმინდა არტემმა მიუგო: – თუ შენი აპოლონი ღმერთია, თავი რით ვერ დააღწია ხანძარსო. უბედურო, კიდეც დამცინიო, – შესძახა განრისხებულმა იულიანემ. წმინდა არტემმა მშვიდად მიუგო: – მე შენს უგუნურებას დავცინი, რადგან ისეთ ღმერთს ეთაყვანები, ცეცხლს რომ ვერ გაქცევია. როგორ განგაშორებს ეგ საუკუნო ცეცხლს. თუ შენ ქრისტიანების წამებისთვის იქადი, მაშინ იცოდე, შენი სიკვდილიც ახლოს არის და სახსენებელი შენი ხმაურიანად აღიხოცება.
განრისხებულმა იულიანემ ქვისმტეხელს ლოდი გააპობინა. ქვაზე გართხმულ წმინდა არტემს ზედ ლოდის მეორე ნაპობი დაადეს. ძვლები დაელეწა წმინდანს, ყოველივე შინაგანი გარეთ გამოეყარა, მაგრამ მიუხედავად ამხელა ტკივილისა, წმინდანი დავითის საგალობელს აღავლენდა. ქვებშუა იყო დღე და ღამე. იულიანეს ის მკვდარი ეგონა, ქვა ააწევინა: დაფასავით გაბრტყელებული არტემი ფეხებსაც ამოძრავებდა და ნათლადაც საუბრობდა. “კაცი ხარ თუ მოჩვენება, – შესძახა მეფემ, – ხედავ, ჩვენმა ღმერთებმა სხვათა ჭკუაზე მოსაყვანად ჯერ კიდევ ცოცხალი დაგტოვეს, რათა შენი ხილვა შეაძრწუნებდეს მათი ძალის უარისმყოფელებს”.
– შენ ფეხით დათრგუნე უფლის სისხლი, ჩვენთვის დაღვრილი, და ეშმაკებს დაემორჩილე. მე კი მწამს, რომ ამ უმნიშვნელო ტკივილის ფასად, შენ რომ მომანიჭე, ღმერთი ზეციურ სასუფეველში საუკუნოდ განმისვენებს, – მიუგო წმინდა არტემმა.
მაშინ კი იულიანემ სასჯელი დაუდგინა: – არტემ, ღმერთების მაგინებელო და რომის კანონთა დამარღვეველო ქრისტიანო, გალილეველო და არა რომაელო, მახვილით წარგეკვეთება თავი!
დასჯის წინ არტემმა ლოცვის ნება ითხოვა. აღმოსავლეთით სამჯერ მოიდრიკა მუხლი და ზეციდან ხმა მოესმა: “მოვედ წმიდათა თანა და შენთვის გამზადებული ჯილდო მიიღე”. წარუპყრა ქედი და ჯალათმაც თავი მოჰკვეთა. მისი წმინდა სხეული ანტიოქიის ეკლესიის დიაკონისა არისტამ გამოითხოვა იულიანესგან, წააბრძანა კონსტანტინოპოლში, სადაც დიდი პატივით დაკრძალეს. მრავალი სასწაული აღესრულა მისი საფლავიდან. წმინდანმა ღვთივ განისვენა 363 წლის 20 ოქტომბერს. მისი წმინდა სხეული მოგვიანებით წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში დაკრძალეს, რომელსაც შემდგომ წმინდა არტემის ტაძარს ეძახდნენ.
მალე აუცხადდა იულიანეს წმინდა არტემის წინასწარმეტყველება. მისი მოკვლის შემდეგ ჯარით სპარსეთისაკენ დაიძრა. ტიგროსის მარცხენა ნაპირას, ქტეზიფონის ციხესიმაგრესთან ერთი სპარსი შეხვდათ, რომელიც დაჰპირდა იულიანეს, მოკლე გზით წაგიყვანთ სპარსეთშიო. მან კი უდაბნოში შეიტყუა. შიმშილისა და წყურვილისაგან ჯარის სახედრებს, აქლემებსა თუ ცხენებს მუხლი მოეკვეთათ. მაშინღა აღიარა სიცრუე სპარსმა: მირჩევნია აქ, უდაბნოში, მარტო მე მომკლათ, ვიდრე ჩემი ქვეყანა გაანადგუროთო.
განრისხებულმა რომაელებმა სპარსი აკუწეს. უდაბნოში უმეგზუროდ დარჩენილი იულიანეს ლაშქარი სპარსეთის ჯარს გადაეყარა. ბრძოლაში მრავალი რომაელი ჯარისკაცი მოკლეს, ღვთის რისხვა მოეწია თვით იულიანესაც – უხილავმა ხელმა უხილავი იარაღით განგმირა. იულიანემ თავისი სისხლი პეშვით ზეცად აისროლა და წამოიძახა: “შენ გაიმარჯვე, ქრისტე! გაძეხ, გალილეველო!” და იქვე სული თვისი ჩააბარა ეშმაკს.
იულიანეს სიკვდილის შემდეგ ჯარმა იოვანე აირჩია, რომელიც დაუზავდა სპარსელებს.
იულიანე თავიდან წარმართულ საკერპოში დამარხეს, მერე კი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მეუღლის გვერდით, მოციქულთა ტაძარში დამარხეს, რა თქმა უნდა, ვითარცა განდგომილი, წესის აუგებლად.
ხსენება ღირსისა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსისა
სახარება
გოდერძი მაშინ ორი წლისა თუ იქნებოდა, მამის პატივისცემის ნიშნად ყველა ვასიკოს ეძახდა.
წმინდა გაბრიელი ბავშობიდანვე გამორჩეული ღვთიური მადლით იყო აღვსილი. იგი, 4-5 წლისა, ისე, რომ არავის უსწავლებია, პატარა ხელებით, კენჭებისაგან ლამაზ სახლებს აშენებდა და მათ ეკლესიებს უწოდებდა, ხოლო შიგ ჩასმულ თოჯინებს უფლის, ანგელოზთა და წმინდანთა ხატებს არქმევდა და ასანთის ღერებს “სანთლებად” უნთებდა.
სკოლაში 6 წლისა შეუყვანიათ. წერა-კითხვა კარგად აუთვისებია და კეთილი ზნეობით საყოველთაო სიყვარულიც დაუმსახურებია. ყველაფერი ბავშვის ჩვეული ცხოვრებით მიდიოდა, რომ არა ერთი ამბავი, რამაც სრულიად შეცვალა პატარა ვასიკოს ცხოვრება, ვიდრე სიკვდილამდე.
შვიდი წლისა მეზობლების ჩხუბს შეესწრო. გაბრაზებულმა მეზობელმა მეორეს უთხრა:
– რა ქრისტესავით ჯვარს მაცვიო.
ამ სიტყვების გაგონებისას უცნაურად მოსწყვლია გული პატარას და როცა მოჩხუბარი მეზობლები ერთმანეთს გაშორდნენ, მაშინვე მისულა მთქმელთან და უკითხავს:
– ქრისტე ვინ არის, ან ჯვარს რისთვის აცვეს?
– მე არაფერი არ ვიცი, – უპასუხია მეზობელს, – თუ ძალიან გაინტერესებს, ბარბარეს ეკლესიაში მიდი და იკითხე.
იმ დღეს ვერ წასულა, გვიანი იყო. მეორე დღეს აღარ დაუხანებია და იქვე, უბანში მდგარ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში მისულა. რომელიც იმ დროს დაკეტილი იყო და ხელისუფლებას დარაჯი ჰყავდა დაყენებული.. ბავშვს დარაჯი ტაძრის ეზოში დახვედრია და მიუმართავს:
– მინდა ვიცოდე, ქრისტე ვინ იყო და ჯვარზე რისთვის აცვეს? თქვენთან გამომაგზავნეს ამის საკითხავად, მას ეცოდინებაო.
დარაჯი იმ დროის კვალობაზე, როგორც ჩანს კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რადგან ვასიკოსთვის ტაძარი გაუღია, მაცხოვრის ჯვარცმასთან მიუყვანია და უთქვამს:
– აი, ეს არის ქრისტე, რომელიც ჯვარზე აცვეს და თუ იმის გაგება გინდა ჯვარზე რისთვის აცვეს, ეს ქრისტეს ისტორიის წიგნში წერია და იქ გაიგებ, მე მაგდენი არ ვიცი.
ყმაწვილმა იხილა რა დიდი ჯვარცმა, სისასტიკით შეძრწუნებული, მოეფერა იესუ ქრისტეს და სიყვარულით ჰკითხა, რისთვის გაცვეს ჯვარსო. დარაჯი განუცვიფრებია ყმაწვილის თანაგრძნობის ცრემლით ავსებულ თვალებს…
ჯვარცმული ქრისტეს ნახვამ უფრო გაუცხოველა ვასიკოს სურვილი, რომ გაეგო თუ ვინ იყო ქრისტე და ჯვარზე რისთვის აცვეს.
ამის შემდეგ ვასიკოს ფულის შეგროვება დაუწყია. მამინაცვალი საყიდლებზე რომ გზავნიდა, ხურდა ფულს საჩუქრად უტოვებდა. ცოტა მანამდეც ჰქონია შეგროვილი, ცოტაც შემდგომში დაამატა და მალევე, როცა შვიდი თუმანი მოაგროვა, წიგნის, “ქრისტეს ისტორიის” ყიდვა გადაწყვიტა:
“შვიდი თუმანი როცა მოვაგროვე, ჩავთვალე, რომ “ქრისტეს ისტორიის” ყიდვას ეყოფოდა. ამიტომ სახლთან ახლოს, ბაზრობაზე წავედი. შერეული ბაზრობა იყო და წიგნებიც იყიდებოდა. ვინც კი წიგნს ჰყიდდა, ყველასთან მივედი და “ქრისტეს ისტორიაზე” ვეკითხებოდი, მაგრამ არავის ჰქონდა. ბოლოს, დაღონებული სახლში რომ ვბრუნდებოდი, გასავლელში რიგიდან ცალკე მდგომი, თეთრ თმაწვერიანი სათნო მოხუცი დავინახე, რომელსაც, იფიქრებდი, რომ გასაყიდად, ოდნავ წინწამოწეულად, წიგნი ეკავა.
მივედი, მივესალმე და წიგნს დავხედე, ვხედავ, “ახალი აღთქმა” აწერია, მე კი ქრისტეს ისტორია მინდა. მაინც შევეკითხე: ქრისტეს ისტორიას ვეძებ და ხომ არ გექნებათ-მეთქი. მოხუცმა ტკბილად მიპასუხა:
– რასაც შენ ეძებ, აქ არის, ეს არის ქრისტეს ისტორიის წიგნი.
ფასი ვკითხე, – შვიდი თუმანიო, მომიგო მოხუცმა. გამიხარდა ფული ზუსტად, რომ მყოფნიდა, გადავუხადე, დავემშვიდობე და გახარებული წამოვედი.. ცოტა რომ გავიარე, დავეჭვდი, – ამას “ახალი აღთქმა” აწერია, მე კი “ქრისტეს ისტორია” მინდა, მივბრუნდები და დავეკითხები, იქნება, კარგად ვერ გამიგო. მივბრუნდი, მაგრამ მოხუცი იქ აღარ დამხვდა. ამიტომ იქვე მდგომთ ვკითხე: – აქ მოხუცი კაცი იდგა და წიგნს ჰყიდდა, ხომ არ დაგინახავთ, საით წავიდა-მეთქი. ყველამ მიპასუხა:
– აქ არავინ მდგარა და არც მოხუცი დაგვინახავსო.
“ნაგავი ხარ, ვასიკო”.
მას შემდეგ, რაც სასწაულებრივად შეიძინა სახარება და ქრისტე შეიცნო, ეს წმინდა წიგნი ხელიდან არ გაუშვია. პატარა ვასიკო (მამა გაბრიელს ერისკაცობაში გოდერძი ერქვა, მაგრამ მამის პატივსაცემად ყველა ვასიკოს ეძახდა) დღემუდამ თავის სახარებას კითხულოდა, სხვა არაფერი აინტერესებდა. სწავლაზე ხელი აიღო, ზერელედ გადაავლებდა გაკვეთილებს თვალს და ისევ სახარებასა და მღვდლის მიცემულ წიგნებს მიუბრუნდებოდა. ცოტას რომ წაიკითხავდა, მერე დიდხანს ფიქრობდა, ასე – დაღამებამდე. ძილის წინ თავის ოთახში დიდხანს ლოცულობდა. “იმ დროიდან რაღაც უპატიო დაწოლა და ძილი დაიწყო. ხანდახან ლოგინში არ ჩაწვებოდა, კუთხეში მოკუნტული იძინებდა. დიდი რწმენა ჰქონდა პატარა ბიჭს. ერთხელ წმინდა გიორგი გამოეცხადა და თავისი ტაძარის დალაგება სთხოვა. ვასიკო “ქრისტეს სახელით” ასწევდა ეკლესიის ეზოში მიყრილ მძიმე ლოდებს, ასეთ მძიმეს, რომ იმ უბნის ფალავნებიც კი ვერ ძრავდნენ.
იმ დროს ომი ახალი დაწყებული იყო. ბევრმა არაფერი იცოდა ფრონტზე წასული ქმრებისა თუ შვილების შესახებ. მასთან მიდიოდნენ, რადგან ამბობდნენ, – პასუხები აქვსო. ვასიკო მაშინ 12 წელს არ იყო გადაცილებული, იგი ყველას თავისებურ პასუხს აძლევდა და ქრისტეს უქადაგებდა.
მისი ნათქვამი ყოველთვის მართლდებოდა. საიდან იცი ყველას პასუხიო. უფალი მაძლევს გულისხმისყოფას. ეს საქმე ჩემი კი არა, მისია, ის განადიდეთო, – პასუხობდა. მაგრამ, ეტყობა, ამძიმებდა ადამიანებისგან გამოხატული პატივისცემა და ხანდახან უცნაურ საქმეს სჩადიოდა. უბანში, თუ გამოსაჩენ ადგილას ნაგავი ეყარა, მივიდოდა და პირდაპირ შიგ ჩაჯდებოდა, თან ხმამაღლა ამბობდა: – არ დაგავიწყდეს, ვასიკო, რომ ეს ნაგავი ხარ და თავი დიდი ვინმე არ გეგონოსო.
ოჯახის წევრები ამის გამო მკაცრადა სჯიდნენ”.
***
კიდევ ერთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს თავის წიგნში მამა კირიონი. იმ პერიოდში, კომუნისტური დევნის მიუხედავად, ზოგმა ხატების გადაყრა ვერ გაბედა და გადამალული ჰქონდა. მომდევნო თაობამ წმინდა ხატების მოვლას თავი ანება, ზოგს რწმენა გაუნელდა და სიწმინდეთა მოვლისთვის საკადრისად არ ირჯებოდა. ამნაირებს მიადგებოდა პატარა ვასიკო და ეტყოდა: – შინ ამა და ამ ადგილას ხატი გისვენიათ, ან ჯეროვანი პატივი მიაგეთ, ანდა მე მომეცით. შემდგომ თუ მოინდომებთ მის პატივისცემას, მოდით და სიხარულით დაგიბრუნებთო.
ზოგი გონს ეგებოდა, შეინანებდა და ეტყოდა: “არა, დავიტოვებთ და პატივით მოვექცევითო”. სხვები გამოუტანდნენ ხატს. ამ საქციელით ყველა გაკვირვებული რჩებოდა, – აი, სასწაული, ამან რა იცოდა, ხატი შენახული სადა გვქონდა, მართლაც უცნაური ბავშვიაო.
***
ხუთი წელი უთმინა დედამ შვილს უცნაური საქციელი, შთააგონებდა, თავს ნუ იტანჯავ, სხვებივით იცხოვრე (ანუ დაქორწინდი), თუ გინდა მორწმუნეც იყავი, ოღონდ ისე არა, მხოლოდ სარწმუნოება და სახარება გინდოდესო. მაგრამ რა ექნა ვასიკოს?.. მოვლენებს წინ გავუსწრებთ: ერთხელ, მამა გაბრიელის სიცოცხლის უკანასკნელ წელს, როცა იგი მძიმედ სნეული ლოგინად იწვა, დედა ეწვია, მცირე საუბრისა და მოკითხვის მერე ცრემლმორეულმა დედამ ტირილით უთხრა: – განა რა იყო შენი ცხოვრება, ტანჯვა-წამების გარდა? ბავშვობა შენ არ გქონია და არაფერი. რა იქნებოდა, ცოტა მაინც დაგეჯერებინა და თავს მოფრთხილებოდი, შენც ხომ ადამიანი იყავიო.
მამა გაბრიელი დედის ცრემლმა ძალზე შეაწუხა. მცირე ხანს დუმდა, მერე კი ლმობიერი ხმით აღმოთქვა: “მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო”. დიახ, სხვანაირად ცხოვრება არ შეეძლო. ერთხელ, როცა განრისხებულმა დედამ სახარება საპირფარეშოში ჩააგდო, ვასიკომ მაშინვე ამოიღო, გაასუფთავა და იმავე ღამეს სახლი დატოვა. მაშინ ის თორმეტი წლისა იყო. ბიჭი ჯერ სამი დღე სვეტიცხოველში ცხოვრობდა, მერე ზედაზენზე, ბოლოს ბეთანიელ მამებს შეაფარა თავი. იქიდან წამოსული, სუსხიან ზამთარში გარეთ უპატრონოდ გაგდებული, ერთმა კეთილმა ქალმა შეიფარა, რომელიც სახელგანთქმული მკითხავი მარგო აღმოჩნდა. ერთხელ მარგო ავად გახდა. ვასიკომ უთხრა, ნუ გეშინია, შენს მაგივრად ხალხს მე მივიღებო. მართლაც, მოსულ ხალხს ქრისტეს უქადაგებდა, ეუბნებოდა, მკითხავთან სიარულით დიდ ცოდვას სჩადითო. ღვთისაგან ისეთი გონება მიეცა, რომ მომსვლელთა დანახვისას მათი ცხოვრება ეხსნებოდა და პირდაპირ სახელით მიმართავდა. განსაცდელებს უთქმელად ეუბნებოდა და მათ სათავეს – ცოდვებს ამხელდა, მოუწოდებდა ქრისტიანულად ეცხოვრათ, აღსარება ეთქვათ მოძღვრისთვის. ვასიკომ მარგოსაც უქადაგა ქრისტე, უთხრა, რა დიდ ცოდვას სჩადიოდა მკითხაობით და მასაც თავი დაუნებებია ამ საქმისთვის, რაც მკითხავთა წრეში და მათთან მოსიარულე ხალხში დიდი მითქმა-მოთქმის ამბად ქცეულა!
დედას შეუნანია თავისი საქციელი, უთქვამს, ოღონდ სახლში დაბრუნდი და როგორც გინდა, ისე იცხოვრეო. გადიოდა წლები, ვასიკო ოჯახს თავისი შრომით როგორც შეეძლო ისე ეხმარებოდა. თუმცა “ქრისტეს პოვნის” სურვილი არ განელებია. თვეში ერთხელ ბეთანიელ მამებთან მიდიოდა რამდენიმე დღით, ანდა ეკლესია-მონასტრებს მოილოცავდა. იმ პერიოდში მთავრობამ ვერის სასაფლაო გააუქმა, იქ ყოფილა ქართველი იუნკრების საფლავებიც, რომლებიც ბულდოზერით მიუსწორ-მოუსწორებიათ. ზოგიერთი მიცვალებულის ძვალი უპატიოდ მიმოფანტული ეყარა. ვასიკო ღამღამობით ფარულად აგროვებდა მიცვალებულთა ძვლებს და უსაფრთხო ადგილას კვლავ მიწას აბარებდა.
ქრისტეს ძიებაში.
გამოხდა ხანი. ვასიკომ ჯარი მოიარა, შინ დაბრუნებულმა ეზოში პატარა საცხოვრისი აიშენა და ოჯახის ხმაურს გარიდებულმა სიმშვიდეში, თავისთავს ჩაღრმავებულმა განაგრძო მოღვაწეობა.
წირვა-ლოცვებს არ აცდენდა და, ბუნებრივია, მალევე მიიქცია კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ყურადღება. პატრიარქი ხშირად ესაუბრებოდა ვასიკოს და ყვლაფერი იცოდა მის შესახებ, იცოდა მისი მონაზვნობის სურვილიც და სთხოვა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოს გაბრიელს (ჩაჩანიძე), ჯერ სამღვდლო ხარისხში აეყვანა და მერე ეკურთხებინა მონაზვნად. მართლაც, 1955 წლის 6 თებერვალს მეუფე გაბრიელმა ვასიკო დიაკვნად აკურთხა, რამდენიმე დღის მერე, მეუფის კურთხევით, არქიმანდრიტმა გიორგიმ (დადიანი) იგი ბერად აღკვეცა და სახელად გაბრიელი უწოდა. ეს 23 თებერვალს მომხდარა. 27 თებერვალს კი ბერდიაკვან გაბრიელს მღვდელმონაზვნად ხელი დაასხა მეუფე გაბრიელმა. სამი თვე იმსახურა მამა გაბრიელმა ქუთაისის წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ იქაური ვითარების გამო იძულებული გახდა, ეპარქიიდან წამოსულიყო. რა იყო ეს მიზეზი, მისი ცხოვრების აღმწერელი მამა კირიონი ამაზე დუმილს ამჯობინებს და ჩვენც არაფერს ვიტყვით. იმ სასულიერო პირებმა, რომელთა გამოც მამა გაბრიელი ქუთაისიდან წამოვიდა, რომელნიც ღვთისმსახურების უპატიოდ პყრობაში ამხილა, თბილისში, სიონის ტაძარში გადმოსულსაც არ მისცეს მოსვენება და უღირსად ესხმოდნენ თავს პატრიარქისა და სამღვდელოების წინაშე. დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა მამა გაბრიელის მიერ სასულიერო პირთა მხილებას. მდგომარეობა დაიძაბა. ასე გაგრძელდა კარგა ხანს, ვიდრე მამა გაბრიელმა ფსიქიკური ავადმყოფობა არ დაიბრალა და საეკლესიო მსახურებიდან შვებულებაში გასვლა ითხოვა, რათა გარეგნულად განშორებით დაეშოშმინებინა სიტუაცია. “დავიბრალე, მოყვასო, რადგან მაშინ სხვა გზა არ იყო. ყველამ ყველაფერი კეთილად უწყოდა, ჩემიც და მათიც”, – უთქვამს შემდგომში ბერ გაბრიელს.
***
სიონში მამა გაბრიელს უწმინდესმა მელქისედეკმა საცხოვრებელი თავისთან ახლოს, სიონის სამრეკლოში მისცა. ერთხელ მამა გაბრიელს დედა და და ეწვივნენ, მან ისინი სამრეკლოში, თავის კელიაში შეიყვანა. მოშურნე მტერმა მაშინვე პატრიარიქს აცნობა, კელიაში გაბრიელმა ორი ლამაზი ქალი შეიყვანაო. პატრიარქი შესულა მასთან, მამა გაბრიელს კი გაჰკვირვებია, მაგრამ კურთხევა აუღია და მისთვის დედა და და წარუდგენია. მოგვიანებით პატრიარქს გაუმხელია მისთვის უცნაური სტუმრობის მიზეზი და უთქვამს: “აკი გეუბნებოდი, შვილო, ცილისწამება ჩვენი ხვედრია-მეთქი. ნუ შეწუხდები და იცოდე, ასეთი არაერთი იქნება შენს ცხოვრებაშიო”.
***
1956 წლის 9 მარტს უამრავი ქართველი საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა. უშიშროებამ მიცვალებულების პატრონებს მოსთხოვა – არავითარი სამოქალაქო პანაშვიდი, არავითარი ტრადიციული გამოსვენებაო… მხოლოდ უახლოესი ნათესავები თუ ბედავდნენ სამძიმარზე მისვლას, სწორედ მაშინ გამოიჩინა სულის მხნეობა მამა გაბრიელმა და დასაფლავებამდე, ვისი მისამართიც კი გაიგო და რომელნიც ნათელღებულნი იყვნენ, მივიდა და ყველას წესი აუგო.
1960 წელს, მრავალი თხოვნის შემდეგ, მამა გაბრიელი ბეთანიაში დაადგინეს თავის მოძღვართან, წმინდა გიორგისთან (მხეიძე). მონასტრის მთელ სამეურნეო საქმეს ბერი გაბრიელი უძღვებოდა, კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა და სვეტიცხოველში სწირავდა. წმინდა გიორგი 1962 წლის 12 სექტემბერს გარდაიცვალა. წმინდა იოანე-გიორგი წმინდა იოანეს (მაისურაძე) გვერდით დაკრძალეს. მამა გაბრიელმა მათ სამარესთან კვიპაროსი ჩარგო, რომელიც დღეს დიდი, ლამაზი ხეა. ორმოცი დღე პანაშვიდს უხდიდა თავის მოძღვარს მამა გაბრიელი, მერე კი უშიშროების წარმომადგენლები ასულან და მისთვის ბეთანიის მონასტრის დატოვება მოუთხოვიათ. “ერთი სიკვდილი მაშინ გავათავე, როდესაც ბეთანიიდან წამოვედიო”, – ამბობდა შემდგომში ნაღვლიანად მამა გაბრიელი. პატრიარქმა ეფრემმა ის წმინდა სამების ტაძარში განაწესა.
ეკლესია.
სწორედ იმ პერიოდში დაიწყო მამა გაბრიელმა თავისი სახლის ეზოში მცირე ზომის ეკლესიის აშენება. მთელი ეკლესია ისე ააშენა, დამხმარე არ ჰყოლია. “ერთი ლურსმანიც კი სხვას არ აქვს დაჭედებული. ყველაფერი მარტომ ააშენა”, – ჰყვებიან დები. თუმცა არა… ვალენტინა ფაილოძემ დედა პარასკევას მოუთხრო საკვირველი ამბავი, თუ როგორ შეესწრო იგი ტაძრის მშენებლობას. ცემენტით სავსე ვედროები ჰაერში თავისთავად მოძრაობდნენ და ზევით, გამზადებულ ჩარჩოებში იცლებოდნენ. მამა გაბრიელი კი დაბლა ეზოში იდგა, ცემენტს ზელდა და ვედროებში ასხამდა. მამა გაბრიელმა ვალენტინა მკაცრად გააფრთხილა, არავისთვის ეთქვა ეს. როცა მამა გაბრიელს გაუგია, რომ ამბავი გამჟღავნდა, გამწყრალა და დედა პარასკევასთავის უთქვამს: “მე რა შუაში ვარ, მარტო ვმუშაობ და საქმე ძალიან რომ გამიგრძელდა, ღმერთმა მოწყალება გაიღოო”. ეს ტაძარი იქცა მამა გაბრიელის სულის სამჭედლოდ, ხან ორი-სამი თვით ჩაიკეტებოდა და გარეთ არ გამოდიოდა. ამ ტაძარში ყოველთვის სერიოზული იყო, მაშინაც კი, როცა ქალაქში სალოსობდა.
ტაძარზე ბევრს არაფერს ვიტყვი, ეს საოცრება საკუთარი თვალით უნდა ნახოს კაცმა, ამ ტაძრის აგებით, რომლის კარებზეც “თავისუფალი საქართველო” და გარეთ კედელზე “მოთმინება” აწერია, მამა გაბრიელმა ავტოპორტრეტი დაგვიტოვა.
***
მამა გაბრიელი წმინდა სამების ტაძარში სამი წელი მსახურობდა, 1965 წლამდე. იმავე წლის 1-ელ მაისს, მაშინ, როცა თბილისში მშრომელთა სოლიდარობის დღეს აღნიშნავდნენ, ბერმა გაბრიელმა ლენინის უზარმაზარი პორტრეტი დაწვა და თავის თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თუმცა საქმე ისე გახმაურდა, რომ მისი დახვრეტა ვერ გაბედეს და საგიჟეში გადაიყვანეს. “აღიარე, რომ ეკლესიის დავალებით ჩაიდინე და სიცოცხლეს შეგინარჩუნებთო”. უამრავი ტანჯვა-წამება დაითმინა მამა გაბრიელმა, შვიდ თვეში უფლის ნებით და პატრიარქ ეფრემის დიდი ძალისხმევით ტყვეობიდან განთავისუფლდა. თუმცა მისი წამება ამით არ დასრულებულა, წარამარა მიჰყავდათ ძალოვან ორგანოებში და მერე ნაცემის, ცოცხალმკვდრის წასაყვანად მის ახლობლებს იბარებდნენ.
ციხიდან ახალი გამოსული იყო მამა გაბრიელი, სულის გასამხნევებლად წმინდა ბარბარეს ტაძარს ასუფთავებდა. დაიღალა და ჩასთვლიმა. ამ დროს რამდენჯერმე იქვე მდგომი ჯვარცმიდან ხმა მოესმა: “გძინავს, გაბრიელ, დაიღალე, მე ვტირი შენთვის”. მიხვდა ბერი, საიდანაც მოდიოდა თანამგრძნობი ხმა, ხელებით ჯვარცმას მიენდო და ისინი იესოს პატიოსანი ცრემლით დაენამა.
სალოსობა.
ციხიდან გამოსული გაბრიელ ბერისთვის საბჭოთა ხელისუფლების უმკაცრესი მოთხოვნით ყველა ეკლესიის კარები ჩაიკეტა. სწორედ იმ დროიდან იღებს მამა გაბრიელი სალოსობის უმძიმეს ტვირთს. იგი ხუთი წლის განმავლობაში ზამთარ-ზაფხულ, თოვლში, ყინვაში, ქარში, წვიმაში, მწველ სიცხეში ცხოვრობდა ღია ცისქვეშ – სასაფლაოებს შეფარებული. დადიოდა ფეხშიშველა და გლახაკად ჩაცმული, თავზე რვალის დიადემადადგმული. “როდესაც თავი დიდი ვინმე ან სხვაზე კარგი მეგონა, მაშინ მივმართავდი ამას და როდესაც ხალხი დამცინოდა, ვმდაბლდებოდი და ვხედავდი ჩემს თავს, რა ნაგავიც ვიყავი”, – ასე განმარტავდა შემდგომში მამა გაბრიელი.
თვალსაჩინო რომ გახდეს, თუ რაოდენ სძულდა მამა გაბრიელს ადამიანური პატივი, კიდევ ერთ ფაქტს მოგითხრობთ მამა კირიონის წიგნიდან. მამა გაბრიელის და ჰყვებოდა: “ჩვენ მას ვერ ვუგებდით, ის ბავშვობიდან სხვანაირი ფაქიზი სულის ადამიანი იყო. როდესაც მღვდლად აკურთხეს, ხალხი, როგორც ეს მორწმუნეებმა იციან, თავისებურ პატივს სცემდა. გაბრიელი კი, შინ რომ მოვიდოდა, თავის ეკლესიაში შესული, ხშირად გულსაკლავად ტიროდა. ერთხელ ეკლესიის კარი ღია ჰქონდა და ტირილის ხმა რომ გავიგე, შევედი და შეწუხებულმა ვკითხე: – ვასიკო, ძმაო, რად ტირი ასე, რაიმე ცუდი ხომ არ არის შენს თავს-მეთქი. იცით, რა მიპასუხა: – დაო, ქრისტე ბაგაში იშვა, მე კი ხალხი პატივს მომაგებს და ხელებზე მკოცნისო.
მოკლედ, მამა გაბრიელმა დაუტევა სახლი და სასაფლაოებზე დაიწყო ცხოვრება. “უფალმა სასაფლაოებზე ცხოვრებისას შიში ამხადა, მოყვასო, და მიმახვედრა, რომ ადამიანს ღვთის წინაშე არაფრის არ უნდა ეშინოდეს, ცოდვის გარდა”.
***
შაბათ-კვირაობით ლოცვა-წირვას ესწრებოდა სრული სამონაზვნო შესამოსლით შემოსილი. ხოლო ლოცვის მერე გლახაკის კონკებით მოსილი დადიოდა თბილსის ქუჩებში და ქრისტეს ქადაგებდა. ხანაც მხარზე ძირგავარდნილ კოკას შემოიდგამდა და ქუჩაში მოსიარულე ხალხის გასაგონად ხმამაღლა ამბობდა: – გაიგეთ, ხალხო, უსიყვარულო ადამიანი ამ ძირგავარდნილ კოკას ჰგავს. რაც არ უნდა შთაასხათ მასში, არ დადგება და უკვალოდ გაქრება. ამისთვის შეიყვარეთ უფალი ღმერთი, თორემ უნაყოფო იქნება ცხოვრება თქვენი.
***
“პრაფესორა”.
ასე ეძახდა ბერი გაბრიელი ღვინოს. დღესაც, როცა ამდენი სასწაული მომხდარა მამა გაბრიელის ლოცვით, მავანნი ამ წმინდა მამას კვლავ “ლოთს” ეძახიან და არ სურთ დაიჯერონ, რომ ვითომ სმა ეს მისი კიდევ ერთი სალოსური ნიღაბი იყო.
ხშირად ყოფილა, ალუბლის წვენს სვამდა და ხალხს თავს მთვრალად აჩვენებდა. ერთხელ ერთი ყმაწვილი უცქერდა სამთავროს ეზოში, თავის სენაკის წინ მდგარ ბერ გაბრიელს და გონებაში განიკითხავდა. ბერი ბოთლიდან ღვინოს ისხამდა და ხმამაღლა სადღეგრძელოს თქმით სვამდა. ამ სიტუაციას სხვებიც უცქერდნენ, ზოგი გაიღიმებდა და გზას გააგრძელებდა; ზოგი მაშინვე თვალს არიდებდა. ეს ყმაწვილი კი უძრავად იდგა და არ აშორებდა მზერას. მამა გაბრიელმა მიიხმო, ამ დროს მან თავი ანება სალოსობას და თავისი შინაგანი ნამდვილი სახით შეხედა ახალგაზრდას. ღვინო დაუსხა – შესვიო. ვაჟმა მოსვა და სახე შეეცვალა – წყლით გაზავებული ალუბლის წვენი აღმოჩნდა.
– არავინ განიკითხო დაბადებული ღმრთისა. შენ რომ განგიკითხო და შენზე კარგი რომ მეგონოს თავი, საძაგელი ვიქნები უფლის წინაშე. ეს დაიხსომე, მოყვასო, და მშვიდობით წარვედინ, – დაარიგა ვაჟი მამა გაბრიელმა.
***
ერთხელ ერთმა იერარქმა შეჰბედა: “მამა გაბრიელ, ვიცი, რომ დიდი ხარ, მაგრამ არც ერთ წმინდა მამასთან არ წამიკითხავს, სმა რომ შეიძლებოდესო”. “დაგიმალეს, შვილო, დაგიმალეს, – უთხრა ბერმა, – მაგრამ… შენ ისე არ მოგივიდეს, პირველკლასელი დიპლომიანს ჭკუას ასწავლიდეს”. მაგრამ ვინ გაუგებდა!.. “თქვენ ვერ გამიგებთ მე. თუ წმინდანი ხარ, ცოდვილი უნდა იყო, ხოლო თუ ბრძენი ხარ – სულელიო”, – ამბობდა ხოლმე სიცოცხლის ბოლო წლებში დანანებით.
***
მამა კირიონი წერს: “ადვილი იყო საყურებლად, როდესაც მამა გაბრიელი ყველას სახილველად თითქოსდა სურვილით ეწაფებოდა ღვინოს, მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარად იყო. იგი მასთან მისულ ხალხთან, როდესაც სალოსობის ამ ღვაწლს მიმართავდა, პირმხიარულად იქცეოდა. ქადაგებდა, თან დროგამოშვებით მისთვის სასურველ “ღვინოს” დალევდა. თუ თავისი სენაკის წინ იჯდა, ხალხს აკურთხებდა და სენაკში შევიდოდა. თუ სენაკში მყოფობდა, კურთხევით “მშვიდობით წარვედინ” ყველა მოსულს სენაკს დაატოვებინებდა და მასთან მყოფს დახმარებას გთხოვდა. ერთი წუთის მერე მთვრალი ნამდვილ მადლმოსილ მამად შეიცვლებოდა, დაბალ სკამზე ჩამოჯდებოდა, პირსახოცს მუხლებზე გადაიფენდა, ტაშტს ფეხებთან ახლოს დაგადებინებდა და დალეულ ღვინოს უკან ამოიღებდა. ჩვენთვის ეს იყო საშინელი საყურებელი, ხოლო მისთვის დიდი ტანჯვა. ხანდახან ამის გამო ტკივილისაგან გმინვა ამოხდებოდა და ამიტომ სენაკის კარს დაგახურინებდა, რომ ეს არავის გაეგო. ასევე ჩუმად გადაგაღვრევინებდა ამოღებულ სითხეს, რათა სინამდვილე არ განცხადებულიყო… იყო შემთხვევები, როდესაც ამ საშინელი ტანჯვისაგან საყლაპავ მილზე კაპილარები უწყდებოდა და სისხლის დაკარგვის გამო სიკვდილის ზღვრამდე მიდიოდა. აქ გადაუდებელი აუცილებლობა იყო ექიმის ჩარევა, მაგრამ სინამდვილე მაინც დაფარული რჩებოდა”, – ამას ჰყვება მღვდელმონაზონი კირიონი, რომელიც მამა გაბრიელის სიცოცხლის ბოლო ოთხი წლის მანძილზე თითქმის ყოველდღე ბერის გვერდით იყო სენაკში.
***
ერთხელ მისი მორჩილი, დედა პარასკევა შევედრებია: “მამაო, იქნებ შეეშვათ ამ ღვაწლს, რადგან ამ ტანჯვას დიდხანს ვერ გაუძლებთო”. მცირე ხნის დუმილის შემდგომ მამა გაბრიელს მტკიცედ და ლმობიერად უთქვამს: “არ იცი, დაო, რას ამბობ, განა ჩემზე მეტად ვინმეს სძულს ასე ღვინის სმა?! მაგრამ ასეა საჭირო”.
“ასე იყო საჭირო, რადგან ეს იყო მოღვაწეობის ღვინო. ამ დაბრკოლების ლოდის გარეშე შეუძლებელი იყო დაყენება იმ პატივისა და დიდებისა, რაც მისი საკვირველი მადლმოსილების გამო მცირედ მაინც დაუყენებელი ხდებოდა” (მამა კირიონი). ერთსაც გავიხსენებთ. დედა თებრონია ჰყვებოდა: “ქალაქ ზაგორსკში ვიყავი ჩასული მამა ნაუმთან, სულიერი რჩევის საკითხავად – პირადული იყო. საქართველოში რომ დავბრუნდი, სამთავრო მოვილოცე და მამა გაბრიელსაც შევხვდი, კაკლებთან იჯდა და თავისებურად იქცეოდა. ნასვამიც იყო. მთხოვა, კელიაში წამიყვანეო; ნასვამობის გამო ხელკავით მიმყავდა და კელიას რომ მივუახლოვდით, სახეში შემომხედა და ფხიზელი ხმით მითხრა: “თებრონია, ზაგორსკში რომ არ წასულიყავი, მე ვერ გეტყოდი მაგას?” – და ზუსტად, სიტყვასიტყვით ის გამიმეორა, რაც მამა ნაუმმა მითხრა ზაგორსკში. გაოგნებული დავრჩი, ხელი გამიშვა და კელიაში შევიდა”.
სამთავრომდე.
უკან დავბრუნდეთ. მამა გაბრიელმა, მიუხედავად მოთხოვნისა, თავისი სამლოცველო ეკლესია არ დაანგრია. მთავრობა არ დაცხრა და ულამაზესი შვიდგუმბათიანი ეკლესია თვითონ დაანგრია, გუმბათები მოარღვიეს, სახურავი ახადეს, კედლების დანგრევისთვის დრო არ ეყოთ, რადგან დანგრეული მასალის მანქანაზე შეყრას ვეღარ მოასწრებდნენ. მძღოლს მანქანა 2-3 კილომეტრში მიტოვებულ სკვერში დაუცლია. მამა გაბრიელს კი მეორე დღეს უკლებლივ დაუბრუნებია და ეკლესია-სამლოცველო მალევე აღუდგენია, ოღონდ შვიდის ნაცვლად ერთი გუმბათი დაუდგამს თავზე. ამ ურჩობის გამო მამა გაბრიელი რამდენიმე თვით უზიარებლობითაც კი ყოფილა დასჯილი. მაგრამ, ღვთის ნებით, პატრიარქ ეფრემს სვეტიცხოვლობა დღეს მისთვის ზიარების უფლებაც აღუდგენია და სამთავროს მონასტერში მოძღვრად დაუდგენია. ერთი წლის მერე 1972 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა პატრიარქი ეფრემი და შემდგომ მამა გაბრიელი სამთავროს მონასტრისა და სემინარიის მოძღვრობიდან გაათავისუფლეს… და აი, 1972 წლიდან 1990 წლამდე მამა გაბრიელმა განსაკუთრებული ღვაწლი იტვირთა – იმ დროს დანგრეული თუ დახურული ეკლესია-მონასტრების მოლოცვა (აქვე შევნიშნავთ, რომ მთელი ეს ხანი ის უტაძროდ იყო დარჩენილი). ხან მარტო მიდიოდა, ხანაც მორწმუნეებთან ერთად. როდესაც მიტოვებულ თუ დანგრეულ ეკლესია-მონასტრებში წირვას დააყენებდნენ, ეტყოდა იქ მყოფთ: “გწამდეთ, რომ აქ ჩვენ ჰაერს ფუჭად არ ვარხევთ. მართალია, დღეს ბევრი ეკლესია-მონასტერი დანგრეული და დახურულია, მაგრამ წმინდა ანგელოზი, რომელიც დადგენილია აქ ღმრთის განჩინებით, ხედავს და ისმენს ჩვენს გულმოდგინებასა და სავედრებელს, სიხარულით ააქვს ჩვენი ლოცვა ღმერთთან და შესმენილს ჰყოფს… მოვესწრებით იმას, რომ ეს ეკლესია-მონასტრები აღდგება და ღმრთისმსახურება განახლდება” (ეს იმ დროს წარმოუდგენელი იყო. 1972 წლიდან ვიდრე 1990 წლამდე, სამთავროში საბოლოოდ დამკვიდრებამდე, მამა გაბრიელი თავის ეკლესია-სამლოცველოში ცხოვრობდა.
სამთავროში.
1987 წლიდან მამა გაბრიელმა სამთავროში ე.წ. კაკლოვანში, პატარა ფიცრულში დაიწყო ცხოვრება. ამ ფიცრულს ადრე საქათმედ იყენებდნენ. ამ პერიოდში რამდენიმე დღით დატოვებდა მონასტერს და მერე კვლავ უბრუნდებოდა თავის ფიცრულს. წარმოუდგენელი იყო იქ ზამთარში ცხოვრება, მაგრამ მაინც ცხოვროდა. აკი, დასცინოდნენ კიდეც: “რა ძალა ადგას, მართლა სულელია და არა სალოსი”. 1990 წელს მამა გაბრიელმა დაუტევა სამთავროს მონასტერი და შიომღვიმეში წავიდა, იქ დაყუდება გადაწყვიტა, მაგრამ გამოცხადებით უფლისგან ბრძანება მიიღო: “წადი სამთავროში და ხალხს ემსახურე” და მანაც ხალხის – მოყვასის მიმართ თავდაუზოგავი ღვაწლით აღასრულა ცხოვრება.
მამა გაბრიელის სამთავროში ცხოვრებაზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, წინასწარმეტყველების მადლზე, საოცარ მოღვაწეობაზე, მარხვაზე, ღამისთევებით ლოცვაზე, სასწაულთმოქმედებაზე, რომელსაც სალოსობით მალავდა. “იყო დიდი პერიოდები, როცა აღარ სალოსობდა და თავისი ნამდვილი, შინაგანი სახით იწყებდა ცხოვრებას. ამ დროს ნამდვილად აღარ ჰგავდა ჩვეულებრივ მოკვდავს. ასეთ დროს კელიიდან თითქმის აღარ გამოდიოდა, მოსულს მხოლოდ დალოცავდა და თუკი არაფერს ჰკითხავდნენ, არც თავად იტყოდა სიტყვას” (მამა კირიონი). იგი ბევრს ესაუბრებოდა სულიერ შვილებს, განამხნევებდა, განამზადებდა მომავალი განსაცდელებისთვის. “როგორ მინდა მალე გაიზარდოთო”, – ეუბნებოდა სამთავროელ დედებს.
***
გახსოვთ ალბათ, 1995 წელს სვეტიცხოველში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დიდი კრება ჩატარდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მამა გაბრიელი ამ კრებაზე არ მიუწვევიათ. ღირსმა მამამ თავისი კუბო (რომელიც ორი წლით ადრე თავის მორჩილს მოატანინა) სენაკის წინ დაადგმევინა, შიგ ჩაწვა და ის სამი დღე, რაც კრება ტარდებოდა, იგი სალოსობდა. მაშინ სამთავროს მონასტერში მრავალი სამღვდელო პირი და მორწმუნე მოდიოდა და, როგორც აღნიშნავს მამა კირიონი, მამა გაბრიელიც თითქოს ამ საქციელით მთელ საქართველოს ემშვიდობებოდა, რადგან ამბობდა: “არ გავა დიდი დრო და გაბრიელ ბერს ასე იხილავთ. ყველას სიყვარული მიმაქვს, მართლმადიდებელი ერისა და ყველა დაბადებული ადამიანისა”. მართლაც, თურმე მამა გაბრიელის გარდაცვალებამდე ორმოცი დღეღა ყოფილა დარჩენილი. ეს იყო მისი სალოსობის ბოლო სამი დღე, რადგან აქამდე დიდი ხნის მანძილზე და ამის შემდგომ, ვიდრე გარდაცვალებამდე, მამა გაბრიელს აღარ უსალოსია.
***
“ეჰ, ნეტავი იმ დროს… მე მაშინ ქრისტეს ვსწავლობდი”, – უთქვამს მამა გაბრიელს, როცა თავის გარდასულ ცხოვრებას იხსენებდა.
მრავალგზის უნახავთ სამთავროელ დედებს და სხვათაც თოვლსა და ყინვაში ფეხშიშველა, ყინვისაგან ფეხებზე კანდახეთქილი, დაწყლულებული. როცა ჰკითხეს, ასე რატომ წირავ თავსო, – ჩემი ქვეყნისთვის ვლოცულობო. მაშინაც კი, სიცოცხლის ბოლოს, როცა ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა, მცირე განძრევაც კი საშინელ ტკივილს ჰგვრიდა, მაინც ჩააყვანინა ტაძარში თავი და სამთავროს ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაჩოქილი, ცრემლით შეევედრა: “დედაო ღმრთისაო, ცისა და ქვეყნის დედუფალო მარიამ, გევედრები, დაიფარე შენი წილხვდომილი ერი დაღუპვისაგან. მე შემიწირე, ოღონდ საქართველო გადაარჩინე”. აუსრულა ვედრება უფლის დედამ და 1995 წლის 2 ნოემბერს ღმრთივ შეისვენა ღირსმა გაბრიელმა
წმინდა გაბრიელის კანონიზაცია
20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით წმინდანად შეირაცხა არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე), ეწოდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი და მისი ხსენების დღედ გარდაცვალების დღე, 2 ნოემბერი, დაწესდა.
მის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება აღსრულდა 2014 წლის 9 თებერვალს. აი, რა ბრძანა ამ საკვირველ დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ:
– “ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის ბედნიერება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ძალიან ხშირად ადამიანები, მორწმუნენი და ურწმუნოები კითხულობენ იმას, თუ რა არის ბედნიერება.
“აი დღეს რაც ხდება საქართველოში, ეს არის ბედნიერება. ეს არის ერისა და ქვეყნის გაბრწყინება, ეს არის სულიწმიდის მოსვლა, ჩვენი ფერისცვალება, ეს არის ის მდგომარეობა, როცა კეთილი მეფობს, როცა ბოროტება განიდევნება. ეს არის შენდობა, ურთიერთსიყვარული, ეს ყველაფერი არის ბედნიერება, გაბრწყინება”, – ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქის განცხადებით, ეს ყველაფერი მოიტანა ბერმა გაბრიელმა.
“ჩვენ ვმადლობთ უფალს და მამა გაბრიელს დიდი წყალობისთვის. ეს არის ნიშანი საქართველოს გადარჩენისა, ბედნიერი მომავლისა, დღეს მთელ საქართველოს ლოცავს მამა გაბრიელი. ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეებს. დღეს მიწიერი და ზეციერი საქართველო გამთლიანდა ამ ზეიმში.”
ტროპარი
ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი
მიუწვდომელ არს მოწყალებაჲ მისი, რომლისა მადლითა ქმნულებაჲ განღმრთობილ ვიხილეთ, რომელმან შემოქმედისა ხატებაჲ განიმტკიცა, აღიყვანა რა მსგავსებად ღმრთისა ბუნებაჲ თვისი, ამისთვის გადიდებთ მამაო გაბრიელ ქებისა ღირსო, რომელი ქვეყანასა იყავ საყვირად სიმართლისა, მტრედად სიწმიდისა და მცხოვრები საკვირველითა სიმდაბლითა აჟღერებდი ჩანგსა სიბრძნისასა და ორღანსა სიყვარულისასა, ხოლო აწ ცათა შინა ხარ მეოხი ჩვენისა ცხოვრებისა და შუამდგომელ მადლისა ღმრთისა.
