„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3).
ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).
ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-4 შვიდეული
20.03.2026. პარასკევი
მღვდელმოწამეთა ქერსონელ ეპისკოპოსთა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ესთერისა, ელპიდიოსისა და აგათოდორესი (IV); ღირსისა პავლესი (IV); წმ. პავლე აღმსარებელისა, პრუსიადელი ეპისკოპოსისა (IX); ღირსისა ემელიანე იტალიელისა.
დღის ლოცვები
ნათლით შემოსილი დღე ბრწყინვალედ აღმობრწყინდა მწყემსთა ქერსონეს შინა მღდელმთავრობით ცხორებულთა, რომელთა დღესასწაულსა უგალობთ, რამეთუ ივნეს სამწყსოსათვის ქრისტესისა და ვედრებით უღაღადებთ: მღდელმოწამენო, ევედრენით მწყემსთმთავართა თავსა ქრისტესა, რაითა ჩუენცა მარჯვენეთა ცხოვართა თანა დგომას ღირს გუყვნეს, რაითა გიგალობდეთ თქუენ: გიხაროდენ, მამანო, მღდელთმთავარნო, ქრისტესთვის სისხლთა თქუენთა დამთხეველნო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია პირველშეწირულისა.
VI ჟამზე: ეს. 29: 13-23
13. თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება, 14. ამიტომ, აჰა, საკვირველს რასმე მოვახდენ ამ ხალხზე, გასაოცარს და საკვირველს; დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და მათ გონიერთა გონიერება უჩინო იქნება. 15. ვაი მათ, ვინც ღრმად მალავენ უფლისაგან თავიანთ ზრახვებს და ბნელში აქვთ თავიანთი საქმეები, და ამბობენ: ვინ არის ჩვენი დამნახველი, ვინ არის ჩვენი მცნობელი? 16. თქვე უკუღმართებო! თუ შერაცხილა თიხა მექოთნის სწორად? თუ უთქვამს შექმნილს შემქმნელისთვის, რად შეგიქმნივარო? თუ უთქვამს ნასახს დამსახველისთვის, გაგება არ გაქვსო? 17. ცოტაც, სულ ცოტაც და გადაიქცევა ლიბანი ხოდაბუნად და ხოდაბუნი მაღნარად შეირაცხება. 18. გაიგონებენ იმ დღეს ყრუები წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები ბნელიდან და უკუნიდან გამოიხედავენ. 19. ბედშავს მოემატება სიხარული უფალში და ღარიბ-ღატაკნი ისრაელის წმიდაში გაიხარებენ. 20. რადგან აღარ იქნება მტარვალი და ბოლო მოეღება მაგინებელს, ამოწყდებიან ერთიანად ბოროტ საქმეზე მღვიძარენი; 21. რომლებიც სიტყვით აცთუნებენ ადამიანს, მახეს უგებენ კარიბჭესთან მომჩივანს და არაფრის გულისთვის აძევებენ მართალს. 22. ამიტომ ასე ეუბნება უფალი იაკობის სახლს, აბრაამის გამომსყიდველი: ამიერიდან არ იქნება შერცხვენილი იაკობი, ამიერიდან არ გაუფითრდება სახე. 23. რადგან როცა დაინახავს თავის მონაგარს, ჩემს ხელთა ქმნილებას, თავის წიაღში, წმიდაყოფენ ჩემს სახელს, წმიდაყოფენ იაკობის წმიდას და ისრაელის ღვთის შიში ექნებათ.
მწუხრზე: დაბ. 12: 1-7
1. უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. 2. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. 3. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა. 4. წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა; წავიდა მასთან ერთად ლოტი. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა. 5. თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში. 6. გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში. 7. გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა.
მწუხრზე: დაბ. იგავ. 14: 15-26
15. სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება. 16. ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული. 17. ფიცხი კაცი სიბრიყვეს სჩადის, ავისმზრახველი კი საძულველია. 18. სულელნი სიბრიყვეს იმკვიდრებენ, გონიერნი კი ცოდნით არიან დაგვირგვინებულნი. 19. უკეთურნი ქედს მოიხრიან კეთილთა წინ, ბოროტეულნი კი – მართლის კარიბჭეებთან. 20. ბეჩავი კაცი ახლობლისთვისაც კი საძულველია, მდიდარს კი ბევრი მოყვარე ჰყავს. 21. თავისი ახლობლის მოძულე ცოდვილია, ღარიბ-ღატაკთა მწყალობელი კი ნეტარია. 22. ხომ არეული აქვთ გზა-კვალი ავისმზრახველთ? კეთილისმზრახველთ კი მადლი და ჭეშმარიტება ახლავთ. 23. ყველა საქმეში გამორჩენაა, ლიტონ სიტყვებს კი ზარალი მოაქვს. 24. ბრძენკაცთა გვირგვინი მათი დოვლათია, უგნურთა სიბრიყვე კი სიბრიყვეა. 25. ჭეშმარიტი მოწმე სულთა მხსნელია, ცრუ კაცი კი ტყუილებს აფრქვევს. 26. უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილები თავშესაფარს ჰპოვებენ.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე (IV)
წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე (IV) ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.თავრიდის (ყირიმის) პირველი განმანათლებელი წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) იყო. აქ ქრისტიანობის შემდგომ გავრცელებას თვით მტრები უწყობდნენ ხელს: რომის იმპერატორები ამ კუთხეში ასახლებდნენ სახელმწიფო დამნაშავეებს, რომელთა რიცხვში I-III საუკუნეებში ქრისტიანებსაც თვლიდნენ. ტრაიანეს მმართველობის დროს (89-117) ინკერმანის ქვის სამტეხლოებში გადაასახლეს წმიდა კლიმენტი რომაელი (ხს. 25 ნოემბერს). მან აქ გააგრძელა თავისი ქადაგება და აქვე აღესრულა მოწამეობრივად.
IV ს-ის დასაწყისში ხერსონესში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა. დიოკლეტიანეს მეფობის დროს (284-305), 300 წელს, იერუსალიმის პატრიარქმა ერთმონმა სახარების საქადაგებლად მსოფლიოს ყველა მხარეში გაგზავნა ეპისკოპოსები. ორი მათგანი, ეფრემი და ბასილი, ხერსონესში ჩამოვიდა. შემდგომ ეფრემი დუნაის გასწვრივ მცხოვრებ ხალხთან გაემგზავრა, სადაც ქრისტეს ქადაგებისათვის ბევრი ტანჯვა და დამცირება დაითმინა. დევნის დაწყებისთანავე წმიდა ეფრემს თავი მოჰკვეთეს (ზუსტად ცნობილია მხოლოდ მისი გარდაცვალების დღე – 7 მარტი), წმიდა ბასილიმ მრავალი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, რამაც წარმართთა გულისწყრომა გამოიწვია. წმიდა აღმსარებელი დაიჭირეს, უმოწყალოდ სცემეს და ქალაქიდან გააძევეს. წმიდა ბასილიმ მთებს მიაშურა და გამოქვაბულს შეაფარა თავი. ის დაუცხომლად ლოცულობდა ხერსონელების მოქცევისათვის. უფალმა ურწმუნოებს სასწაული მოუვლინა: წმიდანის ლოცვით გაცოცხლდა ცნობილი ხერსონელი მოქალაქის ერთადერთი შვილი. წმიდანი პატივით დააბრუნეს ქალაქში, ბევრმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა.
მალე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) ბრძანებით, ქრისტიანთა დევნა განახლდა. ქრისტეს მტრები წმიდა ბასილის წინააღმდეგაც აღიჭურვნენ. 309 წლის 7 მარტს, ღამით, სახლში მიუვარდნენ, შებოჭეს და ქვებით ჩაქოლეს. წმიდანის გვამი ქალაქგარეთ დააგდეს ნადირთა და ფრინველთა საჯიჯგნად, მაგრამ კარგა ხნის მანძილზე წმიდა ნაწილებს არაფერი მიკარებია. შემდგომ ქრისტიანებმა იგი საიდუმლოდ დაფლეს გამოქვაბულში.
ერთი წლის შემდეგ წმიდა ბასილის თანამოღვაწეებმა – ეპისკოპოსებმა ევგენიმ, ელპიდიმ და აღათოდორემ მისი აღსასრულის ამბავი გაიგეს, დატოვეს ჰელესპონტის ქვეყანა, სადაც ქადაგებდნენ, ხერსონესში ჩამოვიდნენ, მრავალი იღვაწეს, ბოლოს კი წინამორბედების ბედი გაიზიარეს: 311 წლის 7 მარტს გაცოფებულმა წარმართებმა ისინი ქვებით ჩაქოლეს.
რამოდენიმე წლის შემდეგ, უკვე წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) დროს, იერუსალიმიდან ხერსონესში ჩამოვიდა ეპისკოპოსი ეთერიოსი. თავიდან მასაც დიდი წინააღმდეგობები შეხვდა წარმართთა მხრიდან, მაგრამ შემდეგ წმიდა იმპერატორმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხერსონელ ქრისტიანებს თავისუფლად შეეძლოთ ღვთისმსახურების ჩატარება. წმიდა ეთერიოსის ძალისხმევით ქალაქში ქრისტიანული ტაძარი აშენდა.
იმპერატორის წინაშე მადლიერების გამოსახატავად წმიდა ეთერიოსი კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას ის ცუდად გახდა და გარდაიცვალა კურძულ ამოსზე, საბერძნეთში, 7 მარტს.
წმიდა ეთერიოსის ნაცვლად იმპერატორმა ხერსონესში გამოგზავნა ეპისკოპოსი კაპიტონი. ქრისტიანები სიხარულით შეხვდნენ მას, წარმართებმა კი სასწაულის ქმნა მოსთხოვეს. უფლის ნებას მინდობილი კაპიტონი მღვდელმთავრის შესამოსელში აგიზგიზებულ კოცონზე დადგა და დიდხანს ლოცულობდა, შემდეგ კი ფილონის კალთით გახურებული ნაკვერჩხლები გამოიტანა. სასწაულით გაოგნებულმა წარმართებმა ირწმუნეს უფლის ყოვლისშემძლეობა. ამ სასწაულსა და წმიდა კაპიტონის უსაზღვრო რწმენაზე ეუწყათ წმიდა კონსტანტინესა და ნიკეის I მსოფლიო კრების (325 წ.) მონაწილე მამებს. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდა კაპიტონი ეპარქიის საქმეებზე კონსტანტინეპოლში გაემგზავრა. ქარიშხალმა ხომალდი დუნაის ნაპირებზე გამორიყა. ადგილობრივმა წარმართმა მცხოვრებლებმა ხომალდი ხელთ იგდეს და ყველა მგზავრი დაახრჩვეს, მათ შორის წმიდა კაპიტონიც. ეს მოხდა 21 დეკემბერს. წმიდა კაპიტონის ხსენება დაწესდა 7 მარტს, სხვა ხერსონელი მღვდელმთავრების ხსენების დღეს.
მღვდელმოწამეთა ქადაგებამ განამტკიცა ქრისტეს სარწმუნოება ხერსონესში. ის იქცა სულიერ ცენტრად, საიდანაც ქრისტიანობა ვრცელდებოდა ჩრდილოეთით, რუსეთისაკენ.
987 წელს ხერსონესში მოინათლა წმიდა მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმერი. ეს ქალაქი რუსეთისთვის ქრისტიანობის აკვნად იქცა.
ღირსი პავლე (IV)
ღირსი პავლე (IV) უბრალოებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. როცა მეუღლის ღალატის ამბავი გაიგო, სახლი დატოვა და უდაბნოში წავიდა წმიდა ანტონ დიდთან (ხს. 17 იანვარს). ამ დროს პავლე უკვე 60 წლის იყო და წმიდა ანტონმა არ მიიღო, რადგან მძიმე განმარტოებული ცხოვრებისათვის სუსტად ჩათვალა. სამი დღის ვედრების შემდეგ წმიდა ანტონმა მორჩილება დაუწესა პავლეს. დიდხანს ცდიდა მძიმე შრომით, მარხვით, ღამისთევით, ფსალმუნთა მოუკლებელი გალობითა და მეტანიებით. ამგვარი გამოცდის შემდეგ კი ნება დართო განმარტოებულ კელიაში დასახლებულიყო.მრავალწლიანი ღვაწლისთვის პავლეს უფლისაგან წინასწარჭვრეტისა და ბოროტ სულთა განსხმის ძალა მიენიჭა.
წმიდა პავლე აღმსარებელი (IX)
წმიდა პავლე აღმსარებელი (IX) პრუსაიდის (მცირე აზია) ეპარქიას მართავდა ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების პერიოდში. წმიდა პავლე წმიდა თეოფილაქტესთან (ხს. 8 მარტს) ერთად მხნედ დადგა სიწმიდეთა დასაცავად, დაითმინა მრავალი ტანჯვა და დევნა; გარდაიცვალა დაახლოებით 850 წელს. ღირსი ემელიანე
ღირსი ემელიანე რომაელი იყო. ის სიბერემდე ცოდვებში ცხოვრობდა. ბოლოს მონანული მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. ღირსი ემილიანე გამოირჩეოდა უდრტვინველი მორჩილებით და მკაცრი მარხულობით. ღამ-ღამობით საიდუმლოდ მიდიოდა შორიახლო მდებარე გამოქვაბულში და მხურვალედ ლოცულობდა. ერთხელ იღუმენი ჩუმად გაჰყვა ბერს და ნახა, რომ იგი სინანულის ცრემლებით ალტობდა მიწას. უცებ ზეციდან გაისმა ხმა: „ემილიანე მოგეტევოს ცოდვანი შენნი“. ნანახით შეძრულმა იღუმენმა საცისკრო მსახურების შემდეგ ემილიანეს სთხოვა, ძმებისათვის გაენდო თავისი საიდუმლო. წმიდანმაც მოუთხრო სულიერ ძმებს ღვთის უსაზღვრო სახიერების შესახებ. იღუმენმა ბერებს უთხრა: „უფალს შეეძლო ემილიანესათვის ცოდვები გამოცხადების გარეშეც მიეტევებინა. მან თავისი ნება ხმით და ნათლით იმიტომ გააცხადა, რომ ჩვენც გვენახა ღვთის უსაზღვრო სიკეთე და სიყვარული წრფელად მონანულთა მიმართ“.ღირსმა ემილიანემ სიცოცხლის დარჩენილი წლები სულიერ სიხარულში გალია და მშვიდობით მიისვენა.