20.04.2026. აღდგომიდან მე-2 შვიდეული. ორშაბათი

20.04.2026. აღდგომიდან მე-2 შვიდეული. ორშაბათი

     … თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).

     ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

აღდგომიდან მე-2 შვიდეული. ორშაბათი
20.04.2026 მსგეფსი

ღირსისა გიორგი აღმსარებელისა, მიტილენელ მიტროპოლიტისა (820); მოწამისა კალიოპესი (304); მოწამეთა: რუფინე დიაკონისა, აკვილინასი და მათ თანა 200-თა მხედართა (310); ღირსისა სერაპიონ მონაზონისა.

დღის ლოცვები
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

 

საქმ. 3: 19-26 (დას. 9). ინ. 2: 1-11 (დას. 6).

საქმ. 3: 19-26 

19. მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები, 20. მოიწიოს ჟამი სულის მოთქმისა უფლის პირისგან და მოგივლინოთ თქვენთვის წინასწარ აღთქმული იესო ქრისტე, 21. რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით. 22. რადგანაც მოსემ თქვა: „უფალი ღმერთი ჩემნაირ წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენი ძმებიდან; ყურად იღეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით. 23. და იქნება ასე: ყოველი სული, რომელიც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, ამოიძირკვება ხალხიდან“. 24. ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან მოყოლებული, ასევე გვაუწყებდა ამ დღეებს. 25. თქვენა ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, ღმერთმა რომ აღუთქვა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: „შენი თესლით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი“. 26. თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თვითეული თქვენგანი.

ინ. 2: 1-11 

1. მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეას კანაში, და იყო იქ იესოს დედა. 2. იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში. 3. და რაკი ღვინო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო არა აქვთ. 4. ხოლო იესომ მიუგო: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი. 5. დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო. 6. იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო. 7. უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე. 8. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს. 9. როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს. 10. და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს. 11. ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა დიდება თვისი. და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა.

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                      (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე კალიოპე (+304) – დაიბადა პამფილიის ქალაქ პერღამში. მისი მამა ცნობილი სენატორი იყო. დედა კი – ღვთისმოსავი ქალი თეოკლია. თეოკლიას დიდხანს არ ჰყავდა შვილი და მხურვალე ლოცვებით ევედრებოდა უფალს მემკვიდრის მონიჭებას. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ძე უბოძა, მაგრამ ძის დაბადების შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა. დაქვრივებულმა თეოკლიამ შვილი ქრისტიანულად აღზარდა.
მალე დაიწყო ქრისტიანთა სასტიკი დევნა. თეოკლიამ გაიგო, რომ მისი შვილიც დაბეზღებული იყო წარმართებთან და კილიკიაში გაგზავნა. როდესაც წმიდანი კილიკიაში ჩავიდა, ქალაქში წარმართულ დღესასწაულს ზეიმობდნენ. ჭაბუკს შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღო ნადიმში. წმიდა კალიოპემ უარი განაცხადა და აშკარად აღიარა ქრისტე. ქალაქის მმართველმა მაქსიმმა კალიოპეს აღუთქვა, რომ თავის ასულს მისცემდა ცოლად, თუ კერპებს მსხვერპლს შესწირავდა. უარის მიღების შემდეგ მაქსიმმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ჭაბუკი. წმიდანი ხარის გამხმარი ძარღვებით ცემეს, შემდეგ რკინის ბორბალზე გადააკრეს და ნელ ცეცხლში დაუწყეს წვა, ბოლოს ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს.
როდესაც თეოკლიამ შვილის ამბავი გაიგო, ანდერძი დატოვა, მონები გაანთავისუფლა, ქონება გლახაკებს დაურიგა და შვილთან წავიდა საპყრობილეში, დარაჯებს ფული მისცა, საკანში შევიდა და გაამხნევა შვილი.
მეორე დღეს მაქსიმმა ბრძანა, ჯვარზე გაეკრათ ჭაბუკი. დასჯის დღე დაემთხვა დიდ ხუთშაბათს.
თეოკლიამ დარაჯებს სთხოვა, თავდაღმა მიელურსმნათ შვილი ჯვარზე, რადგან მას მაცხოვრის მსგავსად აღსრულების ღირსად არ თვლიდა. მისი თხოვნა შეასრულეს. წმიდა მოწამე დიდ პარასკევამდე ჯვარზე ეკიდა და გარდაიცვალა მაცხოვრის ჯვარცმის დღეს.
ჯვრიდან გარდამოხსნილი შვილის ცხედარი დედამ გულში ჩაიკრა, მაცხოვარს მადლობა შესწირა და თვითონაც უფალს მიაბარა სული. ქრისტიანებმა დედა-შვილის ცხედრები ერთად დამარხეს. 
წმიდა მოწამენი რუთინა დიაკონი, აკვილინა და მათთან 200 მხედარი აღესრულნენ 310 წელს ქალაქ სინოპში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს. როდესაც წმიდა რუთინა დიაკონი შეიპყრეს, წმიდა აკვილინა ზრუნავდა მასზე. ამიტომ ისიც საპყრობილეში ჩააგდეს. ციხეში ყოფნისას მოწამეებმა თავიანთი სასწაულებით მოაქციეს 200 მხედარი, რომლებმაც მათთან ერთად დაითმინეს სიკვდილი ქრისტესთვის: წმიდანებს თავი მოჰკვეთეს.
ღირსი გიორგი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი (IX) – სიყრმიდან მონაზვნურად ცხოვრობდა. ლეონ ისავრიელის მეფობის (716-741) დროს მან დაითმინა დევნა ხატმბრძოლთაგან და აღმსარებლის სახელი მიიღო.
კონსტანტინე პორფიროგენეტის (780-797) ზეობის წლებში წმიდა გიორგის ხელი დაასხეს ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად კუნძულ ლესბოსზე. წმიდა გიორგის ცხოვრება გაბრწყინებული იყო უბიწოებით, სიწმიდით და ანგელოზთა ცხოვრებას ემსგავსებოდა. 815 წელს, ლეონ სომეხის (813-820) დროს, მოხუცი ეპისკოპოსი ხატმბრძოლებმა განდევნეს კათედრიდან და გადაასახლეს ხერსონესში, სადაც გარდაიცვალა 820 წლის შემდეგ. მისი გარდაცვალების დროს მელიტინის ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა.