20.06.2026. მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

20.06.2026. მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

     …მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“. (ღირსი ისააკ ასური).

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრ. 6: 1-3).

     …თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში (2 კორ. 11: 19-20).

     …ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს (ებრ. 13: 16).

     …ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს (იაკ. 4: 17).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

20.06.2026. ხსნილი თევზით 

მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა (303); მოწამეთა: ვალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა (284-305); მღვდელმოწამისა მარკელე რომის პაპისა, და მოწამეთა: კლავდისა, კვირინესი და ანტონინესი (304); მოწამეთა: სისინი და კვირიკე დიაკონთა, სმარაგდისა, ლარგისა, აპრონიანესი, სატურნინესი, პაპიუსისა და მავროს მხედართა და კრისკენტიანესი, მოწამე დედათა: პრისკილასი, ლუკიანასი და არტემიასი, მეფის ასულისა (304310); ღირსთა: ანთიმოს ხუცისა და სტეფანესი.

დღის ლოცვები

მოწამე თეოდოტე ანკვირელის კონდაკი:
ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინნი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვინაცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

რომ. 3: 28-4: 3 (დას. 85). მთ. 7: 24-8: 4 (დას. 24).

რომ. 3: 28-4: 3 

28. რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად. 29. ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც. 30. რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი – რწმენით. 31. მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას. 

1. რას ვიტყვით, განა აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა, ხორციელად შეიძინა რამე? 2. თუ აბრაამი საქმეთაგან გამართლდა, დიახაც აქვს სასიქადულო, მაგრამ არა ღვთის წინაშე. 3. ვინაიდან რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ“.

მთ. 7: 24-8: 4 

24. ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი. 25. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. 26. და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი. 27. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი. 28. და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება. 29. ვინაიდან ის ასწავლიდა მათ როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მათი მწიგნობარნი. 

1. როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი. 2. და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. 3. გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისგან. 4. და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                        (1 ინ. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი (+303)
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით. იგი თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც. წმიდა თეოდოტე სატუსაღოებში აკითხავდა ქრისტეს აღსარებისთვის პყრობილებს, გამოისყიდდა მათ და პატივით მარხავდა მხეცთა საჯიჯგნად მიმოფანტულ მოწამეთა გვამებს. ერთხელ წმიდანმა შვიდი ქალწულმოწამის ცხედარი ამოასვენა ზღვიდან და დაფლა. როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, თეოდოტე შეიპყრეს. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაზე, წარმართთა სარწმუნოების ამაოება ამხილა და აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი სასტიკად აწამეს და მახვილით მოკლეს (+303). მტარვალებს წმიდა მოწამის ცხედრის დაწვა სურდათ, მაგრამ უეცრად ქარიშხალი ამოვარდა და ცეცხლი ვერ დაანთეს. ქრისტეს მარტვილი ქრისტიანული წესით მიაბარეს მიწას. 
წმიდა მოწამენი: კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
წმიდა მოწამენი კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. წმიდანები მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს ქრისტიანთა დევნის შეწყვეტას და მთელი ქვეყნიერების ქრისტეს ნათლით განათლებას. მმართველმა თავისთან უხმო ქრისტეს სასძლოებს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, რასაც მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების მხნე აღსარებით უპასუხეს. ამისათვის წმიდანები შეიპყრეს და წამებით მოკლეს. 
მღვდელმოწამე მარკელინი, რომის პაპი და მოწამენი კლავდიუსი, კირინი და ანტონინე (+304)
მღვდელმოწამე მარკელინი, რომის პაპი და მასთან ერთად წმიდა მოწამენი: კლავდიუსი, კირინი და ანტონინე. იმპერატორების – დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს რომის პაპი იყო წმიდა მარკელინი. ღვთისმოძულე იმპერატორები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს: ერთი თვის განმავლობაში 17000-მდე ადამიანი ეწამა. შეიპყრეს პაპი მარკელინიც. წამების შიშით მან საკმეველი უკმია და მსხვერპლი შესწირა კერპებს. ამის შემდეგ იმპერატორმა მეგობრად მიიღო იგი და ძვირფასი სამოსით შემოსა. მარკელინს სინდისი ქეჯნიდა – სიტყვით ქრისტესთვის სატანჯველთა დათმენისკენ მოუწოდებდა სამწყსოს, საქმით კი სულმდაბლობის მაგალითი აჩვენა.
ამ დროს ქალაქ სინუისში (კამპანია) 180 ეპისკოპოსისა და ხუცესისგან შემდგარი კრება მიმდინარეობდა. ჯვალოთი მოსილი, თავზე ნაცარდაყრილი პაპი მარკელინი გამოცხადდა კრების სხდომაზე და ითხოვა, განესაჯათ იგი. კრების მამებმა უთხრეს: „თავად განსაჯე საკუთარი თავი. შენი ბაგეებიდან გამოსულმა სიტყვებმა შეგბილწეს და იმავე ბაგეებით წარმოთქმულმა სიტყვებმა განგწმიდოს. პეტრე მოციქულიც შიშის გამო განუდგა ქრისტეს, მაგრამ სინანულის ცრემლებით განბანილი კვლავ სათნოეყო უფალს“.
მაშინ მარკელინმა ასეთი სასჯელი დაიდო: „დაე, განვიკვეთო სამღვდელო მადლისგან მე უღირსი, სიკვდილის შემდეგ ჩემი ცხედარი არ დაიკრძალოს და ძაღლებს მიუგდეთ დასაგლეჯად. წყეულიმც იყოს ის, ვინც მოისურვებს მის დამარხვას!“
რომში დაბრუნებული მარკელინი იმპერატორთან გამოცხადდა, ფერხთით მიუგდო მისი ნაბოძები სამოსელი და უთხრა, მწარედ ვნანობო ქრისტესგან განდგომას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ და შემდეგ სიკვდილით დაესაჯათ წმიდანი.
სატანჯველთაგან მოუძლურებულმა მღვდელმთავარმა მხურვალე ლოცვებით ჰხადა მონანულთა შემწყნარებელ უფალს, შემდეგ კი მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს. მასთან ერთად მოწამეობრივად აღესრულნენ კლავდიუსი, კირონი და ანტონინე (+304).
წმიდა მარკელინის ცხედარი 36 დღე სრულიად უპატრონოდ იყო გარეთ. ახალარჩეულ პაპს, მარკელს წმიდა მოციქული პეტრე გამოეცხადა და უთხრა: „რატომ არ მარხავ მარკელინის გვამს?“ „მეშინია მისი შეჩვენებისა!“ – უპასუხა წმიდა მარკელმა. მოციქულმა პეტრემ ახლად არჩეულ პაპს წმიდანის პატივით დაკრძალვა უბრძანა.
პაპმა მარკელმა მარკელინის წმიდა ნაწილები პატივით დაფლა დიდგვაროვანი რომაელი ქალის, პრისკილას მიერ წმიდა მოწამეთა დასაკრძალად შემზადებულ აკლდამაში, სალარის გზის მახლობლად.

 

მღვდელმოწამე მარკელი, რომის პაპი და მასთან ერთად მოწამენი: სისინი, კვირიკე დიაკონი, სამარაგდი, ლარგოსი, აპრონიანე, სატურნინი, პაპაუსი, მავრი, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია (IV)

მღვდელმოწამე მარკელი, რომის პაპი და მასთან ერთად წმიდა მოწამენი: სისინი და კვირიკე დიაკონი, სამარაგდი, ლაგოსი, აპრონიანე, სატურნინი, პაპიუსი, მავრი, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია ეწამნენ რომში დიოკლეტიანეს, მაქსიმიანეს (284-305) და მათი მემკვიდრეების – გალერიუსისა (305-311) და მაქსენტიუსის (305-312) დროს. რომის დასავლეთი ნაწილის მმართველმა მაქსიმიანემ სამხედრო პატივი აჰყარა ყველა ქრისტიანს და კატორღაში გაგზავნა. მდიდარი ქრისტიანი ფარასონი ქრისტიანების – სისინის, კვირიკეს, სამარაგდისა და ლარგუსის ხელით საჭმელსა და ტანსაცმელს უგზავნიდა პყრობილებს. როცა ამის შესახებ შეიტყო, პაპმა მარკელმა ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა ფარასონს, სისინი და კვირიკე კი დიაკვნებად აკურთხა. მალე ტყვეებთან მისული წმიდანები შეიპყრეს და მათაც სხვა ქრისტიანების ხვედრი გაიზიარეს. სისინი და კვირიაკე თავიანთ სამუშაოსთან ერთად მოხუცებულობისგან დაუძლურებული სატურნინის ნორმასაც ასრულებდნენ. როცა ეს გაცხადდა, მაქსიმიანემ სისინი საწამებლად გადასცა ოლქის მმართველ ლავდიკიუსს. წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილის მცველმა აპრონიანემ, როცა მისი ზეციური ნათლით გაბრწყინებული სახე იხილა, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა, შემდეგ წმიდანთან ერთად პაპ მარკელთან მივიდა, მირონი იცხო და მისივე ხელით ეზიარა. იმავე დღეს, 7 ივნისს, სისინი და სატურნინი აპრონიანეს თანხლებით ლავდიკიუსის წინაშე წარდგნენ. აპრონიანეს მაშინვე მოჰკვეთეს თავი, სისინი და სატურნინი კი საპყრობილეში ჩააგდეს. ლავდიკიუსმა ბრძანა, წარმართულ ტაძარში მიეყვანათ ისინი მსხვერპლშეწირვის წესის აღსასრულებლად. სატურნინმა თქვა: „დაე, ფერფლად აქციოს უფალმა წარმართული ბომონები!“ იმავ წამს კერპების წინ მდგარი სამფეხები, რომლებზეც საკმეველი იკმეოდა ცრუ-ღმერთების პატივად, გალღვა. ამ სასწაულის მხილველმა მეომრებმა პაპიუსმა და მავრიმ აღიარეს ქრისტე. ხანგრძლივი წამების შემდეგ სისინსა და სატურნინს თავები მოჰკვეთეს, პაპიუსი და მავრი კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნათლისღების მადლის მონიჭებას. ყოვლადსახიერი ღვთის შემწეობით აღმსარებლებმა შეძლეს შეუმჩნევლად დაეტოვებინათ სატუსაღო, მარკელის ხელით მონათლულიყვნენ და უკანვე დაბრუნებულიყვნენ.
სამსჯავროზე მათ კვლავ აღიარეს ქრისტიანობა, რის გამოც საშინელ სატანჯველში ამოხადეს სული. მათი წმიდა ნაწილები მღვდლებმა, იოანემ და ფარასონმა მიაბარეს მიწას.
წმიდანებს – კვირიკეს, სამარაგდს, ლარგიუსს და სხვა ტყვე ქრისტიანებს კვლავ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებდნენ.
ამ დროს დიოკლეტიანეს უმცროსი ქალიშვილი არტემია ბოროტი სულისგან იტანჯებოდა. როცა იმპერატორმა შეიტყო, რომ ტყვე კვირიკე სნეულებებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა, სამეფო კარზე მოუწოდა მას. წმიდანმა განკურნა, შემდეგ კი მონათლა ასული. დიოკლეტიანემ მადლიერების ნიშნად თავისუფლება მიანიჭა კვირიკეს, სამარაგდსა და ლარგიუსს. მოკლე ხანში მან კვირიკე სპარსეთში გაგზავნა სპარსეთის მეფის ასულის განსაკურნებლად. რომისკენ მობრუნებული წმიდანი ახალი იმპერატორის, გადამდგარი დიოკლეტიანეს სიძის, გალერიუსის ბრძანებით შეიპყრეს. მეფის ასულის, არტემიას გაქრისტიანების გამო გაცეცხლებამდე განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ბრბოს დასაცინად და აბუჩად ასაგდებად თავისი ეტლის უკან ეტარებინათ გაშიშვლებული და შებორკილი კვირიკე.
პაპმა მარკელმა სახალხოდ ამხილა გალერიუსი უდანაშაულო ქრისტიანების მხეცურ ტანჯვაში, რისთვისაც საპყრობილეში ჩასვეს. წმიდანები: კვირიკე, სამარაგდი, ლარგიუსი და კიდევ ერთი ტყვე, კრისკენტიანე, წამებით მოკლეს. საპყრობილეში სიკვდილით დასაჯეს წმიდა კვირიკესთან ერთად გამომწყვდეული მეფის ასული არტემია და სხვა 21 პყრობილი.
რომაელმა ღვთისმსახურმა პაპი მარკელი საპყრობილიდან გააპარა. მან კვირიკეს, სამარაგდისა და ლარგიუსის ცხედრები ქრისტიანი ქალების, პრისკილასა და ლუკინას მამულში გადაასვენა, ლუკიანას სახლი კი ტაძრად აქცია.
იმპერატორის ტახტზე ასულმა მაქსენტიუსმა ბრძანა, დაენგრიათ ტაძარი და საქონლის სადგომად ექციათ, წმიდა პაპი კი ნახირის მწყემსად განაწესა. შიმშილით, ყინვით და სიმყრალეში გდებით გატანჯული წმიდა მარკელი დაავადდა და 310 წელს მიიცვალა.
წმიდა პრისკილა და ლუკინა უპატიოდ განდევნეს რომიდან, მათი მამულები კი დაარბიეს.