20.08.2026. მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

20.08.2026. მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

     …ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან (სიბრ. 6: 1-3).

      …რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი?  (1.კორ. 4: 7).   

 გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 

20.08.2026. ხუთშაბათი. მარხვა. 

უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული.

ღირსმოწამის დომენტი (დომეტი) სპარსისა და ორთა მოწაფეთა მისთა (363); მოწამეთა მარინ მხედრისა და ასტერი სვინკლიტიკოსისა (260); ღირსისა ორე მონაზონისა (390); ღირსმოწამისა პოტამია სასწაულთმოქმედისა.

დღის ლოცვები

ღირსმოწამე დომენტი სპარსელის და 2-თა მოწაფეთა მისთა

ტროპარი: მარხვითა აღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარისათა წარსწყმიდენ, ყოვლადსანატრელო, და კუალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე, და მრჩობლნი გვირგვინნი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო დომენტი, მარადის სახსენებელო.
კონდაკი: შეაიწრენ ხორცნი შენნი და განიძარცვენ ქუენანი ზრახვანი, ღირსო მოწამეო დომენტი, და გამოსჩნდი დიდად წინამძღურად მონაზონთა, და არა შეუშინდი მეფისა გულისწყრომასა, რომელმან არა ინება თაყვანისცემაი ქრისტესი; ამისთვის აღესრულე ესრეთ მღაღადებელი: ვითარმედ ღმერთი არს შენ თანა და ვერ ვინ შემძლებელ არს ვნებად ჩემდა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები 

რიგ.: 2 კორ. 7: 1-10 (დას. 183). მკ. 1: 29-35 (დას. 5).
ღირმოწ. ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ინ. 15: 17-16: 2 (დას. 52).

რიგ.: 2 კორ. 7: 1-10 

1. ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით. 2. შეგვითვისეთ: არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია რამე და არც ანგარება გამოგვიჩენია ვისიმე მიმართ. 3. განსაკითხავად როდი ვამბობ: ვინაიდან უწინაც მითქვამს, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ. 4. დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი. 5. რადგანაც მაკედონიაში ჩასვლისას ვერავითარი სიმშვიდე ვერ ჰპოვა ჩემმა ხორცმა, არამედ ყოველი მხრიდან შევიწროებულნი ვიყავით: გარედან – თავდასხმები, შიგნით კი – შიში. 6. მაგრამ მდაბალთა მანუგეშებელმა გვანუგეშა ჩვენ ღმერთმა ტიტეს მოსვლით; 7. და არა მარტო მოსვლით, არამედ ნუგეშითაც, რომლითაც ნანუგეშები იქნა ჩვენგან, – როცა გადმოგვცა თქვენი სურვილი, თქვენი გოდება, თქვენი თავგამოდება ჩემს მიმართ, ასე რომ, უმეტესად გავიხარე. 8. ამიტომ, თუ ჩემი წერილით დაგამწუხრეთ, არ ვნანობ, თუმცა კი ლამის ვინანე, რადგანაც ვხედავ, რომ ჩემმა წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით. 9. ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან. 10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.

რიგ.: მკ. 1: 29-35 

29. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა, იაკობსა და იოანესთან ერთად. 30. ხოლო სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა. და მაშინვე უთხრეს მისი ამბავი. 31. მავიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა; მყისვე გაუარა ცხელებამ და ემსახურებოდა მათ. 32. ხოლო საღამოს, მზის ჩასვლისას, მიჰგვარეს მას ყველა სნეული და ეშმაკეული. 33. და მთელმა ქალაქმა კარწინ მოიყარა თავი. 34. მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, მრავალი ეშმაკი განდევნა და არა რთავდა ეშმაკებს იმის თქმის ნებას, რომ ისინი იცნობდნენ მას. 35. ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა.

ღირმოწ. ეფ. 6: 10-17 

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

ღირმოწ. ინ. 15: 17-16: 2 

17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.

1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                             (1 ინ. 3: 14)

 

წმიდა მოწამენი მარინ მხედარი და ასტერიოს სინკლიტიკოსი (+260)
წმიდა მოწამენი მარინ მხედარი და ასტერიოს სინკლიტიკოსი წარმართი იმპერატორის, გალიენუსის (260-268) ზეობაში აღესრულნენ.
წმიდა მარინი პალესტინის კესარიაში მსახურობდა და თავისი სიმამაცისა და სათნოებებისათვის თვით წარმართთა მხრიდანაც პატივისცემას იმსახურებდა. ახოვანი მეომარი ასისთავად დანიშნეს, მაგრამ ახალი ხარისხის მისაღებად საჭირო იყო ფიცის დადება წარმართულ ღვთაებათა სახელების მოხმობით. მარინმა მის წარმოთქმაზე მტკიცე უარი განაცხადა. მსაჯულმა წმიდანს სამი საათი მისცა მოსაფიქრებლად: თუ ურჩობას არ დაიშლიდა, სიკვდილი ელოდა.
სამსჯავროდან გასულ უფლის რჩეულს ეპისკოპოსი თეოტეკნი შეხვდა და ტაძარში შეიყვანა. მღვდელმთავარმა ნეტარს ჯერ სახარებაზე მიუთითა, შემდეგ კი ქამარში ჩამაგრებულ მახვილზე და უთხრა: „აირჩიე ან წიგნი ცხოვრებისა, რომელშიც ჩაიწერება შენი სახელი, როგორც ზეციური მეუფის მხედრისა, ან მახვილი, რომლითაც მიწიერ მეფეს ემსახურები“. მარინი ოდნავადაც არ შეყოყმანებულა – წმიდა სახარებისკენ გაიშვირა ხელი. თეოტეკნმა განამტკიცა, აკურთხა ნეტარი და უთხრა: „მიიღე ის, რაც ირჩიე“. ლოცვითა და მღვდელმთავრის კურთხევით მარტვილმა მსაჯულის წინაშე კვლავ უარი განაცხადა წარმართული ფიცის წარმოთქმაზე, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს.
წმიდანის წამებას შეესწრო რომაელი სენატორი ასტერიოსი. იგი კეთილმსახური ცხოვრებით სათნოეყოფოდა ღმერთს, მტკიცე ქრისტიანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ, ურყევად იდგა თავის სარწმუნოებაზე. ერთხელ, პალესტინაში ყოფნისას ნეტარი ფილიპიის კესარიაში ჩავიდა. აქ, ჩვეულებისამებრ, წარმართული მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. შეწირულ მსხვერპლს კერპში ჩაბუდებული ეშმაკი უჩინარს ხდიდა, რაც უღმრთოებს დიდ სასწაულად მიაჩნდათ. წმიდა ასტერიოსმა ცრუღვთაების ქანდაკიდან განდევნა ბოროტი სული.
როცა წმიდა მარინი სიკვდილით დასაჯეს, ასტერიოსმა გაიხადა სენატორის მდიდრული შესამოსელი, მიწაზე გაფინა, შიგ მარტვილის პატიოსანი ცხედარი გაახვია, საკუთარი მხრებით მიაბრძანა საფლავამდე და დაფლა. ამ საქციელისათვის იგი შეიპყრეს და თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ქრისტეს ტარიგმა 260 წელს შეჰვედრა სული უფალს.
ღირსმოწამე დომენტი სპარსი და ორნი მოწაფენი მისნი (+363)
ღირსმოწამე დომენტი სპარსი იყო და წინაპართა ცრუსარწმუნოებას ერთგულებდა მანამ, სანამ სიყმაწვილეში ქრისტიანმა უარმა სახარების სწავლების ნათლით არ გაუნათა გონება. ამის შემდეგ ნეტარმა არ ისურვა სამშობლოში დარჩენა, სასაზღვრო ქალაქ ნიზიბიას მიაშურა (მესოპოტამიაში), ნათელიღო და ერთ-ერთ მონასტერში ბერად შედგა. ნეტარის მადლმოსილებამ შური აღუძრა სავანის მკვიდრთ, რის გამოც დომენტი განერიდა მათ და წმიდა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერს მიაშურა თეოდოსიპოლში. აქ წმიდანი მოღვაწეობდა მკაცრი ასკეტის, არქიმანდრიტ ნურველის ხელმძღვანელობით. დომენტის საკვირველი ღვაწლი რომ იხილა, ნურველმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ მოისურვა, ხუცესადაც დაედგინა, მაგრამ წმიდანმა თავი უღირსად ჩათვალა და სირიაში, ერთ უდაბურ მთაზე განმარტოვდა. აქ ნეტარი მამა ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა, შემდგომ კი გამოქვაბულში დამკვიდრდა ორ მოწაფესთან ერთად. დომენტიმ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ იმ მხარეში, სადაც ნეტარი მამა და მისი მოწაფეები მოღვაწეობდნენ, გაიარა სპარსელებთან საბრძოლველად მიმავალმა იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363). მისი ბრძანებით მხედრებმა მოძებნეს უფლის სათნომყოფელნი, შემდეგ კი, ერთი გადმოცემით, ქვებით ჩაქოლეს, სხვა ცნობით – მღვიმის შესასვლელი ამოქოლეს და შიგ ცოცხლად დამარხეს (+363).
ღირსი ორე მონაზონი (+დაახლ. 390)
ღირსი ორე მონაზონი სიჭაბუკეშივე განერიდა ამსოფელს, თებაიდის უდაბნოს მიაშურა და მრავალი წელი ცხოვრობდა აქ განდეგილი ბერის მკაცრი ცხოვრებით. უკვე მხცოვან მოსაგრეს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალი ანდობდა მას ზრუნვას იმ ადამიანთა სულებზე, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ცხოვრებას მოისურვებდნენ. უფალმა მას საღვთო წერილის კითხვის ნიჭი მიმადლა, თუმცა ბავშვობიდანვე წერა-კითხვის უცოდინარი იყო. თანდათან ღირსი ორეს ირგვლივ შემოიკრიბა მრავალრიცხოვანი ძმობა, დაარსდა სავანე, ნეტარი კი მისი სულიერი წინამძღვარი შეიქნა. იგი ხშირად მოუთხრობდა მოწაფეებს იმ საცთურთა შესახებ, რომლებიც თავს ატყდებათ ხოლმე განმარტოებით მოღვაწე ბერებს, მაგრამ ყველაფერს ისე ყვებოდა, თითქოს ამის შესახებ ნაცნობ მეუდაბნოეთა ცხოვრებიდან უწყოდა მხოლოდ. ღირსი მამა ფარავდა თავის ღვაწლს, ის თავის მოწაფეთა ყველა აზრსა და მოქმედებას ჭვრეტდა; ვერავინ ბედავდა მის მოტყუებას. ღრმა მოხუცებულობას მიღწეულმა წმიდანმა რამდენიმე მონასტერი დააარსა, რომლებშიც ათასზე მეტი მონაზონი მოსაგრეობდა. ნეტარი ორე დაახლოებით 390 წელს მიიცვალა, ოთხმოცდაათი წლის ასაკში.
ღირსი პიმენ მრავალსნეული, ახლო მღვიმეებში (+დაახლ. 390)
ღირსი პიმენ მრავალსნეული ავადმყოფი დაიბადა და მხურვალედ ევედრებოდა დედ-მამას, წაეყვანათ კიევო-პეჩორის მონასტერში. როცა სნეულება მეტად გართულდა, მშობლებმა მას სურვილი შეუსრულეს. მათ სავანის ბერებს სთხოვეს, ელოცათ ყმაწვილის გამოჯანმრთელებისთვის; თავად დავრდომილი კი უფალს შესთხოვდა, გაეხანგრძლივებინა მისი ავადმყოფობა და ბერობის ღირსადაც გაეხადა. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა; როცა ყველას ეძინა, ოთახში, სადაც პიმენი იწვა, ანგელოზები გამოცხადდნენ იღუმენისა და ძმების სახით, ბერად აღკვეცეს იგი, თან განუცხადეს, რომ მთელი სიცოცხლე სნეული იქნებოდა და სიკვდილამდე სამი დღით ადრე განიკურნებოდა მხოლოდ. გალობის ხმა რომ შემოესმათ, ბერებმა ღირს პიმენს მიაშურეს და იგი სამონაზვნო სამოსელში იხილეს, ანთებული სანთლით ხელში; მისი მოკვეცილი კულული თეოდოსი პეჩორელის ლუსკუმაში აღმოჩნდა. წმიდანი მრავალი წელი მძიმედ ავადმყოფობდა. ტანჯვათა უდრტვინველი დათმენისთვის წმიდანს სხვათა სნეულებების კურნების ნიჭი მიემადლა. მან თავისივე მსგავსი დავრდომილი განკურნა იმ პირობით, რომ სიკვდილამდე ავადმყოფებზე იზრუნებდა. ერთხელ ძმას დაეზარა სნეულთა მსახურება და ავადმყოფობა კვლავ შეუბრუნდა. ღირსმა პიმენმა ისევ განკურნა იგი, თან დამოძღვრა, სნეული და სნეულის მსახური თანასწორ საზღაურს მიიღებენო. ოცი წელი გაატარა ნეტარმა მამამ საშინელ ტანჯვაში და, ანგელოზის წინასწარმეტყველებისამებრ, სიკვდილამდე სამი დღით ადრე გამოჯანმრთელდა.
წმიდა პიმენ მრავალსნეულის ამსოფლიდან განსვლის დღეს ტრაპეზზე აღიმართა სამი მანათობელი სვეტი, რომლებიც ტაძრის გუმბათს ზემოთაც გრძელდებოდა. მატიანეში აღწერილი მსგავსი ხილვა 1110 წლის 11 თებერვლით თარიღდება; ამაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ღირსი პიმენი მიიცვალა 1110 წლის 11 თებერვალს. წმიდა მამის უხრწნელი ნაწილები ანტონის მღვიმეებშია დაკრძალული.
ღირსმოწამე პოტამია საკვირველთმოქმედი
წმიდა დედა პოტამია საკვირველთმოქმედი ქრისტეს აღსარებისთვის მახვილით განგმირეს.