ხოლო „… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
20.09.2025. ხსნილი
ჯვრის ამაღლების წინა შაბათი.
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის წინადღესასწაული.
მოწამისა სოზონისა (304); მოციქულთა 70-თაგანთა ევოდისა (66) და ონისიფორესი (67); მოწამისა ევფსიქი კესარია-კაპადუკიელისა (117-138); ღირსისა ლუკასი (975-ის შემდეგ).
დღის ლოცვები
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის წინადღესასწაული
ტროპარი: ძირისაგან იესესისა და წყვილთაგან დავითისთა საღმრთო ქალწული მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა, რამეთუ სიხარულით იხარებს ყოველი და განახლდების და ერთბამად იხარებენ ცანი და ქუეყანაი, აქებდით მას, ტომნო წარმართთანო; იოაკიმ, განსცხრებოდე და, ანა, დღესასწაულობდ და ღაღადებდ: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხორებისა ჩუენისასა.
კონდაკი: ქალწული დღეს და ღმრთისმშობელი მარიამ, სასძლო შეუგინებელი ზეცათა სიძისა, იშვების უნაყოფოსაგან ღმრთისა განზრახვითა, ეტლი სიტყვისა კეთილად განიმზადების, რამეთუ ამას ეწოდა საღმრთო ბჭე და დედა ცხორებისა ჭეშმარიტისა.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ჯვრის ამაღლების წინა შაბათისა: 1 კორ. 2: 6-9 (დას. 126). მთ. 10: 37 – 11: 1 (დას. 39).
რიგ.: 1 კორ. 4: 17-5: 5 (დას. 132). მთ. 24: 1-13 (დას. 97).
მოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ინ: 15: 17 – 16: 2 (დას. 52).
ლიტ.: ჯვრის ამაღლების წინა შაბათისა: 1 კორ. 2: 6-9
6. სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს, 7. არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა; 8. სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს. 9. არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“.
ლიტ.: ჯვრის ამაღლების წინა შაბათისა: მთ. 10: 37 – 11: 1
37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; 38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. 39. ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას. 40. ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. 41. ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს. 42. და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური.
1. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.
რიგ.: 1 კორ. 4: 17-5: 5
17. სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში, რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში. 18. ზოგიერთს ისე გაუვიდა თავს, თითქოს არც ვაპირებდე თქვენთან მოსვლას. 19. მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას. 20. რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით. 21. რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით?
1. როგორც ამბობენ, დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც, რომ ვიღაცას მამის ცოლი თურმე ცოლად ჰყავს. 2. თქვენ კი ქედმაღლობთ, ნაცვლად იმისა, რომ გეგლოვათ და მოგეკვეთათ ამნაირი საქმის ჩამდენი. 3. ხოლო მე – თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, – უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს. 4. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, – 5. სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.
რიგ.: მთ. 24: 1-13
1. გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის. 2. ხოლო იესომ მიუგო მათ: ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა. 3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა? 4. იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. 5. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ. 6. გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. 7. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ. 8. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია. 9. მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო. 10. მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს. 11. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს. 12. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული. 13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
მოწ.: ეფ. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
მოწ.: ინ: 15: 17 – 16: 2
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოციქული ევოდი (+66) და ონისიფორე (+67-ის შემდეგ) – სამოცდაათთაგანნი
წმიდა მოციქული ევოდი, სამოცდაათთაგანი, პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მამას მისი მემკვიდრე, მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (ხს. 20 დეკემბერს) ანტიოქიელთა მიმართ ეპისტოლეში ახსენებს: „მოიხსენეთ ნეტარი მამაჲ თქვენი ევოდი, რომელიც მოციქულთაგან თქვენს პირველ მოძღვრად იქნა დადგენილი“.წმიდა მოციქულმა ოცდაშვიდი წელი იღვაწა მღვდელმთავრის ხარისხში და იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, სამოცდაექვსი წლის ასაკში, მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოციქულ ონისიფორეს მოციქული პავლე ახსენებს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში: „მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალგზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ უჩნდა, არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი“ (2 ტიმ. 1.16-18). წმიდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი – კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად), სადაც წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩავიდა. უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს; როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონასთან, ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული: რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმიდა ონისიფორე 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
წმიდა მოწამე ევფსიქი (II)
წმიდა მოწამე ევფსიქი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. ერთ-ერთ სვინაქსარში იგი სენატორ დიონისეს ძედ იხსენიება. იმპერატორ ადრიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას იგი შეიპყრეს, აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. აქ წმიდანს ანგელოზმა დაუამა წყლულები. როცა მარტვილი გაათავისუფლეს, მან მთელი ქონების უმეტესი ნაწილი გლახაკებს დაურიგა; დარჩენილი ნაწილი კი გაუნაწილა მტრებს – მათ, ვინც დაასმინა იგი და საწამებლად გადასცა. როცა მმართველი შეიცვალა, ევფსიქი ისევ დაატუსაღეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს. უფლის რჩეულს ჭრილობებიდან რძე და სისხლი ერთად სდიოდა. მარტვილი იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს აღესრულა.წმიდა მოწამე სოზონტი (+დაახლ. 304)
წმიდა მოზამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა.ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა. კერპის ხელის გაქრობამ ქალაქში შფოთი და განგაში გამოიწვია, ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, დასაკითხად მიჰყავდათ და აწამებდნენ. სოზონტმა არ ისურვა, უდანაშაულოთა ტანჯვის მიზეზი გამხდარიყო, ნებით წარდგა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) წინაშე და განაცხადა, კერპს ხელი მე მოვკვეთეო: „მსურდა თქვენი ღმერთის უძლურებაში დავრწმუნებულიყავი, და მართლაც, მას ჩემთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ნეტავ, მთლად დამამსხვრევინა იგი, რომ ხალხმა საკუთარი ქმნილების თაყვანისცემა შეწყვიტოს“. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ მხნე აღმსარებელი. წმიდა სოზონტმა საშინელ ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 304). იმპერატორის ბრძანებით მსახურებმა მოწამის ცხედრის დასაწვავად დიდი კოცონი დაანთეს, მაგრამ უეცარმა წვიმამ ცეცხლი ჩააქრო. ღამით ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს მოწამის ცხედარი და პატივით მიაბარეს მიწას.
ღირსი ლუკა (+დაახლ. 975)
ღირსი ლუკა კონსტანტინოპოლის მახლობლად, კითის ყურეში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი მონასტრის იღუმენი იყო. ეს მონასტერი მოსაგრეთა განსაკუთრებულად მკაცრი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. წმიდა ლუკა X საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.