„… ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს” (ფლპ. 3: 13-15);
„… თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის (სიბრძ. 6: 1-3).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
29.10.2025. ხსნილი
ღირსისა ზენონ იყალთოელისა (VI). მოწამისა ლონგინოზ ასისთავისა, რომელი იყო წინაშე ჯვრისა უფლისა, და ორთა მხედართა მის თანა მოწამეთა (I).
დღის ლოცვები
მოწამე ლონგინოზ ასისთავის, რომელი იყო წინაშე ჯვრისა უფლისა
კონდაკი: მხიარულებით განსცხრების ეკლესია დღეს სახსენებელსა შენსა, ყოვლადქებულო ლონგინოზ, მღაღადებელი: შენ ხარ, ქრისტე, ძალი და სიმტკიცე ჩემი.
მოწამე ლონგინოზ ასისთავის, რომელი იყო წინაშე ჯვრისა უფლისა
კონდაკი: მხიარულებით განსცხრების ეკლესია დღეს სახსენებელსა შენსა, ყოვლადქებულო ლონგინოზ, მღაღადებელი: შენ ხარ, ქრისტე, ძალი და სიმტკიცე ჩემი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
კოლ. 1: 18-23 (დას. 251). ლკ. 9: 43-50 (დას. 47).
ღირსი ზენონისთვის საკითხავები საზიაროთაგან.
კოლ. 1: 18-23
18. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს, 19. რადგანაც კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება, 20. რათა მისი მეშვეობიი, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი – მიწიერიც და ზეციერიც. 21. და თქვენც, ოდესღაც უცხოქმნილნი თუ გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი, 22. აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე, 23. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
ლკ. 9: 43-50
43. უკვირდა ყველას ღმრთის სიდიადე და განცვიფრებული იყო იმით, რაც მოიმოქმედა იესომ; ხოლო მან თავის მოწაფეებს უთხრა: 44. ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში. 45. მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა, და დაფარული დარჩა მათთვის; ასე რომ, ვერაფერს მიხვდნენ; იმისა კი შეეშინდათ, რომ ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა ეს. 46. მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის. 47. ხოლო იესომ შეიცნო მათი გულის ზრახვა, მოიყვანა პატარა ბავშვი, წინ დაიყენა 48. და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; რადგან თქვენს შორის უმცირესი – უდიდესი იქნება. 49. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ, და ავუკრძალეთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვდევს. 50. უთხრა მას იესომ: ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით
(1 ინ. 3: 14)
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი, რომელ იყო წინაშე ჯვრისა უფლისა (I)
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი იუდეაში მსახურობდა და პროკურატორ პონტოელი პილატეს ხელქვეითი იყო. მაცხოვრის ჯვარცმის დროს რაზმი, რომელსაც რომაელი მეომარი ლონგინოზი მეთაურობდა, გოლგოთის ირგვლივ, თვით ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა საგუშაგოზე. მან თავის მეომრებთან ერთად იხილა უფლის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი წამები და მიცვალების შემდეგ აღსრულებული სასწაულები. ამ მოვლენებმა შეძრა მეომრის სული. მან ირწმუნა ქრისტე და სახალხოდ აღიარა, რომ „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე“ (მთ. 27,54) (საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ლონგინოზი ის მხედარი იყო, რომელმაც გვერდში ლახვარი უგმირა მაცხოვარს და ჭრილობიდან გარდამოსული სისხლითა და წყლით სნეული თვალის კურნება მიემადლა).მაცხოვრის დაკრძალვის შემდეგ ლონგინოზი თავისი რაზმით უფლის საფლავს იცავდა. აქ ისინი, ღვთის ნებით, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მოწმეები შეიქნენ. იუდეველებმა მცველები მოისყიდეს და აიძულეს ეთქვათ, რომ ქრისტეს ცხედარი მისმა მოწაფეებმა მოიპარესო, მაგრამ ლონგინოზი და მისი ორი თანამებრძოლი უღმრთოების ოქროს არ დახარბდნენ.
მეომრები მოციქულთა ხელით მოინათლნენ და სამხედრო სამსახური დატოვეს. ლონგინოზმა თავის სამშობლოს, კაბადოკიას მიაშურა სახარების ქადაგებით. უფლის რჩეული მხედრებიც მას თან გაჰყვნენ. იუდეაში მომხდარი დიდი მოვლენების უშუალო მოწმეების მხურვალე ქადაგებამ შეძრა კაბადოკიელები. ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში ქრისტიანობა საოცარი სისწრაფით ვრცელდებოდა. ეს რომ შეიტყვეს, იუდეველმა უხუცესებმა პილატე დაარწმუნეს, ლონგინოზისა და მისი თანამოსაგრეების დასახოცად მეომართა რაზმი გაეგზავნა. ყოფილი ასისთავი თავად მიეგება მხედრებს და შინ მიიწვია. ტრაპეზის დროს სტუმრებმა, რომელთაც არ იცოდნენ, ვის სახლში იმყოფებოდნენ, ჩამოსვლის მიზანი გააცხადეს. ლონგინოზმა და მისმა თანამებრძოლებმაც არ დამალეს თავიანთი ვინაობა და გაოცებულ მეომრებს სთხოვეს, შეესრულებინათ დავალება. მხედრებს სურდათ, გაეთავისუფლებინათ წმიდანები და გაქცევა შესთავაზეს, მაგრამ ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებულმა უფლის რჩეულებმა უარი განაცხადეს. მაშინ წმიდა მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. მარტვილთა ცხედრები დაკრძალეს იქ, სადაც თავად ითხოვეს, მოჭრილი თავები კი პილატეს გაუგზავნეს. უსჯულო თვითმპყრობლის ბრძანებით ისინი ქალაქის გალავანს გარეთ, ნაგავსაყარში მოისროლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ იერუსალიმში ერთი ბრმა ქალი ჩავიდა სიწმიდეთა თაყვანსაცემად. მას ძილში ლონგინოზ ასისთავი გამოეცხადა და უბრძანა, მისი თავი მოეძებნა და დაეკრძალა. უსინათლო ნაგავსაყრელთან მიიყვანეს. როცა იგი სიწმიდეს შეეხო, თვალები აეხილა. ღვთისადმი მადლიერების გრძნობით აღვსილმა კეთილმსახურმა დედაკაცმა პატიოსანი თავი კრძალვით წაასვენა კაბადოკიაში და მიწას მიაბარა.
ღირსი ზენონ იყალთოელი (VI)
ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონმარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი,
იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე
ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში
სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.
ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ
კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუთისოფელი, მონაზვნად აღიკვეცა და
უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და
ვედრება სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სნეუთა კურნებისა და ეშმაკთა
განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის
სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა
იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, ააშენა
სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა.
ერთხელ ღირს იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა
შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს
სჯული განემტკიცებინა. წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს
გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან
თორმეტი გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე,
მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბიბოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად
ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა.
საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს
აღმობრწყინებულ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ
მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ.
ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე
დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში
ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ.
ხალხმა გაიგო წმიდა იოანეს სასწაულები. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების
წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს
დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.
ერთ ღამეს წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი
მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა
ისინი, უამბო, რაც იხილა და უთხრა: „სარგებლისათვის ამის ქუეყანისა წარმოგუავლინნა
უფალმან ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრიტემან, რამეთუ ახალ ნერგ არიან კაცნი ესე ამის
სოფლისანი, ამისათჳსცა ჯერ არს, რაჲთა წარხჳდეთ კაცად-კაცადი და განამტკიცებდეთ
ძმათა, რომელთა აღუარებიეს ქრისტე, უფალი ჩუენი“.
მოწაფეების გასტუმრების შემდეგ წმიდა იოანე ზედაზენზე დარჩა, დატოვა თავისთან
ილია დიაკონი (ხს. 4 იანვარს) და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ
მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი დაითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია
დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის
შემხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა
ვედრება წმიდისა ბერისა და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.
წმიდა იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმიდა იოანეს ლოცვით
მხეცი მოთვინიერდა. ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის
აწყენდნენ. ღირსი იოანეს ლოცვით, დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული
ადამიანი განიკურნა. წმიდა იოანე თავისთან იბარებდა მოწაფეებს, ხანაც თვითონ
მიაკითხავდა ხოლმე და ამოწმებდა, თუ სულიერების რა საზომს იყვნენ მიღწეულნი.
ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს უფლისაგან გამოეცხადა აღსასრულის
მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად
დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა.
მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირას მდებარე
მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ,
სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ანდერძი და არ გულისხმაჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა
ზეციური ნიშანი იყო. წმიდა იოანეს მოწაფენი მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით
მოძღვრის საფლავთან მივიდნენ, პატივით აღმოიყვანეს წმიდა ნაწილები და ანდერძისამებრ
დაასაფლავეს. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული
განიკურნა.
X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908-923) დროს, მღვიმის სამხრეთით წმიდა
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი
არის ტაძრის სამკვეთლოსთან.
წმიდა მღვდელმოწამე აბიბოსი მეფე ფარსმან VI-ის და ევლავიოს კათოლიკოსის
თხოვნით ნეკრესის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. იმ დროს აღმოსავლეთ საქართველოში
სპარსელი მოგვები თავისუფლად ავრცელებდნენ თავიანთ ცრუსწავლებას და მძლევრობით
მრავალს გარდადრეკდნენ ჭეშმარიტებისაგან. ერთხელ ცეცლხთაყვანისმცემელთა მზაკვრობის
სამხილებლად წმიდა მღვდელმთავარმა აბიბოსმა წყალი დაასხა სამსხვერპლოზე დანთებულ
ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა სპარსელებმა წმიდა აბიბოსი შეიპყრეს და სასტიკად
გვემეს, შემდეგ კი ქვებით ჩაქოლეს. მარზპანის ბრძანებით წმიდანის გვამი ღია ცის
ქვეშ დააგდეს მხეცთა საჯიჯგნად, მაგრამ წმიდა მოწამის გვამს არ შეხებია არც მხეცი
და არც ფრინველი.
ღამით რეხში მცხოვრების ქრისტიანები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა
მღვდელმთავრის ცხედარი სამთვისის მონასტერში. მოგვიანებით ქართლის ერისმთავარმა
სტეფანოზმა წმიდა აბიბოსის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს
მონასტერში გადაასვენა და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაფლა.
წმიდა ანტონ მარტყოფელი მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს,
რომელიც ედესიდან ჩამოასვენა. განმარტოების მოყვარულმა წმიდა მამამ მადლმოსილი
ლოცვითა და სასწაულებით მრავალი ქრისტიანი მიიზიდა. წმიდა ანტონმა
თანამოსაგრეებისთვის მონასტერი ააშენა, ხოლო თვითონ ჯერ ალაზნის გაღმა წავიდა,
შემდგომ კი აკრიანის მთას შეაფარა თავი. მარტომყოფელ ბერს, რომელიც ბალახებითა და
ხის ქერქით იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გაუგზავნა. წმიდა ანტონმა
მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თვრამეტი წელი. ღირს
მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. გარდაცვალების დროს მამა
ანტონი მაცხოვრის ხატის წინ იყო დაჩოქილი და ლოცულობდა. ღირსი ანტონის გვამი
მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს,
ღვთისმშობლის ხატის წინ.
წმიდა დავით გარეჯელი საქართველოს ახალ დედაქალაქში, თბილისში დაემკვიდრა
სამოღვაწეოდ. ქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დაყუდებულმა ბერმა თავისი
საკვირველი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით მრავალი ადამიანი მიიზიდა და ბევრი
ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა მოგვებმა ფეხმძიმე როსკიპი დედაკაცი
მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. წმიდანმა კვერთხი შეახო
დედაკაცის მუცელს და წარმოთქვა: „შენ, ჩვილო, გიბრძანებ სახელითა უფლისა ჩუენისა
იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, ვარ თუ არა მე მამა შენი“. ჩვილმა დედის
მუცლიდან უპასუხა წმიდანს და სხვაზე მიანიშნა. განრისხებულმა ხალხმა დედაკაცი
ქვებით ჩაქოლა. შეძრწუნებულმა დავითმა, რომელმაც გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა,
მდინარე მტკვარზე გაფინა მოსასხამი, თავის მოწაფესთან, წმიდა ლუკიანესთან ერთად ზედ
შედგა და, მიუხედავად თბილისელების მხურვალე ვედრებისა, ქალაქი დატოვა.
მამა დავითი და ლუკიანე გარეჯის უდაბნოში დასახლდნენ. მოსაგრეებს უფალმა
სასწაულებრივ საზრდელი გაუჩინა. მათთან ყოველდღე, გარდა ოთხშაბათისა და
პარასკევისა, ირმები მიდიოდნენ, ლუკიანე წველიდა, მამა დავითი რძეს ჯვარს
გადასახავდა და იგი ყველად იქცეოდა. გარეჯელ მამათა სასწაულები მთელმა ქვეყანამ
გაიგო და მალე იქ „დაემკვიდრნეს სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა
შემატკბობელნი“.
ნინოწმიდიდან ღირს დავითთან მივიდა სათნოებით შემკული ბერი დოდო (ხს. ამაღლების
შემდგომ ოთხშაბათს), რომელმაც მოძღვრის ბრძანებით კლდის რქაზე ააშენა ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი.
რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი დავითი იერუსალიმის მოსალოცად წავიდა. ბერმა თავისი
უღირსების გამო წმიდა ქალაქში შესვლა არ ინება, კარიბჭესთან დიდხანს და მხურვალედ
ილოცა, შემდეგ იმ ადგილიდან აიღო სამი ქვა და სიწმიდეებად წამოიღო საქართველოში. იმ
ღამეს იერუსალიმის პატრიარქს, ელიას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ
საქართველოდან მოსულ მამა დავითს თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი
მიჰქონდა. პატრიარქის გაგზავნილმა კაცებმა ორი ქვა გამოართვეს მამა დავითს, მესამე
კი წმიდა ბერმა საქართველოში ჩამოიტანა.
ხანგრძლივი და ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ აღსრულებული მამა დავითი იქვე,
გარეჯის სავანეში დაკრძალეს.
წმიდა ისე წილკნელი მამა იოანეს რჩევით ევლავიოს კათოლიკოსმა წილკნის
ეპისკოპოსად აკურთხა. ღირსმა მამამ „ფრიადი ურწმუნონი სწავლითა მოაქცივნა,
მოძღურება და ქადაგება განფინა სამწყსოსა თვისსა“. ერთხელ ღირსმა იოანემ
გადაწყვიტა, სათნოებაში და სულიერებაში გამოეცადა თავისი მოწაფეები. წმიდა ისე
მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა, ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი
შეახო და თქვა: „სახელითა უფლისათა გიბრძანებ, ჩემ მიერ კსინვით ვიდოდე და
შემომიდეგ, ვიდრეცა ვიდოდე“. მდინარეს წყლის ნაკადი გამოეყო და ღირსი ისეს კვერთხს
შეუდგა. ღირსმა მამამ წილკნის საყდრამდე მოიყვანა წყალი. ამ სასწაულმა მრავალი
ხალხი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
წმიდა ისემ უფლისაგან წინასწარ შეიტყო ხორცთაგან განსვლის დღე, ეზიარა წმიდა
საიდუმლოს და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მამა იქვე, წილკნის ღვთისმშობლის
ტაძარში დაკრძალეს.
წმიდა იოსებ ალავერდელი განუშორებლად ატარებდა მაცხოვრის ცხოველმყოფელი
ჯვრის ხისგან გაკეთებულ ჯვარს. წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით იგი კახეთის
სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა, ბოლოს ალავერდის უდაბნო აირჩია და იქ დაიწყო
მოღვაწეობა. ერთხელ სრულიად მარტო მყოფი ბერი შეხვდა მონადირე დიდებულს, რომელსაც
ღვთის სიტყვა უქადაგა. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულმა დიდებულმა
საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ხალხმა გაიგო მოღვაწე ბერის ამბავი და იწყო
სიარული, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. ბევრი იქვე დარჩა.
დროთა განმავლობაში მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა.
დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით მოუძლურებულმა აბბა იოსებმა მოწაფეებს
წინამძღვარი დაუდგინა და ღვთივ მიისვენა. იგი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ
ალავერდის ტაძარში. აბბა იოსების საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.
წმიდა შიო მღვიმელი სარკინეთის კლდეთა შორის მდებარე მღვიმეში
მოღვაწეობდა. უდაბურ ადგილას მოღვაწე ბერი თვით ყოველადწმიდა ღვთისმშობელმა
აკურთხა. ეს ნახა სარკინეთის მთაზე სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ
(ხს. 4 თებერვალს), მოინახულა საკვირველი ბერი და დაემოწაფა მას. მალე იქაურობა
მეუდაბნოე მამებმა აავსო. წმიდა შიომ სარკინეთში სავანე დააარსა და ორი ათას ბერს
მოუყარა თავი. წმიდა შიომ აღთქმა დადო, რომ დარჩენილ სიცოცხლეს მღვიმეში
გაატარებდა. მღვიმე თავისსავე მონასტერში გათხარა და შიგ ჩავიდა. ღირსი შიო
თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა მღვიმეში.
წმიდა ისიდორე სამთავნელი მოძღვრის კურთხევით დიდხანს ქადაგებდა ქართლში.
შემდეგ რეხულას აღმოსავლეთით დააარსა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის
სამთავისის მონასტერი, ღირსი მამა მოწაფეებმა მის მიერ დაარსებულ მონასტერში
დაკრძალეს.
წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან
ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი
ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში.
შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.
წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად ქადაგებდა კახეთში.
დაკრძალულია წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში, სამკვეთლოსთან.
წმიდა ზენონ იყალთოელი ქადაგებდა კახეთის მთიანეთში, შემდეგ იყალთოში
დააარსა მონასტერი და იქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე. დაკრძალულია მაცხოვრის
ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.
წმიდა პიროს ბრეთელმა, „ღვთაებრივმან ხატმან სინანულისამან“, მდინარე
ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე. მისი წმიდა ნაწილები ამ
მონასტერშია დაკარძალული.
წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს
დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები.
წმიდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ქართველთა
შვილები გონებით და ზნეობით, ამ უდაბნოებიდან ეფინებოდა ქართველობას მადლი და
კურთხევა. ეს სავანეები და მათი დამაარსებელი წმიდა მამები გახდნენ ქართველთა მფარველნი და მათი დამცველნი უსჯულოებისა და ბიწიერებისაგან.