20.11.2025. 24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

20.11.2025. 24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

     „… სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ (ეფ. 6: 12).

     „ თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20.იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში” (2 კორ. 11: 19-20).

     „… მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის” (სიბრძ. 6: 1-3). 

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

20.11.2025.  ხსნილი

33-თა მელიტინელ მოწამეთა: იერონისა, ისიხისა, ნიკანდრესი, ათანასესი, მამაისი, ბარაქისა, კალინიკესი, თეაგენესი, ნიკონისა, ლონგინოზისა, თეოდორესი, ვალერისა, ქსანთესი, თეოდულესი, კალიმაქესი, ევგენისა, თეოდორესი, ოსტრიქისა, ეპიფანესი, მაქსიმიანესი, დუკიტესი, კლავდიანესი, თეოფილესი, გიგანტისა, „ დოროთესი, თეოდოტესი, კასტრიკისა, ანიკიტესი, თემელისა, ევტიქისა, ილარიონისა, დიოდოტესი და ამონიტესი (III); ღირსისა ლაზარე გალისიელისა, სასწაულთმოქმედისა (ღალისიონის მთასა შინა მმარხველისა) (1053); მოწამისა თეოდოტესი (303); მოწამეთა მელასიპესი და კასინისა და ძისა მათისა ანტონისა და 40-თა ჭაბუკთა (363); მოწამეთა: ავქტისა, ტავრიონისა და თესალონიკიასი.

დღის ლოცვები

ღირსი ლაზარე გალისიელის

ტროპარი: მღვიძარებითა და ლოცვითა, და ცრემლთა მდინარითა სუეტი იგი შენი დაალტვე, რომელსა ზედა სდეგ, და სიღრმით სულისათ სულთქუმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ-ჰყვენ, და იქმენ მწყემს და შემნდობელ ცოდვათა სამწყსოთა შენთა, ღირსო მამაო ჩუენო ლაზარე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ვითარცა მთიებსა დიდსა ქრისტეს ეკლესიისასა, ყოველნი გადიდებთ შენ, ღმერთშემოსილო ლაზარე, და სიხარულით ვღაღადებთ შენდა მომართ: ევედრე ქრიასტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: 1 თეს. 5: 1-8 (დას. 271). ლკ. 13: 1-9 (დას. 70) – ხუთშ.
1 თეს. 5: 9 -13, 24-28 (დას. 272). ლკ. 13: 31-35 (დას. 73) – პარ.
ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 (დას. 213). მთ. 4: 25-5: 12. (დას. 10).

ლიტ.: 1 თეს. 5: 1-8 – ხუთშ.

1. ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა. 2. რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით. 3. ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი – მშობიარეს, და ვერ წაუვლენ. 4. მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე. 5. რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა. 6. მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ. 7. ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან. 8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.

ლიტ.: ლკ. 13: 1-9 – ხუთშ. 

1. ამ დროს მოვიდნენ მასთან ზოგიერთნი და აუწყეს იმ გალილეველთა ამბავი, რომელთა სისხლიც შერთო პილატემ მათსავე მსხვერპლთა სისხლს. 2. მიუგო იესომ და უთხრა მათ: იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ? 3. არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. 4. ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეულნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი? 5. არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. 6. და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. 7. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს. 8. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; 9. იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი.

ლიტ.: 1 თეს. 5: 9 -13, 24-28 – პარ.

9. რადგანაც ღმერთმა რისხვისთვის კი არ შეგვქმნა, არამედ ხსნისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, 10. რომელიც მოკვდა ჩვენთვის, რათა, მღვიძარენი თუ მძინარენი, ვცოცხლობდეთ მასთან ერთად. 11. ამიტომაც ნუგეში ეცით და შეაგონეთ ერთიმეორეს, როგორც იქცევით კიდეც. 12. გევედრებით, ძმანო, სცანით მაშვრალნი თქვენს შორის, თქვენი წინამძღვარნი უფალში და თქვენი მოძღვარნი; 13. გამორჩევით გიყვარდეთ ისინი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთს შორის.

24. სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს ამას. 25. ძმანო, ილოცეთ ჩვენთვის. 26. მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით. 27. გაფიცებთ უფალს, ყველა ძმას წაუკითხეთ ეს წერილი. 28. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენთან. ამინ.

ლიტ.: ლკ. 13: 31-35 – პარ.

31. იმ დღეს მოვიდა რამდენიმე ფარისეველი და უთხრა მას: ადექი და გაეცალე აქაურობას, ვინაიდან ჰეროდე გიპირებს მოკვლას. 32. და უთხრა მათ: წადით და უთხარით მაგ მელას: აჰა, დღესა და ხვალ განვდევნი ეშმაკთ და განვკურნავ სნეულთ, ზეგ კი დავასრულებ ჩემს საქმეს. 33. თუმცა მე მმართვებს წასვლა დღესაც, ხვალაც და ზეგაც, ვინაიდან არ ეგების, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმს გარეთ მოკვდეს. 34. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო; რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. 35. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ, სანამ არ მოვა დრო, როდესაც იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!

ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ.: მთ. 4: 25-5: 12 

25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან. 

1. ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. 2. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: 3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. 5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. 6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. 8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. 9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. 10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. 12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ. 

 

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით

                                                                                         (1 ინ. 3: 14) 

 

ხსენება 33-თა მელიტინელ მოწამეთა: იერონისა, ისიქისა, ნიკანდრესი და სხვათა (III) 

ხსენება 33-თა მელიტინელ მოწამეთა: იერონისა, ისიქისა, ნიკანდრესი და სხვათა  (III) -07 (20) ნოემბერი

07 (20) ნოემბერს არის ხსენება 33-თა მელიტინელ მოწამეთა: იერონისა, ისიქისა, ნიკანდრესი და სხვათა ათანასესი, მამანტისა, ბარაქისა, კალინიკესი, თეაგენესი, ნიკონისა, ლონგინოზისა, თეოდორესი, ვალერისა, ქსანთესი, თეოდულესი, კალიმაქესი, ევგენისა, თეოდოქესი, ოსტრიქისა, ეპიფანესი, მაქსიმიანესი, დუკიტესი, კლავდიანესი, თეოფილესი, გიგანტისა, დოროთესი, თეოდოტესი, კასტრიკისა, ანიკიტესი, თემელისა, ევტიქისა, ილარიონისა, დიოდოტესი და ამონიტესი (III).
წმინდა იერონი დაახლოებით, 290 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს ზეობისას ცხოვრობდა, წარმოშობით კაპადოკიის ქალაქ ტიანიდან გახლდათ, სადაც მშვიდად ამუშავებდა თავის ყანას.
სწორედ ამ დროს ორივე დესპოტი ყოველ ძლიერ და ჯანმაგარ მამაკაცს ძალით მიერეკებოდა ჯარში, ამიტომ, რამდენადაც იერონს მთელ კაპადოკიაში ვაჟკაცობით და ძალით ტოლი არ ჰყავდა, ლისიუსმა მის წასაყვანად მეომრები გაგზავნა.
ამ დროს იერონი ყანაში მუშაობდა და როგორც კი მომხვდურნი იხილა, მაშინვე მიხვდა, რისთვის მიაკითხეს და ისიც უწყოდა, რომ მხეცქმნილი იმპერატორები რწმენის უარყოფას სთხოვდნენ, ამიტომ ბარს ხელი დაავლო და მეომრები უკუაქცია.
თუმცა, ისინი მალე მობრუნდნენ, თან სხვებიც მოიყოლეს და ნეტარს უწყეს ძებნა, თვრამეტი ნათესავის და მეგობრითურთ ერთ მღვიმეს რომ შეფარებოდა.
იგრძნო რა, რომ თანამოძმეთ დიდი საფრთხე ემუქრებოდათ, იერონი საკუთარი ნებით ჩაბარდა მეომრებს, რომელთაც მმართველს აახლეს.
საღამოს ნეტარს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ სასუფევლის მოსახვეჭად უფალი უკანასკნელი ბრძოლისათვის ამზადებდა.
დილით იერონმა ახლობელთ უდიდესი სიხარულით აუწყა ყოველი, მელიტინში კი 33 სხვა ქრისტიანთან ერთად მიეცა საპყრობილეს, რომელთაც განუწყვეტლივ განამტკიცებდა.
მომდევნო დღეს, სამსჯავროზე, მმართველმა ამპარტავნებაში დასდო ბრალი, – ჩემს ბრძანებას რატომ ეურჩეო, ხოლო ოდეს შეიტყო, რომ მის წასაყვანად წარგზავნილი მეომრები გაყარა, მისი ტანჯვა და ხელის წარკვეთა ბრძანა.
იერონი კი სიხარულით დაითმენდა სალმობას, რის შემდეგაც, მომდევნო სამსჯავრომდე, კვლავ დილეგს უკრეს თავი.
მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, სახელად ვიქტორმა, ტანჯვას რომ გაქცეოდა, ციხის მცველს გაქცევის სანაცვლოდ საკუთარი მამული შესთავაზა.
შეიტყო რა ვიქტორის გაქცევის შესახებ იერონმა, მწარედ ატირდა, მარადიული სიხარული ამქვეყნიურ სიცოცხლეს რომ ანაცვალა, შემდეგ სამ ნათესავს უხმო, საიმდროოდ რომ გაეთავისუფლებინათ და თავისი უკანასკნელი სურვილი გაანდო, დას, თეოსტიმიას კი სთხოვა, მისი გარდაცვალების დღე ყოველწლიურად მოეხსენებინა, წარკვეთილი ხელი კი თვალისჩინწართმეული დედისთვის წაეღო ნუგეშად.
მეოთხე დღეს სხვა ქრისტიანებთან ერთად კვლავ წარუდგა უსჯულო სამსჯავროს, ლისიუსმა მათი ძარღვებით გვემა ბრძანა, რითიც მარტვილნი ოდენ განამტკიცა. მოთმინება¬დაკარგულმა ტირანმა მათთვის თავების წარკვეთა ბრძანა და აღასრულა კიდეც.
იერონის ნათესავებმა მმართველს მისი სხეულის გამოსყიდვა შესთავაზეს და დიდძალი ოქროთი შეძლეს კიდეც მისი გადმოსვენება. შემდეგ კი მის პატივად ტაძარიც ააგეს.
 
ღირსი ლაზარე გალისიელი (+1053)

ღირსი ლაზარე გალისიელი ქალაქ მაგნეზიაში (აზია) დაიბადა. სიყრმიდანვე სიმშვიდით და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეულმა წმიდანმა საფუძვლიანი განათლება მიიღო, შემდგომ კი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა. აქ ნეტარმა ათი წელი დაჰყო და საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა. იერუსალიმის პატრიარქმა ღირსი ლაზარე მღვდლად აკურთხა, რის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა და ეფესოს მახლობლად, გალისიის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი საკვირველი ხილვის ღირსი შეიქნა: ცად აწვდილ ცეცხლოვან სვეტს შემოხვეული ანგელოზები გალობდნენ: „აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი“. ამ გამოცხადების ადგილას უფლის რჩეულმა ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი ააგო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. მალე დიდი მოსაგრის ირგვლივ მოწაფეები შემოიკრიბნენ და დაფუძნდა მონასტერი.წმიდა ლაზარეს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და განემზადა კიდეც, მაგრამ საძმოს მხურვალე ვედრებით უფალმა მას კიდევ თხუთმეტი წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე. ღირსი ლაზარე 1053 წელს გარდაიცვალა, სამოცდათორმეტი წლის ასაკში. წმიდა მამის ნაწილთა აღმოყვანებას ეკლესია 17 ივლისს იხსენიებს (იხ. ამ დღის საკითხავი).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

წმიდა მოწამე თეოდოტე (+303)

წმიდა მოწამე თეოდოტე 303 ან 304 წელს, დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულა მოწამეობრივად. მის შესახებ იხილეთ 18 მაისის და 7 ივნისის საკითხავებში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

მოწამეთა: მელასიპესი და კასინიასი და ძისა მათისა ანტონინესი (363);
წმიდა მოწამენი: მელასიპე, კასინია და ძე მათი ანტონინე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობაში ეწამნენ ფრიგიის ანკვირიაში 363 წელს. მელასიპემ და კასინიამ რკინის ჩანგლებით სხეულდაფლეთილებმა და დასახიჩრებულებმა, ტანჯვით შეჰვედრეს სული უფალს. მათმა ძემ, ყრმა ანტონინემ, რომელსაც მტარვალი აიძულებდა, მშობლების წამებისთვის ეცქირა, განდგომილ იმპერატორს სახეში შეჰნერწყვა. ამისთვის იგი საშინლად აწამეს და თავი მოჰკვეთეს. ანტონინეს წამებისას აღსრულებული სასწაულის მხილველმა ორმოცმა ჭაბუკმა ირწმუნა ქრისტე, დაუფარავად აღიარეს სარწმუნოება და მოწამეობრივად აღესრულნენ. 
მოწამეთა: ავქტისა, ტავრიონისა და თესალონიკიასი.

წმიდა თესალონიკია წარმართი ქურუმის ასული იყო. როცა უსჯულო მამამ შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი ქრისტიანი იყო, დაუნდობლად სცემა იგი, შემდეგ კი, ერთი ცნობით, სახლიდან გააგდო, სხვა წყაროს თანახმად კი – საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა ავქტი და ტავრიონი შეეცადნენ, გამოსარჩლებოდნენ ნეტარს და მისი გამხეცებული მამა გონს მოეყვანათ, ქურუმმა კი დაასმინა და შეაპყრობინა ისინი. წმიდანებმა მტკიცედ აღიარეს ქრისტე მტარვალთა წინაშე, რისთვისაც ისინი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს. მარტვილთა ნეტარი აღსასრულიდან მცირე ხნის შემდეგ ტანჯვით შეჰვედრა სული უფალს თესალონიკიამაც. მისი წმიდა ცხედარი ავქტისა და ტავრიონის ნაწილებთან ერთად პატივით დაკრძალეს მაკედონიის ქალაქ ამფიპოლში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.