…მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა (ინ. 5: 28-29).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

სულთმოფენობიდან მე-25 შვიდეული. პარასკევი
20.11.2026. მარხვა
მელიტინელ მოწამეთა: იერონისა, ისიხიოსისა, ნიკანდრესი, ათანასესი, მამანტისა, ბარაქიოსისა, კალინიკესი, თეოგენესი, ნიკონისა, ლონგინოზისა, თეოდორესი, ვალერიუსისა, ქსანთესი, თეოდულესი, კალიმაქესი, ევგენისა, თეოდოხესი, ოსტრიხიოსისა, ეპიფანესი, მაქსიმიანესი, დუკიტესი, კლავდიანესი, თეოფილესი, გიგანტისა, დოროთესი, თეოდოტესი, კასტრიკიოსისა, ანიკიტესი, თემელიოსისა, ევტიქისა, ილარიონისა, დიოდოტესი და ამონიტესი (III); ღირსისა ლაზარე გალისიელისა, სასწაულთმოქმედისა (1053); მოწამისა თეოდოტესი (303); მოწამეთა: მელასიპესი და კასინიასი და ძისა მათისა ანტონინესი (363); მოწამეთა: ავქტისა, ტავრიონისა და თესალონიკიასი.
დღის ლოცვები
ღირსი ლაზარე გალისიელის
ტროპარი: მღვიძარებითა და ლოცვითა, და ცრემლთა მდინარითა სუეტი იგი შენი დაალტვე, რომელსა ზედა სდეგ, და სიღრმით სულისათ სულთქუმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ-ჰყვენ, და იქმენ მწყემს და შემნდობელ ცოდვათა სამწყსოთა შენთა, ღირსო მამაო ჩუენო ლაზარე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ვითარცა მთიებსა დიდსა ქრისტეს ეკლესიისასა, ყოველნი გადიდებთ შენ, ღმერთშემოსილო ლაზარე, და სიხარულით ვღაღადებთ შენდა მომართ: ევედრე ქრიასტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტურგია (რიგ.) – 2 თესალონიკელთა მიმართ 3:6-18; ლიტურგია (მოწ.) – რომაელთა მიმართ 8:26-39; ლიტურგია (რიგ.) – ლუკას სახარება 12:2-12; ლიტურგია (მოწ.) – ლუკას სახარება 21:12-19.
ლიტ. (რიგ.) – 2 თეს. 3: 6-18
6. ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ. 7. რადგანაც თქვენ თვითონ იცით, თუ როგორ უნდა მოგვბაძოთ, ვინაიდან უწესოდ როდი ვიქცეოდით თქვენს შორის. 8. არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს. 9. იმიტომ კი არა, რომ ამის უფლება არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისაბაძ ნიმუშად დაგვესახა თქვენთვის თავი. 10. ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს. 11. მაგრამ გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს. 12. ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური. 13. თქვენ კი, ძმანო, ნუ მოგბეზრდებათ სიკეთის ქმნა. 14. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნეს. 15. მაგრამ მტრად კი ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ. 16. თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან. 17. მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია: მე ასე ვწერ. 18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
ლიტ. (მოწ.) – რომ. 8: 26-39
26. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით. 27. ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით. 28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. 29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. 30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა. 31. მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? 32. ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს? 33. ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ. 34. ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი. 35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? 36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“). 37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა. 38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, 39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
ლიტ. (რიგ.) – ლკ. 12: 2-12
2. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 3. ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება. 4. თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ; 5. არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ. 6. განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე. 7. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ. 8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. 11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, 12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.
ლიტ. (მოწ.) – ლკ. 21: 12-19
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო. 13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. 14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი. 15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე. 16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ. 17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. 18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. 19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 ინ. 3: 14)
წმიდანი ოცდაცამეტნი მელიტინელი მოწამენი (III)
იერონი, ისიხიოსი, ნიკანდრე, ათანასე, მამაი, ბარაქიოსი, კალინიკე, თეაგენე, ნიკონი, ლონგინოზი, თეოდორე, ვალერიუსი, ქსანთე, თეოდულე, კალიმაქე, ევგენი, თეოდოხე, ოსტრიქიოსი, ეპიფანე, მაქსიმიანე, დუკიტე, კლავდიანე, თეოფილე, გიგანტი, დოროთე, თეოდოტე, კასტრიკიოსი, ანიკიტე, თემელიოსი, ევტიქი, ილარიონი, დიოდოტე და ამონიტეწმიდა მოწამე იერონი დიდი, კაბადოკიელი, ქალაქ ტიანში დაიბადა. კეთილმსახური დედის აღზრდილი ჭაბუკი სიმშვიდითა და ზნეკეთილობით გამოირჩეოდა.
თანამმართველმა იმპერატორებმა, დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ლისიუსის წინამძღოლობით მხედართა დიდი რაზმი გაგზავნეს კაბადოკიაში. მათ დაევალათ იქ ფართოდ გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოების ამოძირკვა და, ამასთან ერთად, იმპერატორის ლაშქრისთვის ჯანმრთელი და ძლიერი მეომრების შეგროვება. ლისიუსმა სამხედრო სამსახურში სხვებთან ერთად დიდი ფიზიკური ძალით აღჭურვილი და მოქნილი იერონის აყვანაც ბრძანა, მაგრამ წმიდა ჭაბუკმა ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორების სამსახურზე უარი განაცხადა. როცა ნეტარის ლისიუსთან ძალით მიყვანას შეეცადნენ, მან, ძელით აღჭურვილმა, უკუაქცია მომხდური მხედრები და თვრამეტ თანამოაზრესთან ერთად ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. ლისიუსის მეომრებმა ვერ შეძლეს ამ მღვიმის აღება. ბოლოს იერონის ერთ-ერთი მეგობრის, კვირიკეს რჩევით, უღმერთომ გამოქვაბულს ალყა მოხსნა და თავისი რაზმი იქაურობას განარიდა; კვირიკემ კი დაამშვიდა იერონი და დაარწმუნა, ხელისუფლების ნებას დამორჩილებოდა. ამის შემდეგ წმიდანი სხვა ახალწვეულებთან ერთად მხედრების თანხლებით მეზობელ ქალაქ მელიტინში გაგზავნეს. მალე უფლის რჩეულმა იხილა სიზმრისეული ჩვენება, სადაც მისი მოახლოებული მოწამეობრივი აღსასრული იყო გაცხადებული. მელიტინში თავმოყრილ მეომრებს ლისიუსმა წარმართული ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, იერონმა და მასთან ერთად სხვა ოცდათორმეტმა მხედარმა უარი განაცხადეს ამ მოთხოვნის შესრულებაზე და მხნედ აღიარეს ქრისტე. მაშინ მტარვალმა განკარგულება გასცა, დაუნდობლად ეგვემათ წმიდანები, იერონისთვის კი ხელი მოეკვეთათ. ბრძანების შესრულების შემდეგ ჯალათებმა სულთმობრძავი მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს, დილით კი ყველას თავები მოჰკვეთეს.
სიკვდილით დასჯილი ყველა მეომრის ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს. მოგვიანებით, იმპერატორ იუსტინიანეს ზეობისას, წმიდა ირინეს სახელობის ტაძრის მშენებლობის დროს, ნეტარი მარტვილების ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული.
წმინდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი (+303)
თეოდოტე დაქორწინდა, ფლობდა სასტუმროს, თავს პატიოსანი შრომით ირჩენდა და ყოველ უპოვარს – ქრისტიანს თუ წარმართს, გულუხვად შეეწეოდა, რის გამოც უფლისგან კურნების მადლი ებოძა.
303-301 წელს ქრისტიანთა საშინელი დევნისას ნეტარმა ხორბლის და ღვინის დიდი მარაგი შექმნა და თავისი სასტუმრო იმ ადგილად აქცია, სადაც ქრისტიანები საკვებს და თავშესაფარს პოვებდნენ, ხოლო იმ აღმსარებელთ, ვისაც წილად ტყვეობა ერგო, უშიშრად ნახულობდა საპყრობილეებში და სულიერად განამხნევებდა, გარდაცვლილ მოწამეებს კი აპატიოსნებდა და ქრისტიანულად კრძალავდა.
სწორედ ასე განამხნევებდა მეგობარსაც, სახელად ვიქტორს, წარმართნი ქრისტეს უარყოფის სანაცვლოდ უხვ საბოძვარს და მიწიერ პატივს რომ ჰპირდებოდნენ. თუმცა, უკანასკნელ წუთებში შედრკა და მოწამებრივი გვირგვინი დაკარგა.
სხვა ქრისტიანმა, ვალენტიმ, ბოლომდე დაითმინა ტანჯვა, თეოდოტემ მის სხეულს მდინარე გალისში მიაგნო და მიწას მალის (დღეს ამ ადგილს კალეჯიკი ჰქვია) ციხესიმაგრესთან მიაბარა.
იქვე შეხვდა ადრე მის მიერ საპყრობილეებიდან გამოხსნილ ქრისტიანებს, მისი ხილვით ძლიერ რომ განიხარეს და ერთად ტრაპეზი გადაწყვიტეს, თან მალიდან ერთი მღვდელი, ფრონტონიც მოიწვიეს.
თეოდოტემ ამ ადგილას, რომელიც მყუდროების გამო ძლიერ ესათნოა, ფრონტონს საძვალის აგება შესთავაზა მოწამეთათვის და შეჰპირდა, ტაძრისთვის წმინდა ნაწილებს თავად გამოგიგზავნიო!
ანკვირს დაბრუნებულს იქაურობა დიდ შფოთში დახვდა: – მისი დეიდა, ტეკუსა, ექვსი თანამოღვაწითურთ წარმართთ შეეპყროთ.
თეოდოტემ სხვა ქრისტიანებითურთ თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარა და უფალს მათ განმტკიცებას შეევედრა.
ოდეს შეიტყო, წმინდა დედებმა ქრისტეს უერთგულეს და ისე აღესრულნენ, განიხარა და იმაზე იწყო ფიქრი, თუ როგორ აღმოეყვანა მათი სხეულები ტბიდან, სადაც ჯალათებმა ჩაყარეს და წესისამებრ დაეკრძალა.
ლოცვისას წმინდა ტეკუსა გამოეცხადა და ურჩია, ეს ღვთივსათნო საქმე დაუყოვნებლივ და უშიშრად აღესრულებინა.
ღამეულ ბინდში მიადგნენ თეოდოტე და მისი თანმხლებნი ტბის სანაპიროს, საშინელი ქარბუქი რომ ატყდა, მალე კი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა მარტვილთა ცხედრები.
ტბის ნაპირას ჩამწკრივებულ საიმპერატორო დაცვას კი ჩირაღდნებიანი წმინდა მოწამე სოსანდრე გამოეცხადა, რამაც უკიდურესად შეაშინა ისინი და იქაურობა უკანმოუხედავად დატოვეს.
ქრისტიანებმა კი ქალწულმოწამეთა ნაწილნი აღმოიყვანეს და ტაძარში პატივით დაკრძალეს.
ამ ამბავმა მეორე დღეს მთელი ქალაქი აღაშფოთა, მმართველის ბრძანებით, მეომრებმა ყველა ქრისტიანი შეიპყრეს, მათ შორის, თეოდოტეს ერთ-ერთი მეგობარი, პოლიქრონიოსი, რომელმაც წამებას ვერ გაუძლო, მოწამეთა დაფლვის ადგილი გაამხილა და ისიც გაამჟღავნა, რომ სიწმინდენი ტბიდან თეოდოტემ აღმოიყვანა.
მმართველმა მყისვე ბრძანა, მარტვილნი საფლავებიდან ამოეთხარათ და ცეცხლისთვის მიეცათ, თეოდოტე კი შეეპყროთ.
ნეტარმა ყური არ ათხოვა მეგობართა თხოვნას, იქაურობას გასცლოდა და მტარვალს საკუთარი ფეხით ეახლა.
სასამართლოზე დამცინავად შეავლო თვალი საწამებელ იარაღებს და მისთვის განმზადებულ ცეცხლს, მტკიცედ უარყო უსჯულოს ლიქნით აღვსილი დანაპირები და არც იმ ღმერთთა დაცინვას მორიდებია, ქრისტეს ერთი მეომრის წინააღმდეგ ამდენი შეიარაღებული ჯარისკაცი რომ დასჭირდა.
მისმა სიტყვამ უაღრესად გააშლეგა მმართველი და მისი წარმართი ქურუმნი, გონწართმეულებმა თმა და სამოსი რომ შემოიგლიჯეს, არანაკლებ გაცოფებულმა ბრბომ კი მათი ღმერთების უარმყოფელის უმოწყალო დასჯა ითხოვა.
თეოდოტე საშინლად ტანჯეს, შემდეგ – მუხის ხეზე გააკრეს და სხეული რკინის კავებით დაუსერეს, ჭრილობებში ძმარი ჩაასხეს, ზედ კი ცეცხლმოდებული თივა დაადეს, მარტვილი კი იმეორებდა, – ამით კი არ გამტეხთ, უარესად მაძლიერებთ, რამეთუ უფალი ჩემი თავის მოყვარულთ არ დაუტევებს და თქვენთვის მიუწვდომელი ძალით განამტკიცებთო.
ჯალათებმა კბილები და ყბები ქვებით ჩაულეწეს, შემდეგ დაქანცულებმა თავი ანებეს და კვლავ საპყრობილეს მისცეს. გავიდა ხუთი დღე და თეოდოტე კვლავ წარუდგა მსაჯულს, რომელმაც კვლავ სასტიკად ტანჯა მარტვილი, ბოლოს გავარვარებულ აგურებზე დააწვინეს. რომ ვერას გახდნენ, მმართველმა მისთვის თავის წარკვეთა და ცეცხლში შთაგდება ბრძანა.
სასჯელის აღსრულების ადგილს რომ მიუახლოვდნენ, თეოდოტემ მადლობა შესწირა უფალს და ეკლესიის მშვიდობა შესთხოვა, იქ მყოფი ქრისტიანნი კი ანუგეშა, პატიოსანი თავი მორჩილად დაუხარა ჯალათს და ასე მიიღო სიკვდილი.
ხოლო როდესაც მისი სხეულის დაწვა მოინდომეს, კოცონს იმგვარი ნათელი შემოერტყა, მტარვალებმა მიკარება და ცეცხლის შეგზნება ვეღარ შეძლეს და მარტვილის წმინდა ნაწილი დაწვას გადაურჩა.
იმავე დღეს მამა ფრონტონმა იმ ქალაქის სიახლოვეს ჩაიარა, დაღლილმა სახედარმა, ტვირთად ღვინო რომ მიჰქონდა, სწორედ იმ ადგილას შეისვენა, სადაც წმინდა მოწამის სხეული ესვენა და გარშემო მცველნი დახვეოდნენ.
მეომრებმა ღამის გასათევად მღვდელი თავისთან მიიწვიეს და თეოდოტეს მარტვილობის ამბავიც აუწყეს.
მაშინ ფრონტონმა თავისი ღვინის გასინჯვა შესთავაზა, ხოლო როდესაც შეზარხოშებულ მცველებს თავი ძილმა მოსტაცა, მარტვილის სხეული აიღო, სახედარზე მოათავსა, ამ უკანასკნელმა კი სწორედ იმ ადგილამდე მიიყვანა, სადაც თეოდოტემ ფრონტონს საძვალის და ტაძრის აგება სთხოვა.
ასე აღასრულა მოწამემ დადებული პირობა, – შენი ტაძრისთვის წმინდა ნაწილებს თავად გამოგიგზავნიო!
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, წმინდა მამაო!
წმიდა მოწამენი: მელასიპე და კასინია და ძე მათი ანტონინე (+363)
წმიდა მოწამენი: მელასიპე, კასინია და ძე მათი ანტონინე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობაში ეწამნენ ფრიგიის ანკვირიაში 363 წელს.მელასიპემ და კასინიამ რკინის ჩანგლებით სხეულდაფლეთილებმა და დასახიჩრებულებმა, ტანჯვით შეჰვედრეს სული უფალს. მათმა ძემ, ყრმა ანტონინემ, რომელსაც მტარვალი აიძულებდა, მშობლების წამებისთვის ეცქირა, განდგომილ იმპერატორს სახეში შეჰნერწყვა. ამისთვის იგი საშინლად აწამეს და თავი მოჰკვეთეს. ანტონინეს წამებისას აღსრულებული სასწაულის მხილველმა ორმოცმა ჭაბუკმა ირწმუნა ქრისტე, დაუფარავად აღიარეს სარწმუნოება და მოწამეობრივად აღესრულნენ.
ღირსი ლაზარე გალისიელი (+1053)
ღირსი ლაზარე გალისიელი ქალაქ მაგნეზიაში (აზია) დაიბადა. სიყრმიდანვე სიმშვიდით და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეულმა წმიდანმა საფუძვლიანი განათლება მიიღო, შემდგომ კი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა. აქ ნეტარმა ათი წელი დაჰყო და საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა.იერუსალიმის პატრიარქმა ღირსი ლაზარე მღვდლად აკურთხა, რის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა და ეფესოს მახლობლად, გალისიის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი საკვირველი ხილვის ღირსი შეიქნა: ცად აწვდილ ცეცხლოვან სვეტს შემოხვეული ანგელოზები გალობდნენ: „აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი“. ამ გამოცხადების ადგილას უფლის რჩეულმა ქრისტეს აღდგომის სახელობის ტაძარი ააგო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. მალე დიდი მოსაგრის ირგვლივ მოწაფეები შემოიკრიბნენ და დაფუძნდა მონასტერი.
წმიდა ლაზარეს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და განემზადა კიდეც, მაგრამ საძმოს მხურვალე ვედრებით უფალმა მას კიდევ თხუთმეტი წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე.
ღირსი ლაზარე 1053 წელს გარდაიცვალა, სამოცდათორმეტი წლის ასაკში. წმიდა მამის ნაწილთა აღმოყვანებას ეკლესია 17 ივლისს იხსენიებს (იხ. ამ დღის საკითხავი).
წმინდა მოწამენი: ავქტი, ტავრიონი და თესალონიკია, ამფიპოლელნი, მაკედონელნი (20) ნოემბერი
წმინდა თესალონიკია სახელგანთქმული წარმართი ქურუმის, კლეონის ასული გახლდათ. როდესაც მამამისმა მისი გაქრისტიანების შესახებ შეიტყო, ყოველგვარად შეეცადა, ასულისთვის ქრისტეზე უარი ეთქმევინებინა, თუმცა, ამაოდ.
მაშინ გაცოფებულმა თესალონიკია გააშიშვლა და მანამ აგვემინა ოთხ მამაკაცს, სანამ ნეკნები არ შეუმუსრა, შემდეგ კი შინიდან განდევნა.
ამ საშინელი ტანჯვით აღშფოთებული ორი ქრისტიანი, ავქტი და ტავრიონი ხმამაღლა ჰყვედრიდნენ კლეონს სისასტიკეს, რამაც ისეც გამხეცებულ წარმართს გონი მთლად წაართვა, შეიპყრო, თესალონიკიას მსგავსად შიშვლები გვემა, შემდეგ კი – ქვეშევრდომთ მათი ქვით ჩაქოლვა უბრძანა.
ნეტარნი მახლობელ ტბას მისცეს, თუმცა, ღვთის წყალობით, ყოველივეს უვნებლად გადაურჩნენ, რის შემდეგაც ორივეს თავები მოჰკვეთეს.
* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა ათინოდორესი, ძმისა წმინდისა გრიგოლ საკვირველმოქმედისა

