“ადექით, ნუ გეშინიათ!” ეს არის ფერისცვალება

იესო ეკუთვნის არა მხოლოდ პეტრეს, იაკობსა და იოანეს, არამედ ყველას, ვისაც შეუძლია ფერისცვალების დღეს სულით შეიგრძნოს მაცხოვრის ხელი
წინარე ამბავი:

ფერისცვალებასთან დაკავშირებულ ამბავში მოწაფეები რამდენიმე უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ , რომელთაგან ყველაზე ძნელად მისაღები და დაუჯერებელი ის იყო, რაც თვით მაცხოვარმა აუწყა მათ: “უნდა წასულიყო იერუსალემს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი და აღმდგარიყო მესამე დღეს” (მათ. 16:21), მით უმეტეს, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პეტრემ, მამა ღმერთის ნებით, შეიცნო და აღიარა იესო: “შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა” (მათ. 16:16). ეს არის უდიდესი აღიარება – პეტრემ ადამიანში ღმერთი შეიცნო! ანუ მოხდა ის, რისთვისაც უფალმა ხორცი შეისხა.

უფლის პირველ აღმსარებელს – პეტრეს ძე ღმრთისამ უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა და აკურთხა: “და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. და მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც” (მათ. 16:18-19). სწორედ აქ იღებს დასაბამს ქრისტიანობა.

ღვთის შემეცნებაში მოციქულთა შორის თითქოს პეტრე დაწინაურდა, მაგრამ, როგორც ახალფეხადგმულმა ჩვილმა, პირველმა მანვე წაიბორძიკა. იესოს სთხოვდა, ჯვარცმას განრიდებოდა: “შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!” (მათ. 16:22). პეტრე თავიდანვე ვერ მიხვდა, რომ მას შემდეგ, რაც იესოში უფალი დაინახა, საკმარისი აღარ იყო მხოლოდ გულითადი სიყვარულით მოქმედება (1 მეფ. 13:14), აღარც უფლის ოდენ გონებით (3 მეფ. 3:9) ანდა მარტო სულით შეყვარება (3 მეფ. 19:13) კმაროდა. პეტრესთვის უფლის შემეცნების ეტაპი დამთავრდა და დაიწყო ახალი, ქრისტიანული ცხოვრება, რომლის დროსაც უფლის ნების საკუთართან გაიგივებაა საჭირო.

უფლის აღსარებას უნდა მოჰყვეს უყოყმანო აღსრულება არა მხოლოდ რჯულისა, არამედ კონკრეტულ საქმეში გამოხატული უფლის ნებისა. პეტრე ჯვარცმასა და ქრისტეს სიკვდილში მხოლოდ იუდეველთა მიერ განხორციელებულ უსამართლობას ხედავდა. მან ვერ შეიცნო მაცხოვრის ჯვარცმა, როგორც კაცობრიობის გადარჩენისთვის გაღებული მსხვერპლი.

წმინდა პეტრე თავისი შეცდომებით მუდამ ჩვენს შეცდომებზე მიგვითითებს და გვასწავლის, რომ მათით არ მთავრდება ჩვენი ქრისტიანობა – დაცემას ყოველთვის უნდა მოჰყვეს წამოდგომა.

სუფევა, პატივი, ძალი და დიდება იესოსი

ფერისცვალება მაცხოვრის მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს პერიოდში განხორციელდა. აქტიური ქადაგებისა და მრავალთა განკურნების შემდეგ ცხარდებოდა კამათი იესოს ბუნების, პიროვნებისა და მისიის შესახებ.

ფარისევლები, სადუკევლები, ჰეროდიანელები, მწიგნობრები საერთო ძალებით ცდილობდნენ მოსახლეობის უფლისგან ჩამოშორებას და გარკვეული თვალსაზრისით ამას აღწევდნენ კიდეც: ებრაელი ხალხი მესიას ძლიერი მეფის სახით ელოდა, უფალი კი თავმდაბლობასა და მორჩილებას ქადაგებდა; იუდეველები ფიქრობდნენ, რომ მესიის მოსვლის შემდეგ წარმართი ხალხები მათ დაემორჩილებოდნენ, იესოს ქადაგებიდან კი გამოდიოდა, რომ სასუფეველში წარმართებსა და იუდეველებს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონოდათ; ებრაელები იმედოვნებდნენ, რომ მათი კანონები მთელ ქვეყანაზე გავრცელდებოდა და ყველა ხალხისთვის აუცილებელი გახდებოდა, მათი აზრით კი, მაცხოვარი ამ კანონებს აუქმებდა; დაბოლოს, ხალხი დიდი ცვლილებებისა და სახელმწიფო გადატრიალებებისთვის, ზეციური ნიშნებისა და სასწაულებისთვის ემზადებოდა, მაცხოვარი კი ქადაგებდა: “ღმერთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია” (ლუკ. 17:20-21).

ამრიგად, მეტად არაერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა სასუფევლის მოლოდინი, და ეს პროცესი დღევანდელი ადამიანისთვისაც აქტუალურია. როგორც დავინახავთ, მასში გარკვევას პიროვნებაში განხორციელებული ფერისცვალება უნდა უსწრებდეს წინ.

პეტრეს აღსარებიდან ფერისცვალებამდე მათე და მარკოზი ექვს დღეს ითვლიან, ლუკა – რვას. რა ხდებოდა ამ შუალედში? ამაზე სახარება პირდაპირ არაფერს გვეუბნება, მაგრამ იმის გამო, რომ ამ დღეების დაწყების წინ მაცხოვარმა პირველად განაცხადა თავისი წამებისა და ჯვარცმის შესახებ, ხოლო ამ განცხადებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ფერისცვალება განხორციელდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ – ეს იყო დრო, რომელიც თაბორისა და გოლგოთის მთაზე მოსალოდნელი მოვლენების გააზრებას დაეთმო. სწორედ ამ დღეებში მიმდინარე დაძაბული სწავლების დამაგვირგვინებლად გვესახება მაცხოვრის სიტყვები: “ვისაც სურს, მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, ის პოვებს მას” (მათ. 16:24-25).

და კიდევ, უფალი ბრძანებს: “ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმერთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით” (მარკ. 9:1).

მოციქულები ჯვარცმამდე ფერისცვალების აღსრულებაზე მიგვანიშნებენ: მათესგან ვგებულობთ, რომ ფერისცვალება ძე კაცისას დიდებით სუფევაა (მათ. 16:28); ამასვე ვკითხულობთ პეტრე მოციქულის მეორე ეპისტოლეში: “ვინაიდან მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება” (2 პეტრ. 1:17); მარკოზის ვერსიაში კი წერია – მომავალს ძალმოსილებით (მარკ. 9:1); იმავეს ამბობს წმინდა პეტრეც: და გაუწყეთ “უფლის ჩვენის იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა” (2 პეტრ. 1:16).

ერთი სიტყვით, მოციქულები ფერისცვალებას განგვიმარტავენ, როგორც უფლის მობრძანებას ცათა სასუფეველში და მის სუფევას ძალით, დიდებითა და პატივით – ფერისცვალება მაცხოვრის მეორედ მოსვლის პირველსახეა.

თაბორის მთაზე ამაღლება პეტრესი, იაკობისა და იოანესი

“წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით” (მათ. 17:1). ვინც თაბორის მთაზე აიყვანა, – ბრძანებს წმინდა ეფრემ ასური, – მათ უნდა ეხილათ, როგორი იქნება იესო ქრისტე ადამიანურ სხეულში და თავის საუფლო დიდებაში მეორედ მოსვლის ჟამს.

აიყვანა მთაზე კიდევ იმიტომ, რომ უწინარეს, როდესაც ჰკითხა მათ: “რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე, ძე კაცისა? მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს – ელია, ზოგს – იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმტყველი” (მათ. 16:13-14), მთაზე კი მოწაფეებს უნდა ენახათ, რომ იესო ელია კი არა, ელიას უფალია; რომ იესო იერემია კი არა, ის არის, ვინც იერემია დედის საშოში აკურთხა; და იესო რომელიმე წინასწარმეტყველი კი არა, ღმერთია, რომელმაც წინასწარმეტყველები ხალხთან გამოაგზავნა. მოწაფეებს უნდა გაეგოთ, რომ იესო ქრისტემ შექმნა ცა და ქვეყანა, რომ ის არის ღმერთი ცოცხალთა და მიცვალებულთა და რომ მან ამ შეხვედრისთვის ზეციდან გამოიხმო ელია და მკვდრეთით აღადგინა მოსე.

აიყვანა მოწაფეები იესომ მთაზე და უჩვენა თავისი სასუფეველი, რადგან მას ჯვარცმა ელოდა და მოწაფეებს უნდა სცოდნოდათ, რომ იესო ჯვარს ეცვა არა უძლურების გამო, არამედ საკუთარი ნებით, ქვეყნის გადასარჩენად.

“მაღალ მთაზე აიყვანა, – გვასწავლის თეოფილაქტე ბულგარელი, – რადგან გვიჩვენა, ვინც ყოფაზე არ ამაღლდება, არ არის ღირსი ასეთი საუფლო სახილველისა”. ამრიგად, ღირსი თეოფილაქტე გვამცნობს, რომ ფერისცვალების ხილვა სასუფევლის ხილვაა, რასაც მხილველის ამაღლება სჭირდება.

ძე კაცისა. ლოცვა, დიდება და ფერისცვალება

იესო თავის სამ მოწაფესთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა (წმინდა წერილში მთა არაერთხელ წარმოგვიდგება უფალთან შეხვედრის ადგილად. მაგ.: იეზ. 40:2; გამოცხ. 21:10 და სხვა მრავალი). როგორც წმინდა ლუკა ბრძანებს: იესო “სალოცავად ავიდა მთაზე” (ლუკ. 9:28). მისი ლოცვა იმდენად ძლიერი იყო, რომ შექმნილი განცდის გამო “პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებული იყვნენ ძილით” (ლუკ. 9:32). ამ გეთსემანიის ბაღის მსგავს ლოცვით აღსავსე გარემოში (მათ. 26:43; მარკ. 14:40) მოწაფეებმა აიძულეს თავი, დაძლიეს ძილი და შეძლეს ეხილათ სახილველი, რამეთუ ნათქვამია: “იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე ცათა სასუფეველი ძალით იღება და მოძალადენი მიიტაცებენ მას” (მათ. 11:12). ეს ფრაგმენტი გასაგებს ხდის, თუ რატომ არ ახლდნენ იესოს სხვა მოწაფეებიც და რატომ იხილა მხოლოდ ამ სამმა იესოს დიდება “და მასთან მდგომარე ორი კაცი” (ლუკ. 9:32).

მოწაფეების თვალწინ იესომ ლოცვის დროს ფერი იცვალა და დიდებით შეიმოსა. ერთი მხრივ, მოწაფეები ხედავდნენ, თუ რა ძალა აქვს სრულ ლოცვას, ხოლო, მეორე მხრივ, დაინახეს – ლოცულობს ძე კაცისა და ამ ფერისცვალებაში ადამიანის შესაძლებლობები და დიდება აისახება. ადამიანმა “იცვალა მათ წინაშე ფერი, და მზესავით განბრწყინდა მისი სახე, და ნათელივით გასპეტაკდა მისი სამოსი” (მათ. 17:2).

ადამიანის სახის გაბრწყინება გამოსვლის წიგნშიც არის აღწერილი, მაგრამ მაშინ ეს მოსეზე ღვთის დიდების გადმოსვლის გამო მოხდა (გამ. 34:29). იესოს შემთხვევაში კი ფერისცვალება შიგნიდან მომდინარეობდა. ლოცვის დროს ძე კაცისაში სულიწმინდა შებრძანდა და განათდა არა მხოლოდ იესოს სახე და სხეული, არამედ ფერი იცვალა მისმა სამოსმაც. ეს შეძლო მხოლოდ ადამიანმა, რადგან იესომ “დაიმცირა თავისი თავი, მონის ხატი შეიმოსა და მსგავს კაცთა იქმნა” (ფილ. 2:7).

ფერისცვალება და ის დიდება, რომელიც მას თან ახლდა, იყო ჭეშმარიტი, გულმხურვალე ლოცვის გამოძახილი და პასუხი იესოს უცოდველობისა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იესო სრული ადამიანია და თუ ვინმეს ჰგონია, თაბორის მთაზე მამა ღმერთმა უცვალა ფერი ძე ღმერთს, ცდება უცილოდ. ფერისცვალება მოხდა თვით იესოში – ადამიანში.

სრული ადამიანისა და სრული ღმერთის ძალა და დიდება

ამავე დროს თაბორის მთაზე იესო – სრული ადამიანი – სრულად გაცხადდა თავის ჰიპოსტასში, როგორც სრული ღმერთი, ურთიერთშეურეველი და ურთიერთგანმმსჭვალველი მეორე პირი სამებისა, რომელიც ინარჩუნებს თავის ღვთაებრივ ბუნებას, რაც ამავდროულად უდავოდ გულისხმობს, რომ: “ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც მის მსგავსადვე იქმს” (იოან. 5:19).

შესაბამისად, ქრისტიანს უნდა შესწევდეს უნარი, იხილოს, რას იქმს ქრისტე – სრული ღმერთი და სულიწმინდის მადლით თვითონაც იმას იქმოდეს. და რადგან მამა და ძე ქმედებაში ერთნი არიან, ამით ქრისტიანიც იმას იქმს, რასაც მამა. ამ შესაძლებლობის ამსახველი ფერისცვალების სახილველად მოამზადა უფალმა თავისი მოწაფეები, რადგან ასეთი ფერისცვალების გარეშე ადამიანის უფალთან შერწყმა შეუძლებელია. შემდგომ ეს ჭეშმარეტება იქადაგეს მოციქულებმა როგორც იუდეველთათვის, ისე წარმართთათვის, ამ ჭეშმარიტებასვე ქადაგებს დღეს ეკლესია.

გარდა იმისა, რომ მოწაფეებმა შეძლეს ეხილათ, როგორ იცვალა ფერი იესომ, მათ დაინახეს იესოსთან მოსაუბრე დიდებით მოსილი ორი მამაკაცი (ლუკ. 9:31). ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მოწაფეები შესაბამის სულიერ მდგომარეობაში იყვნენ, რადგან მათ, ჩვეულებრივმა ადამიანებმა, შეძლეს ეხილათ “სასუფეველი ღმრთისაი” (მარკ. 9:1; ლუკ. 9:27) და ძე კაცისა, მომავალი თავისი სუფევით (მათ. 16:28).

სასუფეველში მოწაფეებმა ამოიცნეს მოსე – სახე ძველი აღთქმის სჯულისა და ელია წინასწარმეტყველი – სახე აღსრულებული და ჯერ კიდევ აღუსრულებელი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა. მოსე და ელია იმისთვის გახდნენ ხილულნი, – გვასწავლის ღირსი თეოფილაქტე ბულგარელი, – რათა მოწაფეებს ეხილათ იესო, როგორც უფალი სჯულისა და წინასწარმეტყველებისა, მიცვალებულებისა და ცოცხლებისა.

იესო, მოსე და ელია – საუბარი იესოს განსვლასა და სამყაროს გასრულებაზე

მოსესა და ელიას წინაშე იდგა თვითონ იესო ქრისტე და ეს ნიშნავს სჯულს, გზასა და სასუფეველს ანუ საქმის სისრულეს. დარჩენილი იყო ერთი უმძიმესი ნაბიჯი – მაცხოვრის ჯვარცმა: “და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; ესენი იყვნენ მოსე და ელია, დიდებით მოვლენილნი, და მისი გასვლისთვის ესაუბრებოდნენ იესოს, რაც უნდა აღსრულებულიყო იერუსალემს” (ლუკ. 9:31). განსვლაში ნაგულისხმებია არა მხოლოდ იესოს ჯვარცმა, ანუ მისი მიწიერი ცხოვრების დასრულება, რის შესახებაც უფალმა აუწყა პეტრეს (2 პეტ. 1:15), არამედ აღდგომაც და ცათა სასუფეველში, მამა ღმერთთან ამაღლებაც (იოან. 16:28), კვლავდაბრუნებაც და ცოცხალთა და მკვდართა დიდებით განსჯაც.

ახლა კი, ამ სინამდვილეში, – როგორც კვლავაც წმინდა ეფრემ ასური გვიბრძანებს, – ეს მთაზე ასვლა უდიდესი სიხარულის მომგვრელი იყო. ხარობდნენ იესოს ადამიანური ბუნების შემხედვარე მოსე და ელია, რადგან აქამდე ისინი იესოს მხოლოდ როგორც უფალს ცნობდნენ; ხარობდნენ მოციქულები, რადგან პირველად იხილეს იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. და დიდი იყო ძველი და ახალი აღთქმის წინამძღოლთა და მასწავლებელთა სიხარული და ბედნიერება!

უცნაური, მიუწვდომელი ბედნიერების შეგრძნების მიუხედავად, სახილველს მოციქულები სრული დუმილითა და სიმშვიდით ადევნებდნენ თვალს. ბოლოს ისევ პეტრემ შეუცნობელი აღფრთოვანება ასე გამოხატა: “უფალო! რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებეთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას” (მათ. 17:4). “უმჯობესია, აღარ დავბრუნდეთ ბოროტებითა და სიმუხთლით აღსავსე ქვეყანაში”, – ფიქრობდა პეტრე. ლუკა პეტრეს ამ ნათქვამს ასეთ კომენტარს უკეთებს: “რადგან არ იცოდა, რას ამბობდა” (ლუკ. 9:33).

ჩვენება წმინდისა სამებისა და ხმა ღრუბლით გამო

როცა პეტრე უფალს კარვებს სთავაზობდა, “სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი” (მათ. 17:5). როგორც ტექსტიდან ჩანს, ეს არაჩვეულებრივი, საიდუმლო ნათლით აღსავსე ღრუბელი უცბად გაჩნდა და უცბადვე გაიფანტა.

უფლის გამოცხადებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ღრუბელს (გამ. 13:22; 16:10; 24:16; 40:34-38). საინტერესოა ისიც, რომ სინას მთაზე ღრუბელში უფლის გამოცხადებას ვხედავთ (გამ. 19:16-19; 24:15-18). უფრო სწორად, უფალი ღრუბლით არის დაფარული – მოცული. მაგრამ თუ ძველ აღთქმაში ხალხი მხოლოდ შორიდან უცქერდა ღრუბელს, აქ, ამ ეპიზოდში “ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი” (მათ. 17:5).

ამის შემდეგ ღრუბელი თითქოს შეეხო მოწაფეებს: “და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, უსმინეთ მას” (ლუკ. 9:34-35). სიტყვებით “ეს არის ძე ჩემი…” მამა ღმერთი თითქოს ეხმაურება პეტრეს შეცდომას.

ეს ღრუბელი ნათელია და არა დაბურული, როგორც ძველ აღთქმაში, რადგან იგი მსწავლელია და არა შიშის მომგვრელი. ღრუბლიდან ხმა ისმის და ეს ხმა უფლისაა და არა მოსესი ან ელიასი, – განგვიმარტავს ღირსი თეოფილაქტე ბულგარელი.

გამოსვლის 24-ე თავიდან მოყოლებული, ზეციდან შესმენილი უფლის სიტყვის საფუძველზე, ჯერ რჯულის წიგნები იწერებოდა, შემდეგ კი ქრისტეს შესახებ გაისმოდა: “ძე ხარ ჩემი” (ფსალ. 2:7). იმავეს ბრძანებს უფალი ნათლისღების დროს: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც კეთილად გამოვჩნდი მე” (მათ. 3:17), “შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი” (მარკ. 1:11, ლუკ. 3:22). ფერისცვალების დროს კი პირველად გაისმა მოსეს, ელიას, მოციქულებისა და ყველას გასაგონად უფლის მიერ წარმოთქმული მოწოდება “უსმინეთ მას”: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, უსმინეთ მას” (ლუკ. 9:35, მარკ. 9:7); “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც კეთილად გამოვჩნდი მე. მას უსმინეთ” (მათ. 17:5).

ამით ნათქვამია, რომ ყველა ეტაპი დასრულდა, კაცობრიობამ ყველა საფეხური განვლო, დადგა ბოლო ჟამი და მხოლოდ იესო ქრისტეს მოსმენას შეუძლია, ადამიანი ცათა სასუფევულში აიყვანოს.

იესო ქრისტემ პირველად მისცა საშუალება თავის მოწაფეებს, ეხილათ უფლის დიდება. ეს იყო შეხვედრა სამებასთან: მამა ღმერთი – ხმა ღრუბლიდან, ძე ღმერთი – ძე კაცისას სახით და სულიწმინდის ნათლით განათებული სასუფეველი. ძველ აღთქმაში მოსემ ვერ გაუძლო სახილველს: “იმ წამსვე მიწად დაიხარა მოსე და თაყვანი სცა” (გამ. 34:8), ვერც მოწაფეებმა გაუძლეს: “ეს რომ ჩაესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ თავზარდაცემულნი” (მათ. 17:6). მაგრამ განსხვავებით ძველი აღთქმისგან, მოწაფეებს მიუახლოვდა იესო, “ხელი შეახო და უთხრა მათ: ადექით, ნუ გეშინიათ” (მათ. 17:7). ისინი წამოდგნენ. ღრუბელი გაფანტულიყო, მოსე და ელია აღარსად ჩანდნენ, მათ წინ მხოლოდ იესო ქრისტე იდგა…

იესო ქრისტე წინასწარმეტყველებათა ერთადერთი აღმსრულებელია, სრული სჯულის მატარებელია, ერთადერთი შუამავალია. ამრიგად, დღეს ცნობილია გზაც, მეგზურიც და სასუფეველიც.

იესო ეკუთვნის არა მხოლოდ პეტრეს, იაკობსა და იოანეს, არამედ ყველას, ვისაც შეუძლია ფერისცვალების დღეს სულით შეიგრძნოს მაცხოვრის ხელი და შეისმინოს: “ადექით, ნუ გეშინიათ!” ეს არის ფერისცვალება.