დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი
დოგმატური ღვთისმეტყველება
ნაწილი პირველი
დოგმატური ღვთისმეტყველების
შესავალი
ნაკვეთი II. წმინდა გადმოცემა
თავი 1. წმინდა გადმოცემა მართლმადიდებლურ სწავლებაში
- 1. წმინდა გადმოცემის გაგება
წმინდა გადმოცემა _ ეკლესიური ღვთაებრივი გამოცხადების შენახვისა და გავრცელების საერთო ფორმაა. ეს ფორმა წმინდა წერილის ავტორიტეტით არის კურთხეული, ახალი აღთქმის წიგნებში ჩვენ უამრავი ისეთი ადგილი შეგვიძლია მოვიძიოთ, სადაც ეკლესიის ცხოვრებისათვის წმინდა გადმოცემის უდიდეს მნიშვნელობაზეა საუბარი:
„ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (2 თეს. 2: 15);
„ხოლო გაქებთ თქუენ, ძმანო, რამეთუ ჩემი ყოველივე გაჴსოვს, და ვითარცა-იგი მიგეც თქუენ, მოძღურებაჲ იგი შეიკრძალეთ“ (1 კორ. 11: 2):
მერძნული სიტყვა παράδοσις (გადმოცემა, ლათ. traditio) ნიშნავს (რაიმეს) ურთიერთ მიმღეობით (მაგალითად, მემკვიდრეობით) გადაცემას, ასევე ეს შეიძლება უშუალოდ გადაცემის ხერხსაც წარმოადგენდეს.
მაინც, რას გულისხმობს მართლმადიდებლური თვალსაზრისი სიტყვებში წმინდა გადმოცემა? „ის რაც შენ მოგანდეს და არა ის, რაც შენ მიერ იქნა შეთხზული, _ ის, რაც შენ გადმოგეცა და არა ის, რაც შენ მიერ იქნა შერჩეული, გადმოცემა წვდომის კი არა დასწავლის საგანია, კერძო მფლობელობის კი არა, სახალხოდ გადაცემული საერთო მფლობელობაში მყოფი ცოდნაა…“ _ წერს წმინდა ბიკენტი ლირინელი86). ღვთაებრივი გამოცხადების ასეთი მიმღეობითი ხერხით გავრცელება თავის დასაბამს წმინდა წერილიდან იღებს:
„რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ…“ (1 კორ. 11: 23).
თავად უფალი ამას ჭეშმარიტების შენარჩუნების ფორმას უწოდებს: „…რამეთუ სიტყუანი, რომელნი მომცენ მე, მივსცენ მათ, და მათ მიიხუნეს და ცნეს ჭეშმარიტად…“ (იოან. 17: 8).
ზემოთ მოყვანილ ციტატებში შეგვიძლია ერთგვარი „ჯაჭვი“ დავინახოთ: მომეცენ _ მივსცენ _ მიიხუნეს. წმინდა წერილის თანახმად, ღვთაებრივი გამოცხადება სწორედ ამგვარად უნდა იქნეს შენარჩუნებული და გაცრცელებული.
II საუკუნის მიწურულის და III საუკუნის დასაწყისის აპოლოგეტი ტერტულიანე წერს: „ჩვენ სწავლებას მოციქულთა გადმოცემა უნდა ვუწოდოთ… მასში, უდაოდ, ის არის მოცემული, რაც ეკლესიებმა მოციქულებისგან, მოციქულებმა _ ქრისტესგან, ხოლო ქრრისტემ _ ღმერთისგან მიიღო“ 87). ამრიგად, ახალ აღთქმაში, ეკლესიის ადრეული წმინდა მამებისათვის, წმინდა გადმოცემა _ არის ღვთივგაცხადებული ჭეშმარიტების ერთი ადამიანისგან ან ერთი თაობისგან მეორისათვის გადაცემის უწყვეტი ჯაჭვი, ამასთან, ჯაჭვის საწყისი რგოლი, როგორც მაცხოვარი ბრძანებს _ უფალშია. სწორედ ამით განსხვავდება წმინდა გადმოცემა სხვა ტრადიციებისგან, მაგალითად _ კულტურული ტრადიციებისგან. პროტესტანტები მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოცემას შეიძლება ღრმა პატივისცემითაც ეპყრობიან, მის „სარგებლიანობასაც“ აღიარებენ, მაგრამ ამასთან აცხადებენ, რომ ის „ადამიანებისგან“ მომდინარეობს და ამიტომ მისი სახით ჩვენ რაიმე აუცილებელს არ უნდა ვხედავდეთ. თუ წმინდა გადმოცემას ახალი აღთქმის თვალსაზრისით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ მისი უარყოფა უბრალოდ რაიმე ადამიანური ტრადიციის უარყოფა ან აღმოსავლური ეკლესიური ტრადიციებიდან გასვლა კი არა, არამედ თავისი არსით, ეს _ ღმერთსგან მოწყვეტა იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ წმინდა წერილში ხანდახან სხვადასხვა სახის „გადმოცემები“ იგულისხმება, მაგალითად: „ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (2 თეს. 2: 15), გადმოცემა მაინც არ შეიძლება, როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და განსხვავებული შინაარსის მქონე, სხვადასხვა რწმენითი ჭეშმარიტებების ერთიანობად იქნეს განხილული. წმინდა გადმოცემის მთავარ გამაერთიანებელ პრინციპს ღვთაებრივი გამოცხადებულობა წარმოადგენს, რომლითაც მისი წარმომავლობის როგორც გარეგნული ფორმალური, ისე მისი საგნისა და შინაარსის შინაგანი ერთიანობაა განპირობებული. ღვთაებრივი გამოცხადების მიზანი არ შემოიფარგლება ადამიანებისათვის ცალკეული აღმსარებლობითი, ზნეობრივი, ისტორიული, კანონიკური და სხვა სახის ჭეშმარიტებების გადმოცემით. გამოცხადების მთავარი მიზნის შესახებ დაწერილია: „ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა“ (იოან. 20: 31). გადმოცემის პირველი და ცენტრალური ჭეშმარიტება იესო ქრისტეში სულიწმიდათი ღმერთის გამოცხადებაა, ხოლო ამ გამოცხადების მიზანი კაცთა მოდგმის გამოხსნაა. ეს უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან დაფარული საიდუმლო წმინდანებისთვის იქნა გაცხადებული: „საიდუმლოჲ იგი, დაფარული საუკუნითგან და ნათესავითგან, ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა“ (კოლ. 1: 26), და წმინდა გადმოცემის შინაგანი ერთიანობის წყაროდ და საფუძველად სწორედ ეს საიდუმლო გვევლინება.
შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ არ მიეცა ეკლესიას მთელი ღვთაებრივი გამოცხადება წერილის სახით? რატომ არ ჩაიწერა ყველაფერი წმინდა წერილში, რატომ არ იქნა ყველაფერი დაფიქსირებული?
როდესაც ამ კითხვას პასუხობენ ხშირად იხსენებენ ტრადიციას, რომელიც ადრეულ ეკლესიაში მოქმედებდა და რომლის მიხედვითაც ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან მოყოლებული სწავლებისა და საიდუმლოს აღსრულებასთან დაკავშირებული დეტალების გამხელა მხოლოდ ეკლესიის წევრისათვის შეიძლებოდა. აქედან გაჩნდა ამ ცოდნის გადაცემისა და მიმღეობის ვერბალური ტრადიცია, შემდგომში, როდესაც ქრისტიანობა ფართოდ გავრცელდა და სახელმწიფო რელიგიის სახე შეიძინა, ინფორმაციის დაფარვის საჭიროებაც გაქრა და ამის შემდეგ დაიწყო მასალის წერილობითი სახით დაფიქსირება.
თუმცა ამ პასუხს ამომწურავად ვერ მივიჩნევთ. მართლაც, გადმოცემაში არსებული ზოგიერთი ცოდნა ისეთ წერილობით ძეგლებშია დაფიქსირებული, როგორიც არის ტიპიკონი, ეკლესიურ საიდუმლოთა განწესება, კანონიკური წესები, ხატები და ა. შ. თუმცა, გადმოცემა თავისი არსით გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე გარკვეული ინფორმაციის გადაცემა: ის ისეთ მასალას მოიცავს, რისი ჩაწერაც პრაქტიკულად შეუძლებელია.
წმინდა გადმოცემა თავად ღმერთისა და ღმერთის შემეცნების შესახებ გვესაუბრება, შეცნობა კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ მსგავსისა შეიძლება, ანუ მხოლოდ მსგავსის მიერ შეიცნობა მსგავსი. იმისათვის, რომ ის შევიმეცნოთ, რასაც გადმოცემა გვაწვლის, აუცილებელია უწინარეს ყოვლისა სულიერი ცხოვრებისა და ღმერთთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება თავადაც გაგვაჩნდეს, რადგან სულიერი ცხოვრება _ უშუალოდ ცხოვრებისა და არა აზროვნების წესია. ამის შესახებ, პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი წერს: „…გადმოცემა არა მხოლოდ იდეები, არამედ გამოცდილების უწყვეტი ნაკადია. ის არ არის მხოლოდ ინტელექტუალური შეთანხმნებულობა, არამედ ჭეშმარიტების შემეცნების გზაზე მასში ცოცხალი ურთიერთობაც არის ნაგულისხმევი“88). პრაქტიკულად იგივე თვალსაზრისი გამოთქვა ორი ათასი წლის წინ მოციქულმა პავლემ, როდესაც ბრძანა: „გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით“ (1 კორ. 4: 16). ამრიგად, როდესაც წმინდა გადმოცემის შესახებ ვსაუბრობთ მხოლოდ სწავლების შედეგად მოტანილი ცოდნა კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ ისეთი სულიერი გამოცდილებაც, რომელიც ამ სწავლებას შეესაბამება და რომლის გადაცემის საშუალებაც მხოლოდ პირადი მაგალითი შეიძლება იყოს.
თუმცა წმინდა გადმოცემის შინაარსი არც ამ თავისებურებით ამოიწურება. ტრანსლიაციის პროცესში სულიერი გამოცდილება, რომელიც მოციქულებიდან მომდინარეობს, ერთი თაობიდან მეორეს დაუზიანებლად და შენარჩუნებულად შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცეს, თუ ამ ერთიანი ჯაჭვის ყველა „რგოლი“ ერთსა და იმავე ობიექტურ საფუძველს ეფუძნება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტების გადაცემის პროცესის ყველა მონაწილე ერთი და იგივე სულის მოზიარე იქნება. ამიტომ ქრისტემ არა მხოლოდ გარკვეული ცოდნა გადასცა თავის მოწაფეებს, არა მხოლოდ საკუთარი მაგალითი დაუტოვა, არა მხოლოდ ღმერთში მყოფობის გამოცდილება გაუზიარა, არამედ მან მოწაფეებს სულიწმიდას და იმ ღვთაებრივი მადლის მიღება უბრძანა, რომლითაც ღვთის შემეცნების გზა იხსნება, როგორც დაწერილია: „არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“ (საქმ. 1: 8). ქრისტეს სწავლების წვდომა მხოლოდ ღვთის მადლშია შესაძლებელი და თავად გამოცდილება ქრისტეში _ მადლმოსილი გამოცდილებაა.
მოციქული პავლეს მტკიცებით: „…არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა“ (1 კორ. 12: 3). ამრიგად, იესო ქრისტეს უფალი მხოლოდ მან შეიძლება უწოდოს, ვის გულსაც ასე თუ ისე სულიწმიდა უკვე მოეფინა. ამიტომ წმინდა ფილარეტ მოსკოველი ხაზს უსვავს, რომ წმინდა გადმოცემა _ არა მხოლოდ წესებისა და დადგენილებების ხილული და სიტყვიერი მიწოდებაა, არამედ ეს ყველაფერი „მადლისა და კურთხევის უხილავად, თუმცა დანამდვილებით გადაცემაა…“89).
ამრიგად, წმინდა გადმოცემის ერთიან და უწყვეტ ნაკადში გადმოსაცემი მასალის სამი დონე შეგვიძლია გამოვარჩიოთ:
- ღვთივგაცხადებული სწავლებისა და იმ ძეგლების გადმოცემა, რომელშიც ეს სწავლებაა დაფიქსირებული;
- ღვთივგაცხადებული სწავლების შესაბამისი სულიერი გამოცდილების გადმოცემა;
- კურთხევის მადლის გადმოცემა, რომელიც უალოდ ეკლესიური ცხოვრების პროცესში, უწინარეს ყოვლისა საიდუმლოებებში მონაწილეობის საშუალებით ხორციელდება.
[86] Викентий Лиринский. Памятные записки. С. 74-75. [Гл.] 22. [87] Тертуллиан. О прескрипции против еретиков. 21 // Квинт Септимий ФлорентТертуллиан. Избранные сочинения. М.: Прогресс, 1994. С. 115. (Тертуллиан. О прескрипции против еретиков.) Похожие высказывания имеют место и у других авторов II столетия. Сщмч.Поликарп Смирнский (ум. 156 г.) говорит о «преданном изначала слове» (Поликарп Смирнский, сщмч. Послание к Филиппийцам. Гл. VII // Писания мужей апостольских. С. 324 / 362), а сщмч. Ириней Лионский (ум. 202 г.) о «предании, которое происходит от апостолов и сохраняется в церквах чрез преемства пресвитеров», о «предании апостолов», о «церковном предании от апостолов» (см.: Ириней Лионский, сщмч. Против ересей. С. 221-223. Кн. III. Гл. 1, 3; 2, 2.). Сщмч. Ириней называет Предание также «верой, которую Церковь получила от апостолов и передает своим чадам» (Там же. С. 219. Кн. III. Предисловие). [88] Иоанн Мейендорф, протопр. Иисус Христос в восточном православном богословии. С. 11. [89] Филарет Московский, свят. Слово 144, по освящении храма Живоначальныя Троицы в Московском Данилове монастыре // Филарет Московский, свят. Творения. Т. 4. С. 100. По словам прот. Фомы Хопко, «Священное Предание — это не только собрание множества письменных документов, это передача жизни и опыта всей Церкви, вдохновляемой и ведомой Святым Духом» (Хопко Ф., прот. Основы православия. Минск, 1991. С. 9).