დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი
დოგმატური ღვთისმეტყველება
ნაწილი პირველი
დოგმატური ღვთისმეტყველების
შესავალი
ნაკვეთი I. დოგმატური ღვთისმეტყველება როგორც მეცნიერება
თავი 1. დოგმატური ღვთისმეტყველების გაგება
1.3. დოგმატი და საღვთისმეტყველო თვალსაზრისები. ერესი-მწვალებლობა
რომის-კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში აშკარაა ტენდეცია, რომლის მიხედვითაც რაც შეიძლება მეტი საღვთისმეტყველო პოსტულატი უნდა იქნეს დოგმატიზირებული. ამ საკითხთან მიმართებაში საპირისპიროს ვხედავთ მართლმადიდებლურ სწავლებაში, სადაც ჩვენი გამოხსნისათვის მხოლოდ აუცილებელი უნდა იყოს დოგმატიზირებული.
დოგმატების გარდა ღვთაებრივ გამოცხადებაში ბევრი რამ არის, რაც საიდუმლოთი რჩება მოცული და ბევრი რამ გვხვდება ისეთი, რაც ბოლომდე და აშკარად მიუწვდომელია. გამოცხადების სფეროში ღვთისმეტყველური თვალსაზრისების სიმრავლე სწორედ აქედან მომდინარეობს (თეოლოგუმენოები, ბერძ. θεολογούμενον)47).
ღვთისმეტყველური თვალსაზრისები _ ღვთისმეტყველების ან რომელიმე საეკლესიო ორგანოს მიერ გამოხატული სარწმუნეობრივ სწავლებასთან დაკავშირებული თვალსაზრისებია (აქ შეიძლება კრებაც იგულისხმებოდეს) და ამ თვალსაზრისებს საერთო ეკლესიური აღიარება არა აქვს მოპოვებული. თუ დოგმატები უდაო ჭეშმარიტებებს წარმოადგენენ, ღვთისმეტყველური თვალსაზრისების ნამდვილობა პირობითად და შედარებითად უნდა მივიჩნიოთ48).
ღვთიმეტყველური თვალსაზრისების არსებობის კანონიერება, არ ნიშნავს, რომ ღვთისმეტყველებაში თვითნებობაა შესაძლებელი. საღვთისმეტყველო თვალსაზრისები საეკლესიო გადმოცემასთან მიმართებაში მკაცრ შესაბამისობაში უნდა იყოს. ცნობილია შემდეგი კრიტერიუმები: 1) საღვთისმეტყველო თვალსაზრისი ჭეშმარიტია თუ იგი გულისხმობს თანხმობას წმინდა გადმოცემასთან, და 2) კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც საღვთისმეტყველო თვალსაზრისი მისაღებია თუ ის წმინდა გადმოცემასთან არ მოდის წინააღმდეგობაში. პრინციპში, დოგმატური ღვთისმეტყველებისათვის დასაშვებია ყველა ის თვალსაზრისი, რომელიც მეორე კრიტერიუმთან არის შესაბამისობაში.
საღვთისმეტყველო თვალსაზრისების მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ საკითხები, რომლებიც ადამიანის ბუნებას ეხება (მხედველობაში გვაქვს დიქოტომია, ანუ თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ ადამიანის ბუნება ორ ძირითად შემადგენელს _ სამშვინველს და სხეულს გულისხმობს. ამავე საკითხთან დაკავშირებით სხვაგვარია ტრიქოტომიული თვალსაზრისი, სადაც სული დამოუკიდებელი საწყისია ადამიანში და მისი განსხვავება სამშვინველისაგან არანაკლებია იმისგან, როგორიც არის სამშვინველსა და ხორცს შორის განსხვავდება); ასევე ღიად არის საკითხი იმის შესახებ, ანგელოზებსა და ადამიანებს სრულიად უხორცო სამშვინველები აქვს თუ მათ სამმშვინველებს რაღაც გამორჩეული და დახვეწილი სხეულები გააჩნიათ; კიდევ ერთი ასეთი საკითხია, ყოველი სამშვინველი უშუალოდ ღმერთის მიერ იქმნება თუ ისინი რაღაც საიდუმლო გზით მშობლებისგან წარმოიქმნებიან და სხვა მრავალი.
როგორც ვხედავთ, ეს არის საიდუმლოებით მოცული ონთოლოგიური საკითხები, რომლებსაც ადამიანის გადარჩენისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ და ძნელია სათქმელია, ამ საკითხებში საბოლოო დასკვნამდე მისვლა შესაძლებელი იქნება თუ არა.
საღვთისმეტყველო თვალსაზრისებს შორის უნდა გამოირჩეს ზოგიერთი ისეთი საძღვრო ჭეშმარიტება, რომლების უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღიდან არის წარმოქმნილი, მაგრამ დოგმატებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არ წარმოადგენენ _ ისინი არასდროს არ განუხილავთ და არ დაუმტკიცებიათ მსოფლიო კრებაზე. თუმცა ზოგიერთი მათგანი არანაკლები შინაარსისა და მნიშვნელობის მატარებელია, ვიდრე მსოფლიო კრებებზე მიღებული დოგმატები. ეს გაგებები ძირითადად იმის გამო არ განხილულა, რომ მათ გამო ეკლესიაში სერიოზული დაპირისპირება არასდროს ყოფილა. სამოძღვრო ჭეშმარიტებების ასეთი ტიპის საკითხებია: სამყაროს „არაფრისაგან“ შექმნა, ადამიანის სამშვინველის უკვდაობა და ქმნილობა, ეკლესიური საიდუმლოებების ღმერთის მიერ დამკვიდრებულობა. ყოველი აქ ჩამოთვლილი სამოძღვრო ჭეშმარიტება მთელს მართლმადიდებლურ ეკლესიაში უდაოდ არის გამოყენებული.
საღვთისმეტყველო ლიტერატურაში შეიძლება ისეთ გამოთქმას წავაწყდეთ, როგორიც არის „აღდგომის დოგმატი“, „გამოსყიდვის დოგმატი“, „დოგმატი ეკლესიის შესახებ“. ესეც სრულიად მისაღები და კორექტული გამოთქმებია.
ისეთი ხშირი საღვთისმეტყველო თვალსაზრისებიდან, რომლებსაც ამა თუ იმ ღვთისმეტყველებთან ვხვდებით, საჭიროა გავმიჯნოთ ყალბი აზრები, რომლებიც ეკლესიის ავტორიტეტით ამა თუ იმ ფორმით არის უარყოფილი. ასეთ თვალსაზრისებს წმინდა მამებთანაც კი შეიძლება წავაწყდეთ. თავისთავად ამა თუ იმ მასწავლებლის ეკლესიის მამად მოხსენიება სულაც არ იძლევა გარანტიას, რომ ამ ავტორს არ შეიძლება რაიმე საკითხთან მიმართებაში მცდარი თვალსაზრისი არ გააჩნდეს.
რატომ არის ეს შესაძლებელი? ღირსი ბარსანუფი დიდი ამას შემდეგნაირად განმარტავს: „არ გეგონოთ, რომ ადამიანები, თუნდაც წმინდანები, ღვთაებრივ სიღრმეებს სრულად ჩაწვდებოდნენ, წმინდა მოციქული ბრძანებს: „რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ“ (1 კორ. 13: 9)… წმინდანებმა… როდესაც ზევიდან მიიღეს მტკიცებულება, ახალი (საკუთარი) სწავლება ჩამოაყალიბეს, მაგრამ ამავე დროს ისიც არ დაივიწყეს რაც თავისი მასწავლებლებიდან მანამდე ჰქონდათ მიღებული, ანუ არამართებული სწავლებაც შეინარჩუნეს… ისინი (წმინდანები) არ შეევედრენ უფალს, რათა გარკვეულიყვნენ: მათ პირველ მასწავლებლებლებს სწავლება სულიწმიდათი ჰქონდათ მიღებული თუ არა, ისინი თავის პედაგოგებს ძალიან გონიერ ბრძენ ადამიანებათ მიიჩნევდნენ და ამიტომ არც უცდიათ ჩაწვდომოდნენ მათი სიტყვების ნამდვილ შინაარსს; ამრიგად, მათი მასწავლებლების აზრები მათ მიერ მიღებულ ახალ ცოდნას შეერია…“49) მართლაც, ხანდახან ეკლესიის ამა თუ იმ მამის მიერ გამოთქმული ყალბი აზრი, უშუალოდ მათი ღვთისმეტყველების პროდუქტი კი არა, წარსულში დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე მასწავლებლის გამონათქვამია.
ყალბ საღვთისმეტყველო აზრთან ახლოსაა გაგება, რომელსაც „ერესი“ (ბერძ. αἵρεσις _ არჩევანი, მიმართულება, სწავლება) ეწოდება. დასაწყისში ამ სიტყვას ნეგატიური ელფერი არ ჰქონდა და იგი ანტიკური პერიოდის სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლის აღნიშვნისათვის გამოიყენებოდა. ასეთ მაგალითებს ახალ აღთქმაშიც ვხედავთ, სადაც, მაგალითად, ფარისეველთა ერესის შესახებაა ლაპარაკი: „აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა დაიმარხონ სჯული მოსესი“ (საქმ. 15: 5); სადუკეველთა ერესის შესახებ: „აღდგა მღდელთ მოძღუარი იგი და ყოველნი მისთანანი, რომელ-იგი იყო წვალებაჲ სადუკეველთაჲ აღივსნეს შურითა“ (საქმ. 5: 17); ნაზარეველთა ერესის შესახებ: „ბილწი და შფოთის აღმძრველი ყოველთა შორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაჲ“ (საქმ. 24: 5). ამასთან, უკვე მოციქულები იყენებდნენ სიტყვა ერესს-წვალებას, მაგალითად: „იყვნეს ცრუ-წინაწარმეტყუელნი ერსა შორის, ვითარცა-იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ“ (2 პეტრ. 2: 1) ან ერეტიკოსს, ანუ მწვალებელს ისეთი მნიშვნელობით, რომლითაც ეს სიტყვა საბოლოოდ დამკვიდრდა ეკლესიაში, დაწერილია: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თჳთ დაშჯილ“ (ტიტ. 3: 10-11). საეკლესიო კრებების დაწყების ეპოქაში (IV ს.), კრებების მოწვევის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ერესებთან ბრძოლა იყო50), ამ სიტყვაში ისეთი ყალბი დოგმატური სწავლებები იგულისხმებოდა, რომლებიც ქრისტიანული სწავლების ფუნდამეტს არყევდნენ51).
ერესი, ანუ მწვალებლობა მას შემდეგ ჩნდება, რაც ზოგიერთ ადამიანთა ჯგუფებმა ეკლესიის დოგმატურ გადმოცემასთან დაპირისპირება და კათოლიკე ეკლესიის ტრადიციებისგან ჩამოცილება დაიწყო, გაჩნდა რაღაც კერძო საღვთისმეტყველო აზრი, რომელიც საერთო დოგმატური კონტექსტიდან ამოგლეჯილი და აბსოლუტიზირებულია52). თავისი არსით, ერესი, ყოველთვის ჭეშმარიტების ნაწილის თაყვანისცემა და სრული ეკლესიური სწავლების უარყოფაა.
როგორც წესი, ერესი კონკრეტული ღვთაებრივი გამოცხადებისადმი რაციონალისტური დამოკიდებულებით გამოირჩევა, მაგრამ ერეტიკოსები საღვთისმეტყველო ამოცანების გადაწყვეტისას ბოროტად იყენებენ ფილოსოფიურ საშუალებებს და ღმერთის გამოცდილებით შეცნობას, ღმერთის შესახებ ცოდნით ანაცვლებენ, იმ ჭეშმარიტებას ივიწყებენ, რომლის მიხედვითაც „ეკლესიური დოგმატები ჩვენს ცნობიერებას ისეთი ანტინომიების სახით ევლინებიან, რომ რაც უფრო ამაღლებულია, გამოხატვისათვის საიდუმლო იმდენად უფრო მიუწვდომელი ხდება“53). ამიტომ ღვთისმეტყველების ამოცანა „ანტინომიის ჩამოცილებაში და ამ გზით დოგმატის ჩვენს ცნობიერებაზე მორგებაში კი არ მდგომარეობს, არამედ იმაშია, რომ ჩვენი აზროვნება ისე შეიცვალოს, რომ ჩვენ ღვთივგამოცხადებული რეალობის ჭვრეტა შევძლოთ, ავმაღლდეთ ღმერთამდე და მეტად თუ მცირედ ღმერთს შევუერთდეთ“ 54).
უნდა აღვნიშნოთ, რომ ერესი რაიმე თეორიული გაუგებრობის გამო იშვიათად წარმოიქმნება, როგორც წესი მწვალებლური სწავლების საფუძველს სულიერი ცხოვრების დამახინჯება და ცოდვის შემცველი ვნებების მორჩილება წარმოადგენს. კლიმენტი ალექსანდრიელი მიუთითებს, რომ ერეტიკოსებისათვის ისეთი თავისებურებებია დამახასიათებელი, როგორიც არის სიამაყე, გადამეტებული თავმოყვარეობა, ცბიერება, თვითდაჯერებულობა და ა. შ.55), რაც თავისთავად ერეტიკოსებისათვის ეკლესიასთან შეგნებულად დაპირისპირების მიზეზი ხდება.
მას შემდეგ რაც ესა თუ ის ყალბი სწავლება ეკლესიის მიერ ერეტიკულად ცხადდება, ყველა, ვინც ჯიუტად განაგრძობს დაკავებულ პოზიციაზე ყოფნას, ერეტიკოსი ხდება და ეკლესიიდან განიკვეთება.
ცდომილ საღვთისმეტყველო თვალსაზრისსა და ერესს შორის ფორმალური ზღვარის გავლება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. საღვთისმეტყველო აზრის ისტორიაში იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი საღვთისმეტყველო თვალსაზრისი, გარკვეულ დრომდე ეკლესიის მიერ მისაღებად აღიქმებოდა, ხოლო შემდეგ მიჩნეული იქნა მწვალებლურად და დაიგმო. მაგალითად, ორიგენეს (III ს.) ზოგიერთი იდეა დაიგმო VI საუკუნეში, ანუ მაშინ, როდესაც ალექსანდრიის დიდასკალიის მიმდევრებმა ორიგენეს წინამძღვრებიდან, ეკლესიური დოგმატური გადმოცემისათვის სრულიად შეუსაბამო დასკვნები დაინახეს56).
1.4. დოგმატები, დოგმატური ფორმულები საღვთისმეტყველო ტერმინები
როდესაც დოგმატის შესახებ ვსაუბრობთ, აუცილებელია დოგმატი თავისი შინაარსით უშუალოდ და ზუსტად გავმიჯნოთ იმისგან რასაც დოგმატურ ფორმულას ვუწოდებთ.
თავად დოგმატი _ ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტებაა, ხოლო დოგმატიკური ფორმულა _ ჭეშმარიტების სიტყვიერი გამოხატულებაა, დოგმატის სიტყვიერი წყობის ფორმაა, „ენობრივი გამოხატულების ნაყოფია“, რომელიც თავისთავად შეიცავს ჭეშმარიტებას. მიუხედავათ იმისა, რომ დოგმატი თავისი შინაარსით არანაირ ცვლილებას არ განიცდის, შეიძლება იცვლებოდეს დოგმატური ფორმულები. მაგალითად, II მსოფლიო კრებაზე მიღებულ იქნა რწმენის სიმბოლო-მრწამსი, რომელიც არსობრივად განსხვავდება იმ მრწამსისგან, რომელიც I მსოფლიო კრებაზე იქნა მიღებული. თავად შინაარსი, რომელიც წმინდა სამებას უკავშირდებოდა, ცხადია, რომ უცვლელი დარჩა, მაგრამ ახალი დოგმატური ფორმულა, დოქტრინალური ფორმულის გამოხატვის ახალი სიტყვიერი საშუალება გამოიკვეთა. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ თავად დოგმატური ფორმულირებების შესწავლა, მათი დაზეპირება არანაირად არ შეიძლება იქნეს გაიგივებული დოგმატის ჭეშმარიტი შინაარსის შეცნობასთან. ასე მაგალითად, თუ ადამიანმა კატეხიზისიდან დაიზეპირა დოგმატი წმინდა სამების შესახებ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მან, თავად წმინდა სამების შეცნობა შეძლო.
როდესაც წმინდა მამები მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმინდისათვის იბრძოდნენ, იმისათვის რათა სიტყვის საშუალებით დოგმატური ჭეშმარიტება ნათლად გამოეხატათ, მათ აუცილებლად უნდა მოეძიებიათ სპეციფიკური ტერმინოლოგია. ტერმინების ნაწილი (ხორცშესხმა, გამოსყიდვა, საიდუმლო და ა. შ.) შემოტანილი იყო წმინდა წერილიდან. წმინდა მამების მიერ შემოთავაზებულ სხვა ტერმინებს, ვერ ვნახავთ ბიბლიის ფურცლებზე, მაგრამ მათი საჭიროების უდაობა აშკარაა. ასეთი ტერმინები საკმაოდ ბევრია: „სამება“ (τριάς) _ ტერმინი II ს. მეორე ნახევარში პირველმა, წმინდა თეოფილე ანტიოქიელმა გამოიყენა57); „ერთარსი“ (ὁμοούσιος) _ ტერმინის ავტორიზება მოხდა I მსოფლიო კრებაზე; ტერმინები „არსი“ (οὐσία), „ღვთისმშობელი“(Θεοτόκος), „ღმერთადამიანი“ (θεάνθρωπος); ტერმინი აღებულია IV მსოფლიო კრების ოროსიდან და მასში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახით ორი _ ღმერთისა და ადამიანის ბუნების ერთიანობის ხატია ნაჩვენები, და ა შ.
ამრიგად, საღვთისმეტყველო ტერმინები _ არის ტერმინები, რომლებიც აღებულია წმინდა წერილიდან ან სრულიად დაზუსტებული მნიშვნელობით ხელოვნურად არის შექმნილები, ეს ტერმინები საშუალებას იძლევა ღვთივგაცხადებული ჭეშმარიტება, ადამიანის ენობრივი საშუალებების გამოყენებით, ნათლად იქნეს გამოხატული და დანახული.
[47] О свободе богословствования в этой области см.: Григорий Богослов, свят. Слово 27, против евномиан и о богословии первое или предварительное //Григорий Богослов, свят. Собрание творений. Т. 1. С. 391. [48] Например, см.: Светлов П., прот. Опыт апологетического изложения православно-христианского вероучения. Т. 1. Киев, 1910. С. 321. [49] Преподобных отцев Варсануфия Великого и Иоанна Руководство к духовной жизни. Скит, 1994. С. 381-382. Ответ 610. [50] Среди основных еретических учений, осужденных Вселенскими соборами, можно назвать арианство, аполлинарианство, несторианство, монофизитство, монофелитство, иконоборчество и др. [51] Уже Климент Александрийский писал: «Если уж и слово «ересь» изобретено для обозначения противоположного истине, то, следовательно, в ней преподносится ложь» (Климент Александрийский. Строматы. Кн. VII, 15 // Отцы и учители Церкви III века. Антология. Т. I. М., 1996. С. 288. — Далее: Климент Александрийский. Строматы). [52] Иногда еретические заблуждения могли возникать и за пределами Православной Церкви и уже потом проникать собственно в церковную ограду. Таковы были, например, некоторые гностические учения I–II вв. [53] Лосский В. Н. Очерк мистического богословия Восточной Церкви. С. 35. [54] Там же. С. 35-36. [55] См.: Климент Александрийский. Строматы. С. 288-291. Кн. VII, 15-16. [56] См.: Мейендорф И., протопр. Иисус Христос в восточном православном богословии. М., 2000. С. 53-68. [57] См.: Theophili Antiocheni Послания к Автолику um. 2. 15 // PG. Т. 6. Col. 1077B. Рус. пер. см.: Феофил Антиохийский, свят. К Автолику. М., 2000. С. 25. Кн. 2, 15.