7. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი

დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი

დოგმატური ღვთისმეტყველება

 

ნაწილი პირველი

   დოგმატური ღვთისმეტყველების

შესავალი

ნაკვეთი I. დოგმატური ღვთისმეტყველება როგორც მეცნიერება

     თავი 1. დოგმატური ღვთისმეტყველების გაგება

 

1.5. დოგმატური სისტემები

ეკლესიის არსებობის პირველივე საუკუნეებში გამოიკვეთა  ქრისტიანული სარწმუნოებრივი მოძღვრების სისტემატური სახით ჩამოყალიბების აუცილებლობა, რაც მიზნად, როგორც სწავლების, ისე დოქტრინალური მასალის მოხერხებულ ფორმაში მოქცევას ისახავდა მიზნად.

დოგმატური სისტემა არის მოძღვრების გადმოცემის ხერხი, რომელშიც ყოველი ცალკეული ჭეშმარიტება და წესი გამორჩეული ნაწილებია და ამავე დროს ერთ მთლიანობად არის გაერთიანებული. დოგმატური სისტემების მიმართ შემდეგი სახის მოთხოვნები მოქმედებს:

1) შინაგანი წინააღმდეგობების არ არსებობა (დოგმატურ სისტემაში არ უნდა იყოს ურთიერთ გამომრიცხველი დაბულებები);

2) დოგმატებსა და საღვთისმეტყველო აზრებს შორის უნდა იყოს ნათლად გამოკვეთილი ზღვარი. ეს არ ნიშნავს, რომ დოგმატური სისტემის აგების დროს არ შეიძლება ამა თუ იმ შემთხვევაში საღვთისმეტყველო თვალსაზრისებს დაეყრდნო; თუმცა ამავე დროს, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ გამოყენებული საღვთისმეტყველო თვალსაზრისი რომელიმე წმინდა მამის ან ღვთისმეტყველის აზრია და ის არ არის სარწმუნოებრივი ჭეშმერიტება, რომელიც მთელი ეკლესიის მიერ არის აღიარებული.

გარდა ამისა, უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ დოგმატური სისტემა არ არის, ამა თუ იმ ბიბლიურ საკითხთან დაკავშირებული წმინდა მამებისა და ბიბლიური ციტატების უბრალო კრებული, არამედ ეს უნდა იყოს საავტორო ტექსტი, გარკვეული კომენტარები, რომლებშიც ავტორს გააზრებული აქვს დოგმატური ჭეშმარიტების შინაარსი და სურს, ცალკეულ დოგმატებსა და საღვთისმეტყველო თვალსაზრისებს შორის, არსებული შინაგანი კავშირები გამოავლონოს. მოკლედ, ანუ ერთი სიტყვით, დოგმატური ღვთისმეტყველების სისტემას კატეხიზისს უწოდებან.

ქრისტიანული აზრის ისტორიაში დოგმატური სისტემის შექმნის პირველ მცდელობას კატეხიზისის სკოლის ცნობილი ალექსანდრიელი მასწავლებლის კლიმენტი ალექსანდრიელის (II ს. ბოლო) „სტრომატებში“ ვხედავთ. მაგრამ „სტრომატები“ მაინც მხოლოდ სისტემის აგების მცდელობაა და არა სისტება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ქრისტიანული სარწმუნოებრივი სწავლების სრული დოგმატური სისტემის შექმნა პირველმა მაინც კლიმენტი ალექსანდრიელის საქმის გამგრძელებელმა ორიგენემ (III ს.) შეძლო. მისი ნაშრომი, რომელსაც „საწყისების შესახებ“ ეწოდება პირველი სრულფასოვანი სისტემური ქრისტიანული საღვთისმეტყველო ნაშრომია. ეს სისტემა სრულყოფილი არ აღმოჩნდა, რადგან ბევრი პოსტულატი და წინაპირობა, რომელზედაც ორიგენემ თავისი თვალსაზრისები ააგო იმდენად ყალბი აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი მსოფლიო კრებებზე ანათემასაც კი გადაეცა. მიუხედავად ამისა, ქრისტიანული ღვთისმეტყველების განვითარებაზე ორიგენემ მაინც უდიდესი დადებითი ზეგავლენა მოახდინა. საუკუნეების მანძილზე ორიგენეს სისტემა ერთადერთ ერთიან და სრულფასოვან ქრისტიანულ საღვთისმეტყველო სისტემად რჩებოდა. არაერთი წმინდა მამა ღვთისმეტყველებას ორიგენეს ნაშრომების მიხედვით სწავლობდა და შემდეგ, ორიგენეს ტექსტებში არსებული მცდარი თვალსაზრისების დაძლევა თანდათან უხდებოდა.

უძველესი დროის ეკლესიის იმ მამებიდან, რომელთაც სრულფასოვანი დოგმატური სისტემის შექმნის მცდელობა ჰქონდათ, უნდა დავასახელოთ წმინდა კირილე იერუსალიმელი (IV ს.). ცნობილია მისი სამ ნაწილად შედგენილი ნაშრომი, რომელიც კათაკ­მევლებისადმი (ნათლისღებად მოსულთათვის) ქადაგებების კრებულს წარმოადგენს; მაგრამ, აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმდენად, რამდენადაც თხზულება კათაკმევლებისადმი, ანუ იმ ადამიანებისადმია მიმართული, რომლებიც ჯერ კიდევ ეკლესიის წევრებიც კი არ არიან ნაშრომი პროპედევტიკული ხასიათის მატარებელია. „დიდი კატეხიზისი“ სახით საღვთისმეტყველო დოგმატური სისტემის შექმნის მცდელობას ვხედავთ წმინდა გრიგოლ ნოსელის შემოქმედებაში (IV ს.) და ნეტარი თეოდორიტე კვირელის (V ს. პირველი ნახ.) „ღვთაებრივი დოგმატების მოკლე გადმოცემაში“.

ქრისტიანულ დასავლეთში დოგმატების სისტემატიზირების პირველი მცდელობა  თავის ნაშრომში „ღვთაებრივი განწესებანი“ (წიგნ. IV–VII) განახორციელა ლაკტანციუსმა (IV ს. დასაწყ.). დასავლეთში შექმნილ სხვა დოგმატურ სისტემათა შორის, საჭიროა აღინიშნოს ნეტარი ავგუსტინეს „ენქირიდიონ ლავრენტიუ რწმენის, იმედისა და სიყვარულის შესახებ“ და გენადი მარსელელის (V ს. ბოლ.) „საეკლესიო დოგმატების შესახებ“.

შედარებით სრულყოფილი ნაშრომი, რომელიც წმინდა მამათა მიერ განხორციელებული საღვთისმეტყველო აზრის სისტემატიზაციის მწვერვალს წარმოადგენს, უნდა ვაღიაროთ წმინდა იოანე დამასკელის თხზულება „ცოდნის წყარო“ (VIII ს.). დოგმატური თვალსაზრისით გამორჩეული ადგილი უჭირავს მისი ნაშრომის მესამე, დასკვნით ნაწილს, რომელსაც „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“ ეწოდება. თავისი მეცნიერული მნიშვნელობა ამ წიგნს დღემდე არ დაუკარგავს. როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში ეს წიგნი მრავალი საუკუნის მანძილზე ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოს წარმოადგენს. ამასთან, ბოლო დრომდე და ეს ხდებოდა მაშინაც, როდესაც ქრისტიანული აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი მეცნიერები უარს არ ამბობდნენ თავის ნაშრომებში დასავლური სქოლასტიკური სისტემების ნიმუშების გამოყენებაზე. დასავლეთში წმინდა იოანე დამასკელის ლათინურ ენაზე თარგმნამდე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ისიდორე სევილიელის (დაახლ.. 560–636 წწ.) სამ წიგნად შესრულებული ნაშრომი „სენტენციები“, რაც შუა საუკუნეების „საღვთისმეტყველო ნააზრევების შეჯამებების“ წინასახეს წარმოადგენს.

რუსული საღვთისმეტყველო აზრის ისტორიაში  დოგმატური სისტემის შექმნაზე რამოდენიმე ავტორი მუშაობდა. პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ მიტროპოლიტი მაკარი (ბულგაკოვი), მისი „მართლმადიდებლური-დოგმატური ღვთისმეტყველება“ პირველად 1849-1853 წლებში გამოიცა. ეს არის გარკვეული სქოლასტიკური ელფერი მქონე ყოვლისმომცველი ნაშრომი58). გარდა ამისა, ეს არ არის სრულად დამოუკიდებელი დამუშევარი, რადგან ავტორი თავისი სისტემის შედგენისას ნაწილობრივად დასავლელი დოგმატისტების შრომებს ეყრდნობოდა. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“ ბრწყინვალედ სტრუქტურირებულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს, რომელშიც ადვილად შეიძლება მივაკვლიოთ ისეთ ციტატებს წმინდა მამების შემოქმედებიდან და ბიბლიიდან, რომლებიც ამა თუ იმ დოგმატურ საკითხებთან არის დაკავშირებული.

არქიეპისკოპოს (შემდგომში მიტროპოლიტ) ფილარეტის (გუმილიოვსკის) „დოგმატური ღვთისმეტყველება“ იყო იმ სქოლასტიკური ზეგავლენებისგან გათავისუფლების მცდელობა, რომელიც მიტროპოლიტ მაკარის წიგნში შეინიშნება59). თუმცა მიტროპოლიტ ფილარეტის ნაშრომმა დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა.

საყურადღებოა ხუთ ტომად შესრულებული კონევსკის არქიეპისკოპოს სილვესტერის (მალევანსკის) _ ნაშრომი „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველების გამოცდილება დოგმატთა ისტორიული გადმოცემით“ ხუთ ტომად60), სადაც ავტორი დოგმატების შესახებ ისტორიულ თხრობის მეთოდის გამოყენებით გვესაუბრება, ანუ ის ცდილობს ეკლესიის დოგმატური სწავლება ისტორიულ პერსპექტივაში წარმოადგინოს. ეს ავტორის უდაოდ დიდი დამსახურებაა.

ასევე დიდი მოცულობის ნაშრომია დეკანოზ ნ. მალინოვსკის61) „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“. ეს არის საკმაოდ საინტერესო დაწერილი ოთხტომეული, მაგრამ იგი ერთგვარად არათანაბარი თხზულების შთაბეჭდილებას ტოვებს: მასში თვმოყრილი მასალა შედარებით წარმატებულ და წარუმატებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ დეკანოზი ნ. მალინოვსკი ცდილობდა თავის ნაშრომში მაქსიმალურად ბევრი სხვადასხვა სახის წყარო გამოეყენებინა და ამიტომ მათ მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ყოველთვის არ იჩენდა.

1917 წლის შემდეგ რუსულ საღვთისმეტყველო ტრადიციაში ერთიანი დოგმატური ღვთისმეტყველების სისტემის შექმნის მცდელობა აღარ ყოფილა. ვ. ნ. ლოსკის „დოგმატური ღვთისმეტყველება“62), სხვა არაფერია, თუ არა სალექციო კურსი დოგმატურ ღვთისმეტყველებაში. ნაშრომს დოგმატურ სისტემას ამ სიტყვის სრული გაგებით ვერ ვუწოდებთ.

მიუხედავად ამისა ვერ ვიტყვით, რომ XX საუკუნეში მართლმადიდებლურმა დოგმატურმა ღვთისმეტყველების განვითარების პროცესმა წყვეტა წყვეტა განიცადა. ბერძენ ღვთისმეტყველთა შორის საკუთარი დოგმატური სისტემა შემოგვთავაზა პროფესორმა პ. ნ. ტრემბელისმა63), ა. თეოდორუმ64) და კ. ი. სკუტერისმა65), ამ ავტორების ნაშრომები ძირითადად XX ს. მეორე ნახევარში გამოქვეყნდა.

არქიმანდრიტ იუსტინეს (პოპოვიჩი) (1894-1978 წწ.) „მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატიკა“66) _ სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში დოგმატური სისტემის შექმნის მცდელობას წარმოადგენს. ღირსი იუსტინე _ არა მხოლოდ ცნობილი ღვთისმეტყველი, არამედ ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ასკეტია, თუმცა მიუხედავად დიდი ღირსებებისა, მისი ნაშრომი მთლად დამოუკიდებელი მაინც არ არის: ის თავადვე მიუთითებს, რომ  მისი ქმნილებბები რუსი რევოლუციამდელი ღვთისმეტყველების შემოქმედებასთან არის დაკავშირებული, ეს შედარებით ნათლად, ნაშრომის პირველ ტომშია გამოკვეთილი.

ყურადღებას იმსახურებს ცნობილი რუმინელი ღვთისმეტყველის წმინდა დუმიტრუ სტანილოაეს ნაშრომი „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“67).

რაც შეეხება დოგმატური სისტემის ტრადიციულ სტრუქტურას: თანამედროვე დოგმატიკოსთა უმრავლესობა68) მასალის ჩამოყალიბების შემდეგ პრინციპებს ემხრობა: დასაწყისში (Deus ad intra) ღმერთი საკუთარ ფარგლებში, შემდეგ (Deus ad extra) _ ღმერთი მის ფარგლებს გარეთ, ანუ საუბარი უნდა იყოს საკუთარი ქმნილებისათვის გამოცხადებული ღმერთის შესახებ. სწორედ ეს პრინციპი ძევს მიტროპოლიტ მაკარის, არქიეპისკოპოს ფილარეტის, არქიეპისკოპოს სილვესტერისა და სხვა ავტორების შემოქმედებაში. ყველა მცდელობა დოგმატური ღვთისმეტყველების სისტემა სხვაგვარად აწყობილიყო ფაქტიურად წარუმატებელი აღმოჩნდა. მაგალითად, დეკანოზი პავლე სვეტლოვი (1861-1945 წწ.) ცდილობდა დოგმატთა მთელი სისტემა გამოხსნის სწავლების გარშემო აეგო69), ასეთივე მცდელობა ჰქონდა დეკანოზ პეტრე ლეპორსკის (1871-1923 წწ.) _ ოღონდ ღვთის განკაცების საკითხთან მიმართებაში, თუმცა არც ერთმა ასეთმა მცდელობამ არ გაამართლა. რაც შეეხება თქვენს ხელთ არსებულ სახელმძღვანელოს, აქ მასალა ტრადიციული ფორმით არის ორგანიზებული.

 

1.6. დოგმატების გაჩენის მიზეზები

უმთავრესი მიზეზი ერესების გაჩენაა. შესაბამისად, დოგმატების მოქმედების მიზანი _ ეკლესიური სწავლების ერეტიკული დამახინჯებებისგან დაცვა წარმოადგენს. თავად სიტყვა, რომლითაც მსოფლიო კრებების ეპოქაში მრწამსი განისაზღვრებოდა ბერძნულად ჟღერდა, როგორც „ოროს“ (ὅρος), რაც ზედმიწევნით გულისხმობს „საღვარს“, „ზღვარს“. დოგმატის ფორმულირებით ეკლესია თავისი სწავლების სიწმინდეს იცავს. საღვთისმეტყველო დოგმატების სახით გამოხატული ფორმულები, არის ეკლესიის მიერ დადგენილი საზღვრები, რომლებიც საშუალებას ქმნიან არ მოხდეს ღვთის თაყვანისცემის სწორი მიმართულებიდან ადამიანის აზროვნების გადაიხრა. ყოველი ასეთი ზღვარი ერეტიკულ ცდომილებას და ჭეშმარიტებას ერმანეთისგან აშორიშორებს და ადამიანის გონისათვის ნათელს ხდება, სწორად როგორ უნდა ესმოდეს ღმერთი ადამიანს.

ვლადიმერ ლოსკის სიტყვებით, რომ ვთქვათ, „დოგმატი _ არის ერთგვარი საშუალება და გარკვეული გონივრული იარაღი, რომელიც საშუალებას იძლევა მონაწილენი ვიყოთ ეკლესიის წმინდა გადმოცემისა, ეს არის მოწმე და გარე ზღვარი ეკლესიური გადმოცემისა, ან უფრო სწორად, ის ვიწრო ბჭე, რომელსაც ჭეშმარიტების შემეცნებისკენ გადმოცემის შუქით განათებული გზით მივყავართ“70).

 

[58] Схоластика — метод богословствования, основанный на убеждении в том, что любую вероучительную истину можно обосновать и даже доказать логическим, рациональным путем. [59] См.: Филарет (Гумилевский), архиеп. Православное догматическое богословие. Т. I–II. СПб., 1882. [60] См.: Сильвестр (Малеванский), архиеп. Опыт православного догматического богословия. С историческим изложением догматов. Т. I–V. СПб., 2008. [61] См.: Малиновский Н., прот. Православное догматическое богословие. Т. I–IV. Сергиев Посад; Ставрополь-Губернский, 1895-1909. [62] См.: Лосский В. Н. Догматическое богословие // Лосский В. Н. Очерк мистического богословия Восточной Церкви. Догматическое богословие. М., 1991. С. 200-288. (Далее: Лосский В. Н. Догматическое богословие.) [63] См.: Τρεμπέλα Π.Ν. Δογματική. Т. 1-3. Аθῆναι, 1959-1961. [64] См.: Θεοδώρου Ἀ. Ἱστορία τῶν δογμάτων. Ἀθῆναι, 1963. [65] См.: Σκουτέρη Κ.Β. Ιστορία δογμάτων. Т. 1-2. Ἀθήναι, 1998-2004. [66] См.: Jycmuн Поповиђ. Догматика Православне Цркве. Т. I-III. Београд, 1980. [67] См.: Stӑniloae D. Teologia Dogmatikӑ Ortodoxӑ. Vol. 1-3. Bukureşti, 1978. [68] Древние догматисты, как правило, строили свои системы в соответствии со структурой Символа веры, поэтому порядок изложения материала в них обычно следующий: о Едином Боге, о Сыне Божием, домостроительство Сына, Святой Дух, Церковь, эсхатология. [69] См.: Светлов П. Я. Христианское вероучение в апологетическом изложении. Т. 1-2. Киев, 1910-1912. [70] Лосский В. Н. Предание и предания // Лосский В. Н. Богословие и боговидение. М., 2000. С. 537.