,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
აღდგომიდან მე-3 შვიდეული. 25.05.2024
შაბათი. ხსნილი
წარგზავნა მენელსაცხებლეთა დღესასწაულისა. ეპიფანე კვიპრელ ეპისკოპოსისა (403) და გერმანე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (740); საბინე კვიპრელ მთავარეპისკოპოსისა (V) და პოლუბი რინოკირელ ეპისკოპოსისა (V ); მღვდელმოწამისა ერმოგენისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა (1913); მოწამისა იოანე ვალაქიელისა (1662); მოწამისა ოსკისი და მოყვასთა მისთა (IV ).
ლიტ.: საქმ. 9 : 19-31 (დას. 22). ინ 15: 17 – 16: 2 (დას. 52).
მღ.მთ.: ებრ. 7: 26 – 8: 2 (დას. 318). მთ. 5: 14-19 (დას. 11).
ლიტ.: საქმ. 9 : 19-31
19. საზრდო მიიღო და მომაგრდა. რამდენიმე დღე მოწაფეებთან დაჰყო დამასკოში. 20. დაუყოვნებლივ დაიწყო ქადაგება სინაგოგებში და ამბობდა, რომ ქრისტე ძე არის ღვთისა. 21. ყველა მსმენელი განცვიფრებული ამბობდა: განა ეს არ არის, იერუსალიმში მუსრს რომ ავლებდა ამ სახელის მხმობელთ? აქაც ხომ იმისთვის მოვიდა, რომ შეეკრა და მღვდეღმთავართათვის მიეგვარა ისინი? 22. სავლე კი სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოელ იუდეველებს, რადგანაც ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე. 23. საკმაო დრომ რომ განვლო, იუდეველებმა განიზრახეს მოეკლათ იგი. 24. მაგრამ სავლემ გაიგო მათი განზრახვა, ვინაიდან დღე და ღამ მოსაკლავად უდარაჯებდნენ კართან. 25. მაშინ მოწაფეებმა ღამით აიყვანეს და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით. 26. სავლე იერუსალიმში მივიდა და ცდილობდა შეერთებოდა მოწაფეებს, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, რადგანაც არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო. 27. ხოლო ბარნაბამ წაიყვანა იგი, მოციქულებს მიჰგვარა და უამბო მათ, როგორ იხილა გზაზე უფალი, რა უთხრა უფალმა მას და რა თამამად ქადაგებდა დამასკოში იესოს სახელით. 28. ასე დარჩა მათთან ერთად იერუსალიმში, მიმოდიოდა და თამამად ქადაგებდა უფლის სახელით. 29. ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა ელინისტებსაც, ისინი კი ცდილობდნენ მოეკლათ იგი. 30. ეს რომ გაიგეს ძმებმა, კესარიაში წაიყვანეს და ტარსოსს წარგზავნეს. 31. ხოლო ეკლესიას მთელს იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული.
ლიტ.: ინ 15: 17 – 16: 2
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.
მღ.მთ.: ებრ. 7: 26 – 8: 2
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
მღ.მთ.: მთ. 5: 14-19
14. თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული. 15. როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს. 16. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს. 17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. 18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. 19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე პანკრატი ფრიგიელი (+304)
წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი (+403)
რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა ეპიფანემ და იოანემ გადაწყვიტეს იერუსალიმში წასვლა წმიდა ადგილთა მოსალოცად. ქალაქ ლუკიის მცხოვრებლებმა ბერი პოლივიუსი გაგზავნეს წმიდა ეპიფანესთან და სთხოვეს, ეპისკოპოსის კათედრა დაეკავებინა. განჭვრეტის მადლით დაჯილდოებულმა მოღვაწემ ადრევე შეიტყო მათი სურვილი და მალულად დატოვა იქაურობა – პათიის უდაბნოში წავიდა წმიდა ილარიონთან (ხს. 21 ოქტომბერს), ვის მორჩილებაშიც იყო ახალგაზრდობაში. წმიდანებმა ორი თვე გაატარეს მოუკლებელ ლოცვაში, შემდეგ წმიდა ილარიონმა წმიდა ეპიფანე სალამინში გაგზავნა, სადაც ეპისკოპოსები იყვნენ შეკრებილნი ახალი მღვდელმთავრის ასარჩევად. უხუცეს ეპისკოპოს პაპიუსს უფალმა გამოუცხადა, რომ ეპისკოპოსად უნდა აერჩიათ ქალაქში მოსული ბერი ეპიფანე. წმიდანი მოძებნეს. წმიდა პაპიუსმა ტაძარში შეიყვანა იგი და კრების მონაწილე მამათა სურვილი განუცხადა. წმიდა ეპიფანე იძულებული გახდა დათანხმებულიყო. ასე დაიკავა სალამინის ეპისკოპოსის კათედრა წმიდა ეპიფანემ 367 წელს.
წმიდა ცხოვრებისათვის ეპიფანემ მიიღო ლიტურღიის შესრულებისას წმიდა ძღვენზე სულიწმიდის გარდამოსვლის ხილვის მადლი. ერთხელ წმიდა საიდუმლოს შესრულებისას წმიდა ეპიფანემ ეს სასწაული ვერ იხილა. მან ერთ-ერთი მორწმუნე მოიხმო და ჩუმად უთხრა: „გადი, შვილო ჩემო, შენ დღეს ღირსი არა ხარ ესწრებოდე წმიდა საიდუმლოს აღსრულებას“.
წმიდა ეპიფანე სიცოცხლის მიწურულს დედოფალ ევდოქსიას და ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს ბრძანებით გამოიძახეს კონსტანტინეპოლში საეკლესიო კრებაზე, რომელსაც უნდა განესაჯა ეკლესიის უდიდესი მამა წმიდა იოანე ოქროპირი (ხს. 14 სექტემბერს და 13 ნოემბერს). წმიდანმა არ ისურვა დასწრებოდა უკანონო კრებას და კონსტანტინეპოლი დატოვა. გემით მოგზაურობის დროს მან იგრძნო სიკვდილის მოახლოება, უკანასკნელი დარიგება დაუტოვა მოწაფეებს და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ქალაქ სალამინის მცხოვრებლებმა მხურვალედ დაიტირეს თავიანთი მღვდელმთავარი და 403 წლის 12 მაისს პატივით დამარხეს წმიდანის მიერ აშენებულ ეკლესიაში.
მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებამ წმიდა ეპიფანეს ეკლესიის მამა და მასწავლებელი უწოდა.
წმიდა საბიანე, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი
წმიდა პოლუბიოს რიონოკიელი ეპისკოპოსი (V)
წმიდა პოლუბიოსი თან ახლდა კონსტანტინეპოლს განრიდებულ წმიდა ეპიფანეს, რომელმაც არ ისურვა მონაწილეობა მიეღო წმიდა იოანე ოქროპირის წინააღმდეგ მოწყობილ კრებაში. სასიკვდილო სარეცელზე მწოლარე წმიდა ეპიფანემ პოლუბიოსს უთხრა: „წადი ეგვიპტეში, მე კი სიკვდილის შემდეგაც ვიზრუნებ შენზე“. წმიდა პოლუბიოსმა მორჩილად აღასრულა მოძღვრის ანდერძი და მის დასაფლავებამდე წავიდა ეგვიპტეში, სადაც რინოკირის ეპისკოპოსად აირჩიეს. ღვთივსათნო მოღვაწეობისათვის წმიდანი სასწაულეთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მისი ლოცვით უფალმა გვალვის დროს წვიმა წარმოავლინა ზეცით და მოსავალი გაამრავლა. წმიდა პოლუბიოსი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულეობაში.
წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)
მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებამ (787) წმიდა პატრიარქ გერმანეს სახელი წმიდათა დიპტიხში შეიტანა.