27.05.2024. აღდგომიდან მე-4 შვიდეული. ორშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-4 შვიდეული27.05.2024

ორშაბათი. ხსნილი 

მოწამისა ისიდორე ქიოსელისა (251); მოწამისა მაქსიმესი (250); ღირსისა სერაპიონ სინდონიტისა (V); ლეონტი იერუსალიმელ პატრიარქისა (1175); მღვდელმოწამისა თერაპონტ კვიპრელ ეპისკოპოსისა (IV). 

დღის ლოცვა

მოწამე ისიდორეს კონდაკი:

მმართებელად დიდად გამოუჩნდი შენ ყოველსა სოფელსა, წმიდაო, ღმრთისა მიმართითა მაგით მეოხებითა შენითა; ამისთვის გიგალობთ შენ დღეს, მოწამეო ღმრთივგანბრძნობილო ისიდორე, ყოვლადდიდებულო. 

დღის საკითხავები 

საქმ. 10: 1-16 (დას. 24). ინ. 6: 56-69 (დას. 24).

საქმ. 10: 1-16 

1. კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი, 2. კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულითურთ, ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი. 3. მეცხრე საათი იქნებოდა, როცა ცხადად იხილა ხილვით, რომ შევიდა მასთან ღვთის ანგელოზი და უთხრა: კორნელიუს! 4. ხოლო მან შეხედა ანგელოზს და შეძრწუნებულმა თქვა: რა გნებავს, უფალო? მან კი მიუგო: შენი ლოცვანი და წყალობანი ავიდნენ ღვთის წინაშე მოსახსენებლად. 5. მაშ, გაგზავნე ხალხი იეპოში და მოუხმე სიმონს, რომელსაც ჰქვია პეტრე. 6. იქ სტუმრადაა ვინმე სიმონ დაბაღისას, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას. 7. როდესაც მასთან მოსაუბრე ანგელოზი გაუჩინარდა, კორნილიუსმა უხმო ორ მსახურს და ღვთისმოსავ მეომარს, თავის ხელქვეითს, 8. ყველაფერი უამბო და იოპეს გაგზავნა ისინი. 9. მეორე დღეს, როცა გზად მიმავალნი უკვე ქალაქს მიუახლოვდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად; იქნებოდა, ასე, ექვსი საათი. 10. მოშივდა და ჭამა მოუნდა; ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, ექსტაზში ჩავარდა იგი. 11. და იხილა გახსნილი ცა, საიდანაც მისკენ ეშვებოდა რაღაც უცნაური ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, ოთხივე წვერით გამოკრული რომ უახლოვდებოდა მიწას. 12. მასში იყო დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. 13. და იყო ხმა მის მიმართ: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე. 14. ხოლო მან თქვა: არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. 15. კვლავ იყო ხმა მის მიმართ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. 16. ასე განმეორდა სამჯერ, და კვლავ ამაღლდა ჭურჭელი ზეცად.

ინ. 6: 56-69 

56. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე – მასში. 57. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით. 58. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს. 59. ესა თქვა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა. 60. ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებისას თქვა: მკაცრია ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა? 61. ხოლო იესომ თვითონვე იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: ნუთუ ეს გაცდნებთ თქვენ? 62. მაგრამ თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო? 63. სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე. 64. მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს არა სწამს. ვინაიდან იესომ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. 65. და თქვა: ამიტომაც გითხარით, რომ ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი არ მიეცემა მამის მიერ. 66. ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას. 67. მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა? 68. ხოლო სიმონ-პეტრემ მიუგო: უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. 69. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე მაქსიმე (+250) აღესრულა იმპერატორ დეკიუსის დროს (249-251). წმიდა მაქსიმე ვაჭარი იყო, ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ, როცა წარმართები შეიკრიბნენ მსხვერლშეწირვისათვის, წმიდა მაქსიმემ ვერ აიტანა ამაზრზენი სანახაობა, მიეჭრა უღმრთოებს, ხმამაღლა ამხილა მათი უსჯულოება და კერპებს ადამიანთა ხელით ქმნული უსულო არსებები უწოდა. გამძვინვარებულმა წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს წმიდა მოწამე. 
წმიდა მოწამე ისიდორე (+251) ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის ვარგისი ყველა მოქალაქე. წმიდა ისიდორე მხედართმთავარ ნუმერიუსის პოლკში განამწესეს. ისიდორე ქრისტიანი იყო და თავს არიდებდა ყოველგვარ წარმართულ სანახაობას. როცა იმპერატორმა მოითხოვა, რომ ყველა მეომარს მსხვერპლშეწირვის წესი აღესრულებინა, ასისთავმა წმიდა ისიდორე ნუმერიუსთან დაასმინა. ვერც მუქარამ გაჭრა, ვერც მოფერებამ და ვერც დაპირებებმა. წმიდანმა განაცხადა, რომ მხოლოდ საუკუნო მეფის, იესუ ქრისტეს ნებას ემორჩილება და არასოდეს განუდგება მას. მხედართმთავრის ბრძანებით წმიდანს ენა მოაგლიჯეს, მაგრამ ღვთის ნებით წმიდა ისიდორე ბრძანების აღსრულების შემდეგაც განაგრძობდა ღვთის დიდებას. ამ სასწაულით ზარდაცემული ნუმერიუსი მიწაზე დაეცა უგონოდ და თავად დაკარგა მეტყველების უნარი. ჯარისკაცების დახმარებით წამომდგარმა მხედართმთავარმა ფურცელზე წააწერა განაჩენი – თავის მოკვეთა. წმიდა ისიდორე სიხარულით შეხვდა სასიკვდილო განაჩენს და ღმერთს მადლობა შესწირა. გვამი უპატრონოდ დააგდეს, მაგრამ წმიდანის მეგობარმა, ფარულმა ქრისტიანმა ამონამ პატივით მიაბარა იგი მიწას. მოგვიანებით თვითონ ამონაც მოწამეობრივად აღესრულა. 

ღირსი სერაფიონ სინდონიტი (V)

ღირსი სერაფიონ სინდონიტი (V)
წმიდა ლეონტი იერუსალიმის პატრიარქი (+1175) – წმიდა გრიგოლ პალამას გადმოცემით, 1223-1261 წლებში მართავდა იერუსალიმის ეკლესიას. მისი ცხოვრება დაწვრილებით აღწერა კონსტანტინეპოლელმა მონაზონმა თეოდორემ. ეს თხზულება თარგმნა ღირსმა ნიკოდიმოს მთაწმიდელმა, რომელიც პატრიარქის აღსრულების თარიღად თვლის 1175 წელს. 

წმიდა მოწამე მარკოზ კრიტელი (+1643)

წმიდა მოწამე მარკოზ კრიტელი (+1643)წმიდა მოწამე მარკოზ კრიტელს ქრისტეს აღსარებისთვის 1643 წელს თურქებმა თავი მოჰკვეთეს. 

წმიდა იოანე ბულგარელი (+1802)

წმიდა იოანე ბულგარელი (+1802)წმიდა იოანე ბულგარელი 1802 წელს აწამეს თურქებმა.