28.05.2024. აღდგომიდან მე-4 შვიდეული. სამშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-4 შვიდეული28.05.2024

სამშაბათი. ხსნილი 

წარგზავნა განრღვეულის დღესასწაულისა. ღირსისა პახუმი დიდისა, თებაიდელისა (348); ღირსისა პიროს ბრეთელისა (VI); აქილე ლარისელ ეპისკოპოსისა (330). 

ლიტ.: საქმ. 10: 21-33. (დას. 25). ინ. 7: 11-13 (დას. 25). 
პახუმისა: 2 კორ. 4: 6-15 (დას. 176). ლკ. 14: 25-35 (დას. 77). 

ლიტ.: საქმ. 10: 21-33 

21. პეტრე ჩავიდა და უთხრა მათ: მე ვარ, ვისაც დაეძებთ; რისთვის მოსულხართ? 22. ხოლო მათ თქვეს: ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზმა უბრძანა, შინ მიგიწვიოს და მოისმინოს შენი სიტყვები. 23. მაშინ პეტრემ მიიპატიჟა ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იოპეელი ძმაც თან ახლდა. 24. მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. მათ მომლოდინე კორნელიუსს ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა. 25. როგორც კი შევიდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა. 26. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: ადექი, მეც ხომ ადამიანი ვარ. 27. მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც დახვდა ბევრი წვეული. 28. და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად და უწმინდურად. 29. ამიტომ, როგორც კი მიხმეთ, უყოყმანოდ მოვედი. ახლა გეკითხებით, რისთვის მიხმეთ? 30. კორნელიუსმა თქვა: ოთხი დღის წინ ამ დრომდე ვმარხულობდი, მეცხრე საათს კი შინ შევედი სალოცავად, და, აჰა, დადგა ჩემს წინაშე მოელვარე სამოსით მოსილი კაცი, 31. რომელმაც მითხრა: კორნელიუს, შესმენილ იქნა შენი ლოცვა და შენი წყალობანი მოხსენიებულ იქნენ ღმერთის წინაშე. 32. მაშ, გაგზავნე ხალხი იოპეს და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს, რომელიც სტუმრადაა სიმონ დაბაღის სახლში, ზღვის პირას. 33. მაშინვე გამოვგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვის.

ლიტ.: ინ. 7: 11-13 

11. იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო? 12. და იყო მასზე დიდი მითქმა-მოთქმა ხალხში; ერთნი ამტკიცებდნენ, კეთილიაო, მეორენი კი ამბობდნენ: არა, მხოლოდ ხალხს აცდუნებსო. 13. თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე.

პახუმისა: 2 კორ. 4: 6-15 

6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. 9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ. 10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში. 11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში. 12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე – თქვენში. 13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად. 

პახუმისა: ლკ. 14: 25-35 

25. მასთან ერთად გზას ადგა დიდძალი ხალხი; მიუბრუნდა და უთხრა მათ: 26. თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. 27. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. 28. რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას? 29. რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა 30. და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო. 31. ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს? 32. თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს. 33. ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. 34. კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? 35. აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ – მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს! 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

ღირსი აქილე, ლარისის ეპისკოპოსი (+330) ცხოვრობდა წმიდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს. სიწმიდით და განსწავლულობით გამორჩეული ღირსი აქილე თესალიის ქალაქ ლარისის ეპისკოპოსად აირჩიეს. წმიდა აქილე მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში და ამხელდა არიოზის ერესს. თავის ქალაქში ღირსმა მამამ დაანგრია საკერპოები და ააშენა ეკლესიები. წმიდანს უფლისგან სნეულებათა კურნების ნიჭი მიემადლა.
წმიდა აქილე გარდაიცვალა დაახლოებით 330 წელს. 978 წლიდან მისი წმიდა ნაწილები განისვენებს ბულგარეთში, ქალაქ პრესპუში.

 

ღირსი პახუმი დიდი (+348) ანტონი დიდთან (ხს. 17 იანვარს), მაკარი დიდთან (ხს. 19 იანვარს) და ექვთიმე დიდთან (ხს. 20 იანვარს) ერთად ითვლება მეუდაბნოობისა და სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთ დამაარსებლად ეგვიპტეში. ღირსი პახუმი III საუკუნეში დაიბადა თებაიდაში (ზემო ეგვიპტე), წარმართი მშობლების ოჯახში და კარგი საერო განათლება მიიღო. წმიდა პახუმი კეთილი ზნით, გონიერებითა და უბიწოებით გამოირჩეოდა. როცა იგი 20 წლის გახდა, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ახალწვეულები დროებით ქალაქის საპყრობილეში მოათავსეს. ადგილობრივი ქრისტიანები ზრუნავდნენ მათზე, მოჰქონდათ საკვები და ემსახურებოდნენ. როცა ჭაბუკმა გაიგო, რომ ეს ხალხი თავიანთი ღმერთის მცნებების ერთგულებისა და მოყვასის სიყვარულის გამო მოდიოდა საპყრობილეში, პირობა დადო, რომ თვითონაც გაქრისტიანდებოდა. გამარჯვების შემდეგ ბრძოლიდან დაბრუნებული პახუმი მოინათლა, დასახლდა სოფელ შენესიტში და მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. მან რჩევისათვის თებაიდელ მეუდაბნოეს პალამონს მიმართა, რომელმაც სიყვარულით მიიღო მოღვაწე ბერი.
უდაბნოში 10 წლის ცხოვრების შემდეგ ღირს პახუმის სოფელ ტაბენისის ნანგრევებთან მოესმა ზეციური ხმა და ამ ადგილზე სავანის აშენება უბრძანა. პახუმიმ ამის შესახებ ღირს პალამონს შეატყობინა. ორივე მამა ტაბენისში წავიდა და მონასტრის მშენებლობა დაიწყო. წმიდა პალამონმა აკურთხა სავანის საძირკველი და მისი მომავალი დიდება იწინასწარმეტყველა. პალამონის აღსრულების შემდეგ წმიდა პახუმს უფლის ანგელოზი გამოეცხადა სქემოსანის სახით და სამონასტრო ცხოვრების წესი გადასცა. მალე ღირს მამასთან მივიდა უფროსი ძმა იოანე და მასთან დასახლდა.
ღირსი პახუმის ირგვლივ თანდათანობით შემოიკრიბნენ მოწაფეები. სავანის იღუმენი კეთილად განაგებდა საძმოს და ბრძნულად წინამძღვრობდა ბერების სულიერ ცხოვრებას. ღირსმა პახუმიმ შემოიღო საერთო საცხოვრისის წესი, ყველასთვის ერთნაირი საკვები და ტანსაცმელი დაადგინა. სავანის ბერებს მათთვის დადგენილი მორჩილებით უნდა შეესრულებინათ საქმე. მორჩილებათა შორის იყო წიგნების გადაწერა. ბერებს საკუთარი ფული არ უნდა ჰქონოდათ და არც ნათესავებისგან უნდა მიეღოთ. ღირსი მამა თვლიდა, რომ მორჩილება მარხვაზე და ლოცვაზე აღმატებული სათნოება იყო და ბერებისგან წესების მკაცრად დაცვას ითხოვდა.
ერთხელ ღირს პახუმთან მოვიდა მისი და მარიამი. მკაცრმა მოღვაწემ არ დაარღვია საერთო წესი. მარიამს კი მეკარის პირით მონაზვნობის კურთხევა მისცა. ტაბენისელმა ბერებმა ნილოსის მეორე ნაპირზე ააშენეს დედათა საცხოვრისი. მარიამთან მონაზვნებმა იწყეს შეკრება და მალე დაარსდა დედათა მონასტერი, რომელიც ღირსი პახუმის დადგენილ წესებს ემორჩილებოდა.
ბერების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ საჭირო გახდა 7 მონასტრის აშენება. მამათა რაოდენობამ 7000 მიაღწია. ყველას ღირსი პახუმი ხელმძღვანელობდა.
საკუთარი თავის მიმართ მკაცრი და მომთხოვნი ღირსი პახუმი საოცრად კეთილი და დამთმობი იყო ახალბედა ბერების მიმართ.
ღირსი პახუმი განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა ავადმყოფ ბერებს, ნახულობდა მათ, ამხნევებდა, მოუწოდებდა, მადლობა შეეწირათ უფლისათვის და მინდობოდნენ მის წმიდა ნებას; დავრდომილებს მარხვას უმსუბუქებდა, თუ ეს საჭირო იყო მათი გამოჯანმრთელებისათვის.
სიცოცხლის ბოლოს ღირსი პახუმი დასნეულდა იმ მხარეში გავრცელებული შავი ჭირით. წმიდა მამას მამაშვილური სიყვარულით უვლიდა მისი უახლოესი და უსაყვარლესი მოწაფე ღირსი თეოდორე (ხს. 17 მაისს).
წმიდა პახუმი გარდაიცვალა დაახლოებით 348 წელს, 53 წლის ასაკში. დაასაფლავეს მონასტრის ახლოს, მთის ძირას. 

ღირსი პიროს ბრეთელი (VI)

ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ
მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი,
იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე
ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში
სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.

ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ
კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუთისოფელი, მონაზვნად აღიკვეცა და
უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და
ვედრება სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა
განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის
სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა
იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, ააშენა
სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა.

ერთხელ ღირს იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა
შორის თორმეტი ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ქრისტეს
სჯული განემტკიცებინა. წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს
გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან
თორმეტი გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე,
მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბიბოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად
ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა.

საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს
აღმობრწყინებულ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ
მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ.

ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე
დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში
ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდნენ.

ხალხმა გაიგო წმიდა იოანეს სასწაულები. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების
წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს
დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.

ერთ ღამეს წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი
მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა
ისინი, უამბო, რაც იხილა და უთხრა: „სარგებლისათვის ამის ქუეყანისა წარმოგუავლინნა
უფალმან ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრიტემან, რამეთუ ახალ ნერგ არიან კაცნი ესე ამის
სოფლისანი, ამისათჳსცა ჯერ არს, რაჲთა წარხჳდეთ კაცად-კაცადი და განამტკიცებდეთ
ძმათა, რომელთა აღუარებიეს ქრისტე, უფალი ჩუენი“.

მოწაფეების გასტუმრების შემდეგ წმიდა იოანე ზედაზენზე დარჩა, დატოვა თავისთან
ილია დიაკონი (ხს. 4 იანვარს) და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ
მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი დაითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია
დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის
შემხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა
ვედრება წმიდისა ბერისა და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.

წმიდა იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმიდა იოანეს ლოცვით
მხეცი მოთვინიერდა. ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის
აწყენდნენ. ღირსი იოანეს ლოცვით, დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული
ადამიანი განიკურნა. წმიდა იოანე თავისთან იბარებდა მოწაფეებს, ხანაც თვითონ
მიაკითხავდა ხოლმე და ამოწმებდა, თუ სულიერების რა საზომს იყვნენ მიღწეულნი.

ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს უფლისაგან გამოეცხადა აღსასრულის
მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად
დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა.

მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირას მდებარე
მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ,
სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ანდერძი და არ გულისხმაჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა
ზეციური ნიშანი იყო. წმიდა იოანეს მოწაფენი მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით
მოძღვრის საფლავთან მივიდნენ, პატივით აღმოიყვანეს წმიდა ნაწილები და ანდერძისამებრ
დაასაფლავეს. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული
განიკურნა.

X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908-923) დროს, მღვიმის სამხრეთით წმიდა
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი
არის ტაძრის სამკვეთლოსთან.

წმიდა მღვდელმოწამე აბიბოსი მეფე ფარსმან VI-ის და ევლავიოს კათოლიკოსის
თხოვნით ნეკრესის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. იმ დროს აღმოსავლეთ საქართველოში
სპარსელი მოგვები თავისუფლად ავრცელებდნენ თავიანთ ცრუსწავლებას და მძლევრობით
მრავალს გარდადრეკდნენ ჭეშმარიტებისაგან. ერთხელ ცეცლხთაყვანისმცემელთა მზაკვრობის
სამხილებლად წმიდა მღვდელმთავარმა აბიბოსმა წყალი დაასხა სამსხვერპლოზე დანთებულ
ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა სპარსელებმა წმიდა აბიბოსი შეიპყრეს და სასტიკად
გვემეს, შემდეგ კი ქვებით ჩაქოლეს. მარზპანის ბრძანებით წმიდანის გვამი ღია ცის
ქვეშ დააგდეს მხეცთა საჯიჯგნად, მაგრამ წმიდა მოწამის გვამს არ შეხებია არც მხეცი
და არც ფრინველი.

ღამით რეხში მცხოვრები ქრისტიანები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა
მღვდელმთავრის ცხედარი სამთვისის მონასტერში. მოგვიანებით ქართლის ერისმთავარმა
სტეფანოზმა წმიდა აბიბოსის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს
მონასტერში გადაასვენა და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაფლა.

წმიდა ანტონ მარტყოფელი მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს,
რომელიც ედესიდან ჩამოასვენა. განმარტოების მოყვარულმა წმიდა მამამ მადლმოსილი
ლოცვითა და სასწაულებით მრავალი ქრისტიანი მიიზიდა. წმიდა ანტონმა
თანამოსაგრეებისთვის მონასტერი ააშენა, ხოლო თვითონ ჯერ ალაზნის გაღმა წავიდა,
შემდგომ კი აკრიანის მთას შეაფარა თავი. მარტომყოფელ ბერს, რომელიც ბალახებითა და
ხის ქერქით იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გაუგზავნა. წმიდა ანტონმა
მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თვრამეტი წელი. ღირს
მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. გარდაცვალების დროს მამა
ანტონი მაცხოვრის ხატის წინ იყო დაჩოქილი და ლოცულობდა. ღირსი ანტონის გვამი
მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს,
ღვთისმშობლის ხატის წინ.

წმიდა დავით გარეჯელი საქართველოს ახალ დედაქალაქში, თბილისში დაემკვიდრა
სამოღვაწეოდ. ქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დაყუდებულმა ბერმა თავისი
საკვირველი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით მრავალი ადამიანი მიიზიდა და ბევრი
ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა მოგვებმა ფეხმძიმე როსკიპი დედაკაცი
მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. წმიდანმა კვერთხი შეახო
დედაკაცის მუცელს და წარმოთქვა: „შენ, ჩვილო, გიბრძანებ სახელითა უფლისა ჩუენისა
იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, ვარ თუ არა მე მამა შენი“. ჩვილმა დედის
მუცლიდან უპასუხა წმიდანს და სხვაზე მიანიშნა. განრისხებულმა ხალხმა დედაკაცი
ქვებით ჩაქოლა. შეძრწუნებულმა დავითმა, რომელმაც გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა,
მდინარე მტკვარზე გაფინა მოსასხამი, თავის მოწაფესთან, წმიდა ლუკიანესთან ერთად ზედ
შედგა და, მიუხედავად თბილისელების მხურვალე ვედრებისა, ქალაქი დატოვა.

მამა დავითი და ლუკიანე გარეჯის უდაბნოში დასახლდნენ. მოსაგრეებს უფალმა
სასწაულებრივ საზრდელი გაუჩინა. მათთან ყოველდღე, გარდა ოთხშაბათისა და
პარასკევისა, ირმები მიდიოდნენ, ლუკიანე წველიდა, მამა დავითი რძეს ჯვარს
გადასახავდა და იგი ყველად იქცეოდა. გარეჯელ მამათა სასწაულები მთელმა ქვეყანამ
გაიგო და მალე იქ „დაემკვიდრნეს სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა
შემატკბობელნი“.

ნინოწმიდიდან ღირს დავითთან მივიდა სათნოებით შემკული ბერი დოდო (ხს. ამაღლების
შემდგომ ოთხშაბათს), რომელმაც მოძღვრის ბრძანებით კლდის რქაზე ააშენა ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი დავითი იერუსალიმის მოსალოცად წავიდა. ბერმა თავისი
უღირსების გამო წმიდა ქალაქში შესვლა არ ინება, კარიბჭესთან დიდხანს და მხურვალედ
ილოცა, შემდეგ იმ ადგილიდან აიღო სამი ქვა და სიწმიდეებად წამოიღო საქართველოში. იმ
ღამეს იერუსალიმის პატრიარქს, ელიას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ
საქართველოდან მოსულ მამა დავითს თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი
მიჰქონდა. პატრიარქის გაგზავნილმა კაცებმა ორი ქვა გამოართვეს მამა დავითს, მესამე
კი წმიდა ბერმა საქართველოში ჩამოიტანა.

ხანგრძლივი და ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ აღსრულებული მამა დავითი იქვე,
გარეჯის სავანეში დაკრძალეს.

წმიდა ისე წილკნელი მამა იოანეს რჩევით ევლავიოს კათოლიკოსმა წილკნის
ეპისკოპოსად აკურთხა. ღირსმა მამამ „ფრიადი ურწმუნონი სწავლითა მოაქცივნა,
მოძღურება და ქადაგება განფინა სამწყსოსა თვისსა“. ერთხელ ღირსმა იოანემ
გადაწყვიტა, სათნოებაში და სულიერებაში გამოეცადა თავისი მოწაფეები. წმიდა ისე
მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა, ჯვარი გადასახა მდინარეს,  შემდეგ კვერთხი
შეახო და თქვა: „სახელითა უფლისათა გიბრძანებ, ჩემ მიერ კსინვით ვიდოდე და
შემომიდეგ, ვიდრეცა ვიდოდე“. მდინარეს წყლის ნაკადი გამოეყო და ღირსი ისეს კვერთხს
შეუდგა. ღირსმა მამამ წილკნის საყდრამდე მოიყვანა წყალი. ამ სასწაულმა მრავალი
ხალხი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

წმიდა ისემ უფლისაგან წინასწარ შეიტყო ხორცთაგან განსვლის დღე, ეზიარა წმიდა
საიდუმლოს და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მამა იქვე, წილკნის ღვთისმშობლის
ტაძარში დაკრძალეს.

წმიდა იოსებ ალავერდელი განუშორებლად ატარებდა მაცხოვრის ცხოველმყოფელი
ჯვრის ხისგან გაკეთებულ ჯვარს. წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით იგი კახეთის
სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა, ბოლოს ალავერდის უდაბნო აირჩია და იქ დაიწყო
მოღვაწეობა. ერთხელ სრულიად მარტო მყოფი ბერი შეხვდა მონადირე დიდებულს, რომელსაც
ღვთის სიტყვა უქადაგა. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულმა დიდებულმა
საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ხალხმა გაიგო მოღვაწე ბერის ამბავი და იწყო
სიარული, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. ბევრი იქვე დარჩა.
დროთა განმავლობაში მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა.

დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით მოუძლურებულმა აბბა იოსებმა მოწაფეებს
წინამძღვარი დაუდგინა და ღვთივ მიისვენა. იგი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ
ალავერდის ტაძარში. აბბა იოსების საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.

წმიდა შიო მღვიმელი სარკინეთის კლდეთა შორის მდებარე მღვიმეში
მოღვაწეობდა. უდაბურ ადგილას მოღვაწე ბერი თვით ყოველადწმიდა ღვთისმშობელმა
აკურთხა. ეს ნახა სარკინეთის მთაზე სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ
(ხს. 4 თებერვალს), მოინახულა საკვირველი ბერი და დაემოწაფა მას. მალე იქაურობა
მეუდაბნოე მამებმა აავსო. წმიდა შიომ სარკინეთში სავანე დააარსა და ორი ათას ბერს
მოუყარა თავი. წმიდა შიომ აღთქმა დადო, რომ დარჩენილ სიცოცხლეს მღვიმეში
გაატარებდა. მღვიმე თავისსავე მონასტერში გათხარა და შიგ ჩავიდა. ღირსი შიო
თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა მღვიმეში.

წმიდა ისიდორე სამთავნელი მოძღვრის კურთხევით დიდხანს ქადაგებდა ქართლში.
შემდეგ რეხულას აღმოსავლეთით დააარსა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის
სამთავისის მონასტერი, ღირსი მამა მოწაფეებმა მის მიერ დაარსებულ მონასტერში
დაკრძალეს.

წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან
ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი
ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში.
შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.

წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად ქადაგებდა კახეთში.
დაკრძალულია წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში, სამკვეთლოსთან.

წმიდა ზენონ იყალთოელი ქადაგებდა კახეთის მთიანეთში, შემდეგ იყალთოში
დააარსა მონასტერი და იქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე. დაკრძალულია მაცხოვრის
ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.

წმიდა პიროს ბრეთელმა, „ღვთაებრივმან ხატმან სინანულისამან“, მდინარე
ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე. მისი წმიდა ნაწილები ამ
მონასტერშია დაკარძალული.

წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს
დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები.

წმიდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ქართველთა
შვილები გონებით და ზნეობით, ამ უდაბნოებიდან ეფინებოდა ქართველობას მადლი და
კურთხევა. ეს სავანეები და მათი დამაარსებელი წმიდა მამები გახდნენ ქართველთა
მფარველნი და მათი დამცველნი უსჯულოებისა და ბიწიერებისაგან.