,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
აღდგომიდან მე-4 შვიდეული. 29.05.2024
ოთხშაბათი. ხსნილი თევზით
განზოგება ერგასისა. ღირსისა თეოდორე განწმედილისა, იღუმენისა, ღირსისა პახუმი დიდის მოწაფისა (368); მღვდელმოწამისა ალექსანდრე იერუსალიმელ ეპისკოპოსისა (213-250); მოწამეთა: ვიტესი, მოდესტისა და კრისკენტიასი (303); ნეტარისა ყრმისა მუზა ქალწულისა (V); ღირს მამათა, წმიდა საბას ლავრაში გვემულთა (614); გიორგი II მიტილენელ ეპისკოპოსისა (IX); მოწამეთა: ავდა და ავდიისუ, სპარსელ ეპისკოპოსთა და მათ თანა თექვსმეტთა ზუცესთა, ცხრათა დიაკონთა, ექვსთა მონაზონთა და შვიდთა ქალწულთა, ქვეყანით ხასხარით და ოცდაცხრამეტთა ერისკაცთა ქრისტიანეთა.
დღის საკითხავები
მწუხრ.: განზოგებისა: 1) მიქ. 4: 2-3, 5; 6: 2-5, 8; 5: 4. 2) ეს. 55: 1-13. 3) იგავ. 9: 1-11.
საქმ. 14: 6-18 (დას. 34). ინ. 7: 14-30 (დას. 26).
მწუხრ.: განზოგებისა: 1) მიქ. 4: 2-3, 5; 6: 2-5, 8; 5: 4
4: 2. 2. მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა. 3. გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე; თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს – ნამგლებად; ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან.
5. რაკი ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე.
6: 2-5. 2. ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს. 3. ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი. 4. ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიძღოლე მოსე, აარონი და მირიამი. 5. ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი, მოაბის მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბალაამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი.
8. ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.
5: 4. და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარბაზებში, მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს.
მწუხრ.: განზოგებისა: 2) ეს. 55: 1-13
1. ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო, წადით, იყიდეთ და ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე! 2. რისთვის ხარჯავთ ვერცხლს, თუ ბურს ვერ შოულობთ? რისთვის შრომობთ, თუ ვერ ძღებით? მე მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს, ნოყიერი საკვებით დაიტკბობთ სულს. 3. ყური მომაპყარით და ჩემთან მოდით; მისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული. დაგიდებთ საუკუნო აღთქმას დავითის მტკიცე სიქველეთა გამო. 4. აჰა, დავსვი ხალხების მოწმედ, ხალხების ბელადად და მბრძანებლად. 5. აჰა, ხალხს, რომელსაც არ იცნობ, მოუწოდებ, და ხალხი, რომელიც არ გიცნობს, შენსკენ გამოეშურება უფლის, შენი ღმერთის გამო და ისრაელის წმიდის გამო, რადგან მან განგადიდა შენ. 6. ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი. 7. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა – თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია. 8. რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი. 9. რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე. 10. რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს, 11. ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე. 12. რადგან სიხარულით გახვალთ და მშვიდობით იქნებით ნატარები; მთები და ბორცვები მხიარულ ყიჟინას დასცემენ თქვენს წინაშე და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს. 13. ეკლის ადგილზე ალვისხე ამოვა და ქაცვის ადგილზე მურტი ამოვა; და იქნება უფლისათვის სახელად და საუკუნო ნიშნად, რომელიც არ წაიშლება.
მწუხრ.: განზოგებისა: 3) იგავ. 9: 1-11
1. სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა. 2. დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა, 3. გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან: 4. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა: 5. მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო. 6. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ. 7. ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი – შეურაცხყოფას; 8. ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს; 9. მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს. 10. უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება. 11. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
საქმ. 14: 6-18
6. გაიგეს, რასაც აპირებდნენ და ლიკაონიის ქალაქებს – ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს მიაშურეს, 7. და ახარებდნენ იქ. 8. ლისტრაში იჯდა ერთი კაცი, ორივე ფეხწართმეული, და დედის საშოდანვე ხეიბრად შობილს თავის დღეში არ გაევლო. 9. ეს კაცი ყურს უგდებდა პავლეს, რომელმაც შეხედა მას და მიხვდა, რომ რწმენა და განკურნების იმედი ჰქონდა. 10. ამიტომაც ხმამაღლა უთხრა: ფეხზე დადექი და გაიმართე! ისიც წამოხტა და სიარული დაიწყო. 11. როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო. 12. ამიტომ ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი – ჰერმესს, ვინაიდან ის იყო თავკაცი სიტყვისა. 13. ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი. 14. მაგრამ მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ეს რომ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხს მივარდნენ და შეჰყვირეს: 15. რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია, 16. და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ. 17. თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს. 18. ამ სიტყვებით, როგორც იქნა, დააოკეს ხალხი, რომ აღარ შეეწირათ მსხვერპლი.
ინ. 7: 14-30
14. მაგრამ შუა დღესასწაულზე შევიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. 15. უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი? 16. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა. 17. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ. 18. ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს, ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია, და უსამართლობა არ არის მასში. 19. განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არცერთი თქვენგანი არ იცავს რჯულს. რად მეძებთ მე მოსაკლავად? 20. მიუგო ხალხმა და თქვა: ეშმაკეუღი ხარ; ვინ გეძებს მოსაკლავად? 21. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ერთი საქმე ვქმენ და ყველას გიკვირთ. 22. მოსემ მოგცათ წინადაცვეთა (თუმცა მოსემ კი არა, მამებმა მოგცეს) და შაბათ დღეს წინადაცვეთავთ კაცს. 23. თუ კაცი წინდაცვეთას იღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯულღი, რაღა ჩემზე მრისხანებთ იმის გამო, რომ სულაც განვკურნე კაცი შაბათს? 24. იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ. 25. ხოლო ზოგიერთი იერუსალიმელი ამბობდა: ეს ხომ არ არის, ვისაც მოსაკლავად ეძებენ? 26. აჰა, აშკარად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ნუთუ მართლა ცნეს მთავრებმა, რომ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტე? 27. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, სადაურია; ქრისტე კი, როდესაც მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის. 28. მაშინ იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა, შეღაღადა და თქვა: მეც მიცნობთ და ისიც იცით, სადაური ვარ; მაგრამ ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. 29. მე კი ვიცნობ, ვინაიდან მისგან ვარ და მან მომავლინა. 30. ამიტომ ეძებდნენ შესაპყრობად, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა ალექსანდრე იერუსალიმელი ეპისკოპოსი (213-250)
ღირსი თეოდორე განწმენდილი (348)
ღირსი პახუმი ხედავდა წმიდა თეოდორეს საღმრთო გონიერებას და დაავალა, ძმებისთვის წმიდა წერილის სწავლება აეხსნა. მაშინ წმიდა თეოდორე მხოლოდ 20 წლისა იყო. ის უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვრის კურთხევას, მაგრამ ზოგიერთი ასაკოვანი ბერი შეურაცხყოფილი დარჩა ახალგაზრდა ბერის სწავლებით და განეშორა მას. ღირსმა პახუმიმ მათ უთხრა: „თქვენ ეშმაკს დაემორჩილეთ და თვითდაჯერებულობით ამაოდ აქციეთ თქვენი ღვაწლი. თქვენ თეოდორე კი არ უარყავით, არამედ სიტყვა ღვთისა და მოაკლდით სულიწმიდის მადლს“. წმიდა თეოდორე მამაშვილური სიყვარულით ზრუნავდა თავის მოძღვარზე, უვლიდა სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულს და როცა აღესრულა, საკუთარი ხელებით დაუხუჭა თვალები.
ღირსი პახუმის სიკვდილის შემდეგ ტაბენისის მონასტერს წმიდა თეოდორე განაგებდა, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა თებოდის ყველა სავანეს. ღირს მამას სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მას კარგად იცნობდა წმიდა ათანასე ალექსანდრიელი. წმიდა თეოდორე აღესრულა ღრმად მოხუცი, 368 წელს.
წმიდა მოწამენი: აბდა, აბდიისუს ეპისკოპოსი და მათთან ერთად 16 მღვდელი, 9 დიაკონი, 6 მონაზონი და 7 ქალწული (+418)
ნეტარი მუზა ქალწული (V)
ღირსი მამანი წმიდა საბას ლავრაში გვემულნი (614) (IV)