31.05.2024. აღდგომიდან მე-2 შვიდეული. პარასკევი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-4 შვიდეული. 31.05.2024

პარასკევი. ხსნილი თევზით 

ერგასის განზოგების შემდგომი დღესასწაული. მოწამეთა ძმათა დავითისა და ტირიჭანისა (693); მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა და შვიდთა ქალწულმოწამეთა: ალექსანდრასი, ტეკუსასი, კლავდიასი, ფაინასი, ევფრასიასი, მატრონასი და იულიასი (303); მოწამეთა: პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე ლამფსაკიელთა (249 -251); მოწამეთა: სვიმეონისა, ისააკისა და ბაქტისისა (IV ); მოწამეთა: ირაკლისა, პავლინესი და ბენედიმესი; წმიდათა მამათა შვიდთა მსოფლიოთა კრებათა, მღვდელმოწამისა თეოდორესი, რომთა პაპისა (VII). 

დღის ლოცვა 

7 მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება

ტროპარი: უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენნი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე; მრავალმოწყალეო ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა. 

დღის საკითხავები 

საქმ. 10: 44-11: 10 (დას. 27). ინ. 8: 21-30 (დას. 30). 

საქმ. 10: 44-11: 10 

44. პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სული წმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა. 45. წინადაცვეთილ მორწმუნეებს, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უკვირდათ, რომ წარმართებსაც მიეფინათ სული წმიდის ნიჭი. 46. რადგანაც ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი სხვადასხვა ენაზე და ადიდებდნენ ღმერთს. 47. მაშინ პეტრემ თქვა: ვინ აუკრძალავს წყლით ნათლისღებას ამათ, ჩვენსავით რომ მიიღეს სული წმიდა? 48. და უბრძანა მათ, ნათელ ეღოთ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან. 

1. მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. 2. და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმს, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს 3. და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო. 4. მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო, ყველაფერი დალაგებით უამბო და უთხრა მათ: 5. ქალაქ იოპეში ყოფნისას ვლოცულობდი და ექსტაზში ვიხილე ხილვა: ზეციდან ეშვებოდა რაღაც უცხო ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, და ოთხივე წვერით გამოკრული ჩემამდე დაეშვა. 6. ჩავხედე და დავინახე დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები. 7. და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე! 8. მე კი ვთქვი: არა, უფალო, რადგანაც არასდროს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. 9. მეორედაც მომიგო ზეციდან ხმამ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. 10. ასე განმეორდა სამჯერ და ყველაფერი კვლავ ამაღლდა ზეცად.

ინ. 8: 21-30 

21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ. 22. იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო? 23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე – იმქვეყნიური. 24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით. 25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით? 26. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი. 27. მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას. 28. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ. 29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას. 30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი ირაკლი, პავლინე და ვენედიმე ქალაქ ათენში აღესრულნენ ქრისტესთვის. ისინი წარმართთა შორის ქადაგებდნენ სარწმუნოებას ღვთის რჩეულები მოწაფეებთან: პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინესთან ერთად სამსჯავროზე წარადგინეს და ხანგრძლივი წამების შემდეგ გახურებულ ღუმელში დაწვეს. 
წმიდა მოწამე ევფროსინე ქალაქ ნიკეაში დაიბადა. ის III-IV საუკუნეების მიჯნაზე. იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს ზეობისას. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ ქრისტეს ტარიგი ზღვაში ჩააგდეს. 
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (+303) ცხოვრობდნენ ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში და მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის IV ს-ის დასაწყისში.
იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას ანკვირიაში დანიშნეს სისასტიკით ცნობილი თეოტეკნი. თეოტეკნმა ქრისტიანები გააფრთხილა, რომ კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წამება და სიკვდილი არ აცდებოდათ. მრავალმა ქრისტიანმა დატოვა სახლი და ქალაქიდან გაიქცა. დარჩენილებს წარმართები გვემდნენ და ძარცვავდნენ.
ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ამ მძიმე დღეებში წმიდა თეოდოტე თავის ოჯახში კვებავდა ქრისტეს აღმსარებლებს, გაძარცულ ეკლესიებს სწირავდა საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად საჭირო ნივთებს. წმიდანი უშიშრად შედიოდა საპყრობილეებში, ეხმარებოდა უდანაშაულოდ დასჯილებს და განამხნევებდა მოსალოდნელი აღსასრულის წინ, მეომრებისაგან გამოსასყიდით გამოხსნილ ქრისტიანების გვამებს კი პატივით მარხავდა. როცა ანკვირიაში ქრისტიანული ეკლესიები გაძარცვეს და დაკეტეს, საღვთო ლიტურღია წმიდა თეოდოტეს სახლში სრულდებოდა.
იმ დროს ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა 7 ქალწული. მათგან უფროსი, წმიდა ტეკუსი, წმიდა თეოდოტეს დეიდა იყო. წმიდანებმა ტეკუსიმ, ფაინამ, კლავდიამ, მატრონამ, იულიამ, ალექსანდრამ და ევფრასიამ სიყრმითგან უფალს უძღვნეს თავი. თეოტეკნის სამსჯავროზე წარდგენილმა მოწამეებმა თამამად აღიარეს ქრისტე. წმიდანებს ქვები გამოაბეს ყელზე და ტბაში ჩაახრჩვეს. მეორე ღამეს წმიდა ტეკუსი ძილში გამოეცხადა წმიდა თეოდორეს და შეევედრა, ტბიდან ამოეღო მათი ცხედრები და ქრისტიანულად დაემარხა. წმიდანმა წაიყვანა მეგობარი პოლიხრონიოსი, სხვა ქრისტიანები და უკუნ ღამეში ტბისკენ გაემართნენ. ამ დროს ტბის ნაპირზე მყოფ დარაჯებს გამოეცხადა წმიდა მოწამე სისანდრე. შეშინებული დარაჯები გაიქცნენ. ქრისტიანებმა მოწამეთა გვამები ეკლესიის ეზოში დამარხეს. როცა მმართველმა გაიგო წმიდანთა ცხედრების ამბავი, განრისხდა და ბრძანა, ყველა ქრისტიანი შეეპყროთ და ეწამებინათ. სხვებთან ერთად პოლიხრონიოსიც დაიჭირეს. მან წამებას ვერ გაუძლო და განაცხადა, რომ ყველაფრის მიზეზი წმიდა თეოდოტე იყო. წმიდანი სასამართლოზე წარადგინეს მას წამების იარაღები აჩვენეს, თან დიდ პატივს და სიმდიდრეს დაპირდნენ ქრისტეს უარყოფისათვის. წმიდა თეოდოტემ ადიდა იესო ქრისტე და აღიარა იგი ღმერთად და მაცხოვრად. გამძვინვარებულმა წარმართებმა გააგრძელეს წმიდანის ტანჯვა, მაგრამ ღვთის ძალამ დაიფარა იგი და ცოცხლად გადარჩა. წმიდა მოწამე დილეგში ჩააგდეს. მეორე დღეს მმართველმა კვლავ განაგრძო მისი წამება, მაგრამ მიხვდა, რომ ვერას გახდებოდა და თავის მოკვეთა ბრძანა. სასჯელი აღსრულდა, მაგრამ ამოვარდნილმა გრიგალმა მეომრებს წმიდანის ცხედრის დაწვის საშუალება არ მისცა. ღვთის ნებით ამ ადგილას გამოიარა მღვდელმა ფრონტონმა, წმიდა ცხედარი ვირს აჰკიდა და წმიდა თეოდოტეს მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილას დაკრძალა იგი. მოგვიანებით წმიდანის საფლავზე ეკლესია აშენდა. წმიდა თეოდოტე აღესრულა 303 ან 304 წელს.
წმიდანის ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული, აგრეთვე წმიდა ქალწულთა ვნებანი აღწერა წმიდა თეოდოტეს თანამედროვემ და თანამოსაგრემ ნილოსმა, რომელიც ქრისტიანთა დევნის დროს ცხოვრობდა ანკვირაში. 
წმიდა მოწამე სვიმეონ, ისააკი და ვახტისი (IV) ცხოვრობდნენ სპარსეთში ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის საპორ მეფის დროს. წმიდანებს აიძულებდნენ ცეცხლთაყვანისმცემლობა მიეღოთ, მაგრამ მათ მხნედ მიუგეს წარმართებს: „ჩვენ არ უარვყფოთ შემოქმედს ყოველთასა და არ შეუვრდებით მზესა და ცეცხლს“. მოწამენი სასტიკად ცემეს, შემდეგ დილეგში ჩააგდეს და შვიდი დღე უჭმელ-უსმელად ამყოფეს, ბოლოს ხმლით წარკვეთეს თავი. 
წმიდა დავითი და ტარიჭანი ერისთავთა ცნობილი გვარის წარმომადგენლები იყვნენ. ქართველ მეფეთა კარზე დაახლოებული და დანათესავებული მათი მშობლები ვარდანი და თაგინე ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ ვაჟიშვილებს. ვარდან ერისთავი დავითისა და ტარიჭანის სიყრმეში გარდაიცვალა. მისი მამული მძლავრებით მიიტაცა თაგინეს წარმართმა ძმამ, თევდოსიმ, თან გადაწყვიტა წმიდა ოჯახი უსჯულოებისაკენ მიედრიკა: „დაუტევეთ შჯული ეგე ჯუარცმულისაჲ და იპყარით შჯული ჩემი შენ და შვილთა შენთა და გავზარდნე ყრმანი ეგე შვილად ჩემდა და მე გავზარდნე იგინი შუებითა და სიხარულითა დიდითა“. თაგინე მტკიცედ აღუდგა წინ ძმის ბოროტ განზრახვას: „სამკვიდრებელი ესე შვილთა ჩემთაჲ და ყოველი მონაგები მამისა მათისაჲ კმა ეყავნ შენდა, ხოლო საფასე იგი გამოუპარველი და სამკჳდრებელი მიუღებელი მამისა მიერ ზეცათაჲსა და ღმრთისაჲ ვერ შემიძლოთ“.
როდესაც დის შეუპოვრობა იხილა, უკეთურმა თევდოსიმ ჩუმად იხმო დისწულნი, ამბორს-უყო მათ, კეთილად ისტუმრა და უთხრა: „თქუენ აწ შვილნი ჩემნი ხართ, დღეს მე ვითარცა მამაჲ თქუენი და აწ ჩემიცა თქუენი არს. ესე ხოლო ყავთ ჩემდა მომართ და რომელი გრქუა თქუენ, ისმინოთ ჩემი, ვითარცა შვილთა მორჩილთა საყუარელთა. შჯული ეგე, რომელი ეპყრა მამასა თქუენსა, განუტევეთ და მე უკეთესი შჯული მოგცე თქუენ“. წმიდა ყრმებმა მცირეოდენი დუმილის შემდეგ მტკიცედ მიუგეს ბიძას: „ჩუენდა კმა-არს შჯული იგი, რომელი ეპყრა მამასა ჩუენსა და ვჰგიეთ მას, ვიდრე სული ესე იყოს-ღა ხორცთა შინა ჩუენთა. ხოლო სიყუარულისათჳს და მოთმინებისა ღმრთისა სხუად თჳნიერ შჯულისა დატევებისა, განმზადებულ ვართ, ვითარცა მამისა ჩუენისა“.
განრისხებულმა თევდოსიმ ქრისტიანების შიშით ვერ გაბედა ყრმათა მოკვლა, მშვიდობით გაუშვა, გულში კი მათი მალულად მოკვდინება გადაწყვიტა.
თაგინემ იგრძნო მოსალოდნელი უბედურება და შვილებთან ერთად ტაოში გადავიდა, ნათესავთან.
თევდოსის მრისხანება და სიძულვილი უღრღნიდა გულს. მან მსტოვრები გაგზავნა, გაიგო, რომ ძმები მაღალ მთაზე აძოვებდნენ ცხვარს, წაიყვანა მეომრები და ტყეში ჩაუსაფრდა წმიდანებს.
მთის წვერზე მოთამაშე ძმებმა ხმაური გაიგონეს, შემდგომ შეიარაღებული მეომრები იხილეს და შიშის ზარი დაეცათ. ნეტარმა დავითმა ბიძა იცნო და სიხარულით გაექანა მისკენ. უკეთურმა თევდოსიმ ამბორისყოფის წილ მახვილი უგმირა დისწულს და მოკლა. „პოვა მან მსწრაფლ გზაჲ ზეცისაჲ და მოიგო გვირგვინი იგი მოწამებისა“. წმიდა მოწამის ხელიდან გავარდნილი კომბალი მიწაზე დაეცა და უზარმაზარ ხედ იქცა. ორასი წლის შემდეგ მლოცველებმა ის ხე წმიდა ნაწილებად დაინაწილეს.
ტარიჭანი სოფელ დივრისაკენ გაიქცა, მაგრამ მდევრები დაეწიენ და ისიც მოკლეს. სოფლის მცხოვრებმა რომლებმაც მათკენ მომავალი და შემდეგ უკან გაბრუნებული მეომართა ჯგუფი იხილეს, მივიდნენ იმ ადგილას, საიდანაც მეომრები უკუიქცნენ და ნახეს მოკლული ყრმა.
ტარიჭანის მკვლელნი დაბრუნდნენ მთაზე და იხილეს დაბრმავებული თევდოსი. მეომრები გაკვირვებად შეიპყრო. ვერც ხმა ამოიღეს და ვერც ის ადგილი დატოვეს, სადაც ეს სასწაული და სასჯელი აღსრულდა. თევდოსი ღვთის სასჯელმა მოაქცია, სინანულით აღივსო და მწარედ აქვითინდა: „არა უჯეროჲ ვქმენა, რამეთუ მოვსწყვიდენი დისწულნი ჩემნი“.
თაგინეს ტირილითა და გოდებით ამხილა ძმა: „რად მიმიხუენ ნათელნი თუალთა ჩემთანი? არა კმა-იყოა გლოვად ჩემდა სიქურივე ესე ჩემი? არა კმა გეყოა სამკვიდრებელი შვილთა ჩემთა და ყოფაჲ ჩემი წყუდიადსა ამას ქუეყანისასა? ვერ კმა-გეყოა სამკვიდრებელი ქმრისა ჩემისაჲ? რად დამიბნელე მზე ჩემი ჟამსა ოდენ პირველსა დღისასა? ვიდრემდის არა დასცხერი დევნად ჩემდა? არღარა მოიხსენეა საშოჲ იგი მშობელისა შენისა და ჩემისაჲ და ძუძუნი იგი, რომელთა გამოგუზარდნეს შენ და მე? რად დამივსენ სანთელნი ესე ჩემნი, ჰოი, უშჯულოვო?“ ხალხი მდუმარედ უსმენდა გულმკვდარ დედას და ცხარე ცრემლებით დასტიროდა უმანკო ყრმებს. სხვებთან ერთად მწარედ ტიროდა თევდოსიც.
როდესაც დედა შვილების ცხედრებს მოეფერა, თევდოსიმ თაგინეს უთხრა: „შენ ნათელი გამოგიბრწყინდა მიუწვდომელი ნათლისა მისგან წარუვალისა და ჭეშმარიტისა მისგან დაუსრულებელისა ნათლისა… ევედრე შენ წმიდათა მოწამეთა, რაჲთა ყონ ჩემთჳს წყალობაჲ, რაჲთა არა ღირსი ესე ვიქმნე ღირს ბეჭედსა მას ქრისტეს მოწყალისა ღმრთისასა, რომელი იგი მოვიდა ცოდვილთათვის. მრწამს მე ჭეშმარიტი ღმერთი“.
ამ სიტყვებზე თაგინე გონს მოეგო, მიხვდა, რომ ღმერთმა მსხვერპლად შეიწირა „მშუენიერნი საკურთხნი“, შვილნი მისნი, და ძმას უთხრა: „იყავნ ღმერთი მიმტევებელ შენდა და ნუ შეგირაცხოს შენ უფალმან მოწყალემან სიკუდილი შვილთა ჩემთაჲ და დისწულთა შენთაჲ, ვითარცა იგი ოდესმე პავლეს დისწული მისი სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე“, შემდეგ უფალს შეევედრა, კურნება მიენიჭებინა თევდოსისათვის, აიღო წმიდა დავითის სისხლით გაჟღენთილი მიწა, თვალებზე სცხო ძმას და მყის აღეხილნენ თვალნი. ხალხი კი გაოგნებული შეჰყურებდა წმიდა მოწამე დავითის ცხედართან ქმნილ სასწაულს.
კაცთმოყვარე ღმერთმა ჯერ-იჩინა ყველასათვის ეუწყებინა ძმათა სიწმიდე და მოწამეობა – ღამით მათ ცხედრებს ნათელი დაადგა.
თევდოსიმ შენდობა სთხოვა კათოლიკოსს, ცრემლით მოინანია დისშვილების მკვლელობა, მოინათლა და ეკლესია აღაშენა მის მიერ მოკლული დავითის სახელზე. დივრის მთავარმა წაასვენა წმიდა ტარიჭანის ნაწილები და მისი სახელობის ტაძარი აღაშენა. 

ხსენება VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა

ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, ლეონ ისავრიელის ძის, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ზეობისას განსაკუთრებით მომძლავრდა. 754 წელს მოწვეულ იქნა ცრუ მსოფლიო კრება, რომელმაც თავისი ცრუ სარწმუნოებრივი განსაზღვრება შეიმუშავა და მართლმადიდებლობის წინამძღვრები და ხატთაყვანისცემის დამცველები, მათ შორის კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქი გერმანე და წმიდა იოანე დამასკელი, შეაჩვენა. ამის შემდეგ წმიდა ხატები გადაყარეს, ნაწილი დაწვეს, ტაძრების კედლის მხატვრობა და მოზაიკური გამოსახულებები ჩამოფხიკეს და კირით შელესეს. კონსტანტინე კოპრონიმის მემკვიდრის, ლეონ IV-ის (775-780) მეფობაში ხატთაყვანისმცემელთა დევნა შეწყდა, მისი მეუღლის, ირინეს და ძის, კონსტანტინეს ტახტზე ასვლის შემდეგ კი (780 წ.) მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მართლმორწმუნეთა სასარგებლოდ. დედოფალ ირინეს ძალისხმევით მოწვეულ იქნა VII მსოფლიო კრება, რომელსაც ზეიმით უნდა გამოეცხადებინა ხატთაყვანისცემის აღდგენა.

მსოფლიო კრება, რომელზეც სამასშვიდმა მამამ მოიყარა თავი, 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა ნიკეაში, წმიდა სოფიას ტაძარში. შემოკრებილმა მამებმა, უპირველეს ყოვლისა, ხატმბრძოლობაში ბრალდებული ეპისკოპოსების ეკლესიასთან შემოერთების საკითხი განიხილეს და ის ეპისკოპოსები, რომელთაც წერილობით დაგმეს ერესი და შენდობა ითხოვეს, შეიწყნარეს. შემდეგ კრება ხატთაყვანისცემის შესახებ ჭეშმარიტი სწავლების დამტკიცებასა და ამ დოგმატის შესახებ სწავლების ფორმულირებას შეუდგა. მოხმობილ იქნა შესაბამისი ადგილები წმიდა წერილიდან და ხატთაყვანისცემის უამრავი მაგალითი წმიდა მამათა ცხოვრებიდან.

მსოფლიო კრების ორი უკანასკნელი სხდომა წმიდა ხატების შესახებ მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი განსაზღვრების გამოცხადებასა და დამტკიცებას მიეძღვნა.

კონსტანტინოპოლის მანგავრის სასახლეში დედოფალ ირინეს საზეიმოდ გადასცეს გრაგნილი კრების სარწმუნოებრივი განსაზღვრებით, რომელიც მან სამეფო ბეჭდით დაამტკიცა. განსაზღვრებას წმიდა დედოფალთან ერთად ყრმა იმპერატორმაც მოაწერა ხელი.

ეკლესია VII მსოფლიო კრების მამათა ხსენებას 11 ოქტომბრის წინა კვირადღეს აღნიშნავს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.