1.07.2024. მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

მსგეფსი ხსნილი. 1.07.2024 

ღირსისა მიქაელ ულუმბელისა (VI); მოწამეთა: ლეონტისა, იპატისა, პოპლიოსისა და დომეტიანესი (70-79); პანუმიდე ეპისკოპოსისა.

პეტრე-პავლობის მარხვის დასაწყისი 

დღის ლოცვა

მოწამეთა: ლეონტისა, იპატისა და თეოდულეს კონდაკი:

ბოროტსა მას მანქანებასა მძლავრთასა არცხვინე შენ და წარმართთა ამხილე უღმრთოებისა მსახურებაი, და აღმოუბრწყინვე ყოველთა კაცთა მეცნიერებაი იგი ღმრთისა მოძღურებითა ღმრთისმსახურებისათა, ღმრთივგანბრძნობილო მოწამეო; ამისთვის ხსენებასა შენსა სიყუარულით პატივს ვსცემთ ჩუენ, ყოვლადბრძენო ლეონტი. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: რომ. 2: 28-3: 18 (დას. 83). მთ. 6: 31-34; 7: 9 -11 (დას. 19).
ღირ. – გალ. 213 დას. 5: 22 – 6: 2. ლკ. 24 დას. 6: 17-23. 

ლიტ.: რომ. 2: 28-3: 18 

28. ვინაიდან იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა იადეველი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულია და ხორციელი. 29. არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანადაა იუდეველი, და წინადაცვეთაც ისაა, რაც გულისა და სულისმიერია და არა ასოსმიერი. ასე რომ, კაცთაგან კი არ იქება, არამედ ღვთისაგან. 

1. მაშ, რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას, და რა პატივი წინადაცვეთას? 2. უპირატესობა დიდია ყოველნაირად: უწინარეს ყოვლისა კი იმდენად, რამდენადაც მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვა. 3. მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას? 4. არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი – ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას. 5. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ. 6. არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა? 7. მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი? 8. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა? 9. მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ. 10. როგორც დაწერილია: არავინაა მართალი. 11. არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს. 12. ყველა გზას ასცდა; ერთიანად უმაქნისნი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. 13. პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე. 14. პირი წყევლითა და სიმწრით აქვთ სავსე. 15. ფეხმარდნი არიან სისხლის საღვრელად. 16. ნგრევა და ვარამია მათ გზაზე. 17. ვერ უცვნიათ მშვიდობის გზა. 18. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.

ლიტ.: მთ. 6: 31-34; 7: 9 -11 

31. ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო? 32. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. 33. მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. 34. ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი. 

9. თუ გეგულებათ თქვენს შორის კაცი, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას? 10. ან თევზი სთხოვოს და გველი მისცეს მას? 11. ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილი საბოძვარი მისცეთ თქვენს შვილებს, რაოდენ უფრო მეტ სიკეთეს მისცემს მამა თქვენი ზეციერი მის მიმართ მთხოვნელთ? 

ღირ. – გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ. – ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია – პეტრეპავლობის მარხვა.
მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახალი სტილით – 12 ივლისს) აღინიშნება. მეორე დღეს, ე.ი. ძველი სტილით 30 ივნისს, ეკლესია იხსენიებს წმინდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედის ძის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს (თადეოზს), სვიმონ მოშურნესა და მატათას. 
აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, ძველი სტილით 30 ივნისს (ახ. სტ. – 13 ივლისს), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
ამ მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.
წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან (კერძოდ, პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური), მათ შორის არის ერთგვარი სულიერი სიახლოვე, მსგავსება, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.
სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს. „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს: „და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეჰვედრეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქმე 14, 23).
პეტრეპავლობის მარხვას „მოციქულთა განწესებაც“ იხსენიებს: „სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ“.
პეტრეპავლობის მარხვის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული ათანასე დიდთან, ამბროსი მედიოლანელთან (IV ს.) და ლეონ დიდთან (V ს.). წმინდა ათანასე დიდი იმპერატორ კონსტანტინესადმი მიძღვნილ სიტყვაში, რომელშიც არიანელებს ამხელს, წერს: „წმინდა ორმოცდამეათე დღის შემდგომ, მარხვაში, ერი სალოცავად გავიდა სასაფლაოზე“; წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: „ღმერთმა ისე განაგო, რომ მონაწილეობა მიგვეღო მის ვნებებში, ორმოცდღიან მარხვაში; ასევე ბედნიერგვყო თავისი აღდგომითა და სულთმოფენით… ხოლო ამ მხიარულ დღეთა შემდეგ ჩვენ ისევ ვმარხულობთ“; ლეონ დიდი კი წერს: „საეკლესიო მარხვები წელიწადის დროთა შესაბამისად ისეა განაწილებული, რომ წელიწადის ყოველ დროს შესაბამისი თავშეკავებული მოღვაწეობაც ახლავს“.
პეტრეპავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე – 7 დღე.
ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (XII ს.) მიუთითებს: „პეტრეპავლობის დღესასაწულამდე შვიდი და უფრო მეტი დღით ადრე ყოველი ქრისტიანი, ერისკაცნიცა და მონაზვნებიც, ვალდებულნი არიან, იმარხულონ, თორემ განყენებულნი იქნებიან კრებულიდან“.
ცნობილია, რომ ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა – დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ. კანონები მოციქულთა მარხვის შესახებ დაცულია იოანე მმარხველთან (VI ს.), საბა იერუსალიმელისა და სტუდიელთა მონასტრის ტიპიკონებში. ამ მარხვას თავიანთ ეპისტოლეებში იხსენიებენ პატრიარქი ნიკიფორე და თეოდორე ბალსამონიც.
პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.
საქართველოს ეკლესიაში მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი (როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია, მაგრამ ამისთვის კურთხევას უმაღლესი საეკლესიო პირნი იძლევიან).
მორწმუნე, რომელსაც სურს, სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გამო შეიმსუბუქოს მარხვა, კურთხევას იღებს მმართველი ეპისკოპოსისგან ან სულიერი მოძღვრისგან. ამით თავიდან ავიცილებთ ყოველგვარ გაუგებრობასა და გართულებებს, თვითნებურ მარხვას რომ მოსდევს ხოლმე თან. 
წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (I) რომაელი მხედრები იყვნენ.
უღმერთო იმპერატორმა ვესპასიანემ (70-79) ფინიკიის ოლქის გამგებლად სენატორი ადრიანე დანიშნა და უბრძანა, ეწამებინა და დაეხოცა ყველა ქრისტიანი ვინც კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს განაცხადებდა. ადრიანეს მოახსენეს ქრისტიანი ლეონტის შესახებ, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. მეფის ერთგულმა მოხელემ წმიდანის შესაპყრობად ტრიბუნი იპატი გაგზავნა მეომრების რაზმთან ერთად. გზაში ტრიბუნი მძიმედ დასნეულდა. როცა სულთმობრძავმა ჩათვლიმა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „თუ გსურს განიკურნო, მხედრებთან ერთად სამჯერ წარმოსთქვი: „შემეწიე, ლეონტის ღმერთო“. იპატი გამოფხიზლდა. ანგელოზი კვლავ მის წინაშე იდგა. „მე ლეონტის შესაპყრობად ვარ გამოგზავნილი, როგორღა ვხადო მის უფალს?“ – იკითხა გაკვირვებულმა ტრიბუნმა. სნეულმა მეომრებს მოუწოდა და ხილვის შესახებ მოუთხრო. მათ შეასრულეს ანგელოსთა ბრძანება და მოხდა სასწაული: სასიკვდილო სარეცელზე მწოლარე იპატი განიკურნა. სიხარულით აღტაცებული მხედრები ლხინსა და ღრეობას მიეცნენ. მხოლოდ ერთი მათგანი – ტრიბუნის მეგობარი, თეოდულე იჯდა განმარტოებით და მომხდარის არსზე ფიქრობდა. მან შესთხოვა იპატის, წასულიყვნენ ქალაქში, ნეტარი ლეონტის მოსაძებნად.
ტრიპოლში შესვლისთანავე მგზავრებს უცნობი კაცი შეხვდა, სახლში მიიწვია და გულუხვად გაუმასპინძლდა. როცა შეიტყვეს, რომ დამხვდური წმიდა ლეონტი იყო, იპატი და თეოდულე მუხლებში ჩაუვარდნენ მას და ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლით გაბრწყინვება ითხოვეს. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ანდრიანემ ბრძანა, მოეგვარათ მისთვის წმიდა ლეონტი, ტრიბუნი, იპატი და თეოდულე, ხოლო შემდეგ განკარგულება გასცა, წმიდა იპატი ძელზე ჩამოეკიდათ და რკინის ჩანგლებით ეჯიჯგნათ, ნეტარი თეოდულე კი არგნებით დაუზოგავად ეგვემათ. როცა ქრისტეს ტარიგთა სიმტკიცე იხილეს, მტარვალებმა მათ მახვილით მოჰკვეთეს თავები. წმიდა ლეონტი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოკეტეს, დილით კი მმართველის წინაშე წარადგინეს. სამსჯავროზე ადრიანე ცდილობდა, პატივისა და ჯილდოების აღთქმით ეცთუნებინა მხნე აღმსარებელი, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მისი მოდრეკის ყოველგვარი ცდა ამაო იყო და სატანჯველად გადასცა. წმიდა მოწამე მთელი დღე თავდაყირა ეკიდა, ყელზე ლოდგამობმული. მმართველმა ბრძანა, არგნებით მანამ ეგვემათ იგი, სანამ სული არ ამოხდებოდა. მარტვილის წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ მოისროლეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას ტრიპოლის მახლობლად. ეს მოხდა დაახლოებით 70-79 წლებში. 
პანუმიდე ეპისკოპოსისა 
ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე:
აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი (VI)