,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
აღდგომიდან მე-6 შვიდეული. სამშაბათი
ხსნილი. 11.06.2024.
მოწამისა თეოდოსია ქალწულისა, ტვირელისა (307-308); I მსოფლიო კრების წმიდათა მამათა (325); ალექსანდრესი, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა (326); ღირსმოწამისა თეოდოსია ქალწულისა, კონსტანტინეპოლელისა (730).
დღის ლოცვა
ქალწულმოწამე თეოდოსიას კონდაკი:
შრომითა მით შენითა უშრომელსა ცხორებასა მიემთხვიე, ხოლო სისხლითა შენითა სკორის მოსახელე იგი და შეგინებული მტერი ქრისტეს ეკლესიისა მოაშთვე, მოწამეო ყოვლადსანატრელო თეოდოსია, და ზეცისა განწყობილთა თანა იხარებ, მფარველი პატივისმცემელთა ხსენებისა შენისათა.
დღის საკითხავები
საქმ. 17: 19-28 (დას. 40 შუა). ინ. 12: 19-36 (დას. 42).
საქმ. 17: 19-28
19. ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? 20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს? 21. ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა. 22. დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. 23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. 24. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს. 25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. 26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი. 27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან. 28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ.
ინ. 12: 19-36
19. ხოლო ფარისევლებმა ერთმანეთს უთხრეს: ხომ ხედავთ, რომ ვერაფერს ვხდებით? აჰა, ქვეყნის ხალხი მიჰყვება მას. 20. დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ. 21. მიადგნენ ფილიპეს, რომელიც გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, და უთხრეს მას: ბატონო, იესოს ნახვა გვსურს. 22. მივიდა ფილიპე და უთხრა ეს ანდრიას, ფილიპემ და ანდრიამ კი იესოს უთხრეს. 23. იესომ პასუხად მიუგო მათ: მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა. 24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, უამრავ ნაყოფს გამოიღებს. 25. ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. 26. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა. 27. აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. 28. მამაო, განადიდე შენი სახელი! და გაისმა ხმა ზეცით: განვადიდე და კვლავაც ვადიდებ! 29. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: იქუხაო; სხვები კი ამბობდნენ: ანგელოზი ეუბნა მას. 30. მიუგო იესომ და თქვა: ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. 31. აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს. 32. და როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან. 33. ხოლო ამას ამბობდა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. 34. მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე? 35. უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. 36. სანამ გინათებთ გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა. ეს რომ თქვა იესომ, წავიდა და გაუჩინარდა მათგან.
ხსენება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც იყო ნიკეას (325)
IV საუკუნიდან ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მაგრამ თვით ეკლესიის შიგნით გაჩნდა ერესები, რომელთა შორის ყველაზე საშიში ერესი იყო არიანელობა. ალექსანდრიელი პრესვიტერი არიოზი – უაღრესად ამაყი და პატივმოყვარე კაცი – უარყოფდა იესო ქრისტეს ღვთაებრიობას და თანასწორობას მამა ღმერთთან. ალექსანდრიის პატრიარქის ალექსანდრეს მოთხოვნით მოწვეულმა ადგილობრივმა კრებამ დაგმო არიოზის ცრუსწავლება, მაგრამ ერეტიკოსი არ დაემორჩილა კრების განჩინებას და განაგრძო თავისი დამღუპველი სწავლების გავრცელება მთელ აღმოსავლეთში. წარმოქმნილი შფოთის აღსაკვეთად წმიდა მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინემ (ხს. 21 მაისს) თხოვნით მიმართა ოსია კორდუბელს, აეხსნა მისთვის არიანელობის არსი. როცა იმპერატორი დარწმუნდა, რომ ცრუსწავლება ქრისტიანობის უმთავრესი დოგმატის წინააღმდეგ იყო მიმართული, გადაწყვიტა, მსოფლიო კრება მოეწვია. მისი მოწვევით 325 წელს ნიკეაში თავი მოიყარა 318 ეპისკოპოსმა – მსოფლიო საქრისტიანოს წარმომადგენლებმა. შეკრებილთა შორის იყვნენ აღმსარებლები, რომლებმაც ქრისტიანთა დევნის დროს საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს: პაფნუტი თებაიდელი, პოტამონ ჰერაკლიელი, პავლე – მესოპოტამიის ეპისკოპოსი. კრებას ესწრებოდნენ აგრეთვე ეკლესიის ბურჯები: წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის არქიეპისკოპოსი (ხს. 6 დეკემბერს და 9 მაისს), წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი (ხს. 12 დეკემბერს) და სხვები.
ალექსანდრიის პატრიარქი ალექსანდრე ჩავიდა დიაკონ ათანასესთან ერთად, რომელიც შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქი გახდა და მართლმადიდებლობის დასაცავად გაწეული ღვაწლისათვის „დიდი“ ეწოდა. კრების სხდომებს ესწრებოდა წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორი. ევსევი კესარიელის მისალმების პასუხად მან ბრძანა: „ღვთის შეწევნით დავამხე მდევნელთა ძალაუფლება, მაგრამ ყოველგვარ ომზე, სისხლისღვრაზე მძიმეა ჩემთვის ქრისტეს ეკლესიის წიაღში ატეხილი ბრძოლა“.
კრებამ დაგმო არიოზის ერესი, თავად ცრუმოძღვარი კი განკვეთა ეკლესიიდან. წმიდა ათანასე დიდმა თავის სიტყვაში საბოლოოდ გააცამტვერა არიოზის მკრეხელური აზრები. კრებაზე დამტკიცდა მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლო, სადაც წმიდა მამებმა გადმოსცეს სწავლება სამების მეორე წევრის იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების შესახებ.
მთავარი დოგმატური საკითხის გადაწყვეტის შემდეგ კრებამ დაამტკიცა საეკლესიო მართვისა და დისციპლინის კანონები. გადაწყდა აგრეთვე, რომ აღდგომის დღესასწაული აღენიშნათ ებრაელთა პასექის შემდეგ, მთვარის აღვსების მომდევნო კვირადღეს.
წმიდა ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი (307-308)
წმიდა ალექსანდრე, ალექსანდრიელი პატრიარქი (+326)
ნეტარმა მამამ 326 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.