13.06.2024. აღდგომიდან მე-6 შვიდეული. ხუთშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-6 შვიდეული. ხუთშაბათი

ხსნილი. 13.06.2024. 

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. 

მოწამეთა ქართველთა, ქრისტეს სარწმუნოებისათვის ფერეიდანში (ირანი) სპარსთაგან მოწყვედილთა (XVII-XVIII); მოციქულისა 70-თაგანისა ერმისა (I); მოწამისა ჰერმეს კომანელისა (II); მოწამისა ფილოსოფოს ალექსანდრიელისა (II). 

მწუხრ.: 1) ეს. 2: 1-3. 2) ეს. 62: 10-12; 63: 1-3, 7-9. 3) ზაქ. 14: 1, 4, 8-11.
ცისკ.: მკ. 16: 9-20 (დას. 71).
ლიტ.: საქმ. 1: 1-12 (დას. 1). ლკ. 24: 36-53 (დას. 114). 

მწუხრ.: 1) ეს. 2: 1-3 

1. სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდაზე და იერუსალიმზე. 2. უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. 3. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან.

მწუხრ.: 2) ეს. 62: 10-12; 63: 1-3, 7-9 

10. შედით, შედით, კარიბჭეებში, გაუმზადეთ სავალი ხალხს! მოასწორეთ, მოასწორეთ გზა, გაწმიდეთ ქვებისგან! დროშა აღუმართეთ ხალხებს. 11. აჰა, გამოუცხადა უფალმა ქვეყნის კიდეებს: უთხარით სიონის ასულს: აჰა, მოდის შენი ხსნა. აჰა, მასთანვეა მისი საზღაური და მის წანაა მისი გასამრჯელო! 12. დაარქმევენ მას: წმიდა ერი, უფლის გამოსყიდული. შენ კი დაგერქმევა: მოძებნილი ქალაქი, მიუტოვებელი. 

1. ეს ვინ არის, ედომიდან რიამ მოდის, ბოცრადან – მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსელით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი? ეს მე ვარ, სიმართლის მეტყველი, ხსნის შემძლებელი! 2. რატომ არის წითელი შენი ტალავარი და შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით? 3. მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი. 

7. მადლს მივაგებ უფალს, ქება-დიდებას უფალს ყველა წყალობისთვის, რაც მოიმოქმედა ჩვენთვის უფალმა, და დიდი სიკეთისთვის, ისრაელის სახლისადმი რომ მოიმოქმედა თავისი სიბრალულით და დიდი სიყვარულით. 8. თქვა: ჩემი ხალხია ისინი, შვილებია, არ ცრუობენ, და მოევლინა მათ მხსნელად. 9. ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან.

მწუხრ.: 3) ზაქ. 14: 1, 4, 8-11 

1. ნეტარია კაცი რომელმაც არ შესცოდა თავისი პირით და ცოდვის სევდამ არ დაამწუხრა. 

4. ვინც თავის სულს აკლებს და ისე აგროვებს, სხვებისთვის აგროვებს და მისი საუნჯით სხვანი დატკბებიან. 

8. უკეთურია, ვისაც შურიანი თვალი აქვს, პირს აბრუნებს და სძულს ადამიანები. 9. თვალი ანგარებისმოყვარისა ვერ ძღება რაიმე წილით; ბოროტის უსამართლობა სულს აჭკნობს. 10. უკეთური თვალი პურზეც მოშურნეობს და მისი სუფრა მუდამ მწირია. 11. შვილო, შეძლებისამებრ კეთილი უყავი შენს თავს და უფალსაც ღირსეულად მიართვი ძღვენი.

ცისკ.: მკ. 16: 9-20 

9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. 10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. 11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. 12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ. 13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ. 14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი. 15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. 17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. 18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. 19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. 20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.

ლიტ.: საქმ. 1: 1-12 

1. პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა. 2. ამ დღემდე, როცა ამაღლდა ზეცად, მას შემდეგ, რაც სულით წმიდით მისცა მცნებანი მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია, 3. და რომლებსაც, მრავალი სარწმუნო ნიშნით, ცოცხლად წარუდგა თავისი ვნების შემდეგ; ორმოცი დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა მათ. 4. შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან. 5. ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით. 6. შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს? 7. და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ. 8. არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე. 9. ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ თვალთაგან. 10. და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით, 11. რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი. 12. მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, მის მახლობლად, შაბათის სავალ მანძილზე მდებარე მთიდან, რომელსაც ჰქვია ზეთისხილისა.

ლიტ.: ლკ. 24: 36-53 

36. ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა. 37. ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო. 38. მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში? 39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს. 40. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ. 41. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ? 42. და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი. 43. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ. 44. და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში. 45. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი. 46. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით, 47. და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. 48. ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი. 49. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით. 50. და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი. 51. კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად. 52. ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს. 53. და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა

ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

მაცხოვრის ამაღლება

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.

საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

მაცხოვრის ამაღლების მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ.

პირველი – მოვლენის ონტოლოგიური მხარეა: ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღმრთო დიდებას აზიარა. იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს, იგი მიწისთვისაც კი უღირსი – ზეცაში დამკვიდრდა. კაცთა ბუნება, რომლისაგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავნდნენ, თვით ქერუბინებზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება. ამაღლებით რეალურად განცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა“ (ფს. 46, 5); ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, „ჩუენი მოქალაქეობაი ცათა შინ არს“ (ფილ. 3, 20).

უფლის ამაღლებას აქვს ესქატოლოგიური მნიშვნელობაც, რადგან სწორედ ამაღლება იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება. ამაღლებას ზნეობრივი მნიშნვნელობაც გააჩნია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერიასაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერზე და მდაბალზე.

სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) ვკითხულობთ: „და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ღმერთი ხომ დროისა და სივრცის მიღმიერია? როგორ უნდა გავიგოთ ეს ანთროპომორფისტული მეტაფორა? როდესაც იმპერატორი თანამმართველს ირჩევდა, ან მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდებოდა – მაშინ განსაკუთრებული რიტუალი – ინტრონიზაცია ტარდებოდა. სასახლის დარბაზში ორ ტახტს დგამდნენ. ერთზე ჯდებოდა იმპერატორი, მეორეზე, მარჯვენა მხარეს თანამმართველი. მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებას ნიშნავდა. ამდენად, აღნიშნული სიტყვები მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანაბარ ძალაუფლებაზე მიუთითებს. ეს სახე-სიმბოლო  კიდევ უფრო წარმოაჩენს ამაღლების აქსიოლოგიურ მნიშვნელობას: ღმერთკაცის სახით მთელ კაცობრიობას დაუსრულებელი სულიერი აღმასვლის შესაძლებლობა მიეცა.

ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.

ზურაბ ეკალაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 21 (72), 2000 წ.