17.06.2024. აღდგომიდან მე-7 შვიდეული. ორშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-7 შვიდეული. ორშაბათი

ხსნილი. 17.06.2024. 

შემდგომი დღესასწაული ამაღლებისა. მიტროფანე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (326); მოწამეთა: ფრონტასისა, სევერინესი, სევერიანესი და სილანესი (I); მოწამისა კონკორდისა (175); მღვდელმოწამისა ასტისა, დურაჰის ეპისკოპოსისა (II); ღირსისა ზოსიმესი, ეგვიპტის ბაბილონელ ეპისკოპოსისა (VI); წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა, მართასი და მარიამისი, მართალ ლაზარეს დათა. 

დღის ლოცვა

მიტროფანეს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის კონდაკი:
სარწმუნოებაი ქრისტესი ცხადად და ხმამაღლად ჰქადაგე შენ, და წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ, და შერთე სამწყსო შენი ანგელოზთა თანა, ვინაცა აწ იხარებ ქრისტეს თანა, მიტროფანე, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: საქმ. 21: 8-14 (დას. 45). ინ. 14: 27 – 15: 7 (დას. 49). 

ლიტ.: საქმ. 21: 8-14 

8. მეორე დღეს კი გამოვედით და კესარიას მივაღწიეთ, სადაც ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის სახლში შევედით და იქ დავდექით. 9. ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო. 10. კარგა ხანს დავყავით მისას; ჩვენს იქ ყოფნაში იუდეიდან ჩამოვიდა ერთი წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი. 11. ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: კაცს, ვისიცაა ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმს და წარმართებს მისცემენ ხელში. 12. ეს რომ გავიგონეთ, ჩვენც და იქაურებმაც თხოვნა დავუწყეთ პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმს. 13. მან კი მოგვიგო: ამას რას სჩადით? ტირილით მიურვებთ გულს? არამცთუ შესაკვრელად, საიმისოდაც მზადა ვარ, რომ იერუსალიმში თავი შევწირო უფალ იესოს სახელს. 14. რაკი ვერ დავიყოლიეთ, დავშოშმინდით და ვთქვით: დე, იყოს უფლის ნება!

ინ. 14: 27 – 15: 7 

27. მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდთბას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქვეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება. 28. ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია. 29. აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. 30. ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში. 31. მაგრამ რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა, და როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ: ადექით, წავიდეთ. 

7. თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

ღირსი დები მართა და მარიამი ჯერ კიდევ მანამ შეუდგნენ ქრისტეს, სანამ იგი მკვდრეთით აღადგენდა მათ ძმას – ლაზარეს. მთავარდიაკონ სტეფანეს მკვლელობის, იერუსალიმის ეკლესიებზე დევნისა და წმიდა ქალაქიდან ლაზარეს განდევნის შემდეგ, ისინი თან ახლდნენ ძმას სხვადასხვა ქვეყანაში და შეეწეოდნენ მოციქულებრივ ღვაწლში. ცნობები წმიდა დების აღსრულების ადგილისა და დროის შესახებ არ შემონახულა. 
წმიდა მოწამენი: ფრონტასი, სევერიანი, სევერიანე და სილანი (I) ქრისტესთვის ეწამნენ იმპერატორ კლავდიუსის (41-54) დროს. ისინი პეტრაგორიის ეპისკოპოსმა ფრონტონმა გაგზავნა ღვთის სიტყვის საქადაგებლად სამხრეთ გალიაში (დღევანდელ საფრანგეთში). ამ მხარის წარმართმა მმართველმა სკვირიდონმა შეიპყრო წმიდანები და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გამხეცებულმა სკვირიდონმა ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ აღმსარებლები, ძელებზე მიემსჭვალათ და თავში ლურსმნები ჩაერჭოთ ეკლის გვირგვინის მსგავსად, რის შემდეგაც მათ თავები მოჰკვეთეს. 
მღვდელმოწამე ასტი მაკედონიის ქალაქ დირაქიის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ტრაიანეს დროს (98-117). ერთხელ წმიდანს ძილში საღვთო გამოცხადებით ეუწყა, რომ ახლო მომავალში წამებისა და სიკვდილის დათმენა მოუწევდა ქრისტესთვის. მან თავის დიაკვნებს ურჩია, დამალულიყვნენ, თვითონ კი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. წმიდა ასტიმ არ უარყო ქრისტე. მაშინ მას სხეულზე თაფლი წაუსვეს და კრაზანების ნაკბენებით განატანჯი ჯვარზე გააკრეს. წმიდა მოწამის ცხედარი ქრისტიანებმა პატივით დაფლეს. 
წმიდა მოწამე კონკორდი (II), ხუცეს გორდიანის ვაჟი, ქრისტეს სარწმუნოებითა და კეთილმსახურებით იზრდებოდა. რომის ეპისკოპოსმა პიუსმა იგი იპოდიაკვნად აკურთხა. შემდეგ, მამის ნებართვის, რომის მახლობლად თავის ნათესავ ევტიქისთან დასახლდა და ლოცვასა და ქველმოქმედებაში ატარებდა დღეებს. ხმამ მისი კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ტურის ოლქის მმართველ ტორკვატამდეც მიაღწია. მან მოუხმო წმინდანს, და ქრისტეს უარყოფის სანაცვლოდ წარმართთა ცრუღმერთების ქურუმობა აღუთქვა. პასუხად კონკორდიმ მოუწოდა ტორკვატს, თავად მოქცეულიყო ჭეშმარიტი ღვთის – ქრისტეს სარწმუნოებაზე, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ეპისკოპოსმა ანთიმმა, ტორკვატის მეგობარმა, სთხოვა გამგებელს, მასთან გამოეგზავნა ტუსაღი. წმიდა აღმსარებელმა კარგა ხანი იცხოვრა ეპისკოპოსთან და მის მიერ მღვდლად ეკურთხა. როცა ტორკვატმა კვლავ მოუწოდა წმიდანს და ჰკითხა, რას ფიქრობ შენი ცხოვრების შესახებო, მან უპასუხა, რომ ქრისტეა მისი ცხოვრება. გაუტეხელი კონკორდი საპყრობილეში ჩააგდეს. სამი დღის შემდეგ გამგებელმა მასთან შეიარაღებული მეომრები გაგზავნა და შეუთვალა, თუ კერპებს მსხვერპლს არ შესწირავ, სიკვდილით დაისჯებიო. მოწამემ კვლავ ადიდა უფალი, შეჰნერწყვა ჯალათების მიერ მოტანილ ზევსის ქანდაკებას და ნებით მოუდრიკა ქედი მახვილს. 
წმიდა მიტროფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+325-326) მოღვაწეობდა კონსტანტინე დიდის (306-337) დროს. მისი მამა, დომენტი რომის იმპერატორის პრობის (276-282) ღვიძლი ძმა იყო. დომენტიმ შეიცნო წარმართული რელიგიის უძლურება და ირწმუნა ქრისტე. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო და წმიდანი თავის ორ ვაჟთან – პრობსა და მიტროფანესთან ერთად ბიზანტიაში გაიხიზნა, სადაც სიწმიდით გამორჩეული ეპისკოპოსის ტიტეს (242-272) ხელმძღვანელობით დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა. ტიტემ, რომელიც ხედავდა თავისი მოწაფის საღვთო მოშურნეობასა და უფლის სადიდებლად მოღვაწეობის დაუცხრომელ სურვილს, მღვდლად დაასხა მას ხელი. ტიტეს სიკვდილის შემდეგ მღვდელმთავრის კვერთხი დომენტის გადასცეს (272-303), ამ უკანასკნელს კი საეპისკოპოსო ტახტზე მისი ვაჟები შეენაცვლნენ: ჯერ პრობი (303-315), შემდეგ კი – მიტროფანე (316 წელს).
ერთხელ ბიზანტიაში ჩასული იმპერატორი კონსტანტინე აღტაცებაში მოვიდა ქალაქის მშვენიერებითა და მოხერხებული ადგილმდებარეობით. მან იხილა სიბრძნით გაბრწყინებული მიტროფანეს წმიდა ცხოვრებაც და თან წაიყვანა იგი რომში. მალე კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიონში გადაიტანა და წმიდა მამაც დააბრუნა აწ უკვე სამეფო ქალაქში. 325 წელს არიოზის ერესის უარსაყოფად ნიკეაში შედგა I მსოფლიო საეკლესიო კრება. წმიდა იმპერატორმა კრების წმიდა მამებს შესთავაზა, პატრიარქად წმიდა მიტროფანე აერჩიათ და, ამგვარად, იგი შეიქნა კონსტანტინეპოლის პირველი პატრიარქი. უკვე ღრმად მოხუცი წმიდანი ვერ ესწრებოდა კრებას და თავის ნაცვლად ქორეპისკოპოსი ალექსანდრე გაგზავნა. კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა წმიდა მამებთან ერთად მოინახულა ავადმყოფი პატრიარქი კონსტანტინე დიდის თხოვნით მან დაასახელა თავისი ღირსეული მემკვიდრე – ეპისკოპოსი ალექსანდრე და იწინასწარმეტყველა, რომ ამ უკანასკნელის შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდებოდა პავლე, რომელიც იმჟამად მედავითნედ მსახურობდა. პავლეს შემდეგ კი პატრიარქის ტახტს არქიდიაკონი ათანასე დაიკავებდა.
წმიდა მიტროფანე გარდაიცვალა დაახლოებით 326 წელს, 117 წლის ასაკში. მისი უხრწნელი ნაწილები განისვენებს კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში. 
წმიდა მოწამე ზოსიმე მეგვიპტელი – ბაბილონის ეპისკოპოსი (VI) დაიბადა კირიაკიაში (მცირე აზია). იგი ახალგაზრდობაშივე განერიდა ამ სოფელს და სინას მთაზე დაემკვიდრა, შემდეგ კი მარტომყოფობისთვის უფრო შესაფერ ადგილს, ლიბიას მიაშურა. აქ იგი შეხვდა ბერს, რომელმაც უწინასწარმეტყველა, რომ იგი ბაბილონის ეპისკოპოსი გახდებოდა. სინას მთაზე დაბრუნებული ზოსიმე იღუმენმა მონასტრის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნა, ალექსანდრიის პატრიარქმა კი წმიდანი ბაბილონის ეპისკოპოსად დაადგინა. ღირსი მამა ზოსიმე მეგვიპტელი ღრმა მოხუცებულობამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. ბოლოს კი, როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, სინაზე დაბრუნდა და იქ აღესრულა მშვიდობით. 

წმიდა იოანე, მონაგრიელი იღუმენი (+761)

წმიდა მოწამე იოანე, მონაგრელი იღუმენი ხატმებრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის ზეობისას, 761 წელს, ზღვაში ჩაახრჩვეს.