,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
აღდგომიდან მე-7 შვიდეული. სამშაბათი
ხსნილი. 18.06.2024
შემდგომი დღესასწაული ამაღლებისა. მღვდელმოწამისა დოროთესი, ტვირელ ეპისკოპოსისა (362); მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერიქესი, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგისა, სელინისა, ერინისა და პამბოსი (305-311); ღირსისა თეოდორე სასწაულთმოქმედისა (VI); ღირსისა ანუბისა, ეგვიპტელი მეუდაბნოისა (IV ); ღირსისა დოროთესი, აბბა სერიდის სავანის მკვიდრისა (620); ილარიონისა, დალმატის მამასახლისისა (ხსენება სასწაულისა მისისა).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელი ეპისკოპოსის კონდაკი:
სათნოებითა და საღმრთოთა მოძღურებითა განბრწყინდი უფროის მზისა, და წამებითა ელვარე იქმენ, ნეტარო, და განანათლე ქუეყანაი, დოროთე, და განსდევნე ნისლი მრავალ ღმრთაებისა, და სიბოროტე მწვალებელთა; ამისთვისცა ხსენებასა შენსა ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ.
დღის საკითხავები
ლიტ.: საქმ. 21: 26-32. (დას. 46). ინ. 16: 2-13 (დას. 53).
ლიტ.: საქმ. 21: 26-32
26. მაშინ პავლემ წაიყვანა ისინი, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმინდა, მერე კი შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, როცა თვითეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი. 27. შვიდი დღე რომ მიიწურა, ასიელმა იუდეველებმა, რომლებმაც ტაძარში დაინახეს იგი, ააბორგეს მთელი ხალხი, ხელი დაადეს მას 28. და შესძახეს: კაცნო ისრაელიტნო, გვიშველეთ! ეს კაცი ყველგან და ყველას წინაშე ქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ; თანაც, ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი. 29. (ვინაიდან ამაზე უწინ მასთან ერთად ტროფიმე ეფესელი დაენახათ ქალაქში და ეგონათ, რომ პავლემ ტაძარში შეიყვანა იგი). 30. შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი; შეიპყრეს პავლე, ტაძრიდან გამოათრიეს და მყისვე დაიხშო კარი. 31. როდესაც მოკვლა დაუპირეს, ათასისთავამდე მიაღწია ხმამ, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო. 32. დაუყოვნებლივ წამოიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გამოეშურა. ათასისთავისა და ჯარისკაცების დანახვაზე ხალხმა თავი ანება პავლეს ცემას.
ინ. 16: 2-13
2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. 3. ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე. 4. მაგრამ ეს გითხარით, რათა, როცა მოაწევს ჟამი, გაიხსენოთ, რომ ეს გითხარით; თავიდანვე კი არ მითქვამს, ვინაიდან თქვენთან ვიყავი. 5. ხოლო ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო. 6. თუმცა, ეს რომ გითხარით, მწუხარებით აღივსო თქვენი გული. 7. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გირჩევნიათ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას. 8. და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის: 9. ცოდვისათვის, რადგანაც არ მიწამეს. 10. სიმართლისათვის, რადგანაც მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ. 11. განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია. 12. კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ. 13. ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მღვდელმოწამე დოროთე, ტვირელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 326)
ღირსი ანუბი აღმსარებელი, მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV)
მიცვალებამდე სამი დღით ადრე ღრმად მოხუცებული წმიდანი მოინახულეს მეუდაბნოე მამებმა და სთხოვეს, მოეთხრო თავისი ცხოვრება ქრისტიანთა დასამოძღვრად. ღირსმა ანუბიმ უპასუხა, დიდებული და საქებარი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ბოლოს ხანგრძლივი და მხურვალე ვედრებით ბერებმა მაინც დაიყოლიეს თავმდაბალი მეუდაბნოე. ღირსი ანუბის თქმით, მას შემდეგ, რაც ჯალათების წინაშე ქრისტე აღიარა, მისი ბაგეები ამაო სიტყვებს არ შეუბილწავს, რადგან არ სურდა, ერთხელ ჭეშმარიტი აღსარების შემდეგ, სიცრუე ეთქვა, გულით მუდამ ღვთისკენ მიილტვოდა, არაერთხელ უხილავს უფლის საყდრის წინაშე წარმდგარი ანგელოზები და ღვთის სათნომყოფელნი; ხედავდა მართალთა საუკუნო ნეტარებას სასუფეველში და სატანისა და მის მიმდევართა ტანჯვასაც ჯოჯოხეთის ჩაუქრობელ ცეცხლში. მესამე დღეს ღირსი ანუბი მიიცვალა. მისი სული ანგელოზთა გალობის თანხლებით ამაღლდა ზეცად.
წმიდა მოწამენი მარკიანე, ნიკანდრე, იპერხი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გიორგი, სელინე, ირინეოსი და პავმონე (IV)
ღირსი თეოდორე მეუდაბნოე (VI)
ღირსი აბბა დოროთე სურიდის სავანიდან (+620)
სიჭაბუკეში მომავალი წმიდანი გულმოდგინედ ეუფლებოდა მეცნიერებებს. „თავდაპირველად ძალიან მიმძიმდა სწავლა – იგონებდა შემდგომ – წიგნთან მიახლებისას ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს მხეცს ვუვარდებოდი ხახაში, მაგრამ, როცა თავს ძალა დავატანე, უფალი შემეწია და ისე შევეჩვიე, რომ სითბოსგან, რომელსაც კითხვის დროს ვგრძნობდი, მავიწყდებოდა რას ვჭამდი, რას ვსვამდი, როგორ მეძინა. არავის შეეძლო ჩემი მიზიდვა ტრაპეზზე რომელიმე მეგობართან, კითხვის გამო სასაუბროდაც არ გავდიოდი მათთან, თუმცა ყველა ძლიერ მიყვარდა. როცა ფილოსოფი გაგვათავისუფლებდა, მივდიოდი ბინაში და არ ვიცოდი, რას შევჭამდი, რადგან მენანებოდა დროის ხარჯვა სადილისთვის თადარიგის დასაჭერად“. ასე ისრუტავდა აბბა დოროთე წიგნიერ სიბრძნეს. კიდევ უფრო დიდი მოშურნეობით შეუდგა წმიდანი მონაზვნურ ღვაწლს უდაბნოში გასვლის შემდეგ. „როცა მონასტერში მივედი, – წერდა იგი, – საკუთარ თავს მივმართე, თუ გარეშე სიბრძნისათვის ამდენი სიყვარული და სითბო აღმოგაჩნდა, სათნოებებისთვის უფრო მეტი უნდა იქონიო! – და ამან განმამტკიცა“.
ღირსი დოროთეს მორჩილების უპირველესი საქმე მონასტერში მოსული მომლოცველების დახვედრა და მოწყობა-დაბინავება იყო. ერთ-ერთი ძმის სახსრებით ღირსმა დოროთემ ააგო საავადმყოფო, რომელშიც თავად იყო ერთი მომსახურეთაგანი. იგი იგონებდა: „მძიმე შრომისაგან ახალი გათავისუფლებული ვიყავი, როცა, მიმწუხრისას მონასტერს მწირები მოადგნენ. მთელი საღამო სტუმრებთან გავატარე. შემდგომ მექარავნეები მოვიდნენ. მათთვისაც გავამზადე ყველაფერი, რაც საჭირო იყო; ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ დასაძინებლად ახალწამოწოლილს მაღვიძებდნენ, ამასობაში ღამისთევის ლოცვების დროც მოაწევდა“. ძილს რომ შებრძოლებოდა, აბბა დოროთემ ერთ ძმას სთხოვა, მსახურების დასაწყისისთვის გაეღვიძებინა იგი, მეორეს კი ევედრა, ლოცვების დროს ჩათვლემის საშუალება არ მიეცა მისთვის. „და მერწმუნეთ, – ამბობდა წმიდა მამა, – მე ისეთ პატივს ვცემდი ამ ბერებს, თითქოს მათზე იყო დამოკიდებული ჩემი ცხონება“.
ათი წლის განმავლობაში ღირსი დოროთე იოანე წინასწარმეტყველის მორჩილი იყო. იგი მანამდეც გულწრფელად აღიარებდა თავის ზრახვებს წმიდა მამის წინაშე, ახლა კი მთლიანად მიანდო თავი მის ნებას და არანაირ მწუხარებას არ გრძნობდა; ამასთან შიშობდა, რომ ვერ სათნოეყოფოდა უფალს, რომელიც მწუხარებათა სრულიად დამთმენებს აღუთქვამს ცხონებას, მაგრამ მოძღვარმა დაამშვიდა: „ნუ წუხარ, შესაშფოთებელი არაფერი გაქვს, მამების მორჩილებაში მყოფნი უზრუნველობითა და სიმშვიდით ნეტარებენ“. ღირს დოროთეს უდიდეს ბედნიერებად მიაჩნდა ახოვანი მოსაგრის მსახურება. აბბა სერიდის მონასტრის მოძღვრების გარდა აბბა დოროთე თავის თანამედროვე სხვა დიდ მამებს, მათ შორის აბბა ზოსიმესაც ნახულობდა და გულმოდგინედ ისმენდა მათ დარიგებებს.
ღირსი იოანე წინასწარმეტყველის მიცვალების შემდეგ დოროთემ დატოვა აბბა სურიდის მონასტერი და დააარსა თავისი სავანე, რომელსაც აღსასრულამდე ბრძნულად განაგებდა. წმიდა მამას ეკუთვნის 21 ქადაგება, რამდენიმე ეპისტოლე და 87 შეკითხვა ღირსი მამების ბარსანოფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველის წერილობითი პასუხებით; ხელნაწერების სახითაა შემორჩენილი აგრეთვე 30 სამოღვაწეო სიტყვა და აბბა ზოსიმეს მოძღვრების ჩანაწერი. აბბა დოროთეს ნაშრომები დიდი სულიერი სიბრძნითაა აღსავსე, ისინი გამოირჩევა ნათელი, დახვეწილი სტილით, მარტივი და ყველასათვის მისაწვდომი ენით. წმიდა მამა ხშირად მიმართავდა ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის რჩევებს. მორჩილება და თავმდაბლობა, შერწყმული ღვთისა და მოყვასის ღრმა სიყვარულთან, ის სათნოებებია, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სულიერი ცხოვრება, – ეს აზრი მსჭვალავს მის თხზულებებს. მათ მიღმა ნათლად ჩანს ავტორის პიროვნება, რომელსაც ღირსი დოროთე (ხს. 19 თებერვალს) ასე გვიხასიათებს: „თანამოსაგრეებთან დამოკიდებულებაში ის იყო მორცხვი, მორჩილი, ალერსიანი, მისთვის უცხო იყო ამპარტავნება და თავხედობა; ახასიათებდა სიკეთე და უბრალოება, კამათის დროს უკანდახევა უყვარდა, რაც სათავეა მოკრძალებისა, კეთილმოსურნეობისა და თაფლზე უტკბესი ერთსულოვნებისა – ყოველგვარ სათნოებათა დედისა“.
აბბა დოროთეს სწავლებები სანდო სახელმძღვანელოა სულიერ ღვაწლს შემდგართათვის და ყველასთვის, ვისაც გულწრფელად სურს ცხონება.