2.06.2024. აღდგომიდან მე-5 კვირიაკე, სამარიტელისა. ხმა IV.

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                        “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა. 2.06.2024

ხსნილი 

ერგასის განზოგების შემდგომი დღესასწაული. კრება მანგლისის ჯვარისა. ღირსთა: ზაბულონისა და სოსანასი, წმიდა მოციქულთა სწორ ნინოს მშობელთა (IV); მოწამეთა: თალალესი, ალექსანდრესი და ასტერისა, ეგეელთა (284); მოწამისა ასკალონისა (287); მოსკოველი მიტროპოლიტისა ალექსისა (აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა, 1431).

დღის ლოცვა 

მოწამეთა: თალალეს, ალექსანდრეს და ასტერიოსის კონდაკი:

მოწამეთა თანა ვნებულად გამოსჩნდი და იქმენ მხედარ ჭურვილად მეუფისა დიდისა განცდით, და სატანჯველითა სილაღე იგი კერპმსახურებისა დასთრგუნე; ამისთვისცა უგალობთ პატიოსანსა ხსენებასა შენსა, ბრძენო თალალე. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-7. ინ. 20: 1-10 (დას. 63).
ლიტ.: საქმ. 11: 19-26, 29-30 (დას. 28). ინ. 4: 5-42 (დას. 12). 

ცისკ.: ინ. 20: 1-10 

1. ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი. 2. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს. 3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს. 4. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან. 5. დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა. 6. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა. 7. ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ. 8. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა. 9. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. 10. და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ.

ლიტ.: საქმ. 11: 19-26, 29-30 

19. ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნილობის შედეგად გაფანტულებმა ფინიკიას, კიპროსსა და ანტიოქიას მიაღწიეს, მაგრამ იუდეველთა გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას. 20. თუმცა მათ შორის კიპროსელები და კირენელებიც იყვნენ. რომლებიც ანტიოქიაში შესვლისას ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ და ახარებდნენ მათ უფალ იესოს. 21. და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ. 22. ამ ამბავმა იერუსალიმის ეკლესიასაც მიაღწია და ანტიოქიაში წარგზავნეს ბარნაბა. 23. როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში. 24. ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს. 25. მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა. 26. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები.

29. მაშინ მოწაფეებმა, ვისაც რა შეეძლო, გადაწყვიტეს დახმარება გაეგზავნათ იუდეაში მყოფი ძმებისთვის. 30. ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.

ლიტ.: ინ. 4: 5-42 

5. მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ჰქვია სიქარი, იმ მინდვრის მახლობლად, იაკობმა რომ უბოძა იოსებს, თავის ძეს. 6. იქ იყო ჭა იაკობისა; გზით დამაშვრალი იესო ჭის პირას ჩამოჯდა. იქნებოდა ასე ექვსი საათი. 7. მოვიდა სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად, და უთხრა მას იესომ, წყალი დამალევინეო. 8. ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქს წასულიყვნენ საჭმლის საყიდლად. 9. და უთხრა მას სამარიელმა ქალმა: როგორ, შენ, იუდეველი, წყალსა მთხოვ მე, სამარიელ ქალს? ვინაიდან იუდეველებს საერთო არაფერი აქვთ სამარიელებთან. 10. მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე ღმრთის ნიჭი, ან ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი და ცოცხალ წყალს მოგცემდა შენ. 11. ქალმა უთხრა: ბატონო, სათლიც არა გაქვს, ეს ჭა კი ღრმაა; მაშ, ვინ მოგცა ცოცხალი წყალი? 12. ნუთუ მამაჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც? 13. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. 14. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში. 15. უთხრა მას ქალმა: ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რათა აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ. 16. უთხრა მას იესომ: წადი, დაუძახე შენს ქმარს და აქვე მოდი. 17. მიუგო ქალმა და თქვა: ქმარი არა მყავს. იესომ უთხრა: მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო. 18. ვინაიდან ხუთი ქმარი გყავდა, და ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი; ეგ მართალი თქვი. 19. უთხრა მას ქალმა: უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. 20. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა. 21. ხოლო იესომ მიუგო: მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას. 22. თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის. 23. მაგრამ მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს. 24. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს. 25. ქალმა უთხრა: ვიცი, რომ მოვა მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე, და როცა მოვა, ყველაფერს გვაუწყებს ჩვენ. 26. მიუგო მას იესომ: მე ვარ, შენთან მოლაპარაკე. 27. ამასობაში მისი მოწაფეებიც მოვიდნენ და გაუკვირდათ, რომ ქალს ელაპარაკებოდა, მაგრამ არცერთს არ უთქვამს: რას ეძებ, ან რას ელაპარაკებით? 28. ქალმა კი დატოვა თავისი სარწყული, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა: 29. მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი? 30. გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან. 31. ხოლო ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს: რაბი, ჭამე! 32. იესომ კი მიუგო მათ: მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით. 33. მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: ვინმემ ხომ არ მოართვა საჭმელი? 34. უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. 35. განა თქვენ არ ამბობთ, ოთხი თვეც კიდევ, და მოიწევა მკაო? აჰა, მე გეუბნებით: აღაპყრეთ თვალნი და იხილეთ ყანები, როგორ გადათეთრებულან სამკალად. 36. მომკელი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომკელიც. 37. ვინაიდან ამით მართლდება სიტყვა: ერთი თესავს და მეორე მკისო. 38. მე გგზავნით იმის სამკალად, რაც არ დაგიმუშავებიათ; სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში. 39. და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო. 40. ამიტომ, როცა სამარიელები მივიდნენ მასთან, შეევედრნენ, ჩვენთან დარჩიო, და ორი დღე დარჩა იქ. 41. და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო. 42. ქალს კი ეუბნებოდნენ: შენი სიტყვებით როდიღა გვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი: თალალე, ალექსანდრე და ასტერი (+284) – ნუმერიანეს მეფობის (283-284) დროს ქალაქ ეგეის მთავარმა მეომრები გაგზავნა ქრისტიანთა მოსაძებნად, მასთან მიიყვანეს 18 წლის თალალე. დაკითხვაზე ჭაბუკმა თქვა: „მე ვარ ქრისტიანი, ლიბანელი. მამაჩემი – ბერუტი მხედართმთავარი იყო, დედას რომელეა ჰქვია. მყავს იპოდიაკონი ძმა. მე ექიმობა შევისწავლე მკურნალ მაკარისგან. ტიბერიუსის დროს ერთხელ უკვე შემიპყრეს ქრისტეს აღსარებისთვის, მაგრამ გადავურჩი დასჯას. აწ ჰქმენით ჩემ ზედა, რაცა გსურთ. მე მზად ვარ სიხარულით დავითმინო სიკვდილი სახელისათვის უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა“.
განრისხებულმა მთავარმა ორ ჯალათს – ალექსანდრეს და ასტერს – უბრძანა, კიდურები გაეხვრიტათ მოწამისთვის და ხეზე ჩამოეკიდათ. ღვთის განგებით ჯალათებმა შეიბრალეს ახალგაზრდა თალალე, ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და თავი ქრისტიანებად გამოაცხადეს. მთავარმა მათთვის თავის წარკვეთა ბრძანა, წმიდა თალალე კი ზღვაში ჩააგდეს.
სასჯელის აღსრულების შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, მთავრისა და მსახურების წინაშე კვლავ წამოიმართა ბრწყინვალე სამოსელში შემოსილი წმიდა თალალე. ერთ-ერთმა დიდებულმა, მოგვმა ურვიკიანემ მთავარს ურჩია, მხეცებისთვის მიეგდო წმიდანი, მაგრამ არც მძვინვარე დათვმა, არც მშიერმა ლომმა პირი არ დააკარა მას. ნანახით გაოგნებული ხალხი ხმამაღლა გაიძახოდა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა, უფალო თალალესო, შეგვიწყალენ ჩვენ!“ ბრბომ შეიპყრო ურვიკიანე და მხეცებს მიუგდო, წმიდა თალალე კი მთავრის ბრძანებით მახვილით განგმირეს. მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლის აღათონიკეს ტაძარშია დასვენებული და მრავალ სასწაულს აღასრულებს.
წმიდა თალალე ეკლესიის მიერ შერაცხილია უვერცხლო მკურნალად. მას მიმართავენ ლოცვით ზეთის კურთხევისა და აიაზმის (წყლის კურთხევის) დროს. 
წმიდა მოწამე ასკალონი დაიბადა დიდ ერმოპოლში (შუა ეგვიპტე). წმიდანი ეწამა დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას. მთავარ არიანესთან მიყვანილმა ასკალონმა თამამად აღიარა თავისი სარწმუნოება და უარი განაცხადა წარმართული ღმერთების მსახურებაზე. წმიდანმა არიანეს უწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა დრო და თვითონაც აღიარებდა იესო ქრისტეს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად. არიანეს ბრძანებით ასკალონი სასტიკად აწამეს, ბოძზე დაკიდეს და ბასრი იარაღით დასერეს. მან მდუმარედ დაითმინა ტკივილები. ერთ-ერთი მეომარი მოწამესთან მივიდა და თქვა: „შეხედეთ, მან გრძნობა დაკარგა და სიკვდილის პირასაა მისული“. წმიდანმა უპასუხა: „მე გრძნობა არ დამიკარგავს, მოუკლებლად ვადიდებ შემოქმედ ღმერთს“.
არიანემ ბრძანა, წმიდანი ნილოსის მეორე ნაპირას, ქალაქ ანტიოქიაში წაეყვანათ, სადაც მალე თვითონაც უნდა ჩასულიყო. წმიდა ასკალონი უფალს შეევედრა, მთავრის ნავი მდინარეში გაეჩერებინა მანამ, სანამ არიანე ხალხის წინაშე არ აღიარებდა იესო ქრისტეს. მართლაც, მდინარის შუაგულში არიანეს ნავი გაჩერდა. მენიჩბეებმა ვერანაირი ძალით ვერ მოახერხეს მისი დაძვრა ადგილიდან. წმიდანის რჩევით მთავარმა აღიარა იესო ქრისტე, მაგრამ მომხდარი სასწაული ასკალონის ჯადოქრობას მიაწერა და ქალაქში ჩასულმა კვლავ ბრძანა მისი წამება, შემდეგ კი მდინარეში ჩაახრჩობინა იგი. წმიდა ასკალონმა ქრისტიანებს დაუბარა: „ძმანო, ესწრაფეთ საუკუნო გვირგვინს უფლისა ჩვენისა. მესამე დღეს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში იპოვით ჩემს ცხედარს. დამარხეთ იგი ზედ გამობმულ ქვებთან ერთად“.
მართლაც, მესამე დღეს ქრისტიანებმა იპოვეს წმიდანის ქვებგამობმული ცხედარი და მისი ანდერძისამებრ დაასაფლავეს. 
წმიდა ზაბულონი და სოსანა, წმიდა ნინოს მშობლები იყვნენ.
წმიდა ზაბულონი დაიბადა კაბადოკიაში დაახ. 280 წელს. წმიდა ზაბულონის მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ამ დროს კაბადოკიაში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მეცნიერთა ვარაუდით წმიდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმიდა დიდმოწამე გიორგი წმიდა ზაბულონის დისშვილი იყო. როგორც წყაროები გვამცნობენ, წმიდა გიორგის წამების დროს რომში ჩავიდა „კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა ღვთისა სახელით ზაბულონი“ და რომის იმპერატორის არმიაში დაიწყო სამსახური, მან მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა. ფრანგებთან ბრძოლის დროს „მოსცა უფალმან ძალი ზაბულონს“, შეიპყრო ფრანგთა მეფე და მთავარნი და რომის იმპერატორს მიჰგვარა. იმპერატორმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტყვეებს.
წმიდა ზაბულონის ქადაგების გავლენით სიკვდილის წინ ტყვეებმა ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს. ზაბულონმა იმპერატორს სთხოვა შეესრულებინა ტყვეთა ბოლო სურვილი. სიკვდილმისჯილებს „მისცეს ნათელი ხელსა ქვეშე ზაბულონისა“. წმიდა ზაბულონმა თავისი ნათლულების შეწყალება ითხოვა და იმპერატორმა მიჰმადლა მას მისი სულიერი შვილების სიცოცხლე.
წმიდა ზაბულონის ღვაწლით მთელი მაშინდელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმიდა ნათელს. IX საუკუნის უცნობი ქართველი ჰიმნოგრაფი წმიდა ნინოს შესხმისას წერს: „ზაბულონ მამამან მისმან ფრანგნი უკუე მოაქცივნა მახვილითა, ხოლო ნეტარმან ნინო მოაქცივნა ქართველნი, ჯვრითა ცხოველითა“.
წმიდა ზაბულონი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად. იქ მან მთელი მონაგები გლახაკებს დაურიგა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალთან დაიწყო მსახურება. პატრიარქმა ფრანგთა „მამასა და ემბაზს“, „ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით სრულ“ ზაბულონს თავისი და, სოსანა მიათხოვა. წმიდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში – კაბადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო, რომელსაც ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ „მსახურებასა შინა გლახაკთასა“.
როდესაც ნინო თორმეტი წლის გახდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში წავიდნენ. ზაბულონმა პატრიარქ იუბენალისგან აიღო კურთხევა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ, „სადა ყოფა მისი უწყის ღმერთმან“. წმიდა სოსანა – „დედა იგი წმიდა ნინოსი მისცა პატრიარქმან მსახურად გლახაკთა დედათა და უძლურთა“. ცნობა წმიდა ნინოს მშობლების შესახებ მხოლოდ ქართულმა წყაროებმა შემოგვინახა.
1996 წლის 10(23) დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა განჩინება:
„სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ!
ქართველი ერის განმანათლებლის, წმიდა ნინოს მშობლები, ზაბულონ და სოსანა, ოდეს მძლავრობდა წარმართთა სარწმუნოება და მრავალნი ეწამებოდნენ ქრისტესთვის, იყვნენ დაუფარავი აღმსარებელნი ჭეშმარიტი ღმერთისა და ნათლისმცემელ მრავალთა, შემდგომად კი, დაუტევეს რა ყოველი მონაგები, შეუდგნენ ღმერთსა, ზაბულონ – უდაბნოსა შინა, ხოლო სოსანა – გლახაკთა მსახურებასა შინა.
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი განაჩინებს, რათა წმიდა ნინოს მშობლები მოციქულთა სწორის აღზრდისათვის და ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრებისათვის შერაცხილ იქნენ წმიდანთა დასში და ეწოდოთ: ზაბულონს – ღირსი მამა ზაბულონი და სოსანას – ღირსი დედა სოსანა“. 
ღირსი თალასე ლიბიის ერთ-ერთ მონასტერს წინამძღვრობდა VII საუკუნეში. იგი მაქსიმე აღმსარებლის (ხს. 21 იანვარს) მეგობარი იყო. როგორც წმიდა მოსაგრეთა მიმოწერიდან ჩანს, ისინი მრავალი წლის მანძილზე სულიერ ცხოვრებაში წარმოქმნილი სიძნელეების გასარკვევად წერილობით მიმართავდნენ ხოლმე ერთმანეთს. საღვთო წერილში ღრმად განსწავლული ნეტარი თალასე სამწყსოს განათლებაზეც ზრუნავდა. მას ეკუთვნის ნაშრომი „სიყვარულისა, თავშეკავებისა და სულიერი ცხოვრების შესახებ“, რომელიც აკროსტიხების სახით შექმნილი 400 სტატიისგან შედგება. თხზულებაში ავტორი გვაწვდის ზნეობრივ სწავლებებს, ეხება დოგმატურ საკითხებსაც. იოანე დამასკელი (ხს. 4 დეკემბერს) თავის საღვთისმეტყველო ნაშრომებში ღირსი თალასეს ნაწერებს ეყრდნობა. წმიდა მამა ძირითადად შინაგან სულიერ ღვაწლზე, ვნებებთან ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას.
ღირსი თალასე ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, დაახლოებით 660 წელს. მისი ნაწილებიდან კეთილსურნელოვანი მირონი გადმოდინდა. 
აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა წმიდისა ალექსისა, მიტროპოლიტისა მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა-საკვირველთმოქმედისა (1431). წმიდა ალექსიმ სიკვდილის წინ დაიბარა, დაესაფლავებინათ კრემლში, ჩუდოვის (სასწაულთა) მონასტერში. წმიდა კეთილმსახური მთავრის დიმიტრი დონელის ბრძანებით მიტროპოლიტის ცხედარი ამ ტაძრის საკურთხეველთან დაკრძალეს.
1431 წლის 20 მაისს ეკლესიის გუმბათი სიძველის გამო ჩამოიქცა. ახალი ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა წმიდა ალექსის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 1485 წელს წმიდა ნაწილები გადაასვენეს წმიდანის სახელზე აგებულ ეკლესიაში. დღეს მისი ნაწილები მოსკოვის საპატრიარქო საკათედრო ტაძარში ინახება.