20.06.2024. აღდგომიდან მე-7 შვიდეული. ხუთშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-7 შვიდეული. ხუთშაბათი

ხსნილი. 20.06.2024 

შემდგომი დღესასწაული ამაღლებისა. ღირსისა დავით გარეჯელისა და მოწაფისა მისისა ღირსისა ლუკიანესი (VI-VII); მამადავითობა თბილისში;  მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა (303); მოწამეთა: ვალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა (284-305); მღვდელმოწამისა მარკელე რომის პაპისა, და მოწამეთა: კლავდისა, კვირინესი და ანტონინესი (304); მოწამეთა: სისინი და კვირიკე დიაკონთა, სმარაგდისა, ლარგისა, აპრონიანესი, სატურნინესი, პაპიუსისა და მავროს მხედართა და კრისკენტიანესი, მოწამე დედათა: პრისკილასი, ლუკიანასი და არტემიასი, მეფის ასულისა (304-310); ღირსთა: ანთიმოს ზუცისა და სტეფანესი. 

დღის ლოცვა 

მოწამე თეოდოტე ანკვირელის კონდაკი:
ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინნი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვინაცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის. 

ღირსი მამა დავით გარეჯელი (VI)

ტროპარი: ოფლითა მით მოღვაწებისათა, განზავებულნი ცრემლთა წყარონი ძღუნად მიუპყრენ აწ სავედრებელად მეუფესა, და ითხოვე აღორძინებაჲ მისი, რამეთუ ცრემლით სთესე, და სიხარულით მოიმკენ ნაყოფნი უდაბნოსანი, ჰოი დავით, ბრწყინვალებაო სოფლისაო, და მეოხო სულთა ჩუენთაო. 

ტროპარი: საზრდელითა პირუტყელითა იზრდებოდი სიბრძნითა და ცხოვრებითა ანგელოზებრ სცხოვრებდი, სანატრელო გარეჯელო დავით, დასცნენ მტერნი ჩვენნი, ვითარცა ვეშაპნი იგი.

კონდაკი: შუამდინარით აღმოხედ ვარსკულავი ყოვლად-ბრწყინვალე, და მოიწიე უდაბნოდ გარესჯად და მიერითგან მოსლვითა შენითა, ვითარცა სამოთხე ნერგთაგან წმიდათა სცენდებიან, ნერგნი სიტყვიერნი, რომელთათვის ოხასა ნუ დააცადებ, დავით სანატრელო. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტ.: საქმ. 25: 13-19 (დას. 48). ინ. 16: 23-33 (დას. 55).
ღირ.: გალ. 5: 22-6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30. (დას. 43).

ცისკ.: ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

ლიტ.: საქმ. 25: 13-19 

13. რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აგრიპა და ბერნიკე მივიდნენ კესარიაში ფესტუსის მოსაკითხავად. 14. და რაკი კარგა ხანს დარჩნენ იქ, ფესტუსმა პავლეს საქმე გააცნო მეფეს და უთხრა: არის ერთი კაცი, ფელიქსის მიერ პატიმრად დატოვებული, 15. რომელსაც, იერუსალიმში ჩემი ყოფნისას, იუდეველთა მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უჩივლეს და მისი დასჯა მთხოვეს. 16. მაგრამ მე მივუგე, რომ რომაელებს არა სჩვევიათ სასიკვდილოდ გასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ მას ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა. 17. ხოლო როდესაც ისინი აქ მოვიდნენ, დაუყოვნებლივ, მეორე დღესვე, დავჯექი სამსჯავრო ტახტზე და იმ კაცის მოყვანა ვბრძანე, 18. ვის წინააღმდეგ აღმდგარმა ბრალმდებლებმაც ვერ წამოაყენეს ვერცერთი ისეთი ბრალდება, მე რომ მოველოდი. 19. სამაგიეროდ ედავებოდნენ თავიანთი სარწმუნოებისა და ვიღაც მიცვალებული იესოს გამო, ვისზედაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო.

ლიტ.: ინ. 16: 23-33 

23. ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. 24. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. 25. აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის დრო, როცა იგავებით კი აღარ გელაპარაკებით, არამედ გაცხადებულად გაუწყებთ მამის შესახებ. 26. იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, და არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის. 27. რადგან თვით მამას უყვარხართ, ვინაიდან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმრთისაგან გამოვედი. 28. მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ. 29. მისმა მოწაფეებმა უთხრეს: აი, ახლა კი ცხადად გველაპარაკები და არავითარ იგავს აღარ ამბობ. 30. ახლა კი ვიცით, რომ ყველაფერი იცი; და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს; ამიტომაც გვწამს, რომ ღმრთისაგან გამოხვედი. 31. მიუგო მათ იესომ: ახლა კი გწამთ? 32. აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა. 33. ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას.

ღირ.: გალ. 5: 22-6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ.: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით. იგი თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც. წმიდა თეოდოტე სატუსაღოებში აკითხავდა ქრისტეს აღსარებისთვის პყრობილებს, გამოისყიდდა მათ და პატივით მარხავდა მხეცთა საჯიჯგნად მიმოფანტულ მოწამეთა გვამებს. ერთხელ წმიდანმა შვიდი ქალწულმოწამის ცხედარი ამოასვენა ზღვიდან და დაფლა. როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, თეოდოტე შეიპყრეს. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაზე, წარმართთა სარწმუნოების ამაოება ამხილა და აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი სასტიკად აწამეს და მახვილით მოკლეს (+303). მტარვალებს წმიდა მოწამის ცხედრის დაწვა სურდათ, მაგრამ უეცრად ქარიშხალი ამოვარდა და ცეცხლი ვერ დაანთეს. ქრისტეს მარტვილი ქრისტიანული წესით მიაბარეს მიწას. 
წმიდა მოწამენი კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. წმიდანები მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს ქრისტიანთა დევნის შეწყვეტას და მთელი ქვეყნიერების ქრისტეს ნათლით განათლებას. მმართველმა თავისთან უხმო ქრისტეს სასძლოებს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, რასაც მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების მხნე აღსარებით უპასუხეს. ამისათვის წმიდანები შეიპყრეს და წამებით მოკლეს. 
მღვდელმოწამე მარკელინი, რომის პაპი და მასთან ერთად წმიდა მოწამენი: კლავდიუსი, კირინი და ანტონინე. იმპერატორების – დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს რომის პაპი იყო წმიდა მარკელინი. ღვთისმოძულე იმპერატორები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს: ერთი თვის განმავლობაში 17000-მდე ადამიანი ეწამა. შეიპყრეს პაპი მარკელინიც. წამების შიშით მან საკმეველი უკმია და მსხვერპლი შესწირა კერპებს. ამის შემდეგ იმპერატორმა მეგობრად მიიღო იგი და ძვირფასი სამოსით შემოსა. მარკელინს სინდისი ქეჯნიდა – სიტყვით ქრისტესთვის სატანჯველთა დათმენისკენ მოუწოდებდა სამწყსოს, საქმით კი სულმდაბლობის მაგალითი აჩვენა.
ამ დროს ქალაქ სინუისში (კამპანია) 180 ეპისკოპოსისა და ხუცესისგან შემდგარი კრება მიმდინარეობდა. ჯვალოთი მოსილი, თავზე ნაცარდაყრილი პაპი მარკელინი გამოცხადდა კრების სხდომაზე და ითხოვა, განესაჯათ იგი. კრების მამებმა უთხრეს: „თავად განსაჯე საკუთარი თავი. შენი ბაგეებიდან გამოსულმა სიტყვებმა შეგბილწეს და იმავე ბაგეებით წარმოთქმულმა სიტყვებმა განგწმიდოს. პეტრე მოციქულიც შიშის გამო განუდგა ქრისტეს, მაგრამ სინანულის ცრემლებით განბანილი კვლავ სათნოეყო უფალს“.
მაშინ მარკელინმა ასეთი სასჯელი დაიდო: „დაე, განვიკვეთო სამღვდელო მადლისგან მე უღირსი, სიკვდილის შემდეგ ჩემი ცხედარი არ დაიკრძალოს და ძაღლებს მიუგდეთ დასაგლეჯად. წყეულიმც იყოს ის, ვინც მოისურვებს მის დამარხვას!“
რომში დაბრუნებული მარკელინი იმპერატორთან გამოცხადდა, ფერხთით მიუგდო მისი ნაბოძები სამოსელი და უთხრა, მწარედ ვნანობო ქრისტესგან განდგომას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ და შემდეგ სიკვდილით დაესაჯათ წმიდანი.
სატანჯველთაგან მოუძლურებულმა მღვდელმთავარმა მხურვალე ლოცვებით ჰხადა მონანულთა შემწყნარებელ უფალს, შემდეგ კი მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს. მასთან ერთად მოწამეობრივად აღესრულნენ კლავდიუსი, კირონი და ანტონინე (+304).
წმიდა მარკელინის ცხედარი 36 დღე სრულიად უპატრონოდ იყო გარეთ. ახალარჩეულ პაპს, მარკელს წმიდა მოციქული პეტრე გამოეცხადა და უთხრა: „რატომ არ მარხავ მარკელინის გვამს?“ „მეშინია მისი შეჩვენებისა!“ – უპასუხა წმიდა მარკელმა. მოციქულმა პეტრემ ახლად არჩეულ პაპს წმიდანის პატივით დაკრძალვა უბრძანა.
პაპმა მარკელმა მარკელინის წმიდა ნაწილები პატივით დაფლა დიდგვაროვანი რომაელი ქალის, პრისკილას მიერ წმიდა მოწამეთა დასაკრძალად შემზადებულ აკლდამაში, სალარის გზის მახლობლად. 
მღვდელმოწამე მარკელი, რომის პაპი და მასთან ერთად წმიდა მოწამენი: სისინი და კვირიკე დიაკონი, სამარაგდი, ლაგოსი, აპრონიანე, სატურნინი, პაპიუსი, მავრი, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია ეწამნენ რომში დიოკლეტიანეს, მაქსიმიანეს (284-305) და მათი მემკვიდრეების – გალერიუსისა (305-311) და მაქსენტიუსის (305-312) დროს. რომის დასავლეთი ნაწილის მმართველმა მაქსიმიანემ სამხედრო პატივი აჰყარა ყველა ქრისტიანს და კატორღაში გაგზავნა. მდიდარი ქრისტიანი ფარასონი ქრისტიანების – სისინის, კვირიკეს, სამარაგდისა და ლარგუსის ხელით საჭმელსა და ტანსაცმელს უგზავნიდა პყრობილებს. როცა ამის შესახებ შეიტყო, პაპმა მარკელმა ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა ფარასონს, სისინი და კვირიკე კი დიაკვნებად აკურთხა. მალე ტყვეებთან მისული წმიდანები შეიპყრეს და მათაც სხვა ქრისტიანების ხვედრი გაიზიარეს. სისინი და კვირიაკე თავიანთ სამუშაოსთან ერთად მოხუცებულობისგან დაუძლურებული სატურნინის ნორმასაც ასრულებდნენ. როცა ეს გაცხადდა, მაქსიმიანემ სისინი საწამებლად გადასცა ოლქის მმართველ ლავდიკიუსს. წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილის მცველმა აპრონიანემ, როცა მისი ზეციური ნათლით გაბრწყინებული სახე იხილა, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა, შემდეგ წმიდანთან ერთად პაპ მარკელთან მივიდა, მირონი იცხო და მისივე ხელით ეზიარა. იმავე დღეს, 7 ივნისს, სისინი და სატურნინი აპრონიანეს თანხლებით ლავდიკიუსის წინაშე წარდგნენ. აპრონიანეს მაშინვე მოჰკვეთეს თავი, სისინი და სატურნინი კი საპყრობილეში ჩააგდეს. ლავდიკიუსმა ბრძანა, წარმართულ ტაძარში მიეყვანათ ისინი მსხვერპლშეწირვის წესის აღსასრულებლად. სატურნინმა თქვა: „დაე, ფერფლად აქციოს უფალმა წარმართული ბომონები!“ იმავ წამს კერპების წინ მდგარი სამფეხები, რომლებზეც საკმეველი იკმეოდა ცრუ-ღმერთების პატივად, გალღვა. ამ სასწაულის მხილველმა მეომრებმა პაპიუსმა და მავრიმ აღიარეს ქრისტე. ხანგრძლივი წამების შემდეგ სისინსა და სატურნინს თავები მოჰკვეთეს, პაპიუსი და მავრი კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნათლისღების მადლის მონიჭებას. ყოვლადსახიერი ღვთის შემწეობით აღმსარებლებმა შეძლეს შეუმჩნევლად დაეტოვებინათ სატუსაღო, მარკელის ხელით მონათლულიყვნენ და უკანვე დაბრუნებულიყვნენ.
სამსჯავროზე მათ კვლავ აღიარეს ქრისტიანობა, რის გამოც საშინელ სატანჯველში ამოხადეს სული. მათი წმიდა ნაწილები მღვდლებმა, იოანემ და ფარასონმა მიაბარეს მიწას.
წმიდანებს – კვირიკეს, სამარაგდს, ლარგიუსს და სხვა ტყვე ქრისტიანებს კვლავ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებდნენ.
ამ დროს დიოკლეტიანეს უმცროსი ქალიშვილი არტემია ბოროტი სულისგან იტანჯებოდა. როცა იმპერატორმა შეიტყო, რომ ტყვე კვირიკე სნეულებებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა, სამეფო კარზე მოუწოდა მას. წმიდანმა განკურნა, შემდეგ კი მონათლა ასული. დიოკლეტიანემ მადლიერების ნიშნად თავისუფლება მიანიჭა კვირიკეს, სამარაგდსა და ლარგიუსს. მოკლე ხანში მან კვირიკე სპარსეთში გაგზავნა სპარსეთის მეფის ასულის განსაკურნებლად. რომისკენ მობრუნებული წმიდანი ახალი იმპერატორის, გადამდგარი დიოკლეტიანეს სიძის, გალერიუსის ბრძანებით შეიპყრეს. მეფის ასულის, არტემიას გაქრისტიანების გამო გაცეცხლებამდე განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ბრბოს დასაცინად და აბუჩად ასაგდებად თავისი ეტლის უკან ეტარებინათ გაშიშვლებული და შებორკილი კვირიკე.
პაპმა მარკელმა სახალხოდ ამხილა გალერიუსი უდანაშაულო ქრისტიანების მხეცურ ტანჯვაში, რისთვისაც საპყრობილეში ჩასვეს. წმიდანები: კვირიკე, სამარაგდი, ლარგიუსი და კიდევ ერთი ტყვე, კრისკენტიანე, წამებით მოკლეს. საპყრობილეში სიკვდილით დასაჯეს წმიდა კვირიკესთან ერთად გამომწყვდეული მეფის ასული არტემია და სხვა 21 პყრობილი.
რომაელმა ღვთისმსახურმა პაპი მარკელი საპყრობილიდან გააპარა. მან კვირიკეს, სამარაგდისა და ლარგიუსის ცხედრები ქრისტიანი ქალების, პრისკილასა და ლუკინას მამულში გადაასვენა, ლუკიანას სახლი კი ტაძრად აქცია.
იმპერატორის ტახტზე ასულმა მაქსენტიუსმა ბრძანა, დაენგრიათ ტაძარი და საქონლის სადგომად ექციათ, წმიდა პაპი კი ნახირის მწყემსად განაწესა. შიმშილით, ყინვით და სიმყრალეში გდებით გატანჯული წმიდა მარკელი დაავადდა და 310 წელს მიიცვალა.
წმიდა პრისკილა და ლუკინა უპატიოდ განდევნეს რომიდან, მათი მამულები კი დაარბიეს.