,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
აღდგომიდან მე-7 შვიდეული. პარასკევი
ხსნილი. 21.06.2024
წარგზავნა უფლის ამაღლების დღესასწაულისა. დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა (აღმოყ. წმ. ნაწ. IV ); მღვდელმოწამისა თევდორესი, კველთელი მღვდელისა (1608-1609); ეფრემისა, ანტიოქიელ პატრიარქისა (545); ღირსისა ზოსიმე ფინიკიელისა (VI); მოწამეთა ნიკანდროსი და მარკიანესი; ეპისკოპოსისა აკვილიანესი.
დღის ლოცვა
დიდმოწამე თეოდორე სტრატილატის
ტროპარი: მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილად მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვისცა მარადის გნატრით მორწმუნენი.
კონდაკი: სიმხნითა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყუა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთ იდევ, და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
ლიტ.: საქმ. 27: 1-44 (დას. 50). ინ. 17: 18-26 (დას. 57).
ლიტ.: საქმ. 27: 1-44
1. როდესაც გადაწყდა ხომალდით გავეგზავნეთ იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის რაზმის ასისთავს ჩააბარეს, სახელად იულიუსს. 2. ავედით ადრამიტიულ ხომალდზე, ასიის სანაპიროსთვის რომ უნდა ჩაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქე მაკედონელი. 3. მეორე დღეს მივადექით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეთბა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო მოენახულებინა მეგობრები, რათა მათგან შემწეობა მიეღო. 4. როცა კვლავ ავუშვით აფრა, კიპროსისკენ გავწიეთ პირქარის გამო. 5. კილიკიისა და პამფილის გასწვრივ ცურვით გავლიეთ ზღვა და ლიკიის მირაში ჩავედით, 6. სადაც ასისთავმა ნახა იტალიაში მიმავალი ალექსანდრიული ხომალდი და მასზე გადაგვსხა. 7. რამდენიმე დღის განმავლობაში ნელა მივცურავდით ქარის გამო, რომელიც წინსვლას გვიშლიდა, და ძლივსძლივობით მივაღწიეთ კნიდოსს, მერე კი სალმონთან ჩავუარეთ კრეტეს. 8. რის ვაივაგლახით რომ გავცდით მას, მივადექით „კეთილ ნავსადგურად“ წოდებულ ადგილს, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ქალაქი ლასეა. 9. მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ: 10. როგორც ჩანს, ხალხო, მგზავრობა ძნელი და სახიფათო იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც. 11. მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის პატრონს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს. 12. და რაკი ნავმისადგომი გამოსაზამთრებლად მოუხერხებელი იყო, უმრავლესობამ გზის გაგრძელება არჩია, რათა როგორმე მიეღწიათ კრეტეს ნავსადგურ ფენიქსისათვის, რომელიც, ერთის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთის, მეორეს მხრივ კი ჩრდილო-დასავლეთის ქარებისკენაა მიქცეული, და იქ გამოეზამთრებინათ. 13. დაჰბერა სამხრეთის ქარმა და რაკი ეგონათ, ეგ არის, ნატვრა აგვიხდაო, ღუზა აუშვეს და კრეტეს გასწვრივ გაცურეს. 14. მაგრამ სულ მალე კუნძულის მხრიდან ამოვარდა გრიგალი, ეგრეთ წოდებული ევროკლიდონი; 15. ეძგერა ხომალდს და რაკი მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტალღების სათამაშოდ ვიქეცით. 16. გვერდით რომ ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, კლავდად სახელდებულს, ძლივს შევინარჩუნეთ ნავი; 17. ზემოთ რომ ამოათრიეს, ყოველნაირად ეცადნენ ბაგირებით გაემაგრებინათ ხომალდი და იმისი შიშით, ვაითუ სირტისში ამოვყოთ თავიო, აფრები დაუშვეს და ასე განაგრძეს გზა. 18. რაკი გრიგალი კვლავ მძვინვარებდა, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დაიწყეს. 19. მესამე დღეს კი ხომალდის აღჭურვილობა თავისი ხელით გადაუძახეს ზღვაში. 20. მაგრამ რაკი რამდენიმე დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და არც გრიგალი ცხრებოდა, ბოლოს და ბოლოს, ხსნის ყოველგვარი იმედი გადაგვიწყდა. 21. დიდი ხანია არაფერი გვეჭამა; მაშინ პავლე ჩადგა მათ შორის და თქვა: ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტეს არ გასცლოდით, ხალხო, თავიდან აიცილებდით ამდენ ჭირსა და ვარამს. 22. ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ, რადგანაც ყველანი გადარჩებით, ხომალდის გარდა. 23. ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ. 24. და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! აუცილებღად უნდა წარუდგე კეისარს, და, აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთადაა ხომალდზე. 25. მაშ, მხნედ იყავით, ხალხო, რადგანაც მწამს ღვთისა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მეუწყა. 26. უთუოდ, რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ. 27. მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ნაპირს ვუახლოვდებოდით. 28. გაზომეს სიღრმე და გამოვიდა ოცი მხარი; ცოტა მოშორებით ისევ გაზომეს და გამოვიდა თხუთმეტი მხარი. 29. შეეშინდათ, ვაითუ მეჩეჩზე დავჯდეთო, კიჩოდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და განთიადს დაელოდნენ. 30. ხოლო რაკი მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს და შეეცადნენ ზღვაში ჩაეშვათ ნავი, იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდოდათ ღუზის ჩაშვება, – 31. პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: თუ ისინი ხომალდზე არ დარჩებიან, ვეღარაფერი გიხსნითო. 32. მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს თოკები და ნავი ზღვაში ჩავარდა. 33. განთიადისას პავლემ ყველას შესთავაზა პური ეჭამათ და თქვა: აგერ უკვე თოთხმეტი დღეა, რაც მოლოდინში უზმოდა ხართ და ლუკმა არ ჩაგიდევთ პირში. 34. ამიტომაც გთხოვთ, საჭმელი ჭამოთ, რაც საჭიროა თქვენსავ სახსნელად, ვინაიდან არცერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება. 35. ეს რომ თქვა, პური აიღთ, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო. 36. მაშინ ყველანი გამხნევდნენ და თვითონაც შეუდგნენ ჭამას. 37. ხოლო ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით. 38. როცა დანაყრდნენ, ხომალდისთვის ტვირთი რომ შეემსუბუქებინათ, ზღვაში გაყარეს ხორბალი. 39. მაგრამ როდესაც ინათა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ სანაპიროში შეჭრილი ყურე შენიშნეს, რომელშიაც გადაწყვიტეს ხომალდით შესვლა, თუკი შეძლებდნენ. 40. ღუზები გადაჭრეს და ზღვაში ჩატოვეს, იმავდროულად მოუშვეს საჭის საკვრელიც, ქარის საპირისპიროდ აღმართეს მცირე აფრა და ნაპირისკენ აიღეს გეზი. 41. მაგრამ წყალგამყოფ კლდეს დაეჯახნენ და მეჩეჩზე დაჯდნენ; ხომალდი ცხვირით ჩაერჭო წყალში, კიჩოს კი აბობოქრებული ტალღები ასკდებოდნენ და დალეწვას უქადდნენ. 42. მაშინ ჯარისკაცებმა განიზრახეს დაეხოცათ პატიმრები, რომ ვინმეს არ გაეცურა და გაქცეულიყო. 43. მაგრამ ასისთავმა, რომელსაც სურდა გადაერჩინა პავლე, ამის ნება არ დართო მათ და ბრძანა, ვისაც შეეძლო, პირველი გადამხტარიყო და ცურვით გასულიყო ხმელეთზე, 44. დანარჩენებს კი ფიცრები ან ხომალდის ნამსხვრევები ჩაებღუჯათ და ასე გადაერჩინათ თავი. ამრიგად, როგორც იქნა, ყველამ მიაღწია ნაპირს.
ლიტ.: ინ. 17: 18-26
18. როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად. 19. მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით. 20. მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით. 21. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე – შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. 22. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. 23. მე მათში, ხოლო შენ – ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. 24. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე. 25. მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე. 26. მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა დიდი მოწამე თეოდორე სტრატილატი (ნაწილთა გადასვენება, 319)
ამავე დღეს იხსენიება დიდმოწამის წმიდა ხატის მიერ აღსრულებული ერთი სასწაული, რომელიც მისივე სახელობის ტაძარში მოხდა. საყდარი, რომელიც დამასკის მახლობლად, დაბა კარსატაში მდებარეობდა, სარკინოზებს საცხოვრებლად გაეხადათ. ერთმა მათგანმა ისარი სტყორცნა წმიდა თეოდორეს ხატს და მხარში მოარტყა. უეცრად ამ ადგილიდან სისხლმა იფეთქა. მალე ტაძარში დამკვიდრებული ურჯულოები ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცნენ. ამ სასწაულის შესახებ მოგვითხრობენ ანტიოქიის წმიდა პატრიარქი ანასტასი (+599, ხს. 20 აპრილს) და ღირსი იოანე დამასკელი (+დაახლ. 780. ხს. 4 დეკემბერს) (ცნობები წმიდა თეოდორე სტრატილატზე იხილეთ 8 თებერვლის საკითხავებში).
ღირსი ეფრემ, ანტიოქიის პატრიარქი (+545)
526 წელს უფალმა სასჯელი დაატეხა თავს ანტიოქიას ნესტორისა და ევტიქის ერესებისაკენ გადადრეკისათვის: მიწისძვრამ ნანგრევებად აქცია ეს დიდებული ქალაქი. უამრავი მცხოვრები დაიღუპა. პატრიარქი ევფრასიუსი ჩამოქცეულმა სვეტმა იმსხვერპლა.
იმპერატორმა ეფრემი გაგზავნა ქალაქის აღსადგენად. მუშებს შორის იყო ერთი ეპისკოპოსი, რომელსაც ფარული ღვაწლის სურვილით დაეტოვებინა კათედრა. მან წმიდანს პატრიარქობა უწინასწარმეტყველა და სთხოვა, ხელი არ აეღო ქველმოქმედებაზე და მტკიცედ ებრძოლა ერეტიკოსებთან. 527 წელს წმიდა ეფრემი პატრიარქად აკურთხეს. იგი მტკიცედ და ბრძნულად მართავდა სამწყსოს და საკუთარი ცხოვრების წესით, ქადაგებითა და ეპისტოლეებით იცავდა მას მწვალებლურ სწავლებათაგან.
მისი რწმენის სიძლიერეზე მეტყვველებს ერთი შემთხვევა: იეროპოლის მახლობლად მოსაგრეობდა ერთი მესვეტე, რომელიც მწვალებლობაში ჩავარდა. ეს რომ შეიტყო, წმიდა ეფრემი მივიდა ბერთან და მოუწოდებდა, დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. მესვეტე უარზე იყო. მან პატრიარქის დაშინებაც კი სცადა და შესთავაზა, დიდი კოცონი დაენთოთ და ერთად შესულიყვნენ ცეცხლში. კოცონი დაანთეს, მაგრამ ერეტიკოსმა ბერმა ვერ გაბედა შიგ შესვლა. მაშინ პატრიარქი მხურვალედ ევედრა უფალს, დაემოწმებინა, ვისი სარწმუნოება იყო უცდომელი, მოიხსნა ომოფორი და ცეცხლს მისცა. სამი საათის შემდეგ შეშა დაიფერფლა, ომოფორი კი უვნებლად დარჩა. ამ სასწაულის მხილველმა მესვეტემ უარყო ერესი და მართლმადიდებლებს შეუერთდა.
წმიდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა 545 წელს.
თავის ნაშრომებში ღირსი ეფრემი იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ.
ღირსი ზოსიმე ფინიკიელი (VI)
ერთხელ წმიდანს პატრიციუს არქესილაოსი ესტუმრა. მალე სტუმარს მდევარიც მოჰყვა და აუწყა, რომ მის ცოლს თვალში ჩხირი გაერჭო და საშინლად იტანჯებოდა. ღირსმა მამამ დაამშვიდა არქესილაოსი: კესარიელმა მღვდელმთავარმა იოანე ქოზიბელმა (ხს. 3 ოქტომბერს) თქვენი მეუღლე უკვე განკურნაო.
ღირსმა ზოსიმემ სულიერი სრულყოფილების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ მას მხეცებიც ემორჩილებოდნენ. ერთხელ, კესარიისკენ მიმავალი წმიდანის სახედარი მშიერმა ლომმა გაიტაცა და შეჭამა. ღირსმა მამამ მოძებნა მხეცი და უთხრა: „მეგობარო, მოხუცი ვარ და არ შემიძლია სიმძიმის ზიდვა. წამიღე ტვირთი, შემდეგ კი უდაბნოში დაბრუნდი და კვლავ იმძვინვარე შენი ბუნების წესისამებრ“. ლომმა მორჩილად მიიტანა ტვირთი კესარიამდე, აქ კი ზოსიმემ იგი გაათავისუფლა.
წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) (+1609)
ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ II (ხს. 21 ივნისს). ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში, თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა, რომლებმაც მეფის სამყოფელი იცოდნენ, გადაწყვიტეს უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ ლუარსაბი და ამ გზით მთელი საქართველო დაემორჩილებინათ.
ოსმალებმა სწრაფად გადმოლახეს თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველი ქართველები ამოხოცეს და მოულოდნელად მოადგნენ მანგლისს. მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს: „ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს“. წმიდა ლუარსაბმა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, მტერს კი ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ.
მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, თათრებმა შეიპყრეს ქართველი მღვდელი, „სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა“. მღვდელი თურმე ეკლესიას კეტავდა, სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან ეკლესიის განძეულობა გადამალა მტრის ხელყოფისგან. მამა თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა. „ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოჲსა“. მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ცხირეთს დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გავუხვევთ და მეფეს იდუმალ დავადგებითო თავს. უგზოზე დიდი ხნის სიარულის მერე, როცა „გზასა ძნელთა და იწროთა და კლდოვანთა და სხვათა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვივნეს კლდეთა და კაპანთა და მოსწყდეს“, ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. „იხილეს რა თავნი თვისნი ესრე მოცთომილნი და შეიწრებულნი, კაცთა მათ სახელოვანთა შეიპყრეს ხუცესი იგი და თავი წარკვეთეს“.
თევდორეს თავდადებამ ნაყოფი გამოიღო. წმიდა მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო, შემდეგ კი ქართველთა ლაშქარმა მოთარეშეებს მუსრი გაავლო.