25.06.2024. 1-ლი შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

1-ლი შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

მსგეფსი ხსნილი. 25.06.2024

სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაული. ღირსისა იოანე (თორნიკე) მთაწმიდელისა, სვინგელოზისა (X); ღირსისა ონოფრე დიდისა (IV). ღირსისა ისიდორე სამთავნელისა (VI); ღირსთა: იოანესი, ანდრიასი, ირაკლემონისა და თეოფილესი (IV); ღირსისა პეტრე ათონელისა (734).

დღის ლოცვა

ღირსი იოანე-თორნიკე მთაწმინდელის

ტროპარი: შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო იოანე (თორნიკე).

კონდაკი: სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცვაი, ვითარცა ლახუარი ხელს-იდევ, კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი, საკვირველმოქმედო მამაო იოანე (თორნიკე), ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ღირსი ონოფრე დიდის კონდაკი:

ბრწყინვალებითა ყოვლადწმიდისა სულისათა განათლდი შენ, ღმრთივგანბრძნობილო, და დაუტევენ საყოფელი შფოთისანი, და მიიწიე უდაბნოდ, ღირსო მამაო, და იხარებდი ყოველთა ზედა ღმრთისა მიმართ დამბადებელისა; ამისთვის გადიდა შენ ქრისტემან, ნეტარო, ნიჭთა დიდთა მომცემელმან.

დღის საკითხავები

ლიტ.: რომ. 1: 1-7,13-17 (დას. 79). მთ. 4: 25-5: 13 (დას. 10).
ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43).

ლიტ.: რომ. 1: 1-7, 13-17 

1. პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული, 2. სახარებისა, რომელიც წინასწარ აღგვითქვა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილში, 3. და რომელიც ეხება მის ძეს, დავითის თესლისაგან ხორციელად შობილს, 4. ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, 5. ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი, 6. რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ ხმობილნი; 7. ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

13. მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ დავაპირე თქვენთან მოსვლა (მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე), რათა თქვენშიაც მქონოდა ნაყოფი, როგორც სხვა ხალხთა შორის. 14. ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. 15. ჩემდა თავად კი ვისწრაფვი, რომ გახაროთ რომში მყოფთაც. 16. რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის. 17. რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.

ლიტ.: მთ. 4: 25-5: 13 

25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.

1. ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. 2. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: 3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. 5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. 6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. 8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. 9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. 10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. 12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ. 13. თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად.

ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ.: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი (X)

წმიდა თორნიკე იყო ქართლის სპასალარი. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული, ქველი და უებრო რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს, მაგრამ ღვთისთვის სათნომყოფელმა უმჯობესი გამოირჩია – მონაზვნობის ღვაწლი იდო თავს და ულუმბოს მთას მიმართა წმიდა იოანეს (ხს. 12 ივლისს) მოსაძებნად. ულუმბოზე მას აუწყეს, რომ ღირსი მამა ათონის მთაზე დამკვიდრებულიყო. თორნიკემ მთაწმინდას მიაშურა და „კურთხევაჲ მონაზონებისაჲ ჴელთაგან იოვანესთა მიიღო“. ღირსი მამები წმიდა ათანასეს ლავრაში დამკვიდრდნენ.

იოანეს მიერ თორნიკეს კურთხევის შემდეგ იმდენმა ქართველმა მოიყარა თავი ათანასეს ლავრაში, რომ იოანემ, წმიდა ათანასეს კურთხევით, ქართველთათვის ცალკე ააშენა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ქართველებმა სენაკებიც ააშენეს და „მუნ იმყოფებოდეს მრავალჟამ ვითარცა ანგელოსნი ღმრთისანი“.

ამ დროს საბერძნეთის მცირეწლოვან მეფეებს, ბასილის და კონსტანტინეს აუმხედრდა სარდალი ბარდა სკლიაროსი. დედოფალმა თეოფანიამ ბრძანა: „ჩუენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე არავინ არს“, წარჩინებული კაცი სევასტოფორი გაგზავნა წმიდა მთაზე და ქართველ მამებს სთხოვა: „უღმრთოჲ სკლიაროსი გაგჳდგა და ჴმელით კერძო ყოველ დაიპყრა. აწ ვევედრებით სიწმიდესა თქუენსა, რაჲთა თჳნიერ ყოვლისა მიზეზისა იოვანე თორნიკ მოვიდეს მეფობისა ჩუენისა“. თორნიკემ შორს დაიჭირა თხოვნა: „მიჯმნიეს ერთგზის და არღარა უკუნ ვიქცე“. ათანასემ და იოანემ სთხოვეს თორნიკეს, ხლებოდა დავით კურაპალატს და დახმარებოდა ბერძენთა მეფეს.

ხანგრძლივი მუდარის შემდეგ თორნიკემ შეისმინა მამათა ვედრება. ბასილი და კონსტანტინე მადლიერების ნიშნად ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა მამას, დედოფალმა კი უთხრა: „რაჲცა ამათ ობოლთა თანა ჰქმნა, ღმერთმან მოაგოს სულსა შენსა“.

თორნიკემ ისარგებლა შემთხვევით და „მრავალფერთა საქმეთათჳს ამხილა დედოფალი“. მან სიმდაბლით შეიწყნარა მხილება და უთხრა: „წმიდაო მამაო, რაჲცა მიბრძანოს მამობამან თქუენმან, თქუენსა ბრძანებასა არა გარდავჴდე, ოდენ, ღმერთმან დაგარწმუნოს, შრომაჲ თავს-იდევ და რომლითაცა სახითა გნებავს, წარვედ კურაპალატის წინაშე და ყოველი ჭირი ჩუენი აუწყე და ვესავ ღმერთსა, რომელ იოტოთ იგი უღმრთოჲ სკლიაროსი და ჩუენ ჭირისაგან განგუარინნეთ“.

თორნიკე საქართველოში წამოვიდა და ვედრების ეპისტოლენი მიართვა კურაპალატს. მეფემ დიდად გაიხარა ყოფილი სპასალარის ნახვით, შეიწყნარა დედოფლის თხოვნა და დამხმარე ჯარის სარდლად თვითონ თორნიკე დანიშნა. წმიდა მამა დიდ უარზე იდგა, მაგრამ რაკი აღარ მოეშვნენ, დასთანხმდა და ქართველთა მხედრიონს ჩაუდგა სათავეში. ღვთის შეწევნითა და თორნიკეს სარდლობით ქართველთა 12-ათასიანმა ლაშქარმა სასტიკი დამარცხება აგემა ღვთისა და მეფის წინააღმდგომ სკლიაროსს და საბერძნეთიდან განდევნა.

გამარჯვების შემდეგ თორნიკემ შვებით მიაშურა ათონის მთას, „ხოლო მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი უყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვლად მოაქცია მშვიდობით“.

ღირს მამათა, იოანეს და იოანე თორნიკ-ყოფილის ლოცვითა და ღვაწლით ათონზე მომრავლებული ქართველები იოანე ნათლისმცემლის ეკლესიამ და ძმათა სენაკებმა ვერ დაიტია და წმიდა მამებმა ახალი ეკლესია-მონასტრების აშენება იდვეს თავს. სკლიაროსზე გამარჯვებისას მიღებული საჩუქარი – დიდძალი სიმდიდრე – თორნიკ-ყოფილმა მთლიანად იოანეს გადასცა და სულ მალე ქართველებმა მთაწმინდაზე კიდევ ორი ეკლესია ააგეს – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის.

თორნიკ-ყოფილი საოცარი მორჩილებით გამოირჩეოდა: „განთქმულმან და საჩინომან კაცმან ყოველივე ნებაჲ თჳსი მოიკუეთა“, სრულებით მიენდო მოძღვარს და ესევითარი მჴურვალებაჲ აჩუენა, რომელ, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო, თჳნიერ მისისა ბრძანებისა, არცამცა სიტყუაჲ ერთი აღმოთქუა, არამედ ყოველსავე მამაჲ იოვანე განაგებნ და მისცემნ, ვითარცა ენების და სადაცა ჯერ იყვის“.

სიმდაბლით, სიწრფოებითა და უმანკოებით გამორჩეული მოღვაწე ბერი მამა იოანეს ეუბნებოდა: „მამაო, თჳთ იცი, რომელ დიდად ცოდვილი ვარ და სიკუდილი ჩემი მოახლებულ არს და უნებელი სიწმიდისა თქუენისაჲ არა ვარ, არამედ ნებაჲ ჩემი და თავი ჩემი შემდგომად ღმრთისა შენდა მომიცემია; ვითარცა გნებავს, აცხოვნე სული ჩემი“. რადგან თორნიკ-ყოფილი მრავალ ომში გამარჯვებული სპასალარი იყო, გარდასულ ამბავთა მოგონება უყვარდა. მონასტრის ძმებიც ხშირად აამბობინებდნენ მას „საქმეთა საგმიროთა“. წმიდა იოანემ ურჩია: „აწ დაცადე სოფლიოთა მაგათ საქმეთა უბნობაჲ და ამიერითგან სხუასა ნუ ვის ეუბნები, გარნა გაბრიელს ხოლო ხუცესსა“. გაბრიელ ხუცესის პირიდან არანაირი ამსოფლიური სიტყვა არ ამოდიოდა, თვინიერ საღმრთოთა და სულიერთა. წმიდა იოანე თორნიკ-ყოფილი ცრემლის ღვრით ჩაუვარდა ფერხთით მოძღვარს და შეჰღაღადა: „რად დაიდუმე აქამომდე და არა მამხილე, წმიდაო და ღმერთშემოსილო მამაო?“ მამა იოანემ წამოაყენა მოხუცებული და უთხრა: „უფალმან შეგინდვენ, გარნა აწ ხოლო ეკრძალენ!“ არავის გაუგონია ამის შემდეგ იოანე-თორნიკეს საუბარი, მან მდუმარებითა და ღვთის სასოებით გალია ცხოვრების დარჩენილი დღეები და მშვიდობით მიაბარა სული უფალს.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ. 

ღირსი ონოფრე დიდი (IV)

ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.

ერთხელ პაფნუტიმ გადაწყვიტა, მოენახულებინა მეუდაბნოე ბერები და მათივე მონათხრობიდან შეეტყო, როგორ ცხოვრობდნენ ისინი. ღირსმა მამამ დატოვა სავანე და უდაბნოს სიღრმეში შევიდა; ოთხი დღის შემდეგ მიადგა გამოქვაბულს, რომელშიც დიდი ხნის წინ აღსრულებული მოხუცი მოსაგრის უხრწნელი ცხედარი ესვენა, პატივით დაკრძალა იგი და გზა განაგრძო. მომდევნო ოთხი დღის შემდეგ წმიდა ბერი კიდევ ერთ გამოქვაბულს გადააწყდა. ქვიშაზე დარჩენილი ნაფეხურები მოწმობდა, რომ აქ ვიღაც ცხოვრობდა. მზის ჩასვლისას გამოჩნდა ხარების ჯოგი და მათ შორის მომავალი ადამიანი, რომელსაც შიშველ ტანზე გრძელი თმები სამოსელივით ჩამოჰფარებოდა. ეს იყო ტიმოთე მეუდაბნოე. ნეტარმა მოსაგრემ პაფნუტის დანახვაზე იფიქრა, ბოროტი მაცთუნებსო და ლოცვა დაიწყო, მაგრამ ბერმა დაარწმუნა, ცოცხალი ადამიანი ვარო, ქრისტიანი. ღირსმა ტიმოთემ სიყვარულით მიიღო სტუმარი და უთხრა, 30 წელია, რაც უდაბნოში ვცხოვრობ და მთელი ამ ხნის მანძილზე ადამის მოდგმისგან არავინ მინახავსო. სიჭაბუკეში ტიმოთე თურმე მონასტერში მოღვაწეობდა, შემდგომ მან დატოვა სავანე და ქალაქის მახლობლად დასახლდა, სადაც კერვით ირჩენდა თავს. ერთხელ ქალმა წმინდანს სამოსელი შეუკვეთა, ბოროტისგან ძლეული მოსაგრე კი მასთან ცოდვით დაეცა. როცა გონს მოეგო, სირცხვილეული ბერი ღრმად შევიდა უდაბნოში და მოთმინებით იტანდა ყოველგვარ მწუხარებასა და სნეულებას, როგორც დამსახურებულ სასჯელს. როცა ის უკვე მზად იყო, რომ შიმშილით მომკვდარიყო, ღვთის ნებით, სასწაულებრივ განიკურნა.

ამ დროიდან მოყოლებული ტიმოთე მშვიდად ცხოვრობდა სრულ მარტოობაში. ღირსმა პაფნუტიმ სთხოვა ბერს, დაერთო მისთვის უდაბნოში დარჩენის ნება, მაგრამ მან უპასუხა, ვერ შეძლებო, აკურთხა იგი და საგზლად ფინიკები და წყალი გაატანა.

მეჩვიდმეტე დღეს წმიდა მამამ მთას მიაღწია და დასასვენებლად ჩამოჯდა. უეცრად დაინახა მისკენ მომავალი ბერი, რომელსაც სხეულს თოვლივით თეთრი, დატალღული თმა უფარავდა, ბარძაყებზე კი ფოთლები ჰქონდა შემოხვეული. როგორც აღმოჩნდა, უდაბნოს ეს უცნობი მკვიდრი ონოფრე დიდი იყო.

ღირსმა ონოფრემ უკაცრიელ უდაბნოში სამოცი წელი დაჰყო სრულიად მარტოდმარტომ. ის თებაიდაში, ერითის მონასტერში იზრდებოდა. აქ შეიტყო უდაბნოში მოღვაწე ბერების უმძიმესი და უმაღლესი ღვაწლის შესახებ, მათი მიბაძვის სურვილით აენთო და ერთხელ, ღამით ფარულად დატოვა მონასტერი. წინ მანათობელი სხივი მიუძღოდა, ამან ისე შეაკრთო, რომ გაბრუნებაც დააპირა, მაგრამ მფარველმა ანგელოზმა გზის განგრძობისკენ მოუწოდა. ასე ჩააღწია ღირსმა მამამ ერთ მეუდაბნოე ბერამდე და მას დაემოწაფა. როცა მოძღვარი დარწმუნდა, რომ ონოფრე საკმაოდ განმტკიცდა დემონის საცთურებთან ბრძოლაში, სამოღვაწეო ადგილი მიუჩინა მას და განშორდა. ამის შემდეგ იგი წელიწადში ერთხელ აკითხავდა სულიერ შვილს, რამდენიმე წლის შემდეგ კი ერთი ასეთი სტუმრობის დროს, მიიცვალა.

პაფნუტის თხოვნით ღირსმა ონოფრემ მოუთხრო მას თავისი ღვაწლის შესახებ, უთხრა ისიც, თუ როგორ განამტკიცებდა და ნუგეშინისცემდა მას უფალი: გამოქვაბულთან ფინიკის პალმა ამოიზარდა, რომლის თექვსმეტი ტოტიც რიგრიგობით ისხამდა ნაყოფს, იქვე წმიდა წყარომ ამოხეთქა, ანგელოზი პურსაც უზიდავდა, ასე რომ, იგი არასოდეს რჩებოდა მშიერ-მწყურვალი; შუადღის ხვატისგან შეწუხებული პალმის ჩრდილს შეაფარებდა თავს. ყოველ შაბათ-კვირას მეუდაბნოეს უფლის ანგელოზი ქრისტეს სისხლსა და ხორცს აზიარებდა. დილის კანონის შესრულების შემდეგ პაფნუტიმ შენიშნა, რომ წმიდა ონოფრეს სახე შეეცვალა და შეკრთა. ონოფრემ უთხრა: „ყოვლადსახიერმა უფალმა აქ იმიტომ გამოგგზავნა, რომ ჩემი ცხედარი დაკრძალო. დღეს მე დავასრულებ მიწიერ ცხოვრებას და საუკუნო სასუფეველში ავმაღლდები, ჩემს ქრისტესთან“. მან სტუმარს სთხოვა, ყველა ქრისტიანისთვის საცნაური გაეხადა მისი ცხოვრება მათივე საცხოვნებლად. პაფნუტიმ ისევ მეუდაბნოობის ღვაწლზე ითხოვა კურთხევა. ღვთის ნება არ არისო, – ამცნო ონოფრემ, გამოემშვიდობა ღირს მამას და განშორდა მას. მეუდაბნოე დიდხანს და მხურვალედ ლოცულობდა განმარტოებით, შემდეგ მიწაზე დაწვა და მიიძინა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ხელთა შენთა შევვედრებ, უფალო, სულსა ჩემსა“.

აცრემლებულმა პაფნუტიმ სარჩული მოაგლიჯა თავის ტანსაცმელს,შიგ გაახვია დიდი მეუდაბნოის ცხედარი და გრძელ, ჩაღრმავებულ ქვაში ჩაასვენა, ზევიდან კი წვრილი კენჭებით დაფარა. შემდეგ მან ლოცვით შესთხოვა უფალს, აღსასრულამდე ონოფრე დიდის მოღვაწეობის ადგილზე დარჩენის ღირსი გაეხადა, მაგრამ უეცრად გამოქვაბული ჩამოინგრა, პალმა გახმა და წყაროც დაშრა. პაფნუტი მიხვდა, რომ უფლისგან მართლაც არ ეძლეოდა კურთხევა მეუდაბნოობაზე და უკანვე გაბრუნდა.

ოთხი დღის შემდეგ პაფნუტი კიდევ ერთ გამოქვაბულს წააწყდა. აქ იგი შეხვდა მეუდაბნოეს, რომელსაც სამოც წელზე მეტი დაეყო უდაბნოში და იმ ორი ბერის გარდა, მასთან ერთად რომ მოღვაწეობდნენ, არავინ ენახა. მთელ კვირას მოსაგრეები განმარტოებით ატარებდნენ, შაბათ-კვირაობით კი თავს იყრიდნენ ხოლმე ფსალმუნებისათვის. პაფნუტის აქ მოსვლის დღე შაბათს დაემთხვა, ამიტომ ბერები, ჩვეულებისამებრ, შეიყარნენ. მათ ანგელოზის მორთმეული პური იხმიეს, შემდეგ კი მთელი ღამე ლოცვაში გაათიეს. წასვლის წინ პაფნუტიმ მეუდაბნოეებს სახელები ჰკითხა, მათ კი მიუგეს, „ყოვლის მცოდნე უფალმა უწყის ჩვენი სახელები. დაე, ზეციურ იერუსალიმში შეხვედრის ღირსნი გავხდეთ“.

პაფნუტიმ გზა განაგრძო და შევიდა მეტად მშვენიერ, ტოტებდახუნძლული ხეებით სავსე ოაზისში. უდაბნოდან ოთხი მოსაგრე ჭაბუკი გამოვიდა მასთან შესახვედრად. განდეგილებმა პაფნუტის მოუთხრეს, რომ ბავშვობაში ისინი ქალაქ ოსქონრიხში (ზემო თებაიდა) ცხოვრობდნენ, წერა-კითხვას ერთად ეუფლებოდნენ და ერთნაირად სწვავდათ სურვილი, მთელი ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნათ. ყმაწვილებმა ფარულად დატოვეს ქალაქი და რამდენიმე დღის შემდეგ უდაბნოს მიაღწიეს. აქ საღვთო შურით აღძრულებს უფლის ნათელმოსილი ანგელოზი დაუხვდა, რომელმაც მეუდაბნოე ბერთან მიიყვანა ისინი. „უკვე ექვსი წელია, აქ ვცხოვრობთ, – თქვეს ჭაბუკებმა, ჩვენი მოძღვარი ერთ წელიწადში გარდაიცვალა და ახლა მარტონი ვართ. ხის ნაყოფებით ვიკვებებით, წყალს კი წყაროდან ვიღებთ“. მოსაგრეებმა დაასახელეს თავიანთი ვინაობა. ესენი იყვნენ: იოანე, ანდრია, ირაკლემონე (ირაკლავმონე) და თეოფილე. ყმაწვილი მეუდაბნოეები მთელი კვირის მანძილზე ცალ-ცალკე მოღვაწეობდნენ, შაბათ-კვირას კი ოაზისში იკრიბებოდნენ და ერთობლივ აღავლენდნენ ლოცვებს. ამ დღეებში ანგელოზი მოდიოდა მათთან და წმიდა საიდუმლოს აზიარებდა. პაფნუტის გამო ჭაბუკები მთელი კვირა ოაზისში დარჩნენ და აქ ლოცულობდნენ. შაბათ-კვირას ნეტარ მოსაგრეებთან ერთად მათი სტუმარიც შეიქნა ღირსი უფლის ნათელმოსილი მსახურის ხელით ზიარებისა. მისი ბაგეებიდან ნათქვამი ტკბილი სიტყვებიც ჩაესმა: „უხრწნელ საზრდელად, დაუსრულებელ სიხარულად და საუკუნო ცხოვრებად გეყავნ თქვენ ხორცი და სისხლი უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი“.

ღირსმა პაფნუტიმ ანგელოზსაც გამოსთხოვა უდაბნოში დარჩენის კურთხევა, მაგრამ ზეციურმა მხედარმა უპასუხა, რომ ღმერთმა მას სხვა გზა განუკუთვნა, იგი ეგვიპტეში უნდა დაბრუნებულიყო და ყველა ქრისტიანისთვის მოეთხრო მეუდაბნოეთა ცხოვრების შესახებ.

წმიდა მამა გამოემშვიდობა ჭაბუკებს და სამი დღის შემდეგ უდაბნოს კიდესთან გამოვიდა. აქ მდებარე მცირე სკიტის მკვიდრებმა სიყვარულით მიიღეს იგი. ღირსმა პაფნუტიმ მათ მოუთხრო ყველაფერი, რაც შეიტყო უდაბნოს მადლმოსილ მკვიდრთა შესახებ, ბერებმა დაწვრილებით ჩაწერეს მონათხრობი და სხვა სკიტებსა და მონასტრებშიც გაავრცელეს. ღირსმა პაფნუტიმ მადლობა შესწირა უფალს, რომელმაც თებაიდელ მეუდაბნოეთა მაღალსულიერ ცხოვრებასთან ზიარების ღირსი გახადა და თავის სავანეში დაბრუნდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ

ღირსი ისიდორე სამთავნელიღირსი ისიდორე სამთავნელი, ეზდერიოს სამთავნელი გახლავთ საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამა.

საქართველოში მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ ქართლში მდინარე ლეხურის აღმოსავლეთით, სამთავისის სანახებში, დააარსა მონასტერი (დასაფლავებულია იქვე).

ღირსი ისიდორე სამთავნელის ცხოვრების ამსახველი ცალკე თხზულება არ შემორჩენილა. მის შესახებ ცნობები მოიპოვება სხვა ასურელ მამათა ცხოვრების ტექსტებში.

სტატიაზე ვრცელდება “ამბიონის” საავტორო უფლებები. 

ღირსთა: იოანესი, ანდრიასი, ირაკლემონისა და თეოფილესი (IV); ღირსისა პეტრე ათონელისა (734).