,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
1-ლი შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
მსგეფსი ხსნილი. 28.06.2024
სულიწმიდის მოფენის შემდგომი დღესასწაული. წინასწარმეტყველისა ამოსისა (VIII ს. ქრ. შ-მდე); მოწამეთა: ვიტესი, მოდესტისა და კრისკენტია მზრდელისა (303); მოწამისა დულა კილიკიელისა (305-313); ღირსისა დულე ვნებადამთმენისა, ეგვიპტელისა; ღირსისა იერონიმე სტრიდონელისა (420); ნეტარისა ავგუსტინესი, ჰიპონიელ ეპისკოპოსისა (430); ღირსისა თეოდორე სიკეოტისა, ანასტასიოპოლელ ეპისკოპოსისა (აღმოყ. წმ. ნაწ.) (IX); კეთილმორწმუნისა ლაზარესი, სერბეთის მთავრისა (1389); ეფრემისა, სერბეთის პატრიარქისა (1395).
დღის ლოცვა
წინასწარმეტყველი ამოსის კონდაკი:
განწმედილ იქმენ სულითა, წინაისწარმეტყუელო, და განანათლე ელვარედ გული შენი, დიდებულო ამოს, ხოლო წინაისწარმეტყუელებისა მადლი ზეგარდამო მოიღე და კიდეთა შორის სოფლისათა ხმამაღლად ღაღადჰყავ: ესე არს ღმერთი ჩუენი და არა ესწოროს მას სხუა.
დღის საკითხავები
ლიტ.: რომ. 2: 14-29 (დას. 82). მთ. 5: 33-41 (დას. 14).
ლიტ.: რომ. 2: 14-29
14. ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული. 15. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს, 16. საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ. 17. აჰა, შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს, 18. ვისი ნებაც იცი და, რჯულით განსწავლული, ირჩევ უკეთესს. 19. თვითმრწმენს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი, 20. უგუნურთა მასწავლებელი და ყრმათა მოძღვარი, რომელსაც გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების ნიმუში რჯულში. 21. კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს? 22. ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ? 23. რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ? 24. ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის. 25. წინადაცვეთილობა სარგოა, თუ რჯულს ასრულებ, ხოლო თუ რჯულს არღვევ, შენი წინადაცვეთილობა წინდაუცვეთელობად იქცევა. 26. თუ წინადაუცვეთელი რჯულის მართლწესებს იცავს, განა მისი წინადაუცვეთელობა წინადაცვეთილობად არ შეერაცხება? 27. ეგეც არ იყოს ბუნებით წინადაუცვეთელი, რომელიც რჯულს ასრულებს, განა არ განგსჯის შენ, რომელიც, წერილისა და წინადაცვეთილობის მიუხედავად, რჯულს არღვევ? 28. ვინაიდან იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა იადეველი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულია და ხორციელი. 29. არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანადაა იუდეველი, და წინადაცვეთაც ისაა, რაც გულისა და სულისმიერია და არა ასოსმიერი. ასე რომ, კაცთაგან კი არ იქება, არამედ ღვთისაგან.
ლიტ.: მთ. 5: 33-41
33. კვლავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი. 34. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია; 35. ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალიმს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია. 36. ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება. 37. არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და – არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია. 38. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ. 39. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას. 40. და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც. 41. ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი (VIII ს. ქრისტეს შობამდე)
წინასწარმეტყველი ამოსი იუდეველი იყო, სოფელ თეკუიდან. ლიტონსა და უსწავლელ, მაგრამ მხურვალე რწმენითა და საღვთო მოშურნეობით გაძლიერებულ მწყემსს უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის მოუწოდა და ისრაელში გაგზავნა სჯულის მაგინებელი იერობოამისა და მის გზა შეცდომილ მკვიდრთა სამხილებლად. ამოსი წინასწარ უცხადებდა მათ იმ უბედურებებს, რომელიც ისრაელის სამეფოსა და მის გარშემო მცხოვრებ წარმართ ხალხს უნდა დასტყდომოდა თავს უღმრთოებისთვის. ამის გამო მრავალჯერ უხდებოდა გვემისა და დევნის დათმენა, მაგრამ იგი კვლავ უბრუნდებოდა ბეთილს, ისრაელელებს მოწევნილ რისხვას მოაგონებდა და სინანულისკენ მოუწოდებდა. წინასწარმეტყველი განსაკუთრებით სძულდა საკერპოს ქურუმს, ამასიას. ამოსმა კერპთმსახურსა და მთელ მის სახლეულს აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა. ამასიას ვაჟმა, ოზიამ წმიდანს ხელკეტი ჩასცხო თავში და სასიკვდილოდ დაჭრა. სულთმობრძავმა წინასწარმეტყველმა გაჭირვებით მიაღწია მშობლიურ სოფელს და იქ გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 783 წელს.
წმიდა მოწამენი: ვიტე, მოდესტო და კრისკენტია მზრდელი (+დაახლ. 303)
წმიდა მოწამე დულა კილიკიელი (+დაახლ. 305-313)
დაკითხვებში ნეტარი მარტვილი ახოვნად აღიარებდა ქრისტეს და გაბედულად განაქიქებდა წარმართთა ცრუ სჯულს. მმართველი გულმოდგინედ ცდილობდა, უარეყო ქრისტიანული სარწმუნოება, მაგრამ ვერ პოულობდა ძალას დულას მადლმოსილი სიტყვების წინააღმდგომად. ამით გააფთრებულმა უსჯულომ დაუნდობლად აწამა წმიდანი, ბოლოს კი საპყრობილეში გამოამწყვდია. ყოველ ახალ დაკითხვაზე მარტვილი სულითა და ხორცით გამხნევებული და განცხოველებული ცხადდებოდა. მსაჯულის წინაშე უკანასკნელად წარმდგარს ქვედა ყბა მოგლიჯეს, წვივები გადაუმტვრიეს, მმართველის ეტლს გამოაბეს და ქუჩებში ათრიეს. ასე აღმოხდა სული უფლის სათნომყოფელს.
დულას დაფლეთილი სხეული მდინარეში გადააგდეს. ტალღებმა იგი წმიდანის მშობლიური ქალაქის ნაპირებთან გამორიყა. წმიდანის ნეშტი პატივით მიაბარეს მიწას.
ნეტარი აგვუსტინე (+430)
17 წლის ავგუსტინე კართაგენში გაემგზავრა განათლების მისაღებად. აქ იგი იოლად აღმოჩნდა მანიქეველთა ბადეში, რომელნიც თუმცა ხშირად ახსენებდნენ მაცხოვრის სახელს, მაგრამ თავისი სწავლებითა და ცხოვრების წესით მტრები იყვნენ ქრისტეს ეკლესიისა. მათმა სწავლებამ ავგუსტინე საკუთარი ცოდვებისთვის გამართლების ძიების სენით დაავადა. ცოდვები უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა და მათ თავისი ნების გამოხატულების შედეგად კი არ მიიჩნევდა, არამედ როგორც გარეშე ბოროტი ძალის ტირანიას. ჭაბუკი ავგუსტინე ისე ღრმად ჩაეფლო ამ მწვალებლურ ჭაობში, რომ მეგობრები და ნაცნობებიც კი ჩაითრია. ცხრა წლის განმავლობაში იყო იგი მანიქეველი. შემდგომ ავგუსტინეში თანდათან ეჭვმა დაისადგურა მანიქეველთა მოძღვრების მიმართ. მან დაინახა, რომ ისინი ნგრევაში უფრო წარმატებულნი იყვნენ, ვიდრე შენებაში. ავგუსტინემ განიზრახა კართაგენის დატოვება.
ნეტარი ავგუსტინეს დედა, მონიკა, უსაზღვროდ დამწუხრებული იყო შვილის მანიქეველობით. მან არ მოისურვა გზასაცდენილთან ერთად ცხოვრება და აღარც ტრაპეზს იყოფდა მასთან. მონიკა ისე დასტიროდა შვილს, როგორც მკვდარს და მოუკლებლად ლოცულობდა, რათა იგი ღმერთს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ მოექცია. ხედავდა რა დედის ამგვარ მეცადინეობას, ერთმა ეპისკოპოსმა ის ასე დაამშვიდა: „იცხოვრე ისე, როგორც ცხოვრობ და შეუძლებელია, რომ დაიღუპოს შვილი ამ ცრემლებისა“.
სამშობლოში დაბრუნებულმა ავგუსტინემ გრამატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 29 წლის, იგი შეხვდა მართლმორწმუნეთაგან სიკვდილის მახედ წოდებულ მანიქეველ „ეპისკოპოს“ ფავსტს. მასთან ურთიერთობისას ავგუსტინემ მანიქეველთა სწავლებაში და ცხოვრების წესში მრავალი წინააღმდეგობა აღმოაჩინა. ფავსტთან საუბრის შემდეგ ავგუსტინე რომში გაემგზავრა. ამ დროს იგი წერდა: „ისწრაფე იქით, საიდანაც ანათებს ჭეშმარიტება“. რომში ავგუსტინე დიდხანს არ გაჩერებულა, იგი თავის მეგობარ ალიპიუსთან ერთად მილანს გაემგზავრა, რათა წმიდა ამბროსი მედიოლანელის ქადაგება მოესმინა. „მე მასთან ღმერთმა მიმიყვანა, რათა მის მიერ ღმერთთან მივსულიყავი“, – წერდა იგი შემდგომ. წმიდა ამბროსიმ ის მამობრივი სიყვარულით მიიღო. მისი ქადაგების მოსმენა ავგუსტინეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. მალე დიდი მღვდელმთავრის მეთვალყურეობით საღმრთო წერილის შესწავლა დაიწყო. ღმრთის სიტყვამ მასზე გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა. ავგუსტინე და ალიპიუსი კატეხიზატორთა ბეჯითი და მორჩილი მოწაფენი შეიქმნენ, თუმცაღა ნიჭითა და ცოდნით ბევრად აღემატებოდნენ თავიანთ მასწავლებლებს. 387 წელს, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ავგუსტინე ალიპიუსთან ერთად მოინათლა, მთელი თავისი ქონება ქვრივ-ობოლთ დაურიგა და ბერულ მოღვაწეობას შეუდგა. საოცარია მისი უკანასკნელი საუბარი დედასთან. „.ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ამქვეყნად დიდხანს მეცოცხლა, ის იყო, რომ სიკვდილამდე მეხილე მართლმადიდებელ ქრისტიანად. ღმერთმა კი უფრო მეტიც მომმადლა – დღეს ვხედავ, რომ ყოველივე ამქვეყნიურზე ამაღლებულხარ და თავი უფლისათვის მიგიძღვნია. მაშ, რაღა დამრჩენია მე ამქვეყნად“. ხუთი დღის შემდეგ მონიკამ უფალს მიაბარა სული.
391 წელს ჰიპონიის ეპისკოპოსმა ვალერიმ ავგუსტინეს პრესვიტერის წოდება მიანიჭა. მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო ნეტარი მამის მოღვაწეობა ამ ხარისხში. მან დააარსა პირველი ქალთა მონასტერი აფრიკაში. მავრიტანიაში მისი მეცადინეობით აღიკვეთა საშინელი ადათი, რომლის დროსაც ქალაქის მცხოვრებნი ორ შეიარაღებულ ნაწილად იყოფოდნენ და ერთმანეთს ებრძოდნენ.
თავისი ცხოვრების ორმოცდამეხუთე წელს ავგუსტინე ეპისკოპოსად აკურთხეს. მალე მან ჰიპონიის კათედრა დაიკავა. მღვდელმთავრობის ოცდათხუთმეტი წელი ნეტარმა მამამ მანიქევლობის, დონატეველობისა და პელაგეველობის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. ამ პოლემიკაში იგი მხოლოდ კალამს როდი სჯერდებოდა, არამედ პირად დისპუტებში ამარცხებდა მწვალებელთ, მისი საუბრები კი შემდგომ მორწმუნეებში ვრცელდებოდა. ნეტარი ავგუსტინეს სახლი მუდამ ღია იყო ყველასათვის. მის მაგიდაზე ასეთი სიტყვები ეწერა: „ვისაც უყვარს ზურგს უკან ყვედრება სხვათა ცხოვრებისა, იცოდეს, რომ ეს მაგიდა ამხილებს მას“. მისი ქადაგებები განკუთვნილი იყო უბრალო მეთევზეებისა და ხელოსნებისათვის და არა ანტიოქიელი თუ კონსტანტინეპოლელი არისტოკრატიისათვის. ამ ქადაგებათა უბრალოება მეტად ახლოს იყო სახარების სულთან.
ნეტარი ავგუსტინე მრავალი საკვირველი ჩვენების ღირსი გახადა უფალმა. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა იყო ყრმა იესოს ხილვა, რომელსაც სურდა, მთელი ოკეანე ერთ პატარა ქვიშის ორმოში მოექცია. სწორედ ამ დროს ავგუსტინე ცდილობდა, საკუთარი გონებით ჩასწვდომოდა წმიდა სამების საიდუმლოს. ამ ხილვით კი ღმერთმა ნეტარ მამას კიდევ ერთხელ დაანახა სასრულობა და უმწეობა ადამიანის გონებისა. წმიდანი თავადაც ბევრ სასწაულს აღასრულებდა. მისი ლოცვით არაერთი სნეული განკურნებულა.
430 წელს ჰიპონია ვანდალებმა გადაწვეს. ერთადერთი, რაც ღვთის ნებით ცეცხლს გადაურჩა, ნეტარი ავგუსტინეს ბიბლიოთეკა იყო. კართაგენიც მალე დაეცა. ჩრდილო აფრიკის ეკლესია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ავგუსტინე იყო ჰიპონიის უკანასკნელი ეპისკოპოსი. მან საკუთარი თვალით იხილა საყვარელი ქალაქის სიკვდილი, რის შემდეგაც დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი 430 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა.
ნეტარი ავგუსტინეს კალამს ეკუთვნის მრავალი თხზულება (მისი ბიოგრაფის თქმით, მათი რაოდენობა ათას ოცდაათს აღემატება). აღსანიშნავია მისი „აღსარებანი“, „ღვთის ქალაქის შესახებ“, ჩვიდმეტი წიგნი პელაკიანელთა წინააღმდეგ, კომენტარები დაბადების წიგნისა და სხვა. იგი ცდილობდა, მისი ნაწერები ყველასათვის მისაწვდომი და სარგებლის მომტანი ყოფილიყო. „უმჯობესია გრამატიკოსებმა განგვაქიქონ, ვიდრე ჩვენი აზრები ხალხისათვის გაუგებარი იყოს“. – ამბობდა იგი.
ღირსისა თეოდორე სიკეოტისა, ანასტასიოპოლელ ეპისკოპოსისა (აღმოყ. წმ. ნაწ.) (IX)
წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე (+1389)
წმიდა მეფის, დუშანის კარზე აღზრდილი ლაზარე ჯერ სერბეთის ერთ-ერთი ოლქის მმართველად დანიშნეს, შემდეგ კი, 1372 წელს, მეფედ აკურთხეს. წმიდანი დაუცხრომლად იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისთვის, აშენებდა ტაძრებს, შეეწეოდა მონასტრებსა და საქველმოქმედო დაწესებულებებს. 1380 წელს კეთილმსახურმა მთავარმა როვანცის სავანე ააშენა. მისი შუამდგომლობით კონსტანტინეპოლის ეკლესიის წინამძღვარმა თანხმობა განაცხადა სერბეთის მთავარეპისკოპოსის პატრიარქად ცნობაზე. ლაზარეს მმართველობის 10 წლის მანძილზე მთელს ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდა. შემდეგ დაიწყო ომი თურქებთან და 1389 წლის 15 ივნისს, სულთან ბაიაზეთის ბრძანებით, წმიდა ლაზარეს თავი მოჰკვეთეს. 1391 წელს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები როვანიცას მონასტერში დაასვენეს, თურქების მიერ ამ სავანის დანგრევის შემდეგ კი, 1683 წელს, ისინი ფრუგის მთაზე, ნოვაია როვანიცას მონასტერში გადააბრძანეს.