,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
1-ლი შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
მსგეფსი ხსნილი. 29.06.2024
სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის წარგზავნა. ღირსისა მოწამისა ქაიხოსრო ქართველისა (ჩოლოყაშვილი, 1612); მოციქულისა ფორტუნატესი (I); მღვდელმოწამისა ტიგრი ხუცისა და მოწამისა ევტროპი წიგნისმკითხველისა (404); ტიხონ ამათუნტელ ეპისკოპოსისა (425).
დღის ლოცვა
ტიხონის, ამათუნტელი ეპისკოპოსის კონდაკი:
ღმრთივსულიერად ეგენ შენ უდაბნოსა შინა, წმიდაო, და ძალი ნუგეშინისმცემელისა მიერ მაღლით მოიღე დამამხობელად კერპთა საცთურსა, ხოლო ერთა ცხორებად და ეშმაკთა განმდევნელად, და სენთა და სალმობათა კურნებად; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა მეგობარსა ღმრთისასა, ტიხონ ნეტარო.
დღის საკითხავები
ლიტ.: რომ. 1: 7-12 (დას. 79, შუა). მთ. 5: 42-48 (დას. 15).
ლიტ.: რომ. 1: 7-12
7. ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 8. უპირველესად, ყოველი თქვენგანისათვის ვმადლობ ღმერთს ჩემსას იესო ქრისტეს მეოხებით, რადგანაც თქვენი რწმენა ეხარება მთელ ქვეყანას. 9. მოწმედ მყავს ღმერთი, რომელსაც ვემსახურები ჩემი სულით მისი ძის სახარებაში, რომ გამუდმებით გიგონებთ; 10. დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე. 11. რადგანაც გულით მწადია თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად, 12. ანუ, რაც იგივეა, ჩემს სანუგეშებლად, თქვენი და ჩემი საერთო რწმენით.
ლიტ.: მთ. 5: 42-48
42. მთხოვნელს მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ შეაქცევ. 43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. 44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის. 45. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც. 46. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც? 47. ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც? 48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მოციქულისა ფორტუნატესი (I)
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი (+404)
სოფ.გიორგიწმინდა, ღვთისმშობის სახელობის ტაძარი
წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი – ამათუნტელი ეპისკოპოსი (+425)
ტიხონის მამას პურის საცხობი ჰქონდა და შვილს პურის გასაყიდად აგზავნიდა ხოლმე, ის კი გლახაკებს უფასოდ აპურებდა. როცა ეს შეიტყო, მამა განრისხდა, ყრმამ კი მიუგო: „ნუთუ არ ამოგიკითხავს წმიდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ავასხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პურს ღმერთს ვაძლევ სესხად“. შემდეგ შესთავაზა, ბეღელში წასულიყვნენ და გაოცებულმა მამამ დაინახა, რომ ცარიელი სათავსო ხორბლით პირთამდე ავსებულიყო.
ერთმა მებაღემ ვენახიდან ვაზის გამხმარი ყლორტები გადმოყარა. წმიდა ტიხონმა შეაგროვა ისინი, თავის ბაღში დარგა და უფალს შესთხოვა, ტოტები ეხარებინა და მათი ნაყოფისთვის კურნების უნარი მიენიჭებინა. ღმერთმა შეისმინა ჭაბუკის ვედრება: ვაზის ლერწები განედლდა, გაიზარდა და განსაკუთრებული გემოს მქონე, საოცრად ტკბილი მტევნები გამოისხა. მათგან წმიდანის სიცოცხლეში და მისი სიკვდილის შემდეგაც საბარძიმე ღვინოს წურავდნენ.
კეთილმსახური ჭაბუკი ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხეს და მედავითნედ დაადგინეს, შემდეგ კი ამათუნტელმა მღვდელმთავარმა მემნონმა დიაკვნადაც დაასხა ხელი. მემნონის სიკვდილის შემდეგ მის კათედრაზე წმიდა ტიხონი აირჩიეს. ხიროტონია კვიპრელმა ეპისკოპოსმა ეპიფანემ (+403; ხს. 12 მაისს) აღასრულა.
წმიდა მღვდელმთავარი დაუცხრომლად იღვწოდა კვიპროსზე წარმართობის ნაშთების აღმოსაფხვრელად. მას არ ეშინოდა არავითარი მუქარისა და ახოვნად აღიარებდა ქრისტეს უსჯულოთა წინაშე. წმიდა მღვდელმთავარი საოცრად გულმოწყალეც იყო. მისი სახლის კარები მუდამ ღია იყო მნახველებისთვის.
ამათუნტის საკვირველთმოქმედი ეპისკოპოსის სული 425 წელს მშვიდობით შეივედრა უფალმა.
წმიდა მამა ქაიხოსრო ქართველი (+1612)
ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმიდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. სხვათა შორის, ის აღნიშნავს: „.და კვალად იერუსალიმით მივედით მონასტრად ქართველთასა ჯვარს და განვიცადეთ, კედელთა ზედა წმიდანი მამანი და მოწამენი საქართველოსანი ეხატნეს შარავანდითა და გვირგვინითა. ესენი.“ ჩამოთვლილია წმიდანთა სახელები და, მათ შორის „წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი, რომელიც აწამა ყეენმან შაჰ-აბაზ წმიდათა ხატთათვის, ქორონიკონსა ტ“ (1612).