,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
აღდგომიდან მე-5 შვიდეული
ოთხშაბათი. ხსნილი თევზით
წარგზავნა ერგასის განზოგების დღესასწაულისა. ღირსისა დამიანესი, მეფე-ყოფილისა დემეტრესი, გარეჯელისა, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელისა (1157); წმიდისა იოანე I-ისა, მთავარეპისკოპოსისა მცხეთისა და სრულიად ივერიისა (IV); მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV ); ღირსისა მიქაელ აღმსარებელისა, სვინადელ ეპისკოპოსისა (821): ღირსისა მოწამისა მიქაელ საბაწმიდელისა (685-705).
დღის საკითხავები
ლიტ. – საქ. 32 დას. 13: 13-24. ინ. 18 დას. 6: 5-14.
მოც. – 1 კორ. 131 დას. 4: 9-16. ლკ. 50 დას. 10: 1-15.
ლიტ. – საქ. 13: 13-24
13. პაფოსიდან წამოსული პავლე და მისი მხლებლები პამფილიის პერგეში ჩავიდნენ, იოანე კი ჩამოსცილდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა. 14. ხოლო ისინი პერგედან პისიდიის ანტიოქიას მიადგნენ, შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და დასხდნენ. 15. რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას რომ მორჩნენ, სინაგოგის წინამძღვრებმა კაცის პირით შეუთვალეს: კაცნო, ძმანო, თუ სამოძღვრო სიტყვა რამ გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით. 16. წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ! 17. ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან. 18. ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში. 19. ქანაანის მიწაზე შვიდ ხალხს გაავლო მუსრი და ისრაელს დაუმკვიდრა მათი ქვეყანა. 20. შემდგომ ამისა, თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის მანძილზე აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე. 21. მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და მეფობდა იგი ორმოც წელიწადს. 22. ხოლო მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუსვა მათ დავითი, ვისაც თავად უმოწმა სიტყვით: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად აღასრულებს ჩემს ნებას“. 23. სწორედ მისი თესლისგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო, 24. ვის მოსვლამდეც იოანე წინასწარ უქადაგებდა მთელ ხალხს ნათლისღებას სინანულისას.
ლიტ. – ინ. 6: 5-14
5. გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ? 6. ამ სიტყვებით მას სცდიდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა ექნა. 7. ფილიპემ მიუგო, ყველას რომ ცოტ-ცოტა ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფა ამათ. 8. ხოლო ერთმა მისმა მოწაფემ, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ, უთხრა: 9. აქ არის ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის? 10. იესომ ბრძანა, დაესხათ ხალხი, ხოლო იმ ადგილას ხშირი ბალახი იყო. და დასხდა რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი. 11. აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა. 12. როცა გაძღნენ, თავის მოწაფეებს უთხრა, აეკრიფათ ნარჩენები, რომ არაფერი დაკარგულიყო. 13. მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა. 14. ხოლო ხალხმა, რომელმაც იხილა იესოს მიერ ქმნილი სასწაული, თქვა: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად.
მოც. – 1 კორ. 4: 9-16
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 10. ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ – ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი, 11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ. 13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.
მოც. – ლკ. 10: 1-15
1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. 2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. 3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. 5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და – თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. 8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. 13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. 14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მარიამ კლეოპასი, მენელსაცხებლე დედა
წმიდა მიქაელ აღმსარებელი, სინაიდელი ეპისკოპოსი (821)
პატრიარქმა ტარასიმ წმიდა მიქაელს ხელი დაასხა ქალაქ სინადის ეპისკოპოსად. ის მთელი გულით შეიყვარა მისმა სამწყსომ და იმპერატორებმა ნიკიფორე I-მა (802-811) და მიხეილ I-მა (811-813). 787 წელს წმიდა მიქაელი ესწრებოდა მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებას.
შემდგომ აღსაყდრებულმა ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ სომეხმა კათედრებიდან განდევნა მართლმადიდებელი მღვდელმთავრები და მათ ადგილზე დაადგინა თავისი თანამოაზრე მწვალებლები.
ლეონ სომეხმა წმიდა ეპიკოპოსის დასჯა გადაწყვიტა, მან კი უპასუხა: „თაყვანს ვსცემ წმიდა ხატებს მაცხოვრისა ჩემისა იესო ქრისტესი და დედისა მისისა, ყოვლადწმიდა ქალწულისა და ყოველთა წმიდათა. ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, ვერ გავასვენებ ტაძრიდან წმიდა ხატებს“. ლეონ სომეხმა წმიდა მიქაელი ევდოკიაში გადაასახლა, სადაც აღესრულა 821 წელს. წმიდა მიქაელის თავი ინახება ათონის წმიდა ათანასეს ლავრაში, წმიდა ნაწილები კი – ივერთა მონასტერში.
წმიდა ღირსმოწამე მიქაელი (IX)
ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელი (+1157)
1125 წელს წმიდა დავით მეფემ სიცოცხლეშივე დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, „დაადგა გჳრგჳნი მისითა ჴელითა“ და „შეარტყა წელთა ძლიერთა მახჳლი“.
ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მეფობისას მოიხვეჭა დემეტრემ სახელი და დიდება: 1117 წელს დავითმა იგი შირვანს გაგზავნა სალაშქროდ. ახალგაზრდა სარდალმა „ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკჳრვნა“, აიღო ქალაძორის ციხე და ურიცხვი ტყვითა და ალაფით დაბრუნდა, ძლევამოსილი.
წმიდა დემეტრე მხნედ შეუდგა მამის მემკვიდრეობისა და საქართველოს საზღვრების დაცვას. დემეტრეს მეფობის დროს აღორძინდა ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაო, რომელნიც მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და ჰერეთ-კახეთი შემოიერთა, თითქმის უკაცრიელი იყო.
ძლევამოსილი მეფე დემეტრე ვერ გადაურჩა ბოროტის მანქანებას: დავითიანთა კეთილ ძირს მიმსგავსებული, ღვთივდანერგული და ცხებული მეფე შეთქმულებებისა და ღალატის მსხვერპლი გახდა. ჯერ დიდგვაროვნები აუმხედრდნენ, რომლებსაც ტახტზე მისი ნახევარძმის, ვახტანგის (ცუატას) დასმა უნდოდათ. დემეტრემ სწრაფად ჩაახშო ერთიანი საქართველოს ძლიერების საწინააღმდეგოდ მიმართული ამბოხი. შემდეგ საკუთარი ძე – დავითი აუმხედრდა მამას. საყვარელი შვილის ღალატით საოცრად გულნატკენმა კეთილმსახურმა მეფემ უმწვავესი ფორმით იგემა ამ სოფლის ამაოება, მონაზვნად აღიკვეცა დამიანეს სახელით და დავით გარეჯის უდაბნოში დაეყუდა, სამეფო ტახტი კი დავითს დაუთმო. დავითმა მხოლოდ ექვს თვეს იმეფა და გარდაიცვალა.
ქვეყნის ინტერესების დასაცავად დემეტრე ენერგიულად ჩაერია სახელმწიფო საქმეებში, კვლავ ავიდა ტახტზე და თანამმართველად თავისი შვილი გიორგი გამოაცხადა.
დავით გარეჯის უდაბნოში აღკვეცილმა მეფემ შთამომავლობას ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშები დაუტოვა. ჩვენამდე მოღწეული იამბიკოებიდან განსაკუთრებით ცნობილია შესხმა ღვთისმშობლისა – „შენ ხარ ვენახი ახლად აყვავებული, მორჩი, კეთილი ედემს შინა ნერგული, ალვა, სუნელი სამოთხეს აღმოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერვინა გჯობს ქებული, თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული“. ანტონ კათოლიკოსის თქმით, დემეტრე იყო „გამომთქმელი სტიხთა მაღალ შაირთა, რომელნიც დღესაც ჩანან აღწერილად“. იოანე ბატონიშვილი კი წერს, რომ „ის იყო მშვენიერი რიტორი, პიიტიკოსი და შემთხზველი უცხოთ შაირთა, რომელმანც მრავალნი სწავლანი გამოთქვა“.
კეთილმსახური მეფისა და წმიდა დამიანეს ფრესკა მაცხვარიშის (ლატალი) ეკლესიის მხატვრობამ შემოგვინახა.
ღრმა სულიერებისა და მტკიცე ქრისტიანული რწმენის მქონე დემეტრე-დამიანემ დაასრულა და აკურთხა დიდი დავითის დაწყებული გელათის ტაძარი. მეფეყოფილი წმიდა დამიანე გარდაიცვალა ბელტის ციხეში (+1157), დაასაფლავეს გელათის მონასტერში.