6.06. 2024. აღდგომიდან მე-5 შვიდეული. ხუთშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-5 შვიდეული 

ხუთშაბათი. ხსნილი  

ღირსისა სვიმეონ მესვეტისა, სასწაულთმოქმედისა, რომელი იყო დამკვიდრებული მთასა საკვირველსა (590-596); მოწამეთა მელეტი სტრატილატისა, სტეფანესი, იოანესი, სერაპიონ ეგვიპტელისა, კალინიკე მოგვყოფილისა, თეოდორესი, ფავსტოსი, ფისტოსი, მარკელესი, მელიტონისა, სერგისა, მარკელლონისა, ფელიქსისა, ფოტინესი, თევდორისკესი, მერკვირესი, დიდიმესი; დედათა: სოსანასი, მარკიანესი, პალადიასი; ჩვილთა: კვირიაკესი, ქრისტიანესი და მათთანა, ბევრთა და ათასთა და ორასორმოცდაათთა (11250) (218); კონსტანტინეპოლით მთაწმიდას მიცვალება წმიდათა ნაწილთა ღირსისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმიდელისათა, და დადება ლარნაკსა შინა. 

დღის ლოცვა

ღირსი სვიმეონ მესვეტის კონდაკი:
ზენასა მოსურნემან დაუტევენ ქუენანი და მსგავსად ცისა სუეტი შეიმზადე, რომლისა მიერ განათლდი სასწაულთა შარავანდედითა, ღირსო, და ყოველთა ღმერთსა ქრისტესა ევედრები დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. 

დღის საკითხავები 

საქმ. 14: 20-27 (დას. 35). ინ. 9: 39-10: 9 (დას. 35). 
ღირ. – კოლ. 258 დას. 3: 12-16. მთ. 43 დას. 11: 27-30.

საქმ. 14: 20-27 

20. მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ადგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად გაემართა დერბეს, 21. სადაც იქადაგეს სახარება, მრავალი დაიმოწაფეს და ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდენ. 22. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო. 23. ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. 24. შემდეგ პისიდია გადაიარეს და პამფილიაში ჩავიდნენ. 25. პერგეში იქადაგეს სიტყვა და ატალიას მიადგნენ. 26. იქიდან გასცურეს ანტიოქიისკენ, სადაც ღვთის მადლს იქნენ მინდობილი იმ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს. 27. ანტიოქიაში ჩასულებმა შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი.

ინ. 9: 39-10: 9 

39. იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ. 40. ეს რომ გაიგონეს, მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ? 41. უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ. 

1. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი. 2. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია. 3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. 4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას. 5. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას. 6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა. 7. კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. 8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა. 9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.

ღირ. – კოლ. 3: 12-16 

12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. 13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს. 14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა. 15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით. 16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.

ღირ. – მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე მელეტი სტრატილატი, სტეფანე, იოანე, სერაპიონ მეგვიპტელი, კალინიკე მოგვყოფილი, თეოდორე, ფავსტო, სხვანი 1218 მხედარნი დედებით და ყრმებით (+218).
რომის იმპერატორის ანტონ ჰელიოგაბალის (218-22) ზეობის ჟამს წმიდა მოწამე მელეტი გალატიის ოლქის მხედართმთავრად მსახურობდა. ის ქრისტიანი იყო და მხურვალედ ევედრებოდა უფალს წარმართული უგუნურების აღვეთას. მისი ლოცვით შეძრწუნებული ბოროტი სულები გამოვიდნენ წარმართული სამსხვერპლოებიდან, ძაღლებში შევიდნენ და გაავებული ყეფით აფრთხობდნენ მოსახლეობას. წმიდა მელეტიმ თავისი მხედრობით გაანადგურა ძაღლები და შემუსრა სამსხვერპლოები. ამისთვის წმიდანი შეიპყრეს და გალატიის მმართველ მაქსიმიანეს წარუდგინეს. მელეტის უბრძანეს კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, მაგრამ მან სასტიკი უარი განაცხადა, რისთვისაც წამებით მოკლეს. მასთან ერთად დასაჯეს წმიდა მოწამენი – სტეფანე და იოანე.
პოლკის სხვა მხედრები, რომლებმაც ქრისტიანებად გამოაცხადეს თავი, ოჯახებთან ერთად მახვილით მოწყვიდეს. წამებით მოკლეს 1218 ქრისტიანი, სხვა ცნობით – 11000 (+დაახლ. 218). წმიდა თეოდორე და ფავსტო ცეცხლით დაწვეს. წამებულთაგან ცნობილია რამდენიმე დედის სახელი: მარკინა, სოსანა, პალადია, ყრმანი: კირიაკე და ქრისტიანე. ცნობილია აგრეთვე 12 ტრიბუნის სახელი: ფავსტო, ფისტი, მარკელი, თეოდორე, მელეტი, სერგი, მარკელინი, ფელიქსი, ფოტინი, თეოდორისკო, მერკური, დიდიმი.
წმიდა მოწამე სერაპიონი ეგვიპტეში დაიბადა. ის გალატიაში იმყოფებოდა წმიდანთა მოწამეობრივი აღსასრულის ჟამს. მათი მხნეობისა და ქრისტესადმი ერთგულების მხილველმა თავადაც იწამა სახარებისეული სწავლება, რისთვისაც დაატუსაღეს და წამებით ამოხადეს სული. 
ღირსი სვიმეონ მესვეტე, რომელი იყო საკვირველსა მთასა შინა (+596) დაიბადა ანტიოქიაში 521 წელს, ღვთისმოშიში ქრისტიანების, იოანესა და მართას ოჯახში. მისი დაბადება და ღვთის სამსახურში ჩადგომა იოანე ნათლისმცემლის გამოცხადებით წინასწარ ეუწყა დედას – წმიდა მართას (ხს. 4 ივლისს). ყრმა 2 წლის იყო, როცა მონათლეს.
6 წლის სვიმეონს ანტიოქიაში მომხდარი მიწისძვრისას მამა გარდაეცვალა. ამ დროს ბავშვი ეკლესიაში იყო. ტაძრიდან გამოსულს, გზა დაებნა და ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა შეიფარა. ნეტარ მართას კვლავ წმიდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და შვილის ადგილსამყოფელი აუწყა. ამის შემდეგ წმიდა მართა წმიდა სვიმეონთან ერთად ანტიოქიის გარეუბანში დასახლდა, სადაც ყრმას რამდენჯერმე გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე და მომავალი განუცხადა.
6 წლის სვიმეონი უდაბნოში გავიდა, გარკვეული ხანი მარტოობაში გაატარა, შემდეგ კი ნათელმოსილმა ანგელოსმა განმარტოებულ მონასტერში მიიყვანა, რომლის წინამძღვარი – აბბა იოანეც სვეტზე იყო დაყუდებული. მან სიყვარულით მიიღო ყრმა.
გავიდა ხანი და წმიდა სვიმეონმა იოანეს სვეტზე ასვლის ნებართვა სთხოვა. წინამძღვრის კურთხევით მონასტრის ძმებმა შორიახლოს ახალი სვეტი ააგეს. შემდეგ აბბა იოანემ ბერად აღკვეცა 7 წლის წმიდანი და თვით აიყვანა სვეტზე. ღვთისგან განძლიერებული ნორჩი მოღვაწე სულიერად სწრაფად იზრდებოდა და მალე გაასწრო თავის გამოცდილ მოძღვარს. განსაკუთრებული ღვთისმოშიშებისთვის და ფიცხელი მოღვაწეობისთვის წმიდა სვიმეონმა ღვთისგან კურნების ნიჭი მიიღო. მალე მისი სახელი შორს გავარდა.
11 წლის სვიმეონმა უფრო მაღალ სვეტზე ასვლა გადაწყვიტა. მასთან მივიდნენ ანტიოქიისა და სელევკიის ეპისკოპოსები, დიაკვნად დაასხეს ხელი და უფლება მისცეს 40 საფეხურიან სვეტზე ასულიყო, სადაც 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.
ღირსი სვიმეონი მხურვალედ ევედრებოდა უფალს სულიწმიდის მადლის მონიჭებას. წმიდანის ლოცვა შესმენილ იქნა, მასზე სულიწმიდა გარდამოვიდა ანთებული სანთლის სახით და წმიდანი ღვთაებრივი სიბრძნით აავსო. ღირსი მამა დაუზარებლად მოძღვრავდა რჩევა-დარიგების მსურველებს, გარდა ამისა, წერდა ეპისტოლეებს სინანულზე, ბერ-მონაზვნობაზე, ქრისტეს განკაცებაზე, მომავალ სამსჯავროზე.
იოანეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა სვიმეონმა ასეთი ცხოვრების წესი დაუდგინა საკუთარ თავს: მზის ამოსვლიდან მეცხრე ჟამამდე ლოცულობდა, შემდეგ მზის ჩასვლამდე კითხულობდა წიგნებს და წერდა, ღამეს ლოცვაში ათევდა, მცირეოდენი შესვენების შემდეგ კი კვლავ თავიდან იწყებდა ლოცვას.
ღირსი სვიმეონი ღვთის მინიშნებით გადავიდა საკვირველ მთაზე, მონასტერში კი საძმოს წინამძღვრად გამოცდილი ბერი დატოვა. საკვირველ მთაზე ასულ წმიდანს კლდის ქიმზე მდგარი უფალი გამოეცხადა. სვიმეონმა მოღვაწეობა ამ გამოცხადების ადგილზე დაიწყო: ჯერ ქვაზე იდგა, შემდეგ კი იმ ადგილას აგებულ სვეტზე დაეყუდა.
ღირს სვიმეონს უფლისაგან წინასწარჭვრეტის ნიჭი მოემადლა. მან იწინასწარმეტყველა ანტიოქიის არქიეპისკოპოსის ეფრემის გარდაცვალება, აგრეთვე ეპისკოპოს დომნას ავადმყოფობა, რომელსაც უფლისგან სასჯელად მიიღებდა თავისი უმოწყალობის გამო. ღირსმა სვიმეონმა წინასწარგანჭვრიტა აგრეთვე მიწისძვრა ანტიოქიაში და ქალაქის მოსახლეობას სინანულისკენ მოუწოდა. წმიდანის მიერ განკურნებულმა ქრისტიანებმა საკვირველ მთაზე ტაძარი ააშენეს. სვიმეონმა აქ დააარსა მონასტერი, სადაც მისი ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. 560 წელს 39 წლის მოღვაწეს სელევკიის ეპისკოპოსმა დიონისემ მღვდლად დაასხა ხელი.
წმიდა სვიმეონის სულიერი შვილი იყო ღირსი იოანე ზედაზნელი. სწორედ მისი კურთხევით ჩამოვიდა საქართველოში 13 ასურელი მამა (ხს. 7 მაისს) ქრისტეს სჯულის საქადაგებლად და რწმენა-შერყეული ივერიელების განსამტკიცებლად.
75 წლის წმიდანს უფლისგან ეუწყა ხორცთაგან განსვლის მოახლოება. მან უკანასკნელად დამოძღვრა თავისი სულიერი შვილები და უფლისა მიმართ მიისვენა 596 წელს, სვეტზე გაატარა 68 წელი.