,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
აღდგომიდან მე-5 შვიდეული
პარასკევი. ხსნილი თევზით
წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის მესამედ პოვნა (850); მღვდელმოწამისა თერაპონტ კვიპრელ ეპისკოპოსისა (IV).
დღის ლოცვა
წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნა
ტროპარი: ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქვეყანასა ზედა, ქრისტემან გვიჩუენა ჩუენ თავი შენი, წინამორბედო და ნათლისმცემელო, ყოველნი უკუე პოვნასა მისსა შემოკრებულნი გალობით მაცხოვარსა ყოველთასა უგალობთ, რომელი აცხოვნებს სულთა ჩუენთა მეოხებითა შენითა.
კონდაკი: წინასწარმეტყველო ღმრთისაო და წინამორბედო მადლისაო, თავი შენი, ვითარცა ნიჭი საღმრთო, ვპოვეთ ქუეყანით და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კვალადცა, ვითარცა პირველ, ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.
სხვა კონდაკი: იროდის მიერ უსჯულოთა ბილწთა დედათათვის თავი მოგეკვეთა, წინამორბედო, ხოლო ჩუენ პატიოსანსა ამას თავის პოვნასა შენსა ვიხარებთ და გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი.
სხვა კონდაკი: ნათელ-საჩინო და საღმრთო სუეტი, სანთელი მზისა, თავი თვისი წინამორბედმან ნათელშემოსილი განცხადებულ-ჰყო კიდეთა შინა და განწმენდს სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა მისთა და ესრეთ მწოდებელთა: ნათლისმცემელო ქრისტესო ყოვლადბრძენო, გვაცხოვნენ ჩუენ ყოველნი.
დღის საკითხავები
ცისკ.: ლკ. 7: 17-30 (დას. 31).
ლიტ.: საქმ. 15: 5-34 (დას. 36). ინ. 10: 17-28 (დას. 37).
ნათლისმცემ.: 2 კორ. 4: 6-15 (დას. 176). მთ. 11: 2-15 (დას. 40).
ცისკ.: ლკ. 7: 17-30
17. და მოედო ეს ამბავი მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს. 18. ყოველივე ეს მისმა მოწაფეებმა აუწყეს იოანეს. 19. ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 20. ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 21. ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა. 22. მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ. 23. ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში. 24. ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? 25. რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან. 26. რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც. 27. ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. 28. რადგანაც გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია. 29. მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათეღ იღეს იოანეს ნათლის ცემით. 30. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.
ლიტ.: საქმ. 15: 5-34
5. მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული. 6. მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები. 7. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. 8. გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმიდა. 9. ამრიგად, რწმენით რომ გაწმინდა მათი გულები, არაფრით განვუსხვავებივართ ერთმანეთისგან. 10. მაშ, ახლა რაღად გამოსცდით ღმერთს? რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელით და ვერც ჩვენმა მამებმა? 11. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც. 12. დადუმდა მთელი კრებული; უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის. 13. როცა ისინი დადუმდნენ, იაკობმა აიღო სიტყვა და თქვა: კაცნო, ძმანო, მომისმინეთ: 14. სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით. 15. მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია: 16. „შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და აღვმართავ მას, 17. რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი და ყველა ხალხი, რომელიც იწოდება ჩემი სახელით, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი“. 18. ღმერთისთვის უკუნისიდან ცნობილია ყოველი საქმე მისი. 19. ამიტომ მე ამგვარად განვსჯი: ნუ გავუძნელებთ წარმართებს ღვთისკენ მიქცევას. 20. არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს. 21. ვინაიდან მოსეს რჯულს ყველა ქალაქში ოდითგანვე ჰყავს მოქადაგენი, ყოველ შაბათს რომ კითხულობენ მას სინაგოგებში. 22. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის. 23. თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ! 24. რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის, 25. ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, 26. რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. 27. ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით. 28. ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია: 29. ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ! 30. წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, მეკრიბეს ხალხი და წერილი გადასცეს. 31. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით. 32. ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები. 33. ერთხანს დარჩნენ იქ და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან. 34. სილამ კი იქვე დარჩენა ინება.
ლიტ.: ინ. 10: 17-28
17. იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი. 18. ვერავინ წამართმევს მას, არამედ დავდებ მას ჩემით. შემიძლია მისი დადება და შემიძლია კვლავ დაბრუნება მისი. ეს მცნება მიმიღია მამაჩემისგან. 19. ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველებს შორის. 20. ბევრი მათგანი ამბობდა: ეშმაკეულია და შმაგობს; რად უსმენთ მას? 21. სხვები კი ამბობდნენ: ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. სად შეუძლია ემშაკს თვალი აუხილოს ბრმებს? 22. ხოლო იერუსალიმში იყო განახლების დღესასწაული; ზამთარი იდგა. 23. და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან. 24. გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად. 25. მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის. 26. მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით. 27. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ. 28. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.
ნათლისმცემ.: 2 კორ. 4: 6-15
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. 9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ. 10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში. 11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში. 12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე – თქვენში. 13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.
ნათლისმცემ.: მთ. 11: 2-15
2. ხოლო იოანემ შეიტყო საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, და გამოგზავნა თავისი ორი მოწაფე. 3. რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 4. ხოლო იესომ მიუგო მათ: მიდით და უთხარით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: 5. ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლანაკნი სახარებით ხარობენ. 6. ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში. 7. ხოლო მათი წასვლის შემდეგ იესომ იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? 8. რისთვის დადიოდით უდაბნოში? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი მეფეთა დარბაზებში არიან. 9. რისთვის დადიოდით უდაბნოში? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც. 10. რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. 11. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია. 12. ვინაიდან იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას. 13. რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. 14. და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. 15. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)