8.06.2024. აღდგომიდან მე-5 შვიდეული. შაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-5 შვიდეული 

შაბათი. ხსნილი 

წარგზავნა სამარიტელის დღესასწაულისა. მოციქულთა 70-თაგანთა კარპესი და ალფესისა (I); მოწამისა გიორგი ახლისა (1515); მოწამისა ამბერკისა და ელენესი (I); ღირსისა იოანე აღმსარებელისა, ფსიხაიტისა (IX). 

დღის საკითხავები 

საქმ. 15: 35-41 (დას. 37). ინ. 10: 27-38 (დას. 38). 

საქმ. 15: 35-41 

35. ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას. 36. რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან. 37. ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი. 38. პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ. 39. ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს. 40. პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი. 41. დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.

ინ. 10: 27-38 

27. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ. 28. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ. 29. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ. 30. მე და მამა ერთი ვართ. 31. მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. 32. იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას? 33. მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი. 34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ? 35. ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია), 36. მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა? 37. თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით. 38. და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე – მასში. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა კარპეზი და ალფესი, სამოცდაათთგანნი (I). წმიდა კარპეზი იყო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი. წმიდა მოციქულთა თავი მის სახელს იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მე-2 ეპისტოლეში: კარპეზის სახლში დაუტოვებია მას ფილონი და წიგნები (2 ტიმ. 4,13). წმიდა პავლემ კარპეზს ხელი დაასხა თრაკიის ბერიის ეპისკოპოსად. მოციქული კარპეზი სახარებას ქადაგებბდა კუნძულ კრეტაზე. აქ ის ინახულა წმიდა დიონისე არეოპაგელმა (ხს. 3 ოქტომბერს). თავის მოგონებებში დიონისე გადმოგვცემს წმიდა კარპეზის ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ.
წმიდა მოციქული კარპეზი მშვიდობით აღესრულა ბერიაში (სხვა ცნობებით ის აწამეს იმპერატორ ნერონის დროს).
წმიდა ალფესი გალილეის ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. ის იყო მამა წმიდათა მოციქულთა იაკობ ალფესისა და მათესი. 
წმიდა მოწამენი ამბერკი და ელენე გადმოცემით წმიდა ალფეს მოციქულის შვილები იყვნენ. ქრისტიანობის აღსარებისთვის ამბერკი სკებთან დააბეს, სადაც ფუტკრის ნაკბენებისაგან გარდაიცვალა. მისი და, წმიდა ელენე ქვებით ჩაქოლეს. 
ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი (IX) ცხოვრობდა VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე. ის სიყრმეში აღიკვეცა ბერად ფსიხაიტის ლავრაში (კონსტანტინეპოლის გარეუბანში). წმიდა ცხოვრებისა და ფიცხელი მოღვაწეობისათვის ღირსმა მამამ ბოროტ სულთა განსხმისა და კურნების ნიჭი მიიღო. იმ დროს ხატმებრძოლობის ერესი მძვინვარებდა. წმიდა ხატთა თაყვანისმცემლებს სასტიკად დევნიდნენ. ღირსი იოანე დაიბარეს დაკითხვაზე და წმიდა ხატთა უარყოფა მოსთხოვეს. ქრისტეს მხნე აღმსარებელმა ამხილა ხატმბრძოლები და იმპერატორ ლეონ ისავრიელსაც (714-741) ერეტიკოსი უწოდა. ამისთვის წმიდანი გადაასახლეს. ხატმებრძოლთაგან დევნილი და შევიწროებული გადასახლებაში აღესრულა. 
წმიდა მოწამე ალექსანდრე დერვიში (მუსულმანი უპოვარი ბერი) თესალონიკში ცხოვრობდა, მაგრამ, ღვთის ნებით, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა. ქრისტეს აღსარებისთვის 1794 წელს ქალაქ ზმირნაში თურქებმა მას თავი მოჰკვეთეს.