9.06.2024. აღდგომიდან მე-6, ბრმის კვირიაკე. ხმა V.

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-6, ბრმის კვირიაკე. ხმა V.

ხსნილი. 9.06.2024. 

ღირსისა ბასილისა, მეფე ბაგრატ III-ის ძისა (XI); ღირსისა მიქაელ პარეხელისა (VII-IX); მღვდელმოწამისა თერაპონტი სარდიელ ეპისკოპოსისა (III); მოწამეთს თეოდორა ქალწულისა და დიდიმე მხედრისა (304); მართლისა იოანე რუსისა, აღმსარებელისა (1730). 

დღის ლოცვა

აღდგომიდან მე-6, შობიდან ბრმის კვირა

ტროპარი: თანა-დაუსაბამოსა მას სიტყუასა მამისა და ყოვლადწმინდისა სულისასა, რომელი იშვა ქალწულისაგან ცხორებად ჩუენდა, უგალობდეთ მორწმუნენო და თაყუანის-ვცემდეთ, რამეთუ სათნო იჩინა აღსვლაი ხორცითა ჯუარსა ზედა, სიკვდილი დასრთგუნა და აღადგინნა მკუდარნი დიდებულითა მით აღდგომითა თვისითა.

კონდაკი: თუალითა სულიერითა დაბრმობილი, ქრისტე ღმერთო, შენდა მოვივლტვი, ვითარცა შობითგან ბრმა ბნელსა შინა მყოფთა ნათელი ყოვლადბრწყინვალე. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-8, ინ. 20: 11-18 (დას. 64).
ლიტ.: საქმ. 16: 16-34 (დას. 38). ინ. 9: 1-38 (დას. 34). 

ცისკ.: ინ. 20: 11-18 

11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ 15. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. 13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. 14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. 16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). 17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. 18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.

ლიტ.: საქმ. 16: 16-34 

16. მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. 17. პავლეს და ჩვენ აგვედევნა და მოგვძახოდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, ხსნის გზას რომ გვაუწყებენო. 18. ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე. 19. როდესაც მისმა ბატონებმა დაინახეს, რომ მოგების იმედი გაუქარწყლდათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან, 20. რომლებსაც უთხრეს: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს; 21. გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს. 22. მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს. 23. ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი. 24. ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო. 25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ. 26. უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს. 27. გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო. 28. მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო. 29. მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას; 30. გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: ბატონებო, რა უნდა ვქნა, რომ ვცხონდე? 31. ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც. 32. და უქადაგეს ღვთის სიტყვა მასაც და მთელს მის სახლსაც. 33. ღამითვე შინ წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლა შინაურებთან ერთად. 34. მერე შინ მიიპატიჟა, სუფრა გაუწყო და მთელ თავის სახლეულთან ერთად ხარობდა, რომ იწამა ღმერთი.

ლიტ.: ინ. 9: 1-38 

1. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან. 2. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა? 3. მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშთბლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში. 4. ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას. 5. სანამდის ამ ქვეყნადა ვარ, ქვეყნის ნათელი ვარ. 6. ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას 7. და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი. 8. ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა? 9. ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა: მე ვარ. 10. მაშინ ჰკითხეს: როგორ აგეხილა თვალი? 11. მან კი მიუგო: კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი მოზილა, თვალებზე მცხო და მითხრა, სილოამს წადი და მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალი. 12. კვლავ ჰკითხეს: სად არის იგი? მან კი მიუგო: არ ვიცი. 13. და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისეველებთან. 14. შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა. 15. ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ. 16. ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის. 17. კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია. 18. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს 19. და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს? 20. მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ძეა და ბრმა დაიბადა; 21. მაგრამ ახლა როგორღა ხედავს, არ ვიცით, და არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი. თავად ჰკითხეთ, სრულწლოვანია; თავისას თვითონ იტყვის. 22. ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო. 23. ამიტომაც თქვეს მისმა მშობლებმა: სრულწლოვანია, თავად ჰკითხეთო. 24. მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია. 25. ხოლო მან მიუგო და თქვა: ცთდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ. 26. კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი? 27. მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ? 28. მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. 29. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი; ის კი, არ ვიცით, საიდან არის. 30. მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ მე კი ამიხილა თვალი. 31. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს. 32. სად გაგონილა, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადშობილისთვის? 33. ღმრთისაგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა. 34. მიუგეს მათ და უთხრეს:  მთლიანად ცოდვებში შობილი ხარ და ჩვენ გვასწავლი? და გამოაგდეს იგი. 35. იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს კაცის ძე? 36. მიუგო მან და თქვა: ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო? 37. უთხრა მას იესომ: შენ გინახავს იგი; ვინც გელაპარაკება, სწორედ ის არის. 38. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა თეოდორა ქალწული და დიდიმე მხედარი (+304) ქრისტესთვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ქალაქ ალექსანდრიაში 303 ან 304 წელს.
წმიდა ქალწულმა თეოდორამ ალექსანდრიის მმართველის ევსტრატის წინაშე თამამად აღიარა ქრისტიანობა. ევსტრატის კითხვაზე, თუ რატომ არ გათხოვდა, თეოდორამ მიუგო, რომ თავი უფალს განუკუთვნა და მისი სახელისათვის დაიმარხა ქალწულება. ევსტრატიმ წმიდანს სამი დღე მისცა მოსაფიქრებლად და დაემუქრა, რომ თუ არ შეინანებდა, საროსკიპოში ჩააგდებდა. დაკითხვაზე ხელმეორედ მიყვანილმა ქალწულმა კვლავინდებურად მტკიცედ დაიცვა თავისი რწმენა. მაშინ იგი, შეპირებისამებრ, საროსკიპოში ჩააგდეს. მხედრის სამოსით შემოსილი ქრისტიანი დიდიმე დაუბრკოლებლად შევიდა სამეძაოში, დაფანტა შეშინებული გარყვნილები და თავის ტანსაცმელ გადაცმული თეოდორა გამოაპარა. როცა მომხდარი ევსტრატის აუწყეს, მან სამსჯავროზე დაიბარა წმიდა დიდიმე. წმიდანი თამამად მოჰყვა, თუ როგორ გაათავისუფლა წმიდა აღმსარებელი. შეუპოვრობისათვის დიდიმე სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის წინ მოწამესთან მივიდა წმიდა თეოდორა და განუცხადა, რომ სურდა მასთან ერთად მიებარებინა სული უფლისათვის. ამის შემყურე ევსტრატიმ ბრძანა, ორივესთვის მოეკვეთათ თავი.
წმიდა ცხედრები ცეცხლში დაწვეს. 
მღვდელმოწამე თერაპონტე, სარდიელი ეპისკოპოსი ქრისტესთვის ეწამა III საუკუნეში. მან მრავალი წარმართი ელინი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. იულიანეს სამსჯავროზე გამოცხადებულმა მღვდელმთავარმა უშიშრად აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს და დიდხანს ტანჯავდნენ შიმშილითა და წყურვილით. ნაწამებ მღვდელმთავარს ბორკილები დაადეს და ჯერ ფრიგიის ქალაქ სინაონში, შემდეგ კი – ანკვირიაში გადაიყვანეს. ბოლოს ქრისტეს მხნე აღმსარებელს სარდეს სამიტროპოლიტოს დაქვემდებარებულ სალატიის საეპისკოპოსში ამოხადეს სული ტანჯვითა და წამებით. მოწამის სისხლით გაჟღენთილი გამხმარი პალო აყვავდა, ხოლო მისმა ფოთლებმა მაკურნებელი თვისება მიიღო. 
ღირსი მიქელ პარეხელი წარმოშობით შავშელი იყო, სოფელ ნორგიალიდან. იგი მიძნაძორს აღიკვეცა მონაზვნად და იქ მოღვაწეობდა. ცნობილია რომ ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი და ამასთანავე ქვეყნის აღორძინებისთვის მებრძოლი მამა. როცა ხანძთაში მოღვაწე ბერთა შესახებ გაიგო, იქ ჩავიდა, პარეხს დაემკვიდრა და, ღვთის მოწოდებით, კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი მოაწყო. თვითონ მარტომყოფობას ეძიებდა და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მას მრავალი მოწაფე ჰყავდა, „სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა“. უფალს სათნოეყო ნეტარი მამის მოღვაწეობა და მიჰმადლა მას ნიჭი „სასწაულთა და ნიშთა ქმედებისა“. წმიდა მიქელმა ღვთაებრივი გამოცხადებით მიიღო ბრძანება, რომ თავისი მოწაფეები, წმიდა სერაპიონი (ხს. 5(18) ოქტომბერი) და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. ისინიც ძმებთან ერთად გაემგზავრნენ სამცხეს და ზარზმაში შესანიშნავი სავანე ააგეს.
კაცთა მოდგმის უბოროტესი მტერი – ეშმაკი ხედავდა ღირსი მექელ პარეხელისა და მის მოწაფეთა განმრავლებით მოწევნულ სიკეთეს და წმიდა მამის უდაბნოდან გაძევებას ათასნაირი საცდურით ცდილობდა.
ერთხელ მამა მიქელი სენაკისაგან მოშორებით კლდის თავზე ლოცულობდა. ეშმაკმა ბერი სიმაღლიდან გადმოაგდო, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა. შეშინებულმა მიქელმა მოწაფე გაგზავნა ღირს გრიგოლ ხანძთელთან, თავისთან იხმო და აუწყა ყოველი განსაცდელი. ღირსმა გრიგოლმა ნუგეში სცა ძმას, ორი ჯვარი აღმართა მარჯვნივ და მარცხნივ და უთხრა: „ორთა ამათ ჯუართა ქრისტესთა შუა უშიშრად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. ხოლო უკუეთუ წარჰვლო, კუალად განიცადო უძჳრესად პირველისა“.
ქრისტესმიერმა ძმებმა ილოცეს და ღმერთი ადიდეს. ამის შემდეგ ნეტარმა მიქელმა სრული განსვენება მიიღო, რადგან სიმდაბლით დასცა ამპარტავანი მტერი.
ღირსი მიქელი დიდხანს მოღვაწეობდა პარეხში, აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში, დამარხეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.
წმიდა ბასილი ზარზმელის (ხს. 6(9) ოქტომბერი) გადმოცემით, ღირსი მიქელ პარეხელის ცხოვრება, მოღვაწეობა, სწავლებანი და სასწაულები მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მოწაფეებმა აღწერეს. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობები ღირსი მამის, მიქელ პარეხელის შესახებ შემონახულია გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში. 
ღირსი ბასილი იყო საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის შვილი. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმიდანმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ფლობდა მრავალ უცხო ენას და მისი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იყო.
წმიდა ბასილი მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში და იქაურ სასულიერო საგანმანათლებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. იოანე ბატონიშვილი (1768-1830) „კალმასობაში“ ასე ახასიათებს მას: „ბასილი ბაგრატიონი იყო საფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველებასა შინა ზედმიწევნილი, მთარგმნელი სხვათა ენათაგან კეთილი და რიტორ-მიმთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედა დამთხზველი, მონაზონებითა სრული და განმანათლებელი ეკლესიათა, რომელსა უწოდეს ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“.
ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ძველ ისტორიაში“ მიმოიხილავს ბაგრატ IV-ის დროინდელ საქართველოს კულტურულ ვითარებას და სხვა საეკლესიო მოღვაწეთა გვერდით მოიხსენიებს ბასილი ბაგრატის ძეს: „მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ: ბასილი ბაგრატის ძე“…
ბასილი ბაგრატის ძის შესახებ ცნობა შემოგვინახა გიორგი მცირემ გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაშიც: მიიყვანა თუ არა იაკობმა ათი წლის გიორგი ხახულში, ბიძებმა – ღირსმა მამებმა: გიორგი მწერალმა და საბამ (ხს. 19 დეკემბერს) ის ლოცვა-კურთხევის მისაღებად მიჰგვარეს ხახულის მაშინდელ წინამძღვარს, ღირს მაკარის (ხს. 21 დეკემბერს) და იქაურ მოღვაწეთ: ღმერთშემოსილ ანტონის და „დიდსა მას ბასილის, ბაგრატ მესამის ძესა, რომელი-იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისაჲ…“
შემდგომ ღირსი ბასილი ათონის სავანეში გადასულა და იქ დაუწერია „გალობანი წმიდისა მამისა ეფთჳმესნი“.
საქართველოს ეკლესიის სამკაული და განმანათლებელი ქვეყნისა ჩვენისა, წმიდა ბასილი ბაგრატიონი ათონის წმიდა მთაზე აღესრულა ივერთა მონასტერში. 
წმიდა აღმსარებელი იოანე რუსი XVII საუკუნეში დაიბადა მალოროსიაში და კეთილმსახურებით აღიზარდა. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. წმიდანი რიგით მეომრად მსახურობდა პეტრე პირველის არმიაში; რუსეთ-თურქეთის ომის დროს თათრებმა ტყვედ ჩაიგდეს და თურქების ცხენოსანთა ჯარის მეთაურს მიჰყიდეს. ამ უკანასკნელმა იოანე თავის სამშობლოში, მცირე აზიის სოფელ პროკოპიაში (თურქულად – ურკიუპში) წაიყვანა. თურქები წამებით ცდილობდნენ ტყვეების გამუსულმანებას. წმიდა იოანე უშიშრად აღიარებდა ქრისტეს. „ვერც მუქარით, ვერც სიმდიდრისა და ამქვეყნიური სიტკბოების აღთქმით ვერ შესძლებთ, რწმენა შემაცვლევინოთ. მე ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მოვკვდები“ – ამბობდა იგი. აღმსარებლის გაბედულმა სიტყვებმა და მტკიცე სარწმუნოებამ, მისმა წმიდა და მართალმა ცხოვრებამ გული მოულბო მრისხანე ბატონს. მან შეწყვიტა ტყვის ტანჯვა, ქრისტიანობის უარყოფასაც არ ითხოვდა მისგან, მხოლოდ პირუტყვის მოვლა და თავლაზე თვალყურისდევნა დაავალა.
უფლის რჩეული მთელი დღის მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ბატონს, ნახევრადშიშველი და უხამლო ზამთრის სუსხსა და ზაფხულის პაპანაქებაში გულმოდგინედ ასრულებდა ყოველგვარ ბრძანებას, რისთვისაც ხშირად ხდებოდა სხვა ტყვეების დაცინვის საგანი. ასეთი ქცევით წმიდანმა საყოველთაო სიყვარული მოიპოვა. ტყვისადმი პატივისცემითა და უსაზღვრო ნდობით გამსჭვალულმა პატრონმა ნებაზე მიუშვა იგი და იმის უფლება მისცა, რომ საცხოვრებელი ადგილი თავად შეერჩია. იოანე თავლის ერთ კუთხეში ცხოვრობდა. აქ იგი მშვიდად ეძლეოდა ხოლმე ლოცვით ღვაწლს, ამიტომაც აქაურობის დატოვება არ ისურვა. ზოგჯერ, როცა კარგად ჩამობნელდებოდა, წმიდანი გადიოდა თავლიდან, წმიდა გიორგის სახელობის ტაძარს მიაშურებდა და მის კარიბჭესთან მუხმოყრილი გულმხურვალედ ლოცულობდა. ამავე ტაძარში ეზიარებოდა იგი საღვთო დღესასწაულებზე.
იოანე, მიუხედავად სიღატაკისა, ყოველთვის ეხმარებოდა გლახაკებს და დავრდომილებს, თავის მწირ საზრდელს უყოფდა მათ.
მრავალტანჯული მოსაგრე ცხოვრების დასასრულს, ნეტარი აღმსარებელი დასნეულდა და დაუძლურდა, აღსასრულის მოახლოება იგრძნო და მღვდელს მოუწოდა. მოძღვარმა თავი აარიდა წმიდა ძღვენით თურქი მხედართუფროსის სასახლეში მისვლას, ვაშლში ჩააბრძანა წმიდა ნაწილები და ასე ფრთხილად გადასცა ისინი იოანეს. უფლის სათნომყოფელმა ადიდა ღმერთი, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სულიც აღმოხდა. წმიდა იოანე რუსი 1730 წლის 23 მაისს მიიცვალა. ბატონმა ღვთისმსახურებს მიანდო ტყვის ცხედრის გაპატიოსნება და დაკრძალვა. მათაც ქრისტიანული წესით მიაბარეს იგი მიწას.
სამი წლის შემდეგ მოძღვარმა სასწაულებრივი გამოცხადებით შეიტყო, რომ იოანეს ნაწილები უხრწნელად იყო დაცული. მოხდა მათი აღმოყვანებაც.
ნეტარ აღმსარებელს გამორჩეულ პატივს სცემენ ათონის მთაზე, განსაკუთრებით რუსულ წმიდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში.