,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
ხსნილი. 1.08.2024
ღირსისა მაკრინასი, ბასილი დიდის დისა (380); ღირსისა დიოსი (430); ღირსისა სერაფიმე საროველ სასწაულთმოქმედისა (ნაწილთა აღმოყვანება 1903); მოწამეთა მღვდელთმოძღვართა: არისტაქესი, ორანთესი, ოსკისი, გრიგორისა და დანიელისა (IV); ღირსისა ბარალამისა, რომელი მოღვაწეობდა მთასა კავკასსა, ანტიოქიაში.
დღის ლოცვა
ღირსი მაკრინეს, ბასილი დიდის დის კონდაკი:
სახიერი ღმერთი შეიყუარე ყოვლითა გულითა, ღირსო მაკრინე, და ჯუარი მისი პატიოსანი ბეჭთა შენთა ზედა იტვირთე, და შეუდეგ მას გულსმოდგინედ, ვინაცა შენდობაი ცოდვათა მოიპოვე.
დღის საკითხევები
ლიტ. – 1 კორ. 129 დას. 3: 18-23. მთ. 54 დას. 13: 36-43.
ღირ. – გალ. 208 დას. 3: 23-29. მთ. 104 დას. 25: 1-13.
ლიტ. – 1 კორ. 3: 18-23
18. ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს. 19. რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრრც წერია: „მათსავ ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ“. 20. და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ფუჭნი არიან ისინი“. 21. მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია: 22. პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი. 23. ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი – ღვთისა.
ლიტ. – მთ. 13: 36-43
36. მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი. 37. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა. 38. ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – უკეთურის ძენი. 39. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა – ქვეყნის დასასრული, და მომკალნი – ანგელოზები. 40. როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს.41. რადგან მოავლინებს ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და შეკრებენ მის სასუფეველში ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედთ. 42. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 43. მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
ღირ. – გალ. 3: 23-29
23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. 25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. 26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. 27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. 29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, – მემკვიდრენიც.
ღირ. – მთ. 25: 1-13
1. მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. 2. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი – უგუნური. 3. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. 4. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. 5. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. 6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. 7. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. 8. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება. 9. გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. 10. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. 11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. 12. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ. 13. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ღირსი მაკრინე – და ბასილი დიდისა (+380)
ღვთისმოშიშ მშობელს წმიდანი, იმდროინდელი ტრადიციის თანახმად, ძველ ბერძნულ მითოლოგიასა და პოეზიაში კი არ განუსწავლია, არამედ სოლომონის სიბრძნიდან, დავითის ფსალმუნებიდან და საღვთო წერილის სხვა წიგნებიდან ამოკრებილ ადგილებს ასწავლიდა, რომლებშიც მოცემული იყო ლოცვა-ვედრება, ქება უფლისა და ზნეობრივი სწავლებანი. ყოველ ჟამს მაკრინე შესაბამის ლოცვებს აღავლენდა გალობით, ლოცვის გარეშე არანაირ საქმეს არ იწყებდა და არ ამთავრებდა, დილა-საღამოს საეკლესიო მსახურებას ესწრებოდა, კითხულობდა საღვთო წიგნებს; მეოჯახეობა და სხვადასხვა ხელსაქმეც ჰქონდა შეთვისებული. ასე რომ, ბავშვური გართობისათვის დრო არც რჩებოდა. თორმეტი წლის იყო წმიდანი, როცა ღირსეულ ყმაწვილზე დაწინდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე საქმრო გარდაეცვალა. ამის შემდეგ ნეტარმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დაემარხა ქალწულება, თუმც მრავალი დიდებული ჭაბუკი სთხოვდა ხელს.
მამის სიკვდილის შემდეგ მაკრინე ერთგულად ამოუდგა დედას მხარში: ნუგეშს სცემდა დაქვრივებულს, უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას, უკანასკნელი მხევალივით აღასრულებდა ყოველგვარ საქმეს, ზრუნავდა და-ძმების აღზრდა-განათლებასა და ზნეობრივ სრულყოფაზე. ათენში სასწავლებლად გაგზავნილი ბასილი შინ რამდენადმე გაამაყებული დაბრუნდა, რამაც შეაშფოთა მაკრინე და გულმოდგინედ დამოძღვრა იგი; შეაგონებდა, ყოველგვარი ნიჭი და უნარი მხოლოდ უფლის სადიდებლად გვეძლევაო. დის რჩევა-დარიგებებმა ძლიერ იმოქმედა ბასილიზე, არანაკლები გავლენა იქონია წმიდანმა გრიგოლზე, რომელიც შემდეგ ნოსის ეპისკოპოსი გახდა, ასევე – ნავკრატიუსზე, რომელმაც მოსაგრე ცხოვრება იტვირთა, უდაბნოში განმარტოვდა და ადრე მიიცვალა; და ნაბოლარა პეტრეზე (შემდგომ – სებასტიელ მღვდელმთავარზე).
როცა მაკრინეს დები გათხოვდნენ, ძმები კი სამოღვაწეო სარბიელზე გამოვიდნენ, წმიდა ქალწულმა დედა ამსოფლიდან განდგომაზე დაითანხმა. ემილიამ მონა-მხევლები გაათავისუფლა, მცირეოდენი ქონება დაიტოვა და ასულთან ერთად პონტოში, მდინარე ირისეს ნაპირას, ბასილი დიდის სამოღვაწეო ადგილის სიახლოვეს მდებარე საოჯახო მამულს მიაშურა. დედა-შვილს თან გაჰყვა ზოგი მხევალთაგანი, რომელთაც მათი დატოვება არ ისურვეს, და რამდენიმე კეთილმსახური ქალი. აქ ისინი მონაზვნებად აღიკვეცნენ, კრძალულად ცხოვრობდნენ, ერთად ლოცულობდნენ, ერთად შრომობდნენ, სწავლობდნენ წმიდა წერილს, ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ერთმანეთისგან არაფრით განირჩეოდნენ და გულმოდგინედ ემორჩილებოდნენ თავიანთ წინამძღვარს.
მაკრინე მკაცრი და მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ, სხეულს განსვენების ნებას არ აძლევდა. ერთხელ წმიდანს მკერდზე დიდი ხორცმეტი გაუჩნდა, იგი თანდათან იზრდებოდა, შესაძლო იყო, გულსაც შეხებოდა, საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა; მაგრამ წმიდანმა მკურნალის წინაშე სხეულის სიშიშვლის გამოჩენას ტანჯვა არჩია. წმიდა ქალწული მხოლოდ უფლისგან ითხოვდა შეწევნას: ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და სასწაულებრივ განიკურნა.
წმიდა მაკრინეს ლოცვებით მრავალი სხვა სასწაულიც აღესრულებოდა: შიმშილობის დროს ხორბალი მრავლდებოდა, ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან მსწრაფლ იკურნებოდნენ. წმინდანს ჰქონდა დაფარულის განჭვრეტისა და წინასწარხედვის ნიჭიც.
წმიდა ემილია ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. ცხრა წლის შემდეგ კი სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვა ნეტარი მაკრინეც. სიკვდილის წინ იგი ძმამ – გრიგოლ ნოსელმა მოინახულა. დაუძლურებული ღირსი დედა იატაკზე იწვა და ძველი კონკები ეფარა. მისი გონება ზეცად იყო ამაღლებული, საოცარი მადლი მოჰყვებოდა მის ყოველ სიტყვას… გრიგოლ ნოსელი ნატრობდა, დიდხანს გაგრძელებულიყო დღე, რომ არ დასრულებულიყო ის ნეტარება, რომელსაც დასთან საუბრის დროს განიცდიდა.
ჩუმი და მშვიდი იყო მაკრინეს მიცვალება. საოცარი თავმდაბლობით აღსავსემ, უფალს შესთხოვა: „მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა, ვითარცა შენი მსასოებელი ავაზაკი მოიხსენე, შემინდე შეცოდებანი ჩემნი, საქმითნი, სიტყვითნი და გონებითნი“, პირჯვარი გადაისახა და სული უფალს შეჰვედრა (+380). უსაზღვრო იყო დების მწუხარება – ყველას დედასავით უყვარდა ნეტარი. როცა წმიდა გრიგოლმა იკითხა, ჰქონდა თუ არა მიცვალებულს ახალი ტანსაცმელი, მოწესეებმა უპასუხეს, სიკვდილის დღისთვის მას არაფერი შემოუნახავსო: „ყველაფერს გლახაკებს აძლევდა. აი, ძველი ჯვალო; აი, საკერებლებიანი ანაფორა და გაცრეცილი მანტია – სხვა არაფერი ჰქონია, მაგრამ ფრიადი განძი დაიუნჯა ცათა შინა“.
ღირსი დიოსი (+დაახლ. 430)
უფალი ჩვენებით გამოუჩნდა ნეტარს და უბრძანა, კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. დიოსი ქალაქგარეთ, ერთ უდაბურ ადგილას დამკვიდრდა. ერთხელ მან გამხმარი კვერთხი მიწაში ჩაარჭო და უფალს შესთხოვა, თუ ამ ადგილებში მისი ყოფნა სათნოეყოფოდა, ჯოხი გაენედლებინა. ღმერთმა შეისმინა ნეტარის ვედრება: კვერთხმა ფესვები გაიდგა, აღორძინდა და თანდათან იქცა უზარმაზარ მუხად, რომელიც დიოსის მიცვალების შემდეგაც დიდხანს იდგა და უფლის ყოვლისშემძლეობასა და წმიდანის ღვთივრჩეულობას მოწმობდა.
ადგილობრივმა მკვიდრებმა სიარული დაიწყეს რჩევა-დარიგებისა თუ სულიერ და ხორციელ სნეულებათა კურნების სათხოვნელად. ისიც ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს, შემოწირულობებს კი გლახაკებს, მწირებსა და დავრდომილებს უნაწილებდა.
ხმამ წმიდა დიოსის შესახებ იმპერატორ თეოდოსი უმცროსამდე (408-450) მიაღწია და იგი კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ატიკესთან (406-425) ერთად ჩავიდა წმიდანთან ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. იმპერატორმა ისურვა, რომ ნეტარი მამის მოღვაწეობის ადგილას მონასტერი მოეწყოთ და მის ასაგებად სახსრებიც გაიღო. პატრიარქმა დიოსი მღვდლად აკურთხა და იღუმენად დაადგინა. მალე წმიდანის ირგვლივ მრავალრიცხოვანი საძმო შეიკრიბა. სავანეს ჭა დასჭირდა. ბერები მას დიდხანს და უშედეგოდ თხრიდნენ. ბოლოს წმიდა იღუმენის ლოცვით მიწიდან წმიდა წყარომ ამოხეთქა და ჯურღმული პირთამდე აავსო. ერთხელ ღირსმა დიოსმა წყალში დამხრჩვალი ადამიანი ლოცვის ძალით მკვდრეთით აღადგინა… ბევრ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა უფალი თავისი რჩეულის ხელით.
ღრმა მოხუცებულობაში ნეტარი მძიმედ დაავადდა. როცა ძალები სრულიად გამოეცალა, ის გამოემშვიდობა საძმოს, ეზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს და, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე, სულის ამოხდომასღა ელოდა. უწმიდესი პატრიარქი ატიკე და კონსტანტინოპოლში სტუმრად მყოფი ანტიოქიელი მღვდელმთავარი ალექსანდრე დაკრძალვაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ მონასტერში, მაგრამ უეცრად სულთმობრძავი მხნედ წამოდგა და განაცხადა, რომ უფალმა კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლე უბოძა.
წმიდა დიოსმა, მართლაც, კიდევ თხუთმეტი წელი იცოცხლა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მას საკურთხეველში ნათელმოსილი ჭაბუკი წარმოუდგა სამღვდელო სამოსლით და აღსასრულის მოახლოება ამცნო. ღირსი დიოსი თავისსავე მონასტერში დაკრძალეს (+დაახლ. 430 წელს).