,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
მარხვა. 10.07.2024
ღირსისა გიორგი მთაწმიდელისა (1066); მღვდელმოწამისა კირიონ II-ისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (1918); ღირსისა სამსონ უცხოთშემწყნარებელისა (530); მართლისა იოანა მენელსაცხებლისა (I); ღირსისა სევეროს ხუცისა (VI).
დღის ლოცვა
ათთორმეტთა მზეთა შორის მნათობთა მათ სოფლისათა, ვითარცა მთიები ბრწყინავ სანთლითა ღმრთისმეტყუელებისათა, ბრძენო გიორგო, რამეთუ ადიდა მიცვალებაი შენი დღესასწაულსა თვისთა მეგობართასა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, რომელთა თანა გადიდებთ, მეოხ გუეყავ ჩუენ.
დღის საკითხავები
ცისკ.: ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტ.: რომ. 8: 2-13 (დას. 96). მთ. 10: 16-22 (დას. 36).
ღირ: 1 კორ. 12: 7-18 (დას. 151). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ცისკ.: ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
ლიტ.: რომ. 8: 2-13
2. რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე. 3. რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის. 4. და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ – სულიერად. 5. რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი – სულისას. 6. ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი – სიცოცხლე და მშვიდობა. 7. იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს. 8. ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს. 9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ – სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი. 10. ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია სიმართლისათვის. 11. და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში. 12. ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. 13. რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით.
ლიტ.: მთ. 10: 16-22
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
ღირ: 1 კორ. 12: 7-18
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა. 8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით; 9. ზოგს – რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს – ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით; 10. ვის – სასწაულთმოქმედება, ვის – წინასწარმეტყველება, ვის – სულთა გარჩევა, ვის – სხვადასხვა ენა, ვის კიდევ – განმარტება სხვადასხვა ენის. 11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს. 12. ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც. 13. რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი. 14. ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ – მრავალი. 15. და ფეხმა რომ თქვას: რაკი ხელი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? 16. ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? 17. მთელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური? ანდა მთლიანად რომ ყური იყოს, სადღა იქნება ყნოსვა? 18. ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება.
ღირ: მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ღირსი გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება და მოღვაწეობა
ისტორიული მიმოხილვა
(მეფე ბაგრატ IV)
1009 წელს, თრიალეთში, დაიბადა ათონურ-ქართული სარწმუნოებრივი და ლიტერატურული სკოლის კიდევ ერთი მნათობი – გიორგი II მთაწმინდელი. გიორგის მამა, იაკობი წარმომავლობით სამცხელი იყო და ჭაბუკობითვე მსახურობდა საქართველოს მეფის, გიორგი პირველის კარზე. ერთ დღეს მეფემ სპარსეთს წარგზავნა. სამხრეთით მიმავალი იაკობი თრიალეთში, ერთ ოჯახში ჩამომხდარა ღამის სათევად. სათნო ცოლ-ქმარს ერთადერთი ასული ჰყავდათ, სახელად მარიამი იაკობმა „იხილა რაჲ შუენიერებაჲ მარიამისი, ნარნარი იგი და დაწყნარებული ქცევაჲ მისი და განკრძალული სახე“ – სთხოვა დედას და მამას მარიამისას: შემინახეთ შვილი თქვენი კეთილად და, უკეთუ დავბრუნდე მე მშვიდობით, მწადია ვიქორწინო მასზე ქორწინებითა წმიდითა და დავემკვიდრო თქვენთანვე საცხოვრისადო. ქალის მშობლები დათანხმდნენ. იაკობი სპარსეთს წავიდა, იქიდანაც მშვიდობით დაბრუნდა, თრიალეთს ჩავიდა, მარიამზე ჯვარი დაიწერა და იქვე დარჩა საცხოვრებლად. ნეტარმა მეუღლეებმა აღთქმა დადეს, რომ პირველ შვილს ღმერთს შეწირავდნენ და როდესაც ასული შეეძინათ, თეკლა დაარქვეს და შვიდი წლისა „ტაძრისად“ წოდებულ სამცხის დედათა მონასტერში, ღმრთისმოშიშებით და სიბრძნით განთქმულ წინამძღვარს საბიანეს (ხს. 31/12) ჩააბარეს. მან კი, როგორც საკუთარი შვილი ისე აღზარდა. შემდეგ შეეძინათ ვაჟი, თეოდორე, და უფალს აღუთქვეს, რომ თუ კვლავ ვაჟი შეეძინებოდათ, ღმერთს შესწირავდნენ. ერთ ღამეს იაკობის მეუღლეს, მარიამს ეჩვენა ბრწყინვალე და დიდებული კაცი, რომელმაც აუწყა: „აჰა, ესერა, შვე ყრმაჲ წული, ვერძი რჩეული ღმრთისაჲ, შესწირე იგი მისსა, რომლისადა აღგითქვამს და სახელი უწოდე მას გიორგი“ (ბერძნულად მიწისმოქმედს, მუშაკს ნიშნავს). მარიამმა აუწყა იაკობს რაც იხილა და ორივე შიშითა და სიხარულით მოელოდა აღთქმის აღსრულებას. 1009 წ. იშვა ღმრთის მიერ აღთქმული და სული წმიდის ნიჭებით განბრძნობილი გიორგი, რომელიც სიყრმიდანვე აღსავსე იყო უფლის შიშითა და სიყვარულით. შვიდი წლის გიორგიც ტაძრისის მონასტერში მიიყვანეს დედა საბიანესთან, სადაც სამი წელი დაჰყო. ბავშვის ანგელოზებრივი ცხოვრება, თვალსაჩინო მიზიდულობა ლოცვისა, მარხულობისა და სულიერი მოღვაწეობისადმი, ამასთან იშვიათი სიმკვირცხლე გონებისა ყველას აკვირვებდა.
უფალი ყრმობიდანვე შეეწეოდა გიორგის და იცავდა მას. ჯერ კიდევ მშობლებთან ყოფნისას, როცა პატარა გიორგი დიდი მდინარის (ქცია – ეხლანდელი ხრამი) ნაპირზე იმყოფებოდა, მეორე ნაპირზე იხილა „ყრმა, შემოსილი ცეცხლის ფერითა“, რომელიც უხმობდა სამღერლად. გიორგი მისკენ გაემართა, უცაბედად სხვა „სპეტაკი სამოსით“ შემოსილი ყრმა გამოჩნდა და შეაჩერა, „იყავ აქა ჩემთანა, რამეთუ მე უმჯობესი მოყუარე ვარ შენი“, მეორე ნაპირზე ბოროტი ეშმაკი იმყოფებოდა და გიორგის მდინარეში დახრჩობა ეწადა. სპეტაკი სამოსით მოსილი, უფლის ანგელოზი იყო, რომელიც დაბადებიდან დაუდგინა მას უფალმა მცველად და მფარველად. ერთხელ, როდესაც ყრმა გიორგი მონასტერში იმყოფებოდა და ტკბილად ეძინა, მონასტერს ცეცხლი გაუჩნდა. კვლავ გამოჩნდა „სპეტაკით მოსილი“, გააღვიძა, ხოლო ჩაჰკიდა, ცეცხლიდან უვნებლად გამოიყვანა და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველოში მიიყვანა, თვითონ კი თვალს მიეფარა.
ათი წლის გიორგი მამამ დავით კურაპალატის მიერ ტაო-კლარჯეთში, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელზე აგებულ დიდებულ მონასტერში – ხახულში (განადგურდა XVII ს-ში მაჰმადიანთა მიერ) მოღვაწე თავის უფროს ძმებს, ღირს გიორგი მწერალს (გიორგის „მწერალს“ იმიტომ ეძახდნენ, რომ ადრე მწერალთ-გამგებლად მსახურობდა მეფე დავით კურაპალატის კარზე) და წრფელსა და უმანკო საბა ხახულელს (ხს. 19/12) ჩააბარა აღსაზრდელად. ბიძებმა ყოველგვარი სიკეთით შემკული ძმისწული მონასტრის წინამძღვარს, მოღვაწეობითა და სიწმინდით განთქმულ ღირს მამას, მაკარი მმარხველს (ხს. 21/12) მიჰგვარეს. გაიხარა ღმრთისაგან მომავლის განჭვრეტით დაჯილდოებულმა ბერმა ყრმა გიორგის ხილვით და „სულისა თჳსისა შჳლად უწოდა“. ამ დროს ხახულში მოღვაწეობდნენ „ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“ ცნობილი მამა ბასილი (ხს. 27/5) – ძე ბაგრატ III-ისა „რომელი-იგი მას ჟამსა შინა იყო განმანათლებელი და მოძღვარი ქვეყანისა ჩვენისა“ (ექვთიმე ათონელის სიცოცხლის მიწურულს ან მისი გარდაცვალების ახლო ხანებში მამა ბასილი ივირონში გადასულა), ილარიონ თვალელი, (ხს. 21/7) რომლის სათნოებისა და მოღვაწეობის აღრაცხვა შეუძლებელია „სიბრძნის-მოყვარებასა შინა სრული, სათნოებისა სარკე და მმარხველთა კანონი“ (ილარიონი ადრე თვალის მონასტერში მოღვაწეობდა. ანტიოქიის ახლოს. მერე იქიდან წამოსულა, და „თვალოელის“ სახელით, ხახულის სავანეში დავანებულა), ღირსი ანტონი მნათე, ღმერთშემოსი-ლი, „ღმრთისმეტყველი და მთარგმნელი წერილთა“ და სხვანი, რომელთა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა ყრმა გიორგიზე. მამებმა იმსჯელეს და გიორგი ილარიონ თვალო-ელს შეჰვედრეს სამოწაფოდ. შეიწყნარა „უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოძღვრებათა შინა განთქმულმა“ ილარიონმა თანამოღვაწე სამღვდელოთა თხოვნა და მიიღო გიორგი მოწაფედ და შვილად თვისად. მანაც ყველა გააკვირვა თავისი გონიერებითა და სიბეჯითით, „საგალობე-ლნი იგი საწელიწადონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი, ყოველივე მეყვსეულად ზეპირად დაისწავლნა“.
ამ დროს დაბა ტვარწატაფში ცხოვრობდა დიდებული ფერის ჯოჯიკისძე, რომელსაც ცოლად ჰყოლია ბაგრატ მესამის შვილი, „დაჲ ზემოხსენებული ბასილი მოღვაწისა და გიორგი პირველისა“. ცოლ-ქმარს განუზრახავთ გონიერი და სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერის მიპატიჟება სასწავლებლად, უწესოების დამაყენებლად და სულიერი და ხორციელი ცხოვრების საქმეთა განსაგებელად. მათი არჩევანი ხახულის მოღვაწე გიორგი მწერალზე შეჩერებულა. გიორგის წინადადება მიუღია და გადასახლებულა ფერისის ოჯახში, სადაც პატარა გიორგიც მიუყვანია, როგორც კარგი მკითხველი და კანანახი (გალობის დამწყები). ყრმის სიკეთით განცვიფრებულმა ფერისის მეუღლემ, რომელიც იყო ასული ბაგრატ III-ისა და „დაჲ ხახულში მოღვაწე მამა ბასილისა და მეფე გიორგი I-ისა… საღმრთომან მან დედაკაცმან შჳლად თჳსად“ აღიარა იგი. ერთი წლის შემდეგ კეისარმა ბასილ II-მ მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ფერისსაც დასდო ბრალი (თრიალეთი და დავით კურაპალატის სამფლობელოთა დიდი ნაწილი 1001 წლიდან ბიზანტიის ხელში იყო და ფერისიც ბიზანტიის სამეფო კარს ემსახურებოდა) კონსტანტინოპოლში დაიბარა და თავი მოჰკვეთა. ფერისის მეუღლე 12 წელი დატოვეს კონსტან-ტინოპოლში.
ღმრთისმოყვარე დედაკაცმა და გიორგი მწერალმა პატარა გიორგი „სასწავლოდ მისცეს კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორთავე ცხოვრებითა შემკობილთა, არა ერისკაცთა, არამედ მონაზონთა“.
ღმრთივგანბრძნობილმა ჭაბუკმა ნიჭიერებით და გამჭრიახობით განსაკუთრებით ბერძნები გაა-კვირვა. მან ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა, ფილოსოფია, ღმრთისმეტყველება და სხვა საგნები, რითაც შემდეგში დიდი ღვაწლი დასდო ქართული სასულიერო მწერლობის წარმატებას. 12 წლის შემდეგ კეისრის ბრძანებით ფერისის ქვრივი, მთელი თავისი ამალით სამშობლოში, დაბა ტვარწაფტს დაბრუნდა. გიორგი მწერალი იქვე დარჩა და თავისთან მიიწვია თავისი ძმა, გიორგის მამა, იაკობი, რადგან მისი მეუღლე გარდაცვლილი იყო; ხოლო ახალგაზრდა გიორგი წავიდა ისევ ხახულს, თავის მეორე ბიძა საბასთან და 1034 წელს, 25 წლისა ღირსი ილარიონ თვალელის მიერ ბერად აღიკვეცა ე.ი. იკურთხა მცირე სქემა ბერობისა. ორი წლის შემდეგ, წმინდა ადგილების მოლოცვისა და უცხოეთში მოღვაწეობის სურვილით მან ფარულად დატოვა ხახულის მონასტერი და ასურეთისკენ გაემართა. მამა მაკარიმ და ხახულის მონასტრის კრებულმა შეიტყვეს მისი გაუჩინარების ამბავი, ძებნა დაუწყეს და ყველა გზა გადაკეტეს. ჭაბუკი მიხვდა, რომ შეიპყრობდნენ და ათანასე დიდის მსგავსად, ხერხი იხმარა: თავისი ძვირფასი შესა-მოსელი ერთ გლახაკს დაბებკულ ტანსაცმელში გაუცვალა. გზაში მან ერთი წინამძღვრისაგან მიტოვებული, დამწუხრებული კაცი იხილა და ისიც თან წაიყვანა. ღამემ ტყეში მოუსწროთ, საშინელ თავსხმა წვიმაში და ჭექა ქუხილში, გიორგის თანამგზავრი ეშმაკმა შვიდჯერ დაანარცხა ძირს. საბრალოს პირიდან დუჟი გადმოსდიოდა, კბილებს აღრჭენდა და გაჰკიოდა, მაგრამ სულით უშიშარი და გონებით ახოვანი გიორგი კი არ შეძრწუნდა, არამედ მთელი ღამე ევედრებოდა უფალს მის განკურნებას. უფალმა შეისმინა მისი ლოცვა და ეშმაკეული კაცი სრულიად განკურნა, რის შემდეგაც გიორგიმ მისი სურვილისამებრ ერთ-ერთ მონასტერში მიიყვანა და წინამძღვარს ჩააბარა, თვითონ კი დიდი გაჭირვებით მიაღწია ანტიოქიას (სირიას ანუ ქვეყანასა ასურისტანისასა) და შავ მთას მიაშურა [ანტიოქია (ანტიკია, ამჟამად თურქეთის ერთ-ერთი ვილიეთის ადმინისტრაციული ცენტრი) თავისი მწიგნობრულ-ლიტერატურული ტრადიციებითა და ახლომახლო (განსაკუთრებით კი შავ ან საკვირველ მთაზე) გაშენებული მრავლი სავანით ძლიერ იზიდავდა ქრისტიანებს. განსაკუთრებით ბევრი ქართველი დასახლდა შავი მთის მონასტრებში. ქართველთა სამონასტრო კოლონიზაცია შავ ან საკვირველ მთაზე განსაკუთრებული ძალით გაჩაღდა XI ს-ის 30-იანი წლებიდან, როდესაც იქ დასახლდა ბევრი მოღვაწე სამხრეთ საქართველოდან (შატბერდიდან, ოშკიდან, და ა. შ.). მომდევნო წლებში ქართველები ძალიან მომრავლდნენ შავი მთის სავანეებში – სვიმონის ლავრაში (სვიმონწმინდაში), რომანწმიდაში, პროკოპიწმიდაში, წყაროთა მონასტერში, ბარლაამწმიდაში, ლერწმისხევში, ეზრას მონასტერში, თვალთაში, კალიპოსში, კასტანაში, თომას, გიორგისა და ალექსანდრიის მონასტრებში], და პირველად თაყვანის-სცა წმ. სვიმონ მესვეტის (521-596 წ.წ; ხს.24/V.) და მისი დედის ნეტარი მართას (ხს. 4/VII) წმ. ნაწილებს, ხოლო შემდეგ ყველა მონასტერი მოილოცა და ბერებისაგან კურთხევა მიიღო. ამის შემდეგ გიორგიმ დაიწყო სულიერი მოძღვრის მოძიება, რადგან კარგად უწყოდა, რომ „თჳნიერ მოძღურისა არა არს ცხორებაჲ სულისაჲ და წარმართებაჲ მონაზონებისაჲ“, და შავ მთაზე, სვიმონ საკვირველთმოქმედის მონასტერთან იპოვა კლდის ნაპრალში განმარტოებულად მცხოვრები ქართველი ბერი, როგორც უბიწო გვრიტი და უმანკო მტრედი, „კაცი ზეცისაჲ და ანგელოსი ქვეყანისაჲ“ ხორციელი ზრუნვისაგან განშორებული გიორგი ღმერთშემოსილი ანუ დაყუდებული და მას დაემოწაფა. გიორგი მოძღვრის კურთხევით რომანაწმინდს მონასტერში დამკვიდრდა და დიდი შრომითა და მოღვაწეობით, მარხვით, ლოცვით, მღვიძარებით, სიმდაბლითა და მორჩილებით დაჰყო მონასტერში 3 წელი (1036-1039წ.წ.).
ექვთიმე მთაწმინდელის დაწყებულ დიდ საქმეს გაგრძელება და ბოლომდე მოყვანა რომ სჭირდებოდა, ამას იმდროინდელი ქართველი სასულიერო მოღვაწენიც კარგად გრძნობდნენ. გიორგი დაყუდებულიც მჴურვალედ ლოცულობდა, „რაჲთამცა კუალად გამო-ვინმე-აჩინა მოწყალებამან ღმრთისამან ნათესავსა შორის ჩუენსა კაცი, რომელმანცა სრულყო ნაკლულევანე-ბაჲ ერისა ჩუენისაჲ, რომელი იგი წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმისაგან დაშთომილ იყო“. მლოცველი ბერის ვედრება უფალმა შეისმინა და ამგვარი მოღვაწე სწორედ მის მოწაფეთა შორის გამოაჩინა.
გიორგი დაყუდებულმა შეამჩნია მისი სულიერი ნიჭები და ბერძნული ენის ცოდნა, „ჰასაკით, სიბრძნითა და გონიერებით“ სრულქმნილი გიორგი 30 წლისა რომ შესრულდა, დიდი სქემით შემოსა და წმინდა ადგილების მოსალოცად იერუსალიმში წარგზავნა.
დიდი სასოებითა და საღმრთო კრძალულებით მოილოცა გიორგიმ წმინდა ადგილები, რომელზეც ჩვენი მაცხოვარი, იესო ქრისტე დადიოდა და შემდეგ ისევ რომანაწმინდაში დაბრუნდა, თუმცა უკან დაბრუნებულს მოძღვარმა ათონის მთაზე, ივერიის მონასტერში წასვლა, იქ მღვდლად კურთხევა და „თარგმანებაჲ წიგნთა საღმრთოთა ბერძულისგან ქართულად“ უბრძანა (თუმცა ცნობილია მის მიერ უშუალოდ სვიმონწმინდაში თარგმნილი პარაკლიტონიც). თავმდაბალი გიორგი წინააღმდეგი იყო ამისი, ვინაიდან თავის თავს ღირსად არ თვლიდა ამ წმინდა საქმისათვის „შეუძლებელ არს ესე ჩემგანო, და ესევითართა განღმრთობილთა კაცთა შვენის, ვითარცა იყო წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმი“ – შეჰკადრა მოძღვარს. „შჳლო, რომელმან იგი წმიდაჲ სიკუდილისაგან იჴსნა და ქართული ენა განუმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყუარს ნათესავი ჩუენი. და თჳთ მას წმიდასა მამასა ეფთჳმეს ვევედრნეთ, რაჲთა შეგეწიოს“ – დაამშვიდა მოძღვარმა. გიორგი ივირონს წარემართა და გზად ერთ დიდ მდინარეს მიადგა, წყალში შევიდა და გაჩერდა, ვერც წინ მიდიოდა და ვერც უკან, უეცრად გამოჩნდა თეთრ ცხენზე ამხედრებული მშვენიერი ჭაბუკი, მიუახლოვდა და უთხრა: „შემოვედ ნუ გეშინინ“, ხელი გაუწოდა და ნაპირზე გადაიყვანა, თვითონ კი გაუჩინარდა. „რომელმაც წყალში სიკჳდილისაგან მიხსნა, დიდებული მთავარმოწამე გიორგი იყოო“ – ამბობდა იგი. 1040 წელს მან მშვიდობით მიაღწია წმინდა მთას, სადაც ამ დროს გაჩაღებული იყო ლიტერატურული საქმიანობა, თაყვანის-სცა ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატს, მადლობა შესწირა, და ექვთიმეს საფლავს მიეახლა. ათონელმა ქართველებმა სიხარულით და პატივისცემით მიიღეს გიორგი, მაგრამ მან პატივს უპატიობა არჩია და რამდენიმე წლის განმავლობაში მონასტრის ყველაზე მძიმე საქმეები იტვირთა, „ვითარცა კაცმან ლიტონმან და უსწავლელმან“. იგი ყოველთვის თავდახრილი დადიოდა და საჭიროების გარდა არავის შეხედავდა, მისი სულიერი თვალი კი მარადის უფლის უხილავ დიდებას ხედავდა. ასე მოღვაწე-ობდა ორი წელი, მაგრამ გიორგი დაყუდებულმა შეიტყო, რომ მას არც მღვდლობის პატივი ჰქონდა მიღებული და არც წიგნების თარგმნა ჰქონდა დაწყებული, შეწუხდა და გაგზავნა ათონზე თავისი მოწაფე თეოდორე და „დიდი მდურვა მოუმცნო გიორგის არღა აღსრულებისათჳს ნებისა მისისა“. გიორგიმ პატიება სთხოვა მოძღვარს და შიშით და მოწიწებით მიიღო მღვდლობის პატივი. სულ ცოტა ხანში დეკანოზადაც განაწესეს (1042 წ.), „უხუცესად მღდელთა და მგალობელთა“. დაჰყო-რა დეკანოზის ხარისხში მცირე ხანს, შეეშინდა თავისი მოძღვრის კურთხევის შეუსრულებლობა, და როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, რომელმაც დაიწყო უფლის ეკლესიის მშენებლობა და კეთილი საფუძველი დადო, პირველად „დიდი სვინაქსარი“ თარგმნა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ეკლესიის საქმეების წარმართვა, შემდეგ კი გამოიკი-თხა და გამოიძია იოანეს, ექვთიმეს, იოანე-თორნიკყოფილისა და სხვა წმინდა ბერთა ცხოვრე-ბანი, თუ როგორ ააშენეს მათ მონასტერი, აღსწერა ყოველივე და შეადგინა „იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება“ (1042-1044 წ.წ.). ეს ნაწარმოები სამი ნაწილისაგან შედგება: პირველში მო-თხრობილია იოანესა და თორნიკეს მიერ „ივერის დაარსების“ ამბავი, მეორეში – ექვთიმეს ბავშვობა, აღზრდა და მოღვაწეობა – ლიტერატურული და ადმინისტრაციული, მესამეში – ივირონის ისტორია ექვთიმეს მომდევნო პირების წინამძღვრობისა, ავტორის, გიორგის მამასახლისობამდე. იგი სამართლიანად შენიშნავს: „ჩუენ თავით თჳსით არარაჲ აგვიწერია“-ო. სამივე ნაწილი დამყარებულია უმთავრესად წერილობით მასალებზე, მოკლე თუ ვრცელ სამონა-სტრო ჩანაწერებზე, რომელნიც ათონის ქართველებს, ჩანს, თავიდანვე უწარმოებიათ. მომაკვდავი იოანეს ანდერძი კი ავტორს მთლიანად მოყვანილი აქვს. ეს ნაწარმოები მარტო ათონელი მამების ბიოგრაფიას როდი წარმოადგენს, მასში უხვადაა მოტანილი ცნობები საქართველოსა და ბიზანტიის ისტორიიდან. ამავე დროს მის შექმნას სხვა დანიშნულებაც ჰქონდა. ივირონის საძმოს მონასტრის დაარსებიდანვე უხდებოდა ბერძენ ბერთა მოძალების წინააღმდეგ მძაფრი ბრძოლის გადატანა, რაც ხშირად მონასტერს დიდ სიძნელეებს უქმნიდა. გიორგიმ თავისი შრომით მონასტრის ქართველთადმი კუთვნილების კანონიერების, მის დამაარსებელთა ბიზანტიის ხელისუფლებისა და ათონის სავანეთა წინაშე დიდი ღვაწლისა და დამსახურების დამტკიცება მოახდინა.
მამა გიორგიმ თავისივე ხარჯით თარგმნა საწელიწადო გამოკრებული სახარება, საწელიწადო გამოკრებული პავლეს ეპისტოლენი, საწელიწადო საწინასწარმეტყველო, დიდი კურთხევანი, იოანე ოქროპირის თარგმანება დაბადებისა ანუ აბრაჰამის ცხოვრება, პავლეს ეპისტოლენი და მოციქულთა ეპისტოლენი. მან მთელი თავისი ძალისხმევა ჩააქსოვა სახარებისა და წმ. მოციქულების ეპისტოლეების თარგმნას, თუმცა ახალი აღთქმა თარგმნილი იყო V ს-ში დავითისა და სტეფანოზის მიერ იერუსალიმში, მაგრამ სომხებისაგან და სხვა გადამწერებისაგან ძალიან შერყვნილიყო, რის გამოც საღმრთო წერილის აზრი შეცვლილი იყო. გიორგიმ ქართულ ენაზე თარგმნა ჯერ კიდევ არარსებული წიგნები, უკვე ნათარგმნი და დრო-ჟამისაგან განრყვნილი კი გაწმინდა და გაასწორა. წმ. ექვთიმეს მიერ დაწყებული და დაუსრულებელი წიგნები ვრცლად და სრულიად თარგმნა, ზოგიც ბერძნულს შეადარა და გაასწორა. მას უყურადღებოდ არ დაუტო-ვებია საეკლესიო მწერლობის არც ერთი დარგი: ბიბლიოლოგია, ეგზეგეტიკა, დოგმატიკა და პოლემიკა, ლიტურგიკა, პომილეტიკა, ასკეტიკა, აგიოგრაფია, საეკლესიო სამართალი და აპოკრიფები. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ლიტურგიკულ პრაქტიკას და ყველაზე მეტი ამ დარგში იღვაწა: უპირველეს ყოვლისა თარგმნა „თვენი ათთორმეტნივე სრულიად ღმრთივბრწყინვალედ“. თვენის შედგენას გიორგიმ უზარმაზარი შრომა შეალია. ტექსტის ძირითადი ნაწილი ბერძნულიდან თარგმნა, ამა თუ იმ წმინდანის ან დღესასწაულის სახელობაზე მრავალ ბიზანტიელ ჰიმნოგრაფს ჰქონდა შექმნილი საგალობლები, მან კი შეძლებისდაგვარად თავი მოუყარა ყველა ავტორის საგალობელს. კრებულში აგრეთვე შეტანილია ორიგინალური ქართული ნაწარმოებებიც. ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების სხვადასხვა ასპექტით განხილვისა და ადრეულ ქართულ ჰიმნოგრაფიულ კრებულებთან (იადგარებთან) შეჯერების საფუძველზე გიორგი მთაწმინდელა, რომელიც სარგებლობდა სხვადასხვა წარმომავლობისა და შედგენილობის ბერძნული წყაროებით, მეორე მხრივ, სინურ-იერუსალიმური ტრადიციის ქართული კრებულებით, შექმნა თორმეტი თვის საგალობელთა კრებული, თვენი, რომლის მსგავსი, მისივე სიტყვებით, სისრულითა და მონუმენტურობით თვით საბერძნეთის ეკლესიაშიც არ იპოვებაო.
მამა გიორგისაც, ისევე, როგორც მამა ექვთიმეს, „უფროჲსნი წიგნნი ღამით უთარგმნია“ და ისე შეუსვენებლად თარგმნიდა, რომ „არა სცემდა განსვენებასა თავსა თჳსსა, არამედ დღე და ღამე ტკბილსა მას თაფლსა – წიგნსა საღმრთოსა შურებოდა, რომელთა მიერ დაატკბო ენაჲ ჩვენი და წმიდანი ეკლესიანი“. მან თავის წიგნებს ანდერძად დაუდო: „ვინცა ვინ დასწერდეთ, ვითა აქა ჰპოვოთ, ეგრეთ შეუცვალებელად დასწერეთ, ნუცა ჩაურთავთ, ნუცა დააკლებთ, ჩუენ, რომელი ჯერ იყო, ჩაგვირთავს, და რომელი არა ჯერ იყო, დაგვიკლია, ვითა ჩუენ ენას მოვიდოდა“. საქართველოს ეკლესია დაეთანხმა ბრძენი მთარგმნელის ანდერძს და ამით მოსპო ყველა უთანხმოება და გაუგებრობა, რასაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირებისაგან ნათარგმნი საღმრთო წერილის გამოყენება იწვევდა.
მამა გიორგი თარგმნიდა თუ არა წიგნს, მის გადაწერას მაშინვე შეუდგებოდნენ საზღვარგარეთის ქართულ სამონასტრო-საეკლესიო ცენტრებში, ხოლო შემდეგ საქართველოში აგზავნიდნენ. გარდა თარგმანებისა გიორგის შექმნილი ჰქონდა ჰიმნები, ანუ საგალობლები ექვთი-მე ათონელისა და იოდასაფ ინდოელისა, რომლებიც შესულია მის მიერ შედგენილ თვენში. იგი პოეტიც იყო და საგალობლებს არა მარტო საოცარი ოსტატობით თარგმნიდა, რისი დამა-დასტურებელი არის იოანე დამასკელის ქრისტეშობის იამბიკური გალობანი, არამედ საკუთარი იამბიკოებიც ჰქონდა დაწერილი. მცირე ხნის შემდეგ მონასტრის საძმომ წინამძღვრობის მაღალ საფეხურზე აიყვანა, თავიდან იგი წინ აღუდგა საძმოს სურვილს, მაგრამ მიხვდა, რომ უფლის ნება ასეთი იყო, და მიიღო მწყემსობის კვერთხი (1044 წ.). ამიერიდან მამა გიორგი ყველასთვის მოღვაწეობის მაგალითად იქცა.
X-XI ს.ს-ში განსაკუთრებით გაძლიერდა ინტერესი საკუთარი წარმოშობისა და ისტორიის შესწავლა-შეცნობისა. ეროვნული თვითშემეცნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა ქართულმა ეკლესიამ. X ს-ში სწორედ მის წიაღში ჩამოყალიბდა ეროვნული იდეოლოგია, რომელიც მამულის, ენისა და სარწმუნოების მსახურებას გულისხმობდა. ერის სულიერი დონის ამაღლებაში განსაკუთრებული წვლილი უცხოეთში დაარსებულმა ქართულმა მონასტრებმა და იქ მოღვაწე თავდადებულმა ბერებმა შეიტანეს. მათგან გამოირჩეოდა ათონის მთის ქართული მონასტერი, ივირონი, და მისი დამაარსებლები იოანე, თორნიკე და ექვთიმე, გაბრიელ ქართველი და იქ მოღვაწე სხვა ბერები. ქართული ეკლესიის უცხოეთში მოღვაწე მსახურებისთვისაც უპირველესი საზრუნავი მშობელი ეკლესიისა და ქვეყნის სულიერი დაწინაურება იყო.
გიორგი II მთაწმინდელი წმინდა ექვთიმეს მოღვაწეობის ღირსეული გამგრძელებელი აღმოჩნდა, როგორც სალიტერატურო, ასევე სამონასტრო ასპარეზზეც. მან დიდი პატივით, ფსალმუნით, გალობითა და საკმეველის კმევით გადმოასვენა გიორგი მაშენებლის მიერ აგებულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დიდ ეკლესიაში, ნათლისმცემლის ეკლესიიდან წმ. ექვთიმეს, მთავარანგელოზის ეკლესიიდან მისი მამის, წმ. იოანე იბერის, ხოლო მონასტრის გარეთ მდებარე სვიმონ მოხუცებულის ეკლესიიდან ღირსი მამების: იოანე გრძელისძის და არსენი ნინოწმინ-დელის წმინდა ნაწილები. ერთ სამარხში დაკრძალა, და ვითარცა მათ სიწმინდეს შვენოდა, სამარტვილო ხატებით, ჯვრებითა და ქორკანდელებით შეამკო, ხოლო მათ დღესასწაულებზე მსახურება და ყოველი წესის შეუცვლელად აღსრულება განაწესა. შემდეგ ეკლესიაზე ზრუნვა დაიწყო, რადგან სახურავში წყალი ჩადიოდა და ფრესკებს აფუჭებდა, ბიზანტიის კეისარს, კონსტანტინე IX მონომახს (1042-1057წ.წ.) ეახლა და ეკლესიის განახლება სთხოვა. მას კი „დიდი სარწმუნოებაჲ ჰქონდა ბერის მიმართ, და ესვიდა წმიდათა ლოცვათა მისთა“ და ყველა თხოვნა შეუსრულა. ღირსმა გიორგიმ კეისრის მიცემული შეწირულობით ეკლესია გადახურა, გარე სტოა მიაშენა, მონასტრის მამულები გაამრავლა და საზღვრები შემოიმტკიცა, ასევე მონასტრის სიგელები მეფის ოქრობეჭდით განამტკიცა.
წინამძღვრობა და მონასტრის საქმეებზე ზრუნვა ბევრ დროს და შრომას, ხშირად კი მონასტრიდან გასვლასაც მოითხოვდა წმინდა ბერისაგან, სამწერლო მოღვაწეობისთვის კი ძალიან ცოტა დრო რჩებოდა, ამიტომ 1053 წ. წინამძღვრობა მიატოვა და ფარულად შავ მთას მიაშურა, თუმცა გიორგი დაყუდებულმა უკან დაბრუნება უბრძანა. იგიც დამორჩილდა მოძღვრის კურთხევას, ერთი წლის შემდეგ ათონზე დაბრუნდა (1053 წლიდან 1054 წლამდე, ივირონის წინამძღვარი ყოფილა ეგნატე) და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა.
* * *
XI საუკუნეში ბიზანტიის იმპერიამ დაიპყრო სომხეთი და ყოველი ღონით ცდილობდა სომხეთის ცენტრალური ანის-შირაკის სამეფოს დაპყრობასაც. ამის შემდეგ ბიზანტია კიდევ ერთხელ ეცდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობასაც. ბიზანტიის კეისარმა, კონსტა-ნტინე IX მონომახოსმა (კონსტანტინე VIII-ეს სიძე, ზოიას მესამე ქმარი) სომეხთა მეფე გაგიკ II (1042-1045 წ.წ.) მოტყუებით კონსტანტინოპოლში გაიწვია და დაატყვევა. სამეფოს თავკაცებმა ანისში საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის დედა მიიწვიეს, რადგან „სენაქერიმ სომეხთა მეფის ასული იყო მარიამ დედოფალი“ და გაგიკის მამიდაშვილი. ცხადია, მხოლოდ ნათესაობა საკმარისი არ იქნებოდა, სომხებს უპირატესად სამხედრო ძალის იმედი ჰქონდათ. ბაგრატს ანისელ სომხებში მხარდამჭერებიც ჰყოლია, ერთმა სომეხმა დიდებულმა ცხრა ციხე გადასცა მას. ბაგრატმა მიიღო ანისელთა წინადადება და 1045 წელს ანისში დიდი ლაშქარი გაგზავნა თავის დედასთან ერთად (დედოფალს ანისში ერისთავი აბუსერი დაუდგენია გამგედ), რითაც აშკარად დაუპირისპირდა ბიზანტიას, საქართველოს ფარგლებს გარეთ. ანისის ქართველებისათვის გადაცემა ბიზანტიის პოლიტიკის დიდ მარცხს ნიშნავდა ამიერკავკასიაში.
ბაგრატ IV ამით არ დაკმაყოფილებულა და 1046 წლის გაზაფხულზე ერთდროულად შეუტია ბიზანტიელებს შავი ზღვის სანაპიროზეც. მან ალყა შემოარტყა ბერძენთა მიერ მიტაცებულ აფხაზეთის (ანაკოფიის) ციხეს და ლაზეთში მდებარე ხუფათის სიმაგრეს (მდ. ჭოროხის სამხრეთით მდებარე ეს ციხე მანამდე საქართველოს საზღვრებში არ შედიოდა), მაგრამ შეატყობინეს, რომ თბილისის ამირა ჯაფარი გარდაცვლილიყო და უხუცესები თბილისს მას აბარებდნენ. ბაგრატმა „სასწრაფოდ დააგდო“ ანაკოფია, თავის მაგივრად სხვა დატოვა და ქართლში გადმოვიდა. თბილისის მისადგომებთან მას „მიეგებნეს ქალაქის ბერნი, დარბაზის ყრმა-ნი, ცხენოსანნი დიღმისა ველსა“, „დედათა და მამათა სიმრავლე იყო მოედანსა“, მეფე ბაგრატი საქართველოს დედაქალაქში შეაბრძანეს: „იყო ხმობა ბუკთა დაუდუმებელთა ორკერძოვე“ და სიხარული. მას ქალაქის გასაღები მოართვეს და შევიდა და „დაიპყრო კალა-ტფილისი“, მაგრამ „ისნელთა ჩააგდეს ხიდი და არა მისცეს ისანი“.
ბიზანტიის კეისარმა ლიპარიტ IV ბაღვაშს დაავალა, რომ ბაგრატის ჯარი ანისიდან გაეძევებინა და დიდძალი ფული გადაუხადა. ამ ფულით ლიპარიტმა თავისი ლაშქარი გააძლიერა და ანისისაკენ დაიძრა. მან ანისის კართან მოსალაპარაკებლად მიიწვია მეფის მიერ დადგენილი ერისთავი არტანუჯისა, ხიხათა და ციხის-ჯუარისა, აწყურის ციხის პატრონი აბუსერი, იოანე ერისთავი, იოანე დადიანი და გვარამ გოდერძის ძე, ბეჭის ციხის პატრონი და დაატყვევა. მეთაურთა გარეშე დარჩენილმა ჯარმა ბრძოლა შეწყვიტა და ქალაქი ანისი დაეცა, რასაც მოჰყვა ბიზანტიელებთან ერთად ლიპარიტის საქართველოზე გამოლაშქრება. მან საბოლოოდ დაიქვემდებარა სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველო. ამ ამბავმა ისე შეაშფოთა მეფე, რომ „დააგდო ტფილისი…. და გადავიდა ჯავახეთს“. ამრიგად თბილისიც დაიკარგა და ანისიც, რომელიც სომეხთა კათალიკოზს ანგარებით ბერძნებისთვის გადაუცია.
ბაგრატმა ანისიდან გაქცევის შემდეგ (1045 წლის სექტემბერ-ოქტომბერში) მოასწრო ლიპარიტის ოჯახის დატყვევება. ამის შემდეგ ზამთარმა გაყარა მოწინააღმდეგე მხარეები, თუმცა, არ შეწყვეტილა სამოქალაქო ომი – მათ სამხედრო მოქმედებები დაიწყეს. ლიპარიტმა მეფის დასაუძლურებლად საბერძნეთიდან მისი ნახევარძმა, დემეტრე გამოიყვანა. ამჯერად მას ტაშირ-ძორაკეტის (ლორეს) მეფე დავითი და მისი ვაჟი კახეთის მეფე გაგიკიც მიემხრნენ, ხოლო კეისარმა კი კვლავ დიდძალი ფული და ჯარი მოაშველა, მეფეც უცხო ქვეყნიდან დაქირავებული ძალების მეშვეობით ცდილობდა გაძლიერებას (მას მოუწვევია 3000 „ვარიაგი“ ანუ სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები „ნორმანები“. მათ „ჩრდილოეთის ადამიანებს“ ეძახდნენ. ისინი შესანიშნავი მეომრები იყვნენ, რომელთა ძალა ევროპის არაერთმა მეფემ გამოიყენა). მას მეშველად მაწყვერელიც (აწყურის ეპისკოპოსი) გამოუჩნდა, თუმცა შემდეგ უღალატა და ლიპარიტს შეეკრა. დემეტრეს გამოჩენამ მეფის მომხრეებშიც დიდი განხეთქილება მოახდინა: მეტოქე ბატონიშვილს ბევრი მიუდგა, განსაკუთრებით კი მდაბიო ხალხი. ლიპარიტმა ისარგებლა იმით, რომ აბუსერ ერისთავი ჰყავდა დატყვევებული და მეფეს შვილში გაუცვალა. 1047 წ. ბაგრატისა და ლიპარიტის ლაშქარი შეიბნენ სასირეთის ჭალაში (შიდა ქართლი, კასპის რაიონი). ამ ომში ბრძოლაში მეფეს 700 „ვარიაგი“ გამოიყენა, მაგრამ დამარცხდა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ბიზანტიის ლაშქარი საქართველოში დარჩა. იმავე წელს მოულოდნელად გარდაიცვალა უფლისწული დემეტრე (დემეტრეს ანაკოფიაში დარჩა შვილი – დავითი, რომელიც ბებია ალდესთან ერთად გაიქცა ოსეთში, სადაც ოსთა მეფის ასულზე დაქორწინდა და იწოდა ოსთა მეფედ. დავითს შეეძინა შვილი ათონი, მას შეეძინა შვილი სახელად ჯადარონი, ხოლო ჯადარონს სოსლანი – მეუღლე თამარ მეფისა, რომელსაც ქორწინების შემდეგ ეწოდა დავითიც).
ბაგრატ მეფემ სცადა თავის დაუძინებელ მტერთან შერიგება: მცირეოდენი ამალით ხოვლეს ესტუმრა, მაგრამ ლიპარიტს შერიგება არ უნდოდა, ფარულად განერიდა და აფხაზეთში გადავიდა. რაკი მშვიდობა ვერ ჩამოაგდო, სულა, კალმახის ერისთავისა და არტანუჯის ერისთავის გრიგოლ აბუსერისძისა და სხვა მესხ-აზნაურთა თხოვნით ბაგრატ მეფე ერთხელ კიდევ შეებრძოლა განდგომილ ერისთავს. მაშინ ლიპარიტმა შეკრიბა ლაშქარი, მეშველად ისევ კახნი, სომეხნი და ბერძენნი მოიწვია და სწრაფად „მიუხდა უგრძნეულოდ არყის ციხეს და შეიბნეს; სძლია ლიპარიტვე და გააქცია მეფე“ (არყის ციხის ბრძოლა და მარცხი, ბაგრატმა სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოინელა). გამარჯვებულმა ლიპარიტმა დაატყვევა „სულა კალმახის პატრონი“ და არტანუჯის ერისთავი გრიგოლ აბუსერის ძე. მრავალგვარი ტანჯვა-წამებისა და მუქარის შედეგად გრიგოლმა ვერ გამოიჩინა სიმტკიცე და არტანუჯი დათმო, ხოლო სულა, კალმახის ერისთავი ვერ გატეხეს.
ლიპარიტ IV ბაღვაში ერმრავალი, ძლიერი და მდიდარი ფეოდალი იყო, მას ბიზანტიის კეისრისაგანაც ჰქონდა ზურგი მომაგრებული. სამაგიეროდ თითქმის ყველა ლაშქრობაში, რომელიც კი ბერძნებს აღმოსავლეთში გადაუხდიათ, იგი ბიზანტიელების მოკავშირედ ჩანს. მას 1047 წ. ბერძნებთან ერთად დვინზე გაულაშქრია, ხოლო ერთი წლის შემდეგ, როდესაც სუ-ლთანი იბრაჰიმ ალიმიანი შეესია ბასიანს და მის წინააღმდეგ ბერძენთა მხედრობამ გამოილაშქრა, „უხმეს ლიპარიტს და წარვიდა… შველად ბერძენთა ყოვლითა ლაშქრითა“. ამ ბრძოლაში თურქებმა გაიმარჯვეს, ლიპარიტი დაატყვევეს და „წარიყუანეს ხუარასანს სულთანსა თანა“.
შინაური ბრძოლებისაგან დაუძლურებული ბაგრატ IV გაძლიერდა და კვლავ თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო. ურჩი დიდებულების დასჯა პირველ რიგში ლიპარიტის შვილებით დაიწყო: იოანე და ნიანია დაატყვევა, უფლისციხე აიღო და იოანე იქ გაუშვა, ნიანია კი მძევლად დაიტოვა. ბაგრატმა კეისრის გულის მოგებაც სცადა და განძისთვის ბრძოლაში ბერძნებს მიეშველა. თურქები უკან გაბრუნდნენ და განძა გადარჩა.
ბაგრატ IV-ის გაძლიერების შემდგომ თბილისელებმა კვლავ მოუწოდეს მას და ქალაქი გადასცეს, თუმცა მისი ბატონობა თბილისში არც ამ შემთხვევაში გაგრძელებულა დიდხანს. 1051 წ. თურქთა ტყვეობიდან ბიზანტიის სამეფო კარის გულმოდგინე მცდელობით გათავისუფლებული ლიპარიტის დაბრუნებამ მდგომარეობა საქართველოში კვლავ დაძაბა. ბაგრატმა თბილისი დატოვა და ჯავახეთში გადიხიზნა, რადგან ლიპარიტის ძლევის იმედი აღარა ჰქონდა. მემატიანის ცნობით ლიპარიტი საბერძნეთში წავიდა და „მოირთო ბერძენთა მეფისაგან ძალი“. მართალია ბიზანტიელები უკვე უშუალოდ ლაშქრით აღარ იჭრებოდნენ საქართველოში, მაგრამ სამაგიეროდ აფინანსებდნენ სეპარატისტებს და მეფის მოღალატეებს. ლიპარიტი ისე გააძლიერეს, რომ მის ხელში აღმოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა დიდი ციხე არტანუჯიდან კლდეკარამდე.
1052 წელს ბაგრატი იძულებული გახდა შერიგებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის თვითონ ჩასულიყო კეისართან. მან თავისი მცირეწლოვანი შვილი გიორგი უფლიწული „დაუტევა ქუთათისს მეფედ სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა და წარვიდა საბერძნეთს. მარიამი დედოფალი, როგორც ბიზანტიურ დიპლომატიაში კარგად გარკვეული, შვილს თან გაჰყვა. ბაგრატი თანმხლებ პირებთან ერთად ჯერ ტრაპიზუნტში მივიდა, კონსტანტინე მონომახოსს მოციქული გაუგზავნა და მიღება სთხოვა, მაგრამ კარგა ხანს დასჭირდა მოცდა, სანამ მას ბიზანტიის დედაქალაქში ჩასვლის ნებართვა მოუვიდოდა. ბიზანტიის კეისარს ცხადად ლიპარიტის მხარე ეჭირა და არც მალავდა, რომ ბაგრატის უკმაყოფილო იყო. ბაგრატი კონსტანტინოპოლში ჩასულა კონსტანტინე მონომახის მეფობის უკანასკნელ წელიწადს, ანუ 1054 წ. იმპერატორმა ქართველი მეფე და დედამისი დიდი პატივით მიიღო, მაგრამ ბაგრატმა უსაყვედურა მას: მე მეფე ვარ და არა მცირედი ქვეყნის მფლობელი, უპირატესობას კი მაინც ჩემს მეამბოხე ყმასა და ქვეშევრდომს აძლევთო. თანაც ლიპარიტთან შერიგების შუამდგომლობა სთხოვა. კეისარმა მოწინააღმდეგენი დააზავა და ასე შეათანხმა: ბაგრატი იქნებოდა მთელი იბერიისა (ქართლ-მესხეთისა) და აფხაზეთის პატრონად და მეფედ, ხოლო ლიპრიტი სანამ ცოცხალი იყო, მესხეთის ნაწილის მთავრად იქნებოდა და ბაგრატს პატრონად და მეფედ მიიჩნევდა (ლიპარიტმა ქართლის ერისთავთ-ერისთავობა დაიმტკიცა). ამის შემდეგ სამი წელი იმყოფებოდა ბაგრატ მეფე საპატიო ტყვეობაში ბიზანტიის სამეფო კარზე, ხოლო მისთვის „ნოველისიმოსის“ და უფლისწულ გიორგისთვის „კურაპალატობის“ ბოძება ბიზანტიელთა უპირატესობის აღიარებას ნიშნავდა. საიმპერატორო კარზე დედა-შვილი რასაკვირველია, უქმად არ მსხდარა და როგორც ჩანს, ადგილობრივი არისტოკრატიის ფართო წრეს დაუახლოვდნენ.
ამ პერიოდში სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოს (ყოფილი „ქართველთა სამეფო“ იგივე მესხეთი – ფართო გეოგრაფიული მნიშვნელობით შიდა ქართლი) ლიპარიტ ბაღვაში განაგებდა, დასავლეთს (ყოფილი „აფხაზთა სამეფო“) კი – ბაგრატის მცირეწლოვანი ვაჟი გიორგი. ლიპარიტი გზავნის მოციქულებს ბაგრატის მეუღლესთან და სთხოვს, საკუთრივ მას გააზრდევინოს უფლისწული ერთიანი საქართველოს მეფედ. ამის შემდეგ, ქუთაისის ტახტზე ერთხელ უკვე დასმულ გიორგი მეორეს რუისის საკათედრო ტაძარში კვლავ აკურთხებენ ერთიანი საქართველოს მეფედ, რომლის უზენაესობასაც აღიარებს ლიპარიტ ბაღვაში. პირობის თანახმად გიორგი II იზრდება ბაღვაშთან. „მზრდელად ლიპარიტი“ და „პატრონად დაჲ ბაგრატისი გურანდუხტ დედოფალი“ დაუდგინეს. საქართველოს სახელმწიფო საქმეების მართვა-გამგეობა ლიპარიტს ჩაუვარდა ხელში.
შეიტყო რა ბაგრატის კონსტანტინოპოლში ჩასვლა, მამა გიორგი მსწრაფლ გაეშურა მასთან შესახვედრად. მეფე-დედოფალი დიდი სიხარულით შეეგებნენ წმინდა ბერს, რადგან სმენოდათ „საღმრთოჲ იგი მოქალაქობაჲ მისი“. თავი დაალოცვინეს, მისი ღმრთივსულიერი საუბრებით დიდი სარგებელი მიიღეს და უფალს მადლობდენ.
კონსტანტინოპოლში ყოფნისას ბაგრატმა გაიგო, რომ არსებობს უცნაური ხალხი სამარიელთა ტომიდან, სვიმონ მოგვის შთამომავალნი, აწინკიანებად წოდებულნი, განთქმულნი გრძნებითა და უკეთურებით. ისინი ხორცს ჯადოს უკეთებდნენ და ეს ხორცი კლავდა უმძვინვარეს მხეცსაც კი, თუკი დიდ შაბათს არ იყო დაბადებული. მათი გრძნეულებით ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე მონომახმაც ისარგებლა (მის სანადირო ადგილებს შეჩვეული მხეცები, რომელბიც მოსანადირებელ ნადირს უჭამდნენ, ამოაწყვეტინა). ამ საქმით ბაგრატიც დაინტერესდა. მოძებნეს ძაღლი, რომელიც ,,სხვასა ჟამსა შობილ იყო და არა ზემოხსენებულსა მას დღესა“ (ე.ი. არა ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს); მოიყვანეს აწანიკები, რომლებმაც ხორცს შეულოცეს და ძაღლს გადაუგდეს. მეფისა და მისი საყდრიონის გვერდით მამა გიორგიც აღმოჩნდა. ამ დროს მან, აგიოგრაფის თქმით, ღმრთის ჭეშმარიტი ხატება და მსგავსება გამოავლინა; პირუტყვის მიმართ ბუნებრივი სიბრალულით აღივსო, ამ ამბის მოქმედთა მიმართ კი რისხვით, – როგორ შეიძლება ქრისტიანთა შორის, მით უმეტეს მეფესა და სამღვდელო პირთა შორის, ,,ესევითარი საქმე იხილვებოდის“. მან გადასახა ხორცს ჯვარი, ჯადო მოხსნა და პირუტყვი გადაარჩინა. მაშინ უღონო იქნენ გრძნეულნი და გულისხმა ყვეს, რომ წმინდა ბერმა გააუვნებელყო მათი გრძნეულება. ყველა მიხვდა, რომ „წმიდისა მის მიერ იყო ეს სასწაული“. გახარებული ბაგრატი მას შემდეგ ხშირად იმეორებდა: „უკეთუ მეახლოს წმიდაჲ ესე, არა მეშინის არცა გრძნებათაგან და არცა წამალთა სასიკვდინეთა“-ო.
ბაგრატ მეოთხემ იხილა რა გიორგი ათონელის მაღალი სულიერება და უსხეულოთა მსგავსი ცხოვრება, „იწყლა სული მისი სიყუარულითა მისითა“ და საქართველოში დაბრუნება და ჭყონდიდელობა შესთავაზა მას, მაგრამ ამქვეყნიურ შფოთს განშორებულმა ბერმა მტკიცე უარი განუცხადა. ისინი ერთად ეახლნენ კონსტანტინე მონომახს და კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიქაელ კერულაროსს. იქამდე თითქმის 30 წლის მანძილზე ქართული ეკლესია ბიზანტიელთაგან დევნილი და ღირსებააყრილი იყო. ასეთ მდგომარეობას კი ორ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ბოლო უნდა მოღებოდა.
მარიამ დედოფალი დაემოწაფა ღირს მამას და მის მიერ სქემით იკურთხა, ივირონს კი კეისრის მიძღვნილი ერთი ლიტრა ოქრო შემოსწირა „საუკუნოდ სახსენებელად სულისა თჳსი-სათჳს“. ათონის ცნობილ სააღაპე წიგნში მარიამისა და ბაგრატის სახელზე მოსახსენებლებია შეტანილი. მარიამის მიერ ათონის მონასტრისათვის გაწეული დიდი ზრუნვის საპასუხოდ მარიამისათვის მონასტრის პირველმაშენებელთა შესადარი საზეიმო აღაპი განუწესებიათ: „ვითარცა მაშენებელთა და მეფეთ ჩუენთა”(აღაპი 100).
1054 წელს მოკვდა კონსტანტინე IX მონომახოსი და იმპერიის ტახტზე მისი ცოლისდა, კონსტანტინე VIII-ის შვილი და ზოიას და, 70 წლის ქვრივი დედოფალი თეოდორა (1055-1056 წ.წ.) ხელმეორედ ავიდა (პირველად 1042 წ. ავიდა ბიზანტიის ტახტზე, მაგრამ იმავე წელს მოუწია გადადგომა თავისი სიძის, კონსტანტინე IX-ის სასარგებლოდ). ბაგრატისა და მარიამის უსათუოდ დიდი დიპლომატიური წარმატება იყო, რომ იმპერატრიცა თეოდორამ ბაგრატ მეფეს ასული სთხოვა (1056 წ.), რათა „შვილად თჳსად აღეზარდა”. 9 წლის მართა უფლისწული საქართველოდან დაიბარეს. სწორედ მაშინ, როცა მართა კონსტანტინოპოლში ჩავიდა, დედოფალი თეოდორა აღესრულა (მისი გარდაცვალებით დასრულდა ბიზანტიის იმპერიაში ასწლიანი მეფობა მაკედონელთა დინასტიისა, რომელას სათავე მაკედონელმა გლეხმა და მეჯინიბემ ბასილ პირველმა დაუდო). ამიტომ მართა მალევე დააბრუნეს სამშობლოში. ამ დროს იმპერატორის კარზე მყოფ გიორგი ათონელს უთქვამს: „უწყოდეთ, ყოველთა, ვითრმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა” (მაშინ მართა უფლისწული მალევე დააბრუნეს სამშობლოში, მაგრამ გავიდა 9 წელი და კეისარმა კონსტანტინე X დუკამ (1059-1067წ.წ.) იგი თავის სარძლოდ ითხოვა).
დედოფალმა თეოდორამ სიკვდილის წინ, 1056 წლის 31 აგვისტოს, სამეფო გვირგვინი სინკლიტის წევრს მიქაელს გადასცა, რომელსაც სტრატიონიკს უწოდებდნენ. წარმოშობით ისიც ქალაქის დიდგვაროვანთა წრიდან იყო.
გიორგი მთაწმინდელმა კონსტანტინოპოლში დაჰყო რამოდენიმე ხანი და მონასტრის საქმეები მოაწესრიგა: ახალმა იმპერატორმა ბრძანება გამოსცა ათონის ქართველთა სავანეების პრასტინთა (ნავსადგურთა) გაზრდისა და მათზე დიმოსის (ხარკის) გაუქმებისა და სამეფო ოქრო-ბეჭდით დაუმტკიცა. ამავე დროს შეწყდა ქართველი ბერების სასტიკი დევნა კონსტანტინოპოლის საპა-ტრიარქოში, კერძოდ კი ივირონში. ამის შემდეგ მამა გიორგი თავის ლავრაში დაბრუნდა, სადაც დიდი სიხარულით შეხვდნენ. სამონასტრო ზრუნვამ გიორგი სულ ერთიანად შთანთქა, სხვა საქმისათვის მას თავისუფალი დრო აღარ რჩებოდა; „მაშინ გულისხმაყო და განიზრახა ღმრთისამიერითა განგებითა, ვითარმედ ღმრთივმინიჭებული იგი ტალანტი არა აღორძინდებოდა, რომელ არს ღმრთივსულიერთა წიგნთა თარგმნაჲ, იჯმნა წინამძღურობისაგან, შენდობა ითხოვა ძმათა ყოველთაგან“, დაუტოვა მათ დეკანოზობასა თუ წინამძღვრობაში ნათარგმნი ყველა წიგნი, მოვიდა კონსტანტინოპოლს, ჯერ კიდევ აქ მყოფი მარიამის, ბაგრატის დედის, დახმარებით იმპერატორისაგან ნებართვა აიღო და შავ მთაზე წავიდა, სადაც წიგნების თარგმნას შეუდგა.
ქართული ეკლესიის საქმეთა დადებითად გადაჭრა, რომელიც წარმოადგენდა 1054-1057 წლების მოლაპარაკებათა მიზანს, შეუძლებელი იყო ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოთა გარეშე. ამიტომაც გადაწყვეტილა ანტიოქიასა და იერუსალიმში მარიამ დედოფლის გამგზავრება. ანტიოქიში ჩასული დედოფალი მამა გიორგისთან ერთად შეხვდა ანტიოქიის პატრიარქს – პეტრე მესამეს (1052-1056 წ.წ.). დედოფალს ხელთ ჰქონდა ბრძანება იმპერატორისა, რათა მას ღირსეულად შეხვედროდნენ და შემდგომ იერუსალიმში გაემგზავრებინათ. ეს ბრძანება ეხებოდა როგორც ანტიოქიის პატრიარქს, ისე სირიის განმგებელს, მაგრამ აღმოსავლეთში ქრისტიან მომლოცველთა მოგზაურობა იმდენად სახიფათო გამხდარა „სარკინოზთაგან“, რომ გიორგი ათონელს გადაუთქმევინებია დედოფლისათვის განზრახვა: „არა კეთილ არს, აღმოსავალისა მეფეთა დედაჲ რაჲთამცა სარკინოზეთს წარვიდა“. დედოფალი ფრიად შეღონებულა, მაგრამ ყური დაუგდო თავისი სულიერი მოძღვრის რჩევას და ევედრა მას, ვინაიდან იგი „ვერ ღირს იქმნა შესვლად წმიდათა და თაყვანის-საცემელთა ადგილთა“, მის ნაცვლად თვითონ წასულიყო. მამა გიორგის, თუმცა კი გაუჭირდა მიტოვება „წმიდა წიგნთა თარგმანებისა“, დედოფლის სულის საცხონებლად, აიღო მისი გამზადებული მდიდრული შესაწირავი და იერუსალიმისაკენ გაემართა. მან მშვიდობით მოილოცა წმინდა ადგილები, ღმერთშემოსილი მამების ლოცვა-კურთხევაც მიიღო და შეწირულობანი გლახაკებს, გაჭირვებულებსა და ეკლესია-მონასტრებს გაუნაწილა. ნეტარი მამა გიორგი-პროხორე შავშელი იერუსალიმში ჯვრის მონასტერს აშენებდა და მასაც დიდად შეეწია. მან სთხოვა, რომ უკვე თარგმნილი წიგნები მონასტრისათვის გაეგზავნა, რაც მაშინ არ მოხერხდა, მაგრამ გიორგის მოწაფეებმა მისი ნება აღასრულეს და „თვენი“ და „მარხვანი“ ჯვრის მონასტერს გადასცეს. წმინდა ბერმა ყველა საეკლესიო საკითხი მოაგვარა და ანტიოქიის საპატრიარქოში დედოფალთან დაბრუნდა. საეკლესიო საკითხთა მოგვარებამ ღმრთისმსახური დედოფალი გაახარა. ეს ნიშნავს, რომ ქართულ-ბიზანტიურ საეკლესიო დაპირისპირებას მისი მცდელობით საფუძველი გამოეცალა. ასევე წარმატებით დასრულდა ბაგრატის მოლაპარაკებები კონსტანტინოპოლში, რითაც ორ მართლმადიდებელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოგვარებას მტკიცე საფუძველი ჩაეყარა.
წარუმატებელმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც მიქაელ VI აწარმოებდა, დედაქალაქის მოსახლეობის და სამხედრო არისტოკრატიის თვალში მისი დისკრედიტაცია გამოიწვია. ამით ისარგებლა მცირე აზიელმა დიდმა ფოდალმა და ცნობილმა მხედართმთავარმა ისააკ კომნენოსმა და კონსტანტინე და იოანე დუკებთან ერთად მიქაელის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო, სტრატიონიკე მონაზვნად გაუშვა და იმპერიის ტახტს თვითონ დაეუფლა (1057-1059).
1057 წელს ბაგრატ IV დედასთან ერთად საზღვაო გზით საქართველოსაკენ გაემართა. ქართული ლაშქარი დიდი ზარ-ზეიმით დახვდა მას უკვე შემოერთებულ ხუფათის ნავსადგურში, იქიდან კი „სახლად თჳსად ქუთათისს“ გადავიდა. მარიამ დედოფლის შემდგომი მოღვაწეობის შესახებ ცნობები არ გვაქვს. სავარაუდოდ, შემონაზვნებული დედოფალი რომელიმე დედათა მონასტერში დამკვიდრდა. იგი იხსენიება რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაში.
იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ მამა გიორგიმ მოიცალა „ყოვლისა ზრუნვისაგან“ და უფრო ბეჯითად შეუდგა წიგნების თარგმნას, არა მარტო შავ მთაზე, არამედ ულუმბოზე, ანტიოქიაში, სვიმონწმინდაში, კალიპოსში და სხვა ადგილებში, სადაც უხდებოდა ყოფნა. მარიამ დედოფლის საქართველოში გამგზავრების შემდეგ პეტრე პატრიარქი ხშირად უხმობდა გიორგის და ესაუბრებოდა. გიორგი მთაწმინდელის „ცხოვრების“ აღმწერელი გიორგი მცირე აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო სხვა საკითხებთან ერთად „საეკლესიო კანონებს“. ამ საუბრების შემდეგ პატრიარქი პეტრე და გიორგი ათონელი გულითად მეგობრებად გადაიქცნენ, ხოლო როდესაც ანტიოქიას ცეცხლი მოედო და პეტრე მოციქულის ტაძარი დაიწვა, პატრიარქი დიდმა მწუხარებამ შეიპყრო, ხოლო წმინდა ბერმა ნუგეშინისმცემელი სიტყვითა და სულიერი სწავლით ყოველი მწუხარება განუქარვა. იმავე წელს გარდაიცვალა პეტრე III და ანტიოქიის პატრიარქი გახდა თეოდოსი III (1057-1076 წ.წ.) „კაცი მაღალი და ფილოსოფოსი და ორთავ ცხორებაში გამოცდილი“.
ათონზე ამტყდარი ბრძოლის გამოძახილმა შავ მთამდეც მიაღწია და საეშმაკო შურით აღვსილმა სვიმონწმინდელმა ბერებმა „განიზრახეს გულარძნილებით, რაჲთა წმიდასა ამას და მართალსა სარწმუნოებასა ჩვენსა ბიწი რაჲმე დასწამონ“, და მოინდომეს ქართველი ბერების გაძევება იმ მონასტრიდან, სადაც სვიმონ მესვეტის ლოცვა-კურთხევით იყვნენ დამკვიდრებულნი. პატრიარქის ტახტზე ასვლისთანავე გულ-ბოროტი ბერძენი ბერები თეოდოსისთან მივიდნენ და შესჩივლეს: „წმიდაო მეუფეო, გჳჴსენ დიდისა ჭირისაგან და განგუათავისუფლენ კაცთაგან ამაოთა და უცხო თესლთა, რამეთუ არს მონასტერსა შინა ჩვენსა ვითარ სამეოცი კაცი, რომელნი ქართველად სახელ-იდებენ თავთა თვისთა და არა უწყით, თუ რასა ზრახავენ ანუ რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი“, რომ ისინი არ არიან „ჭეშმარიტი“ სარწმუნოების მატარებელნი, „მწვალებელთა“ ჯგუფს ეკუთვნიან და არ იცავენ მართლმადიდებლური ეკლესიის წეს-ჩვეულებებს. გაუკვირდა პატრიარქს, რადგან გაგონილი ჰქონდა, რომ ქართველები მართლმა-დიდებლები იყვნენ, მაგრამ ქართველთმოძულენი კვლავ მრავალ უკეთურებას ჩააგონებდნენ: „არა ვუწყით თუ ქართველნი არიან ანუ სომეხნი, და ვერცა ხუცესი მათი ჟამსა სწირავს მონასტერსა შინა ჩვენსა!“-ო. ეს კი მართალი თქვეს. სვიმონწმინდაში ქართველი ხუცესი ვერა სწირავდა, რადგან, ოდესღაც, სოფლიდან ჩამოსული ხუცესი სვიმეონ საკვირველმოქმედის სვეტზე ჟამისწირვის ჩასატარებლად ქალამნით და საბეჭურით (რაღაც უბრალო მანტიით) ასულა ჩვენი ძველი წესჩვეულებისამებრ, რასაც ბერძნების განრისხება გამოუწვევია. მათ ევქარისტიის საიდუმლოს შესრულება აუკრძალეს ქართველ ღმრთისმსახურთ და მხოლოდ ზიარება დაუ-დგინეს. ამის გარდა სხვა მიზეზი არ ყოფილა (საქართველოს გაერთიანებამდე (X-XI სს-ის მიჯნა) ქართლის ეკლესია მეტწილად აღმოსავლურ საღმრთისმსახურო ტრადიციებს მისდევდა. მას შემდეგ, რაც პოლიტიკური მიზეზების გამო (არაბობის დროს) საქართველოს კონტაქტები ანტიოქიასა და იერუსალიმთან მაქსიმალურად შეიზღუდა, მცხეთის საკათალიკოსო შესამჩნევ იზოლაციაში აღმოჩნდა. ამის გამო ამ დროს (VIII-X სს-ში) დაიწყო ისეთი საეკლესიო წესებისა და რიტუალების გამყარება, რომლებსაც მსოფლიო საეკლესიო პრაქტიკა გადავარდნილად თვლიდა). პატრიარქი განცვიფრდა და იკითხა, თუ ყავთ ვინმე ბერძნული ენისა და წმინდა წერილის მცოდნეო, და მათაც აღიარეს: ჰყავთ ერთი მონაზონი, გრამატიკოსი და ბერძნულ წიგნთა ქართულად მთარგმნელიო. თეოდოსიმ ბრძანა მისი მოყვანა და როდესაც მამა გიორგი მივიდა, პატივით მოიკითხა, დაჯდომა უბრძანა და დაიწყო ღმრთივსულიერი საუბარი საღმრთო წიგნებიდან, ხოლო რასაც ჰკითხავდა, ყველაფერს ღმრთივმშვენიერად პასუხობდა. ამ საუბარმა პატრიარქი დაარწმუნა, რომ ღმრთის მადლი სუფევდა წმინდა ბერთან და უთხრა: „პატიოსანო მამაო, კურთხეულია ღმერთი, რომ ვიხილე შენი სიწმინდე, და აჰა, უფლის მოწყა-ლებით ვხედავ, რომ მართალია წარმოშობით ქართველი ხარ, მაგრამ განსწავლულობით „სრულიად ბერძენი“ ბრძანდები (ბერძნულმა ნაციონალიზმა საეკლესიო ცხოვრება სრულიად მოიცვა. ეროვნული კულტურის უპირატესობის თვითრწმენა თვით პირველიერარქებსაც ღრმად ჰქონდათ ძვალსა და რბილში გამჯდარი. ბერძნები გაამაყებულნი იყვნენ ასეთი თვითრწმენებით, და ქედმაღლურმა დამოკიდებულება ჰქონდათ სხვა ერების მიმართ); მიამბე თუ რა განსხვავებაა ბერძენთა და ქართველთა სარწმუნოებას შორის, ან რა ნაკლი აქვს თქვენს სარწმუნოებასო. მამა გიორგი იყო თავდადებული მამულიშვილი, ნამდვილი პატრიოტი და გაბედული ქომაგ-მოსარჩლე მშობელი ერისა და ეკლესიისა. მან პირჯვარი გამოისახა და სული წმიდით გაბრძნობილმა იმდენად მჭერმეტყველურად და ნათლად გამოთქვა მართალი სარწმუნოება, რომ მსმენელნი განცვიფრებაში მოიყვანა და პატრიარქის ეჭვიც სრულიად განაქარვა. ყველა დარწმუნდა, რომ ქართველთა სარწმუნოება უნაკლო იყო. მაშინ მეუფე თეოდოსიმ თქვა: ტყუილად ვსწამებთ ცილს ქართველებს, ისინი, როგორც დამტკიცდა, ბევრ რამეში გვჯობნიან ჩვენ „კურთხეულ არს ღმერთი, ვიეთნიმე ნაკლულევანებასა სწამებდეს ქართველთა და აჰა ესერა, მრავლითა სახითა უზეშთაეს იპოვნეს ჩვენსა და უფროჲს ხოლო ქალწულებითა, რომელი იგი მაღლად უპყრიეს მათ“. მიტროპოლიტებმა, ეპისკოპოსებმა და ანტიოქიელმა დიდებულებმა ადიდეს ღმერთი და ქება შეასხეს წმინდა ბერს, ხოლო პატრიარქმა ცილისწამებად გამოაცხადა სვიმონწმინდელი ბერძენი ბერების მოქმედება და საეკლესიო კანონი დაადო, მაგრამ კეთილი ბერის თხოვნით ბოროტის-მზრახველებს სასჯელი შეუმსუბუქა. ამის შემდეგ ქართველებს კვლავ მიეცათ სვიმონწმიდაში ჟამის წირვის უფლება, რაც გიორგი ათონელის დამსახურება იყო. გავიდა ხანი, ბოროტი სვიმონწმინდელები კვლავ არა ცხრებოდნენ, და ვინაიდან მწვალებლობის დაბრალებამ შედეგი არ გამოიღო, ქართველებს ბრალი დასდეს საეკლესიო კანონების დარღვევაში და პატრიარქს მოახსენეს, რომ ვინაიდან საქართველოში არცერთ მოციქულს არ უქადაგია და ამის გამო მათი ეკლესია არ წარმოადგენს რომელიმე მოციქულისაგან დამტკიცებულ სამწყსოს, იგი უსათუოდ უნდა ექვემდებარებოდეს რომელიმე პატრიარქის გამგეობასო. ანტიოქიის საპატრიარქო კი პეტრე მოციქულის ტახტია და ქართველთა ეკლესია მისი იურისდიქციაში უნდა იყოს. დღეს კი, წინააღმდეგ სჯულის კანონისა, ქართველების ეკლესია ავტოკეფალობს, თვითონ ადგენს კათალიკოზს, მღვდელმთავრებს და ვისგანმე დამოუკიდებლად განაგებს თავის საქმეებსო. თეოდოსი ანტიოქიელმა კვლავ მამა გიორგი დაიბარა და შეპარვით უთხრა: „ჰოჲ, შენ, ნეტარო მამაო, თუმცა ნათესავით ქართველი ხარ, სწავლულობითა და მეცნიერებით ჩვენივე, ბერძენთა სწორი ხარ. ჯერ-არს, რათა თქვენი ქართველთა ეკლესიანი და მღვდელმოძღვარნი თქუენნი ანტიოქიის სამოციქულო საყდრის ხელქვეით იმწყემსებოდნენ, ხოლო შენ შეგიძლია ამ საქმის მოგვარება, რადგან მე ვიცი, თუ როგორ იჯერებს თქვენი მეფე შენს სიტყვას. მისწერე და ურჩიე რომ, უმჯობესია თავიანთი ნებით დაუმორჩილონ ქართველთა ეკლესია ანტიოქიის პატრიარქის სამოციქულო ტახტს, ხოლო თუ არ მოგისმენს, ოთხივე პატრიარქს მივწერ და ვაუწყებ, რომ თქვენ თვითონ იმწყემსებით, და რადგან არც ერთი მოციქულისაგან არ დაფუძნებუ-ლა თქვენი ეკლესია, არავითარი უფლება არა გაქვთ თვითონ განაგებდეთ დამოუკიდებლად ვისგა-ნვე თქვენ საქმეებს. „და მრავალსა ღვაწლსა შეგთხინეთ, ვიდრე არა თვით მეფე თქვენი წინაშე ჩვენსა მოვიდეს და ხელმწიფებასა ჩვენსა დაემორჩილოს“-ო. მაშინ ნეტარმა მამამ მშვიდად მიუგო: „ჰოჲ, წმიდაო მეუფეო, ვინ არიან შენი უგუნური გამქეზებლები, ან უგუნურად რად შეგირაცხავთ წრფელი და უმანკო ქართველი ერი? მოატანინეთ წიგნი „მიმოსვლა ანდრია მოციქულისა“ და „მით გეუწყოს საძიებელი თქვენი“. პატრიარქმა უბრძანა ტარსუსის ეპისკოპოსს, წარმოშობით ქართველ თეოფილეს, მოეტანა „მიმოსვლა და ქადაგება ანდრია მოციქულისა“ (ეს თხზულება იხ. მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხე“; გვ.24-47) და როცა წაიკითხეს, წმინდა მამამ მოახსენა პატრიარქს: თქვენ ამბობთ, უნეტარესო პატრიარქო, პეტრე მოციქულის საყდარზე ვზივარო, ხოლო ჩვენ ქართველები ქრისტესთან პეტრეს მომწოდებლის, ანდრია პირველწოდებულის სამწყსო ვართ, მის მიერ მოქცეულნი და განათლებუ-ლნი, და მის გარდა, თორმეტ მოციქულთაგან ერთი-ერთი სვიმონ კანანელი ჩვენს ქვეყანაში, აფხაზეთში, კერძოდ კი ნიკოფსიაშია დაკრძალული. ამ წმინდა მოციქულების განათლებულები ვართ და „ვინაითგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწვალებე-ლთა შევაჩვენებთ და დავსწყევთ. წმინდა მოციქულთა მცნებებზე და ქადაგებეზე – მართლმადიდებლობის ამ საფუძველზე, მტკიცედ ვდგავართ და გვეკუთვნის, რომ დაგემორჩილოთ? – შემდეგ კი ღიმილით უთხრა პატრიარქს: „წმიდაო მეუფეო! შუენის ესრეთ, რაჲთა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ-არს რათა დაემო-რჩილოს მწოდებელსა თვისსა და ძმასა ანდრეას, და რაჲთა თქვენ ჩვენ დაგვემორჩილნეთ“-ო, – ბოლოს კი დასძინა, რომ იყო დრო, როცა საბერძნეთში ხატმებრძოლობა გამეფდა, იოანე გუთელი (გუთები ეხლანდელ ყირიმში ცხოვრობდნენ და იქვე იყო მათი ეპარქია) იძულებული გახდა მცხეთაში ჩასულიყო და საეპისკოპოსო ხელდასხმა იქ მიეღო, რადგან სხვაგან ვერსად პოვა მართალი სარწმუნოება. და თუ ჩემი არ გჯერათ, თქვენ ისტორიულ წყაროში – დიდ სვინაქსარში წერიაო. პატრიარქს გაუკვირდა ბერის გონიერება, რადგან მისი პირიდან ისე დიოდა ღმრთივსულიერი სიტყვები, როგორც დაუწყვედელი მდინარე და ღიმილით წარმოსთქვა: „ხედავთ ბერსა ამას, ვითარ მარტომან გვძლია ესოდენი სიმრავლე ღმრთისმეტყველთა და სწა-ვლულთა? ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მოვერიდოთ და ვეკრძალოთ, რომ უარესი არ დაგვმართოს და არა მარტო სიტყვით, არამედ „საქმით გვამხილოს და დაგვიმრევლნეს“-ო. ასე დაუყო პირი ქართველთმოძულეებს გიორგი ათონელმა, რის შედეგადაც ანტიოქიის პატრიარქმა მღვდელმთავრების მრავალრიცხოვან კრებულთან ერთად აღიარა სრული კანონიერება საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისა, მისი მოციქულებრივი წარმოშობა და სარწმუ-ნოებრივი სიწმინდე. მან ისე შეიყვარეს ბერი, როგორც მამა და მოძღვარი და სანამ გიორგი შავ მთაზე მოღვაწეობდა, არცერთ მნიშვნელოვან საქმეს მის დაუკითხავად არ აღასრულებდა.
კონსტანტინოპოლში და ანტიოქიაში 1054-1057 წ.წ ჩატარებულმა შეხვედრებმა მოხსნა ქა-რთული ეკლესიის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, აღიარებულ იქნა მისი უფლებები, და მათ შორის საპატრიარქო ღირსებაც. რის შედეგადაც შეწყდა ქართული ეკლესიის და საეკლე-სიო მოღვაწეთა დევნა ბიზანტიის იმპერიაში.
* * *
შეთანხმების ძალით ბაგრატ IV ლიხს იქით მეფობდა (ყოფილი „აფხაზთა სამეფო“). დანარჩენი სამეფო კი (ყოფილი „ქართველთა სამეფო“ იგივე მესხეთი ანუ შიდა ქართლი) ლიპარიტს ეჭირა. ამასთანავე იგი „ზრდიდა ბაგრატის ძესა გიორგის მცირესა სახელითა მეფობისაჲთა“. ლიპარიტ IV თუმცა ძველებურად ძლიერი და გავლენიანი იყო, მაგრამ მისი ბატონობა და მედიდური მოპყრობა მობეზრდათ სულა კალმახელს და მესხ დიდებულებს. მათ ლიპარიტი და მისი შვილი ივანე შეიპყრეს, ხოლო ნიანია ანისში გაიქცა. ლიპარიტი და ივანე კალმახის ციხეში წაიყვანეს და ბაგრატს შეუთვალეს, რომ მისი დაუძინებელი მოწინააღმდეგე მათ ხელთ იყო. ამ ამბის შეტყობის შემდეგ, ბაგრატი სასწრაფოდ მივიდა და ლიპარიტი ჩაიბარა, სულა კალმახელი კი ღირსეულად დაასაჩუქრა. ბაგრატმა ლიპარიტ ბაღვაშს „ციხენი არტანუჯი და ყუელი, უფლისციხე და ბირთვისი“ ჩამოართვა, თუმცა პატრონის ერთგულმა მეციხოვნეებმა კლდეკარი მანამ არ დაუთმეს მეფეს, სანამ ლიპარიტისა და მისი ძის უვნებლად გაშვების პირობა არ ჩამოართვეს.
1058 წ. ბაგრატ IV-ის ტყვეობაში მყოფი ლიპარიტ IV იძულებული გახდა პოლიტიკური საქმიანობისათვის თავი დაენებებინა; მან აღთქმა დადო, რომ საქართველოდან წავიდოდა და ბერად შედგებოდა. მართლაც, ლიპარიტმა კლდეკარიდან „გამოიღო თჳსი ხუასტაგი (ქონება) და ჩაიცუნა ჩოხანი (საბერო სამოსელი)“, ხოლო თავისი შვილი ივანე მეფეს შეავედრა. ბაგრატმა კლდეკარის საერისთავო ჩამოართვა ივანეს და მხოლოდ არგვეთის საგვარეულო მამული დაუტოვა (ლიპარიტ ბაღვაში ანტონის სახელით ბერად აღიკვეცა და სირიაში, შავ ანუ საკჳრველ მთაზე ბარლაამწმიდის მონასტერში დაბინავდა. მან დიდად იღვაწა და თავისი მონასტრისთვის, ბარლაამწმიდისათვის, რომელიც ანტიოქიის ახლოს, შავ მთაზე მდებარეობდა, მრავალი წიგნი გადააწერინა“ და გიორგი მთაწმინდელს „დიდად პატივს-სცა და ნუგეშინისცა“. სიკვდილის შემდეგ დიდად სახელოვანი ანტონი ჩამოსვენეს საქართველოში და თავის საგვარეულო მამულში, კაცხის ტაძარში დაკრძალეს). შერისხულ მამასთან გაიპარა ივანეც, ხოლო „ნიანია მოკვდა ანისს ბერძენთა ყმობასა შინა“. ბიზანიტიის იმპერატორმა ისააკ I-მა კომნენოსმა (1057-1059) ივანეს სომხური ოლქის არშარუნიკის გამგებლობა უბოძა, მაგრამ მამამისის თხოვნით ბაგრატმა კვლავ შეიწყნარა ივანე, დაუბრუნა მამაპაპეული მამული (არგვეთში) და სპასალარად დანიშნა (კლდეკარის მახლობლად მდებარე ბაღვაშთა ყოფილი მამული ბორცვისჯვარი XI საუკუნის შუა წლებში თურქ-სელჩუკების მიერ დარბეულ შიომღვიმეს უბოძა დახმარების მიზნით). ერთხანს იგი ერთგულად ემსახურებოდა ბაგრატ IV-ს, დიდი პოლიტიკური უფლებები მოიპოვა და ეკონომიკურადაც მომძლავრდა.
საქართველო-ბიზანტიის დაპირისპირება საბოლოოდ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, რადგან შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და ის ტერიტორიები, რომელსაც ბიზანტია ედავებოდა. ბაგრატი „განძლიერდა უფროჲს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა“ და დაიპყრა „ციხენი ყოველნი ჰერეთისა და კახეთისანი თჳნიერ კუეტარისა და ნახჭევანისა“. 1060 წელს მას ბიზანტიის ახალი იმპარატორის, კონსტანტინე X დუკასგან (ისააკ I აიძულეს გადამდგარიყო, მანაც თავის ნათესავებს გვერდი აუარა და მემკვიდრედ თავისი თანამებრძოლი კონსტანტინე დუკა დაასახელა. ისააკი ბერად აღიკვეცა) სევასტოსობა მიუღია. საქართველოში მშვიდობიანობა დამყარდა, რომელიც ბიზანტიელთაგან აღარ დარღვეულა შემდგომ საუკუნეთა მანძილზე.
შავ მთაზე მყოფი მამა გიორგი მეფე ბაგრატმა საქართველოში საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად მიიპატიჟა. მას საქართველოში დაბრუნებას ევედრებოდნენ, ასევე კათალიკოსი და მღვდელთმოძღვრები, „რათა იხილონ წმიდაჲ იგი, იკურთხნენ და განათლდნენ მის მიერ“. ბერი მოუცლელობის გამო უარს ამბობდა, მაგრამ როდესაც „სრულქმნა თარგმანებაჲ საღმრთო წერილთაჲ“ და მოირწყო შავი მთის ეკლესიები მისგან ნათარგმნი წიგნების სულთა განმანათლებელი მდინარეებით, თანხმობა შეუთვალა. მეფემ წმინდა ბერის საქართველოში ჩამოსაყვანად ანტიოქიაში ღირსეული კაცი, იოანე გაგზავნა და სახედრები და ძვირფასი განძეულიც გაატანა (საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ამ იოანეს გიორგი მთაწმიდელის ინიციატივით ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი ჯერ კიდევ ერისკაცი, აქტიურად მონაწილეობდა საერო და სასულიერო ცხოვრებაში). სამშობლოში გამომგზავრების წინ მამა გიორგიმ და მისმა თანამგზავრებმა (მათ შორის მისი მოწაფეებიც იყვნენ) წმ. სვიმონ მესვეტისა და მისი დედის სამარხთან ილოცეს. მდინარე ევფრატთან მისულებმა შეიტყვეს, რომ მთელი ახლო აღმოსავლეთი და საბერძნეთის დიდი ნაწილი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და მიმოსვლას აკონტროლებდენ. ამის გამო მთების, ქედებისა და ტყე-ღრეების გადალახვა დასჭირდათ, ვიდრე სანაპირო ქალაქ სამისონამდე (სამსუნამდე) მიაღწევდნენ და ძლივს გადაურჩნენ ტყვედ ჩავარდნას. იქიდან ფოთამდე ნავით ჩავიდნენ, ფოთიდან ქუთაისამდე, აფხაზეთის მაშინდელ დედაქალაქამდე, – სახედრებით. საქართველოში ჩამოსულ ,,დიდ გიორგის” თვალწინ საშინელი სურათი წარმოუდგა: შიმშილობა, რომელმაც მრავალი სული იმსხვერპლა, ახალი გადავლილი იყო, ხოლო ვინც გადაურჩა, გაჭირვებით გაჰქონდა თავი და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა. იხილა რა თავის ერზე მოწევნული ასეთი განსაცდელი, ბერმა მწუხარებით წარმოსთქვა: „ჰოჲ მე, რაჲსათვის-მე მოვიწიე ამას ქვეყანასა ხილვად ეგევითართა ბოროტთა“.
იმ დროს თბილისი ჯერ კიდევ არაბების ხელში რჩებოდა. მოსულთა და დამხვდურთა დიდი საყდრიონი, ქუთაისის ეპისკოპოსის მეთაურობით, აღმოსავლეთ საქართველოსაკენ დაიძრა და ეახლა მეფე ბაგრატს, რომელსაც რეზიდენცია სადღაც კარავში ჰქონდა. ღირსი მამის ჩამოსვლით გახარებულმა მეფემ ,,ახალი ოქროპირი“ უწოდა მას და სთხოვა, რათა „ყოველი ნაკლულოვანება და დაფარული ცთომილება ემხილებინა და განემარტებინა მათთჳს“, მერე წარუდგინა თავისი ძე, გიორგი, და უთხრა: „აჰა, მოგცემ სულსა ამას ყრმისასა და წინაშე ღმრთისა გთხოვ!“, უფლისწულიც ისე შეუდგა მას, როგორც ერთგული მოწაფე საყვარელ მოძღვარს.
ბაგრატ IV მემატიანეთა სიტყვით „იყო კაცი უშუენიერესი ყოველთა კაცთასა“ და მართლაც, ატენის სიონისა და ზარზმის მონასტრის ეკლესიების კედლებზე შემონახულ მის სურათებზე იგი ლამაზი სახის კაცად ჩანს. გარეგან სილამაზესთან ერთად იგი გონებრივადაც უხვად ყოფილა დაჯილდოვებული „სრული სიბრძნითა ფილოსოფოსისათა“, მაგრამ დიდგვარიან მოხელეთა თვითნებობისა და წინააღმდეგობის ალაგმვა ვერ შეძლო. მართალია გარეშე მტრისგან მოსვენება არა ჰქონდა, მთელი თავისი მეფობა და ძალ-ღონე შინაურ ბრძოლებს შეალია, რომელიც იმ ხანებში დიდგვარიან აზნაურთა წყალობით წარმოებდა. მიუხედავად იმისა, რომ მეფე ყოფილა გულკეთილი, „მოწყალე და განმკითხველი გლახაკთა“, მემატიანეს თქმით „ჟამთა მისთა ქუეყანასა დაწყნარება არა აქუნდა, ეკლესიანი და გლეხნი და აზნაურნი ვერ იკითხებოდეს“-ო.
საღმრთო შურით ანთებულმა ბერმა ბრძნულად და უშიშრად მიუთითა მეფეს იმ უწესოებაზე, რომლებიც დროთა ვითარებისაგან შეჰპარვოდათ მათ ცხოვრება-მმართველობაში და ბეჯითად მოსთხოვა მათი მოსპობა-აღმოფხვრა (ასწავლიდა მას სამეფო სამართალს). ასეთივე უსამართლობა სუფევდა სასამართლოში და უმაღლეს საეკლესიო იერარქიაში, სადაც მღვდლებს ,,თვალღებით“ ანუ მიკერძოებით და პირადი სიმპათიის საფუძველზე აკურთხებდნენ. ეს დაუშვებელიაო, რადგან ეწინააღმდეგება პავლე მოციქულის სიტყვებს, რომლის თანახმად სამღვდელო კანდიდატი გულმოდგინედ უნდა გამოიცადოს და თანამდებობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინიშნოს, თუკი დადასტურდება, რომ უბიწოა (1 ტიმ. 3,10). მხილების ისარი მდიდრებისა და ჩინოვნიკების მიმართაც წარიმართა, რათა დაეცვათ სოციალური სამართლიანობა და ღარიბები უნუგეშოდ არ დაეტოვებინათ. ღირსი მამა დარწმუნდა, რომ ის თანამდებობის პირნი, რომელნიც მოვალენი იყვნენ გაჭირვებულ ხალხზე ეზრუნათ, ამ სტიქიურსა და გარეშეთა თუ შინაურთა მიერ გამოწვეულ უბედურებებს სრულიად გულგრილად ეკიდებოდნენ. ხალხს დამხმარე და გულშემატკივარი არ უჩანდა. თუმცა წმინდა მამის დაკვირვებით, ყველაზე სავალალოდ მაინც სამღვდელოთა შორის ქრისტიანული ზნეობის და აზროვნების დეფიციტი გამოიყურებოდა. ბევრი სმისკენ ყოფილა მიდრეკილი, ბევრი – ფუფუნებისა და განცხრომისაკენ, ბევრიც – ცრუ და ყალბი ღმრთისმოსაობისაკენ. თვით სამღვდელო პირებიც კი, რომელთაც ამ შემთხვევაში თავიანთი სამრევლოსადმი გულშემატკივრობა ყველაზე მეტად უნდა გამოეჩინათ, ამ გაჭირვებას სრულიად გულგრილად ეპყრობოდნენ. იგი ერთ ისეთ ეპისკოპოსსაც შეხვედრია, რომელიც მდიდარიც ყოფილა და გავლენიანიც, მაგრამ მთელ შესაძლებლობას ეკლესიების მორთვა-მოხატვასა და გამშვენებას ახმარდა; ბევრ ფულს სწირავდა მონასტრებს, რათა ბერებს მისი სულისათვის წესისა და რიგის მიხედვით ელოცათ, ღარიბებზე კი სრულიად არ ზრუნავდა. მამა გიორგიმ მას პირდაპირ უთხრა: „ჰოჲ, მეუფეო, ეგ ბრძოლა ბოროტი მტერისაჲ არს, რათა ეკლესიის შემკობის მიზეზით გლახაკთა უწყალოებასა შინა მოგკლა, რამეთუ არა ამას გეტყვის ღმერთი, ეკლესიანი არა შეამკვენითო, არამედ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადიო, ვითარცა იტყვის იოანე ოქროპირი (†407)“ (რომელმაც მეფესა და დედოფალს შესძახა: ასეთი გაჭირვების დროს, რა სინდისით აძლევთ თავს უფლებას, ასეთი ეკლესიები, ასეთი სრა-სასახლეები ააგოთ და ასეთი ბანკეტები გადაიხადოთ?!, ხოლო პროტესტის ნიშნად წმ. იოანე სამეფო წვეულებაზე არ მივიდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა). ათონელი ბერის სიტყვამ და ოქროპირის დამოწმებამ ეპისკოპოსზე ისეთი ზეგავლენა მოახდინა, რომ ზნეობრივად გამოიცვალა და ქველმოქმედი გახდა. წმინდა მამამ მოაწესრიგა საეკლესიო ცხოვრებაც, უარყოფილ იქნა წოდებრივი უპირატესობის პრინციპი და ღირსეული ადამიანები დაწინაურდნენ (ჯერ კიდევ IX ს-ში სამონასტრო ძმობაში დიდგვარიანი აზნაურების გვარიშვილების წარმომადგენელნი და გლეხობიდან გამოსულნი თანასწორუფლებიან წევრებად ითვლებოდნენ. თუმცა თანდათან მდგომარეობა შეიცვალა და აზნაურთა წოდებამ სხვა წოდებებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვა.).
აღმოსავლეთ საქართველოში შიმშილმა და გაჭირვებამ იმ ზღვარს მიაღწია, რომ ობლად დარჩენილი ბავშვებისა და მოზრდილების დამხმარეც კი არავინ ჩანდა. მამა გიორგი ვითარებას არ შეუშინდა და თავის მშობლიურ მხარეში, სამცხე-თრიალეთში, ჩავიდა; ახალქალაქში დაიბანაკა და ნათესავებისა და ძველი ნაცნობების მონახულებას შეუდგა, მაგრამ სიხარულის ნაცვლად მის სულსა და გულს ნაღველი და მწუხარება დაეუფლა, რადგან ყოველ ნაბიჯზე ცრემლსა და უბედურებას ხედავდა. ამის გამო მან ყველაზე გაჭირვებული ოჯახის ბავშვების შვილად აყვანა გადაწყვიტა და მათზე მზრუნველობა თვითონ იკისრა. პირველად თავისი ნათესავები მოძებნა, ორი დისწული და მათი შვილები. სხვები ქალაქებიდან და სოფლებიდანაც შეკრიბა, ზოგი უდაბური ადგილებიდან, ხოლო სხვები მონობიდან დაიხსნა. ზოგი ისე პატარა იყო, მარჯვენას მარცხენისგან ვერ არჩევდა. ზოგი წამოზრდილები იყვნენ, სხვები ყრმობის ასაკში, ზოგიც სიჭაბუკის ასაკისანი, ასევე მოწიფულები და ხნიერებიც, რომლებიც თვითონ მივიდნენ მასთან, ზოგიერთი მშობელმა თუ მეურვემ მიიყვანა, ხოლო სხვები თავიანთ შვილებთან დადგნენ – ესენი ერთ მწყობრად შეკრებილები და რვა ათეულად აღრაცხულები, როგორც ცხვარი მწყემსს, ისე შეუდგნენ წმინდა ბერს. როგორც იოსებმა განარიდა ეგვიპტელები შიმშილს, ისევე გამოიყვანა მამა გიორგიმ „თავისდა ტვირთულნი სულნი განსაცდელითგან“, ხოლო მათ აღზრდას სხვა მოძღვრებს, ან თანაშემწეებს კი არ ანდობდა, არამედ შეუსვენებლად ასწავლიდა, ასაკის მიხედვით. ღირს მამას მათი შეკრების რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა: პირველი და მთავარი იყო სათნოება, რომელიც გაჭირვებაში ხელის გაწოდებას გულისხმობს, ხოლო მეორე, მაგრამ არა მეორეხარისხოვანი, ქართველთა შორის მწიგნობართა და განათლებულთა რიცხვის გაზრდას ითვალისწინებდა, რადგან ყრმა, „ვითარცა სანთელი საბეჭდავს“ ისე იღებს სწავლა-განათლებას და მის მიერ თარგმნილ წიგნებს წამკითხავი ხომ უნდა ჰყოლოდა?! და ბოლოს: მესამე მიზეზი იყო ათონის ქართველთა მონასტერში მგალობელ ბერთა და მოღვაწეთა გამრავლება. ვინაიდან ჩვენი ქვეყანა შორს იყო, განათლებული ქართველები ცოტანი მიდიოდნენ და დიდებული ლავრა განიცდიდა განსწავლული ბერების უკმარისობას.
მამა გიორგიმ არა მხოლოდ სასწავლებელი (სკოლა-პანსიონი) დააარსა, რომელშიც იმ ოთხმოცის გარდა სხვა ბავშვებიც სწავლობდნენ. არამედ იქვე მუშაობდა სკრიპტორიუმი, რომელშიც მის მიერ ნათარგმნი წიგნები გადაიწერა და ქვეყნის განაპირა ოლქებშიც კი დაიგზავნა. მან ძველი საეკლესიო პრაქტიკა ახლით, ბიზანტიურით, ჩაანაცვლა, რაც იერუსალიმური ტიპიკონის (,,ქართული კანონის“) კონსტანტინოპოლურით (აიასოფიას ტიპიკონით) შეცვლაში გამოიხატებოდა (ამ ტიპიკონს შეიცავს მისივე თარგმნილი ,,დიდი სვინაქსარი“). მან მთელ ქვეყანაში აღხოცა ცრუმორწმუნეობა, უწესობა და უმეცრება და მართალ სარწმუნოებას, წესრიგსა და მეცნიერებას ფართო ასპარეზი მისცა. ასეთ მოღვაწეობაში გავიდა 5 წელი. საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში მას აქტიურად ედგა მხარში იოვანე ჭყონდიდელი, რომელიც 1061-1065 წლიდან მთავარეპისკოპოსის ხარისხით განაგებდა იმ დროისათვის საკმაოდ დაწინაურებელ ჭყონდიდის კათედრას.
ბერი მთლიანად მხარს უჭერდა მეფის საშინაო პოლიტიკას. ამიტომაც შიდა მტერზე გამარჯვება ბაგრატს ბერის ლოცვისა და მადლის შედეგად ესახება: „მას ჟამსა იქმნა დიდი განმარჯვებაჲ მეფისაჲ, ოდეს-იგი შეწევნითა ღმრთისაჲთა წინააღმდგომნი თჳსისა მეფობისანი აბაჲს ძენი შეიპყრნა, რომელთათჳს ყოველთა უწყით ჭეშმარიტებით, ვითარმედ შეპყრობაჲ მეფისაჲ ეგულებოდა. ესე კაცნი ძლიერნი ვითარცა უძლურნი და ყრმანი ჩჩჳლნი, ეგრეთ შეიპყრნა, რამეთუ წუთ თუე არა გამოსრულ იყო შემდგომად მისლვისა ჩუენისა, ესე ვითარცა ჴელად იხუნა წარავლინა მწოდებელი ბერისა თანა, და ვითარცა შევიდა ბერი მიულოცა განმარჯვებაჲ იგი, ჰრქუა მას მეფემან, ვითარცა იყო მორწმუნე და ღმრთის მსახური: „ჵ, წმიდაო მამაო, არაჲ ვინაჲ არს განმარჯუებაჲ ესე ჩუენი თჳნიერ ლოცვისა და მადლისა შენისა“.
მოულოდნელად განსაცდელი უკვე სხვა მხრიდან მოადგა ქვეყანას. საქართველოს ბიზანტიელებზე უფრო საშიში მტერი გამოუჩნდა თურქ-სელჩუკების სახით (მათი პირველი შემოსევები ამიერკავკასიაში დაიწყო XI ს-ის 30-იან წლებში. თოღრულ-ბეგის (1038-1063) დროს მათ დაიპყრეს ირანი, ერაყი, ქურთისტანი და ამიერკავკასიაში შეიჭრნენ. 1048 წ. ისინი სომხეთში გამოჩნდნენ, რომელიც ბიზანტიის სამფლობელოს წარმოადგენდა. თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში საკეისროს ლიპარიტიც ეხმარებოდა. 1055 წ. თურქ-სელჩუკებმა არაბთა სახალიფოს დედაქალაქიც აიღეს, რის შემდეგაც თოღრულ-ბეგმა ხალიფასაგან „აღმოსავლეთისა და დასავლეთის“ სულთნის წოდება მიიღო. XI ს-ის 50-იან წლებში სელჩუკებმა სამხრეთ კავკასიაში ყველა მუსლიმური სახელმწიფო დაიმორჩილეს და საქართველოს უშუალოდ დაემუქრნენ. თოღრულ-ბეგს დარჩა მემკვიდრედ გულადი შვილი ალფარსლანი, რომელმაც მცირე აზიაში ბევრი სახელოვანი ომი გადაიხადა, ვერც საქართველო გადაურჩა მის შემოსევას.).
1064 წელს „გამოვიდა სულთანი ალფარსლან… შემუსრა კანგარი და თრიალეთი“. მარბიელმა რაზმებმა ტაო, შავშეთი, კლარჯეთი და თრიალეთი ააოხრეს. ამ დროს ტაოში ოჯახით მყოფმა ბაგრატ მეფემ ძლივს მოასწრო ქართლში გადასვლა.
მამა გიორგი თავის ობლებთან ერთად ჯავახეთში, დაბა ახალქალაქში იმყოფებოდა. უეცრად ჩვენება ჰქონდა და თქვა: „უწყოდეთ, რამეთუ რისხვაჲ ღმრთისა მოწევნად არს ქალაქსა ამას ზედა!“. მან ბავშვებთან და თანმხლებ პირებთან ერთად სასწრაფოდ დატოვა იქაურობა და აფხაზეთში გადავიდა. მართლაც სამი დღის შემდეგ საშინელი რისხვა მოიწია: ალფარსლანი თავის ლაშქრითურთ „წავიდა ჯავახეთს და მოადგა ახალქალაქს“. თუმცა ჯავახეთის ახალქალაქი ჯერ კიდევ მთლად არ იყო „ზღუდითა მტკიცითა“ გამაგრებული, მაგრამ „მესხნი აზნაურნი და ზემოსა კერძონი ძლიერად დგეს“. და მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ. თურქებიც სასტიკად „ჰბრძოდეს სამ დღე“. რაკი ქართველებმა იცოდნენ, რომ უზღუდო ქალაქში მტრისათვის ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლებოდა, ამიტომ ისევ ხელჩართული და პირდაპირი ომი ირჩიეს, გამარჯვება თურქებს დარჩათ. ისინი ქალაქში შევიდნენ და აურაცხელი ქრისტიანები დაატყვევეს. გიორგი მცირე მოგვითხრობს, რომ ამ ქალაქის აღების დროს არა მხოლოდ ახალქალაქის მცხოვრებნი ამოწყვიტეს თურქებმა, არამედ „წარჩინებულნი მთავარნი და ერისთავნი სამეფოჲსა ჩუენისანი ძჳრ-ძჳრად მოისრნეს და წარწყმდეს… შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა… ურიცხვი ერი ქრისტიანეთა წაასხეს თურქებმა და თან წაიღეს ნატყვენავი“. ამ მოულოდნელი და საშინელი სისხლის ღვრისა და ქვეყნის დაწიოკების გამო „მეფე ბაგრატ დიდსა მწუხარებასა შთავარდა“. მაშინ გიორგი მთაწმინდელი ეახლა მეფეს და სულიერი საუბრებით დარდი განუქარვა.
ახალქალაქიდანვე სულთანმა მოციქული მიუგზავნა ბაგრატ მეფეს და დისწული სთხოვა, რომელიც ამავე დროს ძმისწული იყო კვირიკე სომეხთა (ტაშირ-ძორაკეტის) მეფისა. ბაგრატმა სიძე დაიყოლია, რომ სახელმწიფოებრივი მოსაზრებით ასული სულთნისათვის მიეთხოვებინა [1065 წელს ბაგრატმა სამშვილდიდან გარეკა სომეხი ბაგრატუნიანები, ე.წ. კვირიკიანთა დინასტია, რომელიც ლორეში მოკალათდა (შემდგომში ლორე თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს. 1118 წ. დავითმა ლორედან თურქ-სელჩუკები გარეკა და საქართველოს დაუბრუნა]. სულთანმა კი ალყა შემოარტყა ბიზანტიელების კუთვნილ ანისს, რომელიც თავგანწირული, მაგრამ უშედეგო ბრძოლის შემდეგ მტერს ჩაბარდა იმ პირობით, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ ქალაქის მკვიდრთათვის (ანისში რეზიდენცია ჰქონდა იბერიის თემის განმგებელს, ბიზანტიის გამოჩენილ მხედართმთავარს, სევასტოსსა და დომესტიკოსს, ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენელს გრიგოლ ბაკურიანისძეს. ქალაქის ჩაბარებისათვის იგი, როგორც ჩანს, არ შერისხულა, – გადაუყვანიათ ბალკანეთში, სადაც იმპერიის მტრების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისათვის გარკვეული სამფლობელოებიც მიიღო). სულთანმა ანისის განმგებლად თავისი ერთგული მოხელე მანუჩარ აბულ-ასვარი დანიშნა. ასე ჩაეყარა საფუძველი ანისის მუსლიმი განმგებლების შადადიანთა დინასტიას, რომლებიც სომეხ მეფეთა მსგავსად შაჰინ-შაჰის, ანუ მეფეთა-მეფის ტიტულს ატარებდნენ. ანისის ბედით შეშინებულმა ვანანდის სომხური სამეფოს მეფემ იმავე წელს ციხე-ქალაქი კარი (ყარსი) და მთელი თავისი სამეფო ბიზანტიას დაუთმო.
* * *
თხზულებიდან ჩანს, რომ გიორგი ათონელი სამცხიდან წასვლას არ ჩქარობდა, მაგრამ პოლიტიკური მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ იქ დარჩენა შეუძლებელი გახდა. ცრემლით და ალერსით გამოემშვიდობა ბაგრატ მეფეს და თანამემამულეთ მამა გიორგი და ზღვით კონს-ტანტინოპოლისაკენ გაემართა; თან ოთხმოცდათხუთმეტივე შვილობილი იახლა. მეფეს გაუჭირდა წმინდა ბერთან განშორება. მთავრებმა, ეპისკოპოსებმა და ერმაც მრავალი ცრემლი დაღვარა, მაგრამ რახან სხვა გზა აღარ იყო, მეფემ კეისართან, კონსტანტინე X დუკასთან (1059-1067წ) წერილი გაატანა და თავისი ხარჯითა და საფასით წარგზავნა.
სწორედ ამ დროს კონსტანტინე X დუკამ საქართველოში თავისი წარმომადგენელი არონი გამოეგზავნა და ბაგრატს მართა უფლისწული თავისი ძის, მიხეილის საცოლედ სთხოვა. ბაგრატმა მართა შესაფერი ამალით გააგზავნა კონსტანტინოპოლში. მართას მიჰყვებოდა ბებია – მარიამი, ნეტარი ბერი პეტრე პატრიკ-ყოფილი, მისი ძმა იოანე ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი, სვინგელოზი, იოანე ბედიელი და მრავალი სხვა წარჩინებული. მაშინ მარიამ დედოფალმა გაახსენა ბერს ცხრა წლის წინანდელი: „აჰა, მამაო! აღესრულა წინასწარმეტყველება შენი მართას ზედა“. მართას უფლისწულთან დაქორწინების შემდეგ მარიამი უწოდეს.
გიორგი მთაწმინდელი თავის ობლებთან ერთად ნავით გაემგზავრა და მრავალი ღელვა-განსაცდელის გადატანის შემდგომ 1065 წლის ივნისის შუა რიცხვებში სამეფო ქალაქში მივიდა. იმპერატორს ამცნეს მამა გიორგისა და მისი ობლების ჩამოსვლის ამბავი და მანაც მეორე დღეს სამეფო დარბაზში დიდი აუდიენცია მოაწყო და უაღრესი პატივისცემით მიიღო. მამა გიორგიმ სამეფო წესისაებრ თაყვანისცა, შეაქო, დალოცა და აკურთხა. კონსტანტინე დუკამ იხილა რა ქართველი ბერის ღმრთივსულიერი სახე და ისმინა „სიტყვა პირისა მისისა, მდაბალი და შემუსრვილი და მსმენელთა სასმენელსა მკვირცხედ შემავალი“, მოიხიბლა მისი განსწავლულო-ბით და სიხარულით წარმოთქვა: მადლობელი ვარ ბაგრატ მეფისა, რომ ესეთი ანგელოზებს მიმსაგვსებული კაცი გამომიგზავნა, რადგან წარმოშობით თუმცა ქართველია, „ყოვლითურთ წესი ჩუენი ჰმოსიეს“-ო. მან წაიკითხა ბაგრატ IV-ის გამოგზავნილი წერილიც, სადაც გიორგის, ყოველთა ქართველთა მოძღვარს, უსხეულო ძალებს ადარებდა და სთხოვდა, კეთილად შეიწყნარეო. მაშინ უფრო მეტად გულისხმა-ყო ბერის ღირსება კეისარმა, დიდი პატივით მოიკითხა და უთხრა: რასაც მთხოვ, შეგისრულებო.
იმ დროს სამეფო დარბაზობას მრავალ წარჩინებულ პირთან ერთად რომაელი დიდებულები და ყარსის (ვანანდის) სომხური სამეფოს მეფე გაგიკი ესწრებოდა თანმხლებ პირებთან ერთად. იმპერატორმა „იწყო უბნობად და კითხვად შჯულისათჳს მართლმადიდებელთაჲსა“ ანუ თუ არის რაიმე განსხვავება თქვენს სარწმუნოებასა და ბერძენთა „სრულსა და უცთომელსა სარწმუნოება-სა“ შორისო. მაშინ ნეტარმა ბერმა ხმამაღლა და ღმრთივბრწყინვალედ წარმოსთქვა: „ესე არს სარწმუნოებაჲ მართალი ნათესავისა ჩვენისაჲ და რაჟამს ერთგზის გვიცნობიეს, არღა მიდრეკილ ვართ მარცხნივ, გინა მარჯვნივ და არცა მივდრკებით თუ ღმერთსა უნდეს“. მეფეს გაუკვირდა რომ გაიგო, არღა მივდრეკილვართო, რადგან საბერძნეთში ხშირად ხდებოდა მწვალებლობისაკენ გადახრა, თვით მეფეებისა და პატრიარქებისაც კი, შემდეგ იმის განმარტება ითხოვა, თუ რატომ განსხვავდებოდა რომაელთა ევქარისტიის პრაქტიკა საბერძნეთისა და საქართველოს ადგილობრივ ეკლესიებში არსებული წესისაგან და უთხრა: მე სამხედრო საქმეში განსწავლული კაცი ვარ და რადგან მეფობის კვერთხი მე მიპყრია, ამიტომ პირველ რიგში მე ვარ ვალდებული მართლმადიდებლობა გამოვიძიო და დაზუსტებით ვიცოდე თუ რა განსხვავებაა ბერძნებსა და რომაელებს შორის. რა არის ეს, რომ ჩვენ აფუებული პურით ვწირავთ და ზედაშეს წყალს ვურევთ, ხოლო რომაელები ხმიადით და უწყლოთ წირავენ? ძალიან მიკვირს, რომ ასე ეწინააღმდეგება ჩვენი წესები ერთმანეთს. განგვიმარტე და გაგვაგებინე წმინდაო მამაო. მაშინ ბერმა უპასუხა:
ვინაიდან ბერძნებს შორის მრავალჯერ გავრცელდა მწვალებლობა, ღმრთის-მსახურმა მეფეებმა წმინდა და ღმერთშემოსილი მამები შეკრიბეს (მსოფლიო კრებები) და დაწვრილებით გამოიძიეს ქრისტე ღმერთის განგებულებისთვის და ხორციელი გამოჩინებისთვის „და საუფლოთა მათთჳს ჴორცთა გამოძიება იქმნა და დააწესეს, რაჲთა მოვიღებდეთ ცომსა სახედ და ჴორცთა ქრისტესთა, ხოლო პურის ცომსა სახედ სულისა გონიერისა და მარილსა სახედ გონებისა“, უსჯულო აპოლინარის მწვალებლობის საწინააღმდეგოდ, რადგან ქრისტეს საუფლო ხორცს უსულოდ და უგონოდ სახელსდებდა, თვითონ უგუნური და უსულო, ხოლო ღვინოს წყალს ვურევთ, როგორც სისხლს იმ წყალს, რომელიც მხსნელს გვერდიდან გარდამოხდა. ასე განმარტავს იოანე ოქროპირი, ხოლო „ჰრომთა ვინაჲდგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარა ოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალება შემოსრულ არს მათ შორის. და „ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლო იგი მსხუერპლი და უმეტესადღა, ვითარცა თჳთ თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს“ [გიორგი ათონელი ისე გადმოსცემს უცომოთა შესახებ რომაელთა სწავლებას, არ იწყებს მისი კანონიკურობის განხილვას. ხოლო მისი პასუხის ლაკონურობა ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს იგი მხარს უჭერს ხმიადის გამოყენების პრაქტიკას. ამ საკითხზე პასუხს ვპოვებთ ანტილათინურ პოლემიკურ თხზულებაში „თუ ოდეს ჰომნი და ეკლესიაჲ მათი [და] რაჲსათვის საღმრთოთა აღმოსავალისა ეკლესიათაგან განიჭრნენ“. აღნიშნული ძეგლი ცნობილია ევსტრატი ნიკიელი მიტროპოლიტის ტრაქტატის სახელით, მაგრამ იგი სხვადასხვა ავტორების თხზულებათა კომპილაციას წარმოადგენს: მასში თავმოყრილია ფოტი დიდის, პეტრე ანტიოქიელი პატრიარქისა და თეოფილაქტე ბულგარელის თხზულებებიდან გამოკრებილი ადგილები. ხსენებულ ტრაქტატში უცომოთა შესახებაც არის საუბარი. კერძოდ, მასში დაშვებულია, რომ ახლადგაქრისტიანებულ რომაელებს, შესაძლოა, მართლაც მოციქულთაგან მიეღოთ ევქარისტიის ხმიადით აღსრულების მაგალითი, „ვინაითგან დიდი იყო მაშინ ჰრომს შესაკრებელი და სიმრავლე ებრაელთაჲ“. ამიტომ, მათი მოქცევის გაადვილების მიზნით („უძლურებისა მათისა თანა შთამოსვლისათჳს“), რომც დაეშვათ მოციქულებს ევქარისტიის აღსრულება ებრაული პასექის მსგავსი უფუარი ხმიადით, „არაჲვე საკჳრველ არს“-ო. და იქვე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ამისა, მაინც უმართებულოა პაპისტური ევქარისტიის პრაქტიკა. „ვითარმედ მრავალი მოციქულთა მიერ შემოღებული შეიცვალა მათ მიერვე განძლიერებასა შინა სარწმუნოებისასა და რამეთუ პეტრე წარმართთაგან მოქცეულთა მორწმუნეთა წინადასცუეთდა და ეგრეთ ნათელსცემდა და პავლე ტიმოთეს წინადასცვითა და კათაკუმეველნი ოცდაათი წლიდანი ნათელს იღებდეს და შაბათი იცვებოდა და მღუდელთმთავარნი ცოლთა ისხმიდეს და შჯულიერთა (აქ იგულისხმება ძველი აღთქმის რჯული) რათმე წესთა პატივსცემდეს მაშინდელნი მორწმუნენი. გარნა არღა რაჲ ესევითარი მოქალაქობს აწ წმიდასა ეკლესიასა, უსრულესისა მიმართ წარმატებითა“. ანუ იმის გამო, რომ ამგვარ პრაქტიკას სამოციქულო წარმომავლობა შეიძლება გააჩნდეს, თავისთავად სულაც არ ხდება მისი შეწყნარება. რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ 1054 წლის 16-29 ივლისის ცნობილი განხეთქილების (დიდი სქიზმა – აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების განყოფის დღე) შემდეგაც გიორგი ათონელი არ მოიხსენიებს მას ერეტიკულ საკრებულოდ. საქმე იმაშია, რომ 1054 წელი მხოლოდ XVI ს-დან მიიჩნევა ეკლესიათა განყოფის თარიღად, როცა ვატიკანის ბიბლიოთეკარმა ბარონიუსმა, ბიბლიოთეკის მოწე-სრიგებისას კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიქაელ კერულაროსის იოანე ტრა-ნიელისადმი მიწერილი წერილი და ჰუმბერტის თხზულება იპოვა. მანამდე კი (თვით გიორგი ათონელის მოღვაწეობის დროსაც) კარდინალ ჰუმბერტისა და ლეგატების საქციელი მართლმადიდებელ აღმოსავლეთში განიხილებოდა, როგორც თვითმარქვია ელჩების ავანტიურა და მეტი არაფერი.
XI ს-ის შუა ხანებში, კონსტანტინე მონომახის ზეობისას, როცა კონსტანტინოპოლის ეკლესიას სათავეში ედგა მიქაელ კერულაროსი, ხოლო რომის ეკლესიას – პაპი ლეონ IX, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის IX ს-ში გართულებული ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. კონსტანტინოპოლის პატრიარქისათვის ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ იტალიის ოლქებში, რომელიც მის განმგებლობაში შედიოდნენ, აღმოსავლეთის ეკლესიისათვის უცხო ადათ-წესები მკვიდრდებოდა: მარხვა შაბათობით, ევქარისტიაში უფუვარი (უცომო) პურის გამოყენება ნაცვლად საფუვრიანისა, რომელიც როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის ეკლესიაში მოციქულთა დროიდან IX ს-მდე ყოველთვის გამოიყენებოდა და კიდევ ზოგიერთი სხვა რამ.
პატრიარქმა ოხრიდის ეპისკოპოს ლეონთან ერთად 1053 წ. წერილი მისწერა იტალიაში ეპისკოპოს იოანე ტრანიელს, რომელშიც ახლადდანერგილი ადათების სიმცდარეზე მშვიდად და ზომიერად მიუთითებდა. ეს წერილი ხელში ჩაუვარდა მეტისმეტად ფიცხ კარდინალ ჰუმბერტს და ცოტა ხანში მიქაელ კეულიაროსმა მისი მოკლე ეპისტოლეს საპასუხოდ პაპის ლანძღვა-გინებით აღსავსე ვრცელი წერილი მიიღო. ვინაიდან იმპერატორ კონსტანტინე მონომახოსს პოლიტიკური მოსაზრებით პაპთან მშვიდობა სურდა, მან პატრიარქთან ერთად ამ უცნაურ წერილსაც თავაზიანად და ძმური სიყვარულით უპასუხა და სარაცინებისა და ნორმანების წინააღმდეგ ომზე მოსალაპარაკებლად კონსტანტინოპოლში ელჩების გაგზავნა სთხოვა. პაპი ამ დროს ნორმანების ტყვეობაში იმყოფებოდა, ხოლო როცა გაათავისუფლეს, უკვე დასნეულებული რომში დაბრუნდა და 1054 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა. მიიღო თუ არა მან პატრიარქისა და იმპერატორის წერილი დღემდე გაურკვეველია. მისი სიკვდილიდან ორ თვეში კონსტანტინოპოლში ჩამოვიდნენ პაპის ლეგატები: კარდინალი ჰუმბერტი, ამალთიის ეპისკოპოსი პეტრე და რომის ეკლესიის კანცლერი, არქიდიაკონი ფრიდრიხი. მათ კონსტანტინე მონომახოსს გადასცეს პაპის წერილი, სადაც უზომოდ განადიდებდა იმპერატორს და მის ამხედრებას ცდილობდა პატრიარქის წინააღმდეგ. პატრიარქმა ლეგატებთან სათათბიროდ სასულიერო პირთა კრება მოიწვია. რომის წარგზავნილებმა პატრიარქს პაპის საყვედურებით სავსე წერილი ისე გადასცეს, რომ თაყვანი არ უციათ. მიიღო რა წერილი, პატრიარქს ბეჭდის ნამდვილობაში ეჭვი შეეპარა, ხოლო როცა წაიკითხა, დარწმუნდა, რომ წერილი ყალბი იყო. იოანე ტრანიელისაგან მიღებულმა ცნობებმა ავარაუდებინა, რომ კონსტანტინოპოლიდან გაგზავნილი წერილი პაპს არ მიუღია. მან სთხოვა ლეგატებს, რომ წერილების ნამდვილობა დაემტკიცებინათ, შემდეგ კი მიუთითა მიტროპოლიტების უკან დამსხდარიყვნენ, რის გამოც მათ თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და კრება დატოვეს. მოთხოვნილი დამოწმებანი პაპის ლეგატებმა არც ამის შემდეგ წარმოადგინეს და პატრიარქთან ყოველგვარი ურთიერთობა ფრიად კადნიერი საქციელით თვითნებურად გაწყვიტეს: 1054 წლის 11 ივლისს, ღმრთისმსახურების დროს მათ წმ. სოფიის ტაძარში საკურთხეველზე სიგელი დადეს, რომელშიც წმინდა სამების ძალით პაპის, სამოციქუ-ლო ტახტის, შვიდი მსოფლიო კრების და მთელი კათოლიკური ეკლესიის სახელით პატრიარქი მიქაელ კერულიაროსი, მის მიმდევრებსა და „მის უგუნურებათა“ დამცველებად ერთად, როგორც თვითონ წერდნენ, ანათემაზე გადასცეს. ისინი ტაძრიდან გამოვიდნენ, ბერძნებთან დაპირისპირების დასამოწმებლად ფეხსაცმელებიდან მტვერი ჩამოიბერტყეს და კონსტანტინოპოლი დატოვეს. ეს ამბავი ხალხში რომ არ გახმაურებულიყო, პატრიარქის ბრძანებით სიგელი დამალეს. ოთხი დღის შემდეგ პატრიარქმა კრება მოიწვია და რომის ეკლესიის ლეგატების სიგელები და მათი შემდგენლები ანათემაზე გადასცეს. (ლეგატები და არა პაპი ან დასავლეთის ეკლესია). ლეონ IX ერთ-ერთი საპატივცემულო პაპი იყო, ამიტომ პატრიარქმა ამ საქმეში მისი მონაწილეობა არ დაიჯერა, რითაც ეკლესიაში მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა შეინარჩუნა. მართლაც, მაშინ ეკლესიებს შორის განხეთქილება არ მომხდარა. შემდეგმა პაპმა ვიქტორ II-მ მთელი ეს საქმე უყურადღებოდ დატოვა.
აღმოსავლეთში დიდხანს ჰქონდათ შერიგების იმედი, რადგან მნიშვნელოვნად მხოლოდ სიმბოლოში შეტანილი ცვლილება (ფილიოკვე – სულიწმინდის მამისაგან და ძისგან გამომავლობა) ითვლებოდა და იმედოვნებდნენ, რომ თუ რომის ეკლესია ამ სიახლეს დათმობდა, მშვიდობაც აღდგებოდა. გიორგი მთაწმიდელის მსჯელობა ცხადყოფს, რომ ქართველი ბერი ცდილობდა საქრისტიანოს დაყოფა კი არ გაეღრმავებინა, არამედ, სწორედ პირიქით, რადგან იმ ეპოქაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო მისწრაფება შეთანხმებისაკენ (შეთანხმების მცდელობებს ადგილი ჰქონდა 1062, 1072, 1113, 1170 წ.წ). გიორგი ათონელმაც ამიტომ გამოავლინა დამთმობი დამოკიდებულება რომაელების მიმართ, რომ მაშინ ჩანდა საშუალება იმისა, რომ უმთავრესი სადავო საითხები მოგვარდებოდა და მშვიდობა აღდგებოდა ეკლესიაში და როგორც საბერძნეთში ხდებოდა ხოლმე ერესებისგან გათავისუფლება, ასევე მოახერხებდა რომიც პაპისმიზაგან თავის დაღწევას. სწორედ ამ მიზნით, გიორგი ათონელი განადიდებს რომის ეკლეს-იის ღირსეულ წარსულს, რითაც მოუწოდებს დასავლელ ქრისტიანებს უერთგულონ ეკლესიური ერთობის იმ საფუძველს, რომელიც თავიდან არსებობდა, უარი თქვან განმაახლებლობაზე და დასკვნის სახით – „ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს“, ანუ შეუვალობას იჩენს სარწმუნოების დოგმატურ საკითხებში.
ბიზანტიის იმპარატორებისა და პატრიარქების მცდელობის მიუხედავად დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების საბოლოო გაყოფა მოხდა გიორგი ათონელის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ, 1098 წელს, როცა პაპმა ურბანმა აპულიის დედაქალაქ ბარში (სამხრეთ იტალია) კრება მოიწვია, რომელშიც იტალიის მართლმადიდებელი სამღვდელოებაც (ბერძნენი ეპისკოპოსები) მონაწილეობდა. კრებაზე მსჯელობის საგანი უპირატესად სულიწმინ-დის გამომავლობა (მამისაგან და ძისაგან) ყოფილა. ლათინი მწერლების გადმოცემით, ბერძნები პაპს ჯიუტად ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ამ კრებაზე გამოცხადებულ იქნა ანათემა ყველას მიმართ, ვინც ამ დოგმატს – „ფილიოკვეს“ – რომის აღმსარებლობის თანახმად არ წარმოთქვამდა. თუმცა რომის საბოლოო განვარდნა ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის საზღვრებიდან ჯვაროსნული ლაშქრობების დროს (1096-1270 წ.წ) მოხდა, როდესაც ბერძნულ და ლათინურენოვან ქრისტიანებს შორის მტრობამ და სიძულვილმა დაისადგურა].
მოისმინეს რა გიორგი ათონელის პასუხი, იქ მყოფი რომაელი მთავრები აღფრთოვანდნენ, რადგან ამ საკითხზე ბერძნებთან კამათი მათ სხვა დროსაც ჰქონიათ, მაგრამ საკითხში გაუცნობიერებლობის გამო თავიანთი ეკლესიის პოზიციათა დაცვას ვერ ახერხებდნენ. მათ ბერის რომში ჩაყვანისა და პაპის წინაშე წარდგინების სურვილიც კი გამოთქვეს. იმპერატორის შემდეგ კითხვაზე, აქვთ თუ არა რაიმე კავშირი ქრისტიანობასთან სომხებსო (მონოფიზიტებს), ბერი სრულიად კატეგორიული იყო: ბოროტ სარწმუნოებას, სახელადაც არ უნდა ეწოდოს სარწმუნოებაო (როგორც წმიდა გიორგი მთაწმიდელის ბიოგრაფი აღნიშნავს, წმ. მამის მოღვაწეობას ჰქონდა გამოკვეთილად ანტისომხური ხასიათი. თარგმნის დაწყების ერთ-ერთი ძირითადი მოტივი ყოფილა სომხური „ღვარძლისაგან” ქართული ლიტერატურის გაწმენდა). იქ მყოფი სომხები ყველას წინაშე შერცხვნენ. კეისარმა დიდად გაიხარა გიორგის განსწავლულობით, უფალს მადლი შესწირა და ბერი შეაქო, რადგან მისთვის ძნელად გასაგები სიტყვები და სჯულის წესი სულ ადვილად განუმარტა და შეჰპირდა ნეტარს, რომ ყველა სურვილს აუსრულებდა და სთხოვა თავისი ობლები ეჩვენებინა, ხოლო შემდეგ ათონზე, ივირო-ნის მონასტერში წასულიყო და იქ აღეზარდა.
მეორე დღეს, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე (ძვ.24/VI- ახ.7/VII) გიორგი მთაწმინდელი სტუდიის მონასტერში წაბრძანდა, წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა თავს თაყვანის-სცა და უფლის ცხოველსმყოფელ საიდუმლოს ეზიარა. გზაში მან შეუძლოდ იგრძნო თავი, მაგრამ ბერებმა იფიქრეს, რომ გადაღლის ბრალი იყო, რადგან ასეთი ჩვეულება ჰქონდა, „ფეხით მივალნ წმიდათა წინაშე ლოცვად“. სამი დღის შემდეგ, წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს დღესასწაულის წინა დღეს გიორგიმ ბრძანა, რომ ობლები მოემზადებინათ იმპერატორთან წარსადგენად. „უკუეთუ დღეს არა ვიხილოთ მეფე, ხვალე ხელთა არა გვაქვს“ – ჩქარობდა ბერი. როდესაც კეისარმა და მისმა სამმა შვილმა იხილეს წესისაებრ განწყობილი ობლები, ყველანი საბეჭურით და სამონაზვნო წესით შემოსილები, გაუკვირდათ მათი სიმრავლე და მცირე ასაკი. კეისარმა შეაქო გიორგი: „დიდი და მაღალი საქმე გიქმნია, ჰოჲ, ნეტარო, რომელ ამას ჟამსა სხვაჲ ვერვინ შემძლებელ არს“-ო. მაშინ ბერმა გადასცა წერილობითი თხოვნა და უთხრა: „შემდგომად ღმრთისა ხელთა შენთა შევვედრებ ობოლთა ამათ, შეიწყალენ მლოცველად სულისა თქვენისა და შვილთა თქვენთა დღეგრძელობისათვის, ხოლო ამიერითგან არღარა მიხილოთ“. მეფემ სთხოვა, რომ ობლებისთვის ჟამნობა ეთქმევინებინა, მანაც სვიმონ მოხუცებულის განტევების ლოცვა ათქმევინა: „აწ განმიტევე მონა შენი, მეუფეო“ და ამ გალობით განაცხადა თავისი ამქვეყნიდან განსვლა. მაშინ ვერაფერს მიხვდნენ, მაგრამ, როცა გარდაიცვალა, „ყოველთავე, ვითარცა მძინარეთა, განეღვიძა და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან არ დაუფარა წმიდასა მას მიცვალებაჲ თჳსი“. კეისარმა გალობა რომ მოისმინა, მადლობა გადაუხადა ბერს და უთხრა: „კეთილად განგისწავლიან ბერძულსა გუარსა ზედა, კეთილო ბერო, შვილნი შენნი“ და ბრძანა დაესაჩუქრებინათ ობლები, შემდეგ კი დაჰპირდა, რაც შენს თხოვნაში სწერია ყველაფერს აგისრულებო და ათონის ქართველთა სავანის ხელშეუხებლობა ოფიციალურად დაუდასტურა. მაშინ ყველანი გამოემშვიდობნენ მეფეს, ხოლო „ბერი აღხდა სახედარსა ზედა, ვითარცა ყოვლად უვნებელი“ და მივიდა თავის სამყოფელში, ივირონის მეტოქში – ქსელონში (ივერთა მონასტერს მთელ მსოფლიოში ასზე მეტი მეტოქი, მასზე დაქვემდებარებული ეკლესია ჰქონდა). მწუხრი ილოცეს და რადგან მამა გიორგი კვლავ უძლურებამ შეიპყრო, მიწვა საწოლზე და ყველა დაითხოვა. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვაზე თვითონ განაგებდა ყოველ წესს და რიგს: ზოგი ტაძარში გაუშვა სალოცავად, ზოგიც მასთან დარჩა. ჩვეულებისამებრ სანთელი აანთეს, საკმეველი აკმიეს და მესამე ჟამი ილოცეს. როცა სახარება დაასრულეს, ბერებს ჯვარი გადასახა და წარმოთქვა: „დიდება შენდა, უფალო!“, შემდეგ საწოლზე გასწორდა: სანატრელი ხელები, რომელთაც ღმრთისმსახურებისათვის მრავალი ეღვაწათ, უმანკო და უბიწო გულზე გადაიჯვარედინა, მცირედ ოფლმა დაასხა, რომელიც მრავალჯერ დაუღვრია უფლის სამსახურში, პირჯვარი გადაიწერა, რომელიც მარად სასოდ და ზღუდედ ჰქონდა, კვლავ დაიდო მარჯვენა ხელი გულზე და აღსასრულის ჟამს თქვა: „ჴელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა“, აღმოიფშვინა და მისცა თავისი უბიწო სული წმინდა ანგელოზებს, 1065 წ. 29 ივნისს, პეტრე-პავლობას.
საშინელი გლოვის დღე დაუდგათ მის სულიერ შვილებს, რომელთაც მზრუნველი მამა დაკარგეს და ერთ წუთში უწინამძღვროდ დარჩნენ. მამასა და მოძღვარს ეძახდნენ და საბრალობელი ხმით დასტიროდნენ: „ვაჲ ჩვენდა, ვაჲ ჩვენდა შენ მიერ, ჰოჲ, მამაო, რაჲ ესე შემამთხვიე ჩვენ, სადა შემკრიბენ და აღგვზარდენ, ანუ აწ სადა დაგვიტევებ ჩვენ“. როდესაც კონსტანტინე კეისარს მოახსენეს: ის ბერი გარდაიცვალა, გუშინ შენ რომ გევედრებოდა თავისი ობლების შეწყალებას, დღეს კი თვით არის უფლის წინაშე წარმდგარი და შენთვის ევედრება მას, „რომელი იგი მამაჲ არს ობოლთა და მსაჯული ქვრივთა და მეუფე მეფეთა ქვეყანისათა“, განცვიფრდა და მოითხოვა ბერის დატოვებული წერილობითი თხოვნა, რომელშიც იგი ევედრებოდა: შეწყალებას თავისი ობლებისთვის, ხოლო თავისუფლების და შეუვალობის დამამტკიცებელ სიგელს ივირონისათვის. მეფემ სწრაფად შეადგინა ორი სიგელი: ერთი ობოლთა-თვის, რათა არავის ეკადრებინა მათი მონასტრიდან გაძევება ან რაიმე ვნების მიყენება, ხოლო მეორე მონასტრისათვის, რათა ვერავის გაებედა მონასტრის თავისუფლების ხელყოფა. მეფის გაგზავნილი ორივე სიგელი, დიდ-დიდი კელაპტრები, სანთლები და საკმეველ-სურნელი წმინდა ბერს მკერდზე დაუსვენეს და როგორც ცოცხალს ისე გადასცეს მეფის დანაბარები: „აჰა, ესერა ბრძანებაჲ შენი აღმისრულებია, უფროჲს თხოვისაცა შენისა, და აწ გევედრები, ნუ დამივიწყებ წინაშე ღმრთისა“. ამ დროს მივიდა ერთი დედაკაცი, ცრემლითა და გოდებით დაალტო წმინდა ბერის ცხედარი, რადგან სიცოცხლეში ვერ ეღირსა მის ხილვას, დაწერა თავისი ცოდვები, დაჰბეჭდა და გულზე დაადო, იმ იმედით, რომ მიუტევებდა და მის შეცოდებებს აღხოცავდა. წმინდა მამა ჩაასვენეს გამძლე ხის კიდობანში და წარემართნენ ზღვით მთაწმინდისკენ, ხოლო შემდეგ ექვსი მილი ურმებით გაიარეს, ზღვაზე სარკინოზებისაგან შექმნილი საშიშროების გამო. ურემზე სადაც გიორგი ათონელი ესვენა, მისი წიგნები და საკურთხეველში სახმარი ნივთებიც ეწყო. წინ დიაკვნები მიუძღოდნენ, უკან მღვდლები და მოხუცებული ბერები და მრავალი მისი სულიერი შვილი, ფსალმუნით, გალობითა და სულიერი შესხმით ღმერთს ადიდებდნენ და წმინდანს უგალობდნენ. მათ შორის ყველაზე პატარას, პანტელეიმონს, რომელიც ძალიან უყვარდა მამა გიორგის, ფეხში ეკალი შეესო და როცა ამოსაღებად დაიხარა, ურემი დაეჯახა და სწრაფად ზედ გადაუარა. ბერებმა სიმწრით წამოიყვირეს, რადგან ეგონათ, რომ, როგორც სუსტი ჭია, ისე გაწყვიტა ურემმა ყრმა წელში, მაგრამ სახიერი ღმრთის შეწევნით და წმინდა მამის მადლით, რომელიც მიცვალების შემდეგაც მფარველობდა თავის ობლებს, ყრმა მაშინვე ფეხზე წამოხტა და კვლავ ეკლის ამოღებას ცდილობდა. მერე თვითონ ის ყრმა ყვებოდა თავის გადარჩენის სასწაულებრივ ამბავს და უფალს მადლობდა. შემდეგ კვლავ ზღვით გააგრძელეს გზა და მშვიდობით მიაღწიეს ათონის მთას. მთაწმინდელები დიდი პატივისცემით წინ მიეგებნენ სულიერ მოძღვარს, კიდობანი ხელთ-იპყრეს და წმ. ექვთიმეს სამარტვილოს წინ დაასვენეს. სამი დღის შემდეგ წაასვენეს და ყოველთა წმინდათა ეკლესიაში დააბრძანეს, სადაც ყოველ ღამე ლოცვები და ღამისთევები სრულდებოდა, და ყოველ-დღე ჟამისწირვა აღესრულებოდა. ერთი წლის შემდეგ წინამძღვრისა და მამასახლისის, პატიოსანი ბერის, გიორგი ოლთისარის ბრძანებით, მეფის დამტკიცებითა და ძმათა ლოცვით კიდობანი გახსნეს და იხილეს ღირსი მამის უხრწნელი სხეული, რაც მისი სულის ბრწყინვალებას მიანიშნებდა. ერთ ბერს გაახსენდა დედაკაცის მიერ დაწერილი წერილი, ამოიღო, ბეჭედი გახსნა და ნახა, რომ ცოდვები წარხოცილიყო და კვლავ უკან ჩადო. 1066 წ. 24/V მაისს, წმ. სვიმონ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს ბერებმა გახსნეს გიორგი მაშენებლის მარმარილოს ლუსკუმა, წმ. გიორგი მთაწმინდელი, როგორც ცოცხა-ლი ისე ამოაბრძანეს, და გიორგი მაშენებელთან, მარცხენა მხარეს დაკრძალეს, როგორც ჭეშმარიტად მეორე მაშენებელი და შემამკობელი ეკლესიათა. ღირსი ათონელი მამების წმ. ნაწი-ლები ლათინმა ჯვაროსნებმა გაიტაცეს 1250 წ. და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
მამა გიორგის სიკვდილისას მისი მოძღვარი, გიორგი ღმერთშემოსილი, დაყუდებული, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ღირსი მამა განდეგილის ცხოვრებას ეწეოდა, მან უდიდესი ღვაწლი დასდო ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებას. ის ერთდროულად იყო უდიდესი ასკეტიც და ქვეყნიური მოღვაწეც, ყოველგვარ ეროვნულზე აღმატებული და თავისი სამშობლოს უდიდესი პატრიოტიც. მას მტკიცე კავშირი ჰქონდა ათონზე მოღვაწე ქართველ მამებთან, საიდანაც, მისი სიტყვით „სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან ყოველი აღმოსავლეთი საღმრთოჲთა ნათლითა განაბრწყინვა და წმინდანი ეკლესიანი ქართლისანი ახლად შეამკვნა“. მისი მრავალგზის დაჟინებული თხოვნით დაიწყო გიორგი მთაწმინდელმა თავისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა. ასევე, მრავალგზის თხოვნით და ორგზის წერილის მიწერით აიძულა გიორგი მთაწმინდელის ერთგული მოწაფე და თანმხლები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე – გიორგი მცირე (ხუცეს-მონაზონი) დაეწერა „ცხორება და მოქალაქობა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისა“. გიორგი მცირე ზედმიწევნით იცნობდა მის ცხოვრებას და 1066-1072 წლებში დეტალურად აღგვიწერა „თუალითა ხილული“ და „კაცთა მიერ სარწმუნოთა და წმიდათა უწყებული“, და ნათლად წარმოაჩინა გიორგი ათონელის დამსახურება მშობელი ხალხისა და ქართული ეკლესიის წინაშე. იგი თავისი თხზულების ერთ-ერთ შემკვეთად წმ. იოვანე ჭყონდიდელსაც ასახელებს: „ღმრთისმოყვარისაცა მის მიერ მთავარეპისკოპოსისა იოვანეს ვიტყვი ჭყონდიდელსა, ძმასა ნეტარისა პეტრე პატრიკისასა… დიდად იძულებულ იქნა უღირსებაჲ ჩუენი… რათა ყოველი სახე აღსრულებისა და გასლვისა წმიდისა ამის მამის ჩუენისაჲ უნაკლოდ მიუთხრა“ (1066-67 წლებში კონსტანტინეპოლში მყოფი იოვანე ჭყონდიდელი, როგორც ბაგრატ მეფის წარმომადგენელი, სთხოვს გიორგი ხუცესმონაზონს გიორგი მთაწმიდელის ცხოვრების აღწერას).
გიორგი დაყუდებულმა თავისი წვლილი სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც შეიტანა, სხვისი შრომების გადაწერით. გარდაიცვალა 1068 წ. თავისი სულიერი შვილის გარდაცვა-ლებიდან სამი წლის შემდეგ (ხს. 3/7). გიორგი მცირის თხზულებისადმი ინტერესი გაცხოველებულა XVIII-XIX ს.ს-ში (ამ პერიოდს ეკუთვნის გ. ათონელის ,,ცხოვრების” ხელნაწერთა უმრავლესობა).
* * *
1067 წ. 22 მაისს გარდაიცვალა კონსტანტინე X დუკა და იმპერიის მართვა გამგეობა ქვრივი დედოფლის ევდოკიას ხელში გადავიდა. დედოფალმა გადაწყვიტა გათხოვილიყო და იმავე წლის ბოლოს კაბადოკიელ დიდგვაროვანთა წრის წარმომადგენელზე, რომანოზ დიოგენეზე დაქორწინდა, რომელიც 1068 წლის 1 იანვარს იმპერატორად დაადგინეს. მან უწინარესად არმიის გაძლიერებაზე იზრუნა და მოკლე დროში გააძლიერა იმპერიის არმია.
1067 წ. ალფ-არსლანის ბრძანებით ანისის მფლობელმა აბულ-ასვარმა საქართველოში ილაშქრა. ამის საპასუხოდ ბაგრატ IV-მ ბარდავი დაარბია, ამავე დროს საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა განაახლა და 1068 წელს კახეთის ასაღებად გაილაშქრა. ძლევამოსილი საქართველოს მეფის წინაშე კახთა მეფემ აღსართან გაგიკის ძემ (1058-1084) და კახელმა დიდებულებმა „ყოველთა დაყარეს ციხენი მათნი და ივლტოდეს კავკასიად“, მაგრამ სრულიად მოულოდნელად პოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა: სულთანი ალფარსლანი შეიჭრა ჰერეთში, რომლის დიდებულებიც ბაგრატის მომხრენი იყვნენ. სულთნის შემოსვლი-სთანავე ბაგრატ მეფის მოწინავე მხედრობამ დაპყრობილ ციხეებს თავი მიანება, უკან დაიხია და „შემოიქცეს მშჳდობით“. სწორედ ამ მეომრებმა გააგებინეს ბაგრატს სულთნის გამოჩენა და იგიც იძულებული იყო ქართლში დაბრუნებულიყო. კახთა მეფე აღსართან I-ი სულთანს მიემხრო, ქრისტიანობა უარყო, გამაჰმადიანდა, წინადაიცვითა და სულთანს „ხარაჯა აღუთქვა“ [საქართველოს ისტორიაში მეფეთა შორის პირველი გამაჰმადიანდა სომხური წარმოშობის, ტაშირ-ძორაკეტის ბაგრატუნი მეფის ჩამომავალი – გაქართველებული ნასომხარი – კახეთ-ჰერეთის მეფედ მოვლენილი აღსართან I]. სამაგიეროდ მან აღსართანს დაუბრუნა ყველა ის ციხეები, რომლებიც ბაგრატის ლაშქარმა დაიპყრო და სულთნის გამოჩენაზე მიატოვა.
3 კვირის შემდეგ ალფ-არსლანმა ბაგრატის წინააღმდეგ გაილაშქრა. მას მოკავშირეებად ჰყავდა კახთა მეფე აღასართანი, ტაშირ-ძორაკეტის მეფე კჳრიკე II, თბილისის ამირა, განძის შადადიანი ამირა ფადლონ II და ანისის შადადიანი შაჰან-შაჰი აბულ-ასვარი.
1068 წ. 10 დეკემბერს, შაბათ დღეს შეერთებული მხედრობა შემოესია ქართლს. სულთანმა გაუშვა „მარბიელი რაზმები“, რომელთაც მოაოხრეს ჯერ ქართლი, მერე არგვეთი და დაარბიეს ქვეყანა სვერის ციხემდე. იმ ექვსი კვირის განმავლობაში, როცა სულთნისა და მისი მოკავშირეთა მხედრობა საქართველოში დანავარდობდა, ქვეყანა სანოვაგისგან დაიცალა; ალფ-არსლანის მეორე ლაშქრობის საერთო შედეგი მეტად მძიმე იყო: „მოისრა ურიცხვი სული ქრისტიანეთა და ტყუე იქმნა… მოოხრდეს ყოველნი ეკლესიანი… და იქმნა საძაგელ ქუეყანა ქართლისა სახილველად კაცთა“. სწორედ ამ დროს სასტიკი ზამთარი და ყინვები დაიჭირა ისე, რომ ვინც მტერს გაექცა და მთებში გაიხიზნა, იმათგანაც ბევრი გაიყინა. როდესაც აფხაზეთში შეფარებულმა ბაგრატმა სულთანთან ივანე ლიპარიტის ძე მიგზავნა და ზავი სთხოვა, ალფარსლანს გაეხარდა კიდეც და ბაგრატს „სთხოვა ხარაჯა და უქადა მშვიდობაჲ“, რასაც საქართველოს მეფე არ დასთანხმდა. სულთანმა ზამთრის სიფიცხეს ვერ გაუძლო და უკან გაბრუნდა. შინისაკენ მიმავალმა ალფ-არსლანმა თბილისი და რუსთავი განძის ამირა ფადლონს გადასცა. მკაცრ თოვლიან ზამთარს გაზაფხულზე წყალდიდობები მოჰყვა, ადიდდა მდინარეები და მრავალი სული იმსხვერპლა.
გათამამებულმა ფადლონმა თბილისსა და მის მიდამოებში ბარბაროსობას მიჰყო ხელი, ამიტომ ბაგრატმა თბილისის სანახებში მოთარეშეს ჯარი მიუსია. დამარცხებული და გაქცეული ფადლო-ნი ჟალეთის მახლობლად შეიპყრეს, და იმის მაგივრად, რომ ბაგრატისთვის გადაეცათ, აღსართანს მიუყვანეს. მოლაპარაკების შედეგად ბაგრატ მეფემ აღსართანს „მისცა ბოჭორმა და უჯარმო კახთა“ და მიიღო ტყვე ფადლონი. როდესაც მტერი ხელში ჩაუვარდა, ბაგრატ IV თბილისს მიადგა და გაჭირვებით აიღო, საამიროს ციხეებიც ჩამოართვა, თუმცა სულთნის შიშით ვერ დაისაკუთრა და ქალაქი და საამირო თბილისის ამირების ერთ მემკვიდრეთაგანს, სითილარაბს გადასცა იმ პირობით, რომ ის, ვითარცა ყმადნაფიცი წლიურად 50.000 დრაჰკანს გადაიხდიდა. ბაგრატმა აიღო „ციხენი რუსთავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგოლ-წმიდანი და ქავაზნია“ და მძევლებიც ჩამოართვა, როგორც ფადლონს, ასევე სითილარაბს.
ბაგრატმა სულთნის შუამდგომლობის შემდგომ, ფადლონი გაათავისუფლა და განძას გაგზავნა, სამაგიეროდ მოართვეს გაგიკეთი და გაგი, მაგრამ ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდგომ, ფადლონმა უპირობა გამოიჩინა და დადებული ფიცი გატეხა: ისევ საქართველოს საზღვრებს მოადგა და „მოიპარა ქავაზანი“, ხოლო შემდეგ აგარათაკენ გაილაშქრა. აგარის ციხისთავმა აგარანი მოატოვა და მტერს ჩაუგდო ხელში. ამის საპასუხოდ აფხაზეთში მყოფმა ბაგრატმა აგარანი მტერს ისევ გამოგლიჯა ხელიდან, მეშველად თავის ცოლის ძმა, ოსთა მეფე დორღოლელი იხმო (40.000-იანი ლაშქრით) და ქართველ-ოსთა ლაშქარი თავისი ძის, უფლისწულ გიორგის მეთაურობით ფადლონის დასასჯელად გაგზავნა. მათ „მოაოხრეს განძა და აღიღეს ტყვე და ნატყენავი მისი ურიცხვი“ და საქართველოში მოიტანეს. ომიდან დაბრუნებულმა ოსთა მეფემ ქუთაისში თავისი და, ბორენა დედოფალი მოინახულა. ქართლში მობრუნებულ ცოლისძმას ბაგრატ IV-მ ნადარბაზევს 12 დღიანი ლხინი გაუმართა და უხვად დასაჩუქრებული სამშობლოში გაისტუმრა.
ასეთ გართულებულ პოლიტიკურ მდგომარეობაში სულთანი ალფ-არსლანი ცდილობდა, რომ საქართველო, რომელიც მან ორჯერ ააოხრა (1064 და 1068 წწ), იურიდიულად ანუ ხელშეკრულებითაც დაემორჩილებინა, მაგრამ მეფე ამაზე არ თანხმდებოდა. ამის მაგიერ ყოველწლიურად ძღვენს უგზავნიდა, ხარკის დადებაზე კი უარს ამბობდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად მძიმე შედეგებისა, საქართველოს სამეფოს ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა არ დაუკარგავს, თუმცა ქვეყნის სამხრეთ რაიონებში დაიწყო თურქული ეთნიკური ელემენტის მომრავლება.
1068 წ. რომანოზ დიოგენე სირიაში შევიდა და ალეპოს დაემუქრა, შემდეგ კაბადოკიაში თურქთა რაზმები დაამარცხა, ხოლო 1070 წ. ვანის ტბის მახლობლად, ქალაქ მანციკერტთან დაამარცხა სირიასა და არმენიაში შეჭრილი ალფ-არსლანი.
1071-19/IX მანციკერტის კედლებთან ბიზანტიელებსა და თურქებს შორის უკვე გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა იმისთვის, თუ ვის უნდა დარჩენოდა მცირე აზია. ბიზანტიელებმა თურქებს უკან დახევა აიძულეს, მაგრამ შინაური ღალატის შედეგად რომანოზი ტყვედ ჩავარდა, ხოლო მისმა არმიამ სასტიკი მარცხი იწვნია. თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს მცირე აზიის დიდი ნაწილი, ირანი, ბიზანტიის ქალაქები და იქვე დასახლდნენ (ეს იყო ბიზანტიის დაუძლურების დასაწყისი). რომანოზ კეისარმა სულთანთან დაზავება მოახერხა, მაგრამ უკან დაბრუნებული დუკებმა მოღალატედ გამოაცხადეს და მოკლეს. ბიზანტიის იმპარატორი გახდა მისი გერი, კონსტანტინე X-ის უფროსი ვაჟი, მიქაელ VII დუკა პარაპინაკი (1071-1078 წ.წ.). იგი იყო ბაგრატ მეოთხის სიძე, მართა-მარიამის ქმარი [1074 წელს მარიამს და მიხეილ VII-ს შეეძინათ ვაჟი, კონსტანტინე პორფიროგენეტი. 1078 წელს სამეფო კარზე მორიგი გადატრიალების შედეგად იმპერატორად გამოაცხადეს ნიკიფორე III ბოტანიატე (1078-1083), ხოლო განათლებული, მაგრამ მართვა-გამგეობაში გამოუცდელი მიხეილ VII მონასტერში გაამწესეს. ხანში შესულმა და ორჯერ დაქორწინებულმა ნიკიფორემ ბიზანტიის იმპერატორის ტახტზე ლეგიტიმურობის გასამყარებლად აიძულა დედოფალი მარიამი (მართა), რომ ცოლად გაჰყოლოდა მას და დაჰპირდა, რომ კონსტანტინეს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდა, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა და გადაწყვიტა სამეფო კვერთხი გვერდითი შტოსათვის, სინადინების გვარისთვის გადაეცა. მალე სასახლის კარზე ახალი შეთქმულება მომზადდა ისააკ პირველის (1057-1059) ძმიშვილების ისააკ და ალექსი კომნენოსების მეთაურობით. მათ კავშირი შეკრეს დედოფალთან (ალექსი მარიამ დედოფალმა იშვილა ყველა წესის დაცვით, ხოლო მის უფროს ძმას ისააკს მართას დისწული (ან ძმისწული) ზონარა (ირინე) შეურთავს ცოლად. მათი ვაჟი იოანე-ადრიანე XII საუკუნის ორმოციან წლებში ბულგარეთის მთავარეპისკოპოსი გახდა) და შეჰპირდნენ, რომ თუ ბიზანტიის სამეფო ტახტზე ერთ-ერთი კომნენოსი ავიდოდა, მარიამის ძეს, კონსტანტინეს, ხელისუფლებას გაუნაწილებდნენ. მათ მიემხროთ ალექსისთან დაახლოებული და ბიზანტიის სამეფო კარზე მოღვაწე ტაოელი დიდებული გრიგოლ ბაკურიანის ძე. 1081 წელს ალექსი კომნენოსმა მარიამის და გრიგოლის დახმარებით ტახტიდან გადააყენა ნიკიფორე III ბოტანიატე (ბერად აღკვეცა) და გამეფდა (1081-1118). ალექსიმ, პირობისამებრ კონსტანტინე თანამმართველად გამოაცხადა და თავის ასულ ანაზე დანიშნა. 1081-1092 წლებში კონსტანტინე სამეფო სიგელებსა და ოქრობეჭდებს ალექსი კეისრის შემდეგ წითელი მელნით აწერდა ხელს და საზეიმო გამოსვლების დროს სამეფო თავსაბურავით შემკული კეისარს უკან მიჰყვებოდა. 1087 წელს ალექსი კომნენოსს ვაჟი-მემკვიდრე იოანე შეეძინა. მან ანა და კონსტანტინე ერთმანეთს დააშორა და 1092 წელს ყრმა იოანე II იმპერატორად აკურთხა, კონსტანტინე სამეფოდან გააძევა და მარიამი მონაზვნად აღკვეცა., თუმცა ის მაინც განაგრძობდა ბრძოლას შვილისათვის ტახტის მოსაპოვებლად და 1094 წელს ალექსის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობაც მიიღო. 1095 წელს კონსტანტინე მოულოდნელად გარდაიცვალა (სავარაუდოდ მოწამლეს. მართა-მარიამი დაახ. 1107 წ. გარდაიცვალა და დაკრძალულია თრაკიაში მდებარე მონასტერში, მის კუთვნილ მამულში, რომელიც მას ალექსი კომნენოსმა გამოუყო გადასახლებაში. ბიზანტიის იმპერატორის ალექსის ასული ანა კომნენოსი, შუა საუკუნეების ყველაზე განათლებული ქალი და სერიოზული მეისტორიე, დედოფალ მარიამს (მართას) თვლიდა ქალებში ეტალონად, როგორც შესახედავად ისე ჭკუით და გონებით. მარიამის სილამაზესა და განათლებას თავის ნაშრომებში ხშირად იხსენებს ცნობილი ბერძენი საეკლესიო მოღვაწე, თეოლოგი, ფილოსოფოსი და რიტორი – ნეტარი თეოფილაქტე ოხრიდელი (ბულგარელი), რომელსაც მფარველობდა დედოფალი და სწორედ მას მიანდო ერთადერთი შვილის აღზრდა-განსწავლა. დიდ ღმრთისმეტყველს მიმოწერა ჰქონდა მარიამ დედოფალთან და მისივე თხოვნით შექმნა მრავალი საღმრთისმეტყველო ნაწარმოები, მათ შორის „იოანეს სახარების განმარტება“ და „მეფეთა განსწავლა“. ნეტარი თეოფილაქტე ქართველთა სათვისტომოსთან დაახლოებული პირი იყო და მიმოწერა ჰქონდა მარიამის ძმასთან გიორგი მეორესთან და გრიგოლ ბაკურიანისძესთან. მარიამ დედოფალს ბიზანტიური წყაროები ხშირად მარია ალანიელს უწოდებენ, რადგან მისი დედა – ბორენა და იყო ოსთა მეფე დორღოლელ დიდისა და ასული მეფე ურდურესი). 1104 წელს მართა იმყოფებოდა საქართველოში და რუის-ურბნისის კრებასაც დაესწრო მის საყვარელ ძმასთან (გიორგი II) და ძმიშვილთან (დავით IV აღმაშენებელთან) ერთად. აღსანიშნავია მართას ქველმოქმედებაც. გარდა იმისა რომ ის ეხმარებოდა ქვრივებსა და დავდრომილებს (გლახები), ის ასევე ქონებას სწირავდა იმ ქართულ მონასტრებს, რომელიც ბიზანტიასა და საზღვრებს გარეთ მდებარეობდა, მათ შორის ათონის ივერთა მონასტერს, პეტრიწონისა და ჯვრის მონასტრებს და აშ. მანვე დედასთან ერთად ხელი შეუწყო იერუსალიმში სხვადასხვა მონასტრების აგებასა და განახლებას. მართა-მარიამი დაახ. 1107 წ. გარდაიცვალა და დაკრძალულია თრაკიაში მდებარე მონასტერში, მის კუთვნილ მამულში, რომელიც მას ალექსი კომნენოსმა გამოუყო გადასახლებაში].
45 წლის განმავლობაში მღელვარებითა და ბრძოლით აღსავსე მეფობის შემდეგ ბაგრატ IV დასნეულდა, „შემდგომად მცირედთა წელიწადთა სამშვილდისა ტბათა მდგომსა ბაგრატ მეფესა დაეცა სალმობა მუცლისაჲ“… ჩადგა მარაბდათა“, მაგრამ უკეთესობა არ დასტყობია. მძიმე ავადმყოფი ტახტრევანით წამოიყვანეს ქართლში, თან უფლისწული გიორგიც ახლდა. აქ მას მიეგებნენ დიდებულნი და ოჯახის წევრები – დედა – მარიამ დედოფალი, ცოლი – ბორენა და ასული – ბიზანტიის დედოფალი მარიამ მართაყოფილი რაკი მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, „შემდგომად მცირედთა დღეთა მიუთვალა ძე მათი გიორგი კურაპალატი მეფედ დიდებულთა ამის სამეფოსათა“, და მის ერთგულებაზე დააფიცა, ხოლო მეორე მხრივ „ყოველნი შევედრნა“, თავის მემკვიდრეს და 1072 წ. 24 ნოემბერს „შეჰვედრა სული უფალს“. სიკვდილის წინ 56 წლის ბაგრატ მეფემ გულმტკივნეულად უთხრა თავის დამწუხრებულ დედას: „დედაო, მეწყალი შენ, რამეთუ ყოველნი შობილნი შენნი წარგვიქციენ წინა და ეგრეთ-ღა შენ მოჰკუდებიო“. ბაგრატ IV „დიდითა დიდებითა და პატივითა წარიყვანეს“ და ჭყონდიდს მისგანვე შემზადებულ საფლავში ჩაასვენეს.
საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატ IV-ის ძე, გიორგი II კურაპალატი (1072-1089) ავიდა, „უუხვესი ყოველთა მეფეთასა და პურად უკეთესი ყოველთა კაცთასა“ (დავით აღმაშენებლის მამა). რჩეული ცხენოსან-მშვილდოსან მეფეს გართობა და ნადირობა უფრო იტაცებდა, ვიდრე სახელმწიფო საქმეებზე ზრუნვა.
* * *
გიორგი მთაწმინდელის გარშემო შემოკრებილი იყვნენ სხვა მწიგნობარ-გადამწერებიც, რომელნიც თარგმნიდნენ ბერძნულიდან და ამრავლებდნენ ხელნაწერებს. ამავე ხანებში მოღვაწეობდნენ გადამწერები (კალიგრაფები): არსენ გოგოფა, იაკობი, იოანე ხარტულარი. სტეფანე ათონელი, ბასილი და ნიკოლა, რომელსაც „გიორგი თარგმანის“ მამობაში (გიორგი მთაწმინდელს „გიორგი თარგმანის“ სახელითაც მოიხსენებდნენ), მისივე ავტოგრაფიდან გადაუწერია (თუ გადაუწერინებია) სამოციქულო. ამავე პერიოდის მოღვაწეა ათონელი ჰიმნოგრაფი ეზრა, რომელსაც დაახლოებით 1044-1074 წ.წ. დაუწერია საგალობელი „წმიდისა მამისა ჩუენისა იოანე ქართველისაჲ, რომელმან აღაშენა მთაწმიდას დიდი ლავრაჲ ქართველთაჲ“. მრავალრიცხოვან მოღვაწეთაგან ასევე გამორჩეულია გიორგი ოლთისარი, რომელმაც ბაგრატ IV ასულის, ბიზანტიის დედოფლის მარიამ მართა-ყოფილისა და მისი ვაჟის კონსტანტინე პორფიროგენეტის დახმარებით განავრცო მონასტრის მამულები. გიორგი III ოლთი-სარის ხელშეწყობით შეიქმნა მეტად მნიშვნელოვანი „ათონის კრებული“, რომელშიც შესულია მონასტრის აღმშენებელთა ცხოვრება, დასდებლები და საგალობლები. ეს კრებული შემდეგ განივრცო და დაემატა წმ. გიორგი ათონელისა და ილარიონ ქართველის ცხოვრება და საგალობლები, აგრეთვე წმ. ექვთიმეს ნათარგმნი წმ. იოანე ღმრთისმეტყველის ცხოვრება, ხოლო როდესაც მას აღაპებიც (მოსახსენებლები) დაემატა, იგი იქცა სააღაპე წიგნად. ათონელ მოღვაწეებს მარიამ დედოფლისა და კონსტანტინესთვისაც დაუდიათ აღაპი (სულის საოხი წირვა-ლოცვა ზედ მობმული პურობით) „დიდთა და მრავალთა ქუელისმოქმედებათა მათთათჳს“.
მღვდელმოწამე კირიონ II – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1918)
მღვდელმოწამე კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი), დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, წმიდანმა სწავლა გააგრძელა გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1880 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა კიევის სასულიერო აკადემია და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ.
1883-1897 წლებში წმიდა კირიონი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა გორში, თელავში, ქუთაისში, თბილისში; 1886 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაგოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად; აარსებდა სამრევლო სკოლებს, წიგნსაცავებს და ბიბლიოთეკებს, ამავე დროს ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე.
1897 წელს უფლის რჩეული მონაზვნად აღიკვეცა კირიონის სახელით და ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამ პერიოდში ღვთისმსახურების პარალელურად კირიონი მეცნიერულ მოღვაწერობასაც აგრძელებს: კრებს ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობს ხალხის ზნე-ჩვეულებებს, მუშაობს ეკლესია-მონასტრების სიძველეებზე. თბილისის საეკლესიო მუზეუმსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა საცავს იგი უხვად სწირავს ეკლესია-მონასტრების ნესტიან სენაკებში მიკვლეულ და საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ იშვიათ ხელნაწერებს.
1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად, რასაც ქართული საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა. წმიდა კირიონმა საკუთარი საფასით დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთება, ხელი მიჰყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლას. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს სხვა ხელნაწერებთან ერთად გადასცა ბაგრატ IV-ის დროინდელი, 1089 წელს გადაწერილი სახარება, რომლის შესახებაც ქართულმა მეცნიერებამ მანამდე არაფერი იცოდა. ამავე დროს კირიონმა ხმა აღიმაღლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების გამო. მან ვრცელი დასაბუთებული ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა ამ ტაძრების დაბრუნება საქართველოს ეკლესიისთვის.
1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსია. ამ დროისათვის საქართველოს საეგზარქოსომ შენიშნა, რომ წმიდა მღვდელმთავრის ირგვლივ თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობა ეპისკოპოსს ხშირად უცვლიდა ეპარქიებს: 1903 წელს იგი გაამწესეს, 1904 წელს – ორიოლში, 1906 წელს – სოხუმში. სოხუმში წმიდა კირიონმა ბევრი იღვაწა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღდგენისათვის. მალე იგი კონვოს ეპარქიაში გადაიყვანეს
1907 წლის სექტემბერში წმიდანს უფლება არ მისცეს, საქართველოში ჩამოსულიყო და უკანასკნელი პატივი მიეგო წმიდა ილია მართლის ცხედრისთვის. მან მხოლოდ დეპეშის გამოგზავნა მოახერხა. 1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა. მთავრობის ამგვარი სიმკაცრის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო კირიონის დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის.
კირიონის დევნა-შევიწროება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობის ორგანიზება დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც კი შექმნეს და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მისი გათავისუფლების მოთხოვნით. წმიდა მღვდელმთავარი მასზე დაშვებულ ამ განსაცდელს ამგვარი განწყობით ხვდებოდა: „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია“.
მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ მისცეს.
წმიდანი უდიდესი ქველმოქმედი იყო. მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამასამდე ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება.
ჯერ კიდევ XIX ს-ის 90-იან წლებში, როცა ქართული ენა ოფიციალური ხელისუფლებისაგან დევნილი იყო, კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა.
1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველოს ქართველი საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსკენ გამოემგზავრა. არაგვის ხეობაში მას შეეგება ასოცამდე ცხენოსანი, რომელთაც დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე. თბილისშიც ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს წმიდანს.
1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც საზეიმოდ ეკურთხა იმავე წლის 1 ოქტომბერს.
სვეტიცხოველში აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ბრძანა: „სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებასა განწმედილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა… ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა მცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომაპყარ: „არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა“ (მთ. 20,28). მოვედი არა ვითარცა მნე სასყიდით დადგინებული, არამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი“.
კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ და დასაბუთებულად გადმოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორია და მოითხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.
საქართველოში სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპების დამკვიდრებისა და აღორძინებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი წმიდა პატრიარქის მოღვაწეობა ზღუდავდა ეკლესიის და ქვეყნის წინააღმდეგ შეკრებილი ბოროტი ძალების მოქმედებას, რომელთა გამოსვლები თანდათან უფრო და უფრო საშიშ და ცინიკურ სახეს იღებდა. ამ დროს მრავალი საეკლესიო და საერო მოღვაწე იქნა მოკლული. ბოროტების უპირველესი სამიზნე იყო ის წმიდა ადამიანები, რომელთა ავტორიტეტი ძალიან დიდი იყო ხალხში. საქართველოს წმიდა ეკლესიის სამოციქულო ტახტზე მჯდომი საჭეთმპყრობელის წმიდა კირიონის სარწმუნოებრივ-ეროვნული მოღვაწეობა მოსვენებას არ აძლევდა ეკლესიისა და ქვეყნის მტრებს, დაიწყო დაუსრულებელი ცილისწამებები, პროვოკაციები, შანტაჟები, მუქარები და… 1918 წლის 26 ივნისს წმიდა კირიონ კათალიკოსი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში.
წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მოწამეობრივად აღსრულებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II წმიდანთა დასში შეირაცხა.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
მართალი იოანა მენელსაცხებლე (I)
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
ერთხელ მძიმედ დასნეულებულ იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ზეგარდმო ეუწყა, რომ მხოლოდ სამსონს შეეძლო მისი განკურნება. მართლაც, მადლმოსილმა მკურნალმა ილოცა, ხელით შეეხო მტკივან ადგილს და თვითმპყრობელმაც შვება იგრძნო. მალე იუსტინიანე სრულიად განიკურნა და გახარებულმა, წმიდანს ოქრო-ვერცხლი შესთავაზა საზღაურად. სამსონმა ჯილდოზე უარი განაცხადა და დავრდომილთა თავშესაფრისა და ქსენონის აგება ითხოვა. იმპერატორმა ხალისით შეასრულა სათხოვარი.
ცხოვრების მთელი დარჩენილი ნაწილი სამსონმა მოყვასის მსახურებას შესწირა. მან ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 530). წმიდანი წმიდა მოწამე მოკის სახელობის ტაძარში დაკრძალეს. მის საფლავთან მრავალი კურნება აღესრულა. დავრდომილთა თავშესაფარი და ქსენონი არ დახურულა. ნეტარი მამა სიკვდილის შემდგომაც ზრუნავდა ტანჯულებზე. იგი ორჯერ გამოეცხადა ქსენონის ერთ დაუდევარ მსახურს და სიზარმაცის გამო გაკიცხა. ღირსი სამსონის თაყვანისმცემელთა თხოვნით დავრდომილთა თავშესაფარი ტაძრად გადაკეთდა, გვერდით კი ახალი შენობა აიგო მწირების მისაღებად. კონსტანტინეპოლის ხანძრის დროს სამსონის თავშესაფარს ალი არ გაჰკარებია. წმიდანის ლოცვით ზეციდან წვიმა გარდამოხდა და ცეცხლი ჩააქრო.