11.07.2024. მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

ხსნილი თევზით. 11.07.2024 

მოწამეთა უვერცხლოთა და სასწაულთმოქმედთა კვიროს და იოანესი (აღმოყ. წმ. ნაწ.) (412); ღირსისა პავლე მკურნალისა; ღმრთისმშობლის ხატისა „სამხელიანი“ (VIII). 

დღის ლოცვა 

აღმოყვანება ნაწილთა უვერცხლოთა მოწამეთა კვიროს და იოანესი

ტროპარი: საკვირველებანი წმიდათა შენთა მოწამეთანი ზღუდედ უბრძოლველად მოგუანიჭე, ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახვანი წარმართთანი განაქარვენ და სკიპტრა მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთმოყვარემან. 

კონდაკი: საღმრთოთა მადლთაგან საკვირველებათა ნიჭი მოგიღებიესთ, წმიდანნო, და დაუცხრომელად საკვირველთმოქმედებით ყოველთა ვნებათა ჩუენთა უხილავად ხელთმოქმედებითა გარდამკვეთელნი, კვიროს ღმრთივგანბრძნობილო იოანეთურთ ყოვლადქებულით, რამეთუ თქუენ ხართ საღმრთონი. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: რომ. 8: 22-27 (დას. 98). მთ. 10: 23-31 (დას. 37). – ხუთშ.
რომ. 9: 6-19 (დას. 101). მთ. 10: 32-36; 11: 1 (დას. 38). – პარ.
უვერცხ.: 1 კორ. 12: 27-31; 13: 1-8 (დას. 153). მთ. 10: 1, 5-8 (დას. 34, შუა). 

ლიტ.: რომ. 8: 22-27 

22. რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე. 23. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში. 24. რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ? 25. ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას. 26. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით. 27. ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით.

ლიტ.: მთ. 10: 23-31 

23. და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა. 24. არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა, თავის მბრძანებელზე უპირატესი. 25. საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის – როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას. 26. მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 27. რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. 28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას. 29. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. 30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია. 31. მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.

უვერცხ.: 1 კორ. 12: 27-31; 13: 1-8 

27. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი – მისი ასონი, 28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა. 29. განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი? 30. ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი? 31. მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ. 

1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. 3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. 4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.

უვერცხ.: მთ. 10: 1, 5-8 

1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა. 

5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. 6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. 7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

სამხელიანი ღვთისმშობელი

undefined

სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი — ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მისი ხსენების დღეა 11 ივლისი.ხატის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ხატთაყვანიცემის დიდი ქომაგისა და ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის თვალსაჩინო წარმოამადგენლის იოანე დამასკელის სახელს.730 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა გამოსცა ედიქტი, რომელიც ხატთა თაყვანისცემას კრძალავდა. ამ ბრძანებას შედეგად ქრისტიანების რბევა-შევიწროვება მოჰყვა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე სამშობლოდან გააძევეს, სკოლები დახურეს, დედაქალაქის უმდიდრესი ბიბლიოთეკა გადაწვეს. მაშინ როდესაც ხატმებრძოლი იმპერატორის მიერ მართლმადიდებლები დაუნდობელი სისასტიკით იდევნებოდნენ, წმ. იოანე დამასკელმა ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა ეკლესიის დასაცავად. პირველივე სიტყვაში, რომელიც მან ხატთა თაყვანისცემის დასაცავად წარმოთქვა, წმიდა წერილისა და წმინდა გადმოცემის საფუძველზე შესანიშნავად გახსნა საეკლეისიო დოგმატი ხატების თაყვანისცემის შესახებ. მისმა მართლმადიდებლური რწმენისადმი წმიდა სიყვარულით შთაგონებულმა სიტყვამ, იმათი გულიც კი შესძრა, რომელნიც ჭეშმარიტებას აქტიურად ეწინააღმდეგობდნენ. როდესაც ერეტიკოსები მიხვდნენ, რა საშიშროებას უქმნიდა ცრუ სწავლებას იოანე დამასკელი, ყოველი ღონით შეეცადნენ ცილისწამებით დაემცირებინათ სახელი დიდი მქადაგებლისა.იმპერატორმა ლეონმა მეგობრული წერილი გაუგზავნა დამასკოს ხალიფას, რომელშიც წმ. იოანეს ხალიფას ღალატში სდებდა ბრალს. კერძოდ, იგი წერდა, რომ იოანე მზად იყო ჩაებარებინა იმპერატორისათვის ჯერ დამასკო, ხოლო შემდეგ მთელი ამ მხარის დაპყრობაში დახმარებოდა. რაზედაც იგი თითქოსდა უარით პასუხობდა, რადგან დამასკოს მმართველთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება სურდა. წერილს ლეონმა თან დაურთო ხელნაწერი, რომელიც თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წმ. იოანემ გაუგზავნა.განრისხებულმა ხალიფამ საქმის გამოუძიებლად, ისე რომ არ შეისმინა იოანეს ვედრება, მიეცათ მისთვის დრო თავის გასამართლებლად, წმიდანისათვის იმ მარჯვენის მოკვეთა ბრძანა, რომლითაც მან თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წერილი გაუგზავნა. ბრძანება მყისვე შეასრულეს და მოკვეთილი მარჯვენა სხვათა დასაშინებლად საქვეყნო ადგილზე გამოფინეს.საღამოთი, როდესაც ხალიფას მრისხანება შედარებით დაცხრა წმ. იოანემ მეგობრების მეშვეობით სთხოვა მოკვეთილი მარჯვენის მიცემა, რათა დაემარხა. ხალიფა დათანხმდა. შუაღამისას წმ. იოანე სამლოცველო ოთახში ჩაიკეტა, მოკვეთილი მტევანი მკლავს შეუერთა და მუხლებზე დავარდნილი მხურვალეს შეევედრა ღვთისმშობელს გაემთელებინა ხელი, რასაც იგი ღვთის სადიდებელი საგალობლის შექმნისთვის გამოიყენებდა.ხორციელად ნაწამებსა და სულიერი მღელვარებით გადაქანცულ იოანეს ღვთისმშობლის ხატის წინ ჩაეძინა. ძილში მას დედა ღვთისა ეჩვენა, რომელიც ლმობიერი თვალებით უყურებდა, და უთხრა:„აი, ხელი შენი გამრთელდა; მეტად ნუღარ სწუხარ, არამედ შეასრულე ის, რასაც ლოცვაში შემპირდი.“წმ. იოანეს გამოეღვიძა და სასწაული იხილა: მოკვეთილი მტევანი მაჯასთან მიერთებოდა. მხოლოდ წვრილი ვარდისფერი ზოლიღა მოაგონებდა გადატანილ ტანჯვას.მადლიერების გრძნობით აღსავსე წმ. იოანემ ბრძანა გაეკეთებინათ ვერცხლის ხელი და იგი მისი ქომაგის ხატზე მიემაგრებინათ, რის გამოც ამ ხატს ტრიხერუსა (სამხელა) ეწოდა.ამ სასწაულმა მოსახლეობასთან ერთად ხალიფაც დაარწმუნა იოანეს უდანაშაულობაში და მისდამი ისევ მეგობრულად განეწყო, მაგრამ იოანემ გადაწყვიტა, რომ დაუდგა შესაფერისი დრო აღთქმის აღსრულებისა. მიუხედავად ხალიფას მხურვალე ხვეწნა-მუდარისა, რომელსაც სურდა წყალობით გამოესყიდა იოანეს მიმართ ჩადენილი უსამართლობა, მან მაინც დატოვა მშობლიური ქალაქი და სამეფო კარი, მონები და მოსამსახურეები გაათავისუფლა, მთელი ქონება ღარიბებს დაუტოვა და კოზმასთან ერთად იერუსალიმისაკენ გაეშურა. იერუსალიმში წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ იგი სამოღვაწეოდ საბაწმიდის ლავრაში დამკვიდრდა.ტრიხერუსა, ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი, მუდამ მასთან იყო, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ლავრის საკუთრება გახდა. 1122 წელს ლავრას ესტუმრა სერბეთის მთავარეპისკოპოსი წმ. საბა; ლავრის ძმობამ ღვთისმშობლისავე სურვილით ტრიხერუსა მას მიართვა, ასე რომ, ხატი სერბეთში გადააბრძანეს.XVI საუკუნეში თურქეთის შემოსევის შედეგად ხატს განადგურების საფრთხე დაემუქრა. ღვთის მოსავმა სერბებმა გადაწყვიტეს თვითონ ზეციური დედოფლისათვის მიენდოთ ხატის ბედი. სანდრო წყაროებიდან ჩანს, რომ წმინდა ხატი სახედარს დაადგეს და თავის ნებაზე მიუშვეს, თვითონ კი შორიდან აკვირდებოდნენ სად წავიდოდა იგი.სახედარი ათონის მთისკენ გაემართა და ხილენდარის მონასტერს მიადგა. იქაურმა ბერებმა წმიდა ხატი დიდი სიხარულით მიიღეს და იგი მთავარი ტაძრის საკურთხეველში დააბრძანეს.რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი ფაქტი მოხდა: რადგან მონასტრის იღუმენი გარდაიცვალა, ძმობას ახალი წინამძღვარი უნდა აერჩია. აზრთა სხვადასხვაობამ ახალი იღუმენის არჩევასთან დაკავშირებით ძმობა ორად გახლიჩა. მაშინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა კამათში ჩარევა მოისურვა, რათა ძმებს შორის წარმოშობილი შფოთი შეეწყვიტა. ერთ დილით, როდესაც ხილანდარის ბერები ჩვეულებისამებრ ღვთისმსახურებისათვის შეიკრიბნენ, ტრიხერუსა საკურთხეველში აღარ დახვდათ, იგი იღუმენის ადგილზე დაბრძანებულიყო. ხატი საკურთხეველში დააბრუნეს და კარები საგულდაგულოდ ჩაეტეს, მაგრამ მეორე დილით იგივე სურათი იხილეს. ასე განმეორდა რამდენიმეჯერ. მაშინ ერთმა დაყუდებულმა ბერმა, რომელიც თავისი სიწმინდით გამოირჩეოდა, ძმებს უამბო, როგორ ეჩვენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და განუცხადა თავისი ნება, რათა ძმები მისი ხატის საკურთხეველში გადაბრძანებით აღარ გარჯილიყვნენ, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა მონასტერში უთანხმოების მოსასპობად, იღუმენის ადგილი თვითონ დაეკავებინა თავისი ხატის საშუალებით.იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ხილენდარის სავანეში შეუცვლელად სრულდება ზეციური დედოფლის ნება: იქ იღუმენს არ ირჩევდნენ, არამედ პირდაპირ მის მოადგილეს ნიშნავენ.აღსანიშნავია, რომ იღუმენის ადგილის თავზე დაბრძანებულია ტრიხერუსას სასწაულმოქმედი ხატი და ყოველი მსახურების წინ მისგან ისევე იღებენ ლოცვა-კურთხევას, როგორც იღუმენისაგან.ათონზე არსებული წესის მიხედვით, ბერ-მონაზვნები იმოსებიან მანტიით, მიდიან ხატთან, მის წინაშე ორ დიდ მეტანიას აკეთებენ პირჯვრის გამოსახვით, ემთხვევიან მის მარჯვენა ხელს, შემდეგ როგორც წინამძღვარს, პირჯვრის გამოსახვის გარეშე თავს უხრიან და ღვთისმსახურებას იწყებენ. 

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანეს ნაწილთა აღმოყვანება ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ქალაქ კანოპიდან სოფელ მანუფინში 412 წელს აღესრულა. ეგვიპტის ეს სოფელი თავისი ჩამონგრეული საკერპოთი ბოროტ სულთა სამკვიდრებლად ქცეულიყო და ყველას შიშის ზარსა სცემდა. პატრიარქ თეოფილეს (385-412) სურდა, განეწმინდა ეს ადგილი დემონთაგან, მაგრამ ვერ მოასწრო. მღვდელმთავრის სურვილი მისმა მემკვიდრემ, პატრიარქმა კირილემ (412-44) აღასრულა. ნეტარი მამა გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, ხელი მოემართა წმიდა საქმის განხორციელებაში. ბოლოს ნათელმოსილი ანგელოზი წარსდგა მის წინაშე და უბრძანა, წმიდათა უვეცხლოთა კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაესვენებინა მანუფინში. უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ შეასრულა ზეციური კურთხევა, შემდეგ კი სოფელში მარტვილთა სახელობის ტაძარიც ააგო. ამ დროიდან მოყოლებული მანუფინი განთავისუფლდა ბოროტ სულთა მძლავრობისაგან. კვიროსისა და იოანეს ლოცვით აქ მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
ცნობები წმიდანების შესახებ 31 იანვრის საკითხავშია მოთავსებული. 
ღირსი პავლე მკურნალი ქალაქ კორინთოში დაიბადა. იგი სიჭაბუკეშივე აღიკვეცა ბერად და დაუცხრომელი ღვაწლით დიდი სულიერი გამოცდილება შეიძინა.
ერთხელ ღირს მამას, შურით აღბორგებული დემონის შეგონებით, ქალმა ცილი დასწამა. მან მონასტერში ახალშობილი ყრმა მოიყვანა და განაცხადა, იგი პავლე მონაზვნისაგან შემეძინაო. ბერმა თავმდაბლობით დაითმინა ცილისწამება, თავი არ იმართლა და საკუთარ ძედ მიიღო ჩვილი. როცა წმიდანს ყვედრება დაუწყეს მონაზვნური აღთქმის დარღვევის გამო, მან თქვა: „ძმებო, თავად ბავშვს ვკითხოთ, ვინ არის მამამისი!“ ახალშობილმა მჭედლისკენ გაიშვირა ხელი და წარმოსთქვა: „ესაა მამაჩემი და არა პავლე მონაზონი!“ სასწაულის მხილველებმა თაყვანი სცეს და პატიება სთხოვეს მოსაგრეს. ამ დროიდან მოყოლებული ღირსმა პავლემ სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიიღო, ამიტომაც უწოდეს მას მკურნალი. წმიდანი 70 წელს იყო გადაცილებული, როცა გარდაიცვალა.