,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-3 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
ხსნილი. 13.07.2024
კრება დიდებულთა და ყოვლადქებულთა 12-თა მოციქულთა: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა მისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იაკობისისა (თადეოზისა), სიმონ მოშურნისა (კანანელისა) და მატათიასი (I-II); კეთილმორწმუნისა დინარ დედოფლისა (X).
სვეტიცხოვლის ეკლესიის დღესასწაული
დღის ლოცვა
წმინდა ათორმეტ მოციქულთა კრება: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა მისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იოკობისისა (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი
ტროპარი: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: შენ, სარწმუნოებისა კლდესა, გადიდებს ქრისტე ბრწყინვალედ, ყოვლადპატიოსნებასა მოწაფეთასა და პავლეს თანა ყოველსა ათორმეტ რიცხვსა კრებულსა, რომელთა ხსენებისა აღმსრულებელნი სარწმუნოებით მადიდებელსა მათსა ვადიდებთ.
დღის საკითხავები
ცისკ.: ლკ. 10: 1-15 (დას. 50).
ლიტ.: მოც.: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). მკ. 3: 3-19 (დას. 12).
რიგ.: რომ. 3: 28-4: 3 (დას. 85). მთ. 7: 24-8: 4 (დას. 24).
ცისკ.: ლკ. 10: 1-15
1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. 2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. 3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. 5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და – თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. 8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. 13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. 14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.
ლიტ.: მოც.: 1 კორ. 4: 9-16
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 10. ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ – ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი, 11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ. 13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.
ლიტ.: მოც.: მკ. 3: 3-19
3. ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ. 4. მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ. 5. რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე. 6. გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი. 7. მაგრამ იესო მოწაფეებითურთ ზღვის პირას გავიდა; და მიჰყვა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და იუდეიდან, 8. იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმიდან. ტიროსისა და სიდონის მხარის მცხოვრებთაც შეიტყეს მისი საქმენი, და მრავალი მივიდა მასთან. 9. და, ხალხმრავლობის გამო, თავის მოწაფეებს უთხრა, ნავი გამიმზადეთო, რათა არ შეევიწროებინათ იგი. 10. ვინაიდან მრავალი განეკურნა: ასე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას. 11. მისი შემყურე უწმინდური სულები მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: შენა ხარ ძე ღმრთისა. 12. ხოლო იესომ მკაცრად უბრძანა მათ, არ გამთქვათო. 13. მერე ავიდა მთაზე და მოუხმო მათ, ვინც თვითონ სურდა; და მივიდნენ მასთან. 14. აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი, 15. და რათა პქონოდათ სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნის ძალა. 16. აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე. 17. ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი; 18. ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი. 19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
რიგ.: რომ. 3: 28-4: 3
28. რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად. 29. ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც. 30. რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი – რწმენით. 31. მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას.
1. რას ვიტყვით, განა აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა, ხორციელად შეიძინა რამე? 2. თუ აბრაამი საქმეთაგან გამართლდა, დიახაც აქვს სასიქადულო, მაგრამ არა ღვთის წინაშე. 3. ვინაიდან რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ“.
რიგ.: მთ. 7: 24-8: 4
24. ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი. 25. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული. 26. და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი. 27. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი. 28. და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება. 29. ვინაიდან ის ასწავლიდა მათ როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მათი მწიგნობარნი.
1. როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი. 2. და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. 3. გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისგან. 4. და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა
პეტრესი, ანდრიასი, იაკობ ზებედესი, იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი,
იაკობ ალფესისა, იუდა-იაკობის (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი
კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.
ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება.
წმიდა დინარ დედოფალი (X)
ჰერეთის ანუ ალბანეთის უდიდესი ნაწილი ძველთაგანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, ამიტომაც ძველი წყაროები მასაც ივერიას უწოდებდნენ, შავი ზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე გადაშლილი ქვეყნის (ივერიის) ნაწილად მიიჩნევდნენ. სლავურ-რუსული მეომარი ტომები, რომლებიც მოსე კალანკატუელის თანახმად ზოგჯერ ლაშქრავდნენ სამხრეთის მხარეებს და ამიერკავკასიაში შემოდიოდნენ კასპიის ანუ დარუბანდის კარით, ხვდებოდნენ ივერიელ (ჰერ) მოსახლეობას, ამიტომაც როგორც ჩანს, ჰერთა ანუ ივერიელთა დედოფალ დინარას შესახებ ცნობებიც მათ გაიტანეს რუსეთში. მართლაც, ქართული ეკლესია დიდ პატივს მიაგებდა წმიდა დედოფალ დინარას. თუ არა მისი თავგამოდებული ღვაწლი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა შეემატებოდა მწვალებელ-მონოფიზიტთა რიგებს, რომელნიც აქ გაბატონებულნი იყვნენ სპარსელთა ხელშეწყობით.
მოსკოვის კრემლის სასახლეში ოქროს სადედოფლო დარბაზის ჩრდილოეთის კედელზე გამოხატულია თეთრ ცხენზე ამხედრებული მტერთა მძლეველი წმიდა დედოფალი დინარა.