15.07.2024. მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

ხსნილი. 15.07.2024 

დადება პატიოსნისა სამოსელისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას (473 წ.), ვლაქერნობა; იუბენალისა, იერუსალიმელ პატრიარქისა (457); მოწამეთა: ანთიმოზისა, პავლესი, ბილონისა, თეონისა, ირონისა და სხვათა 36-თა ეგვიპტელთა (305-310). 

დღის ლოცვა

დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა ვლაქერნას

ტროპარი: ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედა ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი: ყოველთა მორწმუნეთა სამოსელო უხრწნელებისაო, ღმრთივმიმადლებულო უბიწოო, მოანიჭე სამღვდელო სამოსელი შენი, დაფარე სამოსელად კაცთა, ვინაცა დიდებასა მისსა ვდღესასწაულობთ სურვილით და გიგალობთ შენ წადიერად, უსძლოო: გიხაროდენ, ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: რომ. 9: 18-33 (დას. 102). მთ. 11: 2-15 (დას. 40).
ღმრთისმშ.: ებრ. 9: 1-7 (დას. 320). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54). 

ლიტ.: რომ. 9: 18-33 

18. ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინცა სურს, მას გაამქისებს. 19. შენ მეტყვი: მაშინ რაღად გვდებს ბრალს? რადგანაც ვის შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას? 20. კი მაგრამ, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ედავები ღმერთს? განა ნახელავი ეტყვის ხელოსანს: რატომ შემქმენი ასეო? 21. იქნებ მეთუნეს ნება არა აქვს, რომ მის მიერ მოზელილი ერთი და იმავე თიხისგან ძვირფასი ჭურჭელიც გააკეთოს და უფასურიც? 22. მაგრამ თუ ღმერთი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა თავისი რისხვა და ეუწყებინა თავისი ძალა, მთელი დიდსულოვნებით ზოგავდა შესამუსრად გამზადებულ ჭურჭლებს რისხვისას, 23. რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის, 24. ანუ ჩვენს მიმართ, რომელნიც გვიხმო არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც? 25. როგორც ოსიაში ამბობს: „ხალხს, რომელიც ჩემი არ იყო, ჩემს ხალხს ვუწოდებ, ხოლო იმას, ვინც არ მიყვარდა –  საყვარელს. 26. და სადაც ითქვა მათ მიმართ: თქვენ არა ხართ ჩემი ხალხი, იქვე ცოცხალი ღმრთის ძეებად იწოდებიან“. 27. ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი იმდენიც რომ იყოს, რამდენიც ქვიშაა ზღვაში, მხოლოდ ნაშთი თუ ცხონდება. 28. რადგან უფალი თავის სიტყვას მთლიანად და დაუყოვნებლივ აღასრულებს დედამიწაზე“. 29. და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: „უფალ საბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდი როგორც სოდომი და გომორას ვემსგავსებოდით“. 30. რას ვიტყვით? წარმართნი, რომელნიც არ ეძებდნენ სიმართლეს, ეწივნენ სიმართლეს, სიმართლეს რწმენის მიერ. 31. ხოლო ისრაელი, რომელიც ეძებდა სიმართლის რჯულს, სიმართლის რჯულს ვერ მისწვდა. 32. რატომ? იმიტომ, რომ რწმენით კი არ ეძებდნენ, არამედ საქმეთა მიერ, და შებრკოლების ლოდზე წაიბორძიკეს. 33. როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცთურის კლდეს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.

ლიტ.: მთ. 11: 2-15 

2. ხოლო იოანემ შეიტყო საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, და გამოგზავნა თავისი ორი მოწაფე. 3. რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 4. ხოლო იესომ მიუგო მათ: მიდით და უთხარით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: 5. ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლანაკნი სახარებით ხარობენ. 6. ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში. 7. ხოლო მათი წასვლის შემდეგ იესომ იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? 8. რისთვის დადიოდით უდაბნოში? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი მეფეთა დარბაზებში არიან. 9. რისთვის დადიოდით უდაბნოში? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც. 10. რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. 11. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია. 12. ვინაიდან იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას. 13. რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. 14. და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. 15. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!

ღმრთისმშ.: ებრ. 9: 1-7 

1. თუმცა პირველ აღთქმასაც ჰქონდა მართლგანაწესი მსახურებისა და ამქვეყნიური საწმიდარი, 2. რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური; ხოლო სახელი მისი იყო „წმინდა“. 3. მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა „წმიდათაწმიდა“. 4. და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა, და აღთქმის ფიცარნი. 5. ხოლო მათ ზემოთ – ქერუბიმნი დიდებისა, სალხინებლის საჩრდილობლად, თუმცა აქ დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებთ მათზე. 6. ამნაირად გამართულ პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღვთისმსახურების აღსასრულებლად. 7. მეორეში კი წელიწადში ერთხელ შედის მღვდელმთავარი, მაგრამ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი თავისა და ხალხის ცთომილებათა გამო.

ღმრთისმშ.: ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 

38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. 39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. 40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. 41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; 42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას. 

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

 ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდე კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმიდა ადგილების მოსალოცად. ნაზარეთის მახლობლად მდებარე პატარა სოფელში ისინი ერთ მოხუც ქალთან დარჩნენ ღამის გასათევად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კითხვაზე, თუ რა სიწმინდე ინახებოდა მასთან, მასპინძელს დიდხანს არ სურდა პასუხის გაცემა, მაგრამ ძმებმა დაიჟინეს და ქალიც იძულებული გახდა, გაემხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს – ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.
ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელთაგანი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის მოახლოებისას ის სხვისთვის, ქალწულისათვისვე გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმინდე ამ ოჯახში. ძვირფასი კიდობანი წმინდა სამოსლით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. პატრიარქი გენადი (+471; ხს. 31 აგვისტოს) და იმპერატორი ლეონი კრძალვით მიეახლნენ და ეამბორნენ მას. ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე, ღვთისმშობლის პატივსაცემად ახალი ეკლესია ააგეს. 458 წლის 2 ივლისს წმიდა გენადი კონსტანტინოპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერი პატივით გადაასვენა ამ ტაძარში. შემდგომში ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმიდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი. დღესასწაული აერთიანებს ორ მოვლენას: ღვთისმშობლის სამოსლისა და მისივე სარტყლის დადებას ვლაქერნაში. 
წმიდა იუბენალი, იერუსალიმელი პატრიარქი 420-458 წლებში განაგებდა იერუსალიმის ეკლესიას. იგი ექვთიმე დიდის მეგობარი და თანამოსაგრე იყო. ამ ხანებში მრავალი ერესი აშფოთებდა აღმოსავლეთის ეკლესიურ ცხოვრებას. ღირსი მამაც გაბედულად იბრძოდა მათ წინააღმდეგ. 431 წელს ქალაქ ეფესოში შედგა III მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელი ნესტორის ერესი. კრებას წმიდა კირილე ალექსანდრიელი (+444, ხს. 9 ივნისს) თავმჯდომარეობდა. მის თანამოაზრეებს შორის იყო პატრიარქი იუბენალიც; 451 წელს ქალაქ ქალკედონში მოეწყო IV მსოფლიო კრება ევტიქის ახალი, მონოფიზიტური ცრუსწავლების სამხილებლად, რომელიც ამტკიცებდა, რომ განხორციელების შემდეგ ქრისტეს ერთმა – ღვთაებრივმა ბუნებამ მეორე – კაცობრივი – მთლიანად შთანთქა.
წმიდა მამებმა, რომელთა შორის ღირსი იუბენალიც იყო, უარყვეს ევტიქის ერესი და დაამტკიცეს მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შეურწყმელობისა და განუყოფელობის შესახებ. ერეტიკოსები მაინც განაგრძობდნენ ბობოქრობას. მათ სათავეში ედგა თეოდოსი, რომელიც მოითხოვდა, რომ პატრიარქ იუბენალს საჯაროდ დაეგმო ქალკედონის კრების დადგენილება. წმიდა მწყემსმთავარმა უარი განაცხადა მწვალებელთა თავხედური მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ უსჯულოებმა ტახტიდან ჩამოაგდეს ნეტარი. წმიდა საყდარი თავად თეოდოსიმ დაიკავა. განდევნილი აღმსარებელი კონსტანტინოპოლში ჩავიდა წმიდა პატრიარქ ანატოლისა (449-458; ხს. 5 ივლისს) და იმპერატორ მარკიანესთან. წმიდანის ღრმად პატივისმცემელმა თვითმპყრობელმა მოახერხა ორ თვეში პატრიარქის ღირსებებში აღედგინა იგი. ნეტარი მამა იერუსალიმს დაუბრუნდა.
ღირსმა იუბენალმა დიდი ღვაწლი გასწია ეკლესიაში გაჩენილი განხეთქილების ბზარის გასამთელებლად. ერეტიკოსთა დამარცხებისა და ეკლესიური მთლიანობის აღდგენის შემდეგ წმიდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა (+458).