16.07.2024. მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

ხსნილი. 16.07.2024 

ღირსისა გიორგი ლმერთშემოსილისა, დაყუდებულისა, ღირსი გიორგი მთაწმიდელის მოძღვრისა (1068); მოწამისა იაკინთე რომაელისა (108); მოწამეთა: დიომიდესი, ევლამპისა, ასკლიპიოდოტესი და გოლინდუხტისა (II); მოწამეთა მოკისა და მარკოზისა (IV); ღირსისა ალექსანდრესი, მღვიძარეთა სავანის დამაარსებელისა (430); ანატოლისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (458).

გერგეტის სამებობა. 

დღის ლოცვა

მოწამე იაკინთეს კონდაკი:

ხედ ცხორებად სულსა შორის თვისსა სარწმუნოებაი შენი მოიგო, ქრისტე, მოწამემან შენმან და იქმნა ედემს სამოთხისა უპატიოსნეს, და ხე გუელისა საცთურისა წარსწყმიდა კადნიერებითა სულისათა; ამისთვისცა გვირგვინოსან-ჰყავ დიდებითა შენითა, მრავალმოწყალე. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: რომ. 10: 11 – 11: 2 (დას. 104). მთ. 11: 16-20. (დას. 41). 

ღირ.: გალ. 213 დას. 5: 22 – 6: 2. მთ. 43 დას. 11: 27-30. 

ლიტ.: რომ. 10: 11 – 11: 2 

11. რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“. 12. ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი. 13. რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება. 14. მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად? 15. და როგორ იქადაგონ, თუკი არ წარიგზავნებიან? როგორც დაიწერა: „რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“ 16. მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა, რაც ჩვენგან ისმინეს?“ 17. ამრიგად, რწმენა – სმენისაგან, ხოლო სმენა – ქრისტეს სიტყვისგან. 18. მაგრამ მე ვამბობ: „ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ. 19. კვლავ ვამბობ: ნუთუ ვერ შეიცნო ისრაელმა? მაგრამ პირველად მოსე ამბობს: „მე აღვძრავ თქვენს შურს მათი მეშვეობით, ვინც არ არის ხალხი, უგუნური ხალხით განგარისხებთ“. 20. ესაია კი თამამად ამბობს: „ვეპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა, და გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა“. 21. ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ“. 

1. ამრიგად, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც. რადგან მეც ისრაელიტი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან. 2. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო:

ლიტ.: მთ. 11: 16-20 

16. ან ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? ვამსგავსებ მოედანზე მსხდომ ბალღებს, თავიანთ ტოლებს რომ უყვირიან 17. და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ. 18. ვინაიდან მოვიდა იოანე; არც ჭამს და არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. 19. მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. მაგრამ გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან. 20. მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს:

ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ.: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე იაკინთე კესარიის კაბადოკიაში მცხოვრებ მართლმორწმუნეთა ოჯახში აღიზარდა. იგი რომის იმპერატორ ტრაიანეს (98-117) კარზე მსახურობდა.
ერთხელ იაკინთე ოთახში გამოკეტილი, მხურვალედ ლოცულობდა. ლოცვის სიტყვები ერთმა მსახურმა გაიგონა და ჭაბუკი ტრაიანესთან დაასმინა: მეფის ბრძანებას არ ასრულებს, რომაულ ღვთაებებს არ ეთაყვანება და ქრისტეს მიმართ ფარულად ლოცულობსო.
წმიდანი შეიპყრეს და იმპერატორს მიჰგვარეს. უსჯულო თვითმპყრობელმა ნაკერპავი ხორცი შესთავაზა უფლის რჩეულს, მან კი მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა თავისი სარწმუნოება. ტრაიანეს ბრძანებით აღმსარებელი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ მარტვილს შიმშილითა და წყურვილით ტანჯავდნენ და ნაკერპავის ჭამას აიძულებდნენ. 38-ე დღეს ერთმა მცველმა, რომელიც ნაკერპავით შედიოდა წმინდანთან, იხილა, თუ როგორ მიეახლნენ მას უფლის ანგელოზები, ნათლის სამოსლით შემოსეს და გვირგვინით შეამკეს.
მტარვალებმა გადაწყვიტეს, კვლავ სამსჯავროზე გაეყვანათ იაკინთე, მაგრამ საკანში შესულებმა იხილეს, რომ მას უკვე სული უფლისთვის შეევედრებინა. წმიდა მოწამე ოცი წლის ასაკში აღესრულა ქალაქ რომში (+108). მისი წმიდა ნაწილები მოგვიანებით კესარიაში გადაასვენეს. 
წმიდა მოწამენი მოკიოსი და მარკოზი ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს და მმართველ მაქსიმიანეს სამსჯავროზე წარადგინეს. მარტვილებმა უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც თავები მოჰკვეთეს (IV). 

ღირსი ალექსანდრე, მღვიძარეთა სავანის დამაარსებელი (+დაახლ. 430)

ღირსი ალექსანდრე, მღვიძარეთა სავანის დამაარსებელი (+დაახლ. 430)
წმიდა ანატოლი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, ალექსანდრიაში დაიბადა IV საუკუნის მეორე ნახევარში. მან ფილოსოფიური განათლება მიიღო, შემდეგ კი ქრისტეს სამსახურში ჩადგა. 431 წელს ეფესოში გამართულ III მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმიდანი დიაკვნის ხარისხში ახლდა ღირს კირილე ალექსანდრიელს (ხს. 18 იანვარს). კრების მამებმა დაგმეს ნესტორის ცრუსწავლება.
444 წელს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ტახტი მწვალებელმა დიოსკორემ დაიკავა. დიოსკორე იყო ევტიქის ერესის მიმდევარი, რომლის მიხედვითაც ქრისტეს განხორციელების შემდეგ მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ კაცობრივი მთლიანად შთანთქა. ეს ცრუსწავლება არყევდა თვით საძირკველს ეკლესიის სწავლებისა კაცობრიობის გამოხსნისა და გამოსყიდვის შესახებ. 449 წელს ეფესოში დიოსკორემ მოიწვია ერეტიკული კრება, რომელიც ისტორიაში „ავაზაკთა კრების“ სახელით შევიდა. მწვალებელთა ამ თავყრილობამ, რომელსაც თვით იმპერატორმაც დაუჭირა მხარი, ტახტიდან ჩამოაგდო და ხარისხი აჰყარა მართლმადიდებლობის ერთგულ დამცველს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფლაბიანეს.
დაქვრივებული კათედრა წმიდა ანატოლიმ დაიჭირა და გაბედულად შეუდგა ბრძოლას მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდის დასაცავად. უკვე 450 წელს კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე ნეტარმა მღვდელმთავარმა დაგმო ევტიქისა და დიოსკორეს ერეტიკული სწავლებანი. დევნილობაში აღსრულებული აღმსარებელი პატრიარქი – ფლაბიანე წმიდანად შეირაცხა, მისი ნეშტი კი დედაქალაქში გადაასვენეს.
მომდევნო, 451 წელს პატრიარქ ანატოლის მონაწილეობით ქალაქ ქალკედონში შედგა IV მსოფლიო კრება, რომელმაც ქრისტოლოგიური დოგმატის ამომწურავი სარწმუნოებრივი განსაზღვრება დაადგინა. 
წმიდა გიორგი ღმერთშემოსილი განდეგილობისა და ამა სოფლის შფოთისაგან განრიდების სურვილით საქართველოდან წავიდა და შავ, ანუ საკვირველ მთაზე დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამ დროს იქ უამრავი ეკლესია-მონასტერი იყო. ყველა ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას და არცთუ იშვიათი იყო სხვადასხვა ეროვნების ბერმონაზონთა შორის გაუგებრობანი. წმიდა მამამ მიუვალი მთის ნაპრალებში ჰპოვა თავშესაფარი და იქ დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.
გიორგი დაყუდებულის წმიდა ცხოვრების შესახებ კარგად იცოდნენ იქაურმა მოღვაწე ბერებმა. დღეს ჩვენ მის შესახებ ძალზე ცოტა რამ ვიცით, მაგრამ კარგად ჩანს, რომ ის ერთდროულად იყო უდიდესი ასკეტიც და ქვეყნიური მოღვაწეც, ყოველგვარ ეროვნულზე ამაღლებულიც და უდიდესი პატრიოტიც. მის პიროვნებაზე საუკეთესოდ მეტყველებს მისი წოდება – ღმერთშემოსილი.
როდესაც საქართველოდან ფარულად წასულმა დიდმა მამამ, გიორგი მთაწმინდელმა (ხს. 27 ივნისს) შავი მთის მონასტრები მოილოცა და თაყვანი სცა წმიდა სვიმეონ მესვეტისა და მისი დედის, ნეტარი მართას საფლავებს, დაიწყო სულიერი მამის მოძიება, რადგან იცოდა, რომ თვინიერ მოძღვრისა „არა არს ცხოვრებაჲ სულისა და წარმართებაჲ მონაზონებისაჲ“. მან საკვირველ მთაზე იპოვა კლდის ნაპრალში დაყუდებული წმიდა ბერი, „ვითარცა გურიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ, კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ“. ეს იყო გიორგი ღმერთშემოსილი, ბერი „განშორებული ჴორცთაგან და ჴორციელ ზრუნვათაგან, გონებით ღმრთისა მიცვალებული“. წმიდა გიორგი შეყენებულმა დაიმოწაფა ღირსი გიორგი, მონასტერში დაამკვიდრა და სამი წელი შრომასა და მოღვაწეობაში, მარხვასა და მღვიძარებაში აცხოვრა.
სამი წლის შემდეგ ნეტარმა ბერმა იხილა, რომ მისი მოწაფე „ყოვლითა სრულქმნილ არს ჰასაკისა თანა სიბრძნითა და გონიერებითა“, სქიმით აკურთხა და „ამით სრულჰყო მონაზონობა მისი“.
მოძღვრის კურთხევით წმიდა გიორგიმ იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა და კვლავ შავ მთაზე დაბრუნდა. გიორგი დაყუდებულმა აკურთხა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელი, ათონზე წასულიყო და გაეგრძელებინა წმიდა ექვთიმე ათონელის (ხს. 13 მაისს) საქმე, ბერძნულიდან ქართულად ეთარგმნა საღმრთო წიგნები, თან შეურყეველი რწმენითა და სასოებით განმსჭვალული სიტყვებით გაამხნევა: „შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი (ექვთიმე ათონელი) სიკუდილისაგან იხსნა და ქართული ენაჲ განმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყუარს ნათესავი ჩუენი“.
ღირსი გიორგი წმიდა ათონის მთაზე გაემგზავრა, მაგრამ წიგნების თარგმნის ნაცვლად შვიდი წლის მანძილზე ასრულებდა მორჩილის საქმეს. ეს რომ გიორგი შეყენებულმა გაიგო, ათონზე თავისი მოწაფე გაგზავნა და „დიდი მდურვა მიუმცნო“ გიორგის „არღა აღსრულებისათვის ნებისა მისისა“. გიორგი მთაწმინდელმა, თანახმად მოძღვრის სურვილისა, მღვდლობის ხარისხი მიიღო და შემდგომ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც მიჰყო ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ წმიდა გიორგი დაყუდებული განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, მან უდიდესი ღვაწლი დასდო ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებას. მას მტკიცე კავშირი ჰქონდა ათონზე მოღვაწე ქართველ მამებთან, საიდანაც, მისი სიტყვით, „სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან ყოველი აღმოსავლეთი საღმრთოჲთა ნათლითა განაბრწყინვა და წმიდანი ეკლესიანი ქართლისანი ახლად შეამკვნა“. მან ლიტერატურული მოღვაწეობის გზაზე დააყენა წმიდა გიორგი მთაწმინდელი. მისივე თხოვნითა და დავალებით აღწერა გიორგი მცირემ თავისი მოძღვრის, წმიდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება. წმიდა გიორგი დაყუდებულს გადაუწერია დავით მტბევარის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი ცხოვრება სვიმეონ საკვირველთმოქმედის დედის, მართასი, და წმიდისა ბარლაამ სიროკავკასიელისა.
წმიდა გიორგი დაყუდებული გარდაიცვალა 1068 წელს, თავისი სახელოვანი მოწაფის გარდაცვალების შემდეგ.