,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
ხსნილი. 18.07.2024
ღირსისა ათანასე ათონელისა და ექვსთა მოწაფეთა მისთა: დანიელისა და სხვათა (1000); მოწამეთა ანასი და კვირილასი, რომელსა ეწოდების კიპრილაც (304); ღირსისა ლამპადი ირინოპოლელისა, სასწაულთმოქმედისა (X); ღირსისა სერგისა, რადონეჟელ იღუმენისა, სასწაულთმოქმედისა (ნაწილთა პოვნა 1422); მოწამისა ბასილისა და მისთანა სამოცდაათთა სკვითოპოლისში წამებულთა ივლიანეს დროს (361-363); ღირსისა დომენტისა (VII).
დღის ლოცვა
ტროპარი: ხორციელი ცხორებაი შენი დაუკვირდა ანგელოზთა გუნდსა, რამეთუ, ვითარცა უხორცო, უხილავად შეერთე, ყოვლადქებულო, და ეშმაკთა მანქანებანი ყოველნი განაქარვენ, ათანასე; ამისთვისცა ქრისტემან მოგანიჭა შენ მდიდრად ნიჭნი საღმრთონი, მამაო ღირსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხორებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: ვითარცა უნივთოთა არსებათა მხილველსა სახარულევანსა, მოქმედსა და მაუწყებელსა ჭეშმარიტისასა, გიწოდს შენ სამწყსო შენი, ღმრთისმეტყუელო: ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთათვის ხსნად გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან, რომელნი გიხმობთ შენ: გიხაროდენ, მამაო ათანასე.
დღის საკითხავები
ცისკ.: ლკ. 11: 27-30 (დას. 43).
ლიტ.: რომ. 11: 13-24 (დას. 106). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ღირ.: გალ. 5: 22-6: 2 (დას. 213). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ცისკ.: ლკ. 11: 27-30
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. 28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას. 29. როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა. 30. ვინაიდან, როგორც იონა იყო სასწაული ნინეველთათვის, ასევე იქნება ძეც კაცისა ამ მოდგმისათვის.
ლიტ.: რომ. 11: 13-24
13. თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ. 14. იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავე თვისტომთა შორის და ვიხსნა ზოგიერთი მათგანი. 15. რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღა იქნება მათი შემოერთება, თუ არა სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით? 16. თუ პირველნაყოფი წმიდაა, ასევე – ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, ასევე – რტონიც. 17. ხოლო თუ ზოგიერთი რტო მოტყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ ადგილას დაემყენ, ასე რომ, ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი გახდი, 18. ნუ იქადი რტოთა წინაშე, ხოლო თუ მაინც იქადი, გახსოვდეს, რომ შენ კი არ გიტვირთავს ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ. 19. იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავმყნილიყავიო. 20. კეთილი. ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს. 21. რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს. 22. ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღვთისას: სიმკაცრეს – დაცემულთა, ხოლო სიკეთეს – შენს მიმართ, თუკი მის სიკეთეში მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები. 23. მაგრამ, თუ ურწმუნოებაში არ დარჩნენ, ისინიც დაემყნობიან, რადგან ღმერთს კვლავაც ძალუძს მათი დამყნობა. 24. ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს?
ლიტ.: მთ. 11: 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.
ღირ.: გალ. 5: 22-6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ღირ.: ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ღირსი ათანასე ათონელი (+1000)
დედობილის სიკვდილის შემდეგ ჭაბუკი კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ უფროსის (919-944) კარზე წაიყვანეს და სახელგანთქმულ რიტორს, ათანასეს დაუმოწაფეს.
იმ ხანებში კონსტანტინოპოლში ჩავიდა ღირსი მიქაელ მალეინი (ხს. 12 ივლისს) კიმინის მონასტრის იღუმენი. აბრაამმა მას უფლისთვის ცხოვრების შეწირვის გულწრფელი სურვილი გაუმჟღავნა. ღვთაებრივმა მოხუცებულმა ჭაბუკში სულიწმიდის რჩეული ჭურჭელი შეიცნო, სიყვარულით აღივსო მის მიმართ და დიდხანს გულმოდგინედ მოძღვრავდა მას ცხონების საკითხებზე. ერთხელ, სულიერ საკითხებზე საუბრის დროს, მათ შემოესწრო მიქაელის ნათესავი ნიკიფორე ფოკა – ცნობილი მხედართმთავარი, შემდგომში – იმპერატორი. აბრაამის სულის სიმაღლემ და გონების გამჭრიახობამ მისადმი ღრმა პატივისცემით განმსჭვალა იგი. წმიდანს ბერული ცხოვრების სურვილი დაუოკებელ სწრაფვად ექცა, მან მიატოვა ყველა და ყველაფერი, კიმინის სავანეს მიაშურა, იღუმენს ფეხებში ჩაუვარდა და ბერად აღკვეცა სთხოვა. იღუმენი დარწმუნდა რა აბრაამის სიბრძნესა და სიწმინდეში, მალე აღკვეცა იგი და სახელად ათანასე უწოდა.
ათანასე ღირსი მიქაელ მალეინის ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას: მკაცრად მარხულობდა, ლოცულობდა და საოცარი გულმოდგინებით აღასრულებდა ნებისმიერი მორჩილების საქმეს. ღირს ათანასეს სურდა, კვირაში მხოლოდ ერთხელ ეჭამა პური, მაგრამ წმიდა მიქაელმა, მოწაფის ნება რომ აღეკვეთა, უბრძანა, საზრდელი ყოველ მესამე დღეს მიეღო, თან ჭილოფზე დაეძინა და არა სკამზე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ნეტარი ათანასე მშვიდად დაჰყვა კურთხევას. მორჩილების საქმეებისაგან თავისუფალ დროს იგი წიგნების გადაწერით იყო დაკავებული.
დაუცხრომელი მარხვით, მღვიძარებით, მეტანიებით, ღვთივსათნო მოღვაწეობით ათანასემ მალე ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ იღუმენმა მდუმარებასა და განკრძალულ ადგილას დაყუდებაზე მისცა კურთხევა, თან კანონად დაუდგინა: დღეგამოშვებით ეჭამა პური და მცირეოდენი წყალი ეხმია, დიდმარხვაში საზრდელი ხუთ დღეში ერთხელ მიეღო მხოლოდ, უწინდებურად ჯდომით დაეძინა, კვირადღეებსა და საუფლო დღესასწაულებში კი ლოცვასა და უფლის განდიდებაში ეფხიზლა მწუხრიდან დღის სამ საათამდე. ნეტარი გულმოდგინედ ასრულებდა კურთხევას, მაგრამ ფარული ღვაწლის სიყვარულმა და შიშმა, რომ წმიდა მიქაელს წინამძღვრობა მისთვის არ გადაებარებინა, ათანასემ კიმინის მთა დატოვა. მან მხოლოდ საკუთარი ხელით გადაწერილი სახარება წაიღო თან და ათონის მთის ყველაზე მივარდნილ ადგილს – მელანას მიაშურა. აქ წმიდანმა მცირე სენაკი მოიწყო და შიგ დაემკვიდრა. ახოვანი მოსაგრეობით იგი თანდათან მაღლდებოდა სულიერი კიბის საფეხურებზე და სრულყოფილების მწვერვალს უახლოვდებოდა.
ადამიანთა მოდგმის მტერი ცდილობდა, ათანასეში მოღვაწეობის ადგილისადმი სიძულვილი გაეღვივებინა და ბოროტი გულისთქმებით აშფოთებდა მას. ნეტარმა გადაწყვიტა, ერთი წელი ეთმინა – უფლის ნების გაცხადებას დალოდებოდა. როცა დათქმული ვადის უკანასკნელ დღეს წმიდა ათანასე ლოცვად დადგა, უეცრად ზეციურმა ნათელმა გააცისკროვნა იგი, გამოუთქმელი სიხარულით აღივსო, დაიწმინდა ავი გულისზრახვებისაგან და თვალთაგან მადლმოსილი ცრემლები გადმოსდინდა. ამ დროიდან მოყოლებული ათანასე საოცრად ლმობიერი გახდა, ეს ადგილი კი ისე ძლიერ შეუყვარდა, როგორაც უწინ სძაგდა. ამ ხანებში ნიკიფორე ფოკამ წმიდა მამას სთხოვა, მისი სახსრებით მონასტერი მოეწყო.
ნეტარ ათანასეს არ სურდა, სული მიწიერი საზრუნავებით დაემძიმებინა და უარი განაცხადა ოქროს მიღებაზე, მაგრამ შემდეგ ყოველივე ამაში ღვთაებრივი ნება განჭვრიტა და სავანის შენებაც დაიწყო. მან ორი ტაძარი ააგო: იოანე ნათლისმცემლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა, მოაწყო სენაკები, სატრაპეზო, ქსენონი, დავრდომილთა თავშესაფარი… და წმიდა მთაზე საოცარი მონასტერი გაიმართა.
სავანეში მიდიოდნენ ძმები არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. აქ უმოღვაწიათ დიდ ქართველ მამებსაც: იოანეს (ხს. 12 ივლისს) და ექვთიმეს (ხს. 13 მაისს), იოანე-თორნიკყოფილს (ხს. 12 ივნისს)…
წმიდა იღუმენმა ძველი პალესტინის სავანეების მიბაძვით შეადგინა თავისი მონასტრის წეს-განგება.
თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ზეციური დედოფალი მფარველობდა წმიდანს. იგი მრავალჯერ გამხდარა ღირსი ყოვლადწმიდა ქალწულის ხილვისა. ერთხელ, ღვთის ნებით, ათონის მთაზე საშინელი შიმშილობა დაიწყო. სულითა და ხორცით დაუძლურებული ბერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ ლავრას. მარტოდმარტო დარჩენილი ნეტარი ათანასეც წუთიერად სულმოკლეობამ შეიპყრო და წასვლა დააპირა, მაგრამ უეცრად გზაზე მის შესახვედრად მომავალი ქალბატონი გამოჩნდა ჰაეროვანი თავსაბურით. „ვინ ხარ და საით მიდიხარ?“ – ჩუმად იკითხა მან. უნებლიე მოწიწების გრძნობით აღვსილი წმიდა ათანასე შედგა. -„მე აქაური ბერი ვარ“, – უპასუხა და თავის გასაჭირზე მოუთხრო. -„და პურის ნატეხისთვის ტოვებ ამ სავანეს, რომელსაც განდიდება უწერია მოდგმიდან მოდგმამდე? სად არის შენი სარწმუნოება? გაბრუნდი და მე მიგულვე შემწედ!“ -„შენ ვინა ხარ?“ – ჰკითხა ათანასემ. „მე დედა ვარ შენი უფლისა“, – მიუგო უცნობმა და წმიდანს უბრძანა, მახლობლად მდებარე ლოდისთვის კვერთხი დაეკრა. ბზარიდან გადმოხეთქა მადლმოსილმა წყარომ, რომელიც დღემდე კეთილგემოვნებით ატკბობს და აგრილებს ბერებსა და მონასტერში მისულ მლოცველებს.
საძმო იზრდებოდა. ლავრაში სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა. ღირსმა ათანასემ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა, ისიც უწყოდა, თუ როგორ გავიდოდა ამსოფლიდან და ძმებს სთხოვდა, ნუ დაბრკოლდებოდნენ იმით, რაც მოხდებოდა, კაცობრივი გონება ხომ უძლურია შეიმეცნოს ღვთის განგებულება. ძმები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ მოძღვრის სიტყვების არსს. ბოლოს ღირსმა მამამ უკანასკნელად დამოძღვრა და ნუგეში სცა სულიერ შვილებს; სენაკში შევიდა, მანტია შეიმოსა და დიდხანს ილოცა; შემდგომ გარეთ გამოვიდა და ექვს ძმასთან ერთად მშენებარე ტაძრის გუმბათს მიმართა დასათვალიერებლად. უეცრად სახურავი ჩამოიქცა. ხუთმა ბერმა იქვე განუტევა სული, ხუროთმოძღვარი დანიელი და წმიდა ათანასე კი ცოცხლები დარჩნენ. ყველას ესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა ნანგრევებში მოყოლილი მამა უფალს: „დიდება შენდა, ღმერთო! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ აქვითინებულმა ძმებმა ლოდების გადაგორება დაიწყეს, მაგრამ ქვაყრილის ქვეშ მოძღვრის უსულო ცხედარსღა მიაკვლიეს (+1000).
ღირსი ლამპადი ირინოპოლელი (დაახლ. X)
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერგი რადონეჟელისა, საკვირველთმოქმედისა (+1422)