,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
ხსნილი. 19.07.2024
ღირსისა სისოჲ დიდისა (429); მოწამეთა: მარინოსისა, მართასი, ავდიფაქსესი, ამბაკუმისა, კვირინესი, ვალენტინე ხუცისა, ასტერისა და სხვათა მრავალთა, რომში მოწყვედილთა (269); მოწამეთა: ისავრო დიაკონისა, ინოკენტისა, ფილიქსისა, ერმისა, ბასილისა, პერეგრინესი, და ორთა ქალაქის მთავართა, რუფესი და რუფინესი (III); მოწამისა კოინტე ფრიგიელისა (283-284); მოწამისა ლუკია ქალწულისა და მის თანა მოწამეთა: რიქსესი, ანტონისა, ლუკიანესი, ისიდორესი, დიონისა, დიოდორესი, ქუთონისა, არონისა, კაპიკესი და სატურისა (301); ღირსისა მამისა ლამზარისა.
დღის ლოცვა
გამოსჩნდი შენ მოღუაწებითა ქუეყანასა ზედა ანგელოზად და განანათლებ, ღირსო, მორწმუნეთა გონებასა ღმრთისმეტყუელებითა მარადის; ამისთვის სარწმუნოებით პატივს გცემთ შენ, სისო.
დღის საკითხავები
რომ. 11: 25-36 (დას. 107). მთ. 12: 1-8 (დას. 44).
რომ. 11: 25-36
25. რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე. 26. ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონით მხსნელი და უღმერთოებას მიაქცევს ისრაელისგან. 27. ეს არის ჩემი აღთქმა მათდამი, როდესაც წარვხოცავ მათ ცოდვებს“. 28. სახარების მიხედვით, ისინი მტრები არიან თქვენს გამო, ხოლო არჩევის გულისთვის – საყვარელნი მამათა გამო. 29. რადგანაც უცვალებელია ნიჭი და მოწოდება ღვთისა. 30. ვინაიდან როგორც თქვენ ეურჩეთ ოდესღაც ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი ურჩობის გამო, 31. ასევე ურჩობენ ახლა ისინიც, რათა იმ მოწყალებით, თქვენ რომ გხვდათ წილად, თვითონაც შეწყალებულ იქნენ. 32. რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში გამოამწყვდია, რათა ყველანი შეიწყალოს. 33. ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი! 34. რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი? 35. ანდა ვინ მისცა წინასწარ, რომ შემდეგ მიაგოს? 36. რადგანაც მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მთ. 12: 1-8
1. ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა. 2. ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მას: აი, შენი მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს. 3. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც? 4. როგორ მევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ? 5. არც ის ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, და მაინც უცოდველნი არიან? 6. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია. 7. რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ. 8. რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამენი მარინი, მართა, ავდიფაქსი, ამბაკუმი, კვირინე, ვალენტინე ხუცესი, ასტერიოსი და სხვა მრავალნი, რომში წამებულნი (+269)
წმიდა მოწამე კოინტე ფრიგიელი (+დაახლ. 284)
წმიდა მოსაგრე პერგამონისკენ გაემართა. გზაზე იგი ქალაქ კიმის მკვიდრმა წარმართებმა შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისთვის აწამეს. კოინტეს თავად უფალი გამოესარჩლა: მიწა ისე ძლიერ შეირყა, რომ წარმართული საკერპო ნამსხვრევებად იქცა. დამფრთხალმა ღვთისმგმობელებმა წამება შეწყვიტეს, მაგრამ ახალი მმართველის, კლეარქის ჩასვლამდე მაინც ბორკილებში ამყოფებდნენ აღმსარებელს. კლეარქმა ბრძანა, მუხლები გადაემსხვრიათ მისთვის, მაგრამ, სულიწმიდის მადლით, ნეტარი სასწაულებრივ განიკურნა წყლულებისაგან. ამის შემდეგ წმიდა კოინტემ კიდევ ათი წელი იცხოვრა და მრავალი სასწაულიც აღასრულა, 283 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოწამე ისავრე დიაკონი, ინოკენტი, ფელიქსი, ერმი, ბასილი, პერეგრინე და ორნი ქალაქის მთავარნი – რუფოსი და რუფინე (III)
წმიდა მოწამე ლუკია ქალწული და მის თანა მოწამენი: რიქსე, ანტონი, ლუკიანე, ისიდორე, დიონი, დიოდორე, ქუთონიოსი, არონოსე, კაპიკე და სატური (+301)
ოცი წლის შემდეგ ქრისტეს სასძლომ შეიტყო, რომ იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო და რიქსეს იტალიაში დაბრუნების ნებართვა სთხოვა – სურდა, თანამემამულეებთან ერთად ედიდებინა უფალი. რიქსე, ლუკიას გავლენით, ამ დროისთვის უკვე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე იყო მოქცეული. მანაც მარტვილობის სურვილით, დატოვა სასახლე, ოჯახი და ნეტარ ქალწულთან ერთად რომს მიაშურა.
ქრისტესმოძულე რომაელი პრეფექტის, ელიუსის ბრძანებით, წმიდანებს თავები მოჰკვეთეს. მათ შემდეგ მოისრნენ მახვილით წმიდა მოწამენი: ანტონი, ლუკიანე, ისიდორე, დიონი, დიოდორე, ქუთონიოსი, არონოსი, კაპიკე და სატური (+301).
ღირსი სისო დიდი (+429)
საკუთარი თავისადმი მეტად მკაცრი და მომთხოვნი ღირსი სისო მოყვასის სიყვარულით იყო აღსავსე. ყველა მომსვლელს იგი უპირატესად თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა. როცა ერთმა მეუდაბნოემ წმიდანს ჰკითხა, როგორ შეძელით, ღვთის მარადიული ხსოვნისთვის მიგეღწიათო, მან უპასუხა: „ეს ჯერ კიდევ არაფერია, შვილო ჩემო, უმთავრესია – საკუთარი თავი უდარესად მიგაჩნდეს ყოველთა შორის, რადგან ასეთი თვითდაკნინება დედაა სიმდაბლისა“. ბერების შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა ერთი წლის სინანული ცოდვაში ჩავარდნილი ძმისთვის, ღირსმა სისომ მიუგო: „მე მწამს კაცთმოყვარე ღვთის გულმოწყალებისა. თუ ადამიანი მთელი სულით შეინანებს, უფალი მისგან სამი დღის სინანულსაც შეიწირავს“.
როცა ღირსი სისო სასიკვდილო სარეცელზე იწვა, სახე უეცრად გაუბრწყინდა. მოწაფეებმა ჰკითხეს, თუ რას ხედავდა. – წინასწარმეტყველნი და მოციქულნი დგანანო ჩემს წინაშე. შემდეგ შენიშნეს, რომ მომაკვდავი ვიღაცას ესაუბრებოდა: მისი სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებს დროს სთხოვდა სინანულისთვის. ამით გაკვირვებულ ძმებს თავმდაბალმა მოსაგრემ მიუგო: „ჭეშმარიტად არა ვუწყი, სინანულის დასაბამიც მოვიგე კი?!“ ამ სიტყვების დამთავრებისთანავე ნეტარის პირისახიდან ისეთი ელვარება გამოკრთა, რომ მოწაფეებმა ვერ შეძლეს მისთვის თვალის გასწორება. წმიდა სისომ მოასწრო ეთქვა, თავად მაცხოვარი წარმოდგაო და სული უფალს შეჰვედრა (+429).