20.07.2024. მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

ხსნილი. 20.07.2024 

ღირსისა თომა მალეელისა (X); ღირსისა აკაკი მორჩილისა, სინელისა, „კლემაქსსა“ შინა მოხსენიებულისა (VI); მოწამეთა: პერეგრინესი, ლუკიანესი, პომპისა, ისვიქისა, პაპიანესი, სატორნილესი და გერმანესი (II); ღირსმოწამისა ეპიქტეტე ხუცისა და ასტიონე მონაზონისა (290); მოწამისა ევანგელესი (III-IV); დიდმოფწამისა კვირიაკია ნიკომიდიელისა (IV). 

დღის ლოცვა 

ღირსი თომა მალეელის კონდაკი:

დიდად მხნედ და უძლეველად გამოსჩნდი შენ, აღეტყინე რა საღმროთა სიყუარულითა, და მეფესა ხორციელსა და ყოველსა შუენიერებასა მძლე-ექმენ, მთასა ზედა მალეელისასა მკვიდრობაი აღასრულე და მიერითგან აღხედ ცათა მეუფისა მიმართ; თომა, მას ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. 

დღის საკითხავები 

რომ. 6: 11-17 (დას. 92). მთ. 8: 14-23 (დას. 26). 

რომ. 6: 11-17 

11. ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად – ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ. 12. მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს. 13. ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად – ღმერთის სიმართლეს. 14. ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ. 15. მერედა რა? ვცოდოთ, რადგან რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ მადლის ქვეშ? არამც და არამც. 16. ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ვისაც ჰმორჩილებთ: ან ცოდვის მონები სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონები სიმართლისათვის. 17. მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ცოდვის მონები, გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც უძღვენით თავი.

მთ. 8: 14-23 

14. ხოლო იესო შევიდა პეტრეს სახლში, და იხილა მისი სიდედრი, რომელიც ცხელებით შეპყრობილი იწვა. 15. და შეეხო თუ არა მის ხელს, გაუარა მას ცხელებამ; წამოდგა და ემსახურებოდა მათ. 16. ხოლო შებინდებისას მიჰგვარეს მას მრავალი ეშმაკეული, და განდევნა სულები სიტყვით, და განკურნა ყველა სნეული. 17. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: მან თავს იდო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი. 18. ხოლო როდესაც იხილა იესომ გარსშემოჯარული ხალხი, გაღმა გასვლა უბრძანა მათ. 19. მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: მოძღვარო, თან გეახლები, სადაც უნდა წახვიდე. 20. იესომ მიუგო: მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს – ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი. 21. ხოლო ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი. 22. ხოლო იესომ მიუგო მას: შენ მე გამომყევ, და მკვდრებს მიანდე თავიანთი მკვდრების დამარხვა. 23. ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე იტალიელები იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ადრიატიკის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ დირაქიაში.
წმიდანები წარმართი რომაელების ხელით ჯვარცმული ეპისკოპოსი ასტიოსის (ხს. 4ივნისს) წამებას ესწრებოდნენ და საჯაროდ განადიდებდნენ ნეტარი მამის სიმტკიცესა და ახოვანებას. ამისთვის ისინი შეიპყრეს და ზღვაში დაახრჩვეს. ტალღებმა ნაპირზე გამორიყა მოწამეთა ცხედრები, ქრისტიანებმა კი ისინი ქვიშაში დაფლეს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ უფლის სათნომყოფელნი ალექსანდრიის ეპისკოპოსს გამოეცხადნენ და უბრძანეს, წმიდა ნაწილები დაეკრძალა. მღვდელმთავარმა შეასრულა ზეგარდმო კურთხევა და მარტვილთა სამარხზე ტაძარიც ააგო. 
ღირსმოწამენი ეპიქტეტე ხუცესი და ასტიონე მონაზონი უსჯულო თვითმპყრობლის, დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ცხოვრობდნენ რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. კეთილმსახურმა ხუცესმა სიყმაწვილეშივე განუკუთვნა თავი უფალს და დაუცხრომელი ღვაწლისათვის სასწაულთქმედების, კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიემადლა.
ქალაქის თავის ვაჟი, ასტიონე წარმართულ გარემოში იზრდებოდა. ერთხელ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ სეირნობისას იგი გადააწყდა ტყეში მდგარ პატარა ქოხს, რაღაც იდუმალმა ძალამ მიიზიდა მისკენ, მოსწყდა გალაღებულ თანატოლებს და კარზე დააკაკუნა. მასპინძელი მხცოვანი და პატივსაცემი ხუცესი – ეპიქტეტე აღმოჩნდა. მან სიყვარულით მიიღო ჭაბუკი, ვინაობა გამოჰკითხა, შემდეგ კი წინასწარმეტყველურად უთხრა: „როგორც ვხედავ, შენი ნეტარი სული სათნოეყო თავად ქრისტე მაცხოვარს, რომელსაც თავის მსახურად გამოურჩევიხარ“. ეპიქტეტემ საოცარი მოწიწება იგრძნო იესო ქრისტეს სახელის ხსენებისას. ამით გახარებულმა ბერმა სახარებისეული სწავლება მოკლედ განუმარტა სტუმარს. ჭაბუკი გულმოდგინედ უსმენდა ყოველ სიტყვას და ყველაფერს რწმენით იღებდა.
ყმაწვილი კვლავ ესტუმრა ხუცესს და, ამ დღიდან მოყოლებული, სახლიდან სეირნობის საბაბით გამოსული, ყოველ დილა-საღამოს მიდიოდა მასთან. როცა სახარებისეულ ჭეშმარიტებებს ღრმად დაეუფლა, ეპიქტეტე ფარულად მოინათლა. ამის შემდეგ იგი მხურვალედ ევედრებოდა მოძღვარს, სადმე შორეულ ქვეყანაში წასულიყვნენ და მთლიანად უფლისთვის მიეძღვნათ თავი. ეპიქტეტე და ასტიონე ხომალდზე ავიდნენ და სკვითიის მიწას მიმართეს. აქ ისინი დუნაის შესართავთან, ქალაქ ალმარისის მახლობლად დასახლდნენ, წარმართ სლავებს შორის და მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
განდეგილების ღვთივსათნო ცხოვრება დიდხანს არ დარჩენილა დაფარული ადგილობრივ მკვიდრთაგან. ღირს მამებთან დახმარების თხოვნით ბევრი სნეული მიდიოდა და წმიდანთა ლოცვით იკურნებოდა.
ამ ხანებში ალმარისში ჩავიდა ოლქის მმართველი ლატრონიანე. წარმართმა ქურუმებმა ეპიქტეტე და ასტიონე დაასმინეს მასთან – ხალხს ჯადოქრობით იზიდავენ და თავიანთ სარწმუნოებაზე მოაქცევენო. ნეტარი მოსაგრეები შეიპყრეს. სატანჯველების შემდეგ მოწამეებს თავის მოკვეთა მიუსაჯეს (+290).
წმიდა მოწამე ასტიონეს მშობლებმა – ალექსანდრემ და მარკელინამ ირწმუნეს ქრისტე და ეპისკოპოს ევანგელეს ხელით ნათელიღეს. უსჯულოებმა ქრისტეს აღსარებისათვის მათაც თავები მოჰკვეთეს. 

წმიდა მოწამე ევანგელე (+284-305)

წმიდა მოწამე ევანგელეს დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას თავი მოჰკვეთეს. 
წმიდა მოწამე კვირიაკია კეთილმსახური ქრისტიანების – დოროთესა და ევსებიას ერთადერთი ასული იყო. მშობლებმა იგი ღვთისმოშიშებით აღზარდეს და უფლის მსახურებისთვის განამზადეს.
როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ქალწული დედ-მამას დააშორეს: დოროთე და ევსებია მმართველ იუსტის სამსჯავროზე წარადგინეს, კვირიაკია კი დიოკლეტიანეს თანამმართველთან, მაქსიმიანე ჰერკულესთან (284-305; 307-310) გაგზავნეს, ნიკომიდიაში. ქრისტეს ტარიგმა მტკიცედ დაითმინა სატანჯველები. მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა მისი ღვთივრჩეულობა: როგორც კი კვირიაკია საკერპოში შეიყვანეს, ცრუღმერთების ქანდაკები დაიმსხვრა; მოწამის დასაგლეჯად გამოშვებული მხეცები თვინიერად გაწვნენ მის ფეხებთან… ამ საოცრების მხილველი ბევრი კერპთმსახური ქრისტიანობაზე მოექცა. როცა სასიკვდილო განაჩენი წაიკითხეს, წმიდა კვირიაკიამ ლოცვისთვის დრო ითხოვა. ყოვლადსახიერმა ღმერთმა ისურვა, რომაელ ჯალათთაგან დაეხსნა თავისი რჩეული და ლოცვის დამთავრებისთანავე მშვიდობით შეივედრა მისი სული. 
ღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან, არც დიდება და პატივი აკლდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა და სურვილმა, მხოლოდ უფალს სათნოჰყოფოდა, დააძლევინა ყოველივე წარმავალის სიყვარული და ბერად აღიკვეცა.
ღვთაებრივი ტრფიალებით აღძრული ბერი გამოცდილ ბერმონაზვნებს აკითხავდა და მდაბლად ითხოვდა მათგან სულიერ დამოძღვრას. რამდენიმე წლის შემდეგ თომამ მეუდაბნოე ცხოვრებაზე მიიღო კურთხევა და წმიდა ელია წინასწარმეტყველის სასწაულებრივი გამოცხადებით გამხნევებულმა, მალეის მთას მიაშურა (ათონის აღმოსავლეთი ნაწილი).
ნეტარი თომას სიწმიდით გაბრწყინებული ცხოვრება ახლომახლო მკვიდრთ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ: წმიდანის ირგვლივ თანდათან შემოიკრიბნენ სულიერი მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამა ბერმონაზონთა დიდი მოძღვარი და მასწავლებელი შეიქნა.
უფალმა თავისი სათნომყოფელი კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა.
ღირსი თომა მალეელი მშვიდობით მიიცვალა X საუკუნეში.