,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
ხსნილი. 22.07.2024
მღვდელმოწამისა ბაგრატ (პანკრატი) ტავრომენიელ ეპისკოპოსისა (I); მღვდელმოწამისა კირილე ჰორტინელ ეპისკოპოსისა (III-IV); ღირსმოწამეთა: პატერმოთისა, კოპრესი და მოწამისა ალექსანდრესი (361-363); თეოდორე ედესელი ეპისკოპოსისა (IX).
დღის ლოცვა
მნათობად ღმრთივბრწყინვალედ აღმოუბრწყინდი ტავრომენიელთა, ბაგრატ, და მღვდელმოწამედ გამოსჩნდი ქრისტეს ღმრთისათვის, რომლისაცა წინაშე სდგა შენ აწ კადნიერად, ევედრე მას პატივისმცემელთა შეთათვის, ნეტარო.
დღის საკითხავები
რომ. 12: 4-5, 15-21 (დას. 109). მთ. 12: 9-13 (დას. 45).
რომ. 12: 4-5, 15-21
4. ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე, 5. ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.
15. ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან. 16. ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი. 17. ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას. 18. თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ. 19. თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი“. 20. ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. 21. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
მთ. 12: 9-13
9. წამოვიდა იქიდან იესო და შევიდა მათ სინაგოგაში. 10. და, აჰა, იყო იქ ერთი ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: თუ შეიძლება კაცი განკურნო შაბათს? 11. ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათ დღეს ორმოში ჩაუვარდეს, ნუთუ ხელს არ ჩასჭიდებს და არ ამოიყვანს მას? 12. ხოლო კაცი რამდენად უმჯობესია ცხვარზე? ამიტომაც შეიძლება შაბათ დღეს სიკეთის ქმნა. 13. და უთხრა მაშინ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და ისევე გაუმრთელდა, როგორც მეორე.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსი (I)
უფლის ამაღლების შემდეგ ერთი მისი მოწაფეთაგანი ანტიოქიაში ჩავიდა და ნათელსცა ბაგრატის დედ-მამასა და მთელ მათ სახლეულს. როცა მშობლები გარდაეცვალა, წმიდანმა მამული დატოვა, პონტოს მთებს მიაშურა, გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. ერთხელ ამ ადგილებში პეტრე მოციქულმა გაიარა, პონტოში ბაგრატს შეხვდა და იგი თან გაიყოლა ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი – კილიკიაში, სადაც იმ დროს წმიდა პავლე ქადაგებდა. თავმა მოციქულებმა უფლის რჩეულს სიცილიის ქალაქ ტავრომენიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
მღვდელმთავარი ბაგრატი დაუცხრომლად იღვწოდა. მან ააგო ტაძარი, სადაც გულმოდგინედ აღასრულებდა ღვთისმსახურებას. მორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და მალე ტავრომენიისა და მისი მოსაზღვრე ქალაქების თითქმის მთელმა მოსახლეობამ ნათელიღო.
წმიდა ბაგრატი მრავალი წლის განმავლობაში მშვიდად განაგებდა სამწყსოს. ბოლოს წარმართები აღდგნენ მის წინააღმდეგ, ხელსაყრელი შემთხვევა შეარჩიეს, მოულოდნელად დაესხნენ თავს და ქვებით ჩაქოლეს. ასე მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს მღვდელმთავარმა ბაგრატმა. ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილები რომში, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებს. წმიდა ბაგრატ ტავრომენიელის ხსენება 9 თებერვალსაც აღესრულება – მღვდელმოწამეებთან – მარკელესთან და ფილაგრესთან ერთად.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი (III-IV)
კირილე დაუბრუნდა ჩვეულ მოღვაწეობას: კვლავ დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას, მაგრამ გამუდმებით წუხდა იმის გამო, რომ ქრისტესთვის მარტვილობის ღირსი ვერ შეიქნა. გარკვეული ხნის შემდეგ მმართველს მოახსენეს, კირილეს ხელი არ აუღია თავის საქმიანობაზე – ხალხს ისევ მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას ასწავლისო. უსჯულოებმა უფლის რჩეული დაატუსაღეს და ამჯერად თავის მოკვეთა მიუსაჯეს. როცა განაჩენი მოისმინა, სულით გამხიარულებულმა მღვდელმთავარმა მადლობა შესწირა უფალს და ღვთისმსახურებაში განსპეტაკებული თავი ნებსით მოუდრიკა მახვილს. ეს მოხდა დეკიუსის (249-251), სხვა ცნობით კი – მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას.
წმიდა კირილე ჰორტინელის ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება: 9 ივლისსა და 6 სექტემბერს.
ღირსმოწამენი პათერმუთე, კოპრე და მოწამე ალექსანდრე (+361-363)
ღირსნი პათერმუთე და კოპრე (IV)
პათერმუთეს ცხოვრება და სასწაულები აღგვიწერა ხუცესმა კოპრემ – მისი ღვაწლის თვითმხილველმა. თავად კოპრეს შესახებ კი ჰელენოპოლელმა ეპისკოპოსმა, პალადიუსმა მოგვითხრო წიგნში „ლავსაიკონი“. წმიდა მამა ერთხელ მანიქეველ მწვალებელთან ჩაება კამათში, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ სიტყვით შეუძლებელი იყო შეცდომილის სულიერი სნეულებისგან განკურნება და ერეტიკოსს შესთავაზა, ცეცხლი დაეგზნოთ, შიგ ერთად შესულიყვნენ და უფლისთვის მიენდოთ იმის გადაწყვეტა, თუ ვისი სარწმუნოება იყო ჭეშმარიტი. კოცონში პირველად შესვლაზე მანიქეველმა უარი განაცხადა, ყოვლისშემძლე და ყოვლადმოწყალე უფლის მსასოებელი ნეტარი კოპრე კი არ შეშინდა ცეცხლში შევიდა და სრულიად უვნებელი დარჩა. მომხდარის თვითმხილველებმა ადიდეს ღმერთი, ერეტიკოსი კი ცეცხლში შეაგდეს. დაფუფქული მწვალებელი გამოვარდა კოცონიდან და გაქცევა სცადა, მაგრამ ხალხმა შეიპყრო და უკანვე შეაბრუნა. წმიდა მამამ შეძლო დაემშვიდებინა აღელვებული ბრბო და მანიქეველი გაათავისუფლა.
წმიდა თეოდორე, ედესელი ეპისკოპოსი (IX)
ოცი წლის თეოდორეს მშობლები გარდაეცვალა. მემკვიდრეობით მიღებული დიდი ქონება მოწყალებად გასცა და იერუსალიმისკენ გაეშურა. წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ იგი საბა განწმედილის ლავრაში ბერად აღიკვეცა, და განკრძალულ სენაკში დაყუდებით დაიწყო ცხოვრება და თან მდუმარების ღვაწლიც იტვირთა. მრავალი წლის მანძილზე წმიდა თეოდორესთან ერთად მოსაგრეობდა მისი ახალგაზრდა ნათესავი მიქაელი, რომელსაც წმიდა მიწას დაპატრონებულმა მაჰმადიანებმა წამებით ამოხადეს სული.
ამის შემდეგ ნეტარი თეოდორე დიდხანს არ დარჩენილა ლავრაში. ედესის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების ურთიერთშეთანხმებით, სასულიერო პირთა და ერისკაცების თხოვნით ედესის მღვდელმთავრად იქნა არჩეული. წმიდა მამა დიდხანს უარობდა – უჭირდა მდუმარების დათმობა, მაგრამ ვერაფერს გახდა: ერთ კვირაში აამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი. ქიროტონიის დროს დიდი სასწაული აღესრულა: ხალხმა იხილა თეთრი მტრედი, რომელიც ჯერ ტაძრის გუმბათქვეშ ტრიალებდა, შემდეგ კი თეოდორეს თავზე დაეშვა. ახალი სამოღვაწეო ადგილისკენ მიმავალი წმიდანი ისეთმა ძლიერმა სევდამ შეიპყრო, რომ გაქცევაც კი სცადა, მაგრამ უფალმა სიზმრისეულ ჩვენებაში ასე დამოძღვრა: „ნუ მიემსგავსები უდებ მონას, რომელმაც თავისი ტალანტი მიწაში დაფლა, ხუთი ტალანტით სხვა ხუთის მომგებს მიჰბაძე!“ თეოდორე მიხვდა თავის შეცდომას, დათრგუნა საკუთარი ნება და ბრძნულად შეუდგა ეკლესიის მართვას: სიტყვითა და საქმით მოძღვრავდა სამწყსოს, უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს… წმიდა მღვდელმთავარს ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა სულიერი ურთიერთობა მხცოვან მესვეტე ბერ – ღირს თეოდოსისთან. ეს მოსაგრე ედესისგან ოდნავ დაშორებული წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის სიახლოვეს ცხოვრობდა. იგი უფროს ძმასთან, იოანესთან ერთად სიჭაბუკეშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას. ძმები სამი წლის მანძილზე მონასტერში მოღვაწეობდნენ, შემდეგ კი ბაბილონის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდნენ ორ სხვადასხვა გამოქვაბულში და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცნენ. მოსაგრეები შაბათ-კვირას ხვდებოდნენ ერთმანეთს ერთობლივი ლოცვისთვის, შემდეგ კი კვლავ იყრებოდნენ.
ერთხელ, უდაბნოში მწვანილეულობის შესაგროვებლად გასულმა თეოდოსიმ შორიდან თვალი მოჰკრა ძმას, რომელიც იმავე საქმით იყო დაკავებული. იოანე უეცრად შედგა, ოდნავ დაიხარა მიწისკენ, გაკვირვებით დააცქერდა რაღაცას, შემდეგ კი პირჯვარი გადაისახა, გადაახტა იმ ადგილს და სწრაფად მიაშურა თავის გამოქვაბულს. ძმის უცნაური ქცევა ეუცხოვა თეოდოსის, მივიდა იმ ადგილას და, გაოცებულმა, ოქროს გროვა დაინახა. მან ილოცა, ზედა სამოსელი გაიძრო, ნაპოვნი განძი შიგ ჩაყარა და გაჭირვებით მიათრია სენაკამდე. მეორე დღეს ისე, რომ ძმას არც დამშვიდობებია, თეოდოსი ქალაქისკენ გაეშურა. აქ მან ტაძარი ააგო, მონასტერი მოაწყო, დააარსა საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი, მათთვის შესაწირიც უხვად გაიღო, ბოლოს, დარჩენილი ქონება გლახაკებს დაურიგა და უდაბნოსკენ გაბრუნდა. გაამაყებული თეოდოსი გულში განიკითხავდა ძმას იმის გამო, რომ მან ნაპოვნი განძის გამოყენება ვერ შეძლო. ამ დროს ბერის წინაშე წარდგა ანგელოზი, რომელიც ადრეც ხშირად ეჩვენებოდა. ახლა იგი მეტად განრისხებული ჩანდა. უფლის მსახურმა მეუდაბნოეს მკაცრად მიმართა: „რას ქედმაღლობ?! ჭეშმარიტად გეუბნები, შენი საქმეები ვერ შეეტოლება იმ გრძნობას, რომლითაც შენი ძმა ოქროს გადაახტა. მაშინ მან მხოლოდ განძი კი არ დათმო, არამედ მსუბუქი ფრთებით ის უფსკრული გადალახა, რომელიც ლაზარესა და მდიდარს შორისაა დამტკიცებული. იოანეს ღვაწლი განუზომლად აღმატებულია ღვთის წინაშე. ამ ცხოვრებაში შენ მას აწი ვერასოდეს ნახავ და ვერც მე მიხილავ, სანამ სინანულითა და ლოცვით გულს არ მოულბობ უფალს“.
თეოდოსი ძმის გამოქვაბულთან მივიდა და, როცა იგი იქ არ დახვდა, მწარედ ატირდა. უსაზღვროდ დამწუხრებულს, ერთი კვირის შემდეგ შორიდან ჩაესმა ანგელოზის ხმა, რომელმაც ედესაში წასვლა უბრძანა. თეოდორემ იქ მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა, სათნოეყო უფალს და ხუთი ათწლეულის შემდეგ განჭვრეტის მადლიც მიიღო მისგან. წმიდა მამა სიყვარულით ღებულობდა მიმსვლელებს და ყველას გულმოდგინედ მოძღვრავდა. ერთხელ მღვდელმთავარი თეოდორე ნეტარი ბერის კურთხევით ბაბილონის ხალიფა მავისთან გაემგზავრა ეკლესიის საქმეებზე. ხალიფა მას მძიმედ დასნეულებული დაუხვდა. წმიდანმა უფლისგან შემწეობა გამოითხოვა, წყლიან ჭიქაში მაცხოვრის საფლავიდან აღებული მიწა ჩაყარა, შეასვა ავადმყოფს და განკურნა. მადლიერმა მავიმ ირწმუნა ქრისტე და იოანეს სახელით ნათელ-იღო სამ დაახლოებულ პირთან ერთად.
მალე მუსულმანთა წინაშე თავისი სარწმუნოების აშკარა აღსარებისათვის ხალიფა იოანე (მავი) და მისი ქრისტესმიერი ძმები ქვეშევრდომებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. მოწამეობრივი აღსასრულის შემდგომ ღამეს იოანე სპეტაკ სამოსელში, ბრწყინვალე გვირგვინით გამოეცხადა თეოდორეს და უთხრა: „გაკურთხოს უფალმა რამეთუ ჩემი ხსნის იარაღი შეიქენი!“ ამის შემდეგ თეოდოსი მესვეტეს დიდხანს აღარ უცოცხლია.
თეოდორემ იგი პატივით მიაბარა მიწას, თავად კი, მოახლოებული აღსასრულის შესახებ ისევ იოანეს სასწაულებრივი გამოცხადებით გაფრთხილებულმა, სამი წლის შემდეგ კათედრა დატოვა, საბა განწმედილის ლავრაში განმარტოვდა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (IX).