26.07.2024. მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-5 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

მარხვა. 26.07.2024 

კრება მთავარანგელოზისა გაბრიელისა; ღირსისა სტეფანე საბაიტელისა (794); ივლიანე კენომანიელ ეპისკოპოსისა (I); მოწამისა სერაპიონისა (II-III); მოწამისა მარკიანესი (258). 

დღის ლოცვა 

წმიდაო დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ! წინა-მძღუარო და პირველ-მდგომარეო უჴორცოთა წესთაო, საშინელისა საიდუმლოჲსა და მიუწვთომელისა ჯერ-ჩინებისა ღმრთისა განმაცხადებელო და უბიწოჲსა ქალწულისა მიმართ მარიამისა ზეცითგან გამოუთქმელისა სიხარულისა მაუწყებელო, აწცა განანათლე სული ჩემი და სიხარულითა აღავსე გული ჩემი, რათა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ დიდებისმეტყველებად და მადლობისა შეწირვად ღმრთისა.

ჵ, ზეცისა წესთა დიდო წინამძღუარო და საყდართა მათ მაღალთა და შესაძრწუნებელთა საღმრთოჲსა დიდებისა წინაშე მდგომელო გაბრიელ! ვითარცა მცველსა და შემწესა მორწმუნეთასა, და ზედა მდგომელსა ჩვენსა და მოსწრაფედ მსმენელსა გევედრებით: მაუწყე მეცა ცოდვილსა დღჱ საშინელისა სიკუდილისაჲ; ევედრე უფალსა ღმერთსა ცოდვილისათჳს სულისა ჩემისა, რათა ბრალთა მიტევებაჲ მომმადლოს და საღმრთოსა მას ბანაკსა მას ზეცისათა მკჳდრ მყოს წმიდათა თანა. ჵ, საღმრთოჲსა განკაცებისა მსახურო გაბრიელ! დამიცევ მე ყოვლისა ჭირისა და მწუხარებისა, ძვირთა სალმობათა და ცოდვათაგან და მიჴსენ სასჯელისა მისგან ულხინებელისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ! 

დღის საკითხავები 

ლიტ.: რომ. 16: 1-16 (დას. 120). მთ. 13: 3-9 (დას. 50).
მთავარან.: ებრ. 2: 2-10 (დას. 305). ლკ. 10: 16-21 (დას. 51). 

ლიტ.: რომ. 16: 1-16 

1. წარმოგიდგენთ ჩვენს დას – ფებეს, კენქრეას ეკლესიის მსახურს, 2. რათა შეიწყნაროთ იგი უფლის მიერ, როგორც შეჰფერის წმიდათ, და შეეწიოთ ყველაფერში, რაც შეიძლება თქვენგან დასჭირდეს, ვინაიდან თვითონაც ბევრს შეეწია და, მათ შორის, მეც. 3. მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანაშემწენი ქრისტე იესოს მიერ, 4. რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვმადლობ, არამედ წარმართთა ყველა ეკლესიაც. 5. მოკითხვა გადაეცით მათ შინაურ ეკლესიას და ჩემს ძვირფას ეპენეტოსსაც, რომელიც არის პირველნაყოფი ასიის მოქცევისა ქრისტეს მიმართ. 6. მოიკითხეთ მარიამი, რომელიც დიდად გაისარჯა თქვენთვის. 7. მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და თანატყვენი, რომელნიც სახელგანთქმულნი არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე. 8. მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემთვის ძვირფასი უფლის მიერ. 9. მოიკითხეთ ურბანუსი, ჩვენი თანამოღვაწე ქრისტეში, და ჩემი ძვირფასი სტაქისი. 10. მოიკითხეთ აპელესი, მრავალნაცადი ქრისტეს მიერ. მოიკითხეთ არისტობულეს სახლეული. 11. მოიკითხეთ ჩემი ნათესავი ჰეროდიონი. მოიკითხეთ ნარცისის შინაურნი, რომელნიც არიან უფალში. 12. მოიკითხეთ უფალში მაშვრალი ტრიფენა და ტრიფოსი. მოიკითხეთ საყვარელი პერსიდა, დიდად რომ დაშვრა უფალში. 13. მოიკითხეთ რუფუსი, რჩეული უფალში, აგრეთვე დედა მისი და ჩემი. 14. მოიკითხეთ ასინკრიტოსი, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობასი, ჰერმასი და მასთან ერთად სხვა ძმანიც. 15. მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნერეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან ერთად ყველა წმიდა. 16. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია.

ლიტ.: მთ. 13: 3-9 

3. ბევრ რასმე ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად. 4. ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, და მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი. 5. ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა. 6. მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7. ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; იზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა. 8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი. 9. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!

მთავარან.: ებრ. 2: 2-10 

2. ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო და ყოველი შეცოდება თუ ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს, 3. ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით დამკვიდრდა ჩვენში, 4. ღვთის თანამოწმობით, სასწაულებით და ნიშებით, ნაირგვარი ძალითა და სული წმიდის ნიჭით, რაც განაწილებუღ იქნა მისი ნებისამებრ? 5. რადგანაც ღმერთმა ანგელოზებს როდი დაუმორჩილა მომავალი ქვეყანა, რომელზედაც ვმსჯელობთ. 6. არამედ ვიღაცის მოწმობით სადღაცა თქმულა: „რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ან ძე კაცისა, რომ მოიხილავ მას? 7. ოდნავ თუ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან ჰყავ 8. და ყველაფერი ფეხქვეშ დაუმხე. და რაკი ყველაფერი დაუმორჩილე, დასამორჩილებელი აღარა დარჩა რა, მაგრამ აწ ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი მას მორჩილებდეს; 9. არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო. 10. და მართლაც, ასე შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვის მიერაც არის ყოველი, მრავალი ძე რომ მიეყვანა დიდებამდე, მათი ხსნის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.

მთავარან.: ლკ. 10: 16-21 

16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს. 17. სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით. 18. და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. 19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა ხარების მომდევნო დღეს, 26 მარტს იზეიმება (იხ. ამ დღის საკითხავი). 13 ივლისს ეს დღესასწაული ხელმეორედ აღინიშნება. როგორც ჩანს, მისი დაწესების მიზეზი შეიქნა XVIII საუკუნეში წმიდა მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის აგება კონსტანტინოპოლში. 
წმიდა იულიანე – კენომანიელი ეპისკოპოსი პეტრე მოციქულმა აკურთხა მღვდელმთავრად. მას აიგივებენ სიმონ კეთროვანთან (მკ. 14,3), რომელსაც ნათლისღებისას იულიანე ეწოდა.
პეტრე მოციქულმა წმიდა იულიანე სახარების საქადაგებლად გალიაში გაგზავნა. ნეტარი ჩავიდა იტალიის სამხრეთით, კენომანიაში; ქალაქგარეთ, როგორც ჩანს, კრემონის მახლობლად, პატარა ქოხში დამკვიდრდა და წარმართთა შორის სახარების ქადაგება დაიწყო. კერპთმსახურები თავდაპირველად გულგრილად უსმენდნენ უცხოტომელს, მაგრამ მის მიერ აღსრულებული სასწაულების ხილვამ მათ გულებში თანდათან იულიანესადმი ნდობა გააღვივა. უამრავი ადამიანი მიდიოდა ნეტართან დახმარების სათხოვნელად. ისიც კურნავდა სნეულებებს და თან სულის წყლულებს წამლობდა – ქრისტეს სარწმუნოების ნათლით ანათლებდა უღმერთობის წყვდიადში მყოფთ.
წმიდა მამამ, მრავალრიცხოვან მნახველთათვის წყურვილი რომ მოეკლა, ილოცა, გამხმარ მიწას კვერთხი დაჰკრა და წყარო აღმოაცენა. ამ სასწაულმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. ერთხელ ადგილობრივმა წარმართმა მთავარმა ეპისკოპოსი თავისთან მიიპატიჟა. ნეტარ მამას შეებრალა სასახლის კარიბჭესთან მჯდომი ბრმა, ილოცა მისთვის და თვალები აუხილა. როცა წმიდანთან შესაგებებლად გამოსულმა დიდებულმა მასპინძელმა ამის შესახებ შეიტყო, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდა იულიანეს და მონათვლა სთხოვა. მღვდელმთავარმა კათაკმევლებად დაადგინა ის და მთელი მისი სახლეულობა, სამდღიანი მარხვა დაუწესა, შემდეგ კი ნათლობის საიდუმლოც აღასრულა.
მთავრის მიბაძვით, მის ქვეშევრდომთა უმეტესობაც შეუდგა ქრისტეს. ახალმოქცეულმა ხელისუფალმა ეკლესიის მოსაწყობად საკუთარი სასახლე შესწირა და საჭირო სახსრებითაც უზრუნველჰყო. ღირსი მამა გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოს სულიერი განათლებისთვის და კვლავინდებურად სულიწმიდის მადლით კურნავდა სნეულებს, მგლოვიარე მშობლების სიბრალულით აღძრულ წმიდანს მათი მიცვალებული შვილების მკვდრეთით აღდგინებაც გამოუთხოვია უფლისგან.
ქრისტეს ერთგულმა მსახურმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. 
წმიდა მოწამე სერაპიონი იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მოღვაწეობდა. ქრისტიანთა დევნის დროს წმინდანი შეიპყრეს და მმართველ აკვილას სამსჯავროზე წარადგინეს, სადაც მან გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. ამით გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს ნეტარი.
მაცხოვარმა სასწაულებრივი გამოცხადებით გაამხნევა და ჭრილობათაგან განკურნა უფლის რჩეული. როცა უღმრთოებმა სამსჯავროზე ხელახლა წარმდგარი სერაპიონი სრულიად უვნებელი იხილეს, განრისხებულება ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილმა კოცონზე შეჰვედრა სული უფალს (+205). 
წმიდა მოწამე მარკიანე ლიკაონიის იკონიაში დაიბადა. თავისი მხურვალე ქადაგებით მან სიჭაბუკეშივე ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამისთვის კერპმსახურებმა წმიდანი აწამეს, შემდეგ კი კაბადოკიაში გაგზავნეს მმართველ პერენიუსთან. უსჯულო ხელისუფალი ხან ლიქნით, ხან მუქარით ცდილობდა ჭაბუკის გადაცდენას მაცხოვნებელი გზიდან, მაგრამ იგი მედგრად აღიარებდა ქრისტეს და ამხელდა უსულო კერპების მსასოებელი მმართველის უგნურებას. განრისხებულმა პერენიუსმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი მარტვილი, მაგრამ სატანჯველებმა ვერ მოდრიკა უფლის რჩეული. ბოლოს უღმრთოებმა მარკიანეს თავის მოკვეთა მიუსაჯეს (+258). 
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი იოანე დამასკელის (ხს. 4 დეკემბერს) ძმისწული, 725 წელს დაიბადა. ნეტარი ათი წლის იყო, როცა საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა. აქედან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოსაგრეობდა. ღირს სტეფანეს უფლისგან სასწაულთქმედების და ნათელხილვის ნიჭი მიემადლა: სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს განასხამდა, ცხადად ჭვრეტდა რჩევა-დარიგების სათხოვნელად მისულთა აზრებს… წმიდანს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და 794 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ღირსი მამის ცხოვრება მისმა მოწაფემ, ლეონტიმ აღწერა (იხ. 28 ოქტომბრის საკითხავი).