,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
ხსნილი. 29.07.2024
მღვდელმოწამისა ათენოგენი (ათენაგენისა) პიდაქთოს ეპისკოპოსისა და მის თანა 10-თა მოწამე მოწაფეთა: რიგინოსისა, მაქსიმონოსისა, პატროფილოსისა, ათინოგენესი, ანტიოქესი, ამონისა, თეოფრასტესი, კლეონიკესი, პეტრესი და ისიქისა (311); მოწამეთა: პავლესი, და მის თანა ორთა დათა უალენტინასი (ვალენტინესი) და ქიონიასი (308); მოწამისა ანტიოქე მკურნალისა (IV); მოწამისა იულია ქალწულისა (440/613).
დღის საკითხავები
რომ. 16: 17-24 (დას. 121). მთ. 13: 10-23 (დას. 51).
რომ. 16: 17-24
17. შეგაგონებთ, ძმანო, ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებას და საცდურს ნერგავს იმ მოძღვრების წინააღმდეგ, რომელიც გისწავლიათ, და თავიდან მოიშორეთ ისინი. 18. რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს. 19. თქვგნი მორჩილება კი ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ვხარობ თქვენს გამო; მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უმანკონი – ბოროტებისთვის. 20. ხოლო ღმერთი მშვიდობისა მალე შემუსრავს სატანას თქვენს ფეხქვეშ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ. 21. მოკითხვას გითვლიან ტიმოთე, ჩემი შემწე, აგრეთვე იასონი და სოსიპატრე, ჩემი ნათესავები. 22. მოგიკითხავთ მე, ტერციუსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი უფლის მიერ. 23. მოგიკითხავთ გაიუსი, ჩემი და მთელი ეკლესიის მესტუმრე; მოკითხვას გითვლიან ქალაქის ხაზინადარი ერასტოსი და ძმა კვარტუსი. 24. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
მთ. 13: 10-23
10. მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით? 11. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: იმიტომ, რომ თქვენ მოგეცათ ცათა სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო ამათ არ მისცემია. 12. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. 13. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა. 14. და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. 15. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი. 16. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი იმიტომ, რომ ისმენენ. 17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს. 18. მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი: 19. ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა. 20. ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას. 21. მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება. 22. ხოლო ეკალ-ბარდებში დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას. 23. პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდეც შეიგნებს სიტყვას, და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი; ერთი ასად, ერთი სამოცად თუ ერთი ოცდაათად.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ხსენება IV მსოფლიო კრებისა (451)
დორილეელმა ეპისკოპოსმა ევსებიმ ჯერ კიდევ იმპერატორ თეოდოსი II-ის (408-450) დროს, 448 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებას მოახსენა დედაქალაქის ერთ-ერთი მონასტრის არქიმანდრიტის, ევტიქის შესახებ, რომელიც თავიდან, იესო ქრისტეს პიროვნებაში ღვთაებრივისა და კაცობრივის ნესტორისებური ცრუ დაყოფის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ თანდათან სხვა უკიდურესობაში გადავარდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ მაცხოვარში მისი განხორციელების შემდეგ ღვთაებრივმა ბუნებამ სრულად შთანთქა კაცობრივი, ამიტომ განკაცებულ ღვთის ძეში თაყვანს უნდა ვსცემდეთ მხოლოდ ერთ – ღვთაებრივ ბუნებას. ამ სწავლებას მონოფიზიტური ეწოდა, მის მიმდევრებს კი – მონოფიზიტები.
კონსტანტინოპოლში შეკრებილმა მამებმა დაგმეს მწვალებელი, ამ უკანასკნელმა კი იმპერატორთან იჩივლა, იგი მისთვის გამოტანილი მსჯავრის უსამართლობაში დაარწმუნა და მსოფლიო კრების მოწვევა მოითხოვა თავის მოწინააღმდეგეთა განსასჯელად, რომელთაც ნესტორიანობაში სდებდა ბრალს. ეკლესიაში წარმოქმნილი შფოთის ჩასაცხრობად თეოდოსიმ გასცა IV მსოფლიო კრების მოწვევის ნებართვა. მწყემსმთავართა ეს თავყრილობა, რომელიც 449 წელს გაიმართა ეფესოში, ეკლესიის ისტორიაში „ავაზაკთა კრების“ სახელით შევიდა. ევტიქის ნათესავი – ალექსანდრიელი პატრიარქი დიოსკორე, რომელიც იმპერატორმა კრების თავმჯდომარედ დანიშნა, დიქტატორივით მბრძანებლობდა, მიმართავდა მუქარას და აშკარა ძალადობასაც კი. ევტიქი გაამართლეს, მღვდელმთავარი ფლაბიანე – დაგმეს. 450 წელს იმპერატორი თეოდოსი გარდაიცვალა. ტახტზე მარკიანე ავიდა. ეკლესიაში სიმშვიდის დამყარება გადაუდებელი საქმე იყო, ამიტომ 451 წლისთვის მსოფლიო კრება დაინიშნა. კრებას წმიდა ანატოლი – კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (ხს. 3 ივლისს) თავმჯდომარეობდა. დიოსკორეს პირველი სხდომიდანვე აღუკვეთეს თავყრილობაში მონაწილეობის მიღება, მესამე სხდომაზე კი იგი თავის ყველა მომხრესთან ერთად დაგმეს. სულ თექვსმეტი სხდომა ჩატარდა. წმიდა მამებმა ერთსულოვნად შეაჩვენეს ევტიქის ერესი და კირილე ალექსანდრიელისა და პაპის, ლეონ დიდის ეპისტოლეთა საფუძველზე დაადგინეს: „ღვთაებრივ მამათა მიმდევარნი, ჩვენ, ყველანი ერთხმად ვასწავლით ერთი და იმავე ძის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სრულყოფილი ღვთაებრიობისა და სრულყოფილი კაცობის აღიარებას: ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი კაცისა, იმავე სულისა და ხორცისაგან. მამის თანაარსისა ღვთაებრიობით და ჩვენი თანაარსისა კაცობით. ყველაფრით ჩვენი მსგავსისა, ცოდვის გარდა. შობილისა საუკუნეთა უწინარეს მამისაგან, როგორც ღვთისა და უკანასკნელ ჟამს კი ჩვენი ხსნისათვის მარიამ ქალწული ღვთისმშობლისაგან, როგორც კაცისა. (ვაღიარებთ) ერთსა და იმავე ქრისტეს, ღვთის ძეს, მხოლოდშობილს, ორი ბუნებისაგან შემდგარს შეურწყმელად, შეუცვლელად, განუყოფლად, განუყრელად შესაცნობს (ორი ბუნება არაფრით განირჩევა არსებული შეერთების გამო. ერთ სახესა და ერთ იპოსტასში გაერთიანებული, ინარჩუნებს თითოეული ბუნების თვისებას). არა ორ სახედ განკვეთილს ან განყოფილს, არამედ ერთსა და იმავე ძეს და მხოლოდშობილ ღმერთს სიტყვას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც ძველად წინასწარმეტყველებდნენ მის შესახებ, როგორც თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის და როგორც გადმოგვცემს ჩვენი მამების სიმბოლო“.
ორ უკანასკნელ სხდომაზე კრებამ დაადგინა ოცდაათი კანონი საეკლესიო იერარქიისა და დისციპლინის შესახებ. გარდა ამისა, დამტკიცდა სამი წინამორბედი მსოფლიო კრებისა და ანკვირიის, ნეოკესარიის, ღანგრის, ანტიოქიისა და ლაოდიკიის ადგილობრივი კრებების დადგენილებებიც.
წმიდა მოწამე პავლე და მასთან ორნი დანი – ალევტინა (ვალენტინა) და ქიონია (+308)
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი (+დაახლ. 311)
მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. მხედრებმა ქალაქის მახლობლად მდებარე მცირე მონასტერს მიაშურეს, სადაც ათინოგენე თავის ათ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ, რადგან მღვდელმთავარი იქ არ დახვდათ, მის ნაცვლად სავანის ძმები შეიპყრეს. როცა ათინოგენემ შეიტყო ამის შესახებ, სებასტიაში ჩავიდა. უსჯულოებმა თავად მწყემსმთავარიც დააპატიმრეს. საპყრობილეში ათინოგენე განამტკიცებდა სულიერ შვილებს. მისი მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამეებმა სამსჯავროზე ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს.
მოწაფეების დახოცვის შემდეგ ჯალათებმა ნეტარი ათინოგენეს წამება დაიწყეს. ღვთის შეწევნით მარტვილმა ღირსეულად დაითმინა საშინელი ტკივილები და ერთადერთი რამ ითხოვა – მონასტერში დაესაჯათ სიკვდილით. თავის სავანეში მიყვანილმა წმიდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, რომ ქრისტეს სახელისთვის წამების ღირსი შეიქნა და მხურვალე ლოცვით ცოდვათა მიტევება გამოითხოვა ყველასთვის, ვინც მასა და მის მოწაფეებს მოიხსენებდა.
წმიდა მოწამე ანტიოქე მკურნალი (IV)
ანტიოქე მკურნალის სიკვდილით დასჯის მონაწილე – მხედარი კვირიაკე შეძრა წმიდა მარტვილის ახოვნებამ, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება. ამისთვის მასაც თავი მოჰკვეთეს (IV). წმიდა მოწამეები გვერდიგვერდ დაკრძალეს.
წმიდა მოწამე იულია ქალწული (+440 ან 626)
ერთხელ იულიას ბატონი გალიაში გაემგზავრა სავაჭროდ და წმიდა ქალწულიც თან გაიყოლა. როცა ხომალდი კუნძულ კორსიკას მიადგა, ვაჭარი წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ნაპირზე გადავიდა, იულია კი გემზე დარჩა. კორსიკელებმა შეიტყვეს, რომ სტუმრებს ქრისტიანი ქალწული ახლდა თან და მისი შესყიდვა ისურვეს, მაგრამ ბატონმა ვერ დათმო ერთგული მხევალი. მაშინ უღმრთოებმა დაათვრეს ვაჭარი და მისი მხლებლები. როცა მათ ჩაეძინათ, იულია გემიდან ჩაიყვანეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანეს. ნეტარმა უსჯულოთა მოთხოვნის შესრულებაზე მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს იგი: გვემდნენ, თმებს გლეჯდნენ, სხეულს უსერავდნენ… ბოლოს კი ჯვარზე მიამსჭვალეს. როცა იულიას წმიდა სული ნაწამებ სხეულს გაეყარა, ბრბოს ნაწილმა შენიშნა, თუ როგორ მოსწყდა თოვლივით სპეტაკი მტრედი მის ბაგეებს, სხვებმა კი ნეტარის სხეულს გარშემორტყმული ნათლის ანგელოზები იხილეს ცხადად… საკვირველი ჩვენებებით დამფრთხალი უღმრთოები სწრაფად განერიდნენ იქაურობას, მარტვილის ცხედარი კი ჯვარზე დატოვეს. იმავე ღამეს მეზობელ კუნძულზე მდებარე მონასტრის ბერებს ღვთაებრივი გამოცხადებით ებრძანათ, თავიანთ სავანეში დაეკრძალათ უფლის სათნომყოფლის ნეშტი. ძმები ასეც მოიქცნენ.
763 წელს წმიდა იულიას უხრწნელი, სასწაულთმოქმედი ნაწილები ქალაქ ბრესჩიის დედათა მონასტერში გადააბრძანეს (ნეტარის მიცვალების თარიღი დანამდვილებით არაა ცნობილი: ერთი ცნობით ის 440 წელს აღესრულა, სხვა წყაროთა მოწმობით კი – 626 წელს).