,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
მსგეფსი ხსნილი. 3.07.2024
მღვდელმოწამისა მეთოდისა, პატარელ ეპისკოპოსისა (312); მოწამე მამათა: ინასი, პინასი და რიმასი (I-II); მოწამეთა: არისტოკლე ხუცისა, დიმიტრი დიაკონისა და ათანასე წიგნისმკითხველისა (306); ლევკიოს აღმსარებელისა, ვრუნტისიოპოლელ ეპისკოპოსისა (V); მოწამეთა იოსტოსი და დულასი; მღვდელმოწამისა ასვინკრიტესი და მის-თანათა; ღირსისა იოსებ განშორებულისა.
დღის ლოცვა
კონდაკი: ვითარცა რა მღდელმან და მესაიდუმლოემან წმიდისა სამებისამან, უფროის გონებისა საღმრთონი იგი სიტყუანი ქადაგენ და მართლმადიდებელთა იქმენ სიმტკიცე, მეთოდი, ხოლო გონებასა ბოროტად მადიდებელთასა ამხილენ და წინაშე ქრისტესსა ანგელოზთა თანა სდგა; ევედრე მას ცხორებად სულთა ჩუენთა.
დღის საკითხავები
რომ. 4: 13-25 (დას. 87). მთ. 7: 21-23 (დას. 23).
რომ. 4: 13-25
13. ვინაიდან აბრაამს და მის თესლს რჯულით როდი მიეცა აღთქმა, ყოფილიყო ქვეყნის მემკვიდრე, არამედ რწმენის სიმართლით. 14. რადგან თუ მემკვიდრენი რჯულისაგან არიან, ამაოა რწმენა და ფუჭია აღთქმა. 15. ვინაიდან რჯული შეიქმს რისხვას, რადგან იქ, სადაც არ არის რჯული, არც დარღვევაა. 16. მაშასადამე, რწმენისაგან, რათა იყოს რწმენით და განმტკიცდეს აღთქმა მთელი მოდგმის მიმართ: არა მარტო რჯულით, არამედ რწმენითაც აბრაამისა, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის მამა. 17. როგორც დაიწერა: „მე დაგადგინე მრავალი ხალხის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც ერწმუნა იგი, მკვდართა მაცოცხლებელსა და არმყოფთა ყოფად მხმობელს. 18. უსასოო სასოებით ერწმუნა, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა; როგორც ითქვა: „ასე იქნება შენი მოდგმა“. 19. არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი; 20. არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს. 21. რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც. 22. ამიტომაც შეერაცხა მას სიმართლედ. 23. თუმცა მარტო მისთვის როდი დაიწერა, შეერაცხაო, 24. არამედ ჩვენთვისაც: დიახ, ჩვენც შეგვერაცხება, რომელთაც გვწამს ის, ვინც მკვდრეთით აღადგინა უფალი ჩვენი იესო, 25. რომელიც გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად.
მთ. 7: 21-23
21. ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. 22. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? 23. და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მოწამე მამათა: ინასი, პინასი და რიმასი (I-II)
წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი (დაახლ. 306)
არისტოკლე ხუცესი, რომელიც ქალაქ ტამასის მკვიდრი იყო, საკათედრო ტაძარში მსახურობდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, მოსალოდნელი წამების შიშით იგი მთებში გაიხიზნა და გამოქვაბულს შეაფარა თავი. ერთხელ, ლოცვის დროს, წმიდანს ნათელი მოეფინა და ჩაესმა უფლის ბრძანება, რომელიც კუნძულ კვიპროსზე დაბრუნებისა და ქრისტესთვის მარტვილობისკენ მოუწოდებდა. არისტოკლე მორჩილად დაჰყვა ზეციურ კურთხევას. წმიდანმა გზად მოციქულ ბარნაბას სახელობის ტაძარში შეიარა, აქ დიმიტრი დიაკონსა და ათანასე წიგნისმკითხველს შეხვდა და ჩვენების შესახებ მოუთხრო. დიმიტრიმ და ათანასემ გადაწყვიტეს, მასთან ერთად დაეთხიათ სისხლი ყოვლადსახიერი ღვთის სადიდებლად.
ქალაქ სალამინში ჩამოსულმა წმიდანებმა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყეს, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს ისინი და მმართველს წარუდგინეს. ეს უკანასკნელი მალე დარწმუნდა, რომ აღმსარებელთა მოდრეკა შეუძლებელი იყო და ბრძანა, არისტოკლესთვის თავი მოეკვეთათ, დიმიტრი და ათანასე კი დაეწვათ. მოწამეებს ცეცხლმა ვერაფერი ავნო, ბოლოს მათაც მახვილით წარკვეთეს თავები. მარტვილები 306 წელს აღესრულნენ.
მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი (+312)
წმიდა მეთოდე 312 წელს შეიპყრეს წარმართებმა და მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისათვის თავი მოკვეთეს.
წმიდა ლევკი აღმსარებელი, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსი (V)
ერმის მონასტრის ბერები ეპისკოპოსს დაჟინებით სთხოვდნენ, წმიდანი სავანის იღუმენად დაედგინა. მოსაგრეს თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ ეპისკოპოსის ნებას წინ ვერ აღუდგა. ჯერ მას მღვდლად დაასხეს ხელი, შემდეგ კი წინამძღვრადაც აკურთხეს.
ამ დროიდან მოყოლებული ლევკიმ კიდევ უფრო გააძლიერა ღვაწლი, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა.
ამასობაში მოწამეობრივად აღესრულა ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ფილიპე და მის ნაცვლად ლევკი აირჩიეს. ეპარქმა, რომელიც ხედავდა, რომ ეკლესიის წმიდა წინამძღვარი მრავალ კერპთაყვანისმცემელს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ხალხი დაირაზმა საყვარელი მღვდელმთავრის დასაცავად, წმიდა მწყემსმთავარმა თავისი ტახტი ღირსეულ ეპისკოპოსს დაუთმო, თან გაიყოლა დიაკვნები – ევსები, დიონისე, კიდევ ხუთი მოწაფე, და იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა. მალე მათ შეუერთდნენ მღვდლები – ლეონი და საბინი. ვრუნტისიოპოლის გზაზე წმიდანს შეხვდა ტრიბუნი არმალეონი 67 მხედართან ერთად და ქრისტიანობაზე მოაქცია ისინი. ქალაქში შესულმა მამამ განაგრძო უფლის სიტყვის ქადაგება. როცა ქალაქის თავმა ანტიოქოსმა შეიტყო, რომ ტრიბუნი არმალეონი გაქრისტიანდა, თავისთან მოიხმო იგი და დიდხანს ესაუბრა. მისგანვე შეიტყო წმიდა ლევკის შესახებ და მისი ნახვაც მოიწადინა. შეხვედრისას მმართველმა ნეტარ ბერს უთხრა: „თუ გსურს ვირწმუნოთ ღმერთი, რომელსაც ქადაგებ, შესთხოვე მას, მოგვივლინოს წვიმა, რომელიც ორი წელია არ გვინახავს“. წმიდანმა შეკრიბა ღვთისმსახურები, ყველა ახალმოქცეული ქრისტიანი და მათთან ერთად მხურვალე ლოცვა აღავლინა ყოვლისშემძლე მეუფის მიმართ. ღმერთმა მოწყალე თვალით მოხედა მვედრებლებს: მალე ცაზე საავდრო ღრუბლები გამოჩნდა და ღვარივით გადმომსკდარმა წვიმამ დაარწყულა გვალვისგან გამომშრალი და დამსკდარი მიწა. ამ სასწაულის მოწმე ანტიოქოსმა და ვრუნტისიოპოლის მთელმა მოსახლეობამ (27 000 კაცმა) ნათელ-იღო. ამ მოვლენის აღსანიშნავად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს, იმ ადგილას კი, სადაც ქალაქის მკვიდრნი მოინათლნენ, მეორე ეკლესიაც აღმართეს – იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.
მალე მღვდელმთავარი დასნეულდა. უფალმა გამოცხადებით აუწყა წმიდანს, რომ სნეულება სასიკვდილო იყო. მან უხმო მოწაფე ანტიოქოსს და სთხოვა, იქ დაესაფლავებინათ, სადაც ალექსანდრიიდან მოსული ხომალდი მოადგა ნაპირს. ანტიოქოსმა შეასრულა მოძღვრის ანდერძი და მის საფლავზე წმიდა ლევკის სახელობის ტაძარიც ააშენა. ნეტარი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.