,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-2 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
მსგეფსი ხსნილი. 4.07.2024
წმიდათა დიდებულთა მოწამეთა, საქართველოს მეფეთა: არჩილისა (744) და ლუარსაბისა (1622); მოწამეთა: იულიანე მეგვიპტელისა და მის-თანათა: კელსისა, ოცთა მხედართა, შვიდთა ძეთა მთავრისათა, ანტონ მღვდელისა და ბასილიასი (284-305); მოწამისა იულიანე ტარსელისა (დაახლ. 305); მღვდელმოწამისა ტერენტი იკონიელ ეპისკოპოსისა (I); ღირსისა იულიუს ხუცისა და ივლიანე დიაკონისა (VI). ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (აღმოყ. წმ. ნაწ.) (1996).
დღის ლოცვა
დიდებულთა მოწამეთა, საქართველოს მეფეთა არჩილისა და ლუარსაბის
კონდაკი: აწ განსცხრებოდე, ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ შენ შორის დაითხია სისხლი მრჩობლ მეფობითა შემკულისა არჩილ ღუაწლისა მძლისა და უძლეველისა, რომელმან დასდვა სული თვისი ერისათვის, მსგავსად მხსნელისა, და აწ წინაშე წმიდისა სამებისა იხარებს, და მეოხ არს დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: ნათელცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან, ახლად მოწამედ გამოჩინებულად, სპარსთა აღვირაღმსხმელო და მართლუკუნ მქცეველო, ღუაწლით შემოსილო მეფეო, რომელმან უსჯულოსა მის მეფისა ქადაგებანი არად შერაცხენ და მეოხ ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
მწუხრ.: 1) ეს. 43:9-14. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3) სიბრძ. 5: 15-24; 6: 1-3.
ცისკ.: მთ. 10: 16-22 (დას. 36).
ლიტ.: რომ. 5: 10-16 (დას. 89). მთ. 8: 23-27 (დას. 27).
მეფეთა: ეფეს. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19 (დას. 106).
მწუხრ.: 1) ეს. 43: 9-14
9. გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი. 10. არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს. 11. ყოველ მთას ჩემსას გზად გადავაქცევ და ჩემი შარაგზები მაღლა აიწევა. 12. აჰა, ესენი შორიდან მოდიან, აჰა, ესენი – ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ესენი კი – სინიმის ქვეყნიდან! 13. გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი. 14. თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო.
მწუხრ.: 2) სიბრძ. 3: 1-9
1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. 2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. 3. ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. 4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე. 5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. 6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა. 7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. 8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი. 9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.
მწუხრ.: 3) სიბრძ. 5: 15-24; 6: 1-3
15. მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე. 16. ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა. 17. აიღებს სრულ საჭურველს – თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს. 18. შეიმოსება აბჯრით – სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს – მოუსყიდველ სამართალს; 19. დაწვდება უძლეველ ფარს – სიწმინდეს, 20. მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე. 21. ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან. 22. ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ. 23. მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს.
1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის,
ცისკ.: მთ. 10: 16-22
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. 17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. 18. და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. 19. ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. 20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. 21. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა – შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
ლიტ.: რომ. 5: 10-16
10. რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით. 11. და არა მარტო ამით, არამედ ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება. 12. ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი – სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა. 13. რადგან ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება. 14. თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი. 15. მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის – იესო ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით. 16. და არც ნიჭია როგორც მსჯავრი ერთი შემცოდის გამო, ვინაიდან მსჯავრი ერთის შეცოდებისთვის – შესაჩვენებლად, ხოლო მადლი – მრავალი შეცოდების გასამართლებლად.
ლიტ.: მთ. 8: 23-27
23. ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები. 24. და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა. 25. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით. 26. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. 27. ბოლოს განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
მეფეთა: ეფეს. 6: 10-17
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
მეფეთა: ლკ. 21: 12-19
12. უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც. 14. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა. 15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე არჩილ მეფე (+744)
ბრძოლაში დაჭრილი მეფე მირი მალე დასნეულდა, სიკვდილის წინ სამეფო თავის ძმას, არჩილს გადააბარა, დარჩენილი შვიდი ასულის მფარველობა სთხოვა და მცხეთაში დასაფლავება დაიბარა.
მეფე არჩილმა შეასრულა მირის ანდერძი, მცხეთის ზემო ეკლესიაში დაკრძალა იგი, მისი შვიდი ასულიდან ექვსი ქართველ დიდებულებს მისცა შესაფერისი მზითვით, მეშვიდე, გურანდუხტი კი ბიზანტიის კეისარს მიათხოვა.
თორმეტი წელიწადი იჯდა არჩილი ქუთაისში და ყოველნაირად ცდილობდა სრულიად საქართველოს გაერთიანებას, შემდეგ ქართლში გადავიდა და არაბთაგან აოხრებული ამ ულამაზესი კუთხის აღმშენებლობას შეუდგა, შემოიერთა კახეთი, მთიანეთი, ეგრისი, აფხაზეთი და სამცხე-ჯავახეთი. არაბების ბატონობა, ფაქტიურად თბილისისა და მცხეთის შემოგარენს ვერ სცილდებოდა.
მურვან-ყრუსაგან დარბეული ქვეყანა ჯერ კიდევ გონს არ იყო მოსული, როცა არაბთა ლაშქარმა ჭიჭუმ-ასიმის მეთაურობით კვლავ ააოხრა ქართლი და გეზი კახეთისაკენ აიღო. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, არჩილ მეფემ გადაწყვიტა „სულისა თვისისა დადებად საჴსრად ქრისტიანეთათვის“. „უმჯობეს არს სიკუდილი ჩემი, ვიდრეღა კუალად განრყუნად ეკლესიათა ქრისტესთა და ოხრებად ქვეყანისა ამის“, – ბრძანა მეფემ და ჭიჭუმ-ასიმს ეახლა მშვიდობის სათხოვნელად. განიხარა ჭიჭუმ-ასიმმა მეფის მისვლით, პატივით მოიკითხა, „აქო სიკეთე და სისრულე ჰასაკისა მისისა და მშვენიერება პირისა მისისა“.
რამდენიმე დღე დიდებულად ისტუმრა ჭიჭუმმა ქართველთა მეფე, შემდეგ კი მაცხოვნებელი სჯულის დატოვება და სარკინოზთა სარწმუნოების მიღება მოსთხოვა, სანაცვლოდ „აღუთქუმიდა ნიჭთა დიდ-დიდთა“. ზეგარდამო სულით აღვსილმა ცხებულმან უფლისამან ბრძანა: „მე რომ შენ დაგიჯერო, უნდა მოვკვდე სიკვდილით, რომლის შემდეგაც უნდა ვიტანჯო… ღმერთმან ჩვენმან და მაცხოვარმან ჩვენმან ჩვენი ხსნისათვის თავი დადო, ამიტომაც მე არ მეშინია სიკვდილის. თუ მომკლავ, მეც ისევე აღვსდგები სიკვდილის შემდეგ, როგორც ღმერთი ჩვენი და კვლავ ვადიდებ მას“.
განრიხსებულმა ჭიჭუმმა ბრძანა „შეპყრობაჲ მისი და წარგზავნა იგი საპყრობილედ მრავლითა ჭირითა და იწროებითა, რამეთუ ჰგონებდა იგი, ნუუკუე შიშითა სატანჯველთაჲთა მოდრიკოს შეურყეველი გონებაჲ მისი“, სასიკვდილოდ კი მაინც ვერ გაიმეტა ახოვანი და მშვენიერი მეფე ქართველთა.
ღვთისმოსავი მეფე არჩილი საპყრობილეში გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, მიენიჭებინა მისთვის ძალა სატანჯველთა დათმენისა.
ჭიჭუმ-ასიმის წინაშე წარდგა ერთი გარდაბნელი გამაჰმადიანებული სომეხი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არჩილის მამას – ადარნასეს სასჯელისაგან გაეთავისუფლებინა. სომეხს პაპის ჯავრი სჭირდა და გადაეწყვიტა, შური შვილიშვილზე ეძია.
სომეხმა ასიმს უთხრა: დიდებულო მთავარო, არჩილი არის სტეფანოზ მეფის ძე, ნათესავი ვახტანგ მეფისა, რომელიც იყო შვილიშვილი მირიან მეფისა; ის თან ახლდა მამას, როცა იგი ქართლის სამეფო საგანძურს მალავდა და ისიც იცის, თუ სად დაფლა განძი ბერძენთა მეფემ ჰერაკლემ.
ჭიჭუმ-ასიმმა საპყრობილიდან გამოიხმო ქართველთა მეფე და უთხრა, პირველად შენი სიკეთისა და მშვენიერებისათვის გაფასებდი, ახლა კი გავიგე, რომ ხარ შვილი დიდთა მეფეთა, ამიტომ განგადიდებ ჩემს წინაშე. შენი სამეფო და საგანძურიცა მამათა შენთანი შენი იყოს, ოღონდ მიჩვენე ბერძენთა მეფის საგანძური, რომელიც სპარსეთიდან წამოიღო და საქართველოში დაფლა. სჯულიც შეიცვალე, სარკინოზად მოიქეც და სპასალარადაც დაგნიშნავ და ქართლის მეფობასაც მოგცემო. პასუხად წმიდა არჩილმა ჭიჭუმს უთხრა: „იცოდე, მძლავრო, არ დავუტევებ ჩემს უფალს, არ უარვყოფ ქრისტეს სახელს, არც საწუთო ცხოვრებაზე გავცვლი მარადიულს, არც ჟამიერ მეფობას – უჟამო თანაყოფაზე ქრისტესთან. საგანძურზე კი არაფერი ვიცი, რადგან პატარა ვიყავი, როცა ჰერაკლე მეფემ გაიარა ჩვენს ქვეყანაზე, მამაჩემმა და ჩემმა ძმამ მურვან ყრუს შემოსევისას ჩვენი განძი ამოიღეს და ბერძენთა ციხეში დაფლეს“.
ასიმმა ჰკითხა: „შენ იქ იყავი, როცა სარკონოზები დამარცხდნენ აფხაზეთში?“ წმიდა არჩილმა უშიშრად უპასუხა: „ღმერთმან ცხოველმან, რომელი არს შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, რომელი-იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ჴსნისათჳს კაცთასა და სიკუდილითა თჳსითა მოკლა მკვლელი ჩუენი და ჩუენ მოგუანიჭა უკუდავებაჲ, მან უკუე ძლიერმან და ყოვლისა შემძლებელმან დასცნა და შემუსრნა იგინი“.
ამ სიტყვებმა გულისწყრომით აღავსო უსჯულო ჭიჭუმი, „ვინაჲთგან არა გნებავს ცხორებაჲ თავისა შენისაჲ და უმჯობესი შენი და მოკუდავისა მიმართ დაგიც სასოებაჲ, ჯერ არს, რათა შენცა მოკუდე ბოროტად“, – ბრძანა განრისხებულმა უსჯულომ.
წმიდანმა მცირე დრო ითხოვა სალოცავად, მუხლი მოიყარა და ხელაპყრობილმა მადლობა შესწირა შემოქმედს, მაცხოვარს შეევედრა, კეთილად დაეცვა ეკლესია, გაეძლიერებინა ქრისტიანობა საქართველოში, ილოცა ოჯახისთვის და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს.
ღამით ქართველმა აზნაურებმა ფარულად წამოასვენეს წმიდა არჩილ მეფის გვამი და ნოტკორაში, მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს. ეს მოხდა 744 წელს.
წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი (+1622)
1609 წელს თურქები ყირიმელ თათრებთან ერთად თავს დაესხნენ ქართლს. მეფე ლუარსაბი ამ დროს ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა მცირეოდენ ამალასთან ერთად და ალბათ, ვერაფრით გადაურჩებოდა მტრის უეცარ დარტყმას, მაგრამ კველთელმა მღვდელმა წმიდა თევდორემ (ხს. 8 ივნისს), რომელსაც უსჯულოებმა მეფის სამყოფელისაკენ უმოკლესი გზის ჩვენება დაავალეს, სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით ატარა ისინი. ამასობაში მეფემ შეკრიბა ჯარი და ტაშისკართან სასტიკად დაამარცხა მტერი. ამ დროს მეფე ჩვიდმეტი წლისა იყო. ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცით ზაზა ციციშვილი და გიორგი სააკაძე გამოირჩეოდნენ.
გიორგი სააკაძემ სახლში მიიწვია გამარჯვებით გახარებული მეფე. ნადიმზე ლუარსაბ მეფეს გიორგის და მოეწონა და, მიუხედავად სამეფო კარის წინააღმდეგობისა, მალე დაქორწინდა კიდეც მასზე.
შემდგომმა მოვლენებმა მტრობა ჩამოაგდო ლუარსაბ მეფესა და გიორგი სააკაძეს შორის. ეს უკანასკნელი საქართველოდან გაიქცა და შაჰ-აბასს სთხოვა თავშესაფარი. ცბიერებით ცნობილი შაჰი ყოველგვარ ინტრიგას აწყობდა საქართველოს წინააღმეგ: მან ჯერ ლუარსაბის და, ლელა (თინათინი) შეირთო, შემდეგ კი თეიმურაზსაც „დაუმოყვრდა“ – მისი ულამაზესი და, ელენეც მოიყვანა ცოლად. შაჰმა წმიდა ლუარსაბ მეფეს თეიმურაზის მოკვლა და კახეთის სამეფო შესთვაზა, თეიმურაზს კი ლუარსაბის მოკვლის საფასურად ქართლის სამეფოს დაჰპირდა.
მიხვდნენ ქართველი მეფენი შაჰის მზაკვრობას. ღვთის შეწევნით, ამჯერად გადარჩა საქართველო ძმათა კვლის საშინელებას.
შეაშინა შაჰი ქართველთა ერთობამ, ვითომ სანადიროდ და დროის სატარებლად თავისთან მიიწვია ლუარსაბი და თეიმურაზი. მეფეებმა მოითათბირეს და ბრძოლა გადაწყვიტეს, ნარეკვავის მინდორზე ფიცით აღუთქვეს ერთმანეთს წინაშე „ქრისტეს ღმრთისა დადებად სულნი და სიკვდილი ქრისტესთვის“. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ ქართველების გამარჯვებაში, მაგრამ ღალატის გამო დამარცხდნენ და თავი იმერეთს შეაფარეს.
შაჰ-აბასმა საშინლად ააოხრა ქართლ-კახეთი და გორში დაბანაკდა. აქედან შეუთვალა გიორგი მეფეს, გაეცა სტუმრები და სანაცვლოდ დიდძალ საგანძურს დაჰპირდა. გიორგი III შორს დაიჭირა ვერაგი შაჰის პირობა, კათოლიკოსი მალაქია და პაატა აბაშიძე აახლა ყეენს, მათი პირით პატიება სთხოვა და შეუთვალა: „გევედრებით, რეცა პატივსგვცე და მისცე მეფეთა სამეფონი თჳსნი და იმსახურენ მათ, ვითარცა პირველ მამათა შენთა და თქუენ წარხვიდეთ“. როცა შაჰ-აბასმა ნახა, რომ ძალით ვერას გახდებოდა, ცბიერებას მიმართა: დაიბარა ლუარსაბის გამზრდელი შადიამან ბარათაშვილი და სთხოვა, მომიყვანე ლუარსაბი, არაფერს დავუშავებ, თეიმურაზი კი მოსისხლე მტერია ჩემი, მას ვერ ვაპატიებო. თან ოქროთი მოოჭვილი ხმალი გაატანა ლუარსაბთან მეგობრობისა და თანადგომის ნიშნად.
ლუარსაბმა კარგად იცოდა შაჰის „მეგობრობა“, მაგრამ მეფურმა სინდისმა სხვანაირად გადაწყვიტა – „უკუეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქუეყანათა და მოაოჴრებს, რა მადლი არს ჩემდა“.
შაჰ-აბასმა ლიქნით და პატივით მიიღო მეფე, მეგობრულად მოექცა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქართლში ახალი მმართველი დანიშნა და ჯარებიც ჩააყენა. ლუარსაბი ჯერ ყარაიაში წაიყვანა, ვითომცდა სანადიროდ, იქიდან კი – სპარსეთში.
ყარაიაში ყოფნისას ლუარსაბმა ყველა განაცვიფრა ახოვანებით და ვაჟკაცობით. მისი ნანადირევის ხილვამ შურით აღავსო შაჰი. ლუარსაბის დამ, თინათინმა, რომელიც ყაენის ცოლი იყო, სთხოვა თავის ლამაზ და ჩინებულ ძმას, უბადრუკად მოეჩვენებინა თავი შურით აგზებული აბასისათვის, მაგრამ მეფემ სევდიანად გაიღიმა და თქვა: „უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისთჳს უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისა“. დიდმარხვის დროს შაჰის ნადიმზე ლუარსაბმა შემოთავაზებული თევზი არ ჭამა, დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო – გაამჟღავნა მან შაჰის დაფარული განზრახვა. სიბრაზისაგან გაცოფებულმა შაჰმა პირდაპირ ქრისტეს უარყოფა და ალაჰის აღიარება უბრძანა მეფეს. მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო, – მხნედ უპასუხა წმიდა ლუარსაბმა.
დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები, „ჰოი, მეფეო! შეიწყალე სიჭაბუკე შენი და ნუ ეურჩები ბრძანებასა შაჰისასა, დაუტევე სარწმუნოება შენი და იწამე მაჰმადი, თორემ მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელის!“ – ეუბნებოდნენ ისინი წმიდანს. „რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანება ყაენისა“, – პასუხობდა ლუარსაბი.
ყაენმა უკანასკნელად შეუთვალა ქართველთა მეფეს: „ანუ უარჰყავ ქრისტეჲ, ანუ თანა-გაძს სიკუდილი მძჳნვარეჲ“. ლუარსაბმა კი, რომელსაც პატიმრობის შვიდი წელი ლოცვასა და მარხვაში გაეტარებინა, „ბოროტთაგან შეურყეველმან და მომლოდინემან ნეტარისა მის სასოებისა და გამოჩინებისა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსა“, ამჯერად დუმილით განაცხადა თანხმობა მოწამეობრივ აღსასრულზე.
შაჰი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ვერაფერი შეარყევდა ლუარსაბის სარწმუნოებას, განრისხებულმა საპყრობილეში გაგზავნა ჯალათები და მეფის წამებით მოკვდინება ბრძანა.
მტარვალები მივიდნენ ბრძანების აღსასრულებლად. მეფე მიხვდა, რომ დამდგარიყო ჟამი მისი განსვლისა ამიერ სოფლიდან და ჯალათებს უთხრა: „მაცალეთ, რათა ვილოცო უფლისა მიმართ და მერე აღასრულეთ ბრძნებული მის უსჯულოისა“. წმიდა ლუარსაბმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაიჩოქა და მხურვალედ შეჰღაღადა: „ჰოი, დედოფალო ჩვენო ღმრთისმშობელო, შენდამი დამიძს ყოველი სასოებაჲ ცხოვრებისა ჩემისა, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ ხარ ნუგეშინისმცემელი ჩემი, შენ მომეც მე შეწევნაჲ ღუაწლისა ამის ჩემისა, შენ მიოხე წინაშე ძისა შენისა და შემრთე წმიდათა მოწამეთა თანა, რათა მეცა ვადიდებდე მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.
ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბლით შეუბრალებლად მოაშთვეს ღვთისმოსავი მეფე. ღამით წმიდა მოწამის დაუფლველ გვამს საკვირველი ნათელი დაადგა. მეორე დღეს წმიდა მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს.
ეს მოხდა 1622 წელს.
წმიდა არჩილსა და ლუარსაბს ათასი წელი აშორებს ერთმანეთისაგან, მაგრამ საქართველოს ეკლესიამ მათი ხსენება ერთ დღეს განაწესა ღვაწლისა და წამების მსგავსების გამო. კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (+1921) ამ ორი მეფის თითქმის ერთნაირ მოწამეობრივ აღსასრულს მიაწერს „ჩვენი წამებული და მრავალტანჯული სამშობლოს თითქმის ყოველ დროს ერთსა და იმავე ვაებას, ერთსა და იმავე სიმწარეს“ და წუხს, რომ „ლუარსაბის წმიდა ძვლები დღესაც ისევ სპარსეთში არიან და არჩილის საფლავი ერწოელ ფშაველსა და ხევსურს თუ უნახავს თორემ სხვას არავის“.
მღვდელმოწამე ტერენტი, იკონიელი ეპისკოპოსი (I)
მოწამე იულიანე ტარსელი (დაახლ. 305)
ღირსი იული ხუცესი და იულიანე დიაკონი (V)
პატრიარქის კურთხევითა და იმპერატორის ნებართვით, წმიდანებმა მრავალი ეკლესია ააშენეს. როცა წმიდა იულიმ აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მეასე, უკანასკნელი ტაძრის საშენებელი ადგილის საძებრად გაეშურა. მუკოროსის ტბის ნაპირს მიახლებულმა, მის შუაგულში შენიშნა ლამაზი კუნძული, რომელსაც თურმე ვერავინ ეკარებოდა მასზე დაბუდებული გველების სიმრავლის გამო. ღირსმა მამამ გადაწყვიტა, აქ აეგო ტაძარი. იგი გაშლილ მანტიაზე შემდგარი მიცურდა ჭალაკთან და ნაპირზე ჯვარი აღმართა; შემდეგ ყველა გველს უბრძანა, ერთად შეკრებილიყვნენ და კუნძულიდან წასულიყვნენ – აქაურობა ღვთის სახლისა და უფლის მონებისათვის დაეთმოთ.
წმიდა იულიმ კუნძულზე თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი დააფუძნა. ამ დროს მისმა ძმამ, იულიანემ, ქალაქ გავდიანის მახლობლად დაამთავრა ეკლესიის მშენებლობა, იქვე გარდაიცვალა და დამარხეს მის მიერ წინასწარ გამზადებულ საფლავში.
ღირსი იული კუნძულზე გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს მის მიერ აგებულ თორმეტ მოციქულთა სახელობის ტაძარში. მის საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.